არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ირეკლავთ იეჰოვას დიდებას?

ირეკლავთ იეჰოვას დიდებას?

ირეკლავთ იეჰოვას დიდებას?

„ჩვენ . . . სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას დიდებას“ (2 კორ. 3:18).

როგორ უპასუხებთ?

როგორ შეგვიძლია იეჰოვას განდიდება ჩვენი ცოდვილი მდგომარეობის მიუხედავად?

როგორ გვეხმარება ლოცვა და ქრისტიანული შეხვედრები იეჰოვას დიდების არეკვლაში?

რა დაგვეხმარება, ყოველთვის განვადიდოთ იეჰოვა?

1, 2. რატომ ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას?

თითოეული ჩვენგანი რაღაცით ვგავართ მშობლებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, როცა ბიჭს ეუბნებიან, „მამაშენის ასლი ხარ“ ან გოგოს „დედაშენს მახსენებო“. ბავშვები ხშირად ჰბაძავენ თავიანთ მშობლებს. რას ვიტყოდით ჩვენზე? შეგვიძლია ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას, მივბაძოთ? მიუხედავად იმისა, რომ მას ვერ ვხედავთ, მისი თვისებების დანახვა შეგვიძლია, თუ ვისწავლით მის სიტყვას, დავაკვირდებით მის ქმნილებებს, ვიფიქრებთ წმინდა წერილებზე, განსაკუთრებით კი ღვთის ძის, იესოს, სიტყვებსა და საქმეებზე (იოან. 1:18; რომ. 1:20). ჩვენ იეჰოვას დიდების არეკვლა შეგვიძლია.

2 ადამისა და ევას შექმნამდე ღმერთი დარწმუნებული იყო, რომ ადამიანები შეძლებდნენ მისი ნების შესრულებას, მისი თვისებების მიბაძვასა და მის განდიდებას (წაიკითხეთ დაბადების 1:26, 27). ღვთისადმი ერთგულნი რომ ვიყოთ, უნდა გამოვავლინოთ ჩვენი შემოქმედის თვისებები. ასე თუ მოვიქცევით, კულტურის, განათლებისა და წარმოშობის მიუხედავად, შევძლებთ ღვთის დიდების არეკვლას. ბიბლიაში წერია: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35).

3. რას გრძნობენ ქრისტიანები, როცა იეჰოვას ემსახურებიან?

3 ცხებული ქრისტიანები ირეკლავენ იეჰოვას დიდებას. სულითცხებული მოციქული პავლე წერდა: „ჩვენ ყველანი, რიდეახდილნი, სარკესავით ვირეკლავთ იეჰოვას დიდებას და იმავე სახედ გარდავიქმნებით დიდებიდან დიდებაში“ (2 კორ. 3:18). როდესაც წინასწარმეტყველი მოსე სინას მთიდან ჩამოვიდა და ფილებზე დაწერილი ათი მცნება ჩამოიტანა, მისი სახე ანათებდა, რადგან იეჰოვა ელაპარაკა მას (გამ. 34:29, 30). მართალია, ქრისტიანებს არ ჰქონიათ ასეთი შემთხვევა და არც მათი სახეები ანათებს, მაგრამ როდესაც იეჰოვას, მისი თვისებებისა და მისი საოცარი განზრახვების შესახებ სხვებს ესაუბრებიან, სიხარულით „ანათებენ“. სარკის მსგავსად, ცხებული ქრისტიანები და დედამიწაზე მათი მხარდამჭერები თავიანთ ცხოვრებასა და მსახურებაში იეჰოვას დიდებას ირეკლავენ (2 კორ. 4:1). თუ მის მოსაწონად იცხოვრებთ და მსახურებაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ, იეჰოვას დიდებას თქვენც აირეკლავთ.

გვურს, ავირეკლოთ იეჰოვას დიდება

4, 5. ა) რასთან გვიწევს ბრძოლა პავლეს მსგავსად? ბ) რა გავლენას ახდენს ჩვენზე ცოდვა?

