არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„ვინ შემაძრწუნებს?!“

„ვინ შემაძრწუნებს?!“

„ვინ შემაძრწუნებს?!“

„ომიც რომ გაჩაღდეს ჩემ წინააღმდეგ, იმედიანად ვიქნები“ (ფსალმ. 27:3).

როგორ დაგეხმარებათ შემდეგი მუხლები გაბედულების განვითარებაში?

ფსალმუნი 27:1

ფსალმუნი 27:4

ფსალმუნი 27:11

1. რაში დაგვეხმარება 27-ე ფსალმუნის გაგება?

რატომ მიიწევს წინ სამქადაგებლო საქმიანობა მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება? რატომ ვუთმობთ ჩვენს დროსა და ენერგიას ამ საქმეს ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად? როგორ შევინარჩუნოთ გაბედულება, როცა მრავალს მომავლის შიში აქვს? დავითის მიერ ღვთივშთაგონებით დაწერილი 27-ე ფსალმუნი გვპასუხობს ამ შეკითხვებზე.

2. როგორ მოქმედებს შიში ადამიანზე, მაგრამ რისი იმედი გვაქვს?

2 დავითი ამ ფსალმუნს შემდეგი სიტყვებით იწყებს: „იეჰოვაა ჩემი სინათლე და ხსნა. ვისი უნდა მეშინოდეს?! იეჰოვაა ჩემი სიცოცხლის ბურჯი. ვინ შემაძრწუნებს?!“ (ფსალმ. 27:1). შიშთან შედარებით შეძრწუნება უფრო ძლიერი ემოციაა. მაგრამ იეჰოვას მოშიშებს შეძრწუნების თუ აფორიაქების მიზეზი არ აქვთ (1 პეტ. 3:14). თუ იეჰოვას ბურჯად გავიხდით, „უსაფრთხოდ ვიცხოვრებთ და უბედურების შიში არ შეგვაწუხებს“ (იგავ. 1:33; 3:25). რატომ?

„იეჰოვაა ჩემი სინათლე და ხსნა“

3. რა მხრივ არის იეჰოვა ჩვენი სინათლე, მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ?

3 მეტაფორა „იეჰოვაა ჩემი სინათლე“, ხაზს უსვამს იმას, რომ ღმერთი გვათავისუფლებს უმეცრებისა და სულიერი სიბნელისგან (ფსალმ. 27:1). მართალია, ფიზიკური სინათლე არ გვარიდებს საფრთხესა თუ დაბრკოლებას გზაზე, მაგრამ მისი მეშვეობით ჩვენ ვხედავთ ამ საფრთხეებს. ამიტომ გონივრულობაა საჭირო, მათ თავი რომ ავარიდოთ. ანალოგიურად, იეჰოვაც გვეხმარება, გავიგოთ მსოფლიო მოვლენების მნიშვნელობა. ის გვაფრთხილებს ამ ქვეყნიერების საფრთხეების შესახებ. ღმერთი გვაძლევს ბიბლიურ პრინციპებს, რომლებიც ყოველთვის გამოსადეგია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყენებდეთ მათ. ფსალმუნმომღერალმა თქვა: „ჩემს მტრებზე უფრო ბრძენს მხდის შენი მცნება . . . ჩემს მასწავლებლებზე მეტი წვდომის უნარი შევიძინე“. ბიბლიური პრინციპების გამოყენებით ჩვენც შევიძენთ ნამდვილ სიბრძნეს (ფსალმ. 119:98, 99, 130).

4. ა) რატომ შეეძლო დავითს დაბეჯითებით ეთქვა, რომ იეჰოვა იყო მისი ხსნა? ბ) განსაკუთრებით როდის იქნება იეჰოვა „ჩვენი ხსნა“?

4 ფსალმუნის 27:1-დან ჩანს, რომ დავითს ახსოვდა, როგორ იხსნა იეჰოვამ ის ადრე. მაგალითად, ღმერთმა ის „ლომისა და დათვის ტორებისგან“ იხსნა; დავითმა აგრეთვე იეჰოვას დახმარებით დაამარცხა გოლიათი. მოგვიანებით მეფე საულმა რამდენჯერმე სცადა მისი მოკვლა, მაგრამ ღმერთმა დაიხსნა ის (1 სამ. 17:37, 49, 50; 18:11, 12; 19:10). ამიტომაც შეეძლო ფსალმუნმომღერალს დარწმუნებით ეთქვა: „იეჰოვაა ჩემი . . . ხსნა!“ როგორც დავითის შემთხვევაში, იეჰოვა ჩვენს შემთხვევაშიც იქნება ხსნა. როგორ? ის გადაარჩენს თავის თაყვანისმცემლებს „დიდი გასაჭირის“ დროს (გამოცხ. 7:14; 2 პეტ. 2:9).

