არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

იეჰოვამ მასწავლა მისი ნების შესრულება

იეჰოვამ მასწავლა მისი ნების შესრულება

მოგვითხრო მაქს ლოიდმა

1955 წელი. პარაგვაი, სამხრეთი ამერიკა. გვიან ღამით გააფთრებული ბრბო მოაწყდა ჩვენს სახლს, სადაც მე სხვა მისიონერთან ერთად ვიყავი. „ჩვენი ღმერთი სისხლისმსმელი ღმერთია და მას თქვენი, გრინგოების, სისხლი სწყურია“, — ყვიროდნენ ისინი. როგორ აღმოვჩნდით ჩვენ გრინგოები ანუ უცხოელები აქ?

ყველაფერი ავსტრალიაში დაიწყო, სადაც გავიზარდე და სადაც იეჰოვას დახმარებით მისი ნების შესრულების სწავლა დავიწყე. 1938 წელს იეჰოვას მოწმეებმა მამას მისცეს წიგნი „მტრები“. მშობლები უკმაყოფილოები იყვნენ ადგილობრივი მღვდლით, რომელიც ბიბლიის გარკვეულ მონაკვეთებს როგორც ზღაპრებს, ისე მოიხსენიებდა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დედ-მამა იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა. ამ დროიდან მოყოლებული ჩვენს ოჯახში იეჰოვას ნების შესრულება უმთავრესი გახდა. ჩემი და ლესლი, რომელიც ჩემზე 5 წლით უფროსი იყო, მშობლების შემდეგ მოინათლა; დაბოლოს, 1940 წელს 9 წლის ასაკში მეც მოვინათლე.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან მალევე ავსტრალიაში იეჰოვას მოწმეების პუბლიკაციების ბეჭდვა და გავრცელება აიკრძალა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვიყავი, ვისწავლე, როგორ ამეხსნა ჩემი რწმენა მხოლოდ ბიბლიის გამოყენებით. სკოლაში ყოველთვის თან დამქონდა ბიბლია, რათა მეჩვენებინა, რატომ არ ვაძლევდი დროშას სალამს და რატომ არ ვიყავი იმის მომხრე, რომ ერები ერთმანეთში ომობდნენ (გამ. 20:4, 5; მათ. 4:10; იოან. 17:16; 1 იოან. 5:21).

სკოლაში ბევრი ერიდებოდა ჩემთან ურთიერთობას, ვინაიდან „გერმანელ ჯაშუშს“ მეძახდნენ. იმ დროს სკოლაში ფილმებს აჩვენებდნენ. ფილმის დაწყებამდე ყველას მოუწოდებდნენ, ამდგარიყვნენ და ეროვნული ჰიმნი შეესრულებინათ. როცა ხედავდნენ, რომ მე არ ვდგებოდი, ორი ან სამი ბიჭი თმაში ხელს ჩამავლებდა და ასე ცდილობდა ჩემ აყენებას. ბოლოს, ბიბლიაზე დაფუძნებული ჩემი რწმენის გამო სკოლიდან გამრიცხეს. თუმცა მოვახერხე, დაუსწრებლად მესწავლა.

საბოლოოდ, მიზანს მივაღწიე

14 წლის რომ გავხდი, მიზნად დავისახე პიონერული მსახურება. მაგრამ ძალიან გულნატკენი დავრჩი, როცა მშობლებმა მითხრეს, რომ ჯერ სამსახური უნდა მეპოვა და მემუშავა. მათ მომთხოვეს, გადამეხადა ოთახისა და საკვების ფული, მაგრამ დამპირდნენ, რომ 18 წლის ასაკში პიონერად მსახურების ნებას დამრთავდნენ. ამის შემდეგ ხშირად გვქონდა საუბარი იმ თანხაზე, რასაც ვშოულობდი. მშობლებს ვუმტკიცებდი, რომ ფულის დაზოგვა პიონერობისთვის მინდოდა, მაგრამ მთელ თანხას მართმევდნენ.

