არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვემსახუროთ ღმერთს, რომელიც მიგვიძღვის თავისუფლებისკენ

ვემსახუროთ ღმერთს, რომელიც მიგვიძღვის თავისუფლებისკენ

ვემსახუროთ ღმერთს, რომელიც მიგვიძღვის თავისუფლებისკენ

„ღვთის სიყვარული ის არის, რომ ვიცავდეთ მის მცნებებს, მისი მცნებები კი დამამძიმებელი არ არის“ (1 იოან. 5:3).

შეგიძლიათ უპასუხოთ?

როგორ ცდილობს სატანა, გვაფიქრებინოს, რომ ღვთის კანონები დამამძიმებელია?

რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ფრთხილად მეგობრების არჩევისას?

რა დაგვეხმარება, დავრჩეთ ერთგული ღვთისადმი, რომელიც მიგვიძღვის თავისუფლებისკენ?

1. როგორ უყურებს იეჰოვა თავისუფლებას და როგორი თავისუფლება მისცა მან ადამსა და ევას?

იეჰოვა ერთადერთია, რომელსაც აბსოლუტური თავისუფლება აქვს. მაგრამ ის ბოროტად არასდროს იყენებს მას და არც თავის მსახურთა თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს. ნაცვლად ამისა, ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება მისცა, რაც მათ საშუალებას აძლევს, გამოავლინონ ინიციატივა და დაიკმაყოფილონ ყველა მართებული სურვილი. მაგალითად, იეჰოვამ ადამსა და ევას მხოლოდ ერთი რამ აუკრძალა — მათ არ უნდა ეჭამათ ნაყოფი „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან“ (დაბ. 2:17). მართლაც, რა საოცარი თავისუფლება ჰქონდათ, რომ შეესრულებინათ თავიანთი შემოქმედის ნება!

2. რატომ დაკარგეს ჩვენმა პირველმა მშობლებმა ღვთის მიერ ბოძებული თავისუფლება?

2 რატომ მისცა ღმერთმა ჩვენს პირველ მშობლებს ასეთი დიდი თავისუფლება? მან ისინი თავის ანარეკლად შექმნა, მისცა სინდისი და მოელოდა, რომ შემოქმედისადმი სიყვარული მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებოდა (დაბ. 1:27; რომ. 2:15). სამწუხაროდ, ადამმა და ევამ არ დააფასეს ღმერთი, რომელმაც მათ სიცოცხლე და თავისუფლება აჩუქა. ნაცვლად ამისა, პირველმა წყვილმა არჩია სატანის მიერ შეთავაზებული უკანონო თავისუფლება ანუ დამოუკიდებლად დაედგინა ზნეობრივი ნორმები. ადამსა და ევას ეგონათ, რომ მეტ თავისუფლებას მიიღებდნენ, მაგრამ სინამდვილეში საკუთარი თავი და ყველა მათი მომავალი შთამომავალი ცოდვის მარწუხებში მოაქციეს. ამას სავალალო შედეგები მოჰყვა (რომ. 5:12).

3, 4. როგორ ცდილობს სატანა, შეცდომაში შეგვიყვანოს იეჰოვას ნორმებთან დაკავშირებით?

3 თუ სატანამ ორი სრულყოფილი ადამიანის მოტყუება შეძლო, რომ არაფერი ვთქვათ უამრავ სულიერ ქმნილებაზე, რომელთაც იეჰოვას უზენაესობა უარყვეს, მას ჩვენი მოტყუებაც შეუძლია. მისი სტრატეგია დღემდე უცვლელია. სატანა ცდილობს, შეგვაცდინოს და გვაფიქრებინოს, რომ ღვთის ნორმები დამამძიმებელია და თითქოსდა გვართმევს ცხოვრებით ტკბობის უფლებას (1 იოან. 5:3). თუ ხშირად გვესმის მსგავსი აზრები, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენზე. „ცუდმა საზოგადოებამ მართლაც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მეშინოდა, ჩემი თანატოლებისგან განსხვავებული შეხედულება მქონოდა“, — იხსენებს 24 წლის და, რომელმაც უზნეობა ჩაიდინა. შესაძლოა, შენც განიცდი მსგავს ზეწოლას თანატოლებისგან.

4 სამწუხაროდ, დროდადრო თანატოლების უარყოფითი გავლენა შეიძლება ქრისტიანულ კრებაშიც შეინიშნებოდეს. ერთი ახალგაზრდა ძმა ამბობს: „ზოგ ისეთ ახალგაზრდას ვიცნობ, რომლებიც პაემნებზე დადიან მათთან, ვინც იეჰოვას მოწმე არ არის. ბოლოს მივხვდი, რომ რაც უფრო ხშირად ვტრიალებდი ასეთი და-ძმების წრეში, მით უფრო ვემსგავსებოდი მათ. სულიერად მოვსუსტდი. კრების შეხვედრებისკენ აღარ მიმიწევდა გული და მსახურებაში იშვიათად დავდიოდი. ეს ყველაფერი იმის მაჩვენებელი იყო, რომ ურთიერთობა უნდა გამეწყვიტა მათთან, და ეს გავაკეთე კიდეც“. ხვდებით, რამხელა გავლენა შეიძლება იქონიონ სხვებმა თქვენზე? განვიხილოთ ერთი ბიბლიური მაგალითი (რომ. 15:4).

მან მოიგო მათი გული

5, 6. როგორ შეიყვანა აბესალომმა სხვები შეცდომაში და იყო თუ არა მისი ჩანაფიქრი წარმატებული?

5 ბიბლიაში უამრავი მაგალითია იმ ადამიანებისა, რომლებმაც ცუდი გავლენა იქონიეს სხვებზე. ერთ-ერთი ასეთი იყო აბესალომი, დავით მეფის ძე. ის იშვიათი გარეგნობით გამოირჩეოდა. მაგრამ ერთხელაც, სატანის მსგავსად, მან ნება დართო სიხარბესა და ამბიციას, მის გულში დაესადგურა. აბესალომმა მოისურვა მამამისის ტახტი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. * ის ცდილობდა, მზაკვრულად ჩაეგდო ხელში მეფობა და ისრაელებს ისე აჩვენებდა თავს, თითქოს მეფეზე მეტად იყო დაინტერესებული მათით. ისევე როგორც ეშმაკმა ედემის ბაღში, აბესალომმაც კეთილმოსურნედ წარადგინა თავი და ამავდროულად, მზაკვრულად დასწამა ცილი მშობელ მამას (2 სამ. 15:1—5).

6 გაამართლა აბესალომის ცბიერულმა ჩანაფიქრმა? გარკვეულწილად კი. ბიბლიაში წერია: „იგებდა აბესალომი ისრაელების გულს“ (2 სამ. 15:6). მაგრამ ბოლოს მისმა ქედმაღლობამ დაღუპა ის. სამწუხაროდ, მოკვდა არა მხოლოდ აბესალომი, არამედ მის მიერ შეცდომაში შეყვანილი ათასობით ისრაელი (2 სამ. 18:7, 14—17).

7. რა შეგვიძლია ვისწავლოთ აბესალომის შემთხვევიდან? (იხილეთ ილუსტრაცია მე-14 გვერდზე.)

7 რატომ შეცდნენ ასე ადვილად ისრაელები? შესაძლოა, მათ სურდათ ის, რასაც აბესალომი ჰპირდებოდა ან შეიძლება მათზე მისმა გარეგნობამ იმოქმედა. რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, შეგვიძლია, დაბეჯითებით ვთქვათ: ისინი არ იყვნენ საკმარისად ერთგულნი იეჰოვასადმი და მის მიერ დანიშნული მეფისადმი. სატანა დღესაც იყენებს „აბესალომებს“, რათა მოიგოს იეჰოვას მსახურთა გულები. მათ შეიძლება თქვან: „იეჰოვას ნორმები ძალიან მკაცრია“; ან „შეხედეთ მათ, ვინც არ ემსახურება იეჰოვას; ყველა ერთობა და დროს ატარებს“. როცა გესმით ასეთი აზრები, ხვდებით, რომ ეს აშკარა ტყუილია და რჩებით იეჰოვას ერთგული? ხვდებით, რომ მხოლოდ იეჰოვას „სრულყოფილ კანონს“, ანუ ქრისტეს კანონს, შეუძლია ნამდვილი თავისუფლების მოცემა? (იაკ. 1:25). თუ ასეა, შეიყვარეთ ეს კანონი და არასდროს გამოიყენოთ ბოროტად თქვენი ქრისტიანული თავისუფლება (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:16).

8. რომელი ცხოვრებისეული მაგალითებიდან ვხედავთ, რომ იეჰოვას ნორმების უგულებელყოფას ბედნიერება არ მოაქვს?

