არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღალატი — ბოლო დღეების ნიშანი

ღალატი — ბოლო დღეების ნიშანი

ღალატი — ბოლო დღეების ნიშანი

„როგორი ერთგულები, მართლები და უბიწოები ვიყავით“ (1 თეს. 2:10).

აღნიშნეთ მთავარი აზრები:

რატომ არის ჩვენთვის გამაფრთხილებელი დალილას, აბესალომისა და იუდა ისკარიოტელის მაგალითები?

როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იონათანისა და პეტრეს ერთგულებას?

როგორ შეგვიძლია შევინარჩუნოთ მეუღლისა და იეჰოვასადმი ერთგულება?

13. ა) რა არის ბოლო დღეების ნიშანი და რა იგულისხმება ამაში? ბ) რომელ სამ კითხვას განვიხილავთ?

დალილა, აბესალომი და იუდა ისკარიოტელი — რა აქვთ მათ საერთო? სამივემ გამოავლინა ორგულობა. დალილამ გასცა მსაჯული სამსონი, რომელსაც უყვარდა ის; აბესალომმა უღალატა მამამისს, მეფე დავითს, იუდამ კი — მის უფალს, ქრისტე იესოს. თითოეულ შემთხვევაში მათმა უმსგავსო საქციელმა ტკივილი მიაყენა სხვებს. რატომ უნდა ვინტერესდებოდეთ ამით?

2 ერთმა თანამედროვე მწერალმა ღალატი ანუ გამცემლობა ყველაზე გავრცელებულ ადამიანურ მანკიერებებს შორის მოიხსენია. ეს სულაც არ არის გასაკვირი. „ქვეყნიერების აღსასრულის“ ნიშანზე საუბრისას იესომ თქვა: „ბევრი . . . ერთმანეთს გასცემს“ (მათ. 24:3, 10). ღალატი ნიშნავს გამცემლობას, ვინმეს მტრის ხელში ჩაგდებას ვერაგობით ან ორგულობით. ერთგულების ასეთი ნაკლებობა ადასტურებს, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ. მოციქულმა პავლემ იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანები იქნებოდნენ „ორგულები . . . [და] გამცემები“ (2 ტიმ. 3:1, 2, 4). თუმცა მწერლები თუ სცენარისტები ლიტერატურასა და ფილმებში ხშირად აზვიადებენ ან რომანტიკულ ელფერს სძენენ ღალატის ამსახველ სცენებს, სინამდვილეში ღალატი ტკივილსა და ტანჯვას იწვევს. ცხადია, ასეთი საქმეები ბოლო დღეების ნიშანია.

3 რა ვსწავლობთ ბიბლიიდან მათგან, ვინც წარსულში ორგულობა გამოავლინა? რომელი ერთგული ადამიანების მაგალითს შეგვიძლია მივბაძოთ? და ვის მიმართ უნდა დავრჩეთ ერთგულები? მოდი, გავიგოთ ამ კითხვებზე პასუხი.

წარსულის გამაფრთხილებელი მაგალითები

4. როგორ გასცა დალილამ სამსონი და რატომ იყო ეს უღირსი საქციელი?

4 ჯერ განვიხილოთ დალილას შემთხვევა, რომელმაც მზაკვრულად გასცა მასზე თავდავიწყებით შეყვარებული მსაჯული სამსონი. სამსონს განზრახული ჰქონდა, ღვთის ხალხის დასაცავად ფილისტიმელებს შებრძოლებოდა. შესაძლოა, ფილისტიმელებმა იცოდნენ, რომ დალილას სამსონი გულწრფელად არ უყვარდა, ამიტომ ხუთმა მთავარმა მას დიდი ქრთამი შესთავაზა, რათა გაეგოთ სამსონის ძალის საიდუმლო და მოეკლათ იგი. დალილა დახარბდა ქრთამს; სამჯერ სცადა სამსონის საიდუმლოს გაგება, მაგრამ უშედეგოდ. ის თავისას არ იშლიდა: „ჩასჩიჩინებდა თავისი სიტყვებით და არ ეშვებოდა“. იმდენი ქნა, რომ სამსონს „სიცოცხლე მოაბეზრა“. სამსონმა გაუმჟღავნა, რომ მის თმებს სამართებელი არასდროს მიჰკარებია და თუ ეს მოხდებოდა, ის ძალას დაკარგავდა. * ამის შემდეგ დალილას ხელშეწყობით მის მუხლებზე ჩაძინებულ სამსონს ფილისტიმელებმა თმები შეაჭრეს. ასე აღმოჩნდა სამსონი მტრების ხელში (მსაჯ. 16:4, 5, 15—21). რა უღირსი საქციელი იყო ეს! სიხარბის გამო დალილამ უღალატა მას, ვისაც ის უყვარდა.

5. ა) როგორ უორგულა აბესალომმა დავითს და რაზე მეტყველებს მისი საქციელი? ბ) როგორ იმოქმედა ახითოფელის მუხანათურმა საქციელმა დავითზე?

5 ახლა ვისაუბროთ ვერაგ აბესალომზე. ამბიციებით შეპყრობილი აბესალომი მამამისს, დავითს, მეფობას ეცილებოდა. აბესალომი ეპირფერებოდა ხალხს, ცრუ დაპირებებს აძლევდა და ლამაზი სიტყვებით „იგებდა . . . ისრაელების გულს“. ის ეხვეოდა და კოცნიდა ხალხს, თითქოს ძალიან ანაღვლებდა მათი მდგომარეობა (2 სამ. 15:2—6). აბესალომმა დავითის სანდო მრჩევლის, ახითოფელის, გულიც მოიგო. ახითოფელმა უღალატა მეფეს და შეთქმულებს შეუერთდა (2 სამ. 15:31). მე-3 და 55-ე ფსალმუნებში დავითი აღწერს, თუ როგორ იმოქმედა ამ ღალატმა მასზე (ფსალმ. 3:1—8; წაიკითხეთ ფსალმუნის 55:12—14). აბესალომი უსირცხვილოდ მოიქცა და ღვთის უზენაესობა არაფრად ჩააგდო; მან შეთქმულება მოაწყო იეჰოვას ცხებული მეფის წინააღმდეგ (1 მატ. 28:5). ბოლოს მათი შეთქმულება ჩაიშალა და დავითმა განაგრძო მეფობა, როგორც იეჰოვას ცხებულმა.

6. როგორ გასცა იუდამ იესო და რისი სინონიმი გახდა მისი სახელი?

6 დაბოლოს, დავფიქრდეთ, როგორ გასცა იუდა ისკარიოტელმა ქრისტე. თავისი ბოლო პასექის აღნიშვნისას იესომ 12 მოციქულს უთხრა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით: ერთი თქვენგანი გამცემს“ (მათ. 26:21). მოგვიანებით, იმავე ღამეს, გეთსემანეს ბაღში იესომ პეტრეს, იაკობსა და იოანეს უთხრა: „აი, ახლოს არის ჩემი გამცემი“. მალევე იუდა გამოჩნდა ბაღში თავის თანამზრახველებთან ერთად, მიუახლოვდა იესოს და უთხრა: „გამარჯობა, რაბი“ და შემდეგ ნაზად ეამბორა (მათ. 26:46—50; ლუკ. 22:47, 52). იუდამ „უდანაშაულო სისხლი გასცა“ და იესო მის მტრებს ჩაუგდო ხელში. რამდენად გაყიდა ფულის მოყვარულმა იუდამ იესო? სულ რაღაც 30 ვერცხლად (მათ. 27:3—5). სახელი იუდა „მოღალატის“ სინონიმი გახდა. ამ სახელით განსაკუთრებით ისეთ მოღალატეს მიმართავენ, ვინც მეგობრობის ნიღაბს არის ამოფარებული. *

7. რას ვსწავლობთ ა) აბესალომის, იუდას და ბ) დალილას შემთხვევებიდან?

7 რას ვსწავლობთ ამ გამაფრთხილებელი მაგალითებიდან? აბესალომისა და იუდას ცხოვრება სამარცხვინოდ დასრულდა, რადგან ორივემ მუხანათურად უღალატა იეჰოვას ცხებულს (2 სამ. 18:9, 14—17; საქ. 1:18—20). დალილას სახელი ყოველთვის იქნება დაკავშირებული ღალატთან და მოჩვენებით სიყვარულთან (ფსალმ. 119:158). რამდენად მნიშვნელოვანია, რომ უარვყოთ სიხარბე და ნებისმიერი ამბიცია, რაც იეჰოვას კეთილგანწყობას დაგვაკარგვინებდა. სამივე შემთხვევა გვასწავლის, ვერიდოთ ორგულობის ნებისმიერ გამოვლენას.

მიჰბაძეთ ერთგულ ადამიანებს

8, 9. ა) რატომ შეჰფიცა იონათანმა დავითს ერთგულება? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იონათანს?

8 ბიბლია მოგვითხრობს მრავალ ერთგულ ადამიანზეც. განვიხილოთ ორი ასეთი ადამიანის მაგალითი და ვნახოთ, რის სწავლა შეგვიძლია მათგან. თავდაპირველად, ვისაუბროთ მამაკაცზე, ვინც დავითს ერთგულება დაუმტკიცა. ეს იყო იონათანი, მეფე საულის უფროსი ვაჟი. რომ არა ერთი მიზეზი, ის იქნებოდა ისრაელის მომდევნო მეფე. იეჰოვამ დავითი აირჩია ისრაელის მეფედ. იონათანმა პატივი სცა ღვთის ამ გადაწყვეტილებას. ნაცვლად იმისა, რომ ეეჭვიანა და დავითში მეტოქე დაენახა, „შეეკრა იონათანის სული დავითის სულს“ და ერთგულება შეჰფიცა. მან დავითს მისცა ტანსაცმელი, მახვილი, მშვილდი და სარტყელი, რითაც სამეფო პატივი მიაგო (1 სამ. 18:1—4). იონათანი ძალ-ღონეს არ იშურებდა დავითის განსამტკიცებლად. ის საკუთარ სიცოცხლესაც კი იგდებდა საფრთხეში, რათა დავითი საულისგან დაეცვა. ერთგულმა იონათანმა უთხრა დავითს: „შენ გახდები ისრაელის მეფე, მე კი შენ შემდეგ მეორე კაცი ვიქნები“ (1 სამ. 20:30—34; 23:16, 17). გასაკვირი არ არის, რომ დავითმა იონათანის სიკვდილით გამოწვეული ტკივილი და მისადმი სიყვარული სამგლოვიარო სიმღერით გამოხატა (2 სამ. 1:17, 26).

9 იონათანმა იცოდა, ვისი ერთგული უნდა ყოფილიყო. ის უზენაეს იეჰოვას სრულად ემორჩილებოდა და ყველანაირად მხარს უჭერდა დავითს, როგორც ღვთის ცხებულს. მსგავსადვე, თუ კრებაში არ გვაქვს რაიმე პასუხისმგებლობა, მხარი უნდა დავუჭიროთ მათ, ვისაც ჩვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია (1 თეს. 5:12, 13; ებრ. 13:17, 24).

10, 11. ა) რატომ უერთგულა პეტრემ იესოს ბოლომდე? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პეტრეს და რისკენ უნდა აღგვძრას ამან?

10 მოციქული პეტრე, რომელმაც იესოს ერთგულება აღუთქვა, ჩვენთვის კიდევ ერთი მისაბაძი მაგალითია. ერთხელ ქრისტემ ხატოვანი ენით აუხსნა მოწაფეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო რწმენის გამოვლენა მისი ხორცისა და სისხლისადმი, რომელსაც ის მალე მსხვერპლად გაიღებდა. მისმა ნათქვამმა მრავალი მოწაფე აღაშფოთა და მათ მიატოვეს ის (იოან. 6:53—60, 66). იესო მიუბრუნდა 12 მოციქულს და ჰკითხა: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“ სიმონ-პეტრემ უპასუხა: „უფალო, ვისთან წავიდეთ? შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები. ჩვენ ვირწმუნეთ და შევიცანით, რომ შენა ხარ ღვთის წმინდა“ (იოან. 6:67—69). ნიშნავდა ეს იმას, რომ პეტრეს სრულად ესმოდა იესოს სიტყვები, რომელიც მისი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებას ეხებოდა? ალბათ, არა. მიუხედავად ამისა, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, ღვთის ცხებული ძის ერთგული დარჩენილიყო.

11 პეტრეს არ უფიქრია, რომ იესო ცდებოდა და მოგვიანებით შეიცვლიდა შეხედულებას. პირიქით, მან თავმდაბლურად აღიარა: „შენა გაქვს მარადიული სიცოცხლის სიტყვები“. ჩვენ როგორ ვრეაგირებთ, როდესაც „ერთგული მმართველის“ მიერ მოწოდებულ ქრისტიანულ პუბლიკაციებში ისეთ აზრს ვხვდებით, რომლის გაგებაც გვიჭირს ან რომელსაც არ ვეთანხმებით? ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გავიგოთ ეს აზრი და არ უნდა ველოდოთ, რომ დროთა განმავლობაში ცვლილებები ჩვენი შეხედულებების შესაბამისად მოხდება (წაიკითხეთ ლუკას 12:42).

იყავით მეუღლის ერთგული

12, 13. რატომ ღალატობს ზოგი მეუღლეს და რატომ არ შეიძლება ღალატის ასაკით გამართლება?

12 ნებისმიერი სახის ღალატი სისაძაგლეა და არ უნდა დავუშვათ, რომ მან ქრისტიანული ოჯახისა თუ კრების მშვიდობა და ერთიანობა დაარღვიოს. ამიტომ დავფიქრდეთ, როგორ შევინარჩუნოთ ერთგულება მეუღლისა და ღვთის წინაშე.

13 მრუშობა ღალატის ყველაზე გამანადგურებელი ფორმაა. ის, ვინც მრუშობს, ღალატობს თავის მეუღლეს და ყურადღება სხვა ვინმეზე გადააქვს. დაზარალებული მეუღლე მოულოდნელად მარტო რჩება და მთელი ცხოვრება რადიკალურად ეცვლება. როგორ შეიძლება ასეთი რამ მოხდეს ორ ადამიანს შორის, რომელთაც ერთ დროს ერთმანეთი უყვარდათ? ძალიან ხშირად ამის პირველი ნიშანი ის არის, რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთის მიმართ გაუცხოებული ხდება. სოციოლოგიის პროფესორი გაბრიელა ტურნატური განმარტავს: „როცა წყვილი წყვეტს ერთმანეთთან ახლო, მჭიდრო ურთიერთობას, ღალატიც არ აყოვნებს“. ურთიერთობის ასეთი გაციება დიდი ხნის დაქორწინებულებს შორისაც კი იჩენს თავს. მაგალითად, ერთმა 50 წლის მამაკაცმა უღალატა თავის ერთგულ მეუღლეს, რომელთანაც 25 წელი ცხოვრობდა და სხვა ქალთან წავიდა. ზოგი ამას შუა ასაკის კრიზისით ამართლებს. ეს ისე ჟღერს, თითქოს ადამიანს სხვანაირად მოქცევა, უბრალოდ, არ შეუძლია. მაგრამ მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ; ეს არ არის შუა ასაკის კრიზისი, ეს არის შუა ასაკის ღალატი. *

14. ა) რას გრძნობს იეჰოვა, როდესაც ვინმე მეუღლეს ვერაგულად ექცევა? ბ) რა თქვა იესომ ცოლქმრულ ღალატზე?

14 როგორ უყურებს იეჰოვა ცოლ-ქმარს, რომლებიც ბიბლიური მიზეზის გარეშე ტოვებენ ერთმანეთს? ღმერთს „სძულს გაყრა“ და მკაცრად განსჯის მათ, ვინც მეუღლეს ღალატობს და ეყრება (წაიკითხეთ მალაქიას 2:13—16). მამის მსგავსად, იესოც ასწავლიდა, რომ ადამიანს არ უნდა მიეტოვებინა უდანაშაულო მეუღლე და არ უნდა ჩაეთვალა ეს უმნიშვნელო რამედ (წაიკითხეთ მათეს 19:3—6, 9).

15. რის გაკეთება შეუძლია ცოლ-ქმარს, ერთმანეთის ერთგული რომ დარჩნენ?

15 როგორ შეუძლიათ მეუღლეებს ერთმანეთის ერთგული დარჩნენ? ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ: „გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან [ქმართან]“ და „დატკბი შენს საყვარელ ცოლთან [ქმართან] ცხოვრებით“ (იგავ. 5:18; ეკლ. 9:9). ასაკის მატებასთან ერთად წყვილებს მართებთ, უფრო ახლო ურთიერთობა იქონიონ ერთმანეთთან — ეს ეხება როგორც ფიზიკურ, ისე ემოციურ ურთიერთობას. ეს ნიშნავს, რომ მათ პატივი სცენ ერთმანეთს, დრო დაუთმონ ერთმანეთს და დაუახლოვდნენ ერთმანეთს. ქორწინების შენარჩუნება და იეჰოვასთან ურთიერთობა მათ ცხოვრებაში მთავარი უნდა იყოს. ასე რომ, წყვილებმა ბიბლია უნდა ისწავლონ ერთად, რეგულარულად იქადაგონ ერთად და იეჰოვას კურთხევებისთვის ილოცონ, და ესეც ერთად.

იყავით იეჰოვას ერთგული

16, 17. ა) როგორ შეიძლება ღვთისადმი ჩვენი ერთგულება გამოიცადოს ოჯახსა თუ კრებაში? ბ) რა მაგალითი გვიჩვენებს, რომ, ღვთის მითითების თანახმად, გარიცხულ ნათესავთან ურთიერთობის შეწყვეტას კარგი შედეგები მოაქვს?

16 ზოგმა ქრისტიანმა სერიოზული ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც შეგონება მიიღო. შეგონება მათ გამოსწორებას მოემსახურა, რათა „ჯანსაღნი ყოფილიყვნენ რწმენაში“ (ტიტ. 1:13). ზოგ შემთხვევაში აუცილებელი გახდა ქრისტიანის კრებიდან გარიცხვა. ასეთი აღმზრდელობითი ზომები მათ ღმერთთან ურთიერთობის აღდგენაში ეხმარება (ებრ. 12:11). როგორ მოვიქცეთ, თუ კრებიდან ნათესავი ან ახლო მეგობარი გაირიცხა? ასეთ შემთხვევაში იცდება ჩვენი ერთგულება, ოღონდ არა ამ პიროვნების, არამედ იეჰოვას მიმართ. ღმერთი გვაკვირდება, ვემორჩილებით თუ არა მის მითითებას, არ ვიქონიოთ ურთიერთობა გარიცხულებთან (წაიკითხეთ 1 კორინთელების 5:11—13).

17 განვიხილოთ რა კარგი შედეგი მოაქვს იეჰოვას მითითების ერთგულად დაცვას და ოჯახის მხრიდან გარიცხულ ნათესავთან ურთიერთობის გაწყვეტას. ერთი ახალგაზრდა მამაკაცი 10 წელზე მეტი იყო გარიცხული. ამ დროის მანძილზე მამას, დედას და ოთხ ძმას „აღარ ჰქონდათ ურთიერთობა“ მასთან. დროდადრო ის ცდილობდა ოჯახურ საქმეებში მონაწილეობის მიღებას, მაგრამ ოჯახის თითოეული წევრი მტკიცედ მიჰყვებოდა ამ მითითებას და არანაირი კავშირი არ ჰქონდა მასთან. კრებაში აღდგენის შემდეგ მან თქვა, რომ ყოველთვის ენატრებოდა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ღამით მარტო რჩებოდა. მან აღნიშნა, რომ ოჯახთან იშვიათი ურთიერთობითაც კი კმაყოფილი იქნებოდა. მაგრამ, ვინაიდან ოჯახის წევრებს არ ჰქონიათ მასთან არანაირი კავშირი, მათთან ყოფნის დიდი სურვილი იყო ერთ-ერთი აღმძვრელი ძალა, იეჰოვასთან ურთიერთობა რომ აღედგინა. იფიქრეთ ამაზე, თუ ოდესღაც თქვენც დადგებით ცდუნების წინაშე, დაარღვიოთ იეჰოვას მითითება გარიცხულ მეგობართან თუ ნათესავთან ურთიერთობით.

18. რა გაქვთ გადაწყვეტილი ერთგულებისა და ორგულობის მაგალითების განხილვის შემდეგ?

18 ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ორგულობას და ღალატს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. მიუხედავად ამისა, კრებებში გვყავს ერთგული ქრისტიანები, რომელთაც შეგვიძლია მივბაძოთ. ისინი თავიანთი ცხოვრებით ფაქტობრივად ამბობენ: „თქვენ მოწმენი ხართ და ღმერთიც მოწმეა, როგორი ერთგულები, მართლები და უბიწოები ვიყავით თქვენ მიმართ, მორწმუნეებო“ (1 თეს. 2:10). ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რომ ღვთისა და ერთმანეთის ერთგულები დავრჩეთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 სამსონის ძალა მის თმებზე კი არა, იეჰოვასთან განსაკუთრებულ ურთიერთობაზე იყო დამოკიდებული. ის ნაზირად ცხოვრობდა.

^ აბზ. 6 მრავალ ენაში ღალატის აღსაწერად იყენებენ გამოთქმას „იუდას კოცნა“.

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 10 გვერდზე]

პეტრე დარჩა ღვთის ცხებული ძის ერთგული მაშინ, როცა სხვებმა ის მიატოვეს