არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

სამოცდაათი წელი „იუდეველის კალთას ჩაჭიდებული“

სამოცდაათი წელი „იუდეველის კალთას ჩაჭიდებული“

მოგვითხრო ლეონარდ სმითმა

მოზარდობის წლებში ორმა ბიბლიურმა მონაკვეთმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე. მას შემდეგ 70 წელზე მეტი გავიდა და ახლაც მახსოვს ის დრო, როდესაც გავიგე ზაქარიას 8:23-ში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობა. ამ მუხლში საუბარია „ათ კაცზე“, რომელიც „იუდეველის კალთას მოეჭიდება“. ისინი ამბობენ: „თქვენთან ერთად წამოვალთ, რადგან გვსმენია, რომ თქვენთან არისო ღმერთი“.

იუდეველი კაცი ასიმბოლოებს ცხებულ ქრისტიანებს, ხოლო „ათი კაცით“ წარმოდგენილია „სხვა ცხვარი“. მათ მოგვიანებით „იონადაბები“ ეწოდათ * (იოან. 10:16). მივხვდი, რამდენად იყო დამოკიდებული დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების ჩემი იმედი ცხებულ ქრისტიანთა ერთგულად მხარდაჭერაზე.

ჩემზე ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათეს 25:31—46-ში ჩაწერილმა იესოს მაგალითმა „ცხვრებსა“ და „თხებზე“. „ცხვრით“ ისინი არიან წარმოდგენილი, ვისაც ღმერთი გაამართლებს ამ ქვეყნიერების აღსასრულის დროს, რადგან ისინი მხარში უდგანან დედამიწაზე დარჩენილ ქრისტეს ცხებულ ძმებს. როგორც ახალგაზრდა იონადაბმა საკუთარ თავს ვუთხარი: „ლენ, თუ გინდა, რომ ქრისტემ თავის ცხვრად ჩაგთვალოს, მის ცხებულ ძმებთან უნდა ითანამშრომლო და მიჰყვე მათ ხელმძღვანელობას, რადგან ღმერთი მათთან არის“. ეს განწყობა იყო ჩემი ცხოვრების სახელმძღვანელო პრინციპი მომდევნო 70 წლის განმავლობაში.

სად არის ჩემი ადგილი?

1925 წელს დედაჩემი ბეთელში, შეხვედრებისთვის განკუთვნილ დარბაზში მოინათლა. ამ დარბაზს, რომელსაც „ლონდონის კარავსაც“ უწოდებდნენ, ჩვენი ძმები იყენებდნენ. მე 1926 წლის 15 ოქტომბერს დავიბადე. 1940 წლის მარტში ინგლისის სანაპირო ქალაქ დუვრში გამართულ კონგრესზე მოვინათლე. ძალიან შემიყვარდა ბიბლიური ჭეშმარიტება. დედა ცხებული ქრისტიანი იყო. ის იყო პირველი „იუდეველი, რომლის კალთასაც, მოვეჭიდე“. იმ დროს მამა და ჩემი უფროსი და არ ემსახურებოდნენ იეჰოვას. ჩვენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში ჯილინგემის კრებაში დავდიოდით, რომელიც უმეტესად ცხებული ქრისტიანებისგან შედგებოდა. დედამ გულმოდგინე მქადაგებლის ბრწყინვალე მაგალითი დამიტოვა.

1941 წლის სექტემბერში ქალაქ ლესტერში ჩატარებულ კონგრესზე წარმოითქვა მოხსენება სათაურით „ერთგულება“, რომელიც ეხებოდა უზენაესობის საკითხს. პირველად ამ მოხსენებიდან გავიგე, რომ ჩვენ იეჰოვასა და სატანას შორის წამოჭრილ საკამათო საკითხში ვიყავით ჩართული. ამიტომ იეჰოვას მხარეუნდა დაგვეჭირა და მისადმი, როგორც უზენაესი მმართველისადმი, ერთგულება შეგვენარჩუნებინა.

