არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მოიკრიბე გამბედაობა და გამაგრდი“

„მოიკრიბე გამბედაობა და გამაგრდი“

„მოიკრიბე გამბედაობა და გამაგრდი“

„მოიკრიბე გამბედაობა, გამაგრდი . . . შენთან იქნება იეჰოვა“ (იეს. 1:7—9).

როგორ უპასუხებთ?

როგორ გამოავლინეს ენოქმა და ნოემ გაბედულება?

როგორ ავლენდა ძველ დროში მცხოვრები ზოგიერთი ქალი სამაგალითო რწმენასა და გაბედულებას?

ახალგაზრდების გაბედულების რომელმა მაგალითმა მოახდინა თქვენზე შთაბეჭდილება?

1, 2. ა) რა არის ზოგჯერ საჭირო იმისათვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორად მოვიქცეთ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

შიში, გაუბედაობა და სიმხდალე გაბედულების საპირისპირო თვისებებია. შეიძლება გაბედულად მივიჩნევთ ადამიანს, რომელიც ძლიერი, მამაცი და უშიშარია. მაგრამ ზოგჯერ საკმაო გაბედულებაა საჭირო იმისათვის, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში სწორად მოვიქცეთ.

2 ზოგი ბიბლიური პერსონაჟი უშიშრად მოიქცა ძალიან რთულ მდგომარეობაში. სხვებმა გაბედულება ისეთ სიტუაციებში გამოავლინეს, როგორსაც იეჰოვას მსახურები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებიან. რის სწავლა შეგვიძლია გაბედულების შესახებ ბიბლიური მაგალითებიდან? როგორ შეგვიძლია ვიყოთ გაბედული?

გაბედული მოწმეები ამ უღვთო ქვეყნიერებაში

3. რა იწინასწარმეტყველა ენოქმა უღვთო ადამიანების შესახებ?

3 გაბედულება იყო საჭირო იეჰოვას შესახებ იმ ბოროტი ხალხისთვის დასამოწმებლად, რომლებიც ნოეს დღეებში მომხდარ წარღვნამდე დედამიწაზე ცხოვრობდნენ. მაგრამ ენოქი, „ადამიდან მეშვიდე“, უშიშრად ამცნობდა წინასწარმეტყველურ ცნობას: „აი, მოვიდა იეჰოვა თავის უთვალავ წმინდასთან ერთად, რათა აღასრულოს სამართალი ყველას მიმართ და ამხილოს ყველა უღვთო მათ უღვთო საქმეებში, რომლებსაც უღვთოობით სჩადიოდნენ, და ამხილოს უღვთო ცოდვილები თავის წინააღმდეგ ნათქვამ ყველა აღმაშფოთებელ სიტყვაში“ (იუდ. 14, 15). ენოქი აქ წარსულ დროში საუბრობს, რადგან ეს წინასწარმეტყველება აუცილებლად შესრულდებოდა. უღვთო ადამიანები მართლაც დაიხოცნენ წარღვნის დროს.

4. რა მდგომარეობის მიუხედავად დადიოდა ნოე „ღმერთთან ერთად“?

4 წარღვნა მოხდა ძვ. წ. 2370 წელს, ენოქის წინასწარმეტყველებიდან 650-ზე მეტი წლის შემდეგ. ამ ხნის განმავლობაში დაიბადა ნოე, შექმნა ოჯახი და თავის ვაჟებთან ერთად ააშენა კიდობანი. ბოროტმა ანგელოზებმა ხორცი შეისხეს, ურთიერთობა დაამყარეს ლამაზ ქალებთან და გაუჩნდათ ნეფილიმები. გამრავლდა ადამიანთა ბოროტება და მთელი დედამიწა ძალადობით აივსო (დაბ. 6:1—5, 9, 11). ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, ნოე „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“ და, როგორც „სიმართლის მქადაგებელი“, გაბედულად ამოწმებდა (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:4, 5 ). ამ ბოლო დღეებში ჩვენც მსგავსი გაბედულება გვჭირდება.

მათ რწმენა და გამბედაობა გამოავლინეს

5. როგორ გამოავლინა მოსემ რწმენა და გამბედაობა?

