არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც წმინდა მსახურებამ გვასწავლა

მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც წმინდა მსახურებამ გვასწავლა

მოგვითხრო ოლივიე რანდრიამორამ

„ხელმოკლეობაში ცხოვრებაც ვიცი და სიუხვეში ცხოვრებაც. ყველაფერში და ყველა ვითარებაში ვისწავლე, რა არის სიმაძღრე და შიმშილი . . . ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:12, 13).

მოციქულ პავლეს ეს სიტყვები არაერთი წელია, რაც გვამხნევებს მე და ჩემს მეუღლეს, ოლის. პავლეს მსგავსად, ჩვენც ვისწავლეთ იეჰოვაზე სრულად მინდობა მადაგასკარზე მსახურების დროს.

როდესაც 1982 წელს იეჰოვას მოწმეებმა ოლის დედასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს, მე და ოლი დანიშნული ვიყავით. ბიბლიის შესწავლაზე მეც დავთანხმდი, შემდეგ ოლი შემოგვიერთდა. 1983 წელს დავქორწინდით, 1985-ში კი მოვინათლეთ. მაშინვე დავიწყეთ დამხმარე პიონერად მსახურება, ხოლო 1986 წლის ივლისში პიონერები გავხდით.

1987 წლის სექტემბრიდან სპეციალურ პიონერებად დავინიშნეთ. თავდაპირველად, მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთით ერთ პატარა ქალაქში ვმსახურობდით, სადაც კრება არ იყო. მადაგასკარზე 18 ძირითადი ეთნიკური ჯგუფის გარდა უამრავი ტომი ცხოვრობს, რომელთა ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ოფიციალური ენა მალაგასიურია, თუმცა სხვადასხვა დიალექტზეც საუბრობენ. ასე რომ, დავიწყეთ იმ დიალექტის შესწავლა, რომელზეც ჩვენს ქალაქში საუბრობდნენ. ამის წყალობით მოსახლეობა უცხოებად აღარ გვთვლიდა.

თავიდან ყოველკვირა მქონდა საჯარო მოხსენება, რომლის შემდეგ მხოლოდ ოლი უკრავდა ტაშს, ვინაიდან კრების შეხვედრებს ჩვენ გარდა არავინ ესწრებოდა. ასევე ვატარებდით თეოკრატიული მსახურების სკოლას, სადაც ოლი წარმოსახვით მობინადრეს ესაუბრებოდა. შვება ვიგრძენით, როცა სარაიონო ზედამხედველმა მოგვინახულა და გულთბილად გვირჩია, ცვლილებები მოგვეხდინა კრების შეხვედრებში.

ვინაიდან ფოსტა ცუდად მუშაობდა, ყოველთვიურ შემწეობას რეგულარულად ვერ ვღებულობდით. ამგვარად ვისწავლეთ ხელმოკლეობაში ცხოვრება. ერთხელ საკმარისი თანხა არ გვქონდა, ავტობუსით რომ წავსულიყავით სარაიონო კონგრესზე, რომელიც 130 კილომეტრის მოშორებით ტარდებოდა. გაგვახსენდა ერთი თანაქრისტიანის მიერ მოცემული კარგი რჩევა: „უთხარი იეჰოვას შენი პრობლემები და დანარჩენს ის მიხედავს“. ჩვენ ვილოცეთ და ფეხით წასვლა გადავწყვიტეთ. მაგრამ წასვლამდე მოულოდნელად ერთი ძმა გვესტუმრა და ზუსტად იმდენი თანხა გვაჩუქა, რამდენიც მგზავრობის ხარჯებს სრულად დაფარავდა.

სარაიონო მსახურება

1991 წლის თებერვალში სარაიონო ზედამხედველად დავინიშნე. იმ დროისთვის ჩვენს პატარა ჯგუფში უკვე 3 მონათლული და 6 მოუნათლავი მაუწყებელი იყო და კრების შეხვედრებს საშუალოდ 50 ადამიანი ესწრებოდა. მომზადების შემდეგ ჩვენ დედაქალაქში ანტანანარივუში ვმსახურობდით. 1993 წელს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაგვნიშნეს. აქ საცხოვრებელი პირობები ძალიან განსხვავებული იყო.

