არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ემსახურეთ იეჰოვას მთელი გულით

ემსახურეთ იეჰოვას მთელი გულით

ემსახურეთ იეჰოვას მთელი გულით

„ჩემო შვილო . . . იცნობდე მამაშენის ღმერთს და მთელი გულით . . . ემსახურე მას“ (1 მატ. 28:9).

უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

რა იგულისხმება სიმბოლურ გულში?

როგორ შეგვიძლია გულის გამოკვლევა?

როგორ შეგვიძლია ვემსახუროთ იეჰოვას მთელი გულით?

1, 2. ა) სხეულის რა ნაწილია ბიბლიაში ყველაზე ხშირად გამოყენებული გადატანითი მნიშვნელობით? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ სიმბოლური გულის მნიშვნელობა?

ღვთის სიტყვაში სხეულის ნაწილები ხშირად სიმბოლური ენით არის მოხსენიებული. პატრიარქმა იობმა თქვა: „ჩემს ხელს ძალადობა არ გაჰკარებია“. მეფე სოლომონმა აღნიშნა: „კარგი ამბავი ძვლებს ამსუყებს“. იეჰოვამ ეზეკიელი დაარწმუნა: „კაჟზე უფრო მეტად გიმაგრებ შუბლს“. მოციქულ პავლეს უთხრეს: „ჩვენს ყურებს უცნაურ რამეს ასმენინებ“ (იობ. 16:17; იგავ. 15:30; ეზეკ. 3:9; საქ. 17:20).

2 მაგრამ ადამიანის სხეულის ერთი ნაწილი ბიბლიაში ყველაზე ხშირად არის მოხსენიებული სიმბოლური გაგებით. ერთგული ხანა ლოცულობდა: „იეჰოვას შეწევნით ხარობს ჩემი გული“ (1 სამ. 2:1). სიტყვა „გული“ ბიბლიაში დაახლოებით ათასჯერ წერია და თითქმის ყოველთვის სიმბოლური გაგებით. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა იგულისხმება სიტყვა „გულში“, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ უნდა გავუფრთხილდეთ მას (წაიკითხეთ იგავების 4:23).

რა არის სიმბოლური გული?

3. როგორ შეიძლება განვსაზღვროთ, რა მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა „გული“ ბიბლიაში? მოიყვანეთ მაგალითი.

3 თუმცა ბიბლიაში სიტყვა „გული“ არ არის განმარტებული, ის გვეხმარება მისი მნიშვნელობის გაგებაში. როგორ? წარმოიდგინეთ ათასობით პატარა ქვისგან შემდგარი უზარმაზარი მოზაიკა. რამდენიმე ნაბიჯით თუ მოვშორდებით, დავინახავთ, რომ ერთმანეთთან საგულდაგულოდ დაწყობილი პატარა ქვები ერთ მთლიან სურათს ქმნის. მსგავსადვე, იმ ბიბლიური მუხლების განხილვა, სადაც „გულია“ გამოყენებული, დაგვეხმარება, დავინახოთ სრული სურათი და გავიგოთ მისი მნიშვნელობა.

4. ა) რას ნიშნავს სიტყვა „გული“ ბიბლიაში? ბ) ახსენით მათეს 22:37-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების მნიშვნელობა.

4 ბიბლიის დამწერები სიტყვა „გულს“ ადამიანის შინაგანი პიროვნების აღსაწერად იყენებენ. მასში იგულისხმება ჩვენი სურვილები, ფიქრები, ხასიათი, განწყობა, უნარი, მოტივები და მიზნები (წაიკითხეთ კანონის 15:7; იგავების 16:9; საქმეების 2:26). ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ სიმბოლური გული არის „ადამიანის შინაგანი პიროვნებისთვის დამახასიათებელ თვისებათა ერთობლიობა“. ზოგ შემთხვევაში „გული“ შედარებით ვიწრო გაგებით გამოიყენება. მაგალითად, იესომ თქვა: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათ. 22:37). ამ მუხლში სიტყვა „გული“ მიუთითებს ადამიანის ემოციებზე, სურვილებსა და გრძნობებზე. გულის, სულის და გონების ცალ-ცალკე მოხსენიებით იესომ ხაზი გაუსვა, რომ ღვთისადმი სიყვარულის გამოვლენა მხოლოდ გრძნობებს არ მოიცავს; ამაში მთელი ჩვენი ცხოვრება და გონებრივი შესაძლებლობებიც შედის (იოან. 17:3; ეფეს. 6:6). მაგრამ, როცა „გული“ ცალკეა მოხსენიებული, მასში ადამიანის მთლიანი შინაგანი პიროვნება იგულისხმება.

