არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიენდეთ იეჰოვას — „დროებისა და ვადების ღმერთს“

მიენდეთ იეჰოვას — „დროებისა და ვადების ღმერთს“

მიენდეთ იეჰოვას — „დროებისა და ვადების ღმერთს“

„ის ცვლის დროებსა და ვადებს, ამხობს და აღაზევებს მეფეებს“ (დან. 2:21).

როგორ უპასუხებთ?

როგორ ცხადყოფს შემოქმედება და შესრულებული წინასწარმეტყველებები, რომ იეჰოვა დროის დიდებული განმგებელია?

რისკენ აღგვძრავს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა „დროებისა და ვადების“ ღმერთია?

რატომ არ არის დამოკიდებული ღვთის მიერ დადგენილი დრო მსოფლიო მოვლენებსა თუ ადამიანთა გეგმებზე?

1, 2. საიდან ჩანს, რომ იეჰოვამ ყველაფერი იცის დროის შესახებ?

იეჰოვა ღმერთმა ადამიანის შექმნამდე დიდი ხნით ადრე ჩაუყარა საფუძველი დროის აღრიცხვის სისტემას. მეოთხე შემოქმედებით დღეს ღმერთმა თქვა: „გამოჩნდეს მნათობები ცის სივრცეში, რომ ზღვარი დაიდოს დღესა და ღამეს შორის; ისინი იქნებიან მანიშნებლად და წელიწადის დროების, დღეებისა და წელიწადების აღმნიშვნელად“ (დაბ. 1:14, 19, 26). რა თქმა უნდა, იეჰოვას ნების თანახმად, ეს მართლაც ასე მოხდა.

2 მეცნიერები დღემდე მსჯელობენ დროის ფენომენის შესახებ. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: „დრო სამყაროს ყველაზე ამოუცნობი საიდუმლოა. არავის შეუძლია ზუსტად იმის თქმა, თუ რა არის ის“. მაგრამ იეჰოვას სრულად ესმის, თუ რა არის დრო. ის ხომ „ცის [და] . . . დედამიწის შემქმნელი და შემოქმედია“. გარდა ამისა, იეჰოვა არის ღმერთი, „რომელიც დასაწყისშივე აცხადებს დასასრულს და ძველი დროიდან იმას, რაც არ მომხდარა“ (ეს. 45:18; 46:10). მოდი, განვიხილოთ, როგორ გვიჩვენებს ღვთის ქმნილებები და შესრულებული წინასწარმეტყველებები, რომ იეჰოვა არის დროის უდიდესი განმგებელი; ეს ნამდვილად განგვიმტკიცებს რწმენას მისადმი და მისი სიტყვისადმი.

დროის განმგებლის შემოქმედება რწმენას გვინერგავს

3. რა ცხადყოფს, რომ სამყაროში ყველაფერს თავისი ზუსტი დრო აქვს?

3 სამყაროში ყველაფერი, დიდი თუ მცირე, ზუსტად მისთვის დადგენილი დროის მიხედვით მოძრაობს. ატომები უცვლელი სიხშირით ირხევა. საერთაშორისო სტანდარტების საათები, რომლებიც ატომების რხევით რეგულირდება, 80 მილიონ წელში 1 წამის ცდომილებას აჩვენებს. პლანეტებიც და ვარსკვლავებიც ზუსტად მათთვის დადგენილი დროის მიხედვით მოძრაობენ. ციური სხეულების განლაგება წელიწადის დროების დადგენისა და ნავიგაციის საშუალებას იძლეოდა. იეჰოვა, ასეთი ზუსტი „საათების“ შემქმნელი, ნამდვილად ძლევამოსილი ღმერთია და ქება-დიდებას იმსახურებს (წაიკითხეთ ესაიას 40:26).

4. როგორ მეტყველებს ბიოლოგიური საათი ღვთის სიბრძნეზე?

4 ზუსტ დროზე დაკვირვება ბიოლოგიურ სამყაროშიცაა შესაძლებელი. არაერთი მცენარისა და ცხოველის სასიცოცხლო ციკლი შინაგანი საათით იმართება. მრავალმა ფრინველმა ინსტიქტურად იცის, როდის იწყება მათი მიგრაცია (იერ. 8:7). ადამიანებსაც აქვთ შინაგანი საათი, რომელსაც 24-საათიანი დღისა და ღამის ციკლი მართავს. როდესაც მოგზაური თვითმფრინავით რამდენიმე სასაათო სარტყელს გადაუფრენს, შეიძლება დღეები დასჭირდეს მისი შინაგანი საათის დარეგულირებას. შემოქმედებაში ასახული დროის სიზუსტე იმაზე მეტყველებს, რომ „დროებისა და ვადების“ ღმერთი ძლიერი და ბრძენია (წაიკითხეთ ფსალმუნის 104:24). ნამდვილად, უდიდესი დროის განმგებელი ყოვლადბრძენი და ყოვლისშემძლეა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვას შეუძლია შეასრულოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს!

დროულად შესრულებული წინასწარმეტყველებები რწმენას გვიმტკიცებს

5. ა) მხოლოდ საიდან შეგვიძლია გავიგოთ, რა ელის კაცობრიობას? ბ) რატომ შეუძლია იეჰოვას იწინასწარმეტყველოს მოვლენებისა და მათი დროულად შესრულების შესახებ?

5 შემოქმედებიდან ვიგებთ იეჰოვას „უხილავი თვისებების“ შესახებ, მაგრამ ქმნილებებზე დაკვირვებით პასუხს ვერ მივიღებთ ისეთ მნიშვნელოვან კითხვაზე, როგორიცაა: რა მომავალი ელის კაცობრიობას? (რომ. 1:20). პასუხის მისაღებად ღვთის სიტყვას, ბიბლიას, უნდა მივმართოთ. როდესაც წმინდა წერილებს ვიკვლევთ, ვხედავთ, რომ წინასწარმეტყველებები ყოველთვის დროულად სრულდებოდა. იეჰოვას შეუძლია გააცხადოს ის, რაც ჯერ არ მომხდარა, რადგან მას მომავლის ზუსტად განსაზღვრის უნარი აქვს. უფრო მეტიც, იეჰოვას შეუძლია გავლენა იქონიოს მოვლენებზე თავისი განზრახვებისა და დადგენილი დროის თანახმად, რის წყალობითაც ბიბლიური წინასწარმეტყველებები დროულად სრულდება.

6. საიდან ჩანს, რომ იეჰოვას სურს, გავიგოთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები?

6 იეჰოვას სურს, რომ მისმა მსახურებმა გაიგონ ბიბლიაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები და სარგებლობა მიიღონ მათგან. ჩვენ მიერ დროის აღქმა განსხვავდება ღვთის მიერ დროის აღქმისგან; თუმცა, როდესაც ის ამა თუ იმ მოვლენის შესრულებას წინასწარმეტყველებს, ღმერთი ჩვენთვის გასაგებ ტერმინებს იყენებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 90:4). მაგალითად, წიგნ „გამოცხადებაში“ საუბარია ოთხ ანგელოზზე, რომლებიც „მომზადებული იყვნენ იმ საათის, დღის, თვისა და წლისთვის“; აქ მოხსენიებულია ჩვენთვის გასაგები დროის საზომი ერთეულები (გამოცხ. 9:14, 15). წინასწარმეტყველებების ზუსტად დანიშნულ დროს შესრულება, რწმენას გვიმტკიცებს „დროებისა და ვადების“ ღვთისადმი და მისი სიტყვისადმი. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.

7. როგორ ცხადყოფს იერუსალიმისა და იუდას შესახებ იერემიას წინასწარმეტყველების შესრულება, რომ იეჰოვა დროის განმგებელია?

7 გადავინაცვლოთ ძვ. წ. მე-7 საუკუნეში. „იუდას მეფე იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, მეფობის მეოთხე წელს“ დროის განმგებლის სიტყვა „გამოეცხადა იერემიას იუდას მთელ ხალხზე“ (იერ. 25:1). იეჰოვამ იერუსალიმის განადგურება და იუდეველების ბაბილონში გადასახლება იწინასწარმეტყველა. ისინი სამოცდაათი წელი იქნებოდნენ ბაბილონის მეფის მსახურები. ბაბილონელთა ჯარმა იერუსალიმი ძვ. წ. 607 წელს გაანადგურა, იუდეველები კი იუდეადან ბაბილონში გადაასახლა. მაგრამ რა უნდა მომხდარიყო 70 წლის შემდეგ? იერემიამ იწინასწარმეტყველა: «აი რას ამბობს იეჰოვა: „როცა სამოცდაათი წელი შესრულდება ბაბილონში, მაშინ მოგხედავთ და განვამტკიცებ ჩემს სასიკეთო სიტყვას და დაგაბრუნებთ ამ ადგილზე“» (იერ. 25:11, 12; 29:10). ეს წინასწარმეტყველება დროულად შესრულდა — ძვ. წ. 537 წელს, მას შემდეგ, რაც მიდიელებმა და სპარსელებმა იუდეველები ბაბილონის ტყვეობიდან გაათავისუფლეს.

