არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა აერთიანებს თავისი ოჯახის წევრებს

იეჰოვა აერთიანებს თავისი ოჯახის წევრებს

იეჰოვა აერთიანებს თავისი ოჯახის წევრებს

„გევედრებით . . . იცავდეთ სულის ერთიანობას“ (ეფეს. 4:1, 3).

როგორ უპასუხებთ?

რა აქვს ღმერთს განზრახული?

როგორ ვიცავთ „სულის ერთიანობას“?

რა დაგვეხმარება, „კეთილად მოვექცეთ ერთმანეთს“?

1, 2. რა აქვს განზრახული იეჰოვას დედამიწისთვის და კაცობრიობისთვის?

ოჯახი. რა მოგდით აზრად ამ სიტყვის გაგონებაზე? თბილი კერა? ბედნიერება? საერთო მიზნის მისაღწევად ერთმანეთთან თანამშრომლობა? უსაფრთხო გარემო, რომელშიც იზრდებით, სწავლობთ და საკუთარი აზრების გამოხატვის არ გეშინიათ? ეს ასეა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მზრუნველ ოჯახში ცხოვრობთ. ოჯახის დამფუძნებელი თავად იეჰოვაა (ეფეს. 3:14, 15). მისი განზრახვა იყო, რომ ყველა ქმნილებას ზეცაში თუ დედამიწაზე უსაფრთხოდ ეგრძნო თავი, ჰქონოდა ერთმანეთის ნდობა და ნამდვილი ერთიანობა.

2 ადამისა და ევას შეცოდების შემდეგ ადამიანები მეტად აღარ იყვნენ ღვთის დიდი ოჯახის წევრები, მაგრამ იეჰოვას თავისი განზრახვა არ შეუცვლია. ადამისა და ევას შთამომავლები იცხოვრებენ დედამიწაზე სამოთხეში (დაბ. 1:28; ეს. 45:18). ღმერთმა ყველაფერი გააკეთა ამ განზრახვის შესასრულებლად. წიგნი „ეფესოელები“ ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ნაბიჯზე, რომელიც ღმერთმა ამ მიზნით გადადგა. ამ წიგნს ერთიანობის თემა წითელ ხაზად გასდევს. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მუხლი და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ღვთის განზრახვას, რომელიც მისი ქმნილებების გაერთიანებას ეხება.

როგორ განაგებს ღმერთი ყველაფერს?

3. რა იგულისხმება ეფესოელების 1:10-ში მოხსენიებულ სიტყვაში „განეგო“ და როდის დაიწყო ღმერთმა „ყველაფრის თავის მოყრა“?

3 იეჰოვას მოქმედებები და განზრახვა ერთმანეთთან თანხმობაშია. „დანიშნული დროების გასრულებიდან“ ღმერთმა გადაწყვიტა, „განეგო“ ანუ თავი მოეყარა ყველა მისი გონიერი ქმნილებისთვის (წაიკითხეთ ეფესოელების 1:8—10). ქმნილებების თავის მოყრა ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე ღმერთმა ზეციური ცხოვრებისთვის მოამზადა ცხებულები, რომელთა სულიერი მეთაური და მმართველი იესო ქრისტეა. ეს დაიწყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როცა იეჰოვა ქრისტეს თანამეფეების შეკრებას შეუდგა (საქ. 2:1—4). ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე ღმერთმა ცხებულები მართლებად აღიარა და ამიტომ მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ „ღვთის შვილები“ არიან (რომ. 3:23, 24; 5:1; 8:15—17).

4, 5. რა არის ქმნილებების ერთად თავმოყრის მეორე ეტაპი?

4 მეორე ეტაპი არის მათი მომზადება, რომლებიც ქრისტეს მესიანური სამეფოს მმართველობის დროს დედამიწაზე სამოთხეში იცხოვრებენ. ამ ჯგუფის ძირითად ნაწილს „უამრავი ხალხი“ შეადგენს (გამოცხ. 7:9, 13—17; 21:1—5). ათასწლიანი მმართველობის დროს მათ მილიარდობით მკვდრეთით აღდგენილი შეუერთდება (გამოცხ. 20:12, 13). წარმოიდგინეთ, იმ დროს რამდენად მეტი შესაძლებლობა ექნება ღვთის ხალხს იმის საჩვენებლად, რომ მათ შორის ერთიანობა სუფევს. ათასი წლის ბოლოს „ყველაფერი, რაც დედამიწაზეა“, საბოლოოდ გამოიცდება. ვინც ერთგული დარჩება, ღმერთი თავის მიწიერ შვილებად მიიღებს (რომ. 8:21; გამოცხ. 20:7, 8).

5 დღეს ღმერთი თავს უყრის ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა. მაგრამ პირადად ჩვენ როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ღვთის ამ განზრახვის შესრულებას?

დაიცავით სულის ერთიანობა

6. როგორ ჩანს ბიბლიიდან, რომ ქრისტიანებს ერთმანეთთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა?

6 ბიბლიაში ნათქვამია, რომ ქრისტიანები პირდაპირი გაგებით უნდა იკრიბებოდნენ ერთად (1 კორ. 14:23; ებრ. 10:24, 25). ამაში ბევრად მეტი იგულისხმება, ვიდრე გარკვეული დროის ერთად გატარება, მაგალითად, საყიდლებზე ან რაიმე სპორტულ ღონისძიებაზე წასვლა. ჭეშმარიტი ერთიანობა მეტს მოიცავს. ასეთ ერთიანობას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ ვიყენებთ იეჰოვას მითითებებს და მას თავისი წმინდა სულით ჩვენი „გამოძერწვის“ საშუალებას ვაძლევთ.

7. რას ნიშნავს სულის ერთიანობის დაცვა?

7 ქრისტეს მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვამ თავისი მსახურები მართლებად აღიარა; ცხებულ ქრისტიანებს შვილები უწოდა, სხვა ცხვარს კი — მეგობრები. მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნიერების აღსასრულამდე უთანხმოებები დროდადრო იჩენს თავს (რომ. 5:9; იაკ. 2:23). სხვა შემთხვევაში არ დაგვჭირდებოდა ღვთივშთაგონებული რჩევა: „მოვუთმინოთ ერთმანეთს“. როგორ შეგვიძლია, მივაღწიოთ ერთიანობას თანამორწმუნეებთან? ჩვენ უნდა განვივითაროთ „სრული თავმდაბლობა“. უფრო მეტიც, პავლე მოგვიწოდებს, „გულმოდგინედ ვიცავდეთ სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (წაიკითხეთ ეფესოელების 4:1—3 ). ამ რჩევის გამოყენებით ღვთის წმინდა სულს ჩვენზე მოქმედებისა და ჩვენში მისი ნაყოფის განვითარების საშუალებას ვაძლევთ. სულის ნაყოფი ადამიანებს შორის გაჩენილ ნაპრალებს ავსებს, მაშინ როცა ხორცის საქმეები განხეთქილებას იწვევს.

8. როგორ არღვევს ერთიანობას „ხორცის საქმეები“?

8 ნახეთ, როგორ არღვევს ერთიანობას „ხორცის საქმეები“ (წაიკითხეთ გალატელების 5:19—21). სიძვის ჩადენა ადამიანს აშორებს როგორც იეჰოვას, ისე კრებას. მრუშობა იწვევს ოჯახის დანგრევას და შვილების მშობლებთან დაცილებას. ზნეობრივად და ფიზიკურად უწმინდური ადამიანი ვერ იქნება ერთობაში ღმერთთან და მის მსახურებთან, ისევე როგორც ორი ზედაპირი ვერ მიეწებება კარგად ერთმანეთს, თუ ერთ-ერთი ზედაპირი უსუფთაოა. ის, ვინც თავაშვებულობას ეძლევა, სრულიად უარყოფს ღვთის სამართლიან კანონებს. ადამიანებს ერთმანეთისგან და ღვთისგან ხორცის სხვა საქმეებიც აშორებს. ასეთი საქმეები აბსოლუტურად მიუღებელია იეჰოვასთვის.

9. როგორ შევამოწმოთ საკუთარი თავი, გულმოდგინედ ვიცავთ თუ არა „სულის ერთიანობას“?

9 თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: «რამდენად გულწრფელად ვცდილობ, გულმოდგინედ ვიცავდე „სულის ერთიანობას მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“? როგორ ვრეაგირებ წამოჭრილ პრობლემებზე? ჩვევად ხომ არ მაქვს ბევრთან ჩივილი, იმ იმედით, რომ რამდენიმე მხარდამჭერს მაინც ვიპოვი? ნაცვლად იმისა, თვითონ აღვადგინო მშვიდობიანი ურთიერთობა, ხომ არ მოველი, რომ ამას უხუცესები გააკეთებენ ჩემ მაგივრად? ხომ არ ვცდილობ, თავი შორს დავიჭირო იმ ადამიანისგან, ვისთანაც უთანხმოება მაქვს, რომ პრობლემაზე საუბარს გავექცე?». ვაჩვენებთ ასეთი საქციელით, რომ თანხმობაში ვართ იეჰოვას განზრახვასთან, კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს ქრისტეში?

10, 11. ა) რამდენად მნიშვნელოვანია, მშვიდობა გვქონდეს ძმებთან? ბ) რა უწყობს ხელს მშვიდობასა და სულიერ კეთილდღეობას?

10 იესომ თქვა: „თუ ძღვენი მიიტანე სამსხვერპლოსთან და იქ გაგახსენდა, რომ შენს ძმას რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ, დატოვე შენი ძღვენი იქვე სამსხვერპლოს წინ, წადი, ჯერ შენს ძმას შეურიგდი და, როცა დაბრუნდები, მერე შესწირე შენი ძღვენი. სასწრაფოდ მოაგვარე საქმე“ (მათ. 5:23—25). იაკობი წერდა, რომ „სიმართლის ნაყოფი . . . მშვიდობიან პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის“ (იაკ. 3:17, 18). აქედან გამომდინარე, თუ მშვიდობიანი ურთიერთობა არ გვექნება სხვებთან, ვერ შევძლებთ იმის კეთებას, რაც სწორია.

11 მაგალითისთვის: ცნობილია, რომ ომის შემდეგ ზოგიერთ ქვეყანაში ნაღმების გამო მიწის ერთი მესამედი ვერ მუშავდება. ნაღმზე აფეთქების შიშით გლეხები უარს ამბობენ მიწის დამუშავებაზე, რის გამოც სოფლები კარგავს საარსებო წყაროს, ქალაქები კი საკვების გარეშე რჩება. მსგავსადვე, ჩვენს სულიერობასაც საფრთხე ემუქრება, თუ ჩვენი ხასიათის გამო გვიჭირს ძმებთან მშვიდობის შენარჩუნება. მაგრამ თუ მალევე ვპატიობთ სხვებს და მათ კეთილდღეობაზე ვზრუნავთ, მშვიდობაც გვექნება და იეჰოვას კურთხევებიც არ მოგვაკლდება.

12. როგორ შეუძლიათ უხუცესებს დაგვეხმარონ ერთიანობის შენარჩუნებაში?

12 „ძღვენი ადამიანთა სახით“ ანუ უხუცესები მართლაც ბევრს აკეთებენ ერთიანობის შესანარჩუნებლად. ისინი გვეხმარებიან, მივაღწიოთ „ერთიანობას რწმენაში“ (ეფეს. 4:8, 13). როცა უხუცესები ჩვენთან ერთად მონაწილეობენ წმინდა მსახურებაში და გვაძლევენ ბიბლიაზე დაფუძნებულ არაორაზროვან მითითებებს, ისინი გვეხმარებიან, არ შევწყვიტოთ ახალ პიროვნებად შემოსვა (ეფეს. 4:22—24). ხედავთ უხუცესების რჩევის მიღმა იეჰოვას მზრუნველობას? ასეთი სახით ღმერთი გვამზადებს, ვიცხოვროთ ახალ ქვეყნიერებაში, რომლის მეფეც მისი ძე იქნება. უხუცესებო, ცდილობთ სხვების გამოსწორებას მათი დახმარების მიზნით? (გალ. 6:1).

„კეთილად მოექეცით ერთმანეთს“

13. რა იქნება შედეგი, თუ ყურად არ ვიღებთ ეფესოელების 4:25—32-ში მოცემულ რჩევას?

13 ეფესოელების 4:25—29-ში მოხსენიებულია ისეთი ქმედებები, რომლებსაც თავი უნდა ავარიდოთ. მაგალითად, სიცრუის თქმა, განრისხება, სიზარმაცე, აგრეთვე კარგი და გამამხნევებელი საუბრის ნაცვლად, ცუდი ლაპარაკი. თუ ვინმე ამ რჩევას არ გაითვალისწინებს, დაანაღვლიანებს ღვთის წმინდა სულს, ვინაიდან წმინდა სული არის ძალა, რომელიც ხელს უწყობს ერთიანობას (ეფეს. 4:30). ის, რაც პავლემ შემდგომ მუხლებში დაწერა, ასევე მნიშვნელოვანია მშვიდობისა და ერთიანობისთვის: „მოიშორეთ ყოველგვარი გამწარება, ბრაზი, რისხვა, ყვირილი და ლანძღვა ყოველგვარ ბოროტებასთან ერთად. კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფეს. 4:31, 32).

14. ა) რატომ გვირჩევს პავლე, კეთილად მოვექცეთ ერთმანეთს“? ბ) რა დაგვეხმარება ამაში?

14 სიტყვები კეთილად მოვექცეთ ერთმანეთს“, იმაზე მიუთითებს, რომ ყოველთვის არ ვავლენთ ამ თვისებას და ამიტომ ვსაჭიროებთ გაუმჯობესებას. კარგი იქნება, თუ ვისწავლით სხვისი გრძნობების საკუთარ გრძნობებზე წინ დაყენებას (ფილ. 2:4). ხანდახან შეიძლება გვინდა, ვიღაც გავაცინოთ ან ვინმეს თავი ჭკვიანად მოვაჩვენოთ, მაგრამ იქნებოდა ეს კეთილად მოქცევა, თუ ჩვენი ნათქვამი უარყოფითად იმოქმედებდა სხვებზე? თუ წინასწარ ვიფიქრებთ, რას ვიტყვით და რას — არა, ეს დაგვეხმარება, კეთილად მოვექცეთ ერთმანეთს“.

ისწავლეთ სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენა ოჯახში

15. ეფესოელების 5:28-ის თანახმად, როგორ შეუძლიათ ქმრებს მიჰბაძონ ქრისტეს მაგალითს?

15 ქრისტეს კრებისადმი დამოკიდებულებას ბიბლია ადარებს ქმრის ცოლისადმი დამოკიდებულებას. ქრისტეს მაგალითი ქმრებს ეხმარება, უყვარდეთ თავიანთი ცოლები და იზრუნონ მათზე, ხოლო ცოლებს — დაემორჩილონ ქმრებს (ეფეს. 5:22—33). პავლემ დაწერა: „ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები“. რა იგულისხმა მოციქულმა სიტყვაში „ისე“? (ეფეს. 5:28). პავლეს სიტყვების თანახმად, ქმრებს „ისე“ უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც „ქრისტემ შეიყვარა კრება და თავი გასწირა მისთვის, რათა . . . გაესუფთავებინა სიტყვის საშუალებით წყალში განბანით“. ქმარი ვალდებულია, იზრუნოს ოჯახის სულიერ კეთილდღეობაზე. ასეთი ქმედება სრულ თანხმობაშია იეჰოვას განზრახვასთან, კვლავ თავი მოუყაროს ყველაფერს ქრისტეში.

16. რა დადებითი შედეგები მოჰყვება, როდესაც მშობლები პირნათლად ასრულებენ თავიანთ ბიბლიურ პასუხისმგებლობებს ოჯახში?

16 მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ასრულებენ დავალებას, რომელიც იეჰოვამ მისცა მათ. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრია „თბილ გრძნობებს მოკლებული“ (2 ტიმ. 3:1, 3). მრავალი მამა არ ასრულებს თავის პასუხისმგებლობებს, რასაც ზიანი მოაქვს ბავშვებისთვის. მაგრამ პავლემ ქრისტიან მამებს ასეთი რამ ურჩია: „თქვენ კი, მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ იზრუნეთ მათზე — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფეს. 6:4). ბავშვები ხომ უპირველესად ოჯახში უნდა სწავლობდნენ სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლენას?! თუ მშობლები ამას ასწავლიან თავიანთ შვილებს, ამით მხარს უჭერენ იეჰოვას განზრახვას, განაგოს ანუ თავი მოუყაროს ყველაფერს. თუ ჩვენს ოჯახში სიყვარული სუფევს და ადგილი არ აქვს გაბრაზებას, რისხვასა და შეურაცხმყოფელ საუბარს, შევძლებთ ვასწავლოთ შვილებს, როგორ გამოავლინონ სიყვარული და პატივისცემა. ეს მათ მოამზადებს ღვთის ახალ ქვეყნიერებაში საცხოვრებლად.

17. როგორ გავუწიოთ წინააღმდეგობა ეშმაკს?

17 არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეშმაკი, რომელმაც პირველმა დაარღვია მშვიდობა სამყაროში, ყველანაირად გვიშლის ხელს ღვთის ნების შესრულებაში. ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ მის მიზნებს ემსახურება გაყრა, ქორწინების გარეშე ერთად ცხოვრება და შემწყნარებლური დამოკიდებულება ჰომოსექსუალისტების ქორწინებისადმი. ჩვენ იესოს უნდა ვბაძავდეთ და არა დღევანდელ საზოგადოებაში მიღებულ ქცევებსა თუ აზროვნებას (ეფეს. 4:17—21). ბიბლია მოგვიწოდებს, „შევიმოსოთ ღვთის სრული საჭურვლით“, რათა გავიმარჯვოთ სატანისა და მისი დემონების წინააღმდეგ ბრძოლაში (წაიკითხეთ ეფესოელების 6:10—13).

„იარეთ სიყვარულში“

18. რა არის ქრისტიანული ერთიანობის საწინდარი?

18 ქრისტიანული ერთიანობის საწინდარი სიყვარულია. თუ მთელი გულით გვეყვარება იესო, იეჰოვა და ერთმანეთი, მაშინ შევძლებთ დავიცვათ „სულის ერთიანობა მშვიდობის გამაერთიანებელი კავშირით“ (ეფეს. 4:3—6). იესო ლოცულობდა ასეთი სიყვარულის შესახებ: „მხოლოდ ამათზე არ გთხოვ, არამედ იმათზეც, ვინც მათი სიტყვით მირწმუნებს, რათა ყველანი ერთნი იყვნენ, როგორც შენ, მამა, ჩემთან ხარ ერთობაში, მე კი — შენთან, რათა ისინიც ერთობაში იყვნენ ჩვენთან . . . ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“ (იოან. 17:20, 21, 26).

19. რა გაქვთ გადაწყვეტილი?

19 თუ არასრულყოფილების გამო საკუთარ თავთან ბრძოლა გვიწევს, დაე, სიყვარულმა აღგვძრას ფსალმუნმომღერლის მსგავსად ვილოცოთ: „მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“ (ფსალმ. 86:11). მოდი, წინააღმდეგობა გავუწიოთ სატანას, რომელიც ცდილობს, ჩამოგვაშოროს ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს და მის მსახურებს. ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რომ ოჯახში, მსახურებაში თუ კრებაში „მივბაძოთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა და ვიაროთ სიყვარულში“ (ეფეს. 5:1, 2).

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 29 გვერდზე]

შესაწირავს ტოვებს სამსხვერპლოსთან და მიდის, რომ შეურიგდეს თავის ძმას

[სურათი 31 გვერდზე]

მშობლებო, ასწავლეთ შვილებს პატივისცემის გამოვლენა