რატომ უნდა დავიცვათ გული?

5. რატომ გვსურს, იეჰოვას ვემსახუროთ მთელი გულით?

5 გულთან დაკავშირებით დავით მეფემ თავის ძეს შეახსენა: „შენ კი, ჩემო შვილო, სოლომონ, იცნობდე მამაშენის ღმერთს და მთელი გულითა და ხალისიანი სულით ემსახურე მას, რადგან იეჰოვა გულებს იკვლევს და არჩევს ყოველ ფიქრსა და ზრახვას“ (1 მატ. 28:9). მართლაც, იეჰოვა იკვლევს ყველას გულს, მათ შორის ჩვენს გულსაც (იგავ. 17:3; 21:2). ის, რასაც იეჰოვა პოულობს ჩვენს გულებში, გავლენას ახდენს მასთან ჩვენს ურთიერთობაზე და ჩვენს მომავალზე. ამიტომ სრული საფუძველი გვაქვს, მივყვეთ დავითის ღვთივშთაგონებულ რჩევას, საუკეთესო გავიღოთ იეჰოვასთვის და მთელი გულით ვემსახუროთ.

6. რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საქმე იეჰოვასადმი ჩვენს მსახურებას ეხება?

6 ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, გულმოდგინედ ვასრულებთ ღვთის დავალებას და ამით ცხადვყოფთ, რომ გვსურს მთელი გულით ვემსახუროთ მას. ამავდროულად, არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ სატანის ბოროტი ქვეყნიერების ზეწოლამ და ჩვენი არასრულყოფილი სხეულის ცოდვილმა მიდრეკილებებმა შეიძლება ძირი გამოუთხაროს ჩვენს გადაწყვეტილებას, ვემსახუროთ იეჰოვას მთელი გულით (იერ. 17:9; ეფეს. 2:2). ამიტომ თუ გვსურს, ღვთისადმი მსახურების სურვილი არ გაგვინელდეს, მნიშვნელოვანია, ყოველთვის შევამოწმოთ ჩვენი გულის მდგომარეობა. როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?

7. რა ცხადყოფს ჩვენი გულის მდგომარეობას?

7 როგორც ხის შუაგული, ისე ჩვენი შინაგანი პიროვნება თვალისთვის უხილავია. მაგრამ იესომ მთაზე ქადაგებისას აღნიშნა, რომ ხის ვარგისიანობას მისი ნაყოფი განსაზღვრავს. ასევე განსაზღვრავს საქმეები ჩვენი გულის მდგომარეობას (მათ. 7:17—20). განვიხილოთ ერთ-ერთი ასეთი საქმე.

გულის გამოსაკვლევი ერთ-ერთი საშუალება

8. როგორ უკავშირდება მათეს 6:33-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები ჩვენი გულის მდგომარეობას?

8 მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მსმენელებს ისიც უთხრა, თუ რა კონკრეტული საქმე გამოავლენდა იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურების მათ შინაგან სურვილს. მან თქვა: „ამიტომ უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათ. 6:33). აქედან გამომდინარე, ის, თუ რას ვაყენებთ პირველ ადგილზე ჩვენს ცხოვრებაში, ააშკარავებს გულის სიღრმეში არსებულ სურვილებს, ფიქრებსა და გეგმებს. სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რა დგას ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე. ეს დაგვეხმარება, გამოვიკვლიოთ, ვემსახურებით თუ არა ღმერთს მთელი გულით.

9. რისკენ მოუწოდა იესომ რამდენიმე მამაკაცს და რა გამოჩნდა მათი რეაქციიდან?

9 განვიხილოთ ერთი შემთხვევა, რომელიც არც ისე დიდი ხნის შემდეგ მოხდა, რაც იესომ თავის მიმდევრებს მოუწოდა, „უპირველესად ღვთის სამეფო ეძებათ“. ამ შემთხვევამ ნათელი გახადა, რომ გულის მდგომარეობას ცხადყოფს ის, თუ რას აყენებს ადამიანი ცხოვრებაში პირველ ადგილზე. როგორც ლუკა გვამცნობს, იესომ „გადაჭრით პირი იბრუნა“ იერუსალიმისკენ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა), თუმცა იცოდა, რა ელოდა იქ. მოციქულებთან ერთად მიმავალმა იესომ რამდენიმე მამაკაცს მოუწოდა, გაჰყოლოდა მას. გარკვეული მიზეზები რომ არა, ისინი მიიღებდნენ ამ მოწვევას. ერთმა უპასუხა: „ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“. მეორემ კი უთხრა: „მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება მომეცი, ჯერ ჩემი ოჯახის წევრებს დავემშვიდობო“ (ლუკ. 9:51, 57—61). რა დიდი განსხვავება იყო იესოს მტკიცე, მთელი გულით მიღებულ გადაწყვეტილებასა და ამ მამაკაცების უსაფუძვლო მიზეზებს შორის! მათ სამეფო ინტერესებზე წინ საკუთარი ინტერესები დააყენეს და ამით გამოჩნდა, რომ არ სურდათ მთელი გულით იეჰოვასადმი მსახურება.

