არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„წმინდა სულით აღძრულები“

„წმინდა სულით აღძრულები“

„წმინდა სულით აღძრულები“

„წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2 პეტ. 1:21).

კითხვები დასაფიქრებლად

როგორ მიიღეს ღვთის ცნობა ბიბლიის დამწერებმა წმინდა სულით?

რა ამტკიცებს, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული?

რას უნდა აკეთებდეთ ყოველდღიურად, რომ არ გაგინელდეთ ღვთის სიტყვისადმი მადლიერება?

1. რატომ გვჭირდება ღვთივშთაგონებული სიტყვა?

საიდან მოვედით? რატომ ვართ აქ? საით მივდივართ? რატომ არის მსოფლიო ასეთ მდგომარეობაში? რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ასეთ შეკითხვებს ადამიანები მთელ მსოფლიოში სვამენ. როგორ მივიღებთ ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს ღვთივშთაგონებული სიტყვის გარეშე? რომ არა წმინდა წერილები, ჩვენი ძირითადი მასწავლებელი საკუთარი გამოცდილება იქნებოდა. მაგრამ თუ მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას დავენდობოდით, დაგვეუფლებოდა იგივე გრძნობები, როგორიც ფსალმუნმომღერალს „იეჰოვას კანონისადმი“ ჰქონდა? (წაიკითხეთ ფსალმუნის 19:7).

2. რა დაგვეხმარება, ყოველთვის გამოვავლინოთ მადლიერება ღვთის ძვირფასი ძღვნისადმი, ბიბლიისადმი?

2 სამწუხაროდ, ბევრს გაუნელდა თავდაპირველი სიყვარული ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი (შეადარეთ გამოცხადების 2:4). მათ შეწყვიტეს ღვთისმოსაწონად ცხოვრება (ეს. 30:21). ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ასეთი რამ ჩვენც არ დაგვემართოს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, დავაფასოთ ბიბლია და მისი სწავლებები. ბიბლია არის უძვირფასესი საჩუქარი ჩვენი მოსიყვარულე შემოქმედისგან (იაკ. 1:17). რა დაგვეხმარება, გავიღრმაოთ მადლიერება ღვთის სიტყვისადმი? ამაში იმაზე ფიქრი დაგვეხმარება, თუ როგორ წერდნენ ღვთის ხელმძღვანელობით ბიბლიის დამწერები წმინდა წერილებს; ასევე იმ უამრავი მტკიცებიდან ზოგიერთის განხილვა, რომლებიც ადასტურებს, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული. ეს აღგვძრავს, ყოველდღე ვიკითხოთ ღვთის სიტყვა და გამოვიყენოთ იქ მოცემული რჩევები (ებრ. 4:12).

„წმინდა სულით აღძრულები“ — როგორ?

3. როგორ იყვნენ წინასწარმეტყველები და ბიბლიის დამწერები „წმინდა სულით აღძრულები“?

3 ბიბლიას დაახლოებით 40 მამაკაცი წერდა 1 610 წლის მანძილზე — ძვ. წ. 1513 წლიდან ახ. წ. 98 წლამდე. ზოგი მათგანი იყო „წმინდა სულით აღძრული“ წინასწარმეტყველი (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:20, 21). „აღძრულად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს, „ტარებას ან ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას“; ასევე შეიძლება ითარგმნოს, როგორც „აღძვრა, მართვა და მოქმედება“. * საქმეების 27:15 იმავე სიტყვით აღწერს ქარის მიერ გემის „გატაცებას“ და მართვას. წინასწარმეტყველები და ბიბლიის დამწერები „წმინდა სულით აღძრულები“ იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი ესაუბრებოდა მათ, აღძრავდა და ხელმძღვანელობდა თავისი მოქმედი ძალის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ისინი საკუთარ მოსაზრებებს კი არა, ღვთის აზრებს წერდნენ. ღვთის სულით შთაგონებულ წინასწარმეტყველებსა და ბიბლიის დამწერებს ზოგჯერ არც კი ესმოდათ, რას წინასწარმეტყველებდნენ და რას წერდნენ (დან. 12:8, 9). ნამდვილად, „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“ და არ შეიცავს ადამიანურ მოსაზრებებს (2 ტიმ. 3:16).

4—6. როგორ გადასცემდა იეჰოვა ინფორმაციას ბიბლიის დამწერებს? მოიყვანეთ მაგალითი.

4 როგორ იღებდნენ წმინდა სულით ბიბლიის დამწერები ღვთისგან ინფორმაციას? სიტყვასიტყვით კარნახობდა ღმერთი მათ, თუ აწვდიდა მხოლოდ აზრებს, რომლებიც შეეძლოთ საკუთარი სიტყვებით გადმოეცათ? განვიხილოთ, როგორ წერს ბიზნესმენი წერილს. როცა თითოეულ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ის თავად წერს წერილს ან კარნახობს მდივანს. ბოლოს მდივნის მიერ დაბეჭდილ წერილს ის უბრალოდ აწერს ხელს. სხვა შემთხვევაში ბიზნესმენი მდივანს აწვდის მხოლოდ ძირითად აზრებს, ის კი საკუთარი სიტყვებით წერს წერილს. ბიზნესმენი გადახედავს მას და თუ საჭიროა, შეასწორებს კიდეც. ბოლოს ხელის მოწერით ადასტურებს, რომ ამ წერილის ავტორი თავადაა.

5 მსგავსად, ბიბლიის ზოგიერთი მონაკვეთი „ღვთის თითით“ დაიწერა (გამ. 31:18). როცა მნიშვნელოვანი იყო თითოეული სიტყვა, იეჰოვა სიტყვასიტყვით კარნახობდა. მაგალითად, გამოსვლის 34:27-ში წერია: «უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ჩაიწერე ეს სიტყვები, რადგან ამ სიტყვების თანახმად ვდებ შეთანხმებას შენთან და ისრაელთან“». იეჰოვამ წინასწარმეტყველ იერემიასაც უთხრა: „წიგნში ჩაწერე ყველა ის სიტყვა, რასაც გეტყვი“ (იერ. 30:2).

6 მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, კონკრეტული სიტყვების ნაცვლად, ღმერთი ბიბლიის დამწერებს გულებსა და გონებაში სასწაულებრივად უდებდა აზრებს და ნებას რთავდა ეს აზრები საკუთარი სიტყვებით გადმოეცათ. „შემკრები ცდილობდა, ეპოვა სასიამოვნო სიტყვები და ზუსტი სიტყვებით დაეწერა ჭეშმარიტება“, — ნათქვამია ეკლესიასტეს 12:10-ში. სახარების დამწერი ლუკა კი ყველაფერს ზედმიწევნით იკვლევდა და შემდეგ ლოგიკური თანამიმდევრობით წერდა (ლუკ. 1:3). ღმერთი თავისი სულით აკონტროლებდა, რომ ადამიანთა არასრულყოფილების გამო არ დამახინჯებულიყო მისი ცნობა.

7. როგორ გამოვლინდა ღვთის სიბრძნე?

7 ღვთის უდიდესი სიბრძნე იმით გამოვლინდა, რომ მან ადამიანები გამოიყენა ბიბლიის დასაწერად. სიტყვებით არა მარტო ინფორმაცია, არამედ ემოციებიც და გრძნობებიც გადმოიცემა. რა მოხდებოდა, ბიბლიის დასაწერად ღმერთს ანგელოზები რომ გამოეყენებინა? შეძლებდნენ ისინი ზუსტად გადმოეცათ ადამიანებისთვის ჩვეული ემოციები, მაგალითად: შიში, წუხილი ან გულგატეხილობა? ღმერთმა არასრულყოფილ ადამიანებს ნება დართო, საკუთარი სიტყვებით გადმოეცათ წმინდა სულით მიღებული აზრები, რითაც ეს ცნობა უფრო თბილი, მრავალფეროვანი და გულში ჩამწვდომი გახდა.

სარწმუნო მტკიცებები

8. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ბიბლია არ ჰგავს სხვა რელიგიურ წიგნებს?

