არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მე „თქვენთან ვარ“

მე „თქვენთან ვარ“

მე „თქვენთან ვარ“

„ბევრი დაიწყებს ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“ (დან. 12:4).

როგორ უპასუხებთ?

როგორ ეფინება ნათელი „ჭეშმარიტ ცოდნას“ დღეს?

როგორ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ჭეშმარიტება მიიღო?

რა გაგებით გამრავლდა „ჭეშმარიტი ცოდნა“?

1, 2. ა) საიდან ვიცით, რომ იესო ჩვენთან არის ახლა და ჩვენთან იქნება მომავალშიც? ბ) დანიელის 12:4-ის თანახმად, რა შედეგს გამოიღებდა წმინდა წერილების გულმოდგინე გამოკვლევა?

წარმოიდგინეთ თქვენი თავი სამოთხეში. ყოველ დილით დასვენებული იღვიძებთ და ხალისით იწყებთ ახალ დღეს. არაფერი გაწუხებთ და არაფერი გტკივათ. იმის გახსენებაც კი გიჭირთ, რა არის ავადმყოფობა. ხუთივე გრძნობა — მხედველობა, სმენა, ყნოსვა, შეხება და გემოვნება — სრულყოფილად ფუნქციონირებს. სავსე ხართ ენერგიით, გაქვთ სასიამოვნო სამუშაო, გყავთ უამრავი მეგობარი და არანაირი სადარდებელი აღარ გაქვთ. ღვთის სამეფოს მმართველობის დროს ყოველივე ეს რეალობად იქცევა. იესო ქრისტე, ამ სამეფოს მეფე, აკურთხებს თავის ქვეშევრდომებს და ასწავლის მათ იეჰოვას შესახებ.

2 იმ დროს იეჰოვა იქნება თავის ერთგულ მსახურებთან, როდესაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო საგანმანათლებლო საქმიანობაში. ღმერთი და მისი ძე საუკუნეების განმავლობაში უჭერდნენ მხარს თავის ერთგულ მსახურებს. ზეცად ამაღლებამდე იესო დაჰპირდა თავის მოწაფეებს, რომ მათთან იქნებოდა (წაიკითხეთ მათეს 28:19, 20). ამ დაპირებისადმი რწმენა რომ განგვიმტკიცდეს, განვიხილოთ ერთი აზრი ღვთივშთაგონებული წინასწარმეტყველებიდან, რომელიც 2 500-ზე მეტი წლის წინ დაიწერა ძველ ბაბილონში. „უკანასკნელ დროსთან“ დაკავშირებით, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, წინასწარმეტყველმა დანიელმა დაწერა: „ბევრი დაიწყებს ძიებას და გამრავლდება ჭეშმარიტი ცოდნა“ (დან. 12:4). ებრაული ზმნა, რომელიც „ძიებად“ ითარგმნება, გულმოდგინე გამოკვლევაზე მიუთითებს, და ფაქტები მოწმობს, რომ ზემოხსენებული წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში სრულდება. ასეთ „ძიებას“ მართლაც საოცარი კურთხევები მოჰყვებოდა! ისინი, ვინც გულმოდგინედ გამოიკვლევდნენ ბიბლიას, მიიღებდნენ ღვთის სიტყვის ზუსტ, ჭეშმარიტ გაგებას. ამავე წინასწარმეტყველების თანახმად, „ჭეშმარიტ ცოდნას“ მრავალი მიიღებდა. უფრო მეტიც, ასეთი ცოდნა „გამრავლდებოდა“. ის ფართოდ გავრცელდებოდა და ბევრისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი. მოდი, განვიხილოთ, როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება. ეს დაგვეხმარება იმის დანახვაში, რომ დღეს იესო არის თავის მოწაფეებთან და ღმერთს ნამდვილად შეუძლია ყველა თავისი დანაპირების შესრულება.

