არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„მოერიდეთ ფარისევლების საფუარს“

„მოერიდეთ ფარისევლების საფუარს“

„მოერიდეთ ფარისევლების საფუარს“

იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები: „მოერიდეთ ფარისევლების საფუარს — თვალთმაქცობას“ (ლუკ. 12:1). მსგავს გაფრთხილებას ვხვდებით მათეს სახარებაშიც, სადაც იესო განსჯის ფარისევლების „სწავლებას“ (მათ. 16:12).

ბიბლია „საფუარს“ ზოგჯერ გახრწნილების სიმბოლოდ მოიხსენიებს. ეჭვგარეშეა, ფარისევლების სწავლებები და მათი აზროვნება გამხრწნელ გავლენას ახდენდა მსმენელებზე. რატომ იყო ფარისევლების სწავლება საშიში?

1 ფარისევლებს თავი მართლებად მიაჩნდათ და უბრალო ადამიანებს ზემოდან დაჰყურებდნენ.

იესოს მიერ მოყვანილ ერთ მაგალითში ხაზი ესმება იმას, რომ საკუთარი სიმართლის ძიება არ არის სწორი. მან თქვა: «ფარისეველი იდგა და გულში ლოცულობდა: „ღმერთო, გმადლობ, რომ ისეთი არა ვარ, როგორებიც სხვები — გამომძალველები, უმართლოები, მრუშები, თუნდაც ეს გადასახადების ამკრეფი. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და ყოველი ჩემი შენაძენიდან მეათედს ვიხდი“. გადასახადების ამკრეფი კი მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, თვალები ცისკენ აეპყრო, მკერდში იცემდა და ამბობდა: „ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი“» (ლუკ. 18:11—13).

იესომ მოიწონა გადასახადების ამკრეფის მიერ გამოვლენილი თავმდაბლობა და თქვა: „გეუბნებით: ეს კაცი უფრო მართალი წავიდა სახლში, ვიდრე ის [ფარისეველი], ვინაიდან ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (ლუკ. 18:14). თუმცა გადასახადების ამკრეფთ უპატიოსნო ადამიანებად თვლიდნენ, იესო მზად იყო მათ დასახმარებლად, თუ ისინი მოუსმენდნენ მას. სულ მცირე ორი მათგანი, მათე და ზაქე, მისი მიმდევრები გახდნენ.

რა უნდა გავაკეთოთ, თუ საკუთარ თავს სხვებზე უკეთესად მივიჩნევთ იმიტომ, რომ გვაქვს ღვთისგან ბოძებული უნარი, გვაკისრია გარკვეული პასუხისმგებლობები ან ვამჩნევთ სხვების სისუსტეებს? მაშინვე უნდა მოვიშოროთ ასეთი ფიქრები, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, სიყვარული არ ტრაბახობს, არ ყოყოჩობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის, უმართლობით არ ხარობს, არამედ ჭეშმარიტება ახარებს“ (1 კორ. 13:4—6).

ჩვენ ისეთივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როგორიც პავლე მოციქულს ჰქონდა. მან თქვა, რომ „ქრისტე იესო ქვეყნიერებაში ცოდვილთა სახსნელად მოვიდა“. შემდეგ დასძინა: „რომელთა შორისაც პირველი მე ვარ“ (1 ტიმ. 1:15).

კითხვები დასაფიქრებლად:

ვაღიარებ, რომ ცოდვილი ვარ და ჩემი გადარჩენა იეჰოვას წყალობაზეა დამოკიდებული? თუ ვფიქრობ, რომ სხვებზე უკეთესი ვარ, რადგან წლებია ღმერთს ვემსახურები, მაქვს პასუხისმგებლობები და განსაკუთრებული უნარი?

2 ფარისევლები ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებდნენ და უნდოდათ სხვების თვალში მართლები გამოჩენილიყვნენ. მათ საპატიო ადგილები და წოდებები უყვარდათ.

