ბიოგრაფია
კმაყოფილებას მანიჭებდა ბრძენ, ასაკოვან და-ძმებთან ურთიერთობა
მოგვითხრო ელვა ჯერდიმ
დაახლოებით 70 წლის წინ ჩვენთან მოსულმა ერთმა სტუმარმა ისეთი რამ შესთავაზა მამაჩემს, რამაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ამ დაუვიწყარი დღის შემდეგ ჩემს ცხოვრებაზე სხვებმაც იქონიეს გავლენა. წლების განმავლობაში თუკი რამე ძვირფასი შემიძენია, ეს მეგობრობაა. ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ.
დავიბადე სიდნეიში (ავსტრალია) 1932 წელს. მშობლებს ღვთის სწამდათ, მაგრამ ეკლესიაში არ დადიოდნენ. დედა მასწავლიდა, რომ ღმერთი ყოველთვის მაკვირდებოდა და თუ ვიცელქებდი, აუცილებლად დამსჯიდა. ამის გამო ღმერთის მეშინოდა; თუმცა ბიბლია ძალიან მაინტერესებდა. შაბათ-კვირაობით დეიდა გვსტუმრობდა ხოლმე და უამრავ საინტერესო ბიბლიურ ისტორიას მიყვებოდა. ერთი სული მქონდა, კიდევ როდის მოვიდოდა.
როცა მოზარდი ვიყავი, მამაჩემი კითხულობდა წიგნებს, რომლებსაც ერთი ხანდაზმული იეჰოვას მოწმე აძლევდა დედას. ამ ქრისტიანულმა პუბლიკაციებმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ერთი ასეთი შესწავლის დროს მამამ დამინახა, რომ ჩუმად ვუსმენდი და მითხრა, დასაძინებლად წავსულიყავი. მაგრამ ძმამ, რომელიც შესწავლას ატარებდა, მამას შესთავაზა, მეც დავსწრებოდი განხილვას. აქედან იწყება ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი და ჭეშმარიტ ღმერთ იეჰოვასთან ჩემი მეგობრობა.
მე და მამამ მალევე დავიწყეთ ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება. ნასწავლმა აღძრა მამა, ცხოვრებაში ცვლილებები მოეხდინა. მან საკუთარი ემოციების გაკონტროლებაც კი ისწავლა. ამის შემხედვარე, დედამ და უფროსმა ძმამ, ფრანკმაც, დაიწყეს შეხვედრებზე სიარული. * ოთხივე სულიერად გავიზარდეთ და, საბოლოოდ, იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლეთ. მას შემდეგ მრავალმა ასაკოვანმა და-ძმამ დადებითი გავლენა იქონია ჩემი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.
„პროფესიას“ ვირჩევ
მოზარდობისას კრების ასაკოვან წევრებს დავუმეგობრდი. ერთ-ერთი იყო მოხუცი და, ალის პლეისი, პირველი იეჰოვას მოწმე, რომელიც ჩვენს სახლში მოვიდა. ის ჩემთვის ბებიასავით გახდა. ალისი მასწავლიდა ქადაგებას და აღმძრავდა, მიზნად დამესახა იეჰოვასთვის თავის მიძღვნა. 15 წლის ასაკში ამ მიზანს მივაღწიე და მოვინათლე.
