არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დაეხმარეთ ხალხს „გამოღვიძებაში“

დაეხმარეთ ხალხს „გამოღვიძებაში“

დაეხმარეთ ხალხს „გამოღვიძებაში“

„იცით, რა დროა: დადგა თქვენი გამოღვიძების საათი“ (რომ. 13:11).

შეგიძლიათ ახსნათ?

რატომ არის ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება?

მსახურებისას რატომ უნდა ვიყოთ კარგი მსმენელები და დაკვირვებულები?

რატომ არის საჭირო თავაზიანობა და ტაქტიანობა მსახურებაში?

1, 2. რა გაგებით სჭირდება ბევრს გამოღვიძება?

ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება იმის გამო, რომ საჭესთან ჩასთვლიმა ან ჩაეძინა კიდეც. სხვები სამსახურს კარგავენ იმიტომ, რომ დროულად ვერ გაიღვიძეს ან სამსახურში ჩაეძინათ. მაგრამ სულიერ თვლემას შეიძლება ბევრად სერიოზული შედეგები მოჰყვეს. ბიბლიაში მოცემულია გაფრთხილება ასეთი ძილის შესახებ და ნათქვამია: „ბედნიერია, ვინც ფხიზლობს“ (გამოცხ. 16:14—16).

2 რაც უფრო ახლოვდება იეჰოვას დიდი დღე, კაცობრიობას, სულიერი გაგებით, მით უფრო სძინავს. ქრისტიანული სამყაროს ზოგიერთი ლიდერიც აღიარებს, რომ მათ მრევლს სულიერად სძინავს. რა არის სულიერი ძილი? რატომ არის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის სიფხიზლის შენარჩუნება? როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ სხვებს „გამოღვიძებაში“?

რა არის სულიერი ძილი?

3. როგორ აღწერდით ადამიანს, რომელსაც სულიერად სძინავს?

3 ჩვეულებრივ, მძინარე ადამიანი უმოქმედოა. ამის საპირისპიროდ, ისინი, ვისაც სულიერად სძინავთ, შეიძლება ძალიან დაკავებული იყვნენ, მაგრამ არა სულიერი საქმეებით. ისინი ჩაფლული არიან ყოველდღიურ საქმიანობაში ან ეძებენ სიამოვნებას, პრესტიჟსა თუ სიმდიდრეს. ისინი იმდენად არიან ამ საქმეებით დაკავებული, რომ ფაქტობრივად არაფერს აკეთებენ სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ მათ, ვინც სულიერად ფხიზლობს, ესმით, რომ „ბოლო დღეებია“. ამიტომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, შეასრულონ ღვთის ნება (2 პეტ. 3:3, 4; ლუკ. 21:34—36).

4. რას ნიშნავს რჩევა: „ნუ დავიძინებთ დანარჩენების მსგავსად“?

4 წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:4—8. ამ მუხლებში მოციქული პავლე თანამორწმუნეებს მოუწოდებს, არ ეძინოთ დანარჩენების მსგავსად. რას გულისხმობდა ის? „დაძინებაში“ პავლე გულისხმობდა იეჰოვას ზნეობრივი ნორმების უგულებელყოფას. „დაძინებაში“ აგრეთვე შედის იმ ფაქტის იგნორირება, რომ იეჰოვას მიერ უღვთოთა განადგურების დრო ახლოვდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ასეთი ადამიანების ცხოვრებამ და აზროვნებამ გავლენა არ იქონიოს ჩვენზე.

5. როგორი აზროვნება ახასიათებს მათ, ვისაც სულიერად სძინავთ?

5 ზოგს ჰგონია, რომ არ არსებობს ღმერთი, რომელიც პასუხს მოსთხოვს მათ (ფსალმ. 53:1). სხვები ფიქრობენ, რომ ღმერთი არ ინტერესდება ადამიანებით, ამიტომ ისინი თვლიან, რომ აზრი არა აქვს, დაინტერესდნენ მისით. ზოგიერთების აზრით კი, ღმერთთან დაახლოებას ეკლესიაში სიარულით შეძლებენ. ყველა ასეთ ადამიანს სულიერად სძინავთ. მათ გამოღვიძება სჭირდებათ. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ?

საჭიროა, შევინარჩუნოთ სიფხიზლე

6. რატომ მართებთ ქრისტიანებს სულიერი სიფხიზლის შენარჩუნება?