„ჭეშმარიტ ცოდნას“ ნათელი ეფინება

3. რა დაემართა „ჭეშმარიტ ცოდნას“ მოციქულების სიკვდილის შემდეგ?

3 როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, მოციქულების სიკვდილის შემდეგ ჭეშმარიტ ქრისტიანებში განდგომილებამ იჩინა თავი და ცეცხლივით გავრცელდა (საქ. 20:28—30; 2 თეს. 2:1—3). საუკუნეების შემდეგ „ჭეშმარიტი ცოდნა“ არა მარტო მათთვის იყო დაფარული, ვინც ბიბლიის შესახებ არაფერი იცოდა, არამედ მათთვისაც, ვისაც თავი ქრისტიანად მოჰქონდა. თუმცა ქრისტიანული სამყაროს წინამძღოლები აცხადებდნენ, რომ სწამდათ ბიბლიის, ისინი ასწავლიდნენ რელიგიურ სიცრუეს, ანუ „დემონურ სწავლებებს“, რომლებიც შეურაცხყოფდა ღმერთს (1 ტიმ. 4:1). ადამიანები სულიერ წყვდიადში იმყოფებოდნენ. განდგომილები ასწავლიდნენ ისეთ ცრუ სწავლებებს, როგორიცაა: სამება, სულის უკვდავება და ჯოჯოხეთის ცეცხლში სულების მარადიული ტანჯვა.

4. როგორ დაიწყო 1870-იან წლებში ქრისტიანთა ჯგუფმა „ჭეშმარიტი ცოდნის“ ძიება?

4 „ბოლო დღეების“ დაწყებამდე დაახლოებით ოთხი ათეული წლით ადრე, 1870-იან წლებში, პენსილვანიაში (აშშ) მცხოვრები გულწრფელი ქრისტიანებისგან შემდგარი პატარა ჯგუფი ერთად იკრიბებოდა, რათა გულმოდგინედ გამოეკვლიათ ბიბლია და ეძებათ „ჭეშმარიტი ცოდნა“ (2 ტიმ. 3:1). მათ თავიანთ თავს ბიბლიის მკვლევრები უწოდეს. ისინი არ იყვნენ ის „ბრძენები და ჭკვიანები“, რომლებზეც იესომ თქვა, რომ მათთვის ცოდნა დაფარული იქნებოდა (მათ. 11:25). ბიბლიის მკვლევრები იყვნენ თავმდაბალი ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სურდათ ღვთის ნების შესრულება. ისინი ლოცულობდნენ, გულდასმით კითხულობდნენ წმინდა წერილებს, მსჯელობდნენ და ფიქრობდნენ მასზე, ერთმანეთს ადარებდნენ ბიბლიურ მუხლებს და განიხილავდნენ იმათ ნაშრომებს, ვინც ასევე იკვლევდა ღვთის სიტყვას. თანდათანობით ეს ადამიანები სწვდებოდნენ ჭეშმარიტებას, რომელიც საუკუნეების მანძილზე სიბნელით იყო მოცული.

5. რა იყო „ძველი თეოლოგიური ტრაქტატების“ მიზანი?

5 მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის მკვლევრები აღფრთოვანებული იყვნენ იმით, რასაც იგებდნენ, არ უნდოდათ, რომ ამ ახლადშეძენილ ცოდნას ისინი გაეამაყებინა; არც იმას იბრალებდნენ, თითქოს რაღაც ახალი აღმოაჩინეს (1 კორ. 8:1). ნაცვლად ამისა, მათ გამოსცეს ტრაქტატების სერია სახელწოდებით „ძველი თეოლოგიური ტრაქტატი“. ამ ტრაქტატების მიზანი იყო მკითხველთათვის გაეცნოთ ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტება. ამ ტრაქტატებიდან პირველი ეხმარებოდა ადამიანებს ბიბლიის შესწავლაში, რათა ისინი გათავისუფლებულიყვნენ ცრუ, ადამიანური ტრადიციებისგან და კვლავ მიეღოთ სრულად „ძველი თეოლოგია“ ანუ უფლისა და მოციქულების სწავლებები („ძველი თეოლოგიური ტრაქტატი“, №1, 1889 წლის აპრილი, გვ. 32 [ინგლ.]).

6, 7. ა) რომელ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს მოეფინა ნათელი 1870-იანი წლებიდან? ბ) რომელი ბიბლიური ჭეშმარიტება შეეხო თქვენს გულს განსაკუთრებით?

6 მას შემდეგ, რაც ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფმა ღვთის სიტყვის კვლევა დაიწყო, 100 წელზე მეტი გავიდა და არაერთ ჭეშმარიტებას აეხადა ფარდა. * ეს არ არის მშრალი ფაქტები, რომლებზეც თეოლოგები მსჯელობენ ხოლმე. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც გვათავისუფლებს, სიხარულს გვანიჭებს, იმედს გვაძლევს და ცხოვრებას აზრიანს ხდის. ის გვეხმარება, გავიცნოთ იეჰოვა — მისი პიროვნება და განზრახვები. ბიბლიური ჭეშმარიტება ნათელს ჰფენს იესოს როლს, გვიხსნის, რატომ ჩამოვიდა დედამიწაზე, რატომ მოკვდა და რას აკეთებს ახლა. მისი მეშვეობით ვგებულობთ, რატომ უშვებს ღმერთი ბოროტებას, რატომ ვკვდებით, როგორ ვილოცოთ და როგორ მივაღწიოთ ნამდვილ ბედნიერებას.

7 დღეს შეგვიძლია ჩავწვდეთ წინასწარმეტყველებების მნიშვნელობას, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში „საიდუმლოდ“ რჩებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელ დროს ჩვენ თვალწინ სრულდება (დან. 12:9). ეს წინასწარმეტყველებები განსაკუთრებით გვხვდება სახარებებსა და წიგნ „გამოცხადებაში“. იეჰოვა ისეთი მოვლენების გაგებაშიც გვეხმარება, რომლებსაც ჩვენი თვალით ვერ დავინახავდით, მაგალითად: იესოს გამეფება, ზეცაში მომხდარი ომი და სატანის დედამიწაზე გადმოგდება (გამოცხ. 12:7—12). ღმერთმა აგრეთვე გაგვაგებინა, რატომ ხდება ის, რასაც ჩვენი თვალით ვხედავთ, მაგალითად: ომები, მიწისძვრები, ეპიდემიები, საკვების უკმარისობა და რომ უღვთო ადამიანების გამო ვცხოვრობთ „მძიმე, ძნელად ასატან დროს“ (2 ტიმ. 3:1—5; ლუკ. 21:10, 11).

8. ვის უნდა ვუმადლოდეთ იმისათვის, რასაც ვხედავთ და ვისმენთ?

8 იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ბედნიერნი არიან ისინი, რომელთა თვალებიც იმას ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ, რადგან გეუბნებით: ბევრ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, და მოესმინა ის, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ არ უხილავთ და არ მოუსმენიათ“ (ლუკ. 10:23, 24). მადლიერი ვართ იეჰოვასი, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა, დაგვენახა და მოგვესმინა ეს ყოველივე. აგრეთვე მადლიერი ვართ „დამხმარის“, ღვთის წმინდა სულის, რომელიც იეჰოვამ მისცა იესოს მიმდევრებს, რათა მათ წაძღოლოდა „ყოველი ჭეშმარიტებისკენ“ (წაიკითხეთ იოანეს 16:7, 13). დაე, ყოველთვის დავაფასოთ ჭეშმარიტების ცოდნა და გულუხვად გავუზიაროთ სხვებს!

„ჭეშმარიტ ცოდნას“ მრავალი იღებს

9. რა მოწოდებამ გაიჟღერა 1881 წლის აპრილის „საგუშაგო კოშკში“?

