არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ისინი გაბედულად ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას!

ისინი გაბედულად ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას!

ისინი გაბედულად ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას!

ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის გაბედულად ხვდებოდნენ წინააღმდეგობებს. მათი გაბედულების შესახებ მოგვითხრობს პუბლიკაციები: „საფუძვლიანად დაამოწმეთ ღვთის სამეფოზე“ და „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანების მსგავსად, იეჰოვას ჩვენც ვთხოვთ წმინდა სულსა და დახმარებას, რათა მისი სიტყვა გაბედულად ვილაპარაკოთ (საქ. 4:23—31).

პირველი მსოფლიო ომის დროს სამქადაგებლო საქმიანობის შესახებ ერთმა ძმამ დაწერა: «ღვთის მსახურები დიდი ენთუზიაზმით ავრცელებდნენ „საღვთო წერილის გამოკვლევის“ მე-7 ტომს „დასრულებული საიდუმლო“. ეს პუბლიკაცია ძალიან დიდი რაოდენობით გავრცელდა. 1918 წელს გამოიცა „ცნობა სამეფოს შესახებ“ №1. შემდეგ გამოიცა „ცნობა სამეფოს შესახებ“ №2, რომელშიც ახსნილი იყო, თუ რატომ კრძალავდა ხელისუფლება „დასრულებულ საიდუმლოს“. ამის შემდეგ გამოიცა „ცნობა სამეფოს შესახებ“ №3. ამ პუბლიკაციებს ერთგული ცხებულები ფართოდ ავრცელებდნენ. „ცნობა სამეფოს შესახებ“ გავრცელებას რწმენა და გაბედულება სჭირდებოდა».

დღეს სამეფოს მაუწყებლებს, ჩვეულებრივ, ასწავლიან, როგორ იქადაგონ, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი პოლონელი ძმა იხსენებს, პირველად როგორ გავიდა მსახურებაში 1922 წელს: „წარმოდგენა არ მქონდა, როგორ შემეთავაზებინა ლიტერატურა; ინგლისურიც ძალიან ცუდად ვიცოდი. ექიმის კართან მარტო მივედი და დავაკაკუნე. კარი მედდამ გააღო. არასდროს დამავიწყდება ეს შემთხვევა. ძალიან ვღელავდი და მეშინოდა. ჩანთა გავხსენი თუ არა, წიგნები მედდის ფეხებთან გადმომიცვივდა. არ მახსოვს, რა ვთქვი, მაგრამ პუბლიკაცია კი დავუტოვე. წამოსვლისას უკვე აღარ მეშინოდა და ვგრძნობდი, რომ იეჰოვა დამეხმარა. იმ დღეს საქმიან ტერიტორიაზე მრავალი ბროშურა გავავრცელე“.

ერთმა დამ თქვა: „1933 წლისთვის მრავალი ძმა სამეფოს შესახებ ცნობის გასავრცელებლად იყენებდა მანქანებს, რომლებზეც ხმის გამაძლიერებლები იყო დამონტაჟებული“. ერთხელ ეს და, ერთ წყვილთან ერთად, კალიფორნიის (აშშ) მთიან რეგიონში ქადაგებდა. ის იხსენებს: „ძმამ მანქანა მაღლა, მთაზე დააყენა, ჩვენ კი ქალაქში დავრჩით. როდესაც ძმამ ჩანაწერი ჩართო, ხმა თითქოს ზეციდან ჩამოდიოდა. იმ ქალაქში მცხოვრები ხალხი ცდილობდა ძმის პოვნას, მაგრამ ამაოდ. ჩანაწერის დამთავრების შემდეგ, ყველასთან მივდიოდით და ვუქადაგებდით. მსგავსად კიდევ ორჯერ ვიმსახურე და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ხალხის უმეტესობას ცნობის მოსმენა არ უნდოდა. მაგრამ მათი სურვილის მიუხედავად, ჩანაწერების ხმა მათ სახლებში კარგად აღწევდა. არაერთხელ ვყოფილვართ იმის მოწმე, რომ იეჰოვა საჭირო დროს საჭირო მეთოდს იყენებდა. ამ სახის მსახურებაში მონაწილეობას დიდი გაბედულება სჭირდებოდა, მაგრამ ის ყოველთვის ამართლებდა მიზანს და იეჰოვას სახელს განადიდებდა“.

