ბიბლიით დაეხმარეთ როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს
„სწორად მივიჩნევ ყველა შენს ბრძანებას“ (ფსალმ. 119:128).
1. რატომ უნდა ვენდოთ სრულად ღვთის სიტყვას?
როდესაც ბიბლიის შემსწავლელი გამოთქვამს სურვილს, მონაწილეობა მიიღოს სამქადაგებლო საქმიანობაში, უხუცესები მსჯელობენ იმაზე, ჩანს თუ არა მისი საუბრიდან, რომ ის ბიბლიას ღვთისგან შთაგონებულ სიტყვად მიიჩნევს. * ისინი, ვისაც სურთ, გახდნენ სამეფოს მაუწყებლები, და ფაქტობრივად ღვთის ყველა მსახური, ბიბლიას ღვთისგან შთაგონებულ სიტყვად უნდა მიიჩნევდნენ. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? როცა ვენდობით ღვთის სიტყვას და მსახურებაში ვიყენებთ მას, ამით სხვებს დავეხმარებით, გავაცნოთ იეჰოვა და გადარჩნენ.
2. რატომ უნდა მივყვეთ ნასწავლს?
2 მოციქულმა პავლემ ხაზი გაუსვა ღვთის სიტყვის მნიშვნელობას, როცა ტიმოთეს მისწერა: „იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ“. ამ სიტყვებში, რომლებიც პავლემ მოიხსენია, ბიბლიური ჭეშმარიტება იგულისხმება, რამაც აღძრა ტიმოთე, რწმენა გამოევლინა სასიხარულო ცნობისადმი. ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ჩვენზეც მსგავსი გავლენა მოახდინა და კვლავაც გვეხმარება, „დავბრძენდეთ გადასარჩენად“ (2 ტიმ. 3:14, 15). ჩვენ ხშირად ვიყენებთ 2 ტიმოთეს 3:16-ში (წაიკითხეთ) ჩაწერილ პავლეს სიტყვებს, რათა სხვებს დავანახვოთ, რომ ბიბლია ღვთის სიტყვაა; მაგრამ თითოეულ ჩვენგანს პირადად შეგვიძლია სარგებლობა მივიღოთ ამ სიტყვებიდან. მოდი, ეს მუხლი უფრო დეტალურად განვიხილოთ. ეს კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს იმაში, რომ იეჰოვას ყველა სწავლება სწორია (ფსალმ. 119:128).
„სასარგებლოა სასწავლებლად“
3—5. ა) როგორ გამოეხმაურა ხალხი პეტრეს ქადაგებას ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე და რატომ? ბ) რატომ მიიღო ბევრმა ჭეშმარიტება თესალონიკეში? გ) რას ამჩნევენ ადამიანები, როცა ვმსახურობთ?
3 იესომ ისრაელ ერს უთხრა: „გიგზავნით წინასწარმეტყველებს, ბრძენებსა და მოძღვრებს“ (მათ. 23:34). ქრისტე საუბრობდა თავის მოწაფეებზე, რომელთაც ასწავლა, რომ მსახურებაში წმინდა წერილები გამოეყენებინათ. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ერთ-ერთმა „მოძღვარმა“, მოციქულმა პეტრემ, უქადაგა იერუსალიმში უამრავ ხალხს და ებრაული წერილებიდან რამდენიმე ციტატა მოიყვანა. როცა ხალხმა მოისმინა, თუ როგორ განმარტავდა პეტრე მუხლებს, ისინი „გულის სიღრმემდე შეიძრნენ“. მათ მოინანიეს წარსულში ჩადენილი ცოდვები და ღმერთს პატიება სთხოვეს. იმ დღეს დაახლოებით 3 000 ადამიანი გახდა ქრისტიანი (საქ. 2:37—41).