10. ა) როგორ რეაგირებს დღეს ბევრი იესოს მოწვევაზე? ბ) რა მაგალითი მოიყვანა იესომ?

10 იმ მამაკაცებისგან განსხვავებით, ჩვენ მივიღეთ იესოს მოწვევა, გავმხდარიყავით მისი მიმდევრები და ახლა ყოველდღე ვემსახურებით მას. ასეთი სახით ვავლენთ იეჰოვასადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გრძნობებს. მაგრამ კრებაში აქტიურობის მიუხედავად, უნდა დავფიქრდეთ იმ მოსალოდნელ საშიშროებაზე, რომელმაც შეიძლება ჩვენს გულზე იმოქმედოს. რა საშიშროებაა ეს? იმ მამაკაცებთან საუბრისას, რომლებმაც არ მიიღეს იესოს მოწვევა, ქრისტემ ამ საფრთხის შესახებ აღნიშნა: „არავინ ივარგებს ღვთის სამეფოსთვის, ვინც გუთანს ჰკიდებს ხელს და თან უკან იყურება“ (ლუკ. 9:62). რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ მაგალითიდან?

ვითვალისწინებთ რჩევას — „სიკეთეს მიეკარით“?

11. რა დაემართა იესოს მაგალითში მოყვანილ მიწათმოქმედს და რატომ?

11 მოდი, უფრო განვავრცოთ იესოს მაგალითი, რათა უკეთ ჩავსწვდეთ მას. წარმოვიდგინოთ მიწათმოქმედი, რომელიც გუთანს მიუყვება. ამავდროულად ის გამუდმებით ფიქრობს თავის სახლზე, ოჯახზე, მეგობრებზე, საკვებზე, მუსიკასა და ჩრდილზე. მას ენატრება ეს ყველაფერი. მან მიწის დიდი ნაწილი უკვე დაამუშავა, მაგრამ ამ ცხოვრებისეული სიამოვნების სურვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ „უკან ყურება“ დაიწყო. თუმცა მიწათმოქმედს ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა მოსახნავი, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა და სამუშაოც შეფერხდა. რა თქმა უნდა, მიწათმოქმედის ბატონი უკმაყოფილო იქნებოდა, რადგან მან საქმე ბოლომდე არ შეასრულა.

12. რა მსგავსებაა იესოს მიერ მოხსენიებულ მიწათმოქმედსა და ზოგიერთ თანამედროვე ქრისტიანს შორის?

12 განვიხილოთ, როგორ შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს დღეს. მიწათმოქმედს შეიძლება შევადაროთ ნებისმიერი ქრისტიანი, რომელიც, ერთი შეხედვით, ყველაფერს კარგად აკეთებს, სინამდვილეში კი მისი სულიერობა საფრთხეშია. წარმოვიდგინოთ ძმა, რომელიც საკმაოდ აქტიურია მსახურებაში. მიუხედავად იმისა, რომ კრების შეხვედრებს ესწრება და ქადაგებს, ის გულის სიღრმეში გამუდმებით ფიქრობს ქვეყნიურ საქმეებზე, რომლებიც მას ძალიან იზიდავს. იეჰოვას მსახურებაში გატარებული არაერთი წლის შემდეგ მისი სურვილი იმდენად ძლიერი ხდება, რომ „უკან ყურებას“ იწყებს. თუმცა ჯერ კიდევ ბევრია მსახურებაში გასაკეთებელი, ის არ „ეჭიდება სიცოცხლის სიტყვას“ და თეოკრატიულ საქმიანობაში უწინდებურად გულმოდგინედ აღარ მონაწილეობს (ფილ. 2:16). იეჰოვას, „სამკლის ბატონს“, გული სტკივა, როდესაც ხედავს, რომ მისი მსახურები მთელი გულით აღარ ემსახურებიან მას (ლუკ. 10:2).

13. რა იგულისხმება იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურებაში?

