არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

„ნეტარებაა შენს მარჯვენა ხელთან მარადიულად“

„ნეტარებაა შენს მარჯვენა ხელთან მარადიულად“

მოგვითხრო ლოის დიდურმა

ოდესმე გითქვამთ ცხოვრებაში: „ნეტავ ეს გადაწყვეტილება არ მიმეღო“? სრული დროით მსახურებაში 50 წელი გავატარე და შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვას მარჯვენა ხელთან ყოფნას უსიამოვნო არაფერი მოჰყოლია. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, რატომ.

დავიბადე 1939 წელს. ჩემს ოთხ დასა და ძმასთან ერთად გავიზარდე სასკაჩევანის (კანადა) ერთ სოფელში. უკიდეგანო ტრამალზე მდებარე ფერმაში ბედნიერად ვცხოვრობდით. ერთხელ მამასთან იეჰოვას მოწმეები მოვიდნენ. მე მათ ვკითხე, ჰქონდა თუ არა ღმერთს სახელი. მათ ფსალმუნის 83:18-ში მიჩვენეს სახელი იეჰოვა, რამაც ღვთისა და მისი სიტყვის შესახებ მეტის გაგების სურვილი გამიჩინა.

იმ წლებში სოფლის ბავშვები დავდიოდით სოფლის რვაწლიან სკოლაში, რომელსაც ერთი საკლასო ოთახი ჰქონდა. სკოლაში მისასვლელად ბავშვები ცხენით თუ ფეხით არაერთ კილომეტრს გადიოდნენ. სკოლის მასწავლებლების საცხოვრებელსა და ყოველდღიურ მოთხოვნილებებზე პროვინციაში მცხოვრები ოჯახები ზრუნავდნენ. ერთ წელს ჩემი მშობლების რიგი დადგა და ჩვენს სახლში ახალი მასწავლებელი ჯონ დიდური გაჩერდა.

თურმე ეს ახალგაზრდა მამაკაციც ყოფილა დაინტერესებული ღვთის სიტყვით. ერთხელ დადებითი აზრი გამოვთქვი კომუნიზმისა და სოციალიზმის შესახებ, რომლის დამცველიც მაშინ მამაჩემი იყო. ჯონმა წყნარად მიპასუხა: „არც ერთ ადამიანს არა აქვს სხვაზე მმართველობის უფლება. ამის უფლება მხოლოდ ღმერთს აქვს“. ამას მრავალი საინტერესო საუბარი მოჰყვა.

ჯონი 1931 წელს დაიბადა და ომის სირთულეების შესახებ ბევრი რამ სმენოდა. 1950 წელს, როდესაც კორეაში ომი დაიწყო, მან სხვადასხვა სასულიერო პირს ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა, ქრისტიანებს მონაწილეობა მიეღოთ ომში. ყველამ უპასუხა, რომ ქრისტიანებისთვის ეს მისაღები იყო. მოგვიანებით მან იგივე შეკითხვა იეჰოვას მოწმეებს დაუსვა. მათ ბიბლიიდან უჩვენეს, თუ რა პოზიცია ეკავათ პირველი საუკუნის ქრისტიანებს. ჯონი 1955 წელს მოინათლა, მე კი — მომდევნო წელს. ორივეს გვსურდა, რომ ჩვენი ცხოვრება და ენერგია იეჰოვას მსახურებისთვის მიგვეძღვნა (ფსალმ. 37:3, 4). მე და ჯონი 1957 წელს დავქორწინდით.

