არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მტკიცედ იდექით და თავი აარიდეთ სატანის მახეებს!

მტკიცედ იდექით და თავი აარიდეთ სატანის მახეებს!

მტკიცედ იდექით და თავი აარიდეთ სატანის მახეებს!

მტკიცედ დაუდექით ეშმაკის ხრიკებს (ეფეს. 6:11).

როგორ უპასუხებთ?

როგორ შეუძლიათ იეჰოვას მსახურებს თავი აარიდონ მატერიალიზმის მახეს?

რა დაეხმარება დაქორწინებულ ქრისტიანს, არ ჩავარდეს უზნეობის „ორმოში“?

რა გარწმუნებთ, რომ თუ არ გაებმებით მატერიალიზმისა და სექსუალური უზნეობის მახეში, უამრავ კურთხევას მიიღებთ?

1, 2. ა) რატომ სძულს სატანას ცხებულები და „სხვა ცხვარი“? ბ) სატანის რა მახეებზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

სატანა ეშმაკს სძულს ადამიანები, განსაკუთრებით იეჰოვას მსახურები. ფაქტობრივად, ის ებრძვის ცხებულთა დარჩენილ ნაწილს (გამოცხ. 12:17). ეს გაბედული ქრისტიანები შეუპოვრად ქადაგებენ სამეფოს შესახებ ცნობას და ყველას აგებინებენ, რომ ამ ქვეყნიერების მმართველი სატანაა. ეშმაკს სძულს „სხვა ცხვრებიც“, რომლებიც მხარს უჭერენ ცხებულებს და სატანისგან განსხვავებით აქვთ მარადიულად ცხოვრების იმედი (იოან. 10:16). ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ არის სატანა განრისხებული. დედამიწაზე ცხოვრების იმედი გვაქვს, თუ — ზეცაში, სატანა არ არის დაინტერესებული ჩვენი კეთილდღეობით. მისი მიზანი ჩვენი ხელში ჩაგდებაა (1 პეტ. 5:8).

2 ამ მიზნის მისაღწევად სატანა სხვადასხვა მახეს გვიგებს. ვინაიდან მან ურწმუნოებს „დაუბრმავა გონება“, ისინი ვერც სასიხარულო ცნობას იღებენ და ვერც მის მახეებს ამჩნევენ. მაგრამ ეშმაკი მახეებს იმათაც უგებს, ვინც მიიღო სამეფოს შესახებ ცნობა (2 კორ. 4:3, 4). წინა სტატიაში განვიხილეთ, როგორ ავერიდოთ სატანის სამ მახეს, კერძოდ: 1) გაუკონტროლებელ საუბარს, 2) შიშსა და ზეწოლას და 3) დანაშაულის აუტანელ გრძნობას. ახლა კი ვნახოთ, როგორ ვიდგეთ მტკიცედ და როგორ ავარიდოთ თავი სატანის კიდევ ორ მახეს — მატერიალიზმსა და მრუშობის ჩადენის ცდუნებას.

მატერიალიზმი — მახე, რომელიც აშთობს

3, 4. როგორ შეუძლია ქვეყნიერების საზრუნავს გაგვაბას მატერიალიზმის მახეში?

3 ერთ თვალსაჩინო მაგალითში იესომ მოიხსენია ეკლებში დათესილი თესლი. მან თქვა, რომ ასეთი ადამიანი ისმენს სიტყვას, „მაგრამ ნაყოფი ვერ გამოაქვს, რადგან ქვეყნიერების საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა აშთობს სიტყვას“ (მათ. 13:22). მართლაც, მატერიალიზმი სატანის ერთ-ერთი მახეა.

4 სიტყვას ორივე ფაქტორი ერთად აშთობს. ერთი ფაქტორი „ქვეყნიერების საზრუნავია“. ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“ საზრუნავის მიზეზი ბევრი რამ ხდება (2 ტიმ. 3:1). მაღალი ფასებისა და უმუშევრობის ზრდის გამო, ალბათ, გიჭირთ თავის გატანა. შესაძლოა, მომავალზეც წუხართ და ფიქრობთ: „შევძლებ კი პენსიაში გასვლის შემდეგ თავის გატანას?“. ამ ყოველივეს გამო ზოგმა მიზნად დაისახა გამდიდრება, ვინაიდან ფიქრობენ, რომ ფული უსაფრთხოების გარანტიაა.

5. რა მხრივ არის სიმდიდრის ძალა მაცდუნებელი?