8 ახალგაზრდები სატანის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ. 30-ს გადაცილებული ერთი ძმა იხსენებს მოზარდობის წლებს: „მაშინ იეჰოვას ნორმები შემზღუდველი მეგონა და არა დამცველი“. ასეთმა აზროვნებამ თავისი ნაყოფი გამოიღო და მან უზნეობა ჩაიდინა. რა თქმა უნდა, ამას მისთვის ბედნიერება არ მოუტანია. ეს ძმა გვიზიარებს: „დანაშაულის და სინანულის გრძნობა წლების განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდა“. ერთი და იხსენებს: „უზნეობის ჩადენის შემდეგ უღირსობისა და სიცარიელის გრძნობა დამეუფლა. მას შემდეგ 19 წელი გავიდა და ის ცუდი მოგონებები ჯერ კიდევ ვერ ამოვიგდე თავიდან“. სხვა და კი ამბობს: „იმაზე ფიქრმა, რომ ჩემმა საქციელმა ტკივილი მიაყენა ჩემთვის საყვარელ ადამიანებს, ჩემს ფსიქიკაზე იმოქმედა და სულიერად თუ ემოციურად გამანადგურა. სატანას არ უნდა, რომ ცოდვის შედეგებზე იფიქრო“.

9. ა) რა კითხვები დაგვეხმარება, გამოვიკვლიოთ, როგორ ვუყურებთ იეჰოვას ნორმებსა და პრინციპებს? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი ღვთის კარგად გაცნობა?

9 რა სამწუხაროა, რომ მრავალმა ახალგაზრდა და უფროსი ასაკის და-ძმამაც კი საკუთარ თავზე გამოსცადეს, თუ რა შედეგები მოაქვს ცოდვილი სურვილების დაკმაყოფილებას (გალ. 6:7, 8). ამიტომ ჰკითხეთ საკუთარ თავს: „ვხვდები, რომ სატანის ყველა მეთოდი ჩემ მოსატყუებლად არის გამიზნული? ვთვლი იეჰოვას ჩემს უახლოეს მეგობრად, რომელიც ყოველთვის სიმართლეს მეუბნება და ჩემთვის საუკეთესო უნდა? ბოლომდე ვარ დარწმუნებული, რომ იეჰოვა არასდროს წამართმევს იმას, რაც კარგია და რაც უდიდეს ბედნიერებას მომანიჭებს?“ (წაიკითხეთ ესაიას 48:17, 18). ამ კითხვებს დადებითი პასუხი რომ გასცეთ, საკმარისი არ არის იეჰოვას მხოლოდ ზედაპირულად გაცნობა. აუცილებელია, მისი ახლოს გაცნობა და იმის გააზრება, რომ ბიბლიური პრინციპები და კანონები შემზღუდველი კი არ არის, არამედ იეჰოვას მიერ თქვენდამი გამოვლენილი სიყვარულია (ფსალმ. 25:14).

სთხოვეთ ღმერთს ბრძენი და მორჩილი გული

10. რატომ უნდა მივბაძოთ ახალგაზრდა მეფე სოლომონს?

10 ახალგაზრდა სოლომონმა თავმდაბლურად ილოცა: „ჯერ ბავშვი ვარ და არც გასვლა ვიცი და არც შემოსვლა“. შემდეგ მან იეჰოვას ბრძენი და მორჩილი გული სთხოვა (1 მეფ. 3:7—9, 12). ღმერთმა შეასრულა მისი გულწრფელი თხოვნა და თქვენ შემთხვევაშიც ასე მოიქცევა, იმისდა მიუხედავად, ახალგაზრდა ხართ, თუ არა. რა თქმა უნდა, იეჰოვა არ მოგცემთ სასწაულებრივ წვდომის უნარსა და სიბრძნეს. მაგრამ თუ გულმოდგინედ შეისწავლით მის სიტყვას, ილოცებთ წმინდა სულისთვის და ზუსტად მიჰყვებით ქრისტიანული კრების მეშვეობით მიღებულ ხელმძღვანელობას, იეჰოვა ნამდვილად დაგაბრძენებთ (იაკ. 1:5). ასეთი სახით, იეჰოვას ახალგაზრდა მსახურებიც კი უფრო ბრძენები ხდებიან, ვიდრე ამ ქვეყნიერების ეგრეთ წოდებული „ბრძენები და ჭკვიანები“, ანუ ისინი, რომლებიც უარყოფენ ღვთის მითითებებს (ლუკ. 10:21; წაიკითხეთ ფსალმუნის 119:98—100).

1113. ა) რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ ბიბლიური მუხლებიდან: ფსალმუნის 26:4, იგავების 13:20 და 1 კორინთელების 15:33? ბ) როგორ გამოიყენებთ ამ ბიბლიურ პრინციპებს?

11 იეჰოვა ახლოს რომ გავიცნოთ, მნიშვნელოვანია ბიბლიის შესწავლა და წაკითხულზე ფიქრი. თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ შემდეგი ბიბლიური მუხლები. თითოეულ მათგანში მოცემულია მეგობრების არჩევასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პრინციპები: „ცრუ ხალხთან არ ვზივარ და თვალთმაქცებთან არ დავდივარ“ (ფსალმ. 26:4). „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავ. 13:20). „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორ. 15:33).