6 სხვების გაღვიძება რომ შეგვეძლოს, თავად უნდა გვეღვიძოს. რას ნიშნავს ეს? ღვთის სიტყვაში სიმბოლურ ძილთან დაკავშირებულია „სიბნელის საქმეები“, ანუ ღრეობა, გადამეტებული სმა, უზნეობა, თავაშვებულობა, დავა და შური (წაიკითხეთ რომაელების 13:11—14 ). ასეთი საქმეების არიდება შეიძლება არც ისე ადვილი იყოს. სიფხიზლე ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მძღოლი ვერ ხვდება რამდენად საშიშია საჭესთან ჩაძინება, ის სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს. მნიშვნელოვანია, ქრისტიანს ესმოდეს, რომ სულიერი თვლემა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.

7. როგორ შეიძლება ადამიანების მიმართ არასწორმა დამოკიდებულებამ იმოქმედოს ჩვენზე?

7 მაგალითად, ქრისტიანმა შეიძლება იფიქროს, რომ სასიხარულო ცნობას მის ტერიტორიაზე არავინ იღებს და არც არასდროს მიიღებს (იგავ. 6:10, 11). მან შეიძლება იფიქროს: „რა საჭიროა აქტიურად ქადაგება, თუ მაინც არავინ იღებს ჭეშმარიტებას“? სულიერად ახლა ბევრს სძინავს, მაგრამ მათი მდგომარეობა და აზროვნება შეიძლება შეიცვალოს. ზოგმა შეიძლება „გაიღვიძოს“ და მიიღოს ჭეშმარიტება. ასეთ ადამიანებს დავეხმარებით, თუ თავად შევინარჩუნებთ სიფხიზლეს. ეს ნიშნავს ვეძებოთ სხვადასხვა საშუალება, რათა სასიხარულო ცნობა მათთვის მისაღები სახით გადავცეთ. სიფხიზლის შენარჩუნებაში აგრეთვე იგულისხმება, გვახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია მსახურება.

რატომ არის ჩვენი მსახურება მნიშვნელოვანი?

8. რატომ არის ქრისტიანული მსახურება ძალიან მნიშვნელოვანი?

8 როგორც არ უნდა ეხმაურებოდეს ხალხი სასიხარულო ცნობას, უნდა გვახსოვდეს, რომ ქადაგება განადიდებს იეჰოვას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი განზრახვის შესრულებაში. მალე, ისინი, ვინც ყურს არ უგდებენ სასიხარულო ცნობას, სასჯელად განადგურებას მიიღებენ. გასამართლება იმის საფუძველზე მოხდება, თუ როგორ გამოეხმაურებიან სასიხარულო ცნობას (2 თეს. 1:8, 9). გარდა ამისა, შეცდომა იქნებოდა, თუ ქრისტიანი იფიქრებდა, რომ გულმოდგინედ ქადაგება არ არის აუცილებელი, რადგან მკვდრეთით „მართლებიც და უმართლოებიც“ აღდგებიან (საქ. 24:15). მაგრამ ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ ისინი, ვინც გასამართლდებიან როგორც „თხები“, „მარადიულად მოიკვეთებიან“. ჩვენი ქადაგება არის ღვთის გულმოწყალების გამოვლენა, რომელიც საშუალებას აძლევს ხალხს, შეიცვალონ და „მარადიულად იცოცხლონ“ (მათ. 25:32, 41, 46; რომ. 10:13—15). თუ არ ვიქადაგეთ, როგორ გაიგებენ ადამიანები ცნობას, რომელიც მათთვის შეიძლება სიცოცხლეს ნიშნავდეს?

9. როგორ შეიძლება სასიხარულო ცნობის ქადაგება სასარგელო იყოს როგორც თქვენთვის, ისე სხვა მაუწყებლებისთვის?

9 სასიხარულო ცნობის ქადაგება ჩვენთვისაც სასარგებლოა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:16 ). იეჰოვასა და სამეფოს იმედის შესახებ საუბარი რწმენასა და ღვთისადმი სიყვარულს განგიმტკიცებთ. ის ქრისტიანული თვისებების განვითარებაშიც დაგეხმარებათ. მსახურებაში მონაწილეობა და ამგვარად ღვთისადმი ერთგულების გამოვლენა უფრო ბედნიერს გაგხდით. მრავალს სიხარული მოუტანა იმის დანახვამ, რომ ღვთის სულის დახმარებით ბიბლიის შემსწავლელი სულიერად წინ მიიწევს.

იყავით დაკვირვებული

10, 11. ა) როგორ გამოავლინეს იესომ და პავლემ სიფხიზლე და დაკვირვებულობა? ბ) როგორ შეგვიძლია ჩვენი მსახურების გაუმჯობესება სიფხიზლის და დაკვირვებულობის გამოვლენით?

