არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უკან ნუ იყურებით!

უკან ნუ იყურებით!

უკან ნუ იყურებით!

„არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება“ (ლუკ. 9:62).

როგორ უპასუხებთ?

რატომ უნდა „გვახსოვდეს ლოტის ცოლი“?

რა სამ რამეზე არ უნდა ვიფიქროთ?

როგორ უნდა მივყვეთ ფეხდაფეხ იეჰოვას ორგანიზაციას?

1. რა გაფრთხილება მისცა იესომ თავის მიმდევრებს და რა კითხვა იბადება?

„გახსოვდეთ ლოტის ცოლი“ (ლუკ. 17:32). იესო ქრისტეს მიერ დაახლოებით 2 000 წლის წინათ მოცემული ეს გაფრთხილება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. მაგრამ რას ნიშნავს იესოს ეს სიტყვები? მის იუდეველ მსმენელებს ამასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტება არ სჭირდებოდათ. მათ იცოდნენ, რა დაემართა ლოტის ცოლს. როდესაც ოჯახთან ერთად სოდომიდან გამორბოდა, ის არ დაემორჩილა ღვთის მითითებას და უკან მიიხედა, რის გამოც მარილის სვეტად იქცა (წაიკითხეთ დაბადების 19:17, 26 ).

2. რატომ მიიხედა უკან ლოტის ცოლმა და რა მოჰყვა შედეგად მის დაუმორჩილებლობას?

2 რატომ მიიხედა უკან ლოტის ცოლმა? ცნობისმოყვარეობის გამო? ურწმუნოების ან რწმენის ნაკლებობის გამო ხომ არა? თუ იმის გამო, რომ ვერ ელეოდა იმ ყველაფერს, რაც სოდომში დატოვა? (ლუკ. 17:31). რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, დაუმორჩილებლობა მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. წარმოიდგინეთ, ის იმავე დღეს მოკვდა, როცა სოდომისა და გომორას ზნედაცემული მოსახლეობა განადგურდა. ამიტომაც თქვა იესომ: „გახსოვდეთ ლოტის ცოლი“!

3. როგორ გაამახვილა იესომ ყურადღება იმაზე, რომ გადატანითი მნიშვნელობით უკან არ უნდა ვიყუროთ?

3 ჩვენც ისეთ დროს ვცხოვრობთ, როდესაც აუცილებელია, გადატანითი მნიშვნელობით, უკან არ ვიყუროთ. იესომ ამაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც პასუხი გასცა ერთ მამაკაცს. ამ კაცმა იესოს ჰკითხა, შეეძლო თუ არა ჯერ ოჯახის წევრებს გამომშვიდობებოდა და შემდეგ გამხდარიყო მისი მოწაფე. იესომ უპასუხა: „არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება“ (ლუკ. 9:62). იყო ეს პასუხი მკაცრი ან კატეგორიული? არა, რადგან იესომ იცოდა, რომ ეს კაცი, უბრალოდ, თავს იმართლებდა. იესომ თქვა, რომ ღვთის წინაშე ვალდებულების შესრულების გადადება „უკან ყურების“ მსგავსი იქნებოდა. აქვს მნიშვნელობა იმას, ხვნისას ადამიანი ერთი წამით მიიხედავს უკან, თუ ხელს უშვებს გუთანს და უკან ისე იყურება? ნებისმიერ შემთხვევაში უკან ყურება მას ხელს შეუშლის, რაც მის სამუშაოზე უარყოფითად აისახება.

4. რაზე უნდა იყოს ჩვენი თვალი ფოკუსირებული?

4 ყურადღების წარსულზე გამახვილების ნაცვლად, საჭიროა, თვალი მომავალზე გვქონდეს ფოკუსირებული. ეს ნათლად არის გამოხატული იგავების 4:25-ში: „შენი თვალები წინ იყურებოდეს, შენი მბრწყინავი თვალები პირდაპირ იცქირებოდეს“.

5. რატომ არ უნდა ვიყუროთ უკან?