12 რა შეგვიძლია ვისწავლოთ აქედან? 1) იეჰოვას უნდა, რომ გონივრულად ავირჩიოთ მეგობრები. მას სურს, ზნეობრივად და სულიერად დაგვიცვას. 2) ჩვენზე დადებითად ან უარყოფითად მოქმედებენ ისინი, ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა და ამ ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით. ზემოხსენებული მუხლებიდან ჩანს, რომ იეჰოვა ჩვენს გულებზე მოქმედებას ცდილობს. როგორ? ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ სამი მუხლიდან არც ერთი არ შეიცავს წესებსა თუ კანონებს; მაგალითად, არ წერია „არ უნდა გააკეთო“ ან „არ შეიძლება“. მათში ნათელი, არაორაზროვანი ჭეშმარიტებაა მოცემული. იეჰოვა თითქოსდა გვეუბნება: „აი, ფაქტები. შენ რას ფიქრობ? რას გააკეთებ?“.

13 ვინაიდან ამ მუხლებში პრინციპებია მოცემული, ისინი არ ძველდება და ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში შეიძლება მათი გამოყენება. მაგალითად, საკუთარ თავს დაუსვით შემდეგი კითხვები: როგორ მოვერიდო „თვალთმაქცებთან“ ურთიერთობას? რა შემთხვევებში შეიძლება მომიწიოს მათთან ურთიერთობა? (იგავ. 3:32; 6:12). ვინ არიან „ბრძენები“, ვისთანაც იეჰოვას სურს, რომ მქონდეს ურთიერთობა? და ვინ არიან „სულელები“, რომელთაც თავი უნდა ავარიდო? (ფსალმ. 111:10; 112:1; იგავ. 1:7). რომელ „კარგ ჩვევებზე“ იმოქმედებს უარყოფითად, თუ ცუდ საზოგადოებასთან მექნება ურთიერთობა? მარტო ქვეყნიერებაში შეიძლება შევხვდე ცუდ საზოგადოებას? (2 პეტ. 2:1—3). როგორ უპასუხებთ ამ შეკითხვებს?

14. როგორ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამო?

14 განხილული სამი ბიბლიური მუხლის მსგავსად, კარგი იქნებოდა, სხვა მუხლებიც გამოგეკვლიათ, რათა გაგეგოთ ღვთის თვალსაზრისი იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენ და თქვენს ოჯახს გეხებათ. * მშობლებო, იმსჯელეთ ასეთ საკითხებზე ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოზე. ამ დროს არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი მიზანია, დაეხმაროთ ოჯახის თითოეულ წევრს, უფრო მეტად დააფასონ მათდამი გამოვლენილი ღვთის სიყვარული, რომელიც მის კანონებსა და პრინციპებში ჩანს (ფსალმ. 119:72). ცხადია, ასეთი შესწავლა მთელ ოჯახს უფრო დააახლოებს იეჰოვასთან და ერთმანეთთან.

15. როგორ შეგიძლიათ განსაზღვროთ, განივითარეთ თუ არა ბრძენი და მორჩილი გული?

15 როგორ განვსაზღვროთ, განვივითარეთ თუ არა ბრძენი და მორჩილი გული? ერთ-ერთი საშუალება ის არის, რომ ჩვენი აზროვნება შევადაროთ ძველ დროს მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურთა აზროვნებას. მაგალითად, გავიხსენოთ მეფე დავითი. ის წერდა: „შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო, და ჩემშია შენი კანონი“ (ფსალმ. 40:8). მსგავსი აზრი თქვა 119-ე ფსალმუნის დამწერმა: „როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე“ (ფსალმ. 119:97). ასეთი სიყვარული თავისთავად არ ვითარდება. საჭიროა საფუძვლიანი შესწავლა, ლოცვა, ფიქრი და იმის დანახვა, თუ რამხელა კურთხევები მოაქვს ღვთის ნორმების მორჩილებას (ფსალმ. 34:8).

იბრძოლეთ, რომ არ დაკარგოთ თქვენი ქრისტიანული თავისუფლება

16. რა უნდა გვახსოვდეს, რომ გავიმარჯვოთ თავისუფლებისთვის ბრძოლაში?