გახსოვდეთ თითოეული წარმატება

5, 6. ა) როგორ გვეხმარება გაბედულების განვითარებაში იმის გახსენება, თუ როგორ დაგვეხმარა ღმერთი? ბ) როგორ გვმატებს გაბედულებას იმის ცოდნა, თუ როგორ ეხმარებოდა იეჰოვა თავის მსახურებს?

5 გაბედულების განვითარებაში დაგვეხმარება ფსალმუნის 27:2, 3-ში ჩაწერილი სიტყვები (წაიკითხეთ). დავითს ახსოვდა შემთხვევები, როცა იეჰოვამ გადაარჩინა ის (1 სამ. 17:34—37). ამ შემთხვევების გახსენება დავითს გაბედულებას ჰმატებდა, რათა მომავალში უფრო დიდი განსაცდელები გადაეტანა. შეგიძლიათ გაიხსენოთ შემთხვევები, როცა იეჰოვა დაგეხმარათ? მაგალითად, გილოციათ პრობლემის დროს და გიგრძვნიათ იეჰოვასგან სიბრძნე და ძალა ამ პრობლემების მოსაგვარებლად? ან შეგიძლიათ გაიხსენოთ, როგორ დაგეხმარათ იეჰოვა სირთულეებთან გამკლავებაში, რომლებიც ხელს გიშლიდათ, მისთვის სიხარულით გემსახურათ? ან როგორ გაგიღოთ ღმერთმა მსახურების „დიდი კარი“? (1 კორ. 16:9). რა გავლენას ახდენს თქვენზე ასეთი შემთხვევების გახსენება? ნუთუ ეს ყველაფერი არ გარწმუნებთ იმაში, რომ იეჰოვა დაგეხმარებათ უფრო სერიოზული პრობლემებისა და განსაცდელების ატანაში? (რომ. 5:3—5).

6 რა მოხდებოდა, თუ ხელისუფლება იეჰოვას მოწმეების, როგორც ორგანიზაციის, განადგურებას განიზრახავდა? ჩვენს დროში, ბევრი შეეცადა ამის გაკეთებას, მაგრამ ამაოდ. იმის გახსენება, თუ როგორ ეხმარებოდა იეჰოვა თავის ხალხს წარსულში, დაგვეხმარება, მამაცურად შევხვდეთ მომავალში სხვადასხვა პრობლემას (დან. 3:28).

დააფასეთ წმინდა თაყვანისმცემლობა

7, 8. ა) ფსალმუნის 27:4-ის თანახმად რა სთხოვა დავითმა იეჰოვას? ბ) რა არის იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძარი და როგორ სრულდება იქ თაყვანისცემა?

7 გაბედულებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, გვიყვარდეს წმინდა თაყვანისმცემლობა (წაიკითხეთ ფსალმუნის 27:4). დავითის დროს „იეჰოვას სახლი“ კარავი იყო. მან ყველაფერი მოამზადა, რომ მის შვილს სოლომონს ტაძარი აეშენებინა. საუკუნეების შემდეგ იესომ თქვა, რომ ღვთისთვის მისაღები თაყვანისმცემლობა აღარ იქნებოდა დამოკიდებული იეჰოვას მიერ კურთხეულ ამ დიდ ნაგებობაზე (იოან. 4:21—23). ებრაელების 8—10 თავებში მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ დიდებული სულიერი ტაძარი ამოქმედდა ახ. წ. 29 წელს იესოს ნათლობისას, როდესაც მან საკუთარი თავი წარუდგინა იეჰოვას მისი ნების შესასრულებლად (ებრ. 10:10). ამ დიდებულ სულიერ ტაძარს იეჰოვამ ჩაუყარა საფუძველი. ასე რომ, იესოს მსხვერპლისადმი რწმენის გამოვლენით შეგვიძლია სათანადოდ დავუახლოვდეთ ღმერთს. როგორ ვცეთ ღმერთს თაყვანი მის სულიერ ტაძარში? ამისათვის უნდა ვილოცოთ „წრფელი გულით და სრული რწმენით“, უყოყმანოდ განვაგრძოთ ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადება, ყურადღებიანი ვიყოთ თანამორწმუნეების მიმართ და წავახალისოთ და გავამხნევოთ ისინი კრების შეხვედრებზე თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს დროს (ებრ. 10:22—25). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დაფასება გვაძლიერებს ამ ბოლო დღეებში.