8 არსებობს უამრავი მტკიცება, რომ ბიბლია ღვთივსულიერი წიგნია. არც ერთი რელიგიური წიგნი არ გვაცნობს ღმერთს ისე, როგორც ბიბლია. მაგალითად, ინდუიზმის მიმდევრებს აქვთ ვედური ჰიმნების წიგნები, ამ ჰიმნების რიტუალური კომენტარების ნაკრები, უპანიშადებად წოდებული ფილოსოფიური ტრაქტატები და ეპიკური ისტორიები, რომლებიც ცნობილია, როგორც „რამაიანა“ და „მაჰაბჰარატა“. „ბჰაგავად-გიტა“, „მაჰაბჰარატას“ ნაწილი, შეიცავს ზნეობრივ მითითებებს. ბუდისტური „ტიპიტაკას“ („სამი კალათა“) ერთი ტომი უმთავრესად საუბრობს, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ბერებმა და მონაზვნებმა. მეორე ტომი, ძირითადად, ბუდისტურ მოძღვრებებს ეხება. მესამე ტომი კი შეიცავს ბუდას ზეპირ სწავლებებს. ბუდა თავს ღმერთად არ თვლიდა და არც ღვთის შესახებ უთქვამს ბევრი რამ. კონფუცის მიმდევრების წიგნები არის მოვლენების, ზნეობრივი ნორმების, მაგიური ფორმულებისა და სიმღერების ნაზავი. მართალია, მუსლიმანების წმინდა წიგნი ასწავლის, რომ არსებობს ერთი ყოვლისმცოდნე და წინასწარმხილველი ღმერთი, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ყველა მოვლენას, მაგრამ არაფერს ამბობს ღვთის სახელის, იეჰოვას შესახებ, რომელიც ბიბლიაში რამდენიმე ათასჯერ არის მოხსენიებული.

9, 10. რას ვსწავლობთ ღვთის შესახებ ბიბლიიდან?

9 მაშინ, როდესაც რელიგიური წიგნების უმეტესობა ღვთის შესახებ მწირ ინფორმაციას გვაწვდის, ბიბლია გვაცნობს იეჰოვა ღმერთს და მოგვითხრობს მისი საქმეების შესახებ. ის გვეხმარება, ღვთის თვისებების სხვადასხვა მხარე დავინახოთ. ბიბლიიდან არა მხოლოდ იმას ვიგებთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლე, ბრძენი და სამართლიანია, არამედ იმასაც, რომ მას ვუყვარვართ (წაიკითხეთ იოანეს 3:16; 1 იოანეს 4:19). უფრო მეტიც, ბიბლია გვეუბნება: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქ. 10:34, 35). ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ამტკიცებს ის, რომ ბიბლია ფართოდ არის გავრცელებული. ლინგვისტების აზრით, დღეს მსოფლიოში დაახლოებით 6 700 ენაზე ლაპარაკობენ; აქედან 100-მდე ენაზე მსოფლიო მოსახლეობის 90 პროცენტი საუბრობს. მიუხედავად ამისა, მთლიანად თუ ნაწილობრივ, ბიბლია 2 400-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. დღეს თითქმის ყველას მიუწვდება ხელი ბიბლიის ზოგიერთ წიგნზე მაინც.

10 იესომ თქვა: „მამაჩემი აქამდე შრომობს და მეც ვშრომობ“ (იოან. 5:17). ფსალმუნებში კი ვკითხულობთ: „მარადიულად შენა ხარ ღმერთი“ (ფსალმ. 90:2). დავფიქრდეთ ღვთის ყველა ნამოქმედარზე. მხოლოდ ბიბლია გვამცნობს, თუ რა მოიმოქმედა ღმერთმა წარსულში, რას აკეთებს ახლა და რას გააკეთებს მომავალში. წმინდა წერილებიდან აგრეთვე ვიგებთ, თუ რა მოსწონს და რა არ მოსწონს ღმერთს და გვასწავლის, როგორ დავუახლოვდეთ მას (იაკ. 4:8). მოდი, არ დავუშვათ, რომ პირადმა მიზნებმა ან პრობლემებმა ჩამოგვაშოროს ღმერთს.

11. რა უსაზღვრო სიბრძნეა მოცემული ბიბლიის ფურცლებზე?