10 ისინი, ვისაც სასიხარულო ცნობა აინტერესებს, შეიძლება სხვადასხვა სახით გამოვაღვიძოთ. ამიტომ ქრისტიანები მსახურებაში ყურადღებით უნდა იყვნენ. ამის შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს იესო. ის სრულყოფილი იყო და შეეძლო დაენახა ფარისევლის უსიტყვო გულისწყრომა, ცოდვილი ქალის გულწრფელი მონანიება და ღარიბი ქვრივის თავგანწირული სული (ლუკ. 7:37—50; 21:1—4). იესოს შეეძლო ყველას სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მაგრამ სრულყოფილება არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ ვიყოთ დაკვირვებული. ეს კარგად ჩანს პავლეს მაგალითიდან. ის ქადაგებისას სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვა მეთოდს იყენებდა, რათა სასიხარულო ცნობა მათთვის საინტერესო ყოფილიყო (საქ. 17:22, 23, 34; 1 კორ. 9:19—23).

11 იესოსა და პავლეს მსგავსად, თუ ვცდილობთ გამოვავლინოთ სიფხიზლე და დაკვირვებულობა, განვსაზღვრავთ, საუკეთესოდ როგორ შევძლებთ ხალხის გამოღვიძებას. მაგალითად, როდესაც ვინმეს უქადაგებთ, დააკვირდით, რამე ხომ არ მეტყველებს მის კულტურაზე, ინტერესებზე ან ოჯახურ მდგომარეობაზე. მხედველობიდან არ გამოგრჩეთ, იმ მომენტში რით არიან დაკავებული და საუბრის დასაწყისში თავაზიანად მოიხსენიეთ ეს.

12. რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად მსახურების დროს თანაქრისტიანთან საუბრისას?

12 ის, ვინც ინარჩუნებს სიფხიზლეს და დაკვირვებულია, ცდილობს თავი აარიდოს ხელის შემშლელ ფაქტორებს. მსახურების დროს თანაქრისტიანთან საუბარი შეიძლება გამამხნევებელი იყოს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სამქადაგებლო მსახურების მიზანი სხვებისთვის ქადაგებაა (ეკლ. 3:1, 7). ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კარდაკარ ქადაგებისას ჩვენმა საუბარმა ხელი არ შეგვიშალოს მსახურებაში. მსახურებისას იმაზე მსჯელობა, თუ რას ვეტყოდით მობინადრეს, დაგვეხმარება გონება ქადაგებაზე გვქონდეს კონცენტრირებული. მობილური ტელეფონები შეიძლება დაგვეხმაროს, რომ უფრო ნაყოფიერად ვიმსახუროთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტელეფონის ზარმა შეიძლება ხელიც შეგვიშალოს მობინადრესთან საუბარში.

გამოავლინეთ გულწრფელი ინტერესი

13, 14. ა) როგორ განვსაზღვროთ, რა აინტერესებს ადამიანს? ბ) რამ შეიძლება გააღვიძოს ადამიანში სულიერისადმი ინტერესი?

13 მაუწყებლები, რომლებიც ფხიზლობენ, ყურადღებით უსმენენ მათ, ვისაც მსახურებაში ხვდებიან. რა კითხვები უნდა დაუსვათ მობინადრეებს, რომ გაიგოთ მათი თვალსაზრისი? აინტერესებთ მათ, რატომ არის ამდენი რელიგია, რატომ ხდება ძალადობა, ან რატომ ვერ აგვარებენ მთავრობები პრობლემებს? იქნებ სულიერისადმი ინტერესი იმით გააღვივოთ, რომ ისაუბროთ ცოცხალი ქმნილებების საოცარი აგებულების ან იმის შესახებ, რამდენად პრაქტიკულია ბიბლიური რჩევები. ლოცვის შესახებ საუბარი თითქმის ყველა ადამიანს აინტერესებს, ზოგ ათეისტსაც კი. ბევრს აინტერესებს, საერთოდ ისმენს ვინმე ლოცვებს. სხვებს კი ასეთი კითხვები უჩნდებათ: „ყველა ლოცვას ისმენს ღმერთი? თუ არა, მაშ, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ღმერთმა ჩვენი ლოცვები მოისმინოს?“

14 ჩვენც შევძლებთ, დავეუფლოთ საუბრის წამოწყების ხელოვნებას, თუ დავაკვირდებით გამოცდილ მაუწყებლებს. ყურადღება მიაქციეთ, როგორ სვამენ კითხვებს ისე, რომ მობინადრემ თავი უხერხულად არ იგრძნოს; როგორ ცდილობენ ხმის ტონით და სახის გამომეტყველებით უჩვენონ მობინადრეს, რომ გაგებით ეკიდებიან მის თვალსაზრის (იგავ. 15:13).