16 კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არაერთი სასტიკი ბრძოლა გამართულა თავისუფლებისთვის. განა უფრო მეტად მნიშვნელოვანი არ არის სულიერი ბრძოლა თქვენი ქრისტიანული თავისუფლების შესანარჩუნებლად?! გახსოვდეთ, რომ თქვენი მტრები არ არიან მარტო სატანა, ქვეყნიერება და მისი მომწამვლელი სული. თქვენ საკუთარი არასრულყოფილებისა და ვერაგი გულის წინააღმდეგაც გიწევთ ბრძოლა (იერ. 17:9; ეფეს. 2:3). მაგრამ იეჰოვას დახმარებით შეგიძლიათ გაიმარჯვოთ. და უფრო მეტიც, თითოეულ გამარჯვებას, დიდსა თუ პატარას, ორი დადებითი მხარე აქვს. უპირველესად, თქვენ იეჰოვას უხარებთ გულს (იგავ. 27:11). მეორეც, როცა გამოცდით იეჰოვას „თავისუფლების სრულყოფილი კანონის“ გამათავისუფლებელ ძალას, უფრო მეტად აღიძვრებით, არ გადაუხვიოთ მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი „ვიწრო გზიდან“. თავის დროზე კი გაიხარებთ იმ დიდი თავისუფლებით, რომელსაც იეჰოვას ერთგული მსახურები მიიღებენ (იაკ. 1:25; მათ. 7:13, 14).

17. რატომ არ უნდა გაგვიტყდეს გული არასრულყოფილების გამო და როგორ გვეხმარება იეჰოვა?

17 რა თქმა უნდა, დროდადრო ყველა უშვებს შეცდომებს (ეკლ. 7:20). ასეთ დროს გული არ უნდა გაგიტყდეთ და უღირსობის გრძნობა არ უნდა დაგეუფლოთ. თუ შეცდით, იმოქმედეთ, რომ გამოასწოროთ მდგომარეობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილობრივი უხუცესების დახმარება დაგჭირდებათ. იაკობი წერდა: „რწმენით წარმოთქმული ლოცვა გამოაჯანმრთელებს დასუსტებულს. იეჰოვა წამოაყენებს მას და, თუ ცოდვები აქვს ჩადენილი, ეპატიება“ (იაკ. 5:15). არასდროს გამოგრჩეთ მხედველობიდან, რომ ღმერთი გულმოწყალეა და მან მოგიზიდათ თქვენ, რადგან თქვენში რაღაც კარგი დაინახა (წაიკითხეთ ფსალმუნის 103:8, 9). ასე რომ, სანამ იეჰოვას მთელი გულით ემსახურებით, ის არასდროს მიგატოვებთ (1 მატ. 28:9).

18. როგორ შეგვიძლია იოანეს 17:15-ში ჩაწერილი იესოს ლოცვის თანახმად მოქმედება?

18 სიკვდილის წინა ღამეს იესო ლოცულობდა თავის 11 ერთგულ მოციქულთან ერთად და ღმერთს სთხოვდა, ბოროტებისგან დაეცვა ისინი (იოან. 17:15). მაგრამ იესო მარტო თავის მოციქულებზე კი არა, ყველა თავის მიმდევარზე ზრუნავდა. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა უპასუხებს იესოს ლოცვას და დაგვიცავს ამ ძნელად ასატან დროს. იეჰოვა „უმწიკვლოდ მავალთათვის ფარია . . . [ის] თავის ერთგულთა გზას დაიფარავს“ (იგავ. 2:7, 8). მართალია, ერთგულების შენარჩუნებას თან ახლავს სირთულეები, მაგრამ მხოლოდ ასე შეიძლება მარადიული სიცოცხლისა და ნამდვილი თავისუფლების მიღება (რომ. 8:21). ასე რომ, არავის მოატყუებინოთ თავი!

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 აბესალომი უკვე დაბადებული იყო, როცა ღმერთი დაჰპირდა დავითს, რომ მისი მომავალი „შთამომავალი“ დაიმკვიდრებდა მის ტახტს. ამიტომ აბესალომს უნდა სცოდნოდა, რომ იეჰოვას ის არ აურჩევია დავითის ტახტის მემკვიდრედ (2 სამ. 3:3; 7:12).

^ აბზ. 14 მაგალითად, შეგიძლიათ განიხილოთ 1 კორინთელების 13:4—8, სადაც პავლე აღწერს, თუ რა არის სიყვარული და ფსალმუნის 19:7—11, რომელიც აჩვენებს, რომ იეჰოვას კანონების მორჩილებას უხვი კურთხევა მოაქვს.

[სასწავლო კითხვები]

[სურათები 14 გვერდზე]

როგორ ამოვიცნოთ თანამედროვე „აბესალომები“ და როგორ დავიცვათ მათგან თავი?