არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ აძლევთ რჩევას?

როგორ აძლევთ რჩევას?

როგორ აძლევთ რჩევას?

ვინმეს თუ უკითხავს თქვენთვის რჩევა? მაგალითად: „როგორ მოვიქცე? წავიდე ამ წვეულებაზე? დავისახო ეს მიზნად? დავიწყო მასთან ურთიერთობა დაქორწინების მიზნით?“

გულწრფელმა ადამიანებმა შეიძლება რჩევა გკითხონ გადაწყვეტილებების მიღებამდე, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ ურთიერთობაზე მეგობრებთან, ოჯახთან ან იეჰოვასთანაც კი. რაზე დააფუძნებთ თქვენს რჩევას? ჩვეულებრივ, როგორ აძლევთ რჩევას სხვებს? იმისდა მიუხედავად, რჩევა ყოველდღიურ საკითხს ეხება თუ სერიოზულ გადაწყვეტილებას, „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს“, — ნათქვამია იგავების 15:28-ში. განვიხილოთ, როგორ დაგვეხმარება ქვემოთ მოცემული ხუთი ბიბლიური პრინციპი რჩევის მიცემისას.

1 დაინახეთ რეალური სურათი

„მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“ (იგავ. 18:13).

კარგი რჩევის მისაცემად საჭიროა, გვესმოდეს რა მდგომარეობაშია და, რა თვალსაზრისი აქვს მას, ვინც რჩევას გვეკითხება. მაგალითად, თუ ვინმე გირეკავთ და გეკითხებათ, როგორ მოვიდეს თქვენთან სახლში, რა უნდა იცოდეთ იმისათვის, რომ მას დაეხმაროთ? აუხსნიდით, როგორ მოვიდეს თქვენამდე, თუ არ იცით, ახლა სად იმყოფება? რა თქმა უნდა, ვერა. მსგავსადვე, სათანადო რჩევის მისაცემად, აუცილებელია ახლანდელი „ადგილმდებარეობის“, ანუ მისი მდგომარეობისა და თვალსაზრისის, ცოდნა. არის გარკვეული გარემოებები, რომლებიც იმოქმედებდა თქვენ მიერ მიცემულ რჩევაზე? რეალური სურათის გარეშე შეიძლება ისეთი რჩევა მისცეთ, რომელიც კიდევ უფრო დააბნევდა ადამიანს (ლუკ. 6:39).

გაიგეთ, რამდენად აქვს მას გამოკვლეული ეს საკითხი. გონივრული იქნებოდა აგრეთვე მისთვის, ვინც რჩევას გვთხოვს, გვეკითხა: „შენი აზრით, რომელი ბიბლიური პრინციპები შეგიძლია გამოიყენო? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს გადაწყვეტილებას, რომლის მიღებასაც აპირებ? რა გამოიკვლიე ამ საკითხთან დაკავშირებით? რა დახმარება გაგიწიეს სხვებმა, მაგალითად, კრების უხუცესებმა, მშობლებმა ან მან, ვინც ბიბლიას გასწავლის?“

მისი პასუხები იმის განსაზღვრაში დაგვეხმარება, თუ რა გააკეთა გადაწყვეტილების მისაღებად. აგრეთვე, რჩევის მიცემისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, თუ რა უთხრეს სხვებმა. ისიც უნდა განვსაზღვროთ, ხომ არ ეძებს ის „ყურის მაამებელ“ მრჩეველს, ანუ ისეთ ადამიანს, რომელიც მისთვის სასურველ რჩევას მისცემდა? (2 ტიმ. 4:3).

2 ნაჩქარევად ნუ გასცემთ პასუხს

„ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვაში“ (იაკ. 1:19).

შეიძლება კარგი განზრახვები გვამოძრავებს და ამიტომ პასუხს დაუყოვნებლივ ვცემთ. მაგრამ იქნება ამგვარად მოქმედება გონივრული, განსაკუთრებით მაშინ, თუ საკითხი კარგად არ გვაქვს გამოკვლეული? იგავების 29:20-ში ნათქვამია: „გინახავს სიტყვაში მოჩქარე კაცი? სულელისთვის უფრო არსებობს გამოსწორების იმედი, ვიდრე მისთვის“.

დარწმუნდით, რომ ამ საკითხისადმი თქვენი შეხედულება სრულად შეესაბამება ღვთიურ სიბრძნეს. ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ჩემს აზროვნებაზე ხომ არ მოქმედებს ქვეყნიერების სული და აზროვნება?“ (1 კორ. 2:12, 13). გახსოვდეთ, რომ მხოლოდ კარგი აღძვრები საკმარისი არ არის. მოციქულმა პეტრემ, როცა გაიგო, თუ რა ელოდა იესოს, ურჩია: „შეიწყალე თავი, უფალო! ნუ დამართებ თავს ამას“. რას ვსწავლობთ პეტრეს რეაქციიდან? თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ჩვენი რჩევა შეიძლება „ღვთიურზე კი არა, ადამიანურზე“ დავაფუძნოთ (მათ. 16:21—23). რაოდენ მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, სანამ რამეს ვიტყვით! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განა ჩვენი გამოცდილება ღვთის სიბრძნეს შეედრება?! (იობ. 38:1—4; იგავ. 11:2).

3 თავმდაბლად გამოიყენეთ ღვთის სიტყვა

„ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოან. 8:28).

ოდესმე თუ გითქვამთ: „მე რომ შენ ადგილას ვიყო . . .“? მაშინაც კი, თუ პასუხი ცხადზე ცხადია, კარგი იქნებოდა იესოს თავმდაბლობისა და მოკრძალებისთვის მიგვებაძა. მას ნებისმიერ ადამიანზე დიდი სიბრძნე და გამოცდილება ჰქონდა; მიუხედავად ამისა, იესომ თქვა: „ჩემით კი არ ვილაპარაკე, არამედ თვითონ მამამ . . . მომცა მცნება, რა ვთქვა და რა ვილაპარაკო“ (იოან. 12:49, 50). იესოს სწავლებები და რჩევები ყოველთვის მისი მამის ნებაზე იყო დაფუძნებული.

მაგალითად, როგორც ლუკას 22:49-ში ვკითხულობთ, იესოს დაპატიმრებისას მოწაფეებმა ჰკითხეს, როგორ მოქცეულიყვნენ. ერთმა მოწაფემ მახვილიც კი გამოიყენა. ყურადღება მიაქციეთ პარალელურ მუხლებს მათეს 26:52—54-დან, სადაც იესომ, ასეთ დაძაბულ სიტუაციაშიც კი მოწაფეებთან იეჰოვას ნებაზე იმსჯელა. იესომ იცოდა დაბადების 9:6-ში მოცემული პრინციპი და ფსალმუნის 22-ე და ესაიას 53-ე თავებში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები; ამიტომ მას შეეძლო მიეცა ბრძნული რჩევა, რომელმაც არა მარტო მათი სიცოცხლე იხსნა, არამედ იეჰოვას გულიც გაახარა.

4 გამოიყენეთ თეოკრატიული ბიბლიოთეკა

„ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის?“ (მათ. 24:45).

იესომ დანიშნა სანდო მონის კლასი, რომელიც მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოთი უზრუნველგვყოფდა. სერიოზულ საკითხზე რჩევის ან მითითების მიცემამდე, გულმოდგინედ იკვლევთ ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს?

„საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებლის“ დახმარებით და „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკაში“ * მარტივად შეიძლება ზღვა ინფორმაციის პოვნა. ამ ინფორმაციის გაუთვალისწინებლობა ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა! მათში მოცემულია უამრავი სტატია ათასობით თემაზე, რომლებიც დაეხმარება ყველას, ვინც რჩევას ეძებს. შეგიძლიათ დაეხმაროთ სხვებს, გამოიკვლიონ ბიბლიური პრინციპები და იმსჯელონ ბიბლიის საფუძველზე? როგორც GPS (ადგილმდებარეობის დადგენის გლობალური სისტემა) ეხმარება ადამიანს განსაზღვროს, სად იმყოფება და, რა მიმართულებით უნდა წავიდეს, ისე ეს საკვლევი საშუალებები დაეხმარება მას, დაინახოს, რა გზას ადგას და, როგორ დარჩეს სიცოცხლისკენ მიმავალ ბილიკზე.

მრავალმა უხუცესმა მაუწყებლებს ასწავლა „საძიებლისა“ და „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკის“ გამოყენებით საჭირო სტატიების პოვნა და ამგვარად დაეხმარა და-ძმებს ბიბლიის საფუძველზე მსჯელობაში. ეს მაუწყებლებს არა მარტო კონკრეტული პრობლემის მოგვარებაში ეხმარება, არამედ იმაშიც, რომ განივითარონ კვლევის ჩვევა და მიენდონ იეჰოვას მიერ მოწოდებულ სულიერ საზრდოს. ასეთი სახით ისინი „აღქმის უნარს გაიწაფავენ კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრ. 5:14).

5 ნუ ეცდებით სხვის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებას

„თითოეული თავის სატარებელს ატარებს“ (გალ. 6:5).

და ბოლოს, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ რჩევას და მითითებას მიჰყვება. იეჰოვა ნების თავისუფლებას გვაძლევს და შეგვიძლია თავად გადავწყვიტოთ, ვიხელმძღვანელოთ მისი პრინციპებით თუ არა (კან. 30:19, 20). ზოგ სიტუაციას შეიძლება რამდენიმე ბიბლიური პრინციპი მიესადაგოს და საბოლოო გადაწყვეტილება ადამიანმა თავად უნდა მიიღოს. უნდა გავითვალისწინოთ, რა ასაკის ადამიანი გვეკითხება რჩევას და, რა საკითხთან დაკავშირებით და საკუთარ თავს ვკითხოთ: „მაქვს უფლება რჩევა მივცე ამ კონკრეტულ საკითხზე?“ ზოგ შემთხვევაში ჯობია, მაუწყებელმა მიმართოს კრების უხუცესებს ან, თუ მცირეწლოვანია — მშობლებს.

[სქოლიო]

^ აბზ. 20 „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“ კომპაქტ-დისკზე ახლა ხელმისაწვდომია 39 ენაზე. „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელი“ კი გამოცემულია 45-ზე მეტ ენაზე.

[ჩარჩო⁄სურათი 8 გვერდზე]

ოჯახთან ერთად თაყვანისცემა

ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს კარგი იქნებოდა, გამოგეკვლიათ იმ კითხვებზე პასუხი, რომლებიც ამ ბოლო დროს დაგისვეს. რომელ სტატიებს ან ბიბლიურ პრინციპებს მოძებნიდით ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად? დავუშვათ, ძმამ ან დამ გკითხათ რჩევა დაქორწინების მიზნით ვინმესთან ურთიერთობის დაწყების შესახებ. „საძიებლისა“ და „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკის“ გამოყენებისას პირველ რიგში მოძებნეთ ძირითადი სიტყვა, მაგალითად, „პაემანი“ ან „ქორწინება“. ქვესათაურებში შეგიძლიათ შესაბამისი სტატიების პოვნა. ზოგჯერ ძირითადი სათაურის ქვეშ არის მითითება „იხილე აგრეთვე“. იქ მოცემული ძირითადი სიტყვების დახმარებით შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაციის მოძიება.

[ჩარჩო 9 გვერდზე]

იეჰოვას ორგანიზაციის დახმარებით შეგვიძლია, არა მარტო მივიღოთ, არამედ სხვებსაც მივცეთ საუკეთესო რჩევები. ეკლესიასტეს 12:11-ში ნათქვამია: „ბრძენთა სიტყვები სახრესავითაა, ამ გამონათქვამთა შემგროვებლები ჩაჭედებულ ლურსმნებს ჰგვანან; ერთი მწყემსისგანაა ისინი“. როგორც წვეტიანი ლითონით დაბოლოებული სახრე აძლევს მიმართულებას საქონელს, ასევე სიყვარულით და თბილად მიცემული რჩევა ეხმარება გულწრფელ ადამიანებს სწორი მიმართულებით სიარულში. როგორც ლურსმნების ჩაჭედება სძენს სიმტკიცეს ამა თუ იმ საგანს, ისე კარგმა რჩევამ შეიძლება ურყევი გადაწყვეტილება მიაღებინოს ადამიანს. გონიერი ადამიანი სიამოვნებით იკვლევს „გამონათქვამთა შემგროვებლების“ სიტყვებს, რომლებიც „ერთი მწყემსის“, იეჰოვას, სიბრძნეს ირეკლავს.

რჩევის მიცემისას მიჰბაძეთ დიდებულ მწყემსს. ჩვენთვის დიდი პატივია, მოვუსმინოთ მათ, ვინც რჩევას გვეკითხება და, შეძლებისდაგვარად, დავეხმაროთ. ბიბლიურ პრინციპებზე დაფუძნებული რჩევა ნამდვილად ჯანსაღი რჩევა იქნება და მსმენელს მარადიული კურთხევების მიღებაში დაეხმარება.