8, 9. როგორ ჩანს მესიისა და ზეციერი სამეფოს დამყარების შესახებ დანიელის წინასწარმეტყველებებიდან, რომ იეჰოვა „დროებისა და ვადების“ ღმერთია?

8 განვიხილოთ სხვა წინასწარმეტყველება, რომელიც ძველ დროს მცხოვრებ ღვთის ხალხს ეხებოდა. იუდეველების ბაბილონში გადასახლებამდე ორი წლით ადრე ღმერთმა დანიელის მეშვეობით იწინასწარმეტყველა, რომ მესია გამოჩნდებოდა იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოცემიდან 483 წლის შემდეგ. მიდია-სპარსეთის მეფემ ეს ბრძანება ძვ. წ. 455 წელს გამოსცა. ზუსტად 483 წლის შემდეგ, ანუ ახ. წ. 29 წელს, ღმერთმა იესო ნაზარეთელი ნათლობისას წმინდა სულით ცხო. ამგვარად ის მესია გახდა * (ნეემ. 2:1, 5—8; დან. 9:24, 25; ლუკ. 3:1, 2, 21, 22).

9 ახლა ვნახოთ, რა არის ნაწინასწარმეტყველები ღვთის სიტყვაში სამეფოს შესახებ. ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, მესიანური სამეფო ზეცაში 1914 წელს უნდა დამყარებულიყო. ბიბლიაში მოცემულია იესოს მოსვლის ნიშანი და აღნიშნულია, რომ იმ დროს სატანა გადმოგდებული იქნებოდა ციდან, რაც დედამიწაზე დიდ უბედურებას გამოიწვევდა (მათ. 24:3—14; გამოცხ. 12:9, 12). გარდა ამისა, ბიბლია მიუთითებს ზუსტ დროზე, 1914 წელზე, როდესაც დასრულდებოდა „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ და ღვთის სამეფო ზეცაში დაიწყებდა მმართველობას (ლუკ. 21:24; დან. 4:10—17). *

10. რა მოვლენები შესრულდება მომავალში თავის დროზე?

10 როგორც იესომ იწინასწარმეტყველა, წინ „დიდი გასაჭირი“ გველის. მას მოჰყვება „ათასწლიანი მეფობა“. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ყველაფერი თავის დროზე შესრულდება. როცა იესო დედამიწაზე იყო, ამ მოვლენების შესრულების „დღე და საათი“ იეჰოვას უკვე დანიშნული ჰქონდა (მათ. 24:21, 36; გამოცხ. 20:6).

„გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო“

11. რა გავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე იმის ცოდნამ, რომ უკანასკნელ დროს ვცხოვრობთ?

11 როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იმის ცოდნამ, რომ სამეფომ მმართველობა დაიწყო და „უკანასკნელ დროს“ ვცხოვრობთ? (დან. 12:4). ბევრი ამჩნევს მსოფლიოში მდგომარეობის გაუარესებას, მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან, რომ ამით ბოლო დღეებთან დაკავშირებული ბიბლიური წინასწარმეტყველება სრულდება. ზოგი ფიქრობს, რომ ოდესღაც დედამიწაზე სიტუაცია უკიდურესად გაუარესდება, სხვები კი იმედოვნებენ, რომ ადამიანები რაღაცნაირად მიაღწევენ „მშვიდობასა და უსაფრთხოებას“ (1 თეს. 5:3). მაგრამ რის თქმა შეიძლება ჩვენზე? თუ გააზრებული გვაქვს, რომ სატანის ქვეყნიერება მალე განადგურდება, განა არ უნდა ვეცადოთ, რომ დარჩენილი დრო „დროებისა და ვადების“ ღმერთს ვემსახუროთ და სხვებს მის გაცნობაში დავეხმაროთ? (2 ტიმ. 3:1). ნამდვილად სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ ვიყენებთ ჩვენს დროს (წაიკითხეთ ეფესოელების 5:15—17).

