არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რატომ გამოიცემა „საგუშაგო კოშკი“ გამარტივებულ ინგლისურ ენაზე?

რატომ გამოიცემა „საგუშაგო კოშკი“ გამარტივებულ ინგლისურ ენაზე?

ათწლეულებია, რაც ადამიანები მთელ მსოფლიოში აფასებენ „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილ ბიბლიაზე დაფუძნებულ ინფორმაციას და სარგებლობას იღებენ მისგან. 2011 წლის ივლისში დაიბეჭდა ამ ჟურნალის სასწავლო გამოცემის პირველი ნომერი გამარტივებულ ინგლისურ ენაზე. ამ ჟურნალში ეწერა: „ეს ახალი გამოცემა საცდელად გამოვა ერთი წლის განმავლობაში და თუკი დამხმარე აღმოჩნდება, მისი ბეჭდვა გაგრძელდება“.

ახლა სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, განვაგრძოთ მისი ბეჭდვა. უფრო მეტიც, დროთა განმავლობაში ამ ჟურნალის გამარტივებული ვარიანტი გამოვა ესპანურ, პორტუგალიურ და ფრანგულ ენებზე.

რატომ მოსწონთ ის?

გამარტივებული გამოცემის მიღების შემდეგ რამდენიმე მისიონერმა, რომლებიც წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მსახურობენ, ასეთი რამ დაწერა: «ახლა ძმებს მართლაც კარგად ესმით „საგუშაგო კოშკი“». სხვა წერილში ეწერა: „თუკი მანამდე დროს იმას ვახმარდით, რომ გაგვეგო სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა, ახლა მას იმისთვის ვიყენებთ, რომ ჩავწვდეთ ციტირებულ ბიბლიურ მუხლებს და დავინახოთ, როგორ უკავშირდება ისინი თემას“.

„თუკი მანამდე დროს იმას ვახმარდით, რომ გაგვეგო სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა, ახლა მას იმისთვის ვიყენებთ, რომ ჩავწვდეთ ციტირებულ ბიბლიურ მუხლებს და დავინახოთ, როგორ უკავშირდება ისინი თემას“

შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი და, რომელსაც უმაღლესი განათლება აქვს მიღებული, აღნიშნავს: „18 წელი ისეთი მაღალფარდოვანი ენით ვლაპარაკობდი და ვწერდი, რომ ჩემი მხოლოდ განათლებულ ადამიანებს ესმოდათ. ასეთი მეტყველება და აზროვნება ჩვევად მექცა. მივხვდი, რომ დიდი ცვლილებები უნდა მომეხდინა ჩემს აზროვნებასა და საუბარში“. დღეს ეს და, რომელიც კარგი მქადაგებელია, ამბობს: «„საგუშაგო კოშკის“ გამარტივებულმა გამოცემამ დიდი დახმარება  გამიწია. აქ გამოყენებული ენის წყალობით ვისწავლე, თუ როგორ მელაპარაკა მარტივად».

ინგლისში მცხოვრებმა ერთმა დამ, რომელიც 1972 წელს მოინათლა, გამარტივებულ „საგუშაგო კოშკთან“ დაკავშირებით თქვა: „როდესაც პირველი გამოცემა წავიკითხე, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს იეჰოვა ჩემ გვერდით იჯდა, მხრებზე ხელი მოეხვია და ერთად ვკითხულობდით. თავი ვიგრძენი პატარა ბავშვივით, რომელსაც მამა ძილის წინ მოთხრობას უკითხავს“.

შეერთებულ შტატებში მცხოვრები ერთი ბეთელელი და, რომელიც 40 წელზე მეტია მონათლულია, ამბობს, რომ გამარტივებული გამოცემა ეხმარება ბიბლიის უკეთ გაგებაში. მაგალითად, 2011 წლის 15 სექტემბრის ნომერში მოცემული ჩარჩო „განმარტება“ ასე ხსნიდა ებრაელების 12:1-ში მოხსენიებულ ფრაზა „მოწმეთა ღრუბელს“: „ისინი იმდენად ბევრნი იყვნენ, რომ შეუძლებელი იყო მათი დათვლა“. ის დასძენს: „ეს განმარტება დამეხმარა ამ მუხლის გაგებაში“. ყოველკვირეულ შეხვედრებთან დაკავშირებით მან თქვა: «ბავშვი პირდაპირ გამარტივებული გამოცემიდანაც რომ პასუხობდეს, მისი პასუხი მაინც განსხვავებულია სტანდარტული „საგუშაგო კოშკის“ გამოცემიდან, რომლითაც უმეტესობა ხელმძღვანელობს. ასე რომ, ბავშვის კომენტარები გამამხნევებელია აუდიტორიისთვის».