4 სხვა „მოძღვარი“, მოციქული პავლე, სასიხარულო ცნობას მხოლოდ იერუსალიმში არ ავრცელებდა. მაგალითად, მაკედონიის ქალაქ თესალონიკეში ის ქადაგებდა სინაგოგაში. პავლე სამი შაბათის განმავლობაში „მათთან ერთად მსჯელობდა წმინდა წერილების საფუძველზე. ის უხსნიდა და წერილებიდან უმტკიცებდა, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა და მკვდრეთით აღმდგარიყო“. რა იყო შედეგი? „ზოგმა მათგანმა [იუდეველმა] ირწმუნა“, ასე მოიქცა „მრავალი ბერძენიც“ (საქ. 17:1—4).
5 ღვთის მსახურები დღესაც იყენებენ ბიბლიას, რაც გავლენას ახდენს მრავალზე. შვეიცარიაში ერთმა დამ მობინადრეს წაუკითხა ბიბლიური მუხლი. მობინადრემ ჰკითხა მას, თუ რომელი რელიგიის მიმდევარი იყო. დამ უპასუხა: „ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ“. მობინადრემ თქვა: „უნდა მიმხვდარიყავი. ვინ მოვიდოდა ჩემს სახლში და ამომიკითხავდა ბიბლიიდან, თუ არა იეჰოვას მოწმე?“.
6, 7. ა) როგორ შეუძლია ბიბლიის საუკეთესოდ გამოყენება მათ, ვინც კრებაში ასწავლის? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი ბიბლიის შესწავლების დროს ღვთის სიტყვის დახელოვნებულად გამოყენება?
6 როგორ შეგვიძლია ბიბლიის საუკეთესოდ გამოყენება, როდესაც ვასწავლით? თუ კრებას სცენიდან ასწავლით, გამოიყენეთ მითითებული ბიბლიური მუხლები. ნაცვლად იმისა, რომ გააკეთოთ ძირითადი მუხლების პერიფრაზი, ამოიკითხოთ მუხლები ამობეჭდილი ფურცლიდან ან ელექტრონული მოწყობილობიდან, კარგია, თუ გადაშლით ბიბლიას და უშუალოდ იქიდან წაიკითხავთ და აუდიტორიასაც ამისკენ მოუწოდებთ. აგრეთვე ახსენით მუხლები და აჩვენეთ, როგორ გვეხმარება ისინი იეჰოვასთან დაახლოებაში. ნაცვლად იმისა, რომ მოიყვანოთ რთული მაგალითები და შემთხვევები, რომლებითაც უბრალოდ გაართობთ აუდიტორიას, დრო დაუთმეთ ღვთის სიტყვის ახსნას.
7 რა უნდა გვახსოვდეს, როცა ვატარებთ ბიბლიის შესწავლებს? როცა ვიყენებთ ჩვენს პუბლიკაციებს, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ გამოვტოვოთ იქ მოყვანილი ბიბლიური მუხლები. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ შემსწავლელს, წაიკითხოს მითითებული მუხლები და დავეხმაროთ მას, ჩასწვდეს მათ მნიშვნელობას. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? არ არის აუცილებელი გრძელი ახსნა-განმარტებები, რითაც შესწავლა დაემსგავსებოდა ლექციას; აღძარით შემსწავლელი, გამოთქვას საკუთარი აზრი. ნაცვლად იმისა, რომ უთხრათ, რა იწამოს ან როგორ მოიქცეს, შეგიძლიათ დაუსვათ კარგად გააზრებული კითხვები, რომლებიც დაეხმარება მას სწორი დასკვნების გაკეთებაში. *
„სასარგებლოა . . . შესაგონებლად“
8. რა შინაგანი ბრძოლა ჰქონდა პავლეს?