1930-იან წლებსა და 1940-იანი წლების დასაწყისში მსახურებისას გრამოფონებსა და ჩაწერილ ბიბლიურ მოხსენებებს იყენებდნენ. ერთი ქრისტიანი და იხსენებს: „ერთი ახალგაზრდა და კარდაკარ გრამოფონით მსახურობდა. ერთ კარებთან, გრამოფონის ჩართვის შემდეგ, სახლის პატრონი მამაკაცი ისე გაღიზიანდა, რომ გრამოფონს ფეხი ჰკრა და მოისროლა. მაგრამ არც ერთი ჩანაწერი არ გაფუჭებულა. იქვე მახლობლად სამი მამაკაცი თავიანთ სატვირთო მანქანაში სადილობდა. მათ დაინახეს, რაც მოხდა და დას სთხოვეს, გრამოფონი მათთვის ჩაერთო; შემდეგ კი ლიტერატურა აიღეს. მათმა საქციელმა იმ დას მობინადრის ცუდი მოქმედება დაავიწყა“. ასეთი განსაცდელების ასატანად გაბედულება იყო საჭირო.

იმავე დამ დასძინა: «მახსენდება, როგორ დავიწყეთ ქუჩაში ჟურნალებით მსახურება 1940 წელს. ვაწყობდით საინფორმაციო მსვლელობებს. დები და ძმები პლაკატებით ხელში ტროტუარზე ერთმწკრივად მივდიოდით. პლაკატებზე ეწერა: „რელიგია სატყუარაა და თაღლითობა“ და „ემსახურეთ ღმერთს და მეფე ქრისტეს“. ამავე დროს უფასოდ ვავრცელებდით ტრაქტატებს. ასეთი სახის საქმიანობაში მონაწილეობას გაბედულება სჭირდებოდა, მაგრამ ეს საშუალებას იძლეოდა, ყველას გაეცნო იეჰოვას სახელი და მისი ხალხი».

სხვა დამ აღნიშნა: „პატარა ქალაქებში ჟურნალებით მსახურება ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა იეჰოვას მოწმეებს დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ . . . მართლაც გამბედაობა იყო საჭირო, რომ ჟურნალებით ხელში ქუჩის კუთხეში დამდგარიყავი და ხმამაღლა წამოგეძახა ფრაზები, რითაც ხალხის ყურადღებას ჟურნალებში ჩაწერილი ცნობისკენ მიმართავდი. მიუხედავად ამისა, თითქმის ყოველ შაბათს ვაკეთებდით ამას. ზოგჯერ ხალხი ჩვენდამი კარგად იყო განწყობილი, ზოგჯერ კი განრისხებულ ბრბოს რომ გავრიდებოდით, იქაურობას სწრაფად ვეცლებოდით“.

მეორე მსოფლიო ომის დროს დევნის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები გაბედულად მონაწილეობდნენ მსახურებაში. 43-დღიანი კამპანიის დროს, რომელიც 1940 წლის 1 დეკემბერს დაიწყო და 1941 წლის 12 იანვრამდე გაგრძელდა, შეერთებული შტატების დაახლოებით 50 000-მა მაუწყებელმა ამ „გაბედული დამოწმების პერიოდის“ დროს თითქმის 8 მილიონი ბროშურა გაავრცელა.

ღვთის ორგანიზაციაში მრავალ ხანდაზმულ ქრისტიანს კარგად ახსოვს სირთულეები, რომელთა გადასალახავადაც გამბედაობის მოკრება დასჭირდათ. ზოგი მათგანი იხსენებს, რომ წლების განმავლობაში მათ მიერ გამოვლენილ გაბედულებაში ირეკლებოდა აღსასრულამდე გულმოდგინედ ქადაგების სურვილი! ჯერ არ ვიცით, კიდევ რა სახით მოგვიწევს ამ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდე ღვთის მიერ დაკისრებული დავალების შესრულება. მაგრამ ღვთის დახმარებით შევძლებთ კვლავაც რწმენით და გაბედულად ვიქადაგოთ იეჰოვას სიტყვა.

[ჩანართი 9 გვერდზე]

სამქადაგებლო საქმეში მონაწილეობისთვის ყოველთვის საჭირო იყო გაბედულება