სხვა ბეთელელმა დამ ასეთი რამ თქვა: «კრებაში ერთი სული მაქვს, მოვისმინო პატარების კომენტარები. გამარტივებული „საგუშაგო კოშკი“ ეხმარება მათ, თავისუფლად გამოთქვან საკუთარი აზრი. მათი კომენტარები ძალიან მამხნევებს».

 ერთმა დამ, რომელიც 1984 წელს მოინათლა, შემდეგი სიტყვებით გამოხატა მადლიერება ამ გამოცემისადმი: «ასე მგონია, თითქოს მხოლოდ ჩემთვის დაიწერა. ძალიან ადვილია, გაიგო, რასაც კითხულობ. ახლა უფრო თამამად შემიძლია კომენტარებში მონაწილეობა „საგუშაგო კოშკის“ განხილვის დროს».

დამხმარე საშუალება მშობლებისთვის

7 წლის ბიჭუნას დედა ამბობს: «„საგუშაგო კოშკის“ მომზადებისას მისთვის ზოგიერთი წინადადების ახსნა ხანგრძლივი და დამღლელი იყო». როგორ დაეხმარა მას გამარტივებული გამოცემა? ის წერს: „გაოცებული ვარ, რომ მას შეუძლია წაიკითხოს აბზაცები და მართლა გაიგოს მათი მნიშვნელობა. ის სიამოვნებით კითხულობს ამ ჟურნალს, ვინაიდან სიტყვები მარტივია და წინადადებები მოკლე. ის კომენტარებს ჩემი დახმარების გარეშე ამზადებს და მთელი შესწავლის განმავლობაში ყურადღება არ ეფანტება“.

„გაოცებული ვარ, რომ მას შეუძლია წაიკითხოს აბზაცები და მართლა გაიგოს მათი მნიშვნელობა“

9 წლის გოგონას დედამ დაწერა: «აქამდე ჩვენ ვეხმარებოდით კომენტარების მომზადებაში. ახლა ის თვითონ ემზადება. იშვიათად გვიწევს რაიმეს დაწვრილებით ახსნა. რადგანაც მისთვის არაფერია გაუგებარი, გრძნობს, რომ მეტად არის ჩართული „საგუშაგო კოშკის“ შესწავლაში».

რას ამბობენ ბავშვები?

ბევრ ბავშვს ჰგონია, რომ გამარტივებული „საგუშაგო კოშკი“ მათთვის გამოიცა. 12 წლის რებეკამ ასეთი სურვილი გამოთქვა: «გეხვეწებით, არ შეწყვიტოთ ამ ჟურნალის გამოცემა. ძალიან მომწონს ჩარჩო „განმარტება“. ბავშვებისთვის იქ ყველაფერი გასაგებად წერია».

7 წლის ნიკოლეტეც მსგავსად ფიქრობს: «ძალიან მიჭირდა „საგუშაგო კოშკის“ გაგება. ახლა ჩემით შემიძლია კომენტარების გაკეთება». 9 წლის ემამ დაწერა: „მე და ჩემს 6 წლის ძმას ძალიან გვეხმარება ეს ჟურნალი. ახლა უკეთ გვესმის, რაც წერია. დიდი მადლობა!“.

ცხადია, „საგუშაგო კოშკის“ ეს გამოცემა ბევრისთვის აღმოჩნდა სასარგებლო, ვინაიდან მასში მოცემულია ადვილად გასაგები სიტყვები და მარტივი წინადადებები. ამიტომ ჩვენ ვხედავთ ამის აუცილებლობას და გვსურს, კვლავაც გამოვცეთ გამარტივებული გამოცემა სტანდარტულ „საგუშაგო კოშკთან“ ერთად, რომელიც 1879 წლიდან გამოდის.