ჩვენი ქორწილის წლისთავი არაერთხელ დაემთხვა კონგრესს. გვსიამოვნებდა ამ დღეს ათასობით და-ძმას შორის ყოფნა, რომლებიც ძალიან აფასებდნენ ქორწინებას. პირველად საერთაშორისო კონგრესს 1958 წელს დავესწარით. სასკაჩევანიდან ნიუ-იორკში მანქანით ხუთნი გავემგზავრეთ. მგზავრობას ერთი კვირა დასჭირდა, ვინაიდან დღისით მივდიოდით, ღამე კი კარავში გვეძინა. წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როდესაც შეგვხვდა ბეთლიჰემელი (პენსილვანია) ძმა და ღამის გასათევად საკუთარ ოჯახში მიგვიპატიჟა. სიკეთის ასეთმა მოულოდნელმა გამოვლენამ საშუალება მოგვცა, ნიუ-იორკში სუფთები და მოწესრიგებულები ჩავსულიყავით. ამ დიდმა კონგრესმა დაგვანახვა, რა დიდი ბედნიერებაა იეჰოვას მსახურება. სრულიად ვეთანხმები ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ნეტარებაა შენს მარჯვენა ხელთან მარადიულად“ (ფსალმ. 16:11).

პიონერად მსახურება

ერთი წლის შემდეგ, 1959 წელს, პიონერად მსახურება დავიწყეთ. ვცხოვრობდით სასკაჩევანის ტრამალზე ერთ პატარა ბორცვზე საცხოვრებლად მოწყობილ ავტომისაბმელში. ჩვენს თვალწინ დიდი სივრცე იყო გადაშლილი, რომელშიც ჩვენი სამქადაგებლო ტერიტორიაც შედიოდა.

ერთ მშვენიერ დღეს ფილიალიდან საინტერესო წერილი მივიღეთ. სასწრაფოდ გავეშურე ჯონისკენ, რომელიც ტრაქტორზე მუშაობდა. ჩვენ რედ-ლეიკში (ონტარიო) სპეციალურ პიონერებად მსახურებას გვთავაზობდნენ. არ ვიცოდით, სად იყო რედ-ლეიკი, ამიტომაც სასწრაფოდ ავიღეთ რუკა, რომ გვეპოვა ეს ადგილი.

იქ სრულიად განსხვავებული ბუნება იყო. ტრამალებისგან განსხვავებით, უზარმაზარ ტყეებში ჩაფლულ პატარა ქალაქებში ოქროს მაძიებლები ცხოვრობდნენ. პირველ დღეს, როდესაც საცხოვრებლად ბინას ვეძებდით, ერთმა პატარა გოგონამ ყური მოჰკრა, როგორ ვესაუბრებოდით მის მეზობელს. ის დედასთან გაიქცა, რომელმაც ღამის გასათევი შემოგვთავაზა. საწოლი იდგა სარდაფში, რომელსაც მიწის კედლები და იატაკი ჰქონდა. მეორე დღეს ვიპოვეთ ოროთახიანი სახლი, სადაც არ იყო წყალგაყვანილობა და არანაირი ავეჯი, მხოლოდ თუნუქის ღუმელი იდგა. მეორადების მაღაზიაში საჭირო ნივთები შევიძინეთ და მალე ჩვენი საცხოვრებლით სრულიად კმაყოფილი ვიყავით.

უახლოესი კრება 209 კილომეტრით იყო დაშორებული. ოქროს მაღაროს მრავალი მუშა ევროპიდან იყო ჩამოსული და გვთხოვდნენ, მათ მშობლიურ ენაზე გამოცემული ბიბლია მიგვეტანა. სულ მალე ბიბლიის 30 შესანიშნავი შესწავლა გვქონდა. ექვს თვეში კი პატარა კრებაც ჩამოყალიბდა.