5 მოსეს სამაგალითო რწმენა და გამბედაობა ჰქონდა (ებრ. 11:24—27). ძვ. წ. 1513—1473 წლებში ღვთის დავალებით მან ისრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა და უდაბნოს გავლით აღთქმული მიწისკენ წაუძღვა. თუმცა, ამ დავალების შესასრულებლად მოსე საკუთარ თავს უღირსად თვლიდა, მან მაინც მიიღო დავალება (გამ. 6:12). მოსე და მისი ძმა აარონი რამდენიმეჯერ წარდგნენ ეგვიპტის სასტიკი ფარაონის წინაშე და გაბედულად ამცნეს ათი სასჯელის შესახებ, რომლითაც იეჰოვა ეგვიპტის ღვთაებებს შეარცხვენდა და თავის ხალხს იხსნიდა (გამოსვლა, თავები 7—12). მოსემ გამოავლინა რწმენა და გაბედულება, რადგან ღმერთი უჭერდა მხარს. ღმერთი არც ჩვენ გვტოვებს მხარდაჭერის გარეშე (კან. 33:27).

6. თუ ხელისუფლების წარმომადგენლები კითხვებს გვისვამენ, როგორ შეგვიძლია გაბედულად დავამოწმოთ?

6 ჩვენ, მოსეს მსგავსად, გაბედულება გვჭირდება, რადგან იესომ თქვა: „წაგიყვანენ გამგებლებთან და მეფეებთან ჩემ გამო, მათთვის და უცხოტომელებისთვის დასამოწმებლად. როცა გადაგცემენ, ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ ის, რაც უნდა თქვათ. მარტო თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენი მეშვეობით“ (მათ. 10:18—20). თუ ხელისუფლების წარმომადგენლები კითხვებს გვისვამენ, იეჰოვას სული შეგვაძლებინებს მათდამი პატივისცემა გამოვავლინოთ და, ამავე დროს, გაბედულად დავიცვათ ჩვენი მრწამსი (წაიკითხეთ ლუკას 12:11, 12).

7. რატომ იყო იესო ნავეს ძე გაბედული და წარმატებული?

7 ღვთის კანონების რეგულარულად სწავლამ ისრაელის მომდევნო წინამძღოლ იესო ნავეს ძეს რწმენა და გაბედულება შემატა. ძვ. წ. 1473 წელს ისრაელი აღთქმულ მიწაზე უნდა შესულიყო. ღმერთმა იესო ნავეს ძეს უთხრა: „მოიკრიბე გამბედაობა და გამაგრდი“. იეჰოვას ეს ერთგული მსახური გონივრულად მოქმედებდა და წარმატებული იყო, ვინაიდან ღვთის კანონს იცავდა. ღმერთმა მას უთხრა: „ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“ (იეს. 1:7—9). როგორ გააძლიერებდა ეს სიტყვები იესო ნავეს ძეს! ღმერთი მართლაც მასთან იყო, ვინაიდან აღთქმული მიწის უმეტესი ნაწილი, მხოლოდ ექვს წელიწადში, ძვ. წ. 1467 წლისთვის დაიპყრეს.

ქალები, რომლებიც გაბედულად ემსახურებოდნენ ღმერთს

8. რწმენისა და გაბედულების რა მაგალითი დაგვიტოვა რახაბმა?

8 საუკუნეების განმავლობაში მრავალმა გაბედულმა ქალმა უშიშრად დაუჭირა მხარი იეჰოვას თაყვანისმცემლობას. მაგალითად, იერიხონში მცხოვრებმა მეძავმა რახაბმა ღვთისადმი რწმენა და გაბედულება გამოავლინა. მან დამალა იესო ნავეს ძის ორი მზვერავი და ამ ქალაქის მეფის მიერ გამოგზავნილი კაცები სულ სხვა მიმართულებით გაგზავნა. ისრაელების მიერ იერიხონის აღებისას რახაბი და მისი ოჯახი ცოცხალი დატოვეს. რახაბმა შეიცვალა ცხოვრების წესი. ის იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემელი და მესიის წინაპარი გახდა (იეს. 2:1—6; 6:22, 23; მათ. 1:1, 5). რწმენისა და გაბედულების გამოვლენისთვის ღმერთმა რახაბი მართლაც უხვად აკურთხა.

9. როგორ გამოავლინეს გაბედულება დებორამ, ბარაკმა და იაელმა?