4 როგორც იეჰოვას მსახურებს, გვსურს, პატივი მივაგოთ და განვადიდოთ შემოქმედი ჩვენი საქმეებით. მაგრამ ხშირად ვერ ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. პავლეც მსგავს მდგომარეობაში იყო (წაიკითხეთ რომაელების 7:21—25). ამ ბრძოლასთან დაკავშირებით ის წერდა: „ვინაიდან ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომ. 3:23). ადამის შეცოდების გამო კაცობრიობა „გამეფებული ცოდვის“ მარწუხებში მოექცა (რომ. 5:12; 6:12).

5 რა არის ცოდვა? ცოდვა არის ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება იეჰოვას ნორმებს, მოთხოვნებსა და ნებას. ცოდვა ადამიანს ხელს უშლის იეჰოვასთან ურთიერთობაში. ისევე როგორც მშვილდოსანმა შეიძლება ვერ მოახვედროს ისარი მიზანში, ასევე შეიძლება ცოდვამ აგვაცდინოს მიზანს. შესაძლოა, ჩვენ განზრახ ან შემთხვევით შევცოდოთ (რიცხ. 15:27—31). ცოდვა ადამიანების არასრულყოფილი ბუნების ნაწილია, რაც მათსა და შემოქმედს შორის გარკვეულ ბარიერს ქმნის (ფსალმ. 51:5; ეს. 59:2; კოლ. 1:21). ამიტომ კაცობრიობა ღვთისგან სრულიად გაუცხოებულია და კარგავს ღვთის დიდების არეკვლის ძვირფას შესაძლებლობას. უდავოდ, ცოდვა კაცობრიობის ყველაზე საშინელი „დაავადებაა“.

6. როგორ შეგვიძლია იეჰოვას განდიდება ჩვენი ცოდვილი მდგომარეობის მიუხედავად?

6 ჩვენი ცოდვილი მდგომარეობის მიუხედავად, იეჰოვა „იმედის მომცემი ღმერთია“ (რომ. 15:13). ცოდვის აღმოსაფხვრელად მან მსხვერპლად იესო ქრისტეს სიცოცხლე გაიღო. თუ რწმენას გამოვავლენთ ამ მსხვერპლისადმი, აღარ ვიქნებით „ცოდვის მონები“ და შევძლებთ იეჰოვას დიდების არეკვლას (რომ. 5:19; 6:6; იოან. 3:16). იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა დღეს კურთხევებს მოგვიტანს, ხოლო მომავალში — სრულყოფილებასა და მარადიულ სიცოცხლეს. თუმცა ჯერ კიდევ ცოდვილები ვართ, ბედნიერებაა, რომ იეჰოვას თვალში თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ავირეკლოთ მისი დიდება!

როგორ ავირეკლოთ ღვთის დიდება?

7. რა უნდა ვაღიაროთ, თუ ღვთის დიდების არეკვლა გვსურს?

7 თუ გვინდა, ავირეკლოთ ღვთის დიდება, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ ჩვენი ცოდვილი ბუნება (2 მატ. 6:36). იეჰოვა რომ განვადიდოთ, უნდა ვაღიაროთ და წინააღმდეგობა გავუწიოთ ამ სისუსტეებს. მაგალითად, თუ პორნოგრაფიის ყურების ჩვევა განგვივითარდა, არ უნდა შეგვრცხვეს, უხუცესებს დახმარებისთვის მივმართოთ (იაკ. 5:14, 15). ეს არის ღვთის განსადიდებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი. იეჰოვას თაყვანისმცემლებმა გამუდმებით უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი, ვცხოვრობთ თუ არა ღვთის სამართლიანი ნორმების თანახმად (იგავ. 28:18; 1 კორ. 10:12). მნიშვნელობა არა აქვს, რა სისუსტეები გვაქვს, ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, რათა ღვთის დიდების არეკვლა შევძლოთ.

8. რა უნდა გავაკეთოთ არასრულყოფილების მიუხედავად?

8 დედამიწაზე მცხოვრებთაგან იესო ერთადერთი იყო, რომელიც ღვთის მოსაწონად ცხოვრობდა და სრულყოფილად ირეკლავდა მის დიდებას. იესოსგან განსხვავებით, ჩვენ არასრულყოფილები ვართ. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია და უნდა მივყვეთ კიდეც მის მაგალითს (1 პეტ. 2:21). იეჰოვა ამჩნევს არა მარტო ჩვენს წინსვლას, არამედ იმ ძალისხმევას, რომელსაც მის განდიდებას ვახმართ. ამიტომ ღმერთი აკურთხებს ყველა ჩვენს მცდელობას.

