არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

ჩვენი მეგობრობა 60 წელია გრძელდება და ეს მხოლოდ დასაწყისია

ჩვენი მეგობრობა 60 წელია გრძელდება და ეს მხოლოდ დასაწყისია

ქალაქი ითაკა, ნიუ-იორკი (აშშ). 1951 წლის ზაფხულის ერთ საღამოს დაახლოებით 20 წლის ოთხი ახალგაზრდა ტელეფონის ჯიხურებთან დგას და რეკავს მიჩიგანში, აიოვასა და კალიფორნიაში. მათ ძალიან კარგი ამბის შეტყობინება სურთ.

იმავე წლის თებერვალში საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკი) თავი მოიყარა 122-მა პიონერმა, რათა გაევლოთ სკოლა „გალაადის“ მე-17 კლასი. მომავალ მისიონერებს შორის იყვნენ ლოუელ ტერნერი და უილიამ (ბილ) კასტენი მიჩიგანიდან, რიჩარდ კელსი აიოვადან და რამონ ტემპლეტონი კალიფორნიიდან. მალე ისინი ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

დაახლოებით ხუთი თვის შემდეგ მღელვარებამ პიკს მიაღწია, როდესაც კლასს აცნობეს, რომ მათთან სასაუბროდ მოვიდოდა ძმა ნეითან ნორი მსოფლიო მთავარი სამმართველოდან. ამ ოთხ ძმას სურდა, რომ თუ შესაძლებელი იყო, მათ ერთ ქვეყანაში ემსახურათ. აინტერესებდათ, რომელ ქვეყანაში დაინიშნებოდნენ მისიონერებად? აინტერესებდათ და თანაც როგორ!

ყველა დიდ მოლოდინში იყო, როდესაც ძმა ნეითან ნორმა დაიწყო გამოცხადება, თუ ვინ სად იმსახურებდა. პირველი, ვინც სცენაზე მიიწვიეს, იყო ის ოთხი ძმა, რომლებიც ყველაზე მეტად ნერვიულობდნენ, მაგრამ შვება იგრძნეს, როდესაც გაიგეს რომ ერთად იმსახურებდნენ. მაგრამ სად გააგზავნიდნენ მათ? „გალაადის“ კურსდამთავრებულებს ჯერ გაუკვირდათ, შემდეგ კი მქუხარე აპლოდისმენტებით შეხვდნენ მათ გერმანიაში დანიშვნას.

იეჰოვას მოწმეებს გულგრილს არ ტოვებდა იმ და-ძმების ისტორიები, რომლებიც ერთგულებას ინარჩუნებდნენ 1933 წლიდან ჰიტლერის რეჟიმის დროს. ბევრმა კურსდამთავრებულმა გაიხსენა, თუ როგორ გაუგზავნეს საკვები და ტანსაცმელი ევროპელ და-ძმებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. გერმანიაში მცხოვრებმა თანამორწმუნეებმა დაგვიტოვეს რწმენის, შეუდრეკელობის, სიმამაცისა და იეჰოვასადმი ნდობის ბრწყინვალე მაგალითი. „ვფიქრობდით, რომ ახლა შესაძლებლობა მოგვეცა, პირადად გაგვეცნო ეს ძვირფასი და-ძმები“, — იხსენებს ლოუელი. ახლა გასაგებია, რატომ იყო აღელვებული ეს ოთხი ახალგაზრდა და რატომ სურდათ მათ დარეკვა იმ საღამოს.

გერმანიაში გამგზავრება

1951 წლის 27 ივლისს გემი ისტ-რივერის (ნიუ-იორკი) ნავსადგურიდან გავიდა და ოთხი მეგობარი გერმანიისკენ მიმავალ გზას დაადგა. მგზავრობამ 11 დღეს გასტანა. „გალაადის“ ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა და მოგვიანებით ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ალბერტ შრედერმა, მათ რამდენიმე წინადადება ასწავლა გერმანულად. ახლა კი გემზე გერმანელი მგზავრებისგან მათ უფრო მეტის სწავლა შეეძლოთ. მაგრამ, როგორც ჩანს, მგზავრები სხვადასხვა დიალექტზე საუბრობდნენ, რამაც სულ დააბნია ისინი.