5 იესოს მიერ მოხსენიებული მეორე ფაქტორი „სიმდიდრის მაცდუნებელი ძალაა“. ქვეყნიერების საზრუნავთან ერთად ის აშთობს სიტყვას. ბიბლიის თანახმად, ფული იცავს ადამიანს (ეკლ. 7:12). მაგრამ სიმდიდრისკენ სწრაფვა გონივრული ნამდვილად არ არის. ბევრი დარწმუნდა, რომ რაც უფრო ისწრაფოდნენ გამდიდრებისკენ, მით უფრო ებმებოდნენ მატერიალიზმის მახეში. ზოგი სიმდიდრის მონაც კი გახდა (მათ. 6:24).

6, 7. ა) როგორ შეიძლება სამსახური გექცეთ მატერიალიზმის მახედ? ბ) რაზე უნდა დაფიქრდეს ქრისტიანი, როცა სთავაზობენ, რომ სამუშაოს მეტი დრო დაუთმოს?

6 გამდიდრების სურვილმა შეიძლება თავისდა უნებურად იჩინოს თავი. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ სამსახურში უფროსი გეუბნებათ: „კარგი ამბავი მაქვს! ჩვენმა კომპანიამ სერიოზული კონტრაქტი გააფორმა. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში საღამოობით და შაბათ-კვირასაც მოგიწევს მუშაობა. მაგრამ გპირდები, იმდენს გადაგიხდი, რომ ღირს მუშაობა“. რას გააკეთებდით, თქვენთვის რომ შემოეთავაზებინათ ასეთი რამ? რა თქმა უნდა, ოჯახზე მატერიალურად ზრუნვა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ არა — ერთადერთი (1 ტიმ. 5:8). არის სხვა საკითხებიც, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად: რამდენ დროს წაიღებს დამატებითი სამუშაო? შეგიშლით ეს ხელს სულიერი საქმეების კეთებაში, იქნება ეს კრების შეხვედრებზე დასწრება თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს ჩატარება?

7 გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დაფიქრდეთ, რა არის თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანი — საბანკო ანგარიში თუ თქვენი სულიერობა? ფულის შოვნის სურვილი ხომ არ შეგიშლიდათ ხელს, რომ სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დაგეყენებინათ? გესმით, როგორ შეიძლება მატერიალიზმმა იმოქმედოს თქვენზე, თუ ყურადღებას არ მიაქცევთ როგორც საკუთარ, ისე ოჯახის წევრების სულიერობას? როგორ შეგიძლიათ მტკიცედ დადგეთ და თავი აარიდოთ ამ მახეს, თუ ატყობთ, რომ მატერიალიზმის გამო თქვენს სულიერობას საფრთხე ემუქრება? (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 6:9, 10).

8. რომელი ბიბლიური მაგალითები დაგვეხმარება, გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას?

8 მატერიალიზმმა რომ არ ჩაგითრიოთ, დროდადრო უნდა გადახედოთ თქვენს ცხოვრებას. არასდროს დაემსგავსოთ ესავს, რომელმაც არ დააფასა თავისი სულიერი მემკვიდრეობა (დაბ. 25:34; ებრ. 12:16). მით უმეტეს არ უნდა დაემსგავსოთ იმ მდიდარ მამაკაცს, რომელსაც იესომ მოუწოდა, გაეყიდა მთელი თავისი ქონება, დაერიგებინა ღარიბებისთვის და მას გაჰყოლოდა. ასე მოქცევის ნაცვლად, ეს მამაკაცი „დანაღვლიანებული წავიდა, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა“ (მათ. 19:21, 22). სიმდიდრის მახეში გაბმულმა ამ მამაკაცმა დაკარგა უდიდესი პატივი — ყოფილიყო დედამიწაზე მცხოვრები ყველაზე დიდებული ადამიანის მიმდევარი. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დავკარგოთ იესო ქრისტეს მოწაფედ ყოფნის პატივი.

9, 10. როგორი შეხედულება უნდა გვქონდეს მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით?

9 ზედმეტად რომ არ ვიზრუნოთ მატერიალურ საკითხებზე, უნდა მივყვეთ იესოს რჩევას: «ნურასოდეს დაიწყებთ წუხილს და ნუ იტყვით: „რა ვჭამოთ?“ ან: „რა ვსვათ?“ ან: „რა ჩავიცვათ?“ რადგან ყოველივე ამას უცხოტომელები ეძებენ მთელი მონდომებით და თქვენმა ზეციერმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ყოველივე ეს» (მათ. 6:31, 32; ლუკ. 21:34, 35).

10 თუ არ გსურთ, გახდეთ სიმდიდრის მაცდუნებელი ძალის მსხვერპლი, უნდა ეცადოთ ისეთივე თვალსაზრისი განივითაროთ, როგორიც ბიბლიის დამწერ აგურს ჰქონდა. ის წერდა: „ნურც სიღატაკეში მამყოფებ და ნურც სიმდიდრეს მომცემ. მომეცი ჩემი სამყოფი“ (იგავ. 30:8). აგურს ესმოდა, რომ ფულს დაცვაც შეეძლო და, ამავდროულად, მაცდუნებელი ძალაც ჰქონოდა. თქვენც უნდა გესმოდეთ, რომ ქვეყნიერების საზრუნავსა და სიმდიდრის მაცდუნებელ ძალას თქვენი სულიერად განადგურება შეუძლია. მატერიალურ საკითხებზე ზედმეტი წუხილი წაგართმევთ დროს და გამოგაცლით ძალებს; ამან შეიძლება შეგისუსტოთ ან საერთოდ დაგიკარგოთ სამეფოს ინტერესების მხარდაჭერის სურვილი. ამიტომ მტკიცედ გადაწყვიტეთ, არ გაებათ სატანის მიერ დაგებულ მატერიალიზმის მახეში (წაიკითხეთ ებრაელების 13:5 ).

უზნეობა — კარგად შენიღბული ორმო

11, 12. როგორ შეიძლება ქრისტიანი გაებას უზნეობის მახეში სამსახურში?

11 როდესაც მონადირეებს დიდი ცხოველის დაჭერა უნდათ, თხრიან ორმოს იმ გზაზე, რომელზეც ეს ცხოველი დადის, და ორმოს ზემოდან ფარავენ წვრილი ჯოხებითა და მიწით. სატანის ყველაზე წარმატებული მახე, სწორედ ასეთ მახეს ჰგავს. ეს არის უზნეობა (იგავ. 22:14; 23:27). უზნეობის „ორმოში“ არაერთი ქრისტიანი ჩავარდნილა, ვინაიდან დაუშვეს, ისეთ სიტუაციებში აღმოჩენილიყვნენ, სადაც რთული იყო სიწმინდის შენარჩუნება. ზოგმა დაოჯახებულმა ქრისტიანმაც იმრუშა, ვინაიდან სხვების მიმართ განივითარა რომანტიკული ურთიერთობა.

12 ასეთი რომანტიკული ურთიერთობა შეიძლება განვითარდეს სამსახურში. ერთმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ქალების ნახევარზე მეტმა და დაახლოებით ოთხიდან სამმა მამაკაცმა, რომლებმაც მეუღლეებს უღალატეს, მრუშობა თავიანთ თანამშრომლებთან ჩაიდინეს. გიწევთ სამსახურში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა? თუ დიახ, რა სახის ურთიერთობაა ეს? შემოიფარგლებით მხოლოდ საქმიანი ურთიერთობებით, თუ უფრო მეტის უფლებას აძლევთ საკუთარ თავს? მაგალითად, ქრისტიანმა დამ, რომელსაც ხშირად უწევს ურთიერთობა თანამშრომელ მამაკაცთან, შეიძლება გული გადაუშალოს და ოჯახური პრობლემების შესახებ მოუყვეს მას. ან ქრისტიანმა ძმამ, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს თანამშრომელ ქალთან, შეიძლება იფიქროს: „ის ანგარიშს უწევს ჩემს აზრს და ყურადღებით მისმენს ხოლმე, როცა ველაპარაკები. მაფასებს კიდეც. ნეტავ ჩემი ცოლიც ასე მექცეოდეს!“. ხედავთ, როგორ შეიძლება ქრისტიანი მსგავს სიტუაციებში ადვილად გაებას უზნეობის მახეში?

13. როგორ შეიძლება დაოჯახებულ ქრისტიანს გაუჩნდეს სხვის მიმართ რომანტიკული გრძნობა კრებაში?

13 დაოჯახებულ ქრისტიანს შეიძლება სხვის მიმართ რომანტიკული გრძნობა გაუჩნდეს კრებაში. განვიხილოთ ერთი ნამდვილი შემთხვევა. დანიელი და მისი მეუღლე სარა * პიონერები იყვნენ. დანიელი უხუცესად მსახურობდა. ის ნებისმიერ დავალებას მზადყოფნით ეკიდებოდა და უარს არაფერზე ამბობდა. დანიელი ხუთ ახალგაზრდა მამაკაცს ასწავლიდა ბიბლიას, რომელთაგან სამი მოინათლა. ეს ახლად მონათლული ძმები დიდ ყურადღებას საჭიროებდნენ. როცა დანიელი სხვადასხვა თეოკრატიული საქმიანობით იყო დაკავებული, სარა ხშირად ეხმარებოდა ამ ძმებს. შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: დანიელის ყოფილ შემსწავლელებს ემოციური მხარდაჭერა სჭირდებოდათ და ამ მხარდაჭერას სარასგან იღებდნენ. თავის მხრივ, სარასაც სჭირდებოდა ყურადღება, რომელსაც მათგან იღებდა. ასე დაიგო მახე. დანიელი ამბობს: „თვეების განმავლობაში სარა სულიერად და ემოციურად გამოიფიტა. ამას ისიც დაემატა, რომ სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევდი, რასაც სავალალო შედეგები მოყვა. ჩემმა ცოლმა ერთ-ერთ ჩემს ყოფილ ბიბლიის შემსწავლელთან იმრუშა. ის სულიერად ჩემს თვალსა და ხელს შუა მოსუსტდა და მე იმდენად ვიყავი დაკავებული ჩემი პასუხისმგებლობებით, რომ ვერც კი შევნიშნე ეს“. როგორ ავირიდოთ თავიდან მსგავსი ტრაგედია?

14, 15. რა დაეხმარება ქრისტიან წყვილებს, თავი აარიდონ უზნეობის მახეს?

14 უზნეობის „ორმოში“ რომ არ აღმოვჩნდეთ, უნდა ვიფიქროთ, რას ნიშნავს მეუღლისადმი ერთგულება. იესომ თქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათ. 19:6). არასდროს იფიქროთ, რომ თეოკრატიული პასუხისმგებლობები მეუღლეზე მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, გახსოვდეთ, რომ თუ ხშირად მეუღლის გარეშე დროს ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებს უთმობთ, ეს თქვენი ოჯახის სისუსტეზე მეტყველებს და ამან ცდუნებამდე და შეიძლება სერიოზულ ცოდვამდეც კი მიგიყვანოთ.

15 თუ თქვენ უხუცესი ხართ, კრების წევრებზე უნდა იზრუნოთ. მოციქული პავლე წერდა: „მწყემსეთ თქვენთვის მობარებული ღვთის სამწყსო, ოღონდ არა იძულებით, არამედ ხალისით, არა უპატიოსნო შემოსავლის სიყვარულით, არამედ გულმოდგინებით“ (1 პეტ. 5:2). კრების წევრები ყურადღების გარეშე არ უნდა დატოვოთ. მაგრამ მწყემსის მოვალეობა არ უნდა შეასრულოთ ქმრის მოვალეობის ხარჯზე. ეს არ იქნებოდა გონივრული. თუ მთელ ყურადღებას კრების წევრების გამოკვებას დაუთმობდით, მაშინ როცა მეუღლე „მშიერი“ გყავთ სახლში, ეს სახიფათოც კი იქნებოდა. დანიელი ამბობს: „არ უნდა ისწრაფო იმდენი პასუხისმგებლობებისკენ, რომ საბოლოო ჯამში შენი ოჯახი დაზარალდეს“.

16, 17. ა) რა უნდა გააკეთონ დაქორწინებულმა ქრისტიანებმა, რათა დაანახვონ სამსახურში სხვებს, რომ მეუღლის გარდა სხვა არავინ აინტერესებთ? ბ) პუბლიკაციებში დაბეჭდილი რომელი სტატიები დაეხმარება ქრისტიანებს თავი აარიდონ უზნეობას?

16 ჟურნალ „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთში!“ დაოჯახებულ ქრისტიანებს შეუძლიათ ნახონ არაერთი კარგი რჩევა, რომლებიც დაეხმარება მათ, არ გაებან უზნეობის მახეში. მაგალითად, 2006 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ ასეთი რჩევა იყო მოცემული: „სამსახურში მოერიდეთ ისეთ სიტუაციებს, რომლებიც საპირისპირო სქესის ადამიანთან ძალიან დაგაახლოებდათ. მაგალითად, სამუშაო ადგილზე საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დამატებითი საათების გატარებამ და ახლო თანამშრომლობამ შეიძლება ცდუნების წინაშე დაგაყენოთ. როგორც დაქორწინებულმა ადამიანმა სიტყვითა თუ საქციელით სხვებს აშკარად უნდა დაანახვოთ, რომ თქვენთვის მეუღლის გარდა სხვა პიროვნება არ არსებობს. ცხადია, თქვენ, ღვთის ერთგული მსახური, ნამდვილად არ ისურვებდით კეკლუცობით, გამომწვევი ჩაცმულობითა და ზედმეტი მაკიაჟით უმართებულო ყურადღების მიპყრობას . . . თუ სამუშაო ადგილას მეუღლისა და ბავშვების სურათები გექნებათ, ეს ერთგვარი შეხსენება იქნება თქვენთვის და სხვებისთვის, რომ ოჯახი თქვენთვის უმნიშვნელოვანესია. არაფრით შეუწყოთ ხელი და არ დაუშვათ, რომ ვინმემ რომანტიკული გრძნობების მახეში გაგაბათ“.

17 ჟურნალ „გამოიღვიძეთის!“ 2009 წლის აპრილის გამოცემაში დაიბეჭდა სტატია სათაურით: „რას ნიშნავს სინამდვილეში მეუღლის ერთგულება?“. ეს სტატია დაქორწინებულებს აფრთხილებდა, რომ არ ჰქონოდათ სხვების მიმართ სექსუალური ფანტაზიები. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სექსუალური ფანტაზიები ზრდის მრუშობის ჩადენის ალბათობას (იაკ. 1:14, 15). თუ დაქორწინებული ხართ, კარგია მეუღლესთან ერთად დროდადრო გადახედოთ ასეთ ინფორმაციას. ქორწინება იეჰოვამ დააფუძნა და ეს კავშირი წმინდაა. თუ დროს გამონახავთ და მეუღლესთან ილაპარაკებთ თქვენი ოჯახის შესახებ, ამით საუკეთესოდ ცხადყოფთ, რომ აფასებთ იმას, რაც წმინდაა (დაბ. 2:21—24).

18, 19. ა) რა შედეგები მოყვება მრუშობას? ბ) რა კურთხევები მოყვება ცოლქმრულ ერთგულებას?

18 თუ ცდუნების წინაშე დგახართ, რომ მეუღლის გარდა ვინმეს მიმართ რომანტიკული გრძნობები განივითაროთ, დაფიქრდით სიძვისა და მრუშობის დამღუპველ შედეგებზე (იგავ. 7:22, 23; გალ. 6:7). ისინი, ვინც უზნეობას სჩადიან, იეჰოვას გულისწყრომას იწვევენ და ტკივილს აყენებენ როგორც მეუღლეს, ისე საკუთარ თავს (წაიკითხეთ მალაქიას 2:13, 14 ). იფიქრეთ კურთხევებზეც, რომლებიც სიწმინდის შენარჩუნებას მოაქვს. მათ, ვინც ზნეობრივად სუფთად ცხოვრობს, მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ; ისინი დღესაც ბედნიერები არიან და სუფთა სინდისს ინარჩუნებენ (წაიკითხეთ იგავების 3:1, 2).

19 ფსალმუნმომღერალი ღმერთს უმღეროდა „დიდი მშვიდობა აქვთ შენი კანონის მოყვარულებს, არ არსებობს მათთვის დაბრკოლება“ (ფსალმ. 119:165). ასე რომ, გიყვარდეთ ჭეშმარიტება და „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ, როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა“, რადგან „დღეები ბოროტია“ (ეფეს. 5:15, 16). გზა, რომელსაც ვადგავართ, სავსეა სატანის მიერ დაგებული მახეებით, რათა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები დაიჭიროს. მაგრამ საკუთარი თავის დასაცავად კარგად ვართ აღჭურვილი. იეჰოვა გვაძლევს ყველაფერს, რაც „მტკიცედ დგომისთვის“ და „ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების“ ჩასაქრობად არის საჭირო (ეფეს. 6:11, 16).

[სქოლიო]

^ აბზ. 13 სახელები შეცვლილია.

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

მატერიალიზმი ადამიანს სულიერად „აშთობს“. არ დაუშვათ, რომ ეს მოხდეს თქვენს შემთხვევაში

[სურათი 29 გვერდზე]

ფლირტი შეიძლება გახდეს უზნეობის მიზეზი, იმისდა მიუხედავად, შენ ეარშიყები სხვას, თუ ჰყვები არშიყში