5 ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ უკან არ ვიყუროთ. ეს მიზეზი ის არის, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1). მალე განადგურდება არა ორი ბოროტი ქალაქი, არამედ მთელი ქვეყნიერება. რა დაგვეხმარება, რომ ავირიდოთ ის, რაც ლოტის ცოლს დაემართა? პირველ რიგში, საჭიროა, განვსაზღვროთ, რამ შეიძლება გვაცდუნოს და უკან მიგვახედოს (2 კორ. 2:11). ამიტომ განვიხილოთ, რა შეიძლება გახდეს უკან მიხედვის მიზეზი და, როგორ შეგვიძლია ამის თავიდან არიდება.

ნუ მისტირით წარსულს

6. რატომ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს ჩვენმა მოგონებებმა?

6 იმაზე ფიქრმა, თითქოს უწინ უკეთესი დრო იყო, შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. მაგრამ წარსული ყოველთვის არ იყო ისეთი კარგი, როგორიც გვახსოვს. შესაძლოა, ჩვენდა უნებურად ვიფიქროთ, რომ ადრე არც ისე დიდი პრობლემები გვქონდა და ბევრად უფრო ბედნიერები ვიყავით. წარსულის ასეთმა არასწორმა შეფასებამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ უწინ უკეთესი დრო იყო. მაგრამ ბიბლია გვაფრთხილებს: „ნუ იტყვი, წარსული დღეები ახლანდელს სჯობდაო, რადგან სიბრძნე არ ახლავს ამ სიტყვებს“ (ეკლ. 7:10). რატომ არის ასეთი აზროვნება საშიში?

79. ა) რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისრაელები ეგვიპტეში? ბ) სიხარულის რა მიზეზები ჰქონდათ ისრაელებს? გ) რის გამო დაიწყეს ისრაელებმა წუწუნი და დრტვინვა?

7 ვნახოთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისრაელები მოსეს დღეებში. თავდაპირველად ეგვიპტელებმა ისრაელები კარგად მიიღეს, მაგრამ იოსების სიკვდილის შემდეგ „დაუნიშნეს მათ [ისრაელებს] ზედამხედველები, რომ მძიმე, მონური შრომით დაეჩაგრათ“ (გამ. 1:11). ისრაელები რომ არ გამრავლებულიყვნენ, ფარაონმა ერთგვარი გენოციდი მოუწყო ღვთის ხალხს (გამ. 1:15, 16, 22). გასაგებია, რატომ უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი, რადგან სამუშაოდ მიერეკებიან. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან“ (გამ. 3:7).

8 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა სიხარულს გრძნობდნენ ისრაელები, როდესაც გათავისუფლდნენ მონობიდან და ტოვებდნენ ეგვიპტის მიწას? მათ საკუთარი თვალით იხილეს, როგორ დაატეხა იეჰოვამ ათი სასჯელი ამაყ ფარაონსა და მის ხალხს (წაიკითხეთ გამოსვლის 6:1, 6, 7 ). ბოლოს ეგვიპტელებმა ისრაელებს არა მარტო წასვლის ნება დართეს, არამედ აჩქარებდნენ კიდეც, და იმდენი ოქრო-ვერცხლიც კი მისცეს, რომ ისრაელებმა, ასე ვთქვათ, „გაძარცვეს ეგვიპტელები“ (გამ. 12:33—36). მოგვიანებით ისრაელები გაახარა იმის დანახვამ, როგორ განადგურდა ფარაონი და მისი ჯარი წითელ ზღვაში (გამ. 14:30, 31). ისინი ამაღელვებელი მოვლენების მოწმეები იყვნენ, რაც მათ რწმენას მართლაც განამტკიცებდა!

9 წარმოუდგენელია, მაგრამ სასწაულებრივად გათავისუფლებიდან სულ მოკლე ხანში, ამ ხალხმა წუწუნი და დრტვინვა დაიწყო. რაზე წუწუნებდნენ ისინი? საჭმელზე. ისინი უკმაყოფილოები იყვნენ იმით, რასაც იეჰოვა აძლევდა მათ და ჩიოდნენ: „რა კარგი იყო, მუქთად რომ ვჭამდით ეგვიპტეში თევზს, კიტრს, საზამთროს, პრასს, ხახვსა და ნიორს! ახლა კი სული გვძვრება, ჩამოვხმით. მანანას მეტს ვერაფერს ხედავს ჩვენი თვალი“ (რიცხ. 11:5, 6). მათ იმდენად არასწორი აზროვნება ჰქონდათ, რომ ეგვიპტეში დაბრუნებაც კი მოინდომეს (რიცხ. 14:2—4). ისრაელები წარსულს მისტიროდნენ და ამის გამო იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგეს (რიცხ. 11:10).