9 იესო ნავეს ძის სიკვდილის შემდეგ, ძვ. წ. დაახლოებით 1450 წლიდან, ისრაელში მსაჯულები მმართველობდნენ. ქანაანის მეფე იაბინი 20 წელი ავიწროებდა ისრაელს. ღმერთმა წინასწარმეტყველ დებორას პირით უთხრა მსაჯულ ბარაკს, ებრძოლა იაბინის წინააღმდეგ. ბარაკმა თაბორის მთაზე 10 000 კაცს მოუყარა თავი და იაბინის მხედართმთავარ სისერასთან საბრძოლველად გაემზადა. სისერას ჯარი 900 საომარ ეტლთან ერთად კიშონის ხევში იყო დაბანაკებული. როდესაც ისრაელები ბრძოლის ველისკენ დაეშვნენ, ღმერთმა აადიდა მდინარე კიშონი. ბრძოლის ველი ჭაობად იქცა, რამაც ქანაანელთა ეტლები სრულიად უმოქმედო გახადა. ბარაკის ჯარმა იმძლავრა და „სისერას მთელი ბანაკი მახვილით . . . დასცა“. სისერა გაიქცა და იაელის კარავს შეაფარა თავი, მაგრამ იაელმა მძინარე მხედართმთავარი მოკლა. დებორას წინასწარმეტყველების შესაბამისად, ამ გამარჯვებისთვის დიდება ქალს ერგო წილად. იმის გამო, რომ დებორა, ბარაკი და იაელი გაბედულად მოქმედებდნენ, „დაისვენა მიწამ ორმოცი წელი“ (მსაჯ. 4:1—9, 14—22; 5:20, 21, 31). მრავალმა ღვთისმოშიშმა ადამიანმა გამოავლინა მსგავსი რწმენა და გაბედულება.

ჩვენმა სიტყვებმა შეიძლება სხვებს გაბედულება შემატოს

10. რის საფუძველზე ვამბობთ, რომ ჩვენმა სიტყვებმა შეიძლება გაბედულება შესძინოს სხვებს?

10 ჩვენმა სიტყვებმა შეიძლება გაბედულება შესძინოს მათ, ვინც ჩვენ მსგავსად თაყვანს სცემს იეჰოვას. ძვ. წ. მე-11 საუკუნეში მეფე დავითმა თავის ვაჟს, სოლომონს, უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე, გამაგრდი და იმოქმედე! ნუ შეშინდები და ნუ შეძრწუნდები, რადგან იეჰოვა ღმერთი, ჩემი ღმერთი, შენთანაა! არ მოგშორდება და არ მიგატოვებს, სანამ ყველა სამუშაო არ დასრულდება იეჰოვას სახლში“ (1 მატ. 28:20). სოლომონი გაბედულად მოქმედებდა და იეჰოვას იერუსალიმში დიდებული ტაძარი აუგო.

11. რა გავლენა იქონია გაბედული ისრაელი გოგონას სიტყვებმა ერთი კაცის ცხოვრებაზე?

11 ძვ. წ. მე-10 საუკუნეში გაბედული ისრაელი გოგონას სიტყვები ერთი კეთროვნისთვის ნამდვილი კურთხევა აღმოჩნდა. ის მოთარეშეებმა ტყვედ წაიყვანეს და კეთროვანი სირიელი მხედარმთავრის მოსამსახურე გახდა. გოგონამ იცოდა, რომ იეჰოვამ ელისეს მეშვეობით მრავალი სასწაული მოახდინა. ამიტომ ნაამანის მეუღლეს უთხრა, რომ, თუ მისი ქმარი ისრაელში ჩავიდოდა, ღვთის წინასწარმეტყველი განკურნავდა მას. ნაამანი ისრაელში ჩავიდა, სასწაულებრივად განიკურნა და იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა (2 მეფ. 5:1—3, 10—17). თუ შენც ახალგაზრდა ხარ და ამ გოგონასავით გიყვარს ღმერთი, ის აუცილებლად მოგცემს გაბედულებას, რომ უქადაგო მასწავლებლებს, თანაკლასელებსა თუ სხვებს.

12. რა გავლენა იქონია მეფე ხიზკიას სიტყვებმა ხალხზე?

12 კარგად შერჩეულმა სიტყვებმა დიდი საფრთხის წინაშე მდგომ ადამიანს შეიძლება გაბედულება შემატოს. ძვ. წ. მე-8 საუკუნეში, როდესაც ასურეთმა იერუსალიმის წინააღმდეგ გაილაშქრა, მეფე ხიზკიამ თავის ქვეშევრდომებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „გამბედაობა მოიკრიბეთ და გამაგრდით! ნუ შეგაშინებთ და ნუ შეგაძრწუნებთ ასურეთის მეფე და მისი ბრბო, რადგან ჩვენთან უფრო ბევრნი არიან, ვიდრე მასთან! მასთან ხორციელი ძალაა, ჩვენთან კი იეჰოვაა, ჩვენი ღმერთი, რათა დაგვეხმაროს და ჩვენთვის იბრძოლოს“. როგორ იმოქმედა ამ სიტყვებმა ხალხზე? „გაამხნევა ხალხი იუდას მეფე ხიზკიას სიტყვებმა“ (2 მატ. 32:7, 8). მსგავსმა სიტყვებმა დევნის დროს შეიძლება გაბედულება შეგვმატოს ჩვენც და სხვა ქრისტიანებსაც.

13. გაბედულების რა მაგალითი დაგვიტოვა მეფე ახაბის გამგებელმა ობადიამ?

13 ზოგჯერ გაბედულება რაღაცის არ თქმითაც ვლინდება. ძვ. წ. მე-10 საუკუნეში მეფე ახაბის გამგებელმა ობადიამ გაბედულება გამოავლინა და „ორმოცდაათ-ორმოცდაათად გადამალა გამოქვაბულში“ იეჰოვას ასი წინასწარმეტყველი, რათა ბოროტ დედოფალ იზებელს არ დაეხოცა (1 მეფ. 18:4). ღვთისმოშიშ ობადიას მსგავსად, დღეს იეჰოვას მრავალი ერთგული მსახური გაბედულებას ავლენს და მდევნელებს თანამორწმუნეების შესახებ ინფორმაციას არ აწვდის.

ესთერი — გაბედული დედოფალი

14, 15. როგორ გამოავლინა დედოფალმა ესთერმა რწმენა და გაბედულება და, რა მოჰყვა ამას შედეგად?

14 დედოფალმა ესთერმა დიდი რწმენა და გაბედულება გამოავლინა, როდესაც ძვ. წ. მე-5 საუკუნეში ბოროტმა ჰამანმა სპარსეთის იმპერიაში ებრაელების განადგურება გადაწყვიტა. ცხადია, ებრაელები გლოვობდნენ, მარხულობდნენ და მთელი გულით ლოცულობდნენ (ესთ. 4:1—3). დედოფალი ესთერი ძალიან წუხდა თავისი ხალხის მდგომარეობაზე. ესთერის ბიძაშვილმა მორდოქაიმ დედოფალს იმ კანონის ასლი გაუგზავნა, რომელშიც ნაბრძანები იყო ებრაელების განადგურება. მან ესთერს სთხოვა, შესულიყო მეფესთან და წყალობა გამოეთხოვა მისგან. მაგრამ ყველა, ვინც მეფესთან მოხმობის გარეშე შევიდოდა, სიკვდილით ისჯებოდა (ესთ. 4:4—11).

15 მორდოქაიმ ესთერს უთხრა: „თუ ახლა დადუმდები, სხვა მხრიდან მოვა შვება და ხსნა . . . ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ დროისთვის მოიპოვე სამეფო ღირსება?!“ ესთერმა მორდოქაის სთხოვა, რომ თავი მოეყარა შუშანში მცხოვრები ყველა იუდეველისთვის და ემარხულათ მისთვის. „მეც ვიმარხულებ ჩემს მოახლეებთან ერთად, — თქვა ესთერმა, — და მერე შევალ მეფესთან, თუმცა ეს კანონით დაუშვებელია. თუ დავიღუპები, დავიღუპო!“ (ესთ. 4:12—17). ესთერი გაბედულად მოიქცა და, როგორც მისი სახელით წოდებული წიგნიდან ვიგებთ, ღმერთმა იხსნა თავისი ხალხი. დღეს ცხებულები და სხვა მიძღვნილი ქრისტიანები განსაცდელების დროს მსგავს გაბედულებას ავლენენ და „ლოცვების მომსმენი“ ღმერთიც ყოველთვის მათ გვერდით არის (წაიკითხეთ ფსალმუნების 65:2; 118:6 ).

„გამაგრდით!“

16. რა მაგალითს აძლევს იესო ახალგაზრდებს?

16 ერთხელ 12 წლის იესო მშობლებმა ტაძარში იპოვეს. ის „მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა. მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა“ (ლუკ. 2:41—50). მიუხედავად იმისა, რომ იესო პატარა იყო, მას ჰქონდა რწმენა და გამბედაობა, ტაძარში უფროსებისთვის კითხვები დაესვა. თუ ქრისტიან ახალგაზრდებს ემახსოვრებათ იესოს მაგალითი, ისინი ყოველ შესაძლებლობას გამოიყენებენ, რომ დამცველებად გამოვიდნენ ყველას წინაშე, ვინც მათი იმედის გამო ახსნა-განმარტებას ითხოვს (1 პეტ. 3:15).

17. რატომ მოუწოდა იესომ თავის მოწაფეებს, რომ ყოფილიყვნენ გაბედულები და, რატომ უნდა ვიყოთ გაბედულები დღეს ჩვენ?

17 იესო სხვებს მოუწოდებდა: „გამაგრდი“! (მათ. 9:2, 22) მან თავის მოწაფეებს უთხრა: „მოდის საათი და მოვიდა კიდეც, როცა ყველა თქვენ-თქვენ სახლებში დაიფანტებით და მარტო დამტოვებთ. თუმცა მარტო არა ვარ, რადგან მამა ჩემთან არის. ეს ყოველივე გითხარით, რათა ჩემით მშვიდობა გქონდეთ. ქვეყნიერებაში გასაჭირი გაქვთ, მაგრამ გამაგრდით! მე ვძლიე ქვეყნიერებას“ (იოან. 16:32, 33). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, ქვეყნიერებას ჩვენც ვძულვართ. მოდი, ნუ დავემსგავსებით ამ ქვეყნიერებას. ღვთის ძის გაბედულების მაგალითზე დაფიქრება იმის ძალას მოგვცემს, რომ ამ ქვეყნიერებისგან წაუბილწველი დავრჩეთ. იესომ გაიმარჯვა ქვეყნიერებაზე და ეს ჩვენც შეგვიძლია (იოან. 17:16; იაკ. 1:27).

18, 19. რწმენისა და გაბედულების რა მაგალითი მოგვცა მოციქულმა პავლემ?

18 მოციქულმა პავლემ მრავალი განსაცდელი აიტანა. ერთხელ, რომაელი ჯარისკაცები რომ არა, იერუსალიმელი ებრაელები მოციქულს მოკლავდნენ. ღამით «უფალი გამოეცხადა მას და უთხრა: „გამაგრდი! როგორც იერუსალიმში ამოწმებდი საფუძვლიანად ჩემ შესახებ, რომშიც ისევე უნდა დაამოწმო“» (საქ. 23:11). პავლე სწორედ ასე მოიქცა.

19 პავლემ უშიშრად გაკიცხა „უაღმატებულესი“ მოციქულები, რომლებიც კორინთის კრების გახრწნას ცდილობდნენ (2 კორ. 11:5; 12:11). მათგან განსხვავებით, პავლეს შეეძლო მოციქულობის დამადასტურებელი ფაქტების მოყვანა — დაპატიმრება, ცემა, ხიფათით სავსე მოგზაურობები, სხვა სირთულეები, შიმშილი, წყურვილი და უძილო ღამეები; ამასთანავე თანამორწმუნეებზე დაუღალავად ზრუნვა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 11:23—28). პავლეს მიერ გამოვლენილი რწმენისა და გაბედულების მაგალითები იმის დამადასტურებელია, რომ მოციქულს ძალა ღვთისგან ჰქონდა მიღებული.

20, 21. ა) მოიყვანეთ მაგალითი, საიდანაც ჩანს, რომ საჭიროა გაბედულების მოკრება? ბ) რა სიტუაციებში შეიძლება დაგვჭირდეს გაბედულების გამოვლენა და რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული?

20 ყველა ქრისტიანი არ ხვდება სერიოზულ დევნას. მაგრამ ყველას სჭირდება გაბედულება, რათა ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუმკლავდნენ. მოვიყვანოთ ბრაზილიაში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცის მაგალითი. ის ადრე ბანდის წევრი იყო. ბიბლიის შესწავლის დაწყების შემდეგ მიხვდა, რომ ცხოვრებაში ცვლილებები უნდა მოეხდინა, მაგრამ მათ, ვინც ბანდას ტოვებდა, ჩვეულებრივ, კლავდნენ. მან ილოცა და ბიბლიური მუხლების დახმარებით მეთაურს აუხსნა, რატომ სურდა ბანდის დატოვება. ახალგაზრდა კაცი არ მოკლეს და ის სამეფოს მაუწყებელი გახდა.

21 გაბედულებაა საჭირო სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. ქრისტიან ახალგაზრდებს სჭირდებათ ეს თვისება, თუ სურთ, რომ სკოლაში ერთგულება შეინარჩუნონ. გაბედულებაა საჭირო იმისათვისაც, რომ დამსაქმებელს კონგრესის მთელ პროგრამაზე დასასწრებად დავეთხოვოთ. ეს ჩამონათვალი შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. მაგრამ რა სირთულეებსაც არ უნდა წავაწყდეთ, იეჰოვა მოისმენს „რწმენით წარმოთქმულ“ ჩვენს ლოცვებს (იაკ. 5:15). და, ცხადია, მას შეუძლია მოგვცეს წმინდა სული, რათა „მოვიკრიბოთ გამბედაობა და გავმაგრდეთ“.

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 11 გვერდზე]

ენოქი გაბედულად ქადაგებდა უღვთო ქვეყნიერებაში

[სურათი 12 გვერდზე]

იაელი გაბედული და უშიშარი იყო