არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი არქივიდან

„დღითი დღე მიყვარდება წიგნების დატარების საქმე“

„დღითი დღე მიყვარდება წიგნების დატარების საქმე“

1886 წელს ალეგანში (პენსილვანია, აშშ) მდებარე ბიბლიის სახლიდან ჩიკაგოში (ილინოისი) გაიგზავნა წიგნის „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ პირველი ტომის 100 ეგზემპლარი. ჩარლზ ტეიზ რასელს იმედი ჰქონდა, რომ ამ ახალ ტომს წიგნების მაღაზიებში გაავრცელებდა. შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი უმსხვილესი სტამბა, რომელიც რელიგიურ წიგნებს ყიდდა, დათანხმდა ამ წიგნის რეალიზაციაზე. მაგრამ გაგზავნილი ტვირთი ორი კვირის შემდეგ ბიბლიის სახლში დაბრუნდა.

ერთი ცნობილი ევანგელისტი ძალიან გაღიზიანდა, როცა მაღაზიის ვიტრინაში თავისი წიგნების გვერდით „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟი“ დაინახა. გაბრაზებულმა თქვა, რომ თუ ეს წიგნი მაღაზიაში დარჩებოდა, ის და მისი ევანგელისტი მეგობრები გაიტანდნენ თავიანთ წიგნებს და ბიზნესს სხვაგან აწარმოებდნენ. სტამბა იძულებული გახდა, „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟი“ დაებრუნებინა. ამ წიგნთან დაკავშირებით განცხადებები გაზეთებშიც გაკეთდა. მაგრამ მოწინააღმდეგეებმა იზრუნეს, რომ ეს სარეკლამო კონტრაქტები გაუქმებულიყო. საინტერესოა, როგორ მიაღწევდა ეს ახალი პუბლიკაცია ჭეშმარიტებასმოწყურებულ ადამიანებამდე.

წიგნების დამტარებლებმა, როგორც მაშინ უწოდებდნენ მათ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ საქმეში. * 1881 წელს „სიონის საგუშაგო კოშკში“ ეწერა, რომ საჭირო იყო 1000 სრული დროით მქადაგებელი, რომლებიც ბიბლიური ლიტერატურის გავრცელებას შეძლებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ წიგნების დამტარებლების რიცხვი რამდენიმე ასეულს შეადგენდა, მათ ჭეშმარიტების თესლი დაბეჭდილი ფორმით ყველგან გაავრცელეს. 1897 წლისთვის „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟის“ დაახლოებით ერთი მილიონი ეგზემპლარი, ძირითადად, წიგნების დამტარებლებმა გაავრცელეს. უმეტესი მათგანი იმ მცირე თანხით ცხოვრობდა, რომელსაც ხალხი წიგნის საფასურად ან „საგუშაგო კოშკის“ გამოსაწერად იხდიდა.

ვინ იყვნენ წიგნების ეს შეუპოვარი დამტარებლები? ზოგიერთმა მათგანმა ასეთი სახის მსახურება მოზარდობისას დაიწყო, სხვებმა უფრო მოგვიანებით. ბევრი დაუქორწინებელი იყო ან დაქორწინებული, მაგრამ ბავშვები არ ჰყავდათ. არაერთმა ოჯახმაც მიიღო ამ საქმიანობაში მონაწილეობა. სრული დროით წიგნების დამტარებლები მთელი დღე ქადაგებდნენ, ხოლო დამხმარეები — დღეში ერთი ან ორი საათი. მაგრამ ყველას ხელს არ უწყობდა ჯანმრთელობა და მდგომარეობა, წიგნების დამტარებლად რომ ემსახურა. 1906 წელს კონგრესზე მათ, ვისაც შეეძლო წიგნების გავრცელება, უთხრეს, რომ ამ საქმის შესასრულებლად არ იყო აუცილებელი „განსაკუთრებული ნიჭი, უნარი, ან ანგელოზის ენა“.

თითქმის მთელ მსოფლიოში უბრალო ხალხმა გასაოცარი საქმე შეასრულა. ერთმა ძმამ 7 წელიწადში 15 000 წიგნი გაავრცელა. მან თქვა: „მე წიგნების დატარება იმიტომ არ დამიწყია, რომ წიგნების გამყიდველი ვყოფილიყავი; მინდოდა, იეჰოვასა და მისი ჭეშმარიტების შესახებ დამემოწმებინა“. სადაც არ უნდა წასულიყვნენ წიგნების დამტარებლები, ჭეშმარიტების თესლი ყველგან იდგამდა ფესვს და ბიბლიის შემსწავლელების რიცხვი იზრდებოდა.

მღვდლები დასცინოდნენ წიგნების დამტარებლებს და მათ წიგნებით მოვაჭრეებს უწოდებდნენ. 1892 წლის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ცოტა თუ იცნობს [მათ], როგორც უფლის წარმომადგენლებს და ცოტა თუ აღიარებს იმ ღირსებას, რომელსაც უფალი მათ თავმდაბლობასა და თავგანწირვის სულში ხედავს“. როგორც ერთმა დამ აღნიშნა წიგნების დამტარებლების ცხოვრება „ია-ვარდებით არ იყო მოფენილი“. მგზავრობის ძირითადი საშუალება გამძლე ფეხსაცმელი და ველოსიპედი იყო. როცა ფული შემოაკლდებოდათ, წიგნების დამტარებლები წიგნებს საჭმელზე ცვლიდნენ. მთელი დღე მსახურების შემდეგ დაღლილი, მაგრამ ბედნიერი მქადაგებლები ბრუნდებოდნენ კარვებსა თუ დაქირავებულ ოთახებში. შემდეგ მათ დაიწყეს ეტლებისა და თვითნაკეთი საცხოვრებელი ფურგონების გამოყენება, რითაც ფულსა და დროს ზოგავდნენ. *

1893 წლის დასაწყისში ჩიკაგოში ჩატარებულ კონგრესზე გაიმართა სპეციალური შეხვედრა წიგნების დამტარებლებთან. შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს ქადაგების მეთოდებზე. მათ დამსწრეებს გაუზიარეს საინტერესო შემთხვევები და მისცეს პრაქტიკული რჩევები. ძმა რასელმა ურჩია მუხლჩაუხრელ მქადაგებლებს, ნოყიერი საუზმე მიერთვათ, მოგვიანებით რძე დაელიათ და პაპანაქება სიცხეში გასაგრილებლად გაზიანი წყალი ნაყინით მიეღოთ.

კონგრესის დროს წიგნების დამტარებლებს მსახურებისთვის პარტნიორები რომ მოეძებნათ, ყვითელი სამკერდე ნიშნები ეკეთათ. ახლებს გამოცდილებთან ანაწილებდნენ. ასეთი მიდგომა აუცილებელი იყო. მაგალითად, ერთხელ ერთმა მქადაგებელმა ნერვიულობის გამო მობინადრეს ასე შესთავაზა წიგნები: „თქვენ ესენი არ გინდათ, ხომ?“. საბედნიეროდ, მობინადრემ აიღო წიგნები და მოგვიანებით ჩვენი და გახდა.

ერთ ძმას ვერ გადაეწყვიტა, შეენარჩუნებინა თავისი სამსახური და ყოველ წელს 1 000 აშშ დოლარი გაეღო წიგნების დატარების საქმიანობისთვის, თუ თავად გამხდარიყო წიგნების დამტარებელი. მას უთხრეს, რომ უფალი ორივეს დააფასებდა, მაგრამ უფლისთვის დროის დათმობა გაცილებით მეტ კურთხევებს მოუტანდა. მერი ჰაინდსი თვლიდა, რომ წიგნების დატარება იყო „საუკეთესო საშუალება უამრავი ხალხისთვის სიკეთის გასაკეთებლად“. გაუბედავმა ალბერტა კროსბიმ კი ასეთი რამ თქვა: „დღითი დღე მიყვარდება წიგნების დატარების საქმე“.

გულმოდგინე წიგნების დამტარებლების შთამომავლები თუ სულიერი შვილები დღეს მტკიცედ იცავენ თავიანთ სულიერ მემკვიდრეობას. თუ შენი ოჯახის წევრებიდან არავინ ყოფილა წიგნების დამტარებელი ან პიონერი, ხომ არ აქცევდი ამას ოჯახის ტრადიციად? დღითი დღე შენც შეგიყვარდება სრული დროით მსახურება.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 1931 წლის შემდეგ ტერმინი „წიგნის დამტარებელი“ პიონერით შეიცვალა.

^ აბზ. 8 საცხოვრებელ ფურგონებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ შემდეგ ნომერში წაიკითხოთ.

[ჩანართი 32 გვერდზე]

არ იყო აუცილებელი „განსაკუთრებული ნიჭი, უნარი, ან ანგელოზის ენა“

[სურათი 31 გვერდზე]

წიგნების დამტარებელი ალფრედ ოსეი განაში, დაახლოებით 1930 წელი

[სურათები 32 გვერდზე]

(ზემოთ) წიგნების დამტარებლები ედით კინი და გერტრუდა მორისი ინგლისში, დაახლოებით 1918 წელი (ქვემოთ) სტენლი კოსაბუმი და ჰენრი ნონკესი შეერთებულ შტატებში. წიგნების გავრცელების შემდეგ დარჩენილი ცარიელი ყუთები