ჩვენი არქივიდან
„ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი“
როდესაც სრული დროით მქადაგებელი შარლოტა უაიტი ლუისვილში, კენტუკი (აშშ) ჩავიდა, მისმა ბორბლებიანმა ჩემოდანმა ყველას ყურადღება მიიპყრო.
და უაიტმა 1908 წელს ნამდვილად მიიპყრო ქალაქის მოსახლეობის ყურადღება ახალი გამოგონებით — „ბორბლებიანი გარიჟრაჟით“. მან აღნიშნა: „ყველა ამაზე ლაპარაკობდა და ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი“.
ბიბლიის მკვლევარებმა, ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს, დაინახეს იმის საჭიროება, რომ წერილების გულმოდგინედ კვლევის შედეგად ნასწავლი ძვირფასი ჭეშმარიტება სხვებისთვის გაეზიარებინათ. მრავალმა ბიბლიური ჭეშმარიტება წიგნ „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ მეშვეობით გაიგო (მოგვიანებით ეწოდა „საღვთო წერილის გამოკვლევა“). ის ქრისტიანები, რომლებიც მზად იყვნენ, წასულიყვნენ შორს, ქალაქებსა თუ სოფლებში, გულმოდგინე მკითხველებს სთავაზობდნენ ამ წიგნებს, რომლებსაც „ბიბლიის მკვლევარების მარჯვენა ხელსაც“ უწოდებდნენ.
1908 წელს და უაიტი და სამეფოს სხვა გულმოდგინე მქადაგებლები ხალხს ექვს ტომს 1,65 ამერიკულ დოლარად აძლევდნენ. ნაცვლად იმისა, რომ წიგნები მაშინვე მიეცათ მობინადრეებისთვის, ისინი შეკვეთებს აგროვებდნენ და წიგნები ფულის აღების დღეს მიჰქონდათ. ფასი საკმაოდ დაბალი იყო და მხოლოდ დაბეჭდვის ხარჯებს ფარავდა. ერთი მოწინააღმდეგე უკმაყოფილებასაც კი გამოთქვამდა, რომ წიგნები ასე იაფი იყო.
მალინდა კიფერი იხსენებს, რომ კვირაში დაახლოებით ორასიდან სამასამდე წიგნის შეკვეთას იღებდა. მაგრამ „გარიჟრაჟისადმი“ ხალხის დიდმა ინტერესმა ბიბლიის მკვლევარები პრობლემის წინაშე დააყენა. „გარიჟრაჟის“ მარტო მეექვსე ტომი 740-გვერდიანი იყო.
„საგუშაგო კოშკში“ ეწერა, რომ „ორმოცდაათი წიგნი 18 კილოგრამს იწონიდა, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იყო“, განსაკუთრებით დებისთვის.ამ პრობლემის გადასაჭრელად ძმა ჯეიმზ კოულმა გამოიგონა დასაკეცი ორბორბლიანი მოწყობილობა, რომელზეც ჭანჭიკებით ჩემოდნის დამაგრება შეიძლებოდა. ძმა კოულმა, რომელსაც აღარ უწევდა წიგნებით სავსე მძიმე ყუთების ტარება, თქვა: „წელს აღარ მოვიწყვეტ“. მან თავისი გამოგონება 1908 წელს ცინცინატში (ოჰაიო) კონგრესზე შეკრებილ ბიბლიის მკვლევარებს წარუდგინა. ლითონის კარკასზე ამოტვიფრული იყო წარწერა „ბორბლებიანი გარიჟრაჟი“, რადგან ამ მოწყობილობით ძირითადად „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ ტომები დაჰქონდათ. მცირეოდენი პრაქტიკის შემდეგ წიგნებით სავსე ჩემოდნის ტარება ერთი ხელითაც ადვილად შეიძლებოდა. მაუწყებლის სიმაღლის შესაბამისად, შესაძლებელი იყო ჩემოდნის სიმაღლის რეგულირება. ამ ჩემოდნით სიარული სოფლის ოღრო-ჩოღრო გზებზეც შეიძლებოდა. მსახურებაში გატარებული დღის შემდეგ შეიძლებოდა ამ კონსტრუქციის აკეცვა და ფეხით ან სატრანსპორტო საშუალებით სახლში თავისუფლად წაღება.
სრული დროით მომსახურე დებს შეეძლოთ უფასოდ აეღოთ „ბორბლებიანი გარიჟრაჟი“. სხვებს კი მისი შეძენა 2,5 ამერიკული დოლარი უჯდებოდათ. ამ სურათზე აღბეჭდილი და კიფერი იმდენად დახელოვნდა, რომ ცალი ხელით „ბორბლებიან გარიჟრაჟს“ ატარებდა, მეორე მხარზე კი წიგნების ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული. პენსილვანიაში (აშშ), მაღაროელთა ქალაქში, ბევრს სურდა „გარიჟრაჟის“ წაკითხვა და შეკვეთების მიტანის დღეს და კიფერს, ჩვეულებრივ, მდინარე ალეგანის ხიდზე, დღეში სამ-ოთხჯერ უწევდა გადასვლა.
მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს ერთ-ერთმა პილოტმა გამოიგონა ბორბლებიანი ჩემოდანი, რომელსაც დღეს ხშირად ვხედავთ ხოლმე აეროპორტებსა და ქალაქის ხალხმრავალ ქუჩებში. მაგრამ დაახლოებით ასი წლის წინ ყველა ცნობისმოყვარეობით უყურებდა გულმოდგინე მკვლევარებს, როდესაც ისინი „ბორბლებიანი გარიჟრაჟით“ ბიბლიური ჭეშმარიტების ძვირფას თესლს თესავდნენ.
[ჩანართი 32 გვერდზე]
ჩვეულებრივ, და კიფერს მდინარე ალეგანის ხიდზე დღეში სამ-ოთხჯერ უწევდა გადასვლა
[ჩანართი 32 გვერდზე]
ასე გადაიჭრა „გარიჟრაჟის“ გავრცელების პრობლემა