როდესაც პიონერად მსახურების დაწყების დრო მოვიდა, მშობლებმა დამსვეს და ამიხსნეს, რომ მთელ იმ თანხას, რომელსაც ვაძლევდი, ისინი საბანკო ანგარიშზე მიგროვებდნენ. დედ-მამამ მთლიანად დამიბრუნა ეს ფული, რომ მეყიდა ტანსაცმელი და სხვა ყველაფერი, რაც პიონერობისთვის დამჭირდებოდა. ასეთი სახით მათ მასწავლეს, რომ თავად მეზრუნა საკუთარ თავზე და სხვაზე არ ვყოფილიყავი დამოკიდებული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი იყო ჩემს ცხოვრებაში.

როცა მე და ლესლი ბავშვები ვიყავით, ჩვენს სახლში ხშირად რჩებოდნენ პიონერები, რაც მათთან ერთად მსახურების არაჩვეულებრივ საშუალებას გვაძლევდა. შაბათ-კვირებს კარდაკარ მსახურებას, ქუჩაში ქადაგებასა და ბიბლიის შესწავლების ჩატარებას ვუთმობდით. იმ წლებში კრების მაუწყებლებს მოუწოდებდნენ, რომ 60 საათი ექადაგათ. დედა თითქმის ყოველთვის ახერხებდა ამას, რითაც მე და ლესლის ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა.

პიონერად მსახურება ტასმანიაში

პირველად პიონერული მსახურება ავსტრალიის კუნძულ ტასმანიაზე დავიწყე, სადაც უკვე მსახურობდა ჩემი და ლესლი თავის მეუღლესთან ერთად. თუმცა ისინი მალევე მიიწვიეს სკოლა „გალაადის“ მე-15 კლასში. ძალიან მორცხვი ვიყავი და არასდროს ვყოფილვარ სახლიდან ასე შორს. ზოგი ფიქრობდა, რომ იქ სამ თვეზე მეტს ვერ გავჩერდებოდი. მაგრამ ერთ წელიწადში, 1950 წელს, ჯგუფის მსახური გავხდი (ახლა უხუცესთა საბჭოს კოორდინატორი). მოგვიანებით ერთ ახალგაზრდა ძმასთან ერთად სპეციალურ პიონერად დავინიშნე.

ჩვენ დაგვნიშნეს დაშორებულ ქალაქში, რომელიც სპილენძის მაღაროსთან იყო ახლოს. იქ ავტობუსით შებინდებისას ჩავედით. იმ ღამეს ერთ ძველ სასტუმროში გავჩერდით. მეორე დღეს კარდაკარ საქადაგოდ წავედით და თან მობინადრეებს ვეკითხებოდით, ხომ არ აქირავებდნენ ოთახს. დღის ბოლოს ერთმა გვითხრა, რომ პრესვიტერიანული ეკლესიის გვერდით იყო მღვდლის სახლი, სადაც არავინ ცხოვრობდა და ამის თაობაზე დიაკონს უნდა დავლაპარაკებოდით. დიაკონი ძალიან მეგობრულად შეგხვდა და სახლით სარგებლობის უფლება მოგვცა. ცოტა უცნაური ჩანდა ყოველდღე მღვდლის სახლიდან საქადაგოდ სიარული.

ხალხი სასიხარულო ცნობისადმი ინტერესს ავლენდა. არაერთი საინტერესო საუბარი გვქონდა და ბევრი ბიბლიის შესწავლა დავიწყეთ. როდესაც დედაქალაქის სასულიერო პირებმა გაიგეს, რომ იეჰოვას მოწმეები მღვდლის სახლში ცხოვრობდნენ, დიაკონს მოსთხოვეს, დაუყოვნებლივ გავეყარეთ იქიდან. კვლავ ღია ცისქვეშ აღმოვჩნდით.

შუადღემდე ვიქადაგეთ და წავედით ღამის გასათევის საძებნად. სტადიონის ტრიბუნის მეტი სხვა ვერაფერი ვიპოვეთ. ჩვენი ჩემოდნები დავმალეთ და განვაგრძეთ ქადაგება. ბინდდებოდა, მაგრამ ქუჩის ბოლომდე დარჩენილ რამდენიმე სახლში მისვლა გადავწყვიტეთ. ერთმა კაცმა შემოგვთავაზა პატარა ოროთახიანი სახლი, რომელიც მისი სახლის უკან იდგა.