8 როცა სიტყვა „შეგონება“ გვესმის, შეიძლება ვფიქრობთ, რომ ეს ქრისტიანი უხუცესების მოვალეობაა. და ეს მართლაც ასეა. ზედამხედველები ვალდებულნი არიან, შეაგონონ ისინი, ვინც სცოდავს (1 ტიმ. 5:20; ტიტ. 1:13). მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის შეგონება. პავლე იყო სამაგალითო ქრისტიანი, რომელსაც სუფთა სინდისი ჰქონდა (2 ტიმ. 1:3). მიუხედავად ამისა, ის წერდა: „ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს . . . [და] ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“. ამ სიტყვების კონტექსტის შესწავლა დაგვეხმარება, უკეთ გავიგოთ, როგორ ებრძოდა პავლე თავის ცოდვილ ბუნებას (წაიკითხეთ რომაელების 7:21—25).
9, 10. ა) რა შესაძლო სისუსტეებთან უწევდა პავლეს ბრძოლა? ბ) როგორ ებრძოდა პავლე თავის ცოდვილ ბუნებას?
9 რომელი სისუსტეების დაძლევას ცდილობდა პავლე? თუმცა ის კონკრეტულად არ საუბრობდა თავის სისუსტეებზე, მან საკუთარ თავზე ტიმოთეს მისწერა, რომ გაქრისტიანებამდე „შეურაცხმყოფელი“ იყო (1 ტიმ. 1:13). სანამ პავლე ქრისტიანი გახდებოდა, ის სასტიკად დევნიდა ღვთის მსახურებს. მან აღიარა, რომ ქრისტეს მიმდევრებზე გაშმაგებული იყო (საქ. 26:11). მიუხედავად იმისა, რომ პავლემ ისწავლა საკუთარი თავის ხელში აყვანა, ხანდახან მას მაინც უწევდა, მოეთოკა ემოციები და ეკონტროლებინა სიტყვები (საქ. 15:36—39). რა დაეხმარა მას?
10 კორინთელების მიმართ მიწერილ წერილში პავლე საუბრობს, თუ რას აკეთებდა საკუთარი თავის შესაგონებლად (წაიკითხეთ 1 კორინთელების 9:26, 27). ის თავის არასრულყოფილ ბუნებას მიზანმიმართულად „ურტყამდა“ სულიერ „მუშტებს“. სავსებით შესაძლებელია, რომ პავლეს წმინდა წერილებში მოეძებნა რჩევები და დასახმარებლად იეჰოვასთვის მიემართა, რათა გამოეყენებინა ისინი; აგრეთვე ბევრი ეშრომა, რომ გაუმჯობესებულიყო. * პავლეს მაგალითი სასარგებლოა ჩვენთვის, რადგან ჩვენც ვებრძვით არასრულყოფილ მიდრეკილებებს.
11. როგორ შევამოწმოთ საკუთარი თავი, რათა დავინახოთ, დავდივართ თუ არა ჭეშმარიტების გზით?
11 ნურასდროს გავხდებით თავდაჯერებული, როცა საქმე თაყვანისცემას ეხება. ნაცვლად ამისა, უნდა შევამოწმოთ საკუთარი თავი, რათა დავინახოთ, დავდივართ თუ არა ჭეშმარიტების გზით (2 კორ. 13:5). როდესაც ვკითხულობთ ისეთ მუხლებს, როგორიცაა კოლოსელების 3:5—10, შეგვიძლია საკუთარ თავს ვკითხოთ: „ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩავკლა ჩემი ცოდვილი მიდრეკილებები, თუ კნინდება ჩემი ზნეობრივი ნორმები? როდესაც ინტერნეტით სარგებლობისას უხამსი მასალის ამსახველი ვებ-გვერდი იხსნება, მაშინვე ვხურავ მას? ან ხომ არ ვეძებ ქრისტიანისთვის მიუღებელ ვებ-გვერდებს?“. ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევების გამოყენება დაგვეხმარება, „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თეს. 5:6—8).
„სასარგებლოა . . . გამოსასწორებლად“
12, 13. ა) რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, როცა საქმე გამოსწორებას ეხება და როგორ შეგვიძლია ამ მხრივ მივბაძოთ იესოს? ბ) როგორ საუბარს უნდა ვერიდოთ, თუ სხვებთან ურთიერთობის გამოსწორება გვინდა?
12 „გამოსