ეძებეთ „გონივრული მითითებები“
ეძებეთ „გონივრული მითითებები“
ცხოვრება მოგზაურობას ჰგავს. შეზღუდული სიბრძნის გამო ადამიანებს ხშირად არ შეუძლიათ წარმატებით მართონ თავიანთი ცხოვრება. მრავალმა „გემის მსხვრევა“ განიცადა ცხოვრების „აზვირთებულ ტალღებში“ (ფსალმ. 107:23, 27). რატომ შეიძლება შევადაროთ ცხოვრებისეული სირთულეები სახიფათო მოგზაურობას?
ძველ დროს ზღვით მგზავრობა არ იყო ადვილი, ამიტომ ბევრი რამ იყო დამოკიდებული მეზღვაურებისა და მესაჭის გამოცდილებაზე (საქ. 27:9—11). მესაჭის როლს რომ მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ, კარგად ჩანს უძველესი ნახატებიდან, სადაც მას უფრო დიდს ხატავდნენ, ვიდრე სხვებს. შუა ზღვაში რომ გასულიყვნენ, მეზღვაურები სწავლობდნენ ნავიგაციის მეთოდებს, იკვლევდნენ ვარსკვლავების განლაგებასა და ქარის მიმართულებას. ბიბლია მეზღვაურებს „ოსტატებს“ უწოდებს, რაც შეიძლება „ბრძენსაც“ ნიშნავდეს (ეზეკ. 27:8, საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა).
როგორც ძველ დროს ზღვით მგზავრობა არ იყო ადვილი, ასევე არ არის ადვილი ცხოვრება დღეს. რა დაგვეხმარება ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში?
როგორ შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ „გონივრული მითითებებით“?
მეზღვაურების მსგავსად, ცხოვრებაში ჩვენც გვჭირდება ხელმძღვანელობა. ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია ამასთან დაკავშირებით: „ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის; კაცი, რომელსაც გაგების უნარი აქვს, გონივრული მითითებით იხელმძღვანელებს“ (იგავ. 1:5, 6). „გონივრულ მითითებად“ ნათარგმნი ებრაული ფრაზით შეიძლება აღიწეროს გემის კაპიტნის მოქმედებები. მასში ასევე იგულისხმება უნარი, უხელმძღვანელო და გასცე საჭირო მითითებები.
იმისათვის, რომ გონივრული მითითებებით ვიხელმძღვანელოთ და ცხოვრებაში წარმატებული „მეზღვაური“ ვიყოთ, ძალისხმევაა საჭირო. იგავებიდან ვიგებთ, რომ უნდა შევიძინოთ „სიბრძნე“, „გაგების უნარი“ და „წვდომის უნარი“ (იგავ. 1:2—6; 2:1—9). წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება „ბოროტთა ხელმძღვანელობის“ ქვეშ აღმოვჩნდეთ და მათ არასწორი მიზნებისთვის გამოგვიყენონ. ამიტომ არ უნდა უგულებელვყოთ ღვთის ხელმძღვანელობა (იგავ. 12:5).
მნიშვნელოვანია, ვიყოთ ღვთის სიტყვის გულმოდგინე მკვლევრები. ასეთი შესწავლების დროს შეგვიძლია მივიღოთ ძვირფასი ინფორმაცია იეჰოვასა და იესოს ქრისტეს შესახებ, რომელიც საუკეთესოდ ჰბაძავდა მას (იოან. 14:9). ჩვენ უამრავ ბრძნულ რჩევას ვღებულობთ ქრისტიანულ შეხვედრებზე. გარდა ამისა, სხვებისგანაც ვსწავლობთ, მათ შორის ჩვენი მშობლებისგან (იგავ. 23:22).
წინასწარ განსაზღვრეთ
„გონივრული მითითებებით“ ხელმძღვანელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ცხოვრების „აბობოქრებულ წყლებში მივცურავთ“. როდესაც რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, ეჭვებმა იაკ. 1:5, 6).
შეიძლება უმოქმედო გაგვხადოს, რაც სავალალო შედეგებს მოგვიტანდა (აღსანიშნავია, რომ „გონივრულ მითითებად“ ნათარგმნ გამოთქმას საომარ ქმედებებთან მიმართებაშიც იყენებენ. ღვთის სიტყვაში წერია: „გონივრული მითითებით შეძლებ ბრძოლის წარმართვას; მრავალ მრჩეველს ხსნა მოაქვს“ (იგავ. 20:18; 24:6).
მხედარმთავრის მსგავსად, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ ის საფრთხეები, რომლებიც ჩვენს სულიერობას ემუქრება (იგავ. 22:3). მაგალითად, პირადი გადასაწყვეტია, დაიწყებთ ახალ სამსახურს ან დასთანხმდებით თუ არა სამსახურში დაწინაურებას. წინასწარ უნდა იფიქროთ ანაზღაურებაზე, იმ დროზე, რომელიც მგზავრობას მიაქვს და სხვა დეტალებზე. გარდა ამისა, ისეთ საკითხებზეც უნდა დაფიქრდეთ, როგორიცაა: ხომ არ ეწინააღმდეგება სამუშაო ბიბლიურ პრინციპებს? ხომ არ შემიშლის ხელს სულიერ საქმეებში სამუშაოსთვის დათმობილი დრო, მაგალითად, ცვლაში მუშაობა? (ლუკ. 14:28—30).
ერთ იეჰოვას მოწმეს, ლორეტას, კარგი სამსახური ჰქონდა. როდესაც მისი კომპანია სხვაგან გადავიდა, მას სერიოზული თანამდებობა შესთავაზეს. „ცხოვრებაში ერთხელ გაქვს ასეთი შანსი, — უთხრეს მას უფროსებმა. — სამეფო დარბაზიც იქვეა, სამსახურთან ახლოს“. მაგრამ ლორეტას ცხოვრების გამარტივება სურდა, ღვთის მსახურებაში მეტი რომ გაეკეთებინა. მას ესმოდა, რომ ახალი თანამდებობა სულიერი საქმეებისთვის ცოტა დროს დაუტოვებდა. ამიტომ ლორეტამ უარი თქვა ასეთ შემოთავაზებაზე. დირექტორი გამოუტყდა, რომ ის ერთადერთი თანამშრომელი იყო, რომლის გაშვება ნამდვილად არ უნდოდათ. ლორეტა დაახლოებით 20 წელია, რაც პიონერად მსახურობს. ის დარწმუნებულია, რომ „გონივრული მითითებებით“ ხელმძღვანელობამ ანუ ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევების გათვალისწინებამ მას კარგი შედეგები მოუტანა. ლორეტა უფრო დაუახლოვდა ღმერთს; ის აგრეთვე რამდენიმე ადამიანს ბიბლიური ჭეშმარიტების მიღებაში დაეხმარა.
„გონივრული მითითებებით“ ხელმძღვანელობა ოჯახშიც აუცილებელია. ბავშვების აღზრდა „გრძელვადიანი სამუშაოა“. სულიერ და მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით მშობლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს ოჯახის მომავალზე (იგავ. 22:6). ქრისტიანმა მშობლებმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ: ვასწავლით ჩვენი საუბრებითა და პირადი მაგალითით ბავშვებს, დაუახლოვდნენ ღმერთს, რაც მომავალში პრობლემებთან გამკლავებაში დაეხმარებოდათ? ვაჩვენებთ ჩვენი მაგალითით, როგორ იყვნენ კმაყოფილნი უბრალო ცხოვრებით და როგორ დააყენონ ქრისტიანული მსახურება პირველ ადგილზე? (1 ტიმ. 6:6—10, 18, 19).
დღეს ქვეყნიერებაში ხშირად ისახავენ მიზნად გამდიდრებას ან საზოგადოებაში გარკვეული ადგილის დამკვიდრებას, მაგრამ ნამდვილი წარმატება ამით არ განისაზღვრება. სოლომონს ეს კარგად ესმოდა და ღვთივშთაგონებით ასეთი რამ დაწერა: „ჭეშმარიტი ღვთის მოშიშებს ხელი მოემართებათ, რადგან მისი შიში აქვთ“ (ეკლ. 8:12). ეს ამტკიცებს იმას, რომ უნდა ვიხელმძღვანელოთ „გონივრული მითითებებით“, რომლებიც დაფუძნებულია ღვთის სიტყვაზე და არ ეწინააღმდეგება მას (2 ტიმ. 3:16, 17).
[სურათი 30 გვერდზე]
მესაჭეს შედარებით დიდს ხატავდნენ, რითაც მის განსაკუთრებულ როლს ესმებოდა ხაზი
[საავტორო უფლება]
Su concessione del Ministero per i Beni e le Attività Culturali. It is forbidden to reproduce or duplicate this image in any way or by any means.