13 რას ვსწავლობთ აქედან? თუ რეგულარულად ვმონაწილეობთ ისეთ სასარგებლო და სასიამოვნო საქმიანობაში, როგორიცაა სამქადაგებლო მსახურება, და ვესწრებით კრების შეხვედრებს, ნამდვილად ვიმსახურებთ ქებას. მაგრამ იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურება უფრო მეტს მოიცავს (2 მატ. 25:1, 2, 27). ქრისტიანი, რომელიც გულის სიღრმეში „უკან იყურება“, ანუ უყვარს ქვეყნიური ცხოვრების გარკვეული მხარეები, ღვთის კეთილგანწყობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება (ლუკ. 17:32). მხოლოდ იმ შემთხვევაში ვივარგებთ ღვთის სამეფოსთვის, თუ ნამდვილად „შევიზიზღებთ ბოროტებას და მივეკვრებით სიკეთეს“ (რომ. 12:9; ლუკ. 9:62). ამიტომ სატანის ქვეყნიერებიდან არაფერს, რამდენადაც სასარგებლო ან სასიამოვნო არ უნდა ჩანდეს ის, არ უნდა მივცეთ უფლება, შეგვაწყვეტინოს ღვთის სამეფოსთვის მთელი გულით მსახურება (2 კორ. 11:14; წაიკითხეთ ფილიპელების 3:13, 14).

იფხიზლეთ!

14, 15. ა) როგორ ცდილობს სატანა, გავლენა იქონიოს ჩვენს გულზე? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, თუ რამდენად საშიშია სატანის მეთოდი.

14 იეჰოვასადმი სიყვარულმა აღგვძრა, თავი მიგვეძღვნა მისთვის. მრავალმა ჩვენგანმა წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ გადაწყვეტილი გვაქვს, მთელი გულით ვემსახუროთ იეჰოვას. მაგრამ სატანა არ გვანებებს თავს. ჩვენი გული კვლავ მისი სამიზნეა (ეფეს. 6:12). რა თქმა უნდა, მას ესმის, რომ ჩვენ ერთი ხელის მოსმით არ მივატოვებთ იეჰოვას. ამიტომ სატანა იყენებს ქვეყნიერებას, რომ შეცდომაში შეგვიყვანოს და ღვთისადმი ჩვენი ერთგულება ნელ-ნელა შეასუსტოს (წაიკითხეთ მარკოზის 4:18, 19). რატომ არის სატანის მეთოდი ასეთი ეფექტური?

15 წარმოიდგინეთ, რომ წიგნს კითხულობთ 100-ვატიანი ნათურით განათებულ ოთახში, მაგრამ უცბად ნათურა გადაიწვა. ვინაიდან დაბნელდა, ხვდებით, რაც მოხდა და გადამწვარ ნათურას ახლით ცვლით. ოთახი კვლავ ნათდება. მომდევნო საღამოს თქვენ ისევ კითხულობთ წიგნს, თუმცა ვიღაცამ 100-ვატიანი ნათურა 95-ვატიანით შეცვალა. იგრძნობდით განსხვავებას? ალბათ, არა. თუ იგრძნობდით სხვაობას, მომდევნო დღეს ვინმეს ეს ნათურა კვლავ რომ შეეცვალა, ამჯერად — 90-ვატიანით? ალბათ, ახლაც ვერ შეამჩნევდით. რატომ? იმიტომ, რომ ნათურის სინათლე თანდათან, შეუმჩნევლად კლებულობს. მსგავსადვე, სატანის ქვეყნიერების ზეგავლენა თანდათან ასუსტებს ჩვენი მსახურების ენთუზიაზმს. თუ არ ვიფხიზლებთ, სატანა წარმატებულად, ნელ-ნელა შეასუსტებს ჩვენს „100-ვატიან“ ენთუზიაზმს ისე, რომ ვერც კი შევამჩნევთ ამას (მათ. 24:42; 1 პეტ. 5:8).

ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია

16. როგორ დავიცვათ თავი სატანის ხრიკებისგან?

16 როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ სატანის ხრიკებისგან და არ შევწყვიტოთ იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურება? (2 კორ. 2:11). ამისათვის ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია. პავლემ თანაქრისტიანებს მოუწოდა: „მტკიცედ დაუდექით ეშმაკის ხრიკებს“. შემდეგ კი სთხოვა: „მუდამ აღავლინეთ ყოველგვარი ლოცვა და ვედრება“ (ეფეს. 6:11, 18; 1 პეტ. 4:7).

17. რას ვსწავლობთ იესოს ლოცვებიდან?

17 იესო გამუდმებით ლოცულობდა, რომ მთელი გულით ემსახურა იეჰოვასთვის. სატანას წინააღმდეგობა რომ გავუწიოთ, ამ მხრივ იესოს უნდა მივბაძოთ. ლუკამ დაწერა, თუ როგორ ილოცა იესომ სიკვდილის წინა ღამეს: „ემოციურ ტანჯვაში მყოფი უფრო მხურვალედ ლოცულობდა“ (ლუკ. 22:44). იესო მანამდეც ასე ლოცულობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ყველაზე მძიმე განსაცდელის წინაშე იდგა, მან „უფრო მხურვალედ“ ილოცა და ლოცვაზე პასუხიც მიიღო. იესოს მაგალითი გვიჩვენებს, თუ როდის უნდა ვილოცოთ უფრო გაძლიერებულად. რაც უფრო სერიოზული განსაცდელების წინაშე ვდგავართ და რაც უფრო ძლიერდება სატანის ზეწოლა, მით „უფრო მხურვალედ“ უნდა ვილოცოთ, რომ იეჰოვამ დაგვიცვას.

18. ა) რა კითხვები უნდა დაუსვათ საკუთარ თავს ლოცვასთან დაკავშირებით და რატომ? ბ) რა ფაქტორები ახდენს ჩვენს გულზე გავლენას და როგორ? (იხილეთ  ჩარჩო მე-16 გვერდზე.)

18 როგორ იმოქმედებს ასეთი ლოცვები ჩვენზე? პავლემ თქვა: „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებს“ (ფილ. 4:6, 7). იეჰოვას მთელი გულით რომ ვემსახუროთ, მნიშვნელოვანია, ხშირად და მხურვალედ ვილოცოთ (ლუკ. 6:12). ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს, რამდენად ხშირად და მხურვალედ ლოცულობთ (მათ. 7:7; რომ. 12:12). თქვენი პასუხიდან გამოჩნდება, რამდენად ძლიერი სურვილი გაქვთ, ემსახუროთ იეჰოვას.

19. რას გააკეთებთ, რომ კვლავაც მთელი გულით ემსახუროთ იეჰოვას?

19 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის, თუ რა დგას ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილზე, ჩვენი გულის მდგომარეობაზე მეტყველებს. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ არც ქვეყნიერებას და არც სატანის მზაკვრულ ხრიკებს არ მივცეთ საშუალება, ხელი შეგვიშალოს იეჰოვასადმი მთელი გულით მსახურებაში (წაიკითხეთ ლუკას 21:19, 34—36). დავითის მსგავსად, ჩვენც ვევედრებით იეჰოვას: „მთლიანი გული მომეცი“ (ფსალმ. 86:11).

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 16 გვერდზე]

სამი რამ, რაც ჩვენს გულზე ახდენს გავლენას

როგორც პირდაპირი გაგებით გულის მდგომარეობაზე ვზრუნავთ, მსგავსადვე, შეგვიძლია ვიზრუნოთ სიმბოლური გულის ჯანმრთელობაზე. განვიხილოთ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი:

1 კვება. გული რომ ჯანმრთელი იყოს, ადამიანმა ჯანსაღი საკვები უნდა მიიღოს. მსგავსად, სიმბოლური გული კარგ მდგომარეობაში რომ გვქონდეს, საჭიროა ნოყიერი სულიერი საზრდოს მიღება. ამისთვის აუცილებელია პირადი შესწავლა, ფიქრი და კრების შეხვედრებზე დასწრება (ფსალმ. 1:1, 2; იგავ. 15:28; ებრ. 10:24, 25).

 2 ვარჯიში. გული რომ კარგად მუშაობდეს, დროდადრო ფიზიკური დატვირთვაა საჭირო. ანალოგიურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსახურებაში აქტიური მონაწილეობა და, შეძლებისდაგვარად, მეტის გაკეთება დაეხმარება ჩვენს სულიერ გულს, იყოს კარგ მდგომარეობაში (ლუკ. 13:24; ფილ. 3:12).

3 გარემო. არაჯანსაღი გარემო, რომელშიც გვიწევს მუშაობა და ცხოვრება შეიძლება სტრესული აღმოჩნდეს ფიზიკური და სიმბოლური გულისთვის. ჩვენ შეგვიძლია ავირიდოთ ასეთი სტრესი, თუ ხშირი ურთიერთობა გვექნება თანამორწმუნეებთან, რომლებიც გულწრფელად ზრუნავენ ჩვენზე და მთელი გულით ემსახურებიან ღმერთს (ფსალმ. 119:63; იგავ. 13:20).