ამ კონგრესზე დიდი ყურადღება მახვილდებოდა პიონერულ მსახურებაზე და ახალგაზრდებს მოუწოდებდნენ, მიზნად დაესახათ ის. მოხსენებამ „პიონერის ადგილი ორგანიზაციაში“ დამაფიქრა, თუ სად იყო ჩემი ადგილი. კონგრესმა დამარწმუნა, რომ ჩემი, როგორც იონადაბის მოვალეობა იყო, მთელი ძალებით დავხმარებოდი ცხებულ ქრისტიანებს სამქადაგებლო საქმიანობაში. აქ, ლესტერში, გადავწყვიტე პიონერად მსახურება და ბლანკიც შევავსე.

პიონერული მსახურება ომის დროს

1941 წლის 1 დეკემბერს სპეციალურ პიონერად დავინიშნე. მაშინ 15 წლის ვიყავი. ჩემი პირველი პარტნიორი დედა იყო, რომელიც ასევე პიონერად მსახურობდა. მაგრამ ერთი წლის შემდეგ დედამ სუსტი ჯანმრთელობის გამო პიონერობა შეწყვიტა. ლონდონის ფილიალმა ჩემ პარტნიორად რონ პარკინი დანიშნა, რომელიც ამჟამად პუერტო-რიკოს ფილიალის კომიტეტში მსახურობს.

ჩვენ ზღვისპირა ქალაქებში ბროდსტერსა და რამსგითში (კენტის საგრაფო) გაგვაგზავნეს. იქ ოთახი ვიქირავეთ. როგორც სპეციალურ პიონერებს, ყოველთვე 40 შილინგს (უდრიდა დაახლოებით 8 აშშ დოლარს) გვაძლევდნენ. ქირის გადახდის შემდეგ ფული თითქმის აღარ გვრჩებოდა, და ხშირად არც კი ვიცოდით, საჭმელი გვექნებოდა თუ არა. მაგრამ იეჰოვა ყოველთვის ზრუნავდა ჩვენზე.

ჩვენ ბევრს ვმგზავრობდით ველოსიპედებით. ეს არც ისე ადვილი იყო, თუ გავითვალისწინებთ ჩრდილოეთის ზღვის ძლიერ ქარსა და უსაშველოდ დატვირთულ ველოსიპედებს. არაერთხელ გადაგვიტანია გერმანული ბომბდამშენების საჰაერო თავდასხმები. მათი ძირითადი სამიზნე ლონდონი იყო. ერთხელ მათ დანახვაზე დაუყოვნებლივ გადმოვხტი ველოსიპედიდან და თხრილში ჩავხტი. ჭურვმა თავზე გადამიქროლა და იქვე ახლოს, მინდორში აფეთქდა. მიუხედავად ამისა, კენტში პიონერად მსახურების წლები ტკბილ მოგონებად მრჩება.

„ბეთელელი ბიჭი“ ვხდები

დედა ბეთელზე ყოველთვის აღტაცებით ჰყვებოდა. «ჩემი ოცნებაა, „ბეთელელი ბიჭი“ გახდე», — მეტყოდა ხოლმე დედა. წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული და გაკვირვება, როდესაც 1946 წლის იანვარში ლონდონის ბეთელში სამი კვირით მიმიწვიეს. სამი კვირის შემდეგ ფილიალის ზედამხედველმა, ფრაის ჰიუზმა, ბეთელში დარჩენა მთხოვა. აქ მიღებულმა დასწავლებამ „გამომძერწა“ და მომამზადა შემდგომი ცხოვრებისთვის.

ლონდონის ბეთელის ოჯახში იმ დროისთვის 30 წევრი მსახურობდა, რომელთაგან უმეტესობა ახალგაზრდა დაუქორწინებელი ძმა იყო. იქ ცხებული ქრისტიანებიც მსახურობდნენ, მათ შორის, ფრაის ჰიუზი, ედგარ კლეი და ჯეკ ბარი, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა. ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, დიდი პატივი იყო ქრისტეს ძმების მხარდაჭერა და მათი, როგორც „ბურჯების“ ზედამხედველობის ქვეშ მსახურება (გალ. 2:9).

ერთ დღეს ბეთელში ერთმა ძმამ მითხრა, რომ ვიღაც დას ჩემი ნახვა უნდოდა. გამიკვირდა, როცა დავინახე დედა ამანათით ხელში. მას არ უნდოდა, მუშაობაში ხელი შეეშალა, ამიტომ ამანათი მომცა და წავიდა. მასში თბილი პალტო იდო. დედის ასეთმა მზრუნველობამ ხანა გამახსენა. ხანას თავისი შვილისთვის, სამუელისთვის, რომელიც კარავში მსახურობდა, ყოველწლიურად მოსასხამი მიჰქონდა (1 სამ. 2:18, 19).

„გალაადი“ — დაუვიწყარი მოგონებები

1947 წელს ბეთელის 5 წევრი შეერთებულ შტატებში სკოლა „გალაადში“ მიგვიწვიეს. მომდევნო წელს დავამთავრეთ „გალაადის“ მე-11 კლასი. ნიუ-იორკში ჩასვლისას შტატის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც სკოლა მდებარეობდა, საშინლად ციოდა. დედის ნაჩუქარი პალტო ძალიან გამომადგა.

„გალაადში“ გატარებული ექვსი თვე მართლაც დაუვიწყარი იყო. 16 სხვადასხვა ქვეყნის თანაქრისტიანებთან ურთიერთობამ ჩემი თვალსაწიერი გააფართოვა. სკოლამ არა მარტო იეჰოვასთან დამაახლოვა, არამედ მოწიფულ თანაქრისტიანებთან ურთიერთობის საშუალებაც მომცა. ჩემი ერთ-ერთი კლასელი ლოიდ ბერი, ინსტრუქტორი ალბერტ შრედერი და ორგანიზაციის ფერმის (სადაც სკოლა „გალაადი“ მდებარეობდა) ზედამხედველი ჯონ ბუთი მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრები გახდნენ. ძალიან ვაფასებ მათ მიერ მოცემულ რჩევებს და იმას, რომ ისინი იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ერთგულების შესანიშნავ მაგალითს იძლეოდნენ.

სარაიონო მსახურება და ისევ ბეთელი

„გალაადის“ დამთავრების შემდეგ სარაიონო ზედამხედველად ოჰაიოს შტატში (აშშ) დამნიშნეს. მიუხედავად იმისა, რომ 21 წლის ვიყავი, ძმებმა გულთბილად მიმიღეს და დააფასეს ჩემი ახალგაზრდული ენთუზიაზმი. სარაიონო ზედამხედველად მსახურებისას ბევრი რამ ვისწავლე გამოცდილი ასაკოვანი ძმებისგან.

რამდენიმე თვეში ბრუკლინის ბეთელში დამატებითი მომზადების მისაღებად მიმიწვიეს. ამ დროის განმავლობაში გავიცანი ისეთი „ბურჯები“, როგორებიც იყვნენ მილტონ ჰენშელი, კარლ კლაინი, ნეითან ნორი, ტომას (ბადი) სალივანი, ლაიმან სვინგლი. ისინი ერთ დროს ხელმძღვანელ საბჭოს წევრებად მსახურობდნენ. დიდი გამოცდილება შევიძინე, როცა ვაკვირდებოდი მათ მსახურებას და ქრისტიანულ ცხოვრებას. ჩემი ნდობა იეჰოვას ორგანიზაციისადმი უფრო მეტად გაიზარდა. შემდეგ მსახურების გასაგრძელებლად ისევ ევროპაში გამაგზავნეს.

