„ნატვრა ამიხდა“
„ნატვრა ამიხდა“
ემილია 15 წლის წინ პიონერად მსახურობდა. მაგრამ მას მოუწია სრული დროით მსახურების შეწყვეტა. ბოლო ხანებში ის ხშირად იხსენებდა თავისი ცხოვრების იმ ბედნიერ დროს და სურდა, კვლავ გაეფართოებინა მსახურება.
მაგრამ სამსახური ემილიას დიდ დროსა და, აქედან გამომდინარე, სიხარულსაც ართმევდა. ერთხელ მან თავის თანამშრომლებთან ინატრა: „ნეტა, უფრო ცოტას ვმუშაობდე!“ უფროსმა გაიგო ამის შესახებ და ჰკითხა ემილიას, იყო თუ არა ეს სიმართლე. მან დაუდასტურა, რომ მართლაც ჰქონდა ასეთი ნატვრა. ვინაიდან მათ კომპანიაში ყველა თანამშრომლისგან სრული განაკვეთით მუშაობა მოითხოვებოდა, ასეთი ნებართვის მიცემა მხოლოდ დირექტორს შეეძლო. ემილია მოემზადა დირექტორთან შესახვედრად და ღმერთს სიმშვიდე და გაბედულება სთხოვა.
შეხვედრის დროს ამ დამ ტაქტიანად, მაგრამ გაბედულად სთხოვა დირექტორს სამუშაო საათების შემცირება. ემილიამ აუხსნა მას, რომ სამუშაოს მერე ხალხს ეხმარებოდა. მან დირექტორს უთხრა: „მე იეჰოვას მოწმე ვარ და ხალხს სულიერად ვეხმარები. დღეს ცოტა თუ აფასებს მაღალზნეობრივ პრინციპებსა და ნორმებს, ამიტომ ის ბიბლიური სიბრძნე, რომელსაც მათ ვუზიარებ, ნამდვილად ფასდაუდებელია. არ მინდა, რომ სამსახურის მერე ჩემმა საქმიანობამ იმოქმედოს აქ შესასრულებელ სამუშაოს ხარისხზე, მაგრამ ამასთანავე, მინდა, მეტი დრო მქონდეს ხალხის დასახმარებლად. აი, რატომ გთხოვთ ჩემი სამუშაო საათების შემცირებას“.
დირექტორმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა, რომ ერთ დროს ისიც ფიქრობდა საქველმოქმედო საქმიანობის წამოწყებას. შემდეგ დასძინა: „ისეთი მიზეზები მომიყვანე, იძულებული ვარ, დავაკმაყოფილო შენი თხოვნა. მაგრამ ხვდები, რომ ხელფასი ნაკლები გექნება?“ ემილიამ უპასუხა, რომ მზად იყო ამისთვის და თუ საჭირო გახდებოდა, ცხოვრებასაც გაიმარტივებდა. მან განაგრძო: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების დახმარებაა“. დირექტორმა კი ასეთი რამ უთხრა: „მოხიბლული ვარ იმ ადამიანებით, ვინც თავის დროს უანგაროდ ახმარს სხვებს“.
ამ კომპანიაში მანამდე არავის უსარგებლია ასეთი შეღავათებით. ახლა ემილია კვირაში ოთხი დღე მუშაობს. მისდა გასაკვირად, დღიური ანაზღაურება მოუმატეს; ასე რომ, ხელფასი თვის ბოლოს იმდენივე გამოსდის, რამდენიც უწინ. ემილიამ თქვა: „ნატვრა ამიხდა და კვლავ შემიძლია პიონერად მსახურება!“
თქვენც ხომ არ ფიქრობთ, მოახდინოთ გარკვეული ცვლილებები და დაიწყოთ ან განაახლოთ პიონერად მსახურება?
[ჩანართი 32 გვერდზე]
დირექტორმა უთხრა ემილიას: „მოხიბლული ვარ იმ ადამიანებით, ვინც თავის დროს უანგაროდ ახმარს სხვებს“