12. რა თქვა იესომ ნოეს დღეების შესახებ და რას ვსწავლობთ აქედან?

12 „გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო“. ამ რჩევის მიყოლა ქვეყნიერებაში, სადაც უამრავი ხელის შემშლელი ფაქტორია, არც თუ ისე ადვილია. იესომ გაგვაფრთხილა: „როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“. რა ხდებოდა ნოეს დროს? ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მაშინდელი ქვეყნიერება განადგურდებოდა. ბოროტი ადამიანები მსოფლიო წარღვნას ვერ გადაურჩებოდნენ. „სიმართლის მქადაგებელი“ ნოე ერთგულად უცხადებდა თავის თანამედროვეებს ღვთის ცნობას (მათ. 24:37; 2 პეტ. 2:5). მაგრამ ისინი „ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ . . . და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“. იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე“ (მათ. 24:38, 39, 44). ჩვენ ნოეს უნდა მივბაძოთ და არა მის დროს მცხოვრებ ადამიანებს. რა დაგვეხმარება, რომ მზად ვიყოთ იმ დღისთვის?

13, 14. რა დაგვეხმარება, ვემსახუროთ ღმერთს ერთგულად კაცის ძის მოსვლამდე?

13 კაცის ძე სწორედ მაშინ მოვა, რომელ საათზეც არ ვფიქრობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა დროის განმგებელია. ღვთის მიერ დადგენილი დრო არ არის დამოკიდებული მსოფლიო მოვლენებსა თუ ადამიანთა გეგმებზე. იეჰოვა თავისი განზრახვების შესასრულებლად აკონტროლებს დროსა და მოვლენებს (წაიკითხეთ დანიელის 2:21). იგავების 21:1-ში ვკითხულობთ: „მეფის გული წყლის ნაკადებივითაა იეჰოვას ხელში; საითაც უნდა, იქით მიუშვებს“.

14 იეჰოვას შეუძლია მოვლენები ისე წარმართოს, რომ თავისი განზრახვა დროულად შესრულდეს. მსოფლიოში მრავალმა ცვლილებამ ხელი შეუწყო ამა თუ იმ წინასწარმეტყველების შესრულებას, კერძოდ, სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებას. გაიხსენეთ, რა მოჰყვა შედეგად საბჭოთა კავშირის დაშლას. ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ სულ მოკლე დროში ასეთი დიდი პოლიტიკური ცვლილებები მოხდებოდა. ამის შედეგად სასიხარულო ცნობის ქადაგება იმ ქვეყნებშიც გახდა შესაძლებელი, სადაც მანამდე აკრძალვები იყო. ამიტომ მოდი, გამოვისყიდოთ დრო და ერთგულად ვემსახუროთ „დროებისა და ვადების“ ღმერთს.

გწამდეთ, რომ იეჰოვა თავის განზრახვებს დროულად შეასრულებს

15. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ რწმენა, როდესაც ორგანიზაციაში ცვლილებები ხდება?

15 ამ ბოლო დღეებში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისთვის აუცილებელია იმის რწმენა, რომ იეჰოვა ყველაფერს დროულად შეასრულებს. მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა შეიძლება ცვლილებები გამოიწვიოს სამქადაგებლო საქმიანობაში. ორგანიზაციაში დროდადრო შეიძლება მოხდეს ცვლილებები იმ მიზნით, რომ უფრო ეფექტურად ვიქადაგოთ. თუ მათ ვითვალისწინებთ, ვავლენთ რწმენას „დროებისა და ვადების“ ღვთისადმი; ამასთანავე, ერთგულად ვმსახურობთ და ვემორჩილებით მის ძეს, „კრების თავს“ (ეფეს. 5:23).

16. რატომ არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი, რომ იეჰოვა დროულ დახმარებას აღმოგვიჩენს?

16 იეჰოვას სურს, ყოველთვის თავისუფლად მივმართოთ ლოცვით იმაში დარწმუნებულებმა, რომ მას „დროული დახმარების“ აღმოჩენა შეუძლია (ებრ. 4:16). ამით თითოეული ჩვენგანისადმი მისი უსაზღვრო სიყვარული ვლინდება (მათ. 6:8; 10:29—31). იეჰოვასადმი რწმენას გამოვავლენთ, თუ ყოველთვის მას ვთხოვთ დახმარებას და ჩვენი ლოცვებისა და ღვთის ხელმძღვანელობის თანახმად ვიმოქმედებთ. გარდა ამისა, ლოცვისას არც ჩვენი თანამორწმუნეები უნდა დაგვავიწყდეს.

17, 18. ა) რას მოიმოქმედებს იეჰოვა მალე თავისი მტრების წინააღმდეგ? ბ) რა საფრთხეს უნდა ვერიდოთ?

17 ახლა იმის დრო არ არის, „დავეჭვდეთ ურწმუნოებით“, არამედ რწმენით უნდა გავძლიერდეთ (რომ. 4:20). ღვთის მტრები — სატანა და მისი მომხრეები — ცდილობენ, შეაჩერონ საქმე, რომლის შესრულებაც იესომ თავის მიმდევრებს, მათ შორის ჩვენც, დაგვავალა (მათ. 28:19, 20). სატანის თავდასხმების მიუხედავად, ვიცით, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია, „რომელიც ყველანაირი ადამიანის, განსაკუთრებით კი ერთგულთა მხსნელია“. ღმერთმა იცის, „როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ღვთის ერთგულები“ (1 ტიმ. 4:10; 2 პეტ. 2:9).

18 მალე იეჰოვა ბოლოს მოუღებს ამ ბოროტ ქვეყნიერებას. თუმცა არ ვიცით ამის ყველა დეტალი და ზუსტი დრო, დარწმუნებული ვართ, რომ იესო ქრისტე დროულად გაავლებს მუსრს ღვთის მტრებს და იეჰოვას უზენაესობა დამტკიცდება. მართლაც დიდი შეცდომა იქნებოდა, თუ ვერ ამოვიცნობდით „დროებსა და ვადებს“, რომელშიც ვცხოვრობთ. სიფრთხილე გვმართებს, რომ არასოდეს ვიფიქროთ იმ ადამიანებივით, რომელთა აზრითაც, „ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ (1 თეს. 5:1; 2 პეტ. 3:3, 4).

მოთმინებით დაელოდეთ

19, 20. რატომ უნდა დაველოდოთ იეჰოვას?

19 ადამიანებთან დაკავშირებით იეჰოვას თავდაპირველ განზრახვაში შედიოდა ის, რომ მათ მარადიულად ესწავლათ მის და მისი ქმნილებების შესახებ. ეკლესიასტეს 3:11-ში ვკითხულობთ: „მან [იეჰოვამ] ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე. მარადიულობაც კი ჩადო მათ გულებში, რათა ადამიანებს თავიდან ბოლომდე ვერასოდეს გაეგოთ, რაც ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა“.

20 რა სასიხარულოა, რომ კაცობრიობისადმი იეჰოვას განზრახვა არასდროს შეიცვლება (მალ. 3:6). იეჰოვა არის ღმერთი, „რომელიც ცვალებად ჩრდილს არა ჰგავს“ (იაკ. 1:17). ღვთის განზრახვების შესრულების დრო არ არის დამოკიდებული დროის ათვლის ადამიანურ სისტემაზე, მაგალითად, დედამიწის ბრუნვაზე. იეჰოვა „მარადიულობის ღმერთია“ (1 ტიმ. 1:17). ამიტომ მოდი, „მოთმინებით დაველოდოთ ჩვენი ხსნის ღმერთს“ (მიქ. 7:7). მართლაც, „გამბედაობა მოიკრიბეთ და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვინც იეჰოვას ელით“ (ფსალმ. 31:24).

[სქოლიოები]

^ აბზ. 8 იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, გვერდები 186—195.

^ აბზ. 9 იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, გვერდები 94—97.

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 19 გვერდზე]

დანიელს სწამდა, რომ ღვთის წინასწარმეტყველებები შესრულდებოდა

[სურათი 21 გვერდზე]

გონივრულად იყენებთ დროს იეჰოვას ნების შესასრულებლად?