1950 წლის თებერვალში დედა გარდაიცვალა. დაკრძალვის შემდეგ მამასთან და ჩემს დასთან, დორასთან, გულახდილი საუბარი მქონდა. ვკითხე, თუ რას ფიქრობდნენ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით ახლა, როცა დედა აღარ იყო და მეც წასული ვიყავი სახლიდან. ისინი იცნობდნენ და აფასებდნენ ხანდაზმულ ცხებულ ძმას, ჰარი ბრაუნინგს და თანახმა იყვნენ, მასთან ესაუბრათ ჭეშმარიტებაზე. ერთ წელში მამა და დორა მოინათლნენ. მამა მოგვიანებით ჯილინგემის კრებაში მომსახურედ დაინიშნა. მამის სიკვდილის შემდეგ დორა ცოლად გაჰყვა ერთგულ უხუცესს როი მორტენს. დორა სიკვდილამდე 2010 წლამდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას.

დასახმარებლად საფრანგეთში გადავდივარ

სკოლაში ფრანგულ, გერმანულ და ლათინურ ენებს ვსწავლობდი; ამათგან ყველაზე მეტად ფრანგული მიჭირდა. როცა გავიგე, რომ დასახმარებლად პარიზის (საფრანგეთი) ბეთელში მაგზავნიდნენ, გაორებული გრძნობები დამეუფლა. იქ ვთანამშრომლობდი ხანდაზმულ ცხებულ ძმასთან, ანრი ჟიჟასთან, რომელიც ფილიალს ზედამხედველობდა. საქმე, რომელსაც ვაკეთებდი, არ იყო ყოველთვის ადვილი და, რა თქმა უნდა, მრავალ შეცდომას ვუშვებდი. მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე ადამიანთა ურთიერთობების შესახებ.

1951 წელს ომის შემდეგ პარიზში პირველი საერთაშორისო კონგრესი დაიგეგმა, რომლის ორგანიზებაში ვღებულობდი მონაწილეობას. ახალგაზრდა მიმომსვლელი ზედამხედველი, ლეოპოლდ ჟონტე, ბეთელში ჩემ დასახმარებლად ჩამოვიდა. მოგვიანებით ლეოპოლდი ფილიალის ზედამხედველად დაინიშნა. კონგრესი ჩატარდა ეიფელის კოშკთან ახლოს მდებარე პალე-დე-სპორტის სასახლეში. კონგრესის დელეგატები 28 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. ბოლო დღეს დამსწრეთა რაოდენობამ 10 456-ს მიაღწია, რამაც 6 000 ფრანგი მოწმის უდიდესი სიხარული გამოიწვია.

როცა პირველად ჩავედი საფრანგეთში, ფრანგული ძალიან ცუდად ვიცოდი. ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ ლაპარაკი მანამდე არ დავიწყე, სანამ ენა კარგად არ ვისწავლე. მაგრამ თუ შეცდომებს არ დაუშვებ, არც არავინ შეგისწორებს და ვერც წინ წახვალ.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად ერთ სკოლაში დავიწყე სიარული, სადაც უცხოელებს ფრანგულს ასწავლიდნენ. გაკვეთილებს საღამოობით ვესწრებოდი, როცა კრების შეხვედრები არ ტარდებოდა. ფრანგული ენა ნელ-ნელა მიყვარდებოდა და ეს სიყვარული წლების მანძილზე იზრდებოდა. ეს დამეხმარა, საფრანგეთის ფილიალის მთარგმნელობით საქმიანობაში ჩემი წვლილი შემეტანა. დროდადრო თარგმნა ინგლისურიდან ფრანგულზე მარტოც მიწევდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ მთელ მსოფლიოში ფრანგულენოვან ძმებს მონის მიერ მოწოდებულ მდიდარ სულიერ საზრდოს მიღებაში ვეხმარებოდი (მათ. 24:45—47).

ქორწინება და შემდგომი მსახურება

1956 წელს ცოლად შვეიცარიელი პიონერი და ესთერი შევირთე, რომელიც ქორწილამდე რამდენიმე წლით ადრე გავიცანი. ჩვენ დავქორწინდით ლონდონის ბეთელთან (ძველი „ლონდონის კარავი“, სადაც დედა მოინათლა) მდებარე სამეფო დარბაზში. საქორწინო მოხსენება ძმა ჰიუზმა წარმოთქვა. ამ მოხსენებას ესთერის დედაც ესწრებოდა, რომელიც ცხებული ქრისტიანი იყო. ამ ქორწინებით არა მარტო საყვარელი და ერთგული თანამგზავრი შევიძინე, არამედ შესაძლებლობა მომეცა, არაერთი ძვირფასი საათი გამეტარებინა სულიერად მოწიფულ და შესანიშნავ სიდედრთან. მან მიწიერი ცხოვრება 2000 წელს დაასრულა.

ქორწინების შემდეგ მე და ესთერი ბეთელში არ ვცხოვრობდით. მე მთარგმნელობით საქმიანობაში ვეხმარებოდი ბეთელს, ესთერი კი სპეციალურ პიონერად მსახურობდა პარიზის გარეუბნებში. ის რამდენიმე ადამიანს დაეხმარა, იეჰოვას მსახურები გამხდარიყვნენ. 1964 წელს ჩვენ ბეთელში მიგვიწვიეს. 1976 წელს ფილიალის კომიტეტი შეიქმნა და მე მის წევრად დამნიშნეს. წლების მანძილზე ესთერი ყოველთვის მხარში მედგა.

მე . . . ყოველთვის არ გეყოლებით“

დროდადრო ნიუ-იორკში მსოფლიო მთავარ სამმართველოში ჩასვლა მიხდებოდა. ამ პერიოდში ხელმძღვანელი საბჭოს სხვადასხვა წევრისგან კარგ რჩევებს ვიღებდი. მაგალითად, ერთხელ ჩემი წუხილი გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით, რომ ვერ ვასწრებდი საქმის გაკეთებას განსაზღვრულ დროში. ძმა ნორმა გაიღიმა და მითხრა: „ნუ ღელავ. იმუშავე!“ ამის შემდეგ, როცა საქმე დამიგროვდებოდა, პანიკაში ჩავარდნის ნაცვლად სამუშაოს თანმიმდევრობით ვასრულებდი და საქმეც თავის დროზე კეთდებოდა.

სიკვდილამდე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „მე . . . ყოველთვის არ გეყოლებით“ (მათ. 26:11). ჩვენ, სხვა ცხვარმაც, ვიცით, რომ იესოს ცხებული ძმები ყოველთვის არ იქნებიან დედამიწაზე. ამიტომ 70 წელზე მეტი ხნის მანძილზე სულითცხებულებთან ახლო ურთიერთობას ანუ „იუდეველის კალთას ჩაჭიდებას“ ფასდაუდებელ ძღვნად მივიჩნევ.

[სქოლიო]

^ აბზ. 5 სიტყვა „იონადაბთან“ დაკავშირებით იხილეთ წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდები 83, 165, 166.

[ჩანართი 21 გვერდზე]

ძმა ნორმა გაიღიმა და მითხრა: „ნუ ღელავ. იმუშავე!“

[სურათები 19 გვერდზე]

(მარცხნივ) დედაჩემი და მამაჩემი

(მარჯვნივ) 1948 წელი სკოლა „გალაადში“; მაცვია დედის ნაჩუქარი თბილი პალტო

[სურათი 20 გვერდზე]

1997 წელი. საფრანგეთის ფილიალის მიძღვნის დროს ვთარგმნი ძმა ლოიდ ბერის მოხსენებას

[სურათები 21 გვერდზე]

(მარცხნივ) ესთერთან ერთად ქორწილის დღეს

(მარჯვნივ) მსახურების დროს