ერთმა კაცმა, რომლის ცოლსაც ბიბლიას ვასწავლიდით, მღვდელს დაურეკა და სთხოვა მოსულიყო, რათა მისი ცოლი გადაერწმუნებინა. საუბრის დროს მღვდელმა თქვა, რომ სხვა ყველაფერთან ერთად სამებაც უნდა გვესწავლებინა. ქალმა მოიტანა თავისი კათოლიკური ბიბლია და მღვდელს სთხოვა, დაესაბუთებინა ნათქვამი. მან კი ბიბლია მაგიდაზე მოისროლა და თქვა, რომ არაფრის დამტკიცება არ იყო საჭირო. წასვლისას მან ოჯახის უფროსს უკრაინულად უთხრა, რომ სახლიდან უნდა გავეძევებინეთ და მეორედ აღარ შემოვეშვით. მღვდელმა არ იცოდა, რომ ჯონს უკრაინული ესმოდა.

ცოტა ხნის შემდეგ რედ-ლეიკიდან წავედით, რადგან ჯონს მიმოსვლითი საქმიანობისთვის მომზადება უნდა გაევლო. ერთი წლის შემდეგ, როცა ჯონი საოლქო კონგრესზე მოსანათლავებისთვის მოხსენებას კითხულობდა, ნათლობის მსურველთა შორის ის მამაკაციც იყო. მღვდელთან ამ საუბარმა ის აღძრა, ბიბლია პირადად გამოეკვლია.

მიმოსვლითი საქმიანობა

მიმოსვლითი მსახურებისას სხვადასხვა ოჯახში გვიწევდა ცხოვრება, რაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა. ძალიან დავუახლოვდით მათ, ვისთანაც ვრჩებოდით. ერთხელ ვცხოვრობდით ზედა სართულზე, რომელიც ზამთრობით არ თბებოდა. დილით ადრე ხანდაზმული და ჩუმად შემოდიოდა ჩვენს ოთახში და პატარა ღუმელში ცეცხლს ანთებდა. შემდეგ მალევე ბრუნდებოდა და დასაბანად ტაშტი და თბილი წყალი მოჰქონდა. ბევრი რამ ვისწავლე ამ დის მოკრძალებული და კეთილი დამოკიდებულებიდან.

მიმოსვლით საქმიანობაში მონაწილეობა იეჰოვასთან დაახლოებაში დამეხმარა. ალბერტის პროვინციაში, სადაც ჩვენი რაიონი შედიოდა, უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე მეშახტეთა ქალაქში ცხოვრობდა ერთი და. როგორ ზრუნავდა იეჰოვას ორგანიზაცია ამ დაზე? ყოველ ექვს თვეში ჩვენ მივფრინავდით მთელი კვირით და მხოლოდ მასთან ვატარებდით კრების შეხვედრებს ისევე, როგორც ამას, ჩვეულებრივ, დიდი კრებისთვის ვაკეთებდით. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებდა, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა სათუთად თავის თითოეულ ცხვრისმაგვარ მსახურზე.

ჩვენ ახლო ურთიერთობას ვინარჩუნებდით მრავალთან, ვისთანაც ვრჩებოდით ხოლმე. ეს მახსენებს ჯონის ერთ-ერთ პირველ საჩუქარს — ფურცლებით სავსე ფერად ყუთს. მეგობრებს სიამოვნებით ვწერდით წერილებს. ჩემთვის დღემდე ძვირფასია წერილების ეს ყუთი.

ტორონტოში სარაიონო მსახურებისას კანადის ბეთელიდან დაგვირეკა ძმამ და გვკითხა, რას ვფიქრობდით ბეთელში მსახურებაზე. როდისთვის იყო პასუხი საჭირო? „თუ შესაძლებელია, ხვალვე“, — გვითხრა ძმამ. და მან მიიღო პასუხი.

ბეთელში მსახურება

ყოველი ახალი დავალება იეჰოვას ხელიდან მომდინარე ნეტარების სხვადასხვა მხარეს გვიჩვენებდა. და ეს 1977 წელს ბეთელში მსახურების დაწყების შემდეგაც ასე იყო. ზოგიერთ ცხებულთან ურთიერთობამ საშუალება მოგვცა, დაგვენახა არა მარტო მათი განსხვავებული ხასიათი, არამედ ისიც, თუ რაოდენ აფასებდნენ ისინი ღვთის სიტყვას.