10. რას ვსწავლობთ ისრაელების მაგალითიდან?

10 რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? სირთულეების ან პრობლემების პირისპირ ყოფნისას, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ წარსულში, ჭეშმარიტების გაგებამდეც კი, უფრო ბედნიერები ვიყავით. არ იქნებოდა სწორი, თუ ასე ვიფიქრებდით. თუმცა ცუდი არაფერია იმაში, რომ წარსული გამოცდილებიდან ვისწავლოთ ან სასიამოვნო მოგონებები გვქონდეს, მაგრამ საჭიროა, ვიყოთ გაწონასწორებული და წარსულზე რეალური თვალსაზრისი ვიქონიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში უკმაყოფილოები ვიქნებით დღევანდელი ჩვენი მდგომარეობით და მეტი ცდუნებაც გვექნება, დავუბრუნდეთ ადრინდელი ცხოვრების წესს (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:20—22 ).

წარსულში გაღებული მსხვერპლი

11. რას ფიქრობს ზოგი იმ მსხვერპლზე, რომელიც წარსულში გაიღო?

11 სამწუხაროდ, ზოგი სინანულით იხსენებს წარსულში გაღებულ მსხვერპლს და ფიქრობს, რომ რაღაც ძვირფასი გაუშვა ხელიდან. შეიძლება შესაძლებლობა გქონდათ, რომ მეტი განათლება მიგეღოთ და სახელი ან სიმდიდრე მოგეხვეჭათ, მაგრამ სხვა მიზნები დაისახეთ. მრავალმა ჩვენმა და-ძმამ, რომლებმაც ერთ დროს დიდ წარმატებას მიაღწიეს ბიზნესისა თუ განათლების სფეროში, გახდნენ ცნობილი მომღერლები, მსახიობები ან სპორტსმენები, უარი თქვეს თავიანთ კარიერაზე. დრო გავიდა, მაგრამ აღსასრული ჯერ არ დამდგარა. სულ იმაზე ხომ არ ფიქრობთ, რა მოხდებოდა, იმ დროს რომ ასეთი მსხვერპლი არ გაგეღოთ?

12. რას ფიქრობდა პავლე იმაზე, რაც დატოვა?

12 მოციქულმა პავლემ ბევრ რამეზე თქვა უარი, ქრისტეს მიმდევარი რომ გამხდარიყო (ფილ. 3:4—6). რას ფიქრობდა ის იმაზე, რაც დატოვა? მოციქული გვეუბნება: „რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად მივიჩნიე ქრისტეს გულისთვის“. რატომ? ის განაგრძობს: „ყველაფერს წაგებად მივიჩნევ ჩემი უფლის ქრისტე იესოს შესახებ უძვირფასესი ცოდნის გულისთვის. მისთვის დავკარგე ყველაფერი და ამ ყველაფერს დიდ ნაგვად მივიჩნევ, რათა შევიძინო ქრისტე“ * (ფილ. 3:7, 8). როგორც გადაყრილ ნაგავს არ მისტირიან, ისე პავლეც არ ნანობდა არაფერზე, რაც ქვეყნიერებაში დატოვა. ის აღარ მიიჩნევდა ღირებულად იმას, რაზეც უარი თქვა.

13, 14. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს მაგალითს?

13 რა დაგვეხმარება, თუ ვიწყებთ იმაზე ფიქრს, რაზეც ერთ დროს უარი ვთქვით? მიჰბაძეთ პავლეს მაგალითს. როგორ? იფიქრეთ იმაზე, რაც გაქვთ; თქვენ ხომ ღმერთთან ძვირფასი ურთიერთობა გაქვთ და ის ერთგულ ადამიანად გთვლით (ებრ. 6:10). ქვეყნიერება ვერაფერს შემოგვთავაზებს ისეთს, რაც ოდნავ მაინც შეედრება იმ სულიერ კურთხევებს, რომლებიც ახლა გვაქვს და, რომლებიც მომავალში გვექნება (წაიკითხეთ მარკოზის 10:28—30 ).

14 პავლე შემდეგ მოიხსენიებს იმას, რაც დაგვეხმარება, არ შევწყვიტოთ იეჰოვასადმი ერთგულად მსახურება. მან თქვა: „ვივიწყებ იმას, რაც უკან დარჩა, და ვისწრაფვი იმისკენ, რაც წინ არის“ (ფილ. 3:13). აქ პავლე ორ მნიშვნელოვან ნაბიჯზე ამახვილებს ყურადღებას. პირველი, უნდა დავივიწყოთ ის, რაც დავტოვეთ, და ამაზე ფიქრს ჩვენი ძვირფასი დრო და ენერგია არ შევალიოთ. მეორე, ფინიშის ხაზთან მიახლოებული მორბენალივით, ჩვენც უნდა ვისწრაფოთ იმისკენ, რაც წინ გველის, ანუ ყურადღება მომავალზე გავამახვილოთ.

15. რატომ არის კარგი, ვიფიქროთ ღვთის ერთგული მსახურების მაგალითებზე?

15 ღვთის ძველ დროს მცხოვრებ თუ თანამედროვე ერთგულ მსახურთა მაგალითებზე დაფიქრება მეტად აღგვძრავს უკან კი არ ვიყუროთ, არამედ ვისწრაფოთ იმისკენ, რაც წინ არის. მაგალითად, თუ აბრაამი და სარა გამუდმებით იფიქრებდნენ ურზე, „ექნებოდათ უკან დაბრუნების შესაძლებლობა“ (ებრ. 11:13—15). მაგრამ ისინი უკან არ დაბრუნებულან. მოსემ ეგვიპტეში იმაზე ბევრად მეტი დატოვა, ვიდრე მოგვიანებით ნებისმიერმა ისრაელმა. მაგრამ ბიბლიაში არსად წერია, რომ ის მისტიროდა იმას, რაც დატოვა. პირიქით, ბიბლიაში ნათქვამია, რომ მოსეს „ეგვიპტის განძზე მეტ სიმდიდრედ ცხებულობის გამო შეურაცხყოფა მიაჩნდა, რადგან ჯილდოს ხედავდა“ (ებრ. 11:26).

ცხოვრების უსიამოვნო მომენტები

16. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე იმან, რაც წარსულში გადაგვხდა?

16 ყველაფერი, რაც წარსულში გადაგვხდა, სასიამოვნო გასახსენებელი არ არის. შეიძლება დღემდე გვტანჯავს წარსულში ჩადენილ ცოდვებსა თუ შეცდომებზე ფიქრი (ფსალმ. 51:3). შესაძლოა, დღემდე ვერ მოგვინელებია მკაცრი რჩევა, რომელიც ერთ დროს მოგვცეს (ებრ. 12:11). შეიძლება უსამართლოდ მოგვექცნენ ან გვგონია, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ, და ეს მოსვენებას გვიკარგავს (ფსალმ. 55:2). რის გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ ეს ყოველივე უკან მიხედვის მიზეზი არ გახდეს? განვიხილოთ სამი მაგალითი.

17. ა) რატომ თქვა პავლემ საკუთარ თავზე, რომ „ყველა წმინდაზე უმცირესი“ იყო? ბ) რა დაეხმარა პავლეს, რომ უარყოფით ფიქრებს არ შთაენთქა?

17 ჩადენილი შეცდომები. მოციქულმა პავლემ საკუთარ თავს „ყველა წმინდაზე უმცირესი“ უწოდა (ეფეს. 3:8). რატომ ფიქრობდა ის ასე? „რადგან ღვთის კრებას ვდევნიდი“,  — თქვა მან (1 კორ. 15:9). წარმოგიდგენიათ, რას იგრძნობდა პავლე, როცა შეხვდებოდა მათ, ვისაც ადრე დევნიდა? ის უარყოფით ფიქრებს კი არ აძლევდა თავის დათრგუნვის საშუალებას, არამედ ყურადღებას მისადმი გამოვლენილ წყალობაზე ამახვილებდა (1 ტიმ. 1:12—16). შედეგად, მადლიერების გრძნობამ პავლე აღძრა, მსახურება გაეგრძელებინა. წარსული ცოდვები შედიოდა იმ ყველაფერში, რის დავიწყებაც პავლეს სურდა. თუ ჩვენც ყურადღებას იეჰოვას წყალობაზე ვამახვილებთ, ძალას აღარ გამოგვაცლის იმაზე მეტისმეტი წუხილი, რაც წარსულში მოხდა და რასაც ვერ შევცვლით. ჩვენი ძალები იეჰოვას მსახურებას უნდა მოვახმაროთ.