11 ბიბლიაში მოცემული უსაზღვრო სიბრძნე იმაზე მიუთითებს, რომ მისი ავტორი ადამიანებზე ბევრად აღმატებულია. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ვინ შეიცნო იეჰოვას გონება, რომ ასწავლოს მას?“ (1 კორ. 2:16). მსგავსი შეკითხვა დაუსვა ესაიამ მის დროს მცხოვრებ ხალხს: „ვინ გაზომა იეჰოვას სული? ვის შეუძლია მრჩეველივით მისცეს მას ცოდნა?“ (ეს. 40:13). რა თქმა უნდა, არავის! ორი აზრი არ არსებობს, რომ საუკეთესო შედეგებს მივიღებთ, თუ ცხოვრებაში გამოვიყენებთ ბიბლიაში მოცემულ რჩევებს, რომლებიც ეხება ქორწინებას, ბავშვების აღზრდას, გართობას, ურთიერთობებს, შრომისმოყვარეობას, პატიოსნებასა და ზნეობას. ბიბლია ცუდს არასოდეს გვირჩევს. ამის საპირისპიროდ, ადამიანებს უბრალოდ არ აქვთ საკმარისი სიბრძნე, რომ ყოველთვის სასარგებლო რჩევები მისცენ სხვებს (იერ. 10:23). ადამიანები გამუდმებით ცვლიან რჩევებს, როცა ხვდებიან, რომ მათ მიერ მიცემული რჩევები არ ამართლებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ადამიანთა ფიქრები . . . ერთი ამონასუნთქივითაა“ (ფსალმ. 94:11).

12. რას გაუძლო ბიბლიამ საუკუნეების მანძილზე?

12 არის კიდევ ერთი მტკიცება იმისა, რომ ბიბლიის ავტორი ჭეშმარიტი ღმერთია. ისტორიიდან ვგებულობთ, თუ როგორ ცდილობდნენ ღვთის სიტყვის განადგურებას. ძვ. წ. 168 წელს სირიის მეფე ანტიოქე IV-მ სცადა კანონის ღვთივსულიერი წიგნების დაწვა. ახ. წ. 303 წელს რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ გამოსცა ბრძანებულება, რომ გაენადგურებინათ ქრისტიანების თავშეყრის ადგილები და დაეწვათ მათი წმინდა წერილები. ეს განადგურება ათწლეულები გრძელდებოდა. მე-11 საუკუნის შემდეგ პაპები კრძალავდნენ უბრალო ადამიანების ენებზე წმინდა წერილების თარგმნას, რითაც ხელს უშლიდნენ ბიბლიური შემეცნების გავრცელებას. სატანისა და მისი დამქაშების ასეთი ძალისხმევის მიუხედავად, ბიბლიამ ჩვენამდე მოაღწია. იეჰოვას არავისთვის მიუცია ნება, რომ ადამიანებისთვის განკუთვნილი მისი საჩუქარი გაენადგურებინათ.

მტკიცებები, რომლებმაც ბევრი დაარწმუნა

13. რა გვარწმუნებს, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული?

13 კიდევ რა გვარწმუნებს, რომ ბიბლია ღვთისგან არის შთაგონებული? ამაში გვარწმუნებს ღვთის სიტყვის ჰარმონიულობა, მეცნიერული თუ ისტორიული სიზუსტე, წინასწარმეტყველებების შესრულება, დამწერთა გულწრფელობა, ადამიანის ცხოვრების შეცვლის ძალა და პირველ აბზაცში დასმულ კითხვებზე დამაკმაყოფილებელი პასუხი. ვნახოთ, რა დაეხმარა ზოგიერთს, დარწმუნებულიყო, რომ ბიბლია ღვთისგან არის.

1416. ა) რამ დაარწმუნა მუსლიმანი, ინდუსი და აგნოსტიკოსი ბიბლიის ღვთივსულიერობაში? ბ) რა არგუმენტებს გამოიყენებდით მსახურებაში იმის დასამტკიცებლად, რომ ბიბლია ღვთისგან არის?

14 ანვარი * მუსლიმანად აღიზარდა ახლო აღმოსავლეთის ერთ ქვეყანაში. როცა ის დროებით ჩრდილოეთ ამერიკაში ცხოვრობდა, მასთან იეჰოვას მოწმეები მივიდნენ. ანვარი გვიამბობს: „ჯვაროსნული ლაშქრობებისა და ინკვიზიციის გამო უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა ქრისტიანული რელიგიების მიმართ. მაგრამ ვინაიდან ბუნებით ცნობისმოყვარე ვარ, დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე“. მალე ანვარი სახლში დაბრუნდა და იეჰოვას მოწმეებს ვეღარ დაუკავშირდა. წლების შემდეგ ის საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა, სადაც განაახლა ბიბლიის შესწავლა. ის ასეთ დასკვნამდე მივიდა: „ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულებამ, წმინდა წერილების სრულმა ჰარმონიამ, ურთიერთსაწინააღმდეგო აზრების არარსებობამ და იეჰოვას თაყვანისმცემლებს შორის გამეფებულმა სიყვარულმა დამარწმუნა, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთის სიტყვაა“. ანვარი 1998 წელს მოინათლა.

