არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ეკვადორი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ეკვადორი

მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ეკვადორი

ერთი ახალგაზრდა იტალიელი ძმა დიდ ზეწოლას განიცდიდა. მან წარჩინებით დაამთავრა სკოლა, ამიტომ ნათესავები თუ მასწავლებლები მოუწოდებდნენ, სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განეგრძო. მაგრამ მანამდე, რამდენიმე წლით ადრე, ბრუნომ თავი მიუძღვნა იეჰოვას და პირობა მისცა, რომ მის ნებას ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენებდა. რა არჩევანი გააკეთა მან? ის გვიყვება: „იეჰოვას დავპირდი, რომ მიძღვნის თანახმად ვიცხოვრებდი და ყველაზე მთავარი ჩემთვის მისი ნების შესრულება იქნებოდა. ლოცვაში ღმერთს გულწრფელად ვუთხარი, რომ არ მინდოდა ერთფეროვანი ცხოვრება; მსურდა, სხვადასხვა მსახურებისთვის გამესინჯა გემო“.

რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნო ეკვადორში, სამხრეთ ამერიკაში, აღმოჩნდა. ის ამბობს: „ჩემს ლოცვაზე იეჰოვას პასუხმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა“. მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც ეკვადორში შეხვდა სხვა მრავალ ახალგაზრდას, რომლებიც იქ მსახურების გასაფართოებლად იყვნენ ჩასული.

ახალგაზრდები, რომლებმაც „გამოსცადეს იეჰოვა“

მთელ მსოფლიოში ათასობით სხვა ახალგაზრდის მსგავსად, ბრუნომაც მიიღო იეჰოვას მოწვევა: „გამომცადეთ ამაში . . . თუ არ გაგიხსნათ ცის კარიბჭეები და არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა“ (მალ. 3:10). მათ უყვართ ღმერთი და ამიტომ გადაწყვიტეს, „გამოეცადათ იეჰოვა“ იმით, რომ მთელ თავიანთ დროს, ენერგიასა და შესაძლებლობებს მოახმარდნენ მისი ინტერესების დაცვას იქ, სადაც სამეფოს შესახებ მეტი მქადაგებელია საჭირო.

როდესაც მზადყოფნის სულით ანთებული მქადაგებლები ჩადიან ასეთ ქვეყნებში, იმის თვითმხილველები ხდებიან, რომ „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან“ (მათ. 9:37). მაგალითად, ჟაკლინი, რომელიც ეკვადორში გერმანიიდან გადავიდა, ეკვადორის ფილიალს აღფრთოვანებული სწერდა: „აქ ორ წელზე მეტია, ვმსახურობ და უკვე 13 ბიბლიის შესწავლა მაქვს; 4 მათგანი კრებებს რეგულარულად ესწრება. ეს ენით აუწერელი სიხარულია!“. კანადელი შანტელი გვიყვება: „2008 წელს გადავედი ეკვადორის სანაპირო ზოლში, სადაც მხოლოდ ერთი კრება იყო. ახლა იქ სამი კრება და 30-ზე მეტი პიონერია. ვერაფერი შეედრება იმის ყურებას, თუ როგორ მიიწევს სულიერად წინ უამრავი ახალი დაინტერესებული“. ის დასძენს: „ახლახან გადავედი ანდებში ზღვის დონიდან 2 743 მეტრზე მდებარე ერთ ქალაქში. იქ 75 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ ერთი კრებაა. მოსახლეობა კარგად იღებს ჭეშმარიტებას, რაც მსახურებას მართლაც სასიამოვნოს ხდის“.

სირთულეები

ცხადია, უცხო ქვეყანაში მსახურება საკმაოდ დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ფაქტობრივად, ზოგი ახალგაზრდა პრობლემებს გადასვლამდე შეხვდა. კეილა გვიამბობს: „სახლში, შტატებში, რომ ვიყავი, სხვა ქვეყნიდან დაბრუნებული ზოგიერთი კეთილმოსურნე ძმის უარყოფითმა განწყობამ ცოტა გული გამიტეხა. მათ არ ესმოდათ, რატომ მსურდა უცხოეთში პიონერად მსახურება. დროდადრო ვფიქრობდი, იყო თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება“. მიუხედავად ამისა, კეილამ გადასვლა გადაწყვიტა. ის იხსენებს: „ხშირად ვლოცულობდი და ვესაუბრებოდი მოწიფულ და-ძმებს. ამან დამანახვა, რომ იეჰოვა აკურთხებს მზადყოფნის სულს“.