სარაიონო მსახურება და „გალაადი“

დაახლოებით 8 თვის შემდეგ ავსტრალიის ფილიალიდან მივიღე მოწვევა, გავმხდარიყავი სარაიონო ზედამხედველი. ამან ძალიან გამაკვირვა, ვინაიდან მხოლოდ 20 წლის ვიყავი. რამდენიმე კვირიანი დასწავლების შემდეგ დავიწყე კრებების მონახულება. ასაკით ჩემზე უფროსები, და თითქმის ყველა ასეთი იყო, ზემოდან კი არ დამყურებდნენ, არამედ აფასებდნენ იმას, რასაც ვაკეთებდი.

კრებიდან კრებამდე მისასვლელად სხვადასხვა ტრანსპორტით ვმგზავრობდი: ავტობუსით, ტრამვაით, ავტომობილითა და მოტოციკლეტით. მოტოციკლეტით მგზავრობის დროს წონასწორობას ჩემოდნითა და სამქადაგებლო ჩანთით ვინარჩუნებდი. თანაქრისტიანებთან დარჩენა ერთი სიამოვნება იყო. ერთი ჯგუფის მსახური დაუმთავრებელ სახლში ცხოვრობდა, მაგრამ ძალიან უნდოდა, მასთან დავრჩენილიყავი. იმ კვირის განმავლობაში აბაზანაში მეძინა; მიუხედავად ამისა, ეს კვირა ორივესთვის მართლაც გამამხნევებელი იყო.

კიდევ ერთი სიურპრიზი 1953 წელს მელოდა. მივიღე მოწვევა სკოლა „გალაადის“ 22-ე კლასში. გაორებული გრძნობები დამეუფლა. ჩემი და მეუღლესთან ერთად 1950 წლის 30 ივლისს „გალაადის“ დამთავრების შემდეგ პაკისტანში დანიშნეს. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ლესლი ავად გახდა და მოკვდა. ამიტომ ვღელავდი, როგორ შეხვდებოდნენ მშობლები მომხდარიდან ასე მალე ჩემ სადმე გამგზავრებას. მაგრამ მათ მითხრეს: „წადი და ემსახურე იეჰოვას იქ, სადაც გაგიშვებს“. ამის შემდეგ მამა აღარ მინახავს. ის 1957 წელს მოკვდა.

მალე 5 სხვა ავსტრალიელ და-ძმასთან ერთად გემით გავეშურეთ ნიუ-იორკისკენ. ექვსკვირიანი მგზავრობის დროს ვკითხულობდით და ვსწავლობდით ბიბლიას და ვქადაგებდით მგზავრებთან. სანამ ჩავიდოდით სამხრეთ საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკი), სადაც სკოლა ტარდებოდა, დავესწარით 1953 წლის ივლისში იანკის სტადიონზე ჩატარებულ საერთაშორისო კონგრესს. დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი 165 829 იყო.

ჩვენს კლასში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული 120 სტუდენტი სწავლობდა. გამოშვების დღემდე არ ვიცოდით, ვის სად გაგვიშვებდნენ. როგორც კი ეს გავიგეთ, ყველამ მივაშურეთ „გალაადის“ ბიბლიოთეკას, რათა მეტი გაგვეგო იმ ქვეყნებზე, სადაც დაგვნიშნეს. გავიგე, რომ პარაგვაი, სადაც მაგზავნიდნენ, პოლიტიკური რევოლუციების ქვეყანა ყოფილა. ახალი ჩასული ვიყავი, როცა ერთ დილით სხვა მისიონერებს ვკითხე, თუ რას „ზეიმობდნენ“ გასულ ღამეს. მათ გაიღიმეს და მითხრეს: „ეს შენს ცხოვრებაში პირველი რევოლუციაა. გარეთ გაიხედე“. ყველა კუთხე-კუნჭულში ჯარისკაცები იყვნენ.