თავაზიანობა და სწორი მიდგომა

15. რატომ უნდა ვიყოთ თავაზიანები ქადაგების დროს?

15 მოგწონთ, როცა ღრმად გძინავთ და გაღვიძებენ? ბევრს არ სიამოვნებს, როცა უეცრად აღვიძებენ. ამ დროს, ჩვეულებრივ, ურჩევნიათ მშვიდად და წყნარად გააღვიძონ. იმავეს თქმა შეიძლება სულიერ გამოღვიძებაზეც. მაგალითად, როგორი უნდა იყოს თქვენი რეაქცია, როცა მობინადრე აგრესიას ავლენს? იყავით თავაზიანი, მადლობა გადაუხადეთ გულწრფელობისთვის და მშვიდად დატოვეთ იქაურობა (იგავ. 15:1; 17:14; 2 ტიმ. 2:24). თქვენმა თავაზიანობამ შეიძლება მობინადრე აღძრას, მომავლისთვის დადებითად განეწყოს სხვა მოწმეების მიმართ.

16, 17. როგორ გამოვავლინოთ გამჭრიახობა ქადაგების დროს?

16 ზოგჯერ საუბრის გაგრძელება მაშინაც შესაძლებელია, როცა მობინადრე უარყოფითად არის განწყობილი. ზოგი, უბრალოდ, ცდილობს, შეგვაწყვეტინოს საუბარი შემდეგი სიტყვებით: „გმადლობთ, მე ჩემი რელიგია მაქვს“ ან „არ მაინტერესებს“. მაგრამ, თუ თავაზიანები ვიქნებით და სწორად მივუდგებით, შევძლებთ ისეთი საკითხის წამოჭრას, რომელიც მობინადრეს სულიერისადმი ინტერესს გაუღვივებს (წაიკითხეთ კოლოსელების 4:6 ).

17 შეიძლება შევხვდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ძალიან დაკავებული არიან. ამ დროს ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ პატივისცემას გამოვავლენდით და წამოვიდოდით. თუმცა ზოგ შემთხვევაში გრძნობთ, რომ შესაძლებელია მნიშვნელოვანი აზრის მოკლედ გადაცემა. ზოგ ძმას შეუძლია ერთ წუთზე ნაკლებ დროში გადაშალოს ბიბლია, ამოიკითხოს საინტერესო მუხლი და დასვას დამაფიქრებელი კითხვა, რომელსაც მომდევნო შეხვედრისას უპასუხებდა. ასეთი მოკლე შეთავაზება ზოგჯერ ისეთ ინტერესს იწვევს, რომ თურმე მობინადრე არც თუ ისე დაკავებული ყოფილა მოკლე საუბრისთვის. კარგი იქნებოდა, გამოგვეყენებინა ეს მეთოდი, როცა სიტუაცია ნებას გვრთავს.

18. რის გაკეთება შეგვიძლია, რომ არაფორმალურად უფრო ეფექტურად ვიქადაგოთ?

18 თუ კარგად მოვემზადებით არაფორმალური ქადაგებისთვის, შევძლებთ სასიხარულო ცნობისადმი მათი ინტერესის აღძვრას, ვისაც ყოველდღიურად ვხვდებით. მრავალი და-ძმა ლიტერატურას ჯიბით ან ხელჩანთით ატარებს. თუ შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი მზად არიან, ამოუკითხონ წინასწარ მომზადებული ბიბლიური მუხლი. შეგიძლიათ დაელაპარაკოთ თქვენი კრების სამსახურებრივ ზედამხედველს ან პიონერს, რათა არაფორმალური ქადაგებისთვის მომზადებაში დაგეხმარონ.

ტაქტიანად დავეხმაროთ ნათესავებს სულიერ გამოღვიძებაში

19. რატომ უნდა განვაგრძოთ ნათესავებთან ქადაგება?

19 ბუნებრივია, გვინდა, ნათესავებს სასიხარულო ცნობის მიღებაში დავეხმაროთ (იეს. 2:13; საქ. 10:24, 48; 16:31, 32). თუ თავდაპირველ მცდელობას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, შეიძლება ამან მეორედ ცდის სურვილი დაგვიკარგოს. შესაძლოა, ვფიქრობთ, რაც არ უნდა ვთქვათ და როგორც არ უნდა მოვიქცეთ, მაინც ვერაფერს გავხდებით. მაგრამ შეიძლება რაღაც მოვლენამ შეცვალა თქვენი ნათესავის ცხოვრება ან აზროვნება. ან თქვენ გახდით უფრო დახელოვნებული მქადაგებელი და უკეთესი შედეგების მიღწევა შეგიძლიათ.