ბევრისთვის სირთულე ახალი ენის სწავლაა. ირლანდიელი შეიბონი ამბობს: „ძალიან განვიცდიდი, როდესაც აზრს ვერ გამოვხატავდი. ენა რომ მესწავლა, მჭირდებოდა მოთმინება, გულმოდგინება და საკუთარ შეცდომებზე გაცინების უნარი“. ესტონელი ანა დასძენს: „არც ტროპიკული სიცხე, არც მტვერი და არც ცხელი შხაპის უქონლობა არ წარმოადგენდა ისეთ სირთულეს, როგორსაც ესპანურის სწავლა. ხანდახან თავის დანებებაზეც კი ვფიქრობდი. მაგრამ მე ჩემს შეცდომებზე კი არა, ჩემს მიღწევებზე უნდა მეფიქრა“.

კიდევ ერთი სირთულე არის ნოსტალგია. ამერიკელი ჯონათანი გვიამბობს: „როგორც კი ეკვადორში ჩავედი, გულგატეხილობა დამეუფლა, რადგან ჩემი ოჯახისგან და მეგობრებისგან შორს ვიყავი. მაგრამ ეს გრძნობები ბიბლიის პირადი შესწავლითა და მსახურების მეშვეობით დავძლიე. სულ მალე მსახურებაში არაჩვეულებრივი შემთხვევებისა და კრებაში ახალი მეგობრების წყალობით სიხარული დამიბრუნდა“.

რა თქმა უნდა, ვერც საცხოვრებელ პირობებზე დავხუჭავთ თვალს. შესაძლოა, უცხო ქვეყანაში ისეთი პირობები არ დაგხვდეთ, როგორიც სახლში გქონდათ. კანადელი ბოუ გვიზიარებს: „სახლში რომ ვიყავი, ელექტროენერგია და წყალი ყოველთვის მქონდა და ამაზე არც კი ვფიქრობდი. მაგრამ აქ ეს ყველაფერი, როცა გაუხარდება, მაშინ მოდის და მიდის“. ბევრი განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია სიღარიბე, მოუწესრიგებელი სატრანსპორტო სისტემა და წერა-კითხვის არცოდნა. ავსტრიელ ინესს ასეთ პირობებთან გამკლავებაში ადგილობრივების დადებით თვისებებზე ყურადღების გამახვილება ეხმარება. ინესი ამბობს: „ისინი გამოირჩევიან სტუმართმოყვარეობით, სიმშვიდითა და თავმდაბლობით; ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად. თითქმის ყველას სურს, მეტი გაიგოს ღვთის შესახებ“.

„უხვი კურთხევა“

ყველა ამ ახალგაზრდას, რომლებიც ეკვადორში გადავიდნენ მსახურებისთვის, გარკვეულ მსხვერპლზე მოუწიათ წასვლა. მაგრამ იეჰოვამ ისინი „იმაზე განუზომლად მეტად“ აკურთხა, ვიდრე ელოდნენ (ეფეს. 3:20). ეს ახალგაზრდები იეჰოვასგან „უხვ კურთხევას“ იღებენ (მალ. 3:10). აი, რას გვიამბობენ ისინი:

ბრუნო: „ეკვადორში მსახურება ამაზონის ულამაზეს რეგიონში დავიწყე. მოგვიანებით ეკვადორის ფილიალის გაფართოებაში მივიღე მონაწილეობა. ახლა ბეთელში ვმსახურობ. იტალიაში რომ ვცხოვრობდი, გადავწყვიტე, იეჰოვას მსახურება დამეყენებინა პირველ ადგილზე და ღმერთმა ნამდვილად შემისრულა ჩემი სურვილი, რომ სხვადასხვა სახის მსახურებაში მიმეღო მონაწილეობა“.

ბოუ: „ეკვადორში განსაკუთრებით დავუახლოვდი იეჰოვას, ვინაიდან მთელ ჩემს დროს სულიერ საქმიანობას ვახმარ. გარდა ამისა, ყოველთვის მინდოდა, ასეთ მშვენიერ ადგილებში მემოგზაურა“.