შემთხვევა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება

ერთხელ ვახლდი სარაიონო ზედამხედველს, რომელიც ინახულებდა ერთ დაშორებულ კრებას და გეგმავდა, მათთვის ეჩვენებინა ფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებს“. 8 თუ 9 საათი ვიმგზავრეთ ჯერ მატარებლით, მერე ცხენშებმული ეტლით, და ბოლოს ურმით. თან მიგვქონდა გენერატორი და პროექტორი. დანიშნულების ადგილზე ჩასვლიდან მეორე დღეს მეზობელ ფერმებს ვესტუმრეთ და ყველა დავპატიჟეთ იმ საღამოს ფილმის საყურებლად. 15-მდე ადამიანი მოვიდა.

ფილმის დაწყებიდან დაახლოებით 20 წუთი იყო გასული, როცა გვითხრეს, რომ სასწრაფოდ შევსულიყავით სახლში. პროექტორი ავიღეთ და სახლში შევედით. მალევე ატყდა სროლა და გავიგეთ ყვირილის ხმა. ისინი გაიძახოდნენ: „ჩვენი ღმერთი სისხლისმსმელი ღმერთია და მას თქვენი, გრინგოების, სისხლი სწყურია“. იქ მხოლოდ ორი „გრინგო“ იყო და ერთ-ერთი მათგანი მე ვიყავი. ფილმის საყურებლად მოსულებმა ბრბოს სახლში შემოსვლის უფლება არ მისცეს. მაგრამ მოწინააღმდეგეები ღამის 3 საათზე დაბრუნდნენ, ისროდნენ და გვემუქრებოდნენ, ქალაქის გზას რომ დაადგებით, ვერსად გაგვექცევითო.

ძმები შერიფს დაუკავშირდნენ. ნაშუადღევს ის მოვიდა ორი ცხენით, ქალაქში რომ წავეყვანეთ. ბუჩქის ან ხის კორომებს რომ მივადგებოდით, შერიფი იარაღს ამოიღებდა და წინ არემარეს დასაზვერად მიდიოდა. მივხვდი, რომ ცხენი იყო საუკეთესო სატრანსპორტო საშუალება. ასე რომ, მოგვიანებით ცხენი მეც შევიძინე.

ჩამოდიან მეტი მისიონერები

სამღვდელოების მხრიდან გამუდმებული წინააღმდეგობის მიუხედავად, სამქადაგებლო საქმიანობა წარმატებით მიიწევდა წინ. 1955 წელს 5 ახალი მისიონერი ჩამოვიდა; მათ შორის იყო კანადელი და ელსი სვანსონი, რომელსაც სკოლა „გალაადის“ 25-ე კლასი ჰქონდა დამთავრებული. სანამ სხვა ქალაქში დაინიშნებოდა, ერთად ვმსახურობდით ფილიალში. მას მთელი ცხოვრება იეჰოვასთვის ჰქონდა მიძღვნილი, მიუხედავად იმისა, რომ მშობლები, რომელთაც არასოდეს მიუღიათ ჭეშმარიტება, თითქმის არ უჭერდნენ მხარს. 1957 წლის 31 დეკემბერს მე და ელსი დავქორწინდით და პარაგვაის სამხრეთ ნაწილში მდებარე მისიონერების სახლში ვცხოვრობდით.

სახლში წყალგაყვანილობა არ იყო, ამიტომ წყალს სახლის უკანა ეზოში მდებარე ჭიდან ვიღებდით; არც საშხაპე გვქონდა და არც ტუალეტი. სარეცხ მანქანაზე და მაცივარზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მალფუჭებადი საკვების ყიდვა ყოველდღე გვიწევდა. ყოველივეს მიუხედავად, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რადგან უბრალოდ ვცხოვრობდით და კრებაში ჩვენს მოსიყვარულე და-ძმებთან გვქონდა ურთიერთობა.

1963 წელს ავსტრალიაში ჩავედით დედის მოსანახულებლად. იქ ყოფნისას დედას გულის შეტევა დაემართა. შესაძლოა მასზე იმანაც იმოქმედა, რომ შვილი 10 წელი არ ენახა. როცა პარაგვაიში დაბრუნების დრო მოახლოვდა, ცხოვრებაში ურთულესი არჩევნის წინაშე დავდექით: ან უნდა დაგვეტოვებინა დედა საავადმყოფოში იმ იმედით, რომ ვიღაც იზრუნებდა მასზე, ან უარი გვეთქვა პარაგვაიში დაბრუნებაზე, რომელიც ასე ძალიან გვიყვარდა. ბევრი ლოცვის შემდეგ მე და ელსიმ გადავწყვიტეთ, დავრჩენილიყავით, რომ გვეზრუნა დედაზე. მას სიცოცხლის ბოლომდე, 1966 წლამდე, ვუვლიდით და თან სრული დროით მსახურებას განვაგრძობდით.

ჩემთვის დიდი პატივი იყო, წლების მანძილზე სარაიონო და საოლქო ზედამხედველად მემსახურა და ჩამეტარებინა სამეფო მსახურების სკოლა უხუცესებისთვის. წინ კიდევ ერთი ცვლილება გველოდა. მე დამნიშნეს ავსტრალიის ფილიალის ახლადჩამოყალიბებული კომიტეტის წევრად. შემდეგ, როცა დაიგეგმა ახალი ფილიალის მშენებლობა, სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარედ დამნიშნეს. ბევრი გამოცდილი და კარგი თანამშრომლების წყალობით მშვენიერი ფილიალი აშენდა.

მოგვიანებით დამნიშნეს სამსახურებრივ განყოფილებაში, რომელიც ქვეყნის სამქადაგებლო საქმიანობას უწევს ზედამხედველობას. აგრეთვე პატივი მქონდა, როგორც სამხარეო ზედამხედველს, მომენახულებინა სხვადასხვა ფილიალი, რათა დავხმარებოდი ძმებს და გამემხნევებინა ისინი. პირადად ჩემთვის იყო რწმენის განმამტკიცებელი იმ ქვეყნების მონახულება, სადაც და-ძმები იეჰოვასადმი ერთგულად მორჩილების გამო წლების და ათწლეულების განმავლობაშიც კი ისხდნენ ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში.

მიგვიწვიეს ბრუკლინში

2001 წელს ერთ-ერთი სამხარეო მონახულებიდან დაბრუნებულებს დაგხვდა წერილი ბრუკლინიდან (ნიუ-იორკი), რომელშიც შეერთებული შტატების ახლად ჩამოყალიბებული ფილიალის კომიტეტის წევრად მსახურებას მთავაზობდნენ. მე და ელსიმ ვილოცეთ და სიხარულით მივიღეთ ეს მოწვევა. უკვე 11 წელზე მეტია ბრუკლინში ვმსახურობთ.

ბედნიერი ვარ, რომ მყავს ისეთი ცოლი, რომელიც იეჰოვას ნებისმიერ დავალებას სიხარულით ასრულებს. მე და ელსიმ 80-ს გადავაბიჯეთ, მაგრამ ჯერ კიდევ კაჟივით მაგრები ვართ. ველით დროს, როდესაც მარადიულობის განმავლობაში გავიხარებთ იეჰოვას სწავლებებითა და უხვი კურთხევებით, რომლებსაც მისი ნების შემსრულებლები მიიღებენ.

[ჩანართი 19 გვერდზე]

ვმგზავრობდი ავტობუსით, ტრამვაით, ავტომობილითა და მოტოციკლეტით. მოტოციკლეტით მგზავრობის დროს წონასწორობას ჩემოდნითა და სამქადაგებლო ჩანთით ვინარჩუნებდი

[ჩანართი 21 გვერდზე]

ველით დროს, როდესაც მარადიულობის განმავლობაში გავიხარებთ იეჰოვას სწავლებებით

[სურათები 18 გვერდზე]

(მარცხნივ) ავსტრალიაში სარაიონო ზედამხედველად მსახურების დროს

(მარჯვნივ) მე და ჩემი მშობლები

[სურათი 20 გვერდზე]

ჩვენი ქორწილის დღე, 1957 წლის 31 დეკემბერი