9 „საგუშაგო კოშკის“ პირველი ნომრის გამოცემიდან ორი წელიც არ იყო გასული, როცა 1881 წლის აპრილის ნომერში დაიბეჭდა მოწოდება, რომ საჭირო იყო 1 000 მქადაგებელი. სტატიაში ეწერა: „ყველას, ვისაც საშუალება ნებას გრთავთ, ნახევარი ან მეტი დრო დაუთმოთ უფლის საქმეს, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ შეძლებისდაგვარად წახვიდეთ დიდსა თუ პატარა ქალაქებში, როგორც წიგნების დამტარებლები ან მქადაგებლები. შეეცადეთ, ყველგან იპოვოთ გულწრფელი ქრისტიანები. ბევრს, ვისაც იპოვით, ექნებათ ღვთისადმი მოშურნეობა, მაგრამ არ ექნებათ შემეცნება. ყველგან გახადეთ ცხადი ჩვენი მამის სიდიადე და მისი სიტყვის მშვენება“.

10. როგორ გამოეხმაურა ხალხი სრული დროით მსახურებისკენ მოწოდებას?

10 ამ მოწოდებამ ცხადყო, რომ ბიბლიის მკვლევრები ჭეშმარიტი ქრისტიანების უმთავრეს საქმიანობად სასიხარულო ცნობის ქადაგებას მიიჩნევდნენ. მაგრამ როგორ იყო შესაძლებელი 1 000 სრული დროით მქადაგებელის პოვნა იმ დროს, როცა ბიბლიის მკვლევართა შეხვედრებს მხოლოდ რამდენიმე ასეული ესწრებოდა? ტრაქტატის ან ჟურნალის წაკითხვის შემდეგ ძალიან ბევრი მიხვდა, რომ ეს ჭეშმარიტება იყო და მზადყოფნით გამოეხმაურა ამ მოწოდებას. მაგალითად, ბიბლიის მკვლევრების მიერ გამოცემული ბროშურისა და „საგუშაგო კოშკის“ ერთ-ერთი ნომრის წაკითხვის შემდეგ 1882 წელს ლონდონში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა დაწერა: „გთხოვთ, მომწეროთ, რა და როგორ ვიქადაგო, რათა შევასრულო ის კურთხეული საქმე, რომელიც ღმერთს სურს, რომ შესრულდეს“.

11, 12. ა) რა მიზანი გვაქვს ჩვენ წიგნების დამტარებლების მსგავსად? ბ) როგორ აყალიბებდნენ წიგნების დამტარებლები „კლასებს“ ანუ კრებებს?

11 წიგნების დამტარებლად 1885 წლისთვის დაახლოებით 300 ბიბლიის მკვლევარი მსახურობდა. მათ მსგავსად, თანამედროვე სრული დროით მსახურების მიზანიც იესო ქრისტეს მოწაფეების მომზადებაა. თუმცა მათ განსხვავებული მეთოდები ჰქონდათ. იმ დროს წიგნების დამტარებლები ავრცელებდნენ წიგნებს, შემდეგ ყველა დაინტერესებულს ერთად უყრიდნენ თავს და ბიბლიის შესწავლას მთლიან ჯგუფს უტარებდნენ. თითოეულ დაინტერესებულთან ბიბლიის შესწავლის ჩატარების ნაცვლად, ისინი აყალიბებდნენ „კლასებს“ ანუ კრებებს. დღეს კი ჩვენ, როგორც წესი, ბიბლიის შესწავლას ვატარებთ ინდივიდუალურად ცალკეულ ადამიანთან. შემდეგ ბიბლიის შემსწავლელს ვიწვევთ კრებაზე, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია.

12 მაგალითად, 1907 წელს წიგნების დამტარებლების ერთი ჯგუფი ჩავიდა ერთ ქალაქში მათ მოსაძებნად, ვისაც უკვე ჰქონდა „ქრისტეს ათასწლიანი მეფობის გარიჟრაჟი“ (აგრეთვე ცნობილია, როგორც „საღვთო წერილის გამოკვლევა“). „საგუშაგო კოშკი“ იუწყებოდა: «ისინი [დაინტერესებულები] იკრიბებოდნენ პატარა ჯგუფებად ერთ-ერთის სახლში. წიგნების დამტარებელი მათთან სასაუბროდ იყენებდა წიგნს „ღვთის გეგმის განხორციელება საუკუნეების მანძილზე“. შესწავლა მთელი კვირადღე გრძელდებოდა. მომდევნო კვირას ის მათ მოუწოდებდა, რომ რეგულარულად ჩაეტარებინათ შეხვედრები». 1911 წელს ძმებმა მიდგომა შეცვალეს. მთელ შეერთებულ შტატებსა და კანადაში 58-მა სპეციალურმა მიმომსვლელმა მსახურმა საჯარო მოხსენებები წაიკითხა. ამ ძმებმა ჩაიწერეს მოხსენებებზე დამსწრე დაინტერესებულთა სახელები და მისამართები და ახალი „კლასების“ ჩამოსაყალიბებლად ორგანიზება გაუწიეს კერძო სახლებში მათ ერთად შეკრებას. 1914 წლისთვის მთელ მსოფლიოში ბიბლიის მკვლევართა 1 200 კრება იყო.

13. რა შთაბეჭდილებას ახდენს თქვენზე „ჭეშმარიტი ცოდნის“ გავრცელების მასშტაბები?

13 ახლა მთელ მსოფლიოში 109 400-მდე კრებაა და დაახლოებით 895 800 და-ძმა მსახურობს პიონერად. დღეს 8 მილიონამდე ადამიანი იყენებს ცხოვრებაში „ჭეშმარიტ ცოდნას“ (წაიკითხეთ ესაიას 60:22). * ეს მართლაც საოცარია, რადგან იესომ იწინასწარმეტყველა, რომ მის მოწაფეებს შეიძულებდნენ მისი სახელის გამო. მან ასევე აღნიშნა, რომ მის მიმდევრებს განდევნიდნენ, დააპატიმრებდნენ და მოკლავდნენ კიდეც (ლუკ. 21:12—17). სატანის, მისი დემონებისა და ადამიანების წინააღმდეგობის მიუხედავად, იეჰოვას ხალხი საოცარ წარმატებებს აღწევს მოწაფეების მომზადების საქმეში. დღეს ქადაგება მიმდინარეობს „მთელ მსოფლიოში“ — ტროპიკული ჯუნგლებიდან დაწყებული ტუნდრამდე, მთებში, უდაბნოებში, ქალაქებსა და ყველაზე დაშორებულ დასახლებებშიც კი (მათ. 24:14). ყოველივე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა ღვთის დახმარების გარეშე.

„ჭეშმარიტი ცოდნა“ მრავლდება

14. როგორ გავრცელდა „ჭეშმარიტი ცოდნა“ ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით?

14 „ჭეშმარიტი ცოდნა“ გავრცელდა სასიხარულო ცნობის მქადაგებელთა მეშვეობით. მის გავრცელებას ბეჭდვითმა სიტყვამაც შეუწყო ხელი. 1879 წლის ივლისში ბიბლიის მკვლევრებმა გამოსცეს ამ ჟურნალის პირველი ნომერი, რომლის სათაური იყო „სიონის საგუშაგო კოშკი და ქრისტეს მოსვლის მაცნე“. ეს ჟურნალი დაიბეჭდა კერძო სტამბაში 6 000-იანი ტირაჟით მხოლოდ ინგლისურ ენაზე. 27 წლის ჩარლზ ტეიზ რასელი აირჩიეს რედაქტორად და ის სხვა 5 მოწიფულ ბიბლიის მკვლევართან ერთად წერდა სტატიებს ამ ჟურნალისთვის. „საგუშაგო კოშკი“ ახლა გამოიცემა 195 ენაზე. ეს არის მთელ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჟურნალი; მისი თითოეული ნომრის ტირაჟი 42 182 000-ა. მეორე ადგილზეა მისი თანმხლები ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, რომელიც გამოდის 41 042 000 ტირაჟით 84 ენაზე. გარდა ამისა, ყოველწლიურად იბეჭდება 100 მილიონამდე წიგნი და ბიბლია.

15. როგორ ფინანსდება პუბლიკაციების ბეჭდვა?

15 ეს გრანდიოზული საქმე ფინანსდება ნებაყოფლობითი შესაწირავებით (წაიკითხეთ მათეს 10:8). მათ, ვინც ბეჭდვით საქმიანობას ეწევა, ესმით, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული საბეჭდი მანქანების, ქაღალდის, საღებავისა და სხვა მასალის შეძენა. ძმა, რომელიც ჩვენი სტამბებისთვის მასალას ყიდულობს, ამბობს: „ბეთელის სტამბების სანახავად მოსული საქმიანი ადამიანები გაოცებული რჩებიან, როცა იგებენ, რომ ასეთი უახლესი და მაღალმწარმოებლური დანადგარები თუ ტექნოლოგიები ნებაყოფლობითი შესაწირავების ხარჯზე ფინანსდება. მათზე ისიც ახდენს შთაბეჭდილებას, თუ როგორი სიხარულით ასრულებენ თავიანთ საქმეს სტამბაში მომუშავე ახალგაზრდები“.

„დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“

16. რატომ ვრცელდება „ჭეშმარიტი ცოდნა“?

16 „ჭეშმარიტი ცოდნის“ გავრცელებას კარგი მიზანი აქვს. ღვთის ნებაა, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4). იეჰოვას სურს, რომ ადამიანებმა გაიგონ ჭეშმარიტება, რათა მას სათანადოდ სცენ თაყვანი და მიიღონ მისგან კურთხევები. „ჭეშმარიტი ცოდნის“ გავრცელებით ღმერთმა შეკრიბა ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილი ნაწილი. ამასთანავე, ის კრებს დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედის მქონე „უამრავ ხალხს“ „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“ (გამოცხ. 7:9).

17. რაზე მეტყველებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ასეთი გავრცელება?

17 ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ასეთი გავრცელება იმის უდავო მტკიცებაა, რომ გასული 130 წლის განმავლობაში ღმერთი და მის მიერ დანიშნული მეფე იესო ქრისტე მხარს უჭერდნენ დედამიწაზე მცხოვრებ იეჰოვას მსახურებს — ხელმძღვანელობდნენ, იცავდნენ, ორგანიზებას უწევდნენ და ასწავლიდნენ მათ. ეს იმაზეც მეტყველებს, რომ იეჰოვას დაპირებები მომავალთან დაკავშირებით აუცილებლად შესრულდება. „დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება, როგორც ზღვაა წყლით სავსე“ (ეს. 11:9). მართლაც, რა შესანიშნავი მომავალი ელის კაცობრიობას!

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 შეგიძლიათ იხილოთ ორი ვიდეოფილმი: „იეჰოვას მოწმეები — ცოცხალი რწმენა, ნაწილი 1: სიბნელიდან გამოსულნი“ და „იეჰოვას მოწმეები — ცოცხალი რწმენა, ნაწილი 2: გამოანათოს სინათლემ“.

^ აბზ. 13 იხილეთ წიგნი „ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II“, გვერდი 320.

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 6 გვერდზე]

ბიბლიის მკვლევრები იყვნენ თავმდაბალი ადამიანები, რომელთაც გულწრფელად სურდათ ღვთის ნების შესრულება

[სურათი 7 გვერდზე]

იეჰოვა აფასებს თქვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას, რომელსაც ღვთის შესახებ „ჭეშმარიტი ცოდნის“ გავრცელებას ახმართ