ასევე დავუახლოვდი ხანშიშესულ წყვილს პერს და მაჯ [მარგარეტ] დანამებს. მათთან ურთიერთობამ ჩემს მომავალზე უდიდესი გავლენა იქონია. სანამ მათ გავიცნობდი, მინდოდა, მათემატიკის მასწავლებელი გავმხდარიყავი, რადგან ძალიან მიყვარდა ეს საგანი. 1930-იან წლებში პერსი და მაჯი ლატვიაში მისიონერებად მსახურობდნენ. როდესაც ევროპაში
II მსოფლიო ომი დაიწყო, ისინი სიდნეის გარეუბანში მდებარე ავსტრალიის ბეთელში მიიწვიეს. პერსი და მაჯი ჩემ მიმართ დიდ ყურადღებას ავლენდნენ. ისინი ჰყვებოდნენ ბევრ საინტერესო შემთხვევას, რომლებიც მისიონერული მსახურებისას ჰქონდათ. მივხვდი, რომ სხვებისთვის ბიბლიის სწავლა უფრო დიდ სიხარულს მომანიჭებდა, ვიდრე — მათემატიკის. ასე რომ, მისიონერად მსახურება გადავწყვიტე.დანამებმა მირჩიეს, რომ თუ მისიონერად მსახურება მინდოდა, ჯერ პიონერობა უნდა დამეწყო. მათი რჩევა გავითვალისწინე და 1948 წელს 16 წლის ასაკში ჰარსტვილში (სიდნეი) ჩემი კრების 10 ახალგაზრდა პიონერს შევუერთდი.
მომდევნო 4 წლის მანძილზე ახალ სამხრეთ უელსისა და კუინზლენდის ოთხ ქალაქში პიონერად ვმსახურობდი. ჩემი პირველი ბიბლიის შემსწავლელი იყო ბეტი ლო (ამჟამად რემნანტი). ბეტი 2 წლით უფროსი იყო ჩემზე. ის ძალიან ყურადღებიანი იყო. მოგვიანებით ბეტი ჩემთან ერთად მსახურობდა პიონერად ქალაქ კაურაში, რომელიც სიდნეის დასავლეთით 230 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ხანს ვიმსახურეთ ერთად, ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ.
მალე სპეციალურ პიონერად დავინიშნე კაურადან სამხრეთ-დასავლეთით 220 კილომეტრში მდებარე ქალაქ ნარანდერაში. ჩემი ახალი პარტნიორი ენთუზიაზმით აღსავსე პიონერი და ჯოი ლენოქსი (ამჟამად ჰანტერი) გახდა. ისიც 2 წლით უფროსი იყო ჩემზე. ქალაქში მარტო ჩვენ ვიყავით მოწმეები. მე და ჯოი ქირით სტუმართმოყვარე რეი და ესთერ აირონებთან ვცხოვრობდით. მათ ჰყავდათ ერთი ვაჟი და სამი ქალიშვილი. მთელი ოჯახი ბიბლიას სწავლობდა. კვირის განმავლობაში რეი და მისი ვაჟი ქალაქგარეთ ცხვარს უვლიდნენ და ხორბლის ყანაში მუშაობდნენ, ხოლო ესთერი გოგონებთან ერთად საოჯახო სასტუმროს საქმეებს უძღვებოდა. კვირაობით მე და ჯოი სადილს ვამზადებდით მთელი აირონების ოჯახისთვის და მათი 12 მუდამ მშიერი მდგმურისთვის, რომლებიც რკინიგზაზე მუშაობდნენ. ასეთი სახით ქირის ნაწილს ვფარავდით. სახლის დალაგების შემდეგ აირონების ოჯახთან „გემრიელი სულიერი სადილი“ — ყოველკვირეული „საგუშაგო კოშკის“ განხილვა გვქონდა. რეი, ესთერი და მათი ოთხივე შვილი მოინათლნენ და ნარანდერას კრების პირველი წევრები გახდნენ.
1951 წელს სიდნეიში იეჰოვას მოწმეების კონგრესი ჩატარდა. იქ დავესწარი მისიონერად მსახურების მსურველ პიონერებისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეხვედრას. შეხვედრა დიდ კარავში ჩატარდა, რომელსაც 300-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ნეითან ნორი, რომელიც ბრუკლინის ბეთელში მსახურობდა, გვესაუბრა იმაზე, თუ რამდენად აუცილებელი იყო სასიხარულო ცნობის ქადაგება დედამიწის ყველა კუთხე-კუნჭულში. ვცდილობდით, მისი არც ერთი სიტყვა არ გამოგვრჩენოდა. მოგვიანებით ბევრმა იქ დამსწრე პიონერმა ქადაგება დაიწყო წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში და სხვა ქვეყნებში. სიხარულისგან ცას ვეწიე, როცა 16 ავსტრალიელ და-ძმასთან ერთად 1952 წელს სკოლა „გალაადის“ მე-19 კლასში მიმიწვიეს. 20 წლის ასაკში ჩემს ოცნებას, გავმხდარიყავი მისიონერი, ფრთები შეესხა.
მჭირდებოდა აზროვნების შეცვლა
სკოლა „გალაადში“ მიღებულმა დასწავლებამ და და-ძმებთან ურთიერთობამ არა მარტო ბიბლიური ცოდნა გამიღრმავა და რწმენა განმიმტკიცა, არამედ ჩემს პიროვნებაზეც მოახდინა გავლენა. ახალგაზრდა და მაქსიმალისტი ვიყავი, ამიტომ სრულყოფილებას ვითხოვდი საკუთარი თავისგანაც და სხვებისგანაც. ძალიან მკაცრად ვუყურებდი ზოგიერთ საკითხს. მაგალითად, გავოგნდი, როცა დავინახე, როგორ თამაშობდა ძმა ნორი ბურთით ახალგაზრდა ბეთელელებთან.
„გალაადის“ გამოცდილი და გამჭრიახი მასწავლებლები ხედავდნენ, რომ ასეთი პრობლემა მქონდა. ისინი ყურადღებას ავლენდნენ ჩემ მიმართ და აზროვნების
შეცვლაში მეხმარებოდნენ. თანდათანობით ვხვდებოდი, რომ იეჰოვა მოსიყვარულე და მადლიერი ღმერთი იყო და არა მკაცრი და ზედმეტად მომთხოვნი. აზროვნების შეცვლაში კლასელებიც მეხმარებოდნენ. მახსენდება ერთ-ერთი დის ნათქვამი: „ელვა, იეჰოვა ჩვენ გამოსასწორებლად მათრახს არ იყენებს. ნუ ხარ ასეთი მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ“. მისი გულწრფელი სიტყვები ჩემს გულს შეეხო.სკოლა „გალაადის“ დამთავრების შემდეგ მე და ჩემი 4 კლასელი ნამიბიაში (აფრიკა) დაგვნიშნეს. მალე 80 ბიბლიის შესწავლას ვატარებდით. ნამიბია და მისიონერული მსახურება ძალიან შემიყვარდა, მაგრამ ჩემი გული ერთმა „გალაადელმა“ კლასელმა მოიგო, რომელიც შვეიცარიაში სარაიონო ზედამხედველად დანიშნეს; ამიტომ ნამიბიაში ერთი წელი ვიმსახურე და შემდეგ შვეიცარიაში ჩემს საქმროსთან გავემგზავრე. ჩვენ დავქორწინდით და უკვე ერთად ვინახულებდით კრებებს.
მძიმე განსაცდელის პირისპირ
5 წელი დავყავით სარაიონო მსახურებაში, რამაც უდიდესი სიხარული მოგვანიჭა. ამის შემდეგ შვეიცარიის ბეთელში მიგვიწვიეს. ძალიან მიხაროდა, რომ ბეთელში ურთიერთობა მქონდა უამრავ მოწიფულ და ასაკოვან და-ძმასთან.
ცოტა ხანში საშინელი რამ დამატყდა თავს. გავიგე, რომ ქმარმა მეც მიღალატა და იეჰოვასაც. მან მიმატოვა. განადგურებული და სასოწარკვეთილი ვიყავი. ჩემი ძვირფასი, ასაკოვანი მეგობრების მხარდაჭერისა და სიყვარულის გარეშე ამას ვერ გადავიტანდი. ისინი მისმენდნენ, როცა ლაპარაკი მჭირდებოდა; დასვენების საშუალებას მაძლევდნენ, როცა დასვენება მჭირდებოდა. მათი მანუგეშებელი სიტყვები და კარგი საქმეები გამოუთქმელი ტკივილის ატანაში მეხმარებოდა და იეჰოვასთან მაახლოებდა.