9. რა როლს ასრულებს ბიბლია ქრისტიანების ცხოვრებაში, რომელთაც ღვთის მოთხოვნების თანახმად ცხოვრება სურთ?

9 იეჰოვას სიტყვა გზას გვინათებს, რათა უკეთ ავირეკლოთ მისი დიდება. მნიშვნელოვანია წმინდა წერილების გულმოდგინე კვლევა და წაკითხულზე ფიქრი (ფსალმ. 1:1—3). ბიბლიის ყოველდღიური კითხვა ხელს შეგვიწყობს, უკეთესი ქრისტიანები გავხდეთ (წაიკითხეთ იაკობის 1:22—25). ბიბლიური ცოდნა რწმენის საფუძველია. ის დაგვეხმარება, თავიდან ავირიდოთ სერიოზული ცოდვა და ვასიამოვნოთ ღმერთს (ფსალმ. 119:11, 47, 48).

10. როგორ გვეხმარება ლოცვა, იეჰოვას რომ უკეთ ვემსახუროთ?

10 ღვთის დიდების ასარეკლად გამუდმებით უნდა ვილოცოთ (რომ. 12:12). იეჰოვას სათანადო სახით რომ ვემსახუროთ, მას ლოცვაში დახმარება უნდა ვთხოვოთ. აგრეთვე უნდა ვთხოვოთ წმინდა სული, მეტი რწმენა, ძალა ცდუნების დასაძლევად და უნარი, რომ „სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა“ (2 ტიმ. 2:15; მათ. 6:13; ლუკ. 11:13; 17:5). როგორც ბავშვია მამაზე დამოკიდებული, ასევე ჩვენც უნდა ვიყოთ ზეციერ მამაზე, იეჰოვაზე, დამოკიდებული. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ თუ ლოცვით მივმართავთ, იეჰოვა დაგვეხმარება, უკეთ ვემსახუროთ მას. არასოდეს ვიფიქროთ, რომ ლოცვებით ღმერთს შევაწუხებთ. ნაცვლად ამისა, მოდი, ლოცვაში ყოველთვის განვადიდოთ იეჰოვა, მადლობა გადავუხადოთ, ვეძებოთ მისი ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით განსაცდელების დროს და ვთხოვოთ, დაგვეხმაროს ჩვენი მსახურებით განვადიდოთ მისი სახელი (ფსალმ. 86:12; იაკ. 1:5—7).

11. როგორ გვეხმარება კრების შეხვედრები ღვთის დიდების არეკვლაში?

11 ღმერთმა თავის ძვირფას ცხვარზე ზრუნვა „ერთგულ და გონიერ მონას“ დაავალა (მათ. 24:45—47; ფსალმ. 100:3). მონის კლასი დაინტერესებულია, თუ როგორ ირეკლავენ მათი თანამორწმუნეები იეჰოვას დიდებას. როგორც მკერავს შეუძლია ტანსაცმელი ისე გადაგვიკეთოს, რომ უფრო ლამაზად და მოხდენილად გამოვიყურებოდეთ, ასევე კრების შეხვედრებს შეუძლია „გადაგვიკეთოს“ და უფრო „ლამაზი და მოხდენილი“ გახადოს ჩვენი ქრისტიანული თვისებები (ებრ. 10:24, 25). ამიტომაც კრებებზე დროულად უნდა მივიდეთ. თუ ჩვევაში გვაქვს კრებებზე დაგვიანებით მისვლა, დაგვაკლდება ის „სულიერი მორთულობა“, რომელიც გვეხმარება, უკეთ ვემსახუროთ იეჰოვას.

მივბაძოთ ღმერთს

12. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ღმერთს?