ბეთელში მსახურება ძალიან მოგვწონდა. ჩვენმა ტანსაცმელმა ჩემოდნებიდან კარადაში გადაინაცვლა და ახლა უკვე მხოლოდ ერთ კრებას მივეკუთვნებოდით. ჩემი უშუალო დავალების გარდა, ვატარებდი ექსკურსიებს, რაც ყოველთვის დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. სტუმრებს ვუხსნიდი, რა საქმეები კეთდებოდა ბეთელში, ვისმენდი მათ კომენტარებს და ვპასუხობდი მათ კითხვებს.

წლებმა სწრაფად გაირბინა და 1997 წელს ჯონი პატერსონში (ნიუ-იორკი) ფილიალის კომიტეტის წევრებისთვის სკოლაში მიიწვიეს. სკოლის შემდეგ გვთხოვეს, გვეფიქრა უკრაინაში გადასვლაზე. ყველაფერი ავწონ-დავწონეთ, ვილოცეთ და საღამოსთვის უკვე ვიცოდით, რომ ჩვენი პასუხი დადებითი იქნებოდა.

კიდევ ერთი ცვლილება — უკრაინა

1992 წელს დავესწარით დიდ საერთაშორისო კონგრესს სანკტ-პეტერბურგში (რუსეთი), ხოლო 1993 წელს — კიევში (უკრაინა). ამ კონგრესზე ძალიან დავუახლოვდით აღმოსავლეთ ევროპაში მცხოვრებ და-ძმებს. ლვოვში (უკრაინა) ერთი ძველი სახლის მეორე სართულზე ვცხოვრობდით. ჩვენი ოთახის ფანჯრები გადაჰყურებდა ეზოს, სადაც ერთი დიდი წითელი მამალი და დედლების მთელი გუნდი ჰყავდათ. თავი სასკაჩევანის ფერმაში მეგონა. იმ სახლში 12 ბეთელელი ვცხოვრობდით. ყოველ დილით ბეთელში მისასვლელად მთელი ქალაქი უნდა გადაგვეკვეთა.

როგორ ვგრძნობდით თავს უკრაინაში? ჩვენთვის დიდი პატივი იყო, გვემსახურა იმ და-ძმებთან, რომლებმაც განსაცდელები, აკრძალვები და პატიმრობა აიტანეს. ყოველივე ამის მიუხედავად, მათ მტკიცე რწმენა შეინარჩუნეს. როცა მათ ვაქებდით, ისინი ამბობდნენ: „ეს იეჰოვასთვის გავაკეთეთ“. ეს და-ძმები არასოდეს ფიქრობდნენ, რომ ეს საკუთარი ძალებით მოახერხეს. ახლაც კი, თუ ვინმეს რაღაცისთვის მადლობას ვუხდით, ისინი გვპასუხობენ: „მადლობა იეჰოვას“, რითაც აღიარებენ, რომ ყოველივე კარგი იეჰოვასგან მომდინარეობს.

უკრაინაში კრების შეხვედრებზე ფეხით დავდიოდით. ამიტომ გვქონდა დრო, გზაში გვესაუბრა და ერთმანეთი გაგვემხნევებინა. კრებაში მისვლას დაახლოებით ერთი საათი სჭირდებოდა. ლვოვში 50-ზე მეტი კრებაა, რომელთაგან 21 სამეფო დარბაზების ერთ კომპლექსში იკრიბება. კვირაობით მართლაც საოცარი სანახაობაა კრებაზე მიმავალი და-ძმების უწყვეტი ნაკადის ხილვა!

უკრაინელი და-ძმები ძალიან უშუალოები არიან და ერთმანეთზე მთელი გულით ზრუნავენ; ამიტომ მათთან ურთიერთობა ადვილია. თუ მათ ნათქვამს ვერ ვიგებდი, და ეს პრობლემა დღემდე მაქვს, ისინი ჩემ მიმართ დიდ მოთმინებას ავლენდნენ. ხშირად მათი თვალები უფრო მეტს ამბობს, ვიდრე სიტყვები.