ანა: „ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ დაუქორწინებელი დისთვის შესაძლებელი იქნებოდა მისიონერივით ცხოვრება. მაგრამ ახლა ვიცი, რომ ეს შესაძლებელია. უბედნიერესი ვარ, რომ იეჰოვას კურთხევების წყალობით მონაწილეობას ვიღებ მოწაფეების მომზადების საქმეში, ვაშენებ სამეფო დარბაზებს და ვიძენ ახალ მეგობრებს“.

ელკე: „ავსტრიაში ხშირად ვლოცულობდი, რომ ბიბლიის ერთი შესწავლა მაინც მქონოდა. აქ კი 15 შესწავლა მაქვს. უდიდეს კმაყოფილებას მანიჭებს ჩემი შემსწავლელების ბედნიერი სახეების დანახვა“.

ჯოელი: „უცხო ქვეყანაში იეჰოვას მსახურება მართლაც დიდ გამოცდილებას გძენს. სწავლობ, როგორ მიენდო ღმერთს უფრო მეტად და, ამასთანავე, ხედავ, რამხელა კურთხევები მოაქვს შენს ძალისხმევას! ამერიკიდან აქ რომ ჩამოვედი, პირველ წელს ჩვენი ჯგუფი 6-დან 21 მაუწყებლამდე გაიზარდა და გახსენების საღამოს 110 ადამიანი დაესწრო“.

თქვენ რას აპირებთ?

ახალგაზრდა დებო და ძმებო, გაძლევთ თქვენი მდგომარეობა იმის საშუალებას, რომ იმსახუროთ იქ, სადაც სამეფოს შესახებ მეტი მქადაგებელია საჭირო? რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას კარგი დაგეგმვა სჭირდება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, იეჰოვასა და მოყვასისადმი ძლიერი სიყვარული. თუ გაქვთ ასეთი სიყვარული და მდგომარეობაც ხელს გიწყობთ, იეჰოვას გულწრფელად ესაუბრეთ საზღვარგარეთ მსახურებასთან დაკავშირებით. ამ სურვილის შესახებ დაელაპარაკეთ თქვენს ქრისტიან მშობლებსა და კრების უხუცესებს. ამის შემდეგ, შესაძლოა, თქვენც მიხვიდეთ იმ დასკვნამდე, რომ ასეთ გასაოცარ და კმაყოფილების მომგვრელ წმინდა მსახურებაში მონაწილეობა თქვენთვისაც ხელმისაწვდომია.

[ჩანართი 3 გვერდზე]

„ხშირად ვლოცულობდი და ვესაუბრებოდი მოწიფულ და-ძმებს. ამან დამანახვა, რომ იეჰოვა აკურთხებს მზადყოფნის სულს“ კეილა (შეერთებული შტატები)

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

როგორ მოვემზადოთ უცხო ქვეყანაში მსახურებისთვის?

• განივითარეთ საფუძვლიანი პირადი შესწავლის ჩვევა

• გადახედეთ 2011 წლის აგვისტოს „ჩვენს სამეფო მსახურებას“, გვერდები 4—6

• დაელაპარაკეთ მათ, ვინც უცხო ქვეყანაში მსახურობდა

• მეტი გაიგეთ იმ ქვეყნის კულტურისა და ისტორიის შესახებ

• გაიარეთ ენის ზოგადი კურსი

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

საზღვარგარეთ ფინანსურად უზრუნველყოფისთვის ზოგი . . .

• ყოველ წელს რამდენიმე თვე თავის ქვეყანაში მუშაობს

• აქირავებს თავის სახლს, ბინას ან ბიზნესს

• მუშაობს ინტერნეტით

[სურათები 4, 5 გვერდებზე]

1 ჟაკლინი (გერმანია)

2 ბრუნო (იტალია)

3 ბოუ (კანადა)

4 შეიბონი (ირლანდია)

5 ჯოელი (შეერთებული შტატები)

6 ჯონათანი (შეერთებული შტატები)

7 ანა (ესტონეთი)

8 ელკე (ავსტრია)

9 შანტელი (კანადა)

10 ინესი (ავსტრია)