12 თუ გვინდა, იეჰოვას დიდება ავირეკლოთ, უნდა მივბაძოთ მას (ეფეს. 5:1). ღვთის მიბაძვის ერთ-ერთი საშუალება სხვადასხვა საკითხზე მისი თვალსაზრისის გათვალისწინებაა. როცა არ ვცდილობთ ღვთისმოსაწონად ცხოვრებას, ამით მას პატივს არ მივაგებთ და ჩვენს თავსაც ზიანს ვაყენებთ. ვინაიდან ქვეყნიერება სატანის ზეგავლენის ქვეშ არის, ჩვენ უნდა შევიძულოთ ის, რაც იეჰოვას სძულს და შევიყვაროთ ის, რაც მას უყვარს (ფსალმ. 97:10; 1 იოან. 5:19). თუ გვსურს, ღმერთს სათანადო სახით ვემსახუროთ, მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, ყველაფერი მის განსადიდებლად ვაკეთოთ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:31).

13. რატომ უნდა გვძულდეს ცოდვა და რისკენ აღგვძრავს ეს?

13 იეჰოვას სძულს ცოდვა, ამიტომ ჩვენც უნდა გვძულდეს ის. თუ ცოდვა გვძულს, მოვერიდებით ყველაფერს, რაც ცოდვის ჩადენამდე მიგვიყვანდა. მაგალითად, შორს უნდა დავიჭიროთ თავი განდგომილებისგან, რადგან ეს არის ცოდვა, რომელიც ხელს შეგვიშლის ღვთის განდიდებაში (კან. 13:6—9). მოდი, საერთო არაფერი ვიქონიოთ განდგომილებთან ან მასთან, ვინც თავს ძმას უწოდებს, მაგრამ პატივს არ მიაგებს ღმერთს. ასე იმ შემთხვევაშიც უნდა მოვიქცეთ, თუ ის ჩვენი ოჯახის წევრია (1 კორ. 5:11). ჩვენთვის არაფრის მომტანი იქნება განდგომილებისა და იმ ადამიანების არგუმენტების გაბათილების მცდელობა, ვინც აკრიტიკებს იეჰოვას ორგანიზაციას. სინამდვილეში, მათი ინფორმაციის წაკითხვა, იქნება ეს ინტერნეტით თუ სხვა სახით, სულიერ ზიანს მოგვიტანს (წაიკითხეთ ესაიას 5:20; მათეს 7:6).

14. რა თვისება უნდა გამოვავლინოთ, იეჰოვას დიდება რომ ავირეკლოთ და რატომ?

14 სიყვარულის გამოვლენა არის უმთავრესი, ზეციერ მამას რომ მივბაძოთ. მის მსგავსად, ჩვენც უნდა ვიყოთ მოსიყვარულე (1 იოან. 4:16—19). ჩვენ შორის არსებული სიყვარული ამტკიცებს, რომ იესოს მოწაფეები და იეჰოვას მსახურები ვართ (იოან. 13:34, 35). ზოგჯერ არასრულყოფილება სიყვარულის გამოვლენაში ხელს გვიშლის, მაგრამ უნდა ვეცადოთ, ყოველთვის ვიყოთ მოსიყვარულე. სიყვარულისა და ღვთისმოსაწონი სხვა თვისებების გამოვლენა დაგვიცავს ცოდვისა და არასწორი საქციელის ჩადენისგან (2 პეტ. 1:5—7).

15. რა გავლენას ახდენს სიყვარული სხვებთან ურთიერთობაზე?

15 სიყვარული აღგვძრავს, სხვებს სიკეთე გავუკეთოთ (რომ. 13:8—10). მაგალითად, როცა ცოლ-ქმარს ერთმანეთი უყვარს, ისინი არასოდეს უღალატებენ ერთმანეთს. უხუცესებისადმი სიყვარული და მათი შრომის დაფასება დაგვეხმარება, ვიყოთ მორჩილები და მივყვეთ მათ ხელმძღვანელობას. როცა ბავშვებს უყვართ მშობლები, უარყოფითად კი არ ლაპარაკობენ მათზე, არამედ ემორჩილებიან და პატივს სცემენ. თუ ადამიანები გვეყვარება, ზემოდან არ დავუწყებთ ყურებას და არც უპატივცემულოდ დაველაპარაკებით (იაკ. 3:9). უხუცესებს, რომელთაც ღვთის ცხვარი უყვართ, სათუთად მოექცევიან მათ (საქ. 20:28, 29).