მახსენდება წლების წინ ნათქვამი იმ ხანდაზმული თანაქრისტიანების სიტყვები, რომლებიც განსაცდელებმა გააძლიერეს. ერთ-ერთი იყო მაჯ დანამი, რომელმაც მითხრა: „ელვა, იეჰოვას მსახურების დროს ბევრ განსაცდელს შეხვდები, მაგრამ ყველაზე დიდი განსაცდელი შეიძლება ყველაზე ახლობელი ადამიანისგან შეგხვდეს. ასეთ დროს ღმერთს უნდა დაუახლოვდე. გახსოვდეს, შენ იეჰოვას ემსახურები და არა არასრულყოფილ ადამიანებს“. მაჯის რჩევა არაერთხელ დამხმარებია შავბნელი დღეების დროს. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ქმრის შეცდომების გამო არ დავშორებოდი იეჰოვას.
ცოტა ხანში ავსტრალიაში დაბრუნება გადავწყვიტე, რათა ოჯახთან ახლოს ვყოფილიყავი და პიონერად მემსახურა. გემით ხანგრძლივი მგზავრობის დროს მგზავრებთან არაერთხელ ვისაუბრე ბიბლიურ თემებზე. მათ შორის იყო ერთი მშვიდი ნორვეგიელი კაცი, სახელად არნი ჯერდი, რომელსაც ძალიან მოეწონა ბიბლიური ჭეშმარიტება. არნი მოგვიანებით სიდნეიში გვესტუმრა. ის მალევე გაიზარდა სულიერად და მოინათლა. 1963 წელს მე და არნი შევუღლდით და ორი წლის შემდეგ შეგვეძინა ვაჟი, რომელსაც გარი დავარქვით.
კიდევ ერთი განსაცდელი
ჩვენ ბედნიერი ოჯახი გვქონდა. არნიმ სახლი გააფართოვა, რათა ჩემს ასაკოვან მშობლებს ჩვენთან ერთად ეცხოვრათ. მაგრამ დაქორწინებიდან 6 წლის შემდეგ მძიმე განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით. ჩემს მეუღლეს ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. არნის სხივური თერაპიის ხანგრძლივი კურსი დაუნიშნეს. ამ ხნის განმავლობაში ყოველდღე ვაკითხავდი სავადმყოფოში. ცოტა ხნით მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მალე ისევ ცუდად გახდა და ინსულტი
დაემართა. მითხრეს, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირას იცოცხლებდა. თუმცა არნი გადარჩა და გარკვეული პერიოდის შემდეგ ის სახლში წამოვიყვანეთ. მასზე მე ვზრუნავდი. ცოტა რომ გამოკეთდა, სიარული ისევ დაიწყო და კვლავ განაგრძო უხუცესად მსახურება. მისი დადებითი განწყობა და იუმორის გრძნობა დაეხმარა მას გამოჯანმრთელებაში და მეც გამიადვილა მისი მოვლა.წლების შემდეგ, 1986 წელს, არნის ჯანმრთელობა კვლავ გაუარესდა. ჩემი მშობლები უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები და ჩვენს მეგობრებთან ახლოს, სიდნეის მახლობლად ქალაქ ლურჯ მთებში გადავედით საცხოვრებლად. მოგვიანებით გარიმ შესანიშნავი და მოიყვანა ცოლად. მათ შემოგვთავაზეს, ყველას ერთად გვეცხოვრა. მალე ახალ სახლში გადავედით. ის რამდენიმე ქუჩით იყო დაშორებული იმ სახლიდან, რომელშიც მე და არნი ვცხოვრობდით.