კრებებამდე ან ჯგუფებამდე მისასვლელად ხანდახან ფეხით 145 კილომეტრის გავლა გვიწევდა და გზის უმეტესობა ტყით დაბურულ მთებზე გადიოდა. ვცდილობდით, რაც შეიძლება ცოტა ტვირთი წაგვეღო. იმ წლებში ზოგჯერ სარაიონო ზედამხედველის მოხსენება სლაიდების ჩვენებას მოითხოვდა. რა თქმა უნდა, ამ დროს ტვირთი ბევრად უფრო მძიმე იყო. ოლის სლაიდების პროექტორი მიჰქონდა, მე კი — მანქანის 12-ვოლტიანი აკუმულატორი.

მომდევნო კრება რომ მოგვენახულებინა, დღეში ხშირად 40 კილომეტრიც გაგვივლია. ჩვენ გვიწევდა უსწორმასწორო მთის ბილიკების ტკეპნა, ტალახიან გზებზე სიარული და მდინარეების გადალახვა. დროდადრო ღია ცის ქვეშ გვეძინა, მაგრამ ვცდილობდით, რომელიმე სოფელში თავშესაფარი გვეპოვა. ხანდახან სრულიად უცხოებს ღამის გასათევს ვთხოვდით. როგორც კი დავბინავდებოდით, სადილზე ვიწყებდით ფიქრს. ოლი თხოულობდა ქვაბს და მდინარეზე მიდიოდა წყლის მოსატანად. ამასობაში მე ნაჯახს ვთხოულობდი, რომ საჭმლის მოსამზადებლად შეშა დამეჩეხა. ყველაფერს დრო მიჰქონდა. ზოგჯერ ცოცხალ ქათამს ვყიდულობდით, ვკლავდით და ვასუფთავებდით.

სადილის შემდეგ დასაბანად წყალი მოგვქონდა. ხანდახან ღამეს სამზარეულოში ვათევდით. გარეთ რომ წვიმდა, ოთახშიც წვიმდა, ამიტომ კედელს ვეკვროდით და ისე გვეძინა.

ყოველთვის ვცდილობდით, დაგვემოწმებინა ჩვენი მასპინძლებისთვის. როცა დანიშნულების ადგილას მივიდოდით, ჩვენი ქრისტიანი და-ძმების სიკეთე და სტუმართმოყვარეობა ყველანაირ მოლოდინს აჭარბებდა. მათი გულწრფელი მადლიერება გვავიწყებდა გზაზე გადატანილ სირთულეებს.

როდესაც თანაქრისტიანებთან ვრჩებოდით, მათ სიხარულით ვეხმარებოდით საოჯახო საქმეების კეთებაში, რომ მსახურებისთვის დრო დარჩენოდათ. ჩვენი მასპინძლებისგან არ მოველოდით ფუფუნებასა და განსაკუთრებულ საკვებს, ვინაიდან ვიცოდით, რომ მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ.

ჯგუფების მონახულება

გვსიამოვნებდა ჯგუფების მონახულება, სადაც ძმები წინასწარ მთელი კვირის მსახურებას გვიგეგმავდნენ. დასვენების დრო თითქმის არ გვქონდა (მარ. 6:31). ერთხელ ერთმა წყვილმა 40 ბიბლიის შემსწავლელი დაპატიჟა თავის სახლში, რათა ჩვენთან ერთად ჩაეტარებინათ შესწავლები. ოლიმ 20-მდე შესწავლა ჩაატარა დასთან ერთად, ხოლო დანარჩენი მე ძმასთან ერთად ჩავატარე. ერთ შესწავლას რომ დავასრულებდით, მაშინვე მეორეს ვიწყებდით. მოგვიანებით ცოტა შევისვენეთ, რათა კრების შეხვედრა ჩაგვეტარებინა; კრების შემდეგ კვლავ განვაგრძეთ ბიბლიის შესწავლები. ჩვენი შესწავლების „მარათონი“ საღამოს 8-ის შემდეგ დასრულდა.

შემდეგ სხვა ჯგუფი მოვინახულეთ. დაახლოებით დილის 8 საათისთვის ჯგუფის წევრებთან ერთად დავადექით მეზობელ სოფლისკენ მიმავალ გზას. ყველას ძველი ტანსაცმელი გვეცვა. ტყეზე გამავალი გრძელი გზის გავლის შემდეგ დანიშნულების ადგილას შუადღისთვის ჩავედით. გამოვიცვალეთ ტანსაცმელი და მაშინვე კარდაკარ ქადაგება დავიწყეთ. მოსახლეობა ცოტა იყო, მქადაგებლები კი — ბევრი. ასე რომ, დაახლოებით 30 წუთში დავამუშავეთ ტერიტორია. შემდეგ მეზობელ სოფელს შევესიეთ. ქადაგების მერე სახლისკენ მიმავალი გრძელი გზა გველოდა. ტერიტორიაზე მისასვლელად დიდი დრო და ძალისხმევა დაგვჭირდა, მაგრამ ქადაგება მხოლოდ ერთი საათი გამოგვივიდა; თავიდან ამის გამო გულგატეხილი ვიყავით, მაგრამ ადგილობრივი მოწმეები არასდროს გამოხატავდნენ უკმაყოფილებას. ისინი ყოველთვის სიხარულს ინარჩუნებდნენ.

ტავირანამბოში ერთი ჯგუფი თითქმის მთის წვერზე მდებარეობდა. იქ ერთი მოწმის ოჯახი ვიპოვეთ, რომელიც ერთოთახიან სახლში ცხოვრობდა. იქვე იყო პატარა შენობა, სადაც კრების შეხვედრები ტარდებოდა. უცებ ჩვენმა მასპინძელმა მთელი ხმით დაიძახა: „ძმებო!“. მეორე მთიდან პასუხი გაისმა: „ჰოო!“. მასპინძელმა გასძახა: „სარაიონო მოვიდა!“. იქიდან უპასუხეს: „რა კარგია!“. ჩვენი ჩასვლის შესახებ მათაც კი გაიგეს, ვინც შორს ცხოვრობდა. მალე ხალხი შეიკრიბა და შეხვედრას 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო.

სირთულეები მგზავრობის დროს

1996 წელს ანტანანარივუსთან ახლოს ცენტრალურ მთიან რეგიონში დაგვნიშნეს. ახალ რაიონშიც თავისებური სირთულეები იყო. დაშორებულ ტერიტორიებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადიოდა. ჩვენ ვაპირებდით, მოგვენახულებინა ანტანანარივუდან 240 კილომეტრში მდებარე ბეანკანას ჯგუფი (ბესაკე). მძღოლს მოველაპარაკეთ და პატარა სატვირთო მანქანაზე ავძვერით, სადაც დაახლოებით 30 მგზავრი იყო. ზოგი მანქანის სახურავზე იწვა, ზოგი კი უკან იყო ჩამოკიდებული.

როგორც ხშირად ხდებოდა ხოლმე, ჩვენი მანქანაც გაფუჭდა და ფეხით მოგვიწია წასვლა. რამდენიმე საათის შემდეგ დიდი სატვირთო მანქანა წამოგვეწია. ის გადატენილი იყო ხალხითა და ნივთებით, მაგრამ მძღოლმა მაინც გაგვიჩერა. ჩვენ მხოლოდ „ფეხზე დგომის ბილეთი“ შეგვხვდა. მალე მდინარეს მივადექით, მაგრამ ხიდის შეკეთება მიმდინარეობდა. კვლავ ფეხით მოგვიწია გზის გაგრძელება და, როგორც იქნა, მივადექით პატარა სოფელს, სადაც რამდენიმე სპეციალური პიონერი ცხოვრობდა. თუმცა იქ მონახულება არ გვქონდა დაგეგმილი, მათთან ერთად დავიწყეთ ქადაგება, სანამ ხიდს შეაკეთებდნენ ან სხვა ტრანსპორტი გამოჩნდებოდა.