15 აიშა, 16 წლის გოგონა, ღრმად მორწმუნე ინდუსების ოჯახში გაიზარდა. „მე მხოლოდ ტაძარში ვლოცულობდი ან მაშინ, როცა პრობლემები მქონდა, — გვიყვება ის. — მაგრამ, როცა ყველაფერი რიგზე იყო, ღმერთი არც კი მახსენდებოდა“. აიშა განაგრძობს: „როდესაც ჩემს კარზე იეჰოვას მოწმეებმა დააკაკუნეს, ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შემობრუნდა“. მან შეისწავლა ბიბლია და დაუახლოვდა ღმერთს. რამ დაარწმუნა აიშა, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა? ის გვიხსნის: „ბიბლიამ ყველა ჩემს კითხვას გასცა პასუხი. ის დამეხმარა, მერწმუნა უხილავი ღმერთი ტაძარში სიარულისა და კერპის წინ დამხობის გარეშე“.

16 პაულა კათოლიკედ აღიზარდა, მაგრამ როცა წამოიზარდა, აგნოსტიკოსი გახდა. შემდეგ რაღაც მოხდა. ის ყვება: „ერთხელ შევხვდი მეგობარს, რომელიც თვეები არ მენახა. ეს იყო ჰიპების დრო. ჩემი მეგობარი ძალიან შეცვლილიყო — თმები შეეჭრა და ბედნიერად გამოიყურებოდა. ვკითხე, რა მოხდა და სად იყო ამდენი ხანი? მან მიპასუხა, რომ ბიბლიას სწავლობდა იეჰოვას მოწმეებთან და მეც მიქადაგა“. იმის დანახვამ, თუ როგორ შეცვალა ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ მისი მეგობარი, დიდი გავლენა მოახდინა ამ ყოფილ აგნოსტიკოსზე; პაულა დარწმუნდა, რომ ბიბლია ღვთისგან შთაგონებული წიგნია.

„შენი სიტყვა ლამპარია ჩემი ფეხისთვის“

17. რა გავლენას მოახდენს თქვენზე ბიბლიის ყოველდღიურად კითხვა და წაკითხულზე ფიქრი?

17 ბიბლია იეჰოვას ფასდაუდებელი საჩუქარია. მან ის თავისი წმინდა სულის მეშვეობით გვიბოძა. ყოველდღიურად დატკბით ბიბლიის კითხვით და უფრო მეტად შეგიყვარდებათ ის და მისი ავტორი (ფსალმ. 1:1, 2). ყოველი შესწავლის წინ ილოცეთ და სთხოვეთ ღმერთს წმინდა სული, რომ გაიგოთ წაკითხულის მნიშვნელობა (ლუკ. 11:13). ბიბლიაში მოცემულია იეჰოვას აზრები. ასე რომ, თუ იქ ჩაწერილზე იფიქრებთ, ღვთის აზრებს გაითავისებთ.

18. რატომ გსურთ, კვლავაც განაგრძოთ ბიბლიის კვლევა?

18 კვლავაც მიიღეთ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენეთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:105). დაუკვირდით ბიბლიას, თითქოს სარკეში თქვენს თავს აკვირდებოდეთ. თუ დაინახავთ, რომ ცვლილებებია მოსახდენი, მოახდინეთ (იაკ. 1:23—25). გამოიყენეთ ღვთის სიტყვა, როგორც მახვილი, რათა დაიცვათ თქვენი მრწამსი და თვინიერი ადამიანების გულებიდან „მოჰკვეთოთ“ ცრუ სწავლებები (ეფეს. 6:17). ასე თქვენ მადლიერებას გამოავლენთ „ღვთის სულით აღძრული“ წინასწარმეტყველებისა და იმ მამაკაცების მიმართ, რომლებმაც ღვთის აზრები სიტყვებით შემოსეს და ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახადეს.

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 „A Greek-English Lexicon of the New Testament and Other Early Christian Literature“.

^ აბზ. 14 ზოგი სახელი შეცვლილია.

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 29 გვერდზე]

ყოველდღიურად იკითხეთ ბიბლია და უფრო მეტად შეგიყვარდებათ მისი ავტორი

[სურათი 26 გვერდზე]

წერილის ავტორი ის არის, ვინც ხელს აწერს მას