8 მთელ მსოფლიოში იეჰოვას ერთგული თაყვანისმცემლები უფრო მეტ დროს უთმობენ მსახურებას, სწავლობენ ახალ ენებს და გადადიან იქ, სადაც მეტი სამეფოს მქადაგებელია საჭირო. მათი მოქმედებებიდან ჩანს, რომ ფსალმუნმომღერლის მსგავსად ისინი იეჰოვას ერთ რამეს სთხოვენ. მათ სურთ, უფრო მეტი გაიგონ იეჰოვას თვისებების შესახებ და რაც არ უნდა მოხდეს, მონაწილეობა მიიღონ წმინდა მსახურებაში (წაიკითხეთ ფსალმუნის 27:6).

მიენდეთ ღმერთს

9, 10. რაში გვარწმუნებს ფსალმუნის 27:10?

9 დავითის შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ ის ენდობოდა იეჰოვას: „დედ-მამასაც რომ მივეტოვებინე, იეჰოვა ამიყვანდა“ (ფსალმ. 27:10). 1 სამუელის 22-ე თავიდან ვიგებთ, რომ დავითი მშობლებს არ მიუტოვებია. თუმცა დღეს ბევრი ოჯახისგან გარიყულია, ისინი დახმარებასა და მფარველობას მოსიყვარულე ქრისტიანული კრებიდან იღებენ.

10 თუ იეჰოვა მზად არის, მხარი დაუჭიროს თავის მსახურებს, როცა სხვები უარყოფენ მათ, ნუთუ სხვა სახის განსაცდელის დროს არ დაეხმარება? მაგალითად, როცა ვწუხვართ იმაზე, თუ როგორ ვიზრუნოთ ჩვენს ოჯახზე მატერიალურად, ნუთუ არ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა არ დაგვტოვებს დახმარების გარეშე? (ებრ. 13:5, 6). მას ესმის ყველა თავისი ერთგული მსახურის მდგომარეობა და მოთხოვნილებები.

11. როგორ მოქმედებს სხვებზე ის, რომ ჩვენ იეჰოვას ვენდობით? მოიყვანეთ მაგალითი.

11 განვიხილოთ ლიბერიაში მცხოვრები ვიქტორიას შემთხვევა, რომელიც ბიბლიას სწავლობს. ის უკვე მონათვლისთვის ემზადებოდა, როცა კაცმა, რომელთანაც ცხოვრობდა, მიატოვა ის და მისი სამი შვილი. მიუხედავად იმისა, რომ არც სახლი ჰქონდა და არც სამუშაო, ის სულიერად წინ მიიწევდა. ვიქტორიას ნათლობის შემდეგ მისმა 13 წლის ქალიშვილმა ფულით სავსე საფულე იპოვა. რომ არ ცდუნებულიყვნენ, მათ გადაწყვიტეს, არც კი დაეთვალათ ფული. ნაცვლად ამისა, ისინი დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ჯარისკაცს, ვისიც იყო ეს საფულე. ჯარისკაცმა უთხრა მათ, ყველა რომ იეჰოვას მოწმეების მსგავსად კეთილსინდისიერი იყოს, მთელ მსოფლიოში ბევრად უკეთესი და მშვიდობიანი მდგომარეობა იქნებოდაო. ვიქტორიამ მას ბიბლიიდან აჩვენა იეჰოვას დანაპირები ახალ ქვეყნიერებასთან დაკავშირებით. მისი პატიოსნებით მოხიბლულმა ჯარისკაცმა ვიქტორიას საკმაოდ სოლიდური თანხა აჩუქა. იეჰოვას მოწმეებს პატიოსანი ადამიანების რეპუტაცია აქვთ, რადგან სჯერათ, რომ იეჰოვა იზრუნებს მათზე.

12. რას ცხადვყოფთ, როცა განვაგრძობთ იეჰოვასადმი მსახურებას მატერიალური დანაკარგის მიუხედავად? მოიყვანეთ მაგალითი.

12 ვნახოთ, სიერა-ლეონეში მცხოვრები ერთი მოუნათლავი მაუწყებლის ტომასის შემთხვევა. მან საშუალო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ერთი წელი ისე იმუშავა, რომ ხელფასი არ მიუღია, რადგან მისი განცხადება განხილვის პროცესში იყო. ბოლოს, ხელფასის მისაღებად ის უნდა გასაუბრებოდა სკოლის ადმინისტრატორს, რომელიც მღვდელი იყო. მღვდელმა უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეების მრწამსი არ შეესაბამებოდა სკოლაში სხვების მრწამსს. მან ტომასი არჩევნის წინაშე დააყენა — ან სამუშაო, ან რწმენა. ტომასმა დაკარგა არა მარტო სამსახური, არამედ ერთი წლის ანაზღაურებაც, მაგრამ იპოვა სხვა სამსახური. მან რადიოებისა და მობილური ტელეფონების შემკეთებლად დაიწყო მუშაობა. ამ და სხვა მრავალი მაგალითიდან ვხედავთ, რომ მათგან განსხვავებით, ვისაც ქონების დაკარგვის პანიკური შიში აქვს, იეჰოვას მსახურები სრულად ენდობიან ყველაფრის შემოქმედს და თავისი ხალხის დამცველს.

13. როგორ მიმდინარეობს სამქადაგებლო საქმიანობა იმ ქვეყნებში, სადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა?

13 იმ ქვეყნებში, სადაც ცუდი საცხოვრებელი პირობებია, სამეფოს მაუწყებლები განსაკუთრებით აქტიურად ქადაგებენ. რატომ? ერთი ფილიალი გვატყობინებს: „ბევრი, ვინც ბიბლიას სწავლობს, უმუშევარია, ამიტომ მეტი დრო აქვს ბიბლიის შესასწავლად. ძმებსაც უფრო მეტი დრო აქვთ ქადაგებისთვის. მათ, ვისაც უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, არ სჭირდებათ იმის თქმა, რომ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ისინი თვითონ ხედავენ, რა ხდება გარშემო“. ერთი მისიონერი, რომელიც 12 წელზე მეტია იმ ქვეყანაში მსახურობს, სადაც თითო მაუწყებელს საშუალოდ 3-ზე მეტი ბიბლიის შესწავლა აქვს, ამბობს: „მაუწყებელთა უმრავლესობა უბრალოდ ცხოვრობს; მათ ნაკლები ხელისშემშლელი ფაქტორი აქვთ, ამიტომ შეუძლიათ მეტი დრო დაუთმონ სამქადაგებლო საქმიანობასა და ბიბლიის შესწავლას“.

14. როგორ დაიცავს ღმერთი უამრავ ხალხს?

14 იეჰოვა დაგვპირდა, რომ დაეხმარებოდა, დაიცავდა და იხსნიდა თავის ხალხს, როგორც ჯგუფს, ფიზიკურადაც და სულიერადაც; და ჩვენ გვჯერა მისი (ფსალმ. 37:28; 91:1—3). ისინი, ვინც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ, მართლაც ბევრნი იქნებიან (გამოცხ. 7:9, 14). იეჰოვა არ დაუშვებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ეს ხალხი განადგურდეს. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან ყველაფრით, რაც აუცილებელია განსაცდელების გადასატანად და იეჰოვასთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად. იეჰოვა თავის ხალხს დიდი გასაჭირის ბოლო ეტაპზეც დაიცავს.

„მასწავლე, იეჰოვა, შენი გზა“

15, 16. რით არის ჩვენთვის კარგი ღვთიური მითითებების მიყოლა? ახსენით.

15 გაბედულება რომ შევინარჩუნოთ, გამუდმებით უნდა მივყვეთ ღვთის მითითებებს. ეს კარგად გამოჩნდა დავითის სიტყვებიდან: „მასწავლე, იეჰოვა, შენი გზა და წამიძეხი სიმართლის ბილიკზე ჩემი მტრებისგან დასაცავად“ (ფსალმ. 27:11). ლოცვის თანახმად იმ შემთხვევაში ვიმოქმედებთ, თუ უყურადღებოდ არ დავტოვებთ და გამოვიყენებთ იეჰოვას ორგანიზაციის მეშვეობით მიღებულ ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევებს. მრავალმა, ვინც გადაიხადა ვალები, დარწმუნდა, რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა ბრძნული რჩევა ცხოვრების გამარტივებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პერიოდში. მათ გააფართოეს მსახურება, ნაცვლად იმისა, რომ შეეძინათ არასაჭირო ნივთები, რაც ზედმეტი ტვირთი იქნებოდა მათთვის. კარგია, თუ თითოეული ჩვენგანი ჰკითხავს საკუთარ თავს: „მაშინვე ვითვალისწინებ ყველაფერს, რასაც ბიბლიაში ან ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებულ პუბლიკაციებში ვკითხულობ, თუნდაც ეს ჩემგან რაღაც მსხვერპლზე წასვლას მოითხოვდეს?“ (მათ. 24:45).

16 შიშის მიზეზი არ გვექნება, თუ იეჰოვას უფლებას მივცემთ, გვიხელმძღვანელოს და სიმართლის გზაზე წაგვიძღვეს. შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ერთმა პიონერმა იპოვა სამუშაო, რომელიც მთელ ოჯახს სრული დროით მსახურების გაგრძელების საშუალებას მისცემდა. გასაუბრებაზე მისულს მენეჯერმა უთხრა, რომ ასეთ სამუშაოს ვერასოდეს მიიღებდა, რადგან მას უმაღლესი განათლება არ ჰქონდა. თქვენთვის რომ ამავე მიზეზით ეთქვათ უარი სამსახურზე, ინანებდით, რომ უმაღლესი განათლების მიღების ნაცვლად სრული დროით მსახურება დაიწყეთ? ორი კვირის შემდეგ ეს მენეჯერი გაათავისუფლეს და ახალმა მენეჯერმა ჰკითხა ძმას მისი მიზნების შესახებ. ძმამ გულახდილად უპასუხა, რომ ის და მისი მეუღლე იეჰოვას მოწმეები იყვნენ, სრული დროით მსახურობდნენ და არ აპირებდნენ ასეთი მსახურების შეწყვეტას. სანამ ის კიდევ რამეს იტყოდა, მენეჯერმა უთხრა: „ვხვდებოდი, რომ სხვებისგან განსხვავებული იყავი. როცა მამაჩემი სიკვდილის პირას იყო, ყოველდღე ორი იეჰოვას მოწმე მოდიოდა და ბიბლიას უკითხავდა მას. მაშინ პირობა დავდე, თუ ოდესმე მომეცემოდა შესაძლებლობა, დავხმარებოდი იეჰოვას მოწმეებს, ამას აუცილებლად გავაკეთებდი“. მეორე დღეს ამ ძმამ სწორედ ის სამუშაო მიიღო, რაზეც ყოფილმა მენეჯერმა უარი უთხრა. მართლაც, თუ სამეფო ინტერესებს პირველ ადგილზე ვაყენებთ, იეჰოვა არასოდეს დაგვტოვებს მატერიალური მხარდაჭერის გარეშე (მათ. 6:33).

აუცილებელია რწმენა და იმედი

17. რა დაგვეხმარება, მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ?

17 დავითი აგრეთვე აღნიშნავს, თუ რამდენად აუცილებელია რწმენა და იმედი: „რომ არ მქონოდა რწმენა და არ მენახა, რაოდენ კარგია იეჰოვა ცოცხალთა ქვეყანაში, რა მეშველებოდა?!“ (ფსალმ. 27:13). ნამდვილად, რა იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, რომ არ გვქონოდა ღვთისგან ბოძებული იმედი და არ გვცოდნოდა 27-ე ფსალმუნში ჩაწერილი ძვირფასი აზრები! ამიტომ კვლავაც ვთხოვოთ იეჰოვას სიმტკიცე და ხსნა იმ მოვლენების დროს, რომლებიც წინ უძღვის არმაგედონს (წაიკითხეთ ფსალმუნის 27:14).

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 23 გვერდზე]

დავითს გაბედულებას ჰმატებდა იმ შემთხვევების გახსენება, როცა ის იეჰოვამ იხსნა

[სურათი 25 გვერდზე]

იყენებთ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას მსახურების გასაფართოებლად?