2003 წელს კიევის საერთაშორისო კონგრესზე ძმებისადმი ნამდვილი ნდობის ერთი მაგალითის მოწმე გავხდი. ერთხელ ხალხით გადაჭედილ მეტროში ჩავედით. პატარა გოგონა მოგვიახლოვდა და ჩუმად გვითხრა: „მე დავიკარგე. ბებოს ვეღარ ვპოულობ“. ბავშვმა ჩვენი სამკერდე ნიშნები დაინახა და მიხვდა, რომ მოწმეები ვიყავით. ის იმდენად გაბედული იყო, რომ არც კი უტირია. სარაიონო ზედამხედველის ცოლმა, რომელიც თან გვახლდა, გოგონა სტადიონზე დაკარგული ნივთების ბიუროში მიიყვანა. მალე ბებიამ შვილიშვილი იპოვა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ რამხელა ნდობა ჰქონდა ამ პატარა გოგონას ათასობით უცხო ადამიანს შორისაც კი.

2001 წლის მაისში ფილიალის მიძღვნაზე უკრაინაში და-ძმები მრავალი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. კვირა დილით სტადიონზე წარმოთქმული სპეციალური მოხსენების შემდეგ უამრავი და-ძმა გამოემართა ახალი ბეთელის დასათვალიერებლად. ეს დაუვიწყარი სანახაობა იყო! ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუ რა წყნარად და მოწესრიგებულად მოდიოდნენ ჩვენები. ამან უფრო გამიღრმავა მადლიერება ყოველივე იმ სიკეთისთვის, რაც იეჰოვასგან მომდინარეობს.

სამწუხარო ცვლილება

სამწუხაროდ, ჯონს 2004 წელს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. სამკურნალოდ კანადაში დავბრუნდით. ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჯონისთვის იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ რამდენიმე კვირა ინტენსიური თერაპიის პალატაში იწვა. საბედნიეროდ, ის გონზე მოვიდა. მას ლაპარაკი უჭირდა, მაგრამ თვალებით ყოველთვის გამოხატავდა მადლიერებას ყველას მიმართ, ვინც მის სანახავად მოდიოდა.

მაგრამ ის ვეღარ გამოჯანმრთელდა და იმ წლის შემოდგომაზე გარდაიცვალა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი დანაკლისი იყო. მე და ჯონი სიამოვნებით ვემსახურებოდით იეჰოვას. ახლა, რაღა უნდა გამეკეთებინა? გადავწყვიტე, უკრაინაში დავბრუნებულიყავი. ძალიან მადლიერი ვარ იმ სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც ბეთელის ოჯახმა და კრებამ გამოავლინეს.

ცხოვრებაში არასოდეს გვინანია ჩვენი არჩევანი. სასიამოვნო ცხოვრების გზა განვვლეთ და არაჩვეულებრივ ხალხთან გვქონდა ურთიერთობა. ვიცი, ჯერ კიდევ ბევრ რამეს ვისწავლი იეჰოვას სიკეთეზე და იმედი მაქვს, მარადიულად ვემსახურები, რადგან დავრწმუნდი, რომ ნეტარებაა იეჰოვას მარჯვენა ხელთან.

[ჩანართი 6 გვერდზე]

„ცხოვრებაში არასოდეს გვინანია ჩვენი არჩევანი“

[სურათი 3 გვერდზე]

ჩვენი ქორწილის დღეს

[სურათი 4 გვერდზე]

რედ-ლეიკში (ონტარიო) სპეციალურ პიონერად მსახურებისას

[სურათი 5 გვერდზე]

მე და ჯონი უკრაინაში, 2002 წელი