არნი ბოლო წელიწად-ნახევარი ლოგინად იყო ჩავარდნილი და გამუდმებულ მოვლას საჭიროებდა. ვინაიდან უმეტესწილად სახლიდან ვერ გავდიოდი, ყოველდღე ორ-ორ საათს ვუთმობდი ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების შესწავლას. ასეთი შესწავლების დროს ვიპოვე არაერთი ბრძნული რჩევა, რომლებიც დამეხმარა ჩემს სიტუაციასთან გამკლავებაში. ასევე გამამხნევებელი იყო კრების ხანდაზმული წევრების სტუმრობა; ზოგიერთ მათგანს მსგავსი განსაცდელები ჰქონდა გადატანილი. ეს ძვირფასი და-ძმები ნამდვილად მაძლიერებდნენ. 2003 წლის აპრილში არნი გარდაიცვალა. მას მკვდრეთით აღდგომის მტკიცე იმედი ჰქონდა.
ყველაზე დიდი მხარდამჭერი
ახალგაზრდობაში მაქსიმალისტი ვიყავი. მაგრამ მივხვდი, რომ ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა. ცხოვრებაში ბევრი კურთხევა მქონდა; თუმცა ორი დიდი ტრაგედია გადავიტანე — ერთმა მეუღლემ მიღალატა და მეორე ავადმყოფობის გამო დამეღუპა. ამ მძიმე დროს ნუგეშსა და ხელმძღვანელობას სხვადასხვა წყაროდან ვიღებდი. მაგრამ დღემდე ჩემი ყველაზე დიდი მხარდამჭერი, „ძველი დღეთა“, იეჰოვა ღმერთია (დან. 7:9). მისმა რჩევებმა ჩემი პიროვნება გამოძერწა; ამან საშუალება მომცა, განმეცადა სიხარული, რომელიც მისიონერულ მსახურებას მოაქვს. პრობლემების დროს იეჰოვას „სიკეთემ გამამაგრა . . . [მისმა] ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმ. 94:18, 19). სიყვარული და მხარდაჭერა არ მაკლდა ოჯახისგან და „გაჭირვებისთვის დაბადებული“ მეგობრებისგან (იგავ. 17:17). მათგან მრავალი ბრძენი, ასაკოვანი და-ძმა იყო.
ერთხელ იობმა იკითხა: „განა სიბრძნე მოხუცებს არა აქვთ, და გაგების უნარი — დღეთა სიმრავლეს?!“ (იობ. 12:12). როცა წარსულს ვიხსენებ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს მართლაც ასეა. ასაკოვანი და ბრძენი ადამიანების რჩევები ძალიან დამეხმარა. მათი ნუგეში მაძლიერებდა და მათი მეგობრობა ალამაზებდა ჩემს ცხოვრებას. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ადამიანებთან მქონდა ურთიერთობა.
ახლა თავად მეც ასაკოვანი ვარ; უკვე 80 წელი შემისრულდა. ცხოვრებაში გადატანილმა უფრო ყურადღებიანი გამხადა სხვა ხანდაზმულების მიმართ. დღემდე მსიამოვნებს მათთან სტუმრობა და მათი დახმარება. მაგრამ ახალგაზრდებთან ურთიერთობაც მიყვარს. მათი ენერგია ძალებს მმატებს და მათი ენთუზიაზმი გადამდებია. ძალიან მიხარია, როდესაც ახალგაზრდები რჩევისთვის მომმართავენ ან ჩემი მხარდაჭერა სჭირდებათ.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 ელვას ძმა ფრანკ ლამბერტი ავსტრალიის მივარდნილ ადგილებში პიონერად მსახურობდა. მისი გასაოცარი სამქადაგებლო მოგზაურობების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ 1983 წლის „იეჰოვას მოწმეების წელიწდეულში“, გვერდები 110—112 (ინგლ.).
[სურათი 14 გვერდზე]
პიონერად ვმსახურობ ჯოი ლენოქსთან ერთად ნარანდერაში
[სურათი 15 გვერდზე]
ელვა შვეიცარიის ბეთელის ოჯახის წევრებთან ერთად, 1960 წელი
[სურათი 16 გვერდზე]
ვუვლი არნის ავადმყოფობის დროს