სამშაბათ დილით, 7 აგვისტოს, ზღვის ავადმყოფობის გადატანის შემდეგ ძმებმა საბოლოოდ, გერმანიის მიწაზე დადგეს ფეხი. ისინი ჰამბურგში ჩავიდნენ. ომი ექვსი წლის დამთავრებული იყო, მაგრამ მისი კვალი ყველგან ჩანდა. ნანახით გულდამძიმებულნი ღამის მატარებლით ვისბადენში გაემგზავრნენ, სადაც იმ დროს ფილიალი იყო.

ოთხშაბათს დილით ადრე ისინი შეხვდნენ პირველ იეჰოვას მოწმეს. მას ტიპური გერმანული სახელი ჰანსი ერქვა. ჰანსმა ისინი მატარებლის სადგურიდან ბეთელში წაიყვანა და ერთ ხანდაზმულ დასთან დატოვა, რომელმაც საერთოდ არ იცოდა ინგლისური. ეს და ალბათ, ფიქრობდა, რომ ძმებისთვის მისი გერმანული უფრო გასაგები იქნებოდა, თუ ხმამაღლა ილაპარაკებდა. მაგრამ ამ დასა და ძმებს მაინც არ ესმოდათ ერთმანეთის, მიუხედავად იმისა, რომ და სულ უფრო და უფრო უწევდა ხმას. ბოლოს მოვიდა ძმა ერიხ ფროსტი, ფილიალის მსახური, მათ გულთბილად მიესალმა ინგლისურად და ძმებმაც შვებით ამოისუნთქეს.

აგვისტოს ბოლოს მაინის ფრანკფურტში ეს ოთხი ძმა დაესწრო პირველ გერმანულ კონგრესს „წმინდა თაყვანისმცემლობა“. დამსწრეთა უმაღლესი რიცხვი 47 432 იყო და 2 373 მოინათლა; ამან მათ მისიონერად მსახურებისა და ქადაგების სურვილი გაუძლიერა. რამდენიმე დღის შემდეგ ძმა ნორმა მათ უთხრა, რომ ისინი ბეთელში დარჩებოდნენ და იქ იმსახურებდნენ.

ბეთელში მსახურებისას განცდილმა სიხარულმა სრულად დაარწმუნა ისინი, რომ იეჰოვამ ყოველთვის უკეთ იცის, რა არის საუკეთესო

ვინაიდან გული მისიონერობისკენ მიუწევდა, რამონმა ერთხელ უარი თქვა შეერთებული შტატების ბეთელში მსახურებაზე. არც რიჩარდსა და ბილს არ უფიქრიათ ასეთი სახის მსახურებაზე. მაგრამ ბეთელში მსახურებით განცდილმა სიხარულმა სრულად დაარწმუნა ისინი, რომ იეჰოვამ ყოველთვის უკეთ იცის, რა არის საუკეთესო. უფრო გონივრულია, მიჰყვე იეჰოვას მითითებებს, ვიდრე აჰყვე საკუთარ სურვილებს. ის, ვინც ამ რჩევას ყურად იღებს, სადაც არ უნდა იმსახუროს და რა დავალებაც არ უნდა მიიღოს, ბედნიერი იქნება.

„ფერბოტენ!“

გერმანიის ბეთელში ბევრს გაუხარდა ამერიკელების ჩამოსვლა, რადგან იმედოვნებდნენ რომ მათთან ურთიერთობით გაიუმჯობესებდნენ ინგლისურს. მაგრამ ერთ დილით სასადილოში მათ იმედები მოულოდნელად გაუცრუვდათ. ძმა ფროსტმა თავისი ჩვეული ენთუზიაზმით დაიწყო ლაპარაკი გერმანულად, როგორც ჩანს, რაღაც სერიოზულ საკითხზე. ყველა გასუსული იჯდა და თავის თეფშს მისჩერებოდა. მართალია, ახალჩამოსულებს არ ესმოდათ, რაზე საუბრობდა ძმა, მაგრამ თანდათან ხვდებოდნენ, რომ საქმე მათ ეხებოდათ. როცა ძმა ფროსტმა ხმამაღლა რამდენიმეჯერ გაიმეორა სიტყვა „ფერბოტენ“ (რაც ნიშნავს აკრძალვას), ოთხივე ძმა აღელდა. საინტერესოა, რა ჩაიდინეს მათ, რამაც ასეთი სერიოზული რეაქცია გამოიწვია?

სადილი დამთავრდა და ყველა სწრაფად გაეშურა თავიანთი ოთახებისკენ. მოგვიანებით ერთმა ძმამ მათ უთხრა: „თუ გინდათ, რომ დაგვეხმაროთ, გერმანულად ლაპარაკი უნდა შეგეძლოთ. აი, ამიტომ აგვიკრძალა ძმა ფროსტმა, თქვენთან ინგლისურად ლაპარაკი მანამ, სანამ გერმანულს არ ისწავლით“.

ამ მითითებას ბეთელის ოჯახში ყველა უსიტყვოდ დაემორჩილა. ახალჩამოსულებს ასეთი მიდგომა მარტო გერმანული ენის დაუფლებაში არ დაეხმარა; მათ ისწავლეს, რომ მოსიყვარულე ძმის რჩევის გათვალისწინება ყოველთვის გონივრულია, მაშინაც კი, თუ ეს ძნელია. ძმა ფროსტის რჩევიდან გამოჩნდა, რომ ის დაინტერესებული იყო იეჰოვას ორგანიზაციის კეთილდღეობით და უყვარდა ძმები. * დროთა განმავლობაში ეს ოთხი ძმა უფრო დადებითად განეწყო ძმა ფროსტის მიმართ, რადგან დაინახეს, რამდენად გონივრული იყო მისი რჩევა.

ვსწავლობთ ჩვენი მეგობრებისგან

ღვთისმოშიში მეგობრებისგან ჩვენ ბევრი კარგი რამის სწავლა შეგვიძლია, რაც იეჰოვასთან უკეთ დამეგობრებაში დაგვეხმარება. ერთგული გერმანელი და-ძმებისგან, რომელთა სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, ამ ოთხმა ძმამ ბევრი რამ ისწავლა; ისინი ერთმანეთისგანაც სწავლობდნენ. რიჩარდი ყვება: „ლოუელმა ცოტა უკეთ იცოდა გერმანული და თავს კარგად ართმევდა, მაგრამ ჩვენ ვჯახირობდით. ამასთანავე, ის ჩვენზე უფროსი იყო, ამიტომ როდესაც ენასთან დაკავშირებით რაიმე გვაინტერესებდა, ავტომატურად მას ვეკითხებოდით და რჩევისთვისაც მას მივმართავდით“. რამონი იხსენებს: „ძალიან გამიხარდა, როდესაც გერმანიაში ჩასვლიდან ერთი წლის შემდეგ ერთმა შვეიცარიელმა ძმამ შვეიცარიაში თავისი აგარაკი შემოგვთავაზა, რომ დაგვესვენა. ვფიქრობდი, რომ ეს ორი კვირა მაინც დავისვენებდი გერმანულისგან. მაგრამ ლოუელი სულ გამომრჩა მხედველობიდან. მან დაჟინებით მოითხოვა, რომ დილაობით ყოველდღიური მუხლი გერმანულად განგვეხილა. ჩემდა სამწუხაროდ, ლოუელი ამ საკითხში მტკიცე გამოდგა. ამან გვასწავლა, მივყოლოდით საუკეთესო მოტივებით ნაკარნახევ ხელმძღვანელობას მაშინაც კი, როცა რაღაცას არ ვეთანხმებოდით. ასეთი დამოკიდებულება წლების მანძილზე გვეხმარებოდა და გვიადვილებდა, დავმორჩილებოდით თეოკრატიულ მითითებებს“.

ამ ოთხმა მეგობარმა აგრეთვე ისწავლა ერთმანეთის ძლიერი მხარეების დაფასება, როგორც ეს ფილიპელების 2:3-ში წერია: „თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“. ამიტომ ხშირად ბილს სთხოვდნენ რამის გაკეთებას, ვინაიდან სამივენი დარწმუნებული იყვნენ, რომ ის მათზე უკეთ გაართმევდა ამას თავს. „როდესაც რთული სიტუაციების მოსაგვარებლად კონკრეტული ნაბიჯები იყო გადასადგმელი ან ისეთი რამ გასაკეთებელი, რაც არც ერთს არ გვსიამოვნებდა, ბილს მივმართავდით. მას ჰქონდა პრობლემების მოგვარების გასაოცარი უნარი; ვფიქრობდით, ჩვენც შევძლებდით ამის გაკეთებას, საკმარისი გაბედულება და უნარი რომ გვქონოდა“, — იხსენებს ლოუელი.

ოთხი ბედნიერი ქორწინება

დაქორწინება ოთხივემ ერთი მეორეს მიყოლებით დააპირა. მათი მეგობრობის საფუძველი იეჰოვასა და სრული დროით მსახურებისადმი სიყვარული იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, ისეთი მეუღლეები ეპოვათ, რომელთათვისაც იეჰოვასადმი მსახურება იქნებოდა უმთავრესი. სრული დროით მსახურებამ მათ ასწავლა, რომ გაცემას მეტი კმაყოფილება მოაქვს, ვიდრე მიღებას და, რომ პირადი სურვილები არასდროს დაეყენებინათ სამეფოს ინტერესებზე წინ. ასე რომ, მათ აირჩიეს დები, რომლებიც უკვე მსახურობდნენ სრული დროით. შეიქმნა ოთხი ძლიერი და ბედნიერი ოჯახი.

იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა გადამწყვეტია როგორც მყარი მეგობრობისთვის, ისე მყარი ქორწინებისთვის (ეკლ. 4:12). სამწუხაროდ, ბილსა და რამონს მოგვიანებით დაეღუპათ მეუღლეები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორივემ განიცადა სიხარული და ერთგული ცოლების მხარდაჭერა. ლოუელსა და რიჩარდს დღესაც მხარში უდგანან მეუღლეები. ბილი ხელმეორედ დაქორწინდა და მეუღლესთან ერთად განაგრძობდა სრული დროით მსახურებას.

მოგვიანებით ისინი მსახურობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში — ძირითადად, გერმანიაში, ავსტრიაში, ლუქსემბურგში, კანადასა და შეერთებულ შტატებში. ამის გამო, ეს ოთხი მეგობარი ვეღარ ატარებდა ერთად იმდენ დროს, რამდენიც სურდათ, მაგრამ მიუხედავად მათ შორის არსებული დიდი მანძილისა, ყოველთვის ჰქონდათ ერთმანეთთან ურთიერთობა და ჭირსა თუ ლხინს უზიარებდნენ ერთმანეთს (რომ. 12:15). ასეთი მეგობრობა მართლაც განძია და ყოველთვის უნდა ვაფასებდეთ. ეს არის ფასდაუდებელი საჩუქარი იეჰოვასგან (იგავ. 17:17). ნამდვილი მეგობრები დღევანდელ მსოფლიოში იშვიათობაა. მაგრამ ჭეშმარიტი ქრისტიანები მეგობრების ნაკლებობას არ განიცდიან. როგორც იეჰოვას მოწმეები, ჩვენ ვმეგობრობთ უამრავ თანამორწმუნესთან მთელ მსოფლიოში და რაც უფრო მნიშვნელოვანია — იეჰოვა ღმერთთან და იესო ქრისტესთან.