იესომ მათ შესახებ ასეთი რამ თქვა: „ყველაფერს სხვების დასანახავად აკეთებენ. იფართოებენ ფილაქტერიონებს და იგრძელებენ ტანსაცმლის ფოჩებს, უყვართ საპატიო ადგილები ვახშმებზე და წინა ადგილები სინაგოგებში, მოედნებზე რომ ესალმებიან და ხალხი რომ რაბის უწოდებს“ (მათ. 23:5—7). იესოს მათგან განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სრულყოფილი ძე იყო, ის თავმდაბლობას ავლენდა. როდესაც ერთმა კაცმა მას კარგი უწოდა, იესომ უპასუხა: „რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა“ (მარ. 10:18). სხვა შემთხვევაში იესომ ფეხები დაბანა მოწაფეებს, რითაც თავის მიმდევრებს თავმდაბლობის მაგალითი მისცა (იოან. 13:1—15).

ნამდვილი ქრისტიანი უნდა მოემსახუროს თანაქრისტიანებს (გალ. 5:13). განსაკუთრებით კი ისინი უნდა იქცეოდნენ ასე, ვისაც კრებაში ზედამხედველობა სურთ. კარგია, როცა ძმა „ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის“, მაგრამ მისი მიზანი სხვების დახმარება უნდა იყოს. ზედამხედველობა არ ნიშნავს განსაკუთრებულ მდგომარეობას ან ძალაუფლებას. ვინც ზედამხედველად მსახურობს, იესოს მსგავსად, „გულით თავმდაბალი“ უნდა იყოს (1 ტიმ. 3:1, 6; მათ. 11:29).

კითხვები დასაფიქრებლად:

კრებაში პატივისცემით მხოლოდ პასუხისმგებლობების მქონე პირებს ხომ არ ვექცევი იმ მიზნით, რომ მეც მომცემენ პასუხისმგებლობებს? იმისთვის ხომ არ ვმსახურობ, რომ სხვებმა დამინახონ და შემაქონ? ან ხომ არ ვცდილობ, სხვებზე უკეთესი გამოვჩნდე?

ფარისევლების წესები და ტრადიციები ამძიმებდა უბრალო ხალხის ცხოვრებას.

მოსეს კანონი ისრაელებს ასწავლიდა, როგორ უნდა ეცათ იეჰოვასთვის თაყვანი. მაგრამ მასში ყველაფერი დაწვრილებით არ იყო მოხსენიებული. მაგალითად, კანონით იკრძალებოდა შაბათ დღეს მუშაობა, თუმცა კონკრეტულად არ იყო ნათქვამი, რის გაკეთება იყო ნებადართული და რის არა (გამ. 20:10). ფარისევლები ფიქრობდნენ, რომ იეჰოვას კანონი არ იძლეოდა სრულ ინფორმაციას, ამიტომ კანონს მათ საკუთარი წესები და ტრადიციები დაუმატეს. იესო მოსეს კანონს იცავდა, მაგრამ უარყოფდა ფარისევლების მიერ დადგენილ წესებს (მათ. 5:17, 18; 23:23). მას კარგად ესმოდა კანონის არსი და ის, რომ აუცილებელი იყო გულმოწყალება და თანაგრძნობა. იესო კეთილად მოექცა თავის მოწაფეებს მაშინაც კი, როდესაც მისი მოლოდინი არ გაამართლეს. მაგალითად, მან სთხოვა თავის სამ მოწაფეს, არ ჩასძინებოდათ და ეფხიზლათ მისი დაპატიმრების ღამეს, მაგრამ მათ არაერთხელ ჩაეძინათ. მიუხედავად ამისა, იესომ მოწაფეებს თანაგრძნობით უთხრა: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მარ. 14:34—42).

კითხვები დასაფიქრებლად:

ხომ არ ვადგენ მკაცრ წესებს ან ხომ არ მოვითხოვ, სხვებმა ის აკეთონ, რაც პირადად მიმაჩნია სწორად? ხომ არ მოველი სხვებისგან იმაზე მეტს, ვიდრე შეუძლიათ?

იესოს სწავლება განსხვავდებოდა ფარისევლების სწავლებისგან. შენ როგორ შეგიძლია მიჰბაძო იესოს? ნებისმიერ შემთხვევაში ეცადე, მაქსიმუმი გააკეთო.

[სურათი 28 გვერდზე]

ფარისევლები ატარებდნენ ფილაქტერიონებს (მათ. 23:2, 5)

[სურათები 29 გვერდზე]

ამაყი ფარისევლებისგან განსხვავებით, თავმდაბალი უხუცესები სხვებს ემსახურებიან

[სურათი 30 გვერდზე]

ხარ იესოს მსგავსად კეთილგონიერი და ითვალისწინებ სხვების შესაძლებლობებს?