16. როგორ დაგვეხმარება სიყვარულის გამოვლენა მსახურებისას?

16 სიყვარულს მსახურების დროსაც უნდა ვავლენდეთ. ვინაიდან იეჰოვა გვიყვარს, არ დავუშვებთ, რომ ზოგიერთი ადამიანის გულგრილობამ ან უარყოფითმა განწყობამ გული გაგვიტეხოს. ნაცვლად ამისა, გავაგრძელებთ სასიხარულო ცნობის ქადაგებას. სიყვარული აღგვძრავს, უკეთ მოვემზადოთ და ეფექტურად ვიქადაგოთ. თუ მართლა გვიყვარს ღმერთი და მოყვასი, სასიხარულო ცნობას მოვალეობის მოხდის მიზნით არ ვიქადაგებთ. პირიქით, ამას დიდ პატივად ჩავთვლით და ამ დავალებას სიხარულით შევასრულებთ (მათ. 10:7).

ყოველთვის განადიდეთ იეჰოვა

17. რატომ უნდა ვაღიაროთ, რომ ცოდვის გამო სრულად ვერ ვირეკლავთ ღვთის დიდებას?

17 ჩვენგან განსხვავებით, ადამიანების უმეტესობა ცოდვას უმნიშვნელო რამედ მიიჩნევს. ჩვენ კი ამის ცოდნა აღგვძრავს, წინააღმდეგობა გავუწიოთ საკუთარ ცოდვილ მიდრეკილებებს. ცოდვილი ბუნების აღიარება სინდისის გაწვრთნაში გვეხმარება, რაც, თავის მხრივ, დაგვიცავს შეცდომის ჩადენისგან მაშინ, როცა ჩვენს გულსა და გონებაში არასწორი სურვილები ჩნდება (რომ. 7:22, 23). შეიძლება სუსტი ვართ, მაგრამ ღმერთს შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში დაგვეხმაროს და გაგვაკეთებინოს ის, რაც სწორია (2 კორ. 12:10).

18, 19. ა) რა დაგვეხმარება ბოროტი სულების წინააღმდეგ ბრძოლაში? ბ) რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?

18 თუ იეჰოვას განდიდება გვინდა, უნდა ვებრძოლოთ ბოროტ სულებსაც. ამაში დაგვეხმარება ღვთისგან ბოძებული სულიერი საჭურველი (ეფეს. 6:11—13). სატანა განუწყვეტლივ ცდილობს, მიითვისოს ის დიდება, რომელიც მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნის. ის აგრეთვე ყველაფერს აკეთებს, რომ ღმერთთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს. მაგრამ სატანისთვის დიდი დარტყმაა, როდესაც მილიონობით არასრულყოფილი ადამიანი, დიდი თუ პატარა, ერთგულებას ინარჩუნებს და ღმერთს განადიდებს. ამიტომ, მოდი, განვადიდოთ იეჰოვა ზეციერი ქმნილებების მსგავსად, რომლებიც ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, იეჰოვა, ჩვენო ღმერთო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძლიერება, რადგან ყველაფერი შენ შექმენი, შენი ნებით არსებობს და შეიქმნა“ (გამოცხ. 4:11).

19 დაე, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყოველთვის იეჰოვას განდიდება გვქონდეს გადაწყვეტილი. ღმერთს უხარია, როდესაც უამრავი ერთგული ადამიანი ყოველ ღონეს ახმარს მის მიბაძვასა და მისი დიდების არეკვლას (იგავ. 27:11). ჩვენ იგივე გრძნობები უნდა გვქონდეს, როგორიც დავითს. ის მღეროდა: „მთელი გულით ხოტბას გასხამ, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და მარადიულად განვადიდებ შენს სახელს“ (ფსალმ. 86:12). მოუთმენლად ველოდებით იმ დროს, როცა სრულყოფილად ავირეკლავთ იეჰოვას დიდებას და მარადიულად განვადიდებთ მას. მორჩილი ადამიანები ამის მომსწრენი გახდებიან. ირეკლავთ თქვენც ღვთის დიდებას დღეს, მომავალში რომ მარადიულად განადიდოთ ის?

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 27 გვერდზე]

ირეკლავთ იეჰოვას დიდებას?