ჩვენი არქივიდან
პილიგრიმების კვალდაკვალ
„კარდაკარ ვერ ვივლი!“ მსგავსი სიტყვები ბევრ ბიბლიის ახალ შემსწავლელს უთქვამს, როცა საქმე უცხოებთან ქადაგებას ეხებოდა. მაგრამ ეს ფრაზა ეკუთვნის ერთ-ერთ პილიგრიმს, გამოცდილ ორატორსა და დახელოვნებულ ბიბლიის მასწავლებელს.
„სიონის საგუშაგო კოშკის“ მრავალმა მკითხველმა, რომლებმაც დატოვეს თავიანთი ეკლესიები, სურდათ ურთიერთობა ჰქონოდათ მათთან, ვისაც აინტერესებდა ბიბლიური ჭეშმარიტება. ჟურნალი მოუწოდებდა მკითხველებს, რომ მოეძებნათ ისინი, ვისაც მათ მსგავსად სწყუროდათ ჭეშმარიტება და რეგულარულად შეკრებილიყვნენ ბიბლიის შესასწავლად. დაახლოებით 1894 წლიდან საზოგადოება „საგუშაგო კოშკი“ აგზავნიდა მიმომსვლელ წარმომადგენლებს იმ ჯგუფების მოსანახულებლად, რომლებიც ამას ითხოვდნენ. ეს გამოცდილი, მძიმედ მშრომელი მამაკაცები, რომლებსაც მოგვიანებით პილიგრიმები ეწოდათ, იყვნენ მორჩილები და თავმდაბლები, კარგად იცოდნენ ბიბლია, იყვნენ კარგი ორატორები და მასწავლებლები და მთელი გულით სწამდათ გამოსასყიდის. ჩვეულებრივ, ასეთი მონახულება ერთი-ორი დღე გრძელდებოდა. ბიბლიის ბევრმა შემსწავლელმა ქადაგებას პირველად პილიგრიმების საჯარო მოხსენებაზე მოსაწვევების გავრცელების დროს გაუგო გემო. ჰიუგო რიმერი, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრი გახდა, საღამოს წარმოთქმული მოხსენების შემდეგ გვიან ღამემდე პასუხობდა ბიბლიურ კითხვებზე. დაღლილმა, მაგრამ ბედნიერმა ასეთი რამ თქვა: „ეს არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო“.
„სიონის საგუშაგო კოშკში“ ეწერა, რომ მიმომსვლელი წარმომადგენლების მთავარი მიზანი იყო, მობინადრეების რწმენის განმტკიცება მორწმუნეების სახლებში ჩატარებული შეხვედრების მეშვეობით. ბიბლიის მკვლევრები ახლომდებარე ტერიტორიებიდან მოდიოდნენ საჯარო მოხსენების მოსასმენად და შემდეგ კითხვებს უსვამდნენ მომხსენებელს. ამის მერე ქრისტიანული სტუმართმოყვარეობის გამოვლენის დროც დგებოდა. მოდ აბოტი, რომელიც მაშინ პატარა გოგონა იყო, იხსენებს: „დილით საჯარო მოხსენებას დავესწარით და ამის შემდეგ ყველანი ეზოში გრძელ მაგიდას შემოვუსხედით. რა არ იყო სუფრაზე — ლორი, შემწვარი ქათამი, სხვადასხვა სახეობის პური, ღვეზელი და ნამცხვარი! დაახლოებით ორი საათისთვის, კარგად დანაყრების შემდეგ, კვლავ შევიკრიბეთ სხვა მოხსენების მოსასმენად. მაგრამ მოსმენა გვიჭირდა, რადგან ყველას გვეძინებოდა“. ერთხელ გამოცდილმა პილიგრიმმა ბენჯამინ ბარტონმა თქვა: „რაც იქ იყო, ყველაფერი რომ მეჭამა, დიდი ხნის წინ დავემშვიდობებოდი პილიგრიმობას“. ბოლოს ბრუკლინის მთავარი სამმართველოდან გამოგზავნილი წერილით ძმები სთხოვდნენ კეთილმოსურნე დებს, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პილიგრიმებისთვის მსუბუქ საჭმელს მოამზადებდნენ, რათა ღამე მშვიდად დაძინებოდათ.
თავიანთი მოხსენებები ცოცხლად რომ წარედგინათ, გამოცდილი მიმომსვლელი წარმომადგენლები იყენებდნენ ცხრილებს, თვალსაჩინოებებსა და სხვა ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ. რიჩარდ ბარბერის მოხსენებები „ყოველთვის კარგად იყო შეზავებული სულიერი სანელებლებით“. ვოლტერ თორნი „ძველი დროის პატრიარქივით“ ლაპარაკობდა და მის მოხსენებებში მამობრივი სიყვარული და სითბო იგრძნობოდა. ერთხელ შილდ თუთჯიანმა, რომელიც პირველი მოდელის ფორდით მგზავრობდა, უცებ დაიყვირა: „გააჩერე!“. ის სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან, რამდენიმე მინდვრის ყვავილი მოწყვიტა, რომ მანქანაში მგზავრებთან იეჰოვას შემოქმედებაზე ესაუბრა.