გამგზავრება მხოლოდ ერთ კვირაში შევძელით. საშინლად დანგრეული გზა იყო. ხშირად გვიწევდა მუხლამდე წყალში დგომა და სატვირთო მანქანის მიწოლა, მაგრამ ის ყოველთვის არ იქოქებოდა. დილაუთენია მივადექით ერთ პატარა სოფელს. მთავარი გზიდან გადავუხვიეთ და გზა ფეხით გავაგრძელეთ; დანიშნულების ადგილამდე რომ მივსულიყავით, ბრინჯის ყანებში წელამდე წყალში მოგვიწია სიარული.

ვინაიდან აქ პირველად ვიყავით, გადავწყვიტეთ, ბრინჯის ყანებში მომუშავეებთან გვექადაგა და თან ვკითხულობდით, როგორ მივსულიყავით ადგილობრივ მოწმეებთან. უზომოდ გავიხარეთ, როცა გავიგეთ, რომ ზოგიერთი იქ მომუშავე ჩვენი სულიერი ძმა აღმოჩნდა.

სხვებს სრული დროით მსახურებისკენ აღვძრავთ

წლების მანძილზე ბევრს ვურჩევდით, რომ სრული დროით მსახურება დაეწყოთ. ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ჩვენს ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ერთ კრებაში 9 პიონერი იყო. მონახულებისას ისინი აღვძარით, რომ თითოეული მათგანი თითო მაუწყებელს დახმარებოდა, პიონერად მსახურება დაეწყოთ. როდესაც ეს კრება 6 თვის შემდეგ მოვინახულეთ, პიონერები სოკოებივით გამრავლებულიყვნენ. იქ უკვე 22 პიონერი იყო. ორმა პიონერმა დამ თავიანთი მამები, რომლებიც უხუცესებად მსახურობდნენ, პიონერად მსახურებისკენ წაახალისეს. თავის მხრივ, ამ ძმებმა აღძრეს მესამე უხუცესი, მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო. ცოტა ხანში ეს უხუცესი სპეციალურ პიონერად დაინიშნა. მოგვიანებით მან მეუღლესთან ერთად სარაიონო ზედამხედველად დაიწყო მსახურება. როგორ აკურთხა იეჰოვამ ის ორი უხუცესი? ერთი სარაიონო ზედამხედველად მსახურობს, მეორე კი — მოხალისედ სამეფო დარბაზების მშენებლობაზე.

ჩვენ ყოველდღე ვუხდით იეჰოვას მადლობას დახმარებისთვის, ვინაიდან საკუთარი ძალებით ვერაფერს გავხდებოდით. მართალია, ხანდახან ვიღლებით და ავადაც ვხდებით, მაგრამ ბედნიერი ვართ, როცა ჩვენი მსახურების შედეგებს ვიხსენებთ. იეჰოვა მხარს უჭერს თავის საქმეს. ახლა სპეციალურ პიონერებად ვმსახურობთ და უზომოდ გვიხარია, რომ ჩვენი მცირეოდენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში. მართლაც, წმინდა მსახურებამ გვასწავლა მნიშვნელოვანი გაკვეთილი — მივენდოთ იეჰოვას, „ჩვენს გამაძლიერებელს“.

[ჩანართი 6 გვერდზე]

წმინდა მსახურებამ იეჰოვაზე მინდობა გვასწავლა

[რუკა/სურათები 4 გვერდზე]

მადაგასკარი, სიდიდით მე-4 კუნძული დედამიწაზე, უნიკალური ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა; წითელი ნიადაგის გამო მას დიდ წითელ კუნძულს უწოდებენ

[სურათი 5 გვერდზე]

ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს

[სურათები 5 გვერდზე]

მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა იყო