20. რატომ არის მნიშვნელოვანი ტაქტიანობა ნათესავებთან ჭეშმარიტებაზე საუბრისას?

20 ნათესავების გრძნობებს გაგებით უნდა მოვეკიდოთ (რომ. 2:4). განა მათ ისევე თავაზიანად არ უნდა ველაპარაკოთ, როგორც უცხო ადამიანებს, რომლებსაც მსახურებაში ვხვდებით? ილაპარაკეთ რბილად და პატივისცემით. გაუთავებლად ნუ უქადაგებთ. უბრალოდ უჩვენეთ, როგორ იმოქმედა ჭეშმარიტებამ თქვენზე დადებითად (ეფეს. 4:23, 24). დაანახვეთ, როგორ გახდა თქვენი ცხოვრება უფრო აზრიანი იმით, რომ მიჰყვებით ღვთის მითითებებს (ეს. 48:17). თქვენი ცხოვრებით აჩვენეთ ნათესავებს, როგორი უნდა იყოს ნამდვილი ქრისტიანი.

21, 22. მოყევით შემთხვევა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამუდმებული ძალისხმევა, რომ ნათესავებს დავეხმაროთ.

21 ერთი და წერს: „ყოველთვის ვცდილობდი, სიტყვითა თუ საქმით მექადაგა ჩემი 13 და-ძმისთვის. წელი ისე არ გავიდოდა, რომ თითოეული მათგანისთვის არ მიმეწერა. მიუხედავად ამისა, მთელი 30 წელი ოჯახში მხოლოდ მე ვიყავი იეჰოვას მოწმე“.

22 ეს და განაგრძობს: «ერთხელ, ჩემს ერთ-ერთ დას დავურეკე, რომელიც ასობით კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს. მან მითხრა, რომ ერთმა მოწმემ ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, მაგრამ შემდეგ აღარ გამოჩენილა. მე ვუთხარი, რომ დიდი სიამოვნებით დავეხმარებოდი, რაზეც მიპასუხა: „კარგი, მაგრამ იცოდე, მე არასდროს გავხდები იეჰოვას მოწმე“. მას შემდეგ, რაც გავუგზავნე წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ რამდენიმე დღეში ერთხელ ვურეკავდი, მაგრამ მას არც კი გადაუშლია წიგნი. ბოლოს ვთხოვე, რომ აეღო თავისი წიგნი და 15 წუთის განმავლობაში წაგვეკითხა და გაგვერჩია იქ მოყვანილი ზოგიერთი ბიბლიური მუხლი. რამდენიმე ასეთი საუბრის შემდეგ მან მთხოვა, შესწავლისთვის 15 წუთზე მეტი დაგვეთმო. მოგვიანებით ის თვითონ მირეკავდა, ზოგჯერ ისე ადრე, რომ ჯერ ლოგინიდანაც არ ვიყავი ამდგარი და ხანდახან დღეში ორჯერაც კი. მომდევნო წელს ის მოინათლა, ხოლო ერთი წლის შემდეგ პიონერად მსახურება დაიწყო».

23. რატომ უნდა ვეცადოთ კვლავაც ხალხის სულიერად გაღვიძებას?

23 ხალხის სულიერად გაღვიძება ხელოვნებაა და საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თავმდაბალი ადამიანები ჯერ კიდევ დადებითად ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას. ყოველთვიურად 20 000-ზე მეტი ადამიანი ინათლება და იეჰოვას მოწმე ხდება. ამიტომ, მოდი, გულთან ახლოს მივიტანოთ პავლეს რჩევა, რომელიც მან პირველ საუკუნეში მცხოვრებ არქიპეს მისწერა: „ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფალში მიიღე“ (კოლ. 4:17). შემდეგი სტატია შეგვახსენებს, რომ ქადაგების საქმე გადაუდებელია.

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 13 გვერდზე]

როგორ შეგიძლიათ სიფხიზლის შენარჩუნება

▪ დაკავდით ღვთის ნების შესრულებით

▪ მოერიდეთ სიბნელის საქმეებს

▪ გახსოვდეთ, რამდენად სახიფათოა სულიერი თვლემა

▪ გქონდეთ დადებითი თვალსაზრისი თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებთა მიმართ

▪ ეცადეთ, გამონახოთ ახალ-ახალი საშუალებები სხვებთან საქადაგოდ

▪ გახსოვდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენი მსახურება