როგორც თითოეული ჩვენგანი, ეს ოთხი მეგობარიც არაერთ სირთულეს შეხვედრია ცხოვრებაში. მათ გამოსცადეს საყვარელი მეუღლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, იგემეს, თუ რამდენად რთულია შვილის აღზრდა სრული დროით მსახურებასთან ერთად; ისინი უმკლავდებოდნენ სერიოზულ ავადმყოფობას, უვლიდნენ ასაკოვან მშობლებს და განიცდიდნენ, როდესაც ახალ თეოკრატიულ დავალებებს ღებულობდნენ. ახლა კი ასაკთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავება უწევთ. მათ საკუთარი გამოცდილებიდან იციან, რომ მეგობრები ყოველთვის ეხმარებიან იეჰოვას მოყვარულებს, წარმატებით გაუმკლავდნენ ნებისმიერ განსაცდელს; და არ აქვს მნიშვნელობა, უშუალოდ შენ გვერდით არიან მეგობრები, თუ — არა.

მეგობრობა, რომელიც მარადიულად გაგრძელდება

რა კარგი იყო, რომ 18 წლის ლოუელმა, 12 წლის რამონმა, 11 წლის ბილმა და 10 წლის რიჩარდმა თავი მიუძღვნეს იეჰოვას და 17-დან 21 წლის ასაკში ოთხივემ დაიწყო სრული დროით მსახურება. მათ გააკეთეს ის, რისკენაც ეკლესიასტეს 12:1 მოგვიწოდებს: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“.

თუ ახალგაზრდა ქრისტიანი ძმა ხარ და შესაძლებლობა ნებას გრთავს, მიიღე იეჰოვას მოწვევა და დაიწყე სრული დროით მსახურება. მისი დაუმსახურებელი სიკეთის წყალობით, ამ ოთხი მეგობრის მსგავსად, შენც მოგეცემა შესაძლებლობა, იმსახურო სარაიონო, საოლქო ან სამხარეო ზედამხედველად, ბეთელელად, ფილიალის კომიტეტის წევრად და სამეფო მსახურებისა თუ პიონერული მსახურების სკოლების ინსტრუქტორად. შენც შეძლებ, გამოხვიდე მოხსენებებით როგორც დიდ, ისე პატარა კონგრესებზე. რამხელა სიხარულს განიცდიდნენ ისინი იმის ცოდნით, რომ მათმა საქმიანობამ ათობით ათას ადამიანს მოუტანა სარგებლობა. ეს მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდობის ასაკში მათ მიიღეს იეჰოვას გულთბილი მოწვევა, რომ ემსახურათ მისთვის მთელი გულით (კოლ. 3:23).

დღეს ლოუელი, რიჩარდი და რამონი კვლავ ერთად მსახურობენ, ამჯერად ზელტერსში, გერმანიის ფილიალში. სამწუხაროდ, ბილი, რომელიც ბოლო დროს სპეციალურ პიონერად მსახურობდა შეერთებულ შტატებში, გარდაიცვალა 2010 წელს. ოთხი ადამიანის ასეთ განსაკუთრებულ, თითქმის 60-წლიან სამეგობრო წრეს სიკვდილმა ერთი მეგობარი გამოსტაცა. მაგრამ ჩვენი ღმერთი იეჰოვა არასოდეს ივიწყებს თავის მეგობრებს. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისი სამეფოს მმართველობის დროს ყველა ქრისტიანი, რომლებიც სიკვდილმა დააშორა, კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.

„ჩვენი 60-წლიანი მეგობრობის განმავლობაში არც ერთი უსიამოვნო მომენტი არ მახსენდება“

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბილმა დაწერა: „60-წლიანი მეგობრობის განმავლობაში არც ერთი უსიამოვნო მომენტი არ მახსენდება. ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული იყო“. ეს სამი ძმა კი, რომლებიც დღესაც მეგობრობენ და მთელი გულით ელიან ახალ ქვეყნიერებას, დასძენს: „და ეს მხოლოდ დასაწყისია“.

^ აბზ. 17 ძმა ფროსტის ბიოგრაფია დაიბეჭდა 1961 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 244—249 (ინგლ.).