18. ა) რა შეიძლება მოხდეს, თუ უარყოფითად ვიფიქრებთ იმ რჩევაზე, რომელიც წარსულში მოგვცეს? ბ) როგორ შეგვიძლია გავითვალისწინოთ სოლომონის სიტყვები რჩევის მიღებასთან დაკავშირებით?

18 მტკივნეული ჩარევა. რა შეიძლება გამოიწვიოს, თუ წარსულში მოცემული რჩევის გამო ნაწყენი ვართ? გარდა შინაგანი დისკომფორტისა, ამან შეიძლება ძალები გამოგვაცალოს და გულგატეხილობის მიზეზი გახდეს (ებრ. 12:5). „უმნიშვნელოდ“ ჩავთვლით რჩევას და არ მივიღებთ მას თუ მივიღებთ, მაგრამ გული გაგვიტყდება, შედეგი ერთია — რჩევამ სარგებლობა არ მოგვიტანა. ბევრად უკეთესი იქნებოდა, გაგვეთვალისწინებინა სოლომონის რჩევა: „ჩაეჭიდე დარიგებას და ნუ მიატოვებ. დაიცავი, რადგან ის შენი სიცოცხლეა“ (იგავ. 4:13). მძღოლის მსგავსად, რომელიც ემორჩილება საგზაო ნიშნებს, მოდი, ჩვენც მივიღოთ რჩევა, გავითვალისწინოთ ის და წინ წავიწიოთ (იგავ. 4:26, 27; წაიკითხეთ ებრაელების 12:12, 13 ).

19. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ აბაკუმისა და იერემიას რწმენას?

19 უსამართლობა — რეალური თუ წარმოსახვითი. ზოგჯერ შეიძლება თავს წინასწარმეტყველ აბაკუმის მსგავსად ვგრძნობდეთ. ის ვერ ხვდებოდა, რატომ უშვებდა იეჰოვა ბოროტებას და მას სამართალს შესთხოვდა (აბაკ. 1:2, 3). მართლაც მნიშვნელოვანია, მივბაძოთ ამ წინასწარმეტყველის რწმენას. მან თქვა: „მაინც გავიხარებ იეჰოვათი და ვიმხიარულებ ჩემი ხსნის ღმერთით“ (აბაკ. 3:18). როგორც იერემია რწმენით ელოდა იეჰოვას, ჩვენც ასევე უნდა ველოდოთ სამართლიანობის ღმერთს და დარწმუნებული ვიყოთ, რომ თავის დროზე ყველაფერი გამოსწორდება (გოდ. 3:19—24).

20. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ „გვახსოვს ლოტის ცოლი“?

20 ჩვენ მნიშვნელოვან დროში ვცხოვრობთ, საოცარი მოვლენების თვითმხილველები ვართ და მომავალში უფრო მეტს ველით. ამიტომ მოდი, ფეხდაფეხ მიყვეთ იეჰოვას ორგანიზაციას; გავითვალისწინოთ ბიბლიური რჩევა, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც წინ არის და არ ვიყუროთ უკან. ამგვარად ცხადვყოფთ, რომ „გვახსოვს ლოტის ცოლი“!

[სქოლიო]

^ აბზ. 12 „ნაგვად“ ნათარგმნი სიტყვა დედნისეულ ენაზე აგრეთვე ნიშნავს „ძაღლებისთვის გადაყრილს“, „ნაკელს“, „ექსკრემენტს“. ერთი ბიბლეისტი ამბობს, რომ პავლეს მიერ აქ გამოყენებული ეს სიტყვა გულისხმობს „უარის თქმას რაღაც უსარგებლოსა და ზიზღის მომგვრელზე, რომლისკენაც მიბრუნების არანაირი სურვილი არ უჩნდება კაცს“.

[სასწავლო კითხვები]