პილიგრიმად მსახურება საკმაოდ რთული საქმე იყო, განსაკუთრებით ასაკოვანი ძმებისთვის. მაგრამ ზოგიერთისთვის ყველაზე დიდი განსაცდელი მათ საქმიანობაში მომხდარი ერთი ცვლილება აღმოჩნდა. მათ და-ძმები კარდაკარ მსახურებაში უნდა წაეყვანათ. 1924 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ ეწერა: „ჭეშმარიტი ქრისტიანების მთავარი მიზანი უნდა იყოს სამეფოს შესახებ დამოწმება. სწორედ ამიტომ იგზავნებიან პილიგრიმები“.
ასეთი ცვლილება ყველა პილიგრიმს არ მოეწონა, ამიტომ მათ მიატოვეს მიმოსვლითი საქმიანობა და ზოგიერთმა განაწყენებულმა თავისი მიმდინარეობაც კი ჩამოაყალიბა. რობი ედკინსი იხსენებს, რომ ერთმა პილიგრიმმა, რომელიც ბრწყინვალე ორატორი იყო, მას გულისტკივილით უთხრა: „მე მხოლოდ ის ვიცი, როგორ ვასწავლო სცენიდან. კარდაკარ ვერ ვივლი“. ძმა ედკინსი განაგრძობს: „შემდეგ ეს პილიგრიმი 1924 წელს კოლუმბუსში (ოჰაიო) გამართულ კონგრესზე ვნახე. ის პატარა ხის ჩრდილში მარტო იდგა და საცოდავად გამოიყურებოდა ათასობით ბედნიერ ძმას შორის. ამის შემდეგ ის აღარასოდეს მინახავს. მალე მან დატოვა ორგანიზაცია“. იმ პილიგრიმისგან განსხვავებით, ძმა ედკინსის თქმით, წიგნებით დატვირთული მრავალი ძმა მიემართებოდა თავიანთი მანქანებისკენ, რომ კარდაკარ ექადაგათ (საქ. 20:20, 21).
ბევრი პილიგრიმი ისევე ნერვიულობდა კარდაკარ ქადაგებისას, როგორც ისინი, ვისაც მსახურებას ასწავლიდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მთელი გულით ასრულებდნენ ამ საქმეს. კარდაკარ ქადაგებასთან დაკავშირებით გერმანულენოვანმა პილიგრიმმა მაქსველ ფრენდმა დაწერა: „პილიგრიმების საქმიანობას კურთხევად ეს საქმიანობაც დაემატა“. პილიგრიმი ჯონ ბონეტი იუწყებოდა, რომ ძმების უმრავლესობამ მთელი გულით მიიღო სამეფოს შესახებ ქადაგების ეს ახალი მეთოდი. მისი თქმით, უმეტესობა „მთელი შემართებით ცდილობდა, ყოფილიყო ბრძოლის წინა ხაზზე“.
წლების მანძილზე ერთგული მიმომსვლელი ძმები კარგ გავლენას ახდენდნენ და-ძმებზე. „მე, ჯერ კიდევ პატარა ბიჭმა, შევამჩნიე რომ პილიგრიმების შრომა ფასდაუდებელი იყო. მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემ გამოსაძერწად“, — აღნიშნავს დიდი ხნის მოწმე ნორმან ლარსონი. ასეთი თავგანწირული და ერთგული მიმომსვლელი ზედამხედველები დღესაც ეხმარებიან თანამორწმუნეებს, რომ მათ თქვან: „ჩვენ ვივლით კარდაკარ!“.
[ჩანართი 32 გვერდზე]
პილიგრიმების მოსვლა ყველას უხაროდა
[ჩანართი 31 გვერდზე]
ბენჯამინ ბარტონის 1905 წლის გეგმაში 170 მოსანახულებელი ადგილი იყო მითითებული
[სურათი 32 გვერდზე]
ვოლტერ თორნი იყო პილიგრიმი, რომელსაც მამიკოს ეძახდნენ, რადგან მამასავით მოსიყვარულე იყო და ქრისტეს მსგავსი განწყობა ჰქონდა
[სურათი 32 გვერდზე]
ბრაუნი დაახლოებით 1902 წელს იამაიკაში გაგზავნეს, რათა გაემხნევებინა და გაეძლიერებინა 14 პატარა ჯგუფი
[სურათი 32 გვერდზე]
პილიგრიმების საქმიანობა ამტკიცებდა რწმენას, აძლიერებდა ქრისტიანულ ერთობას და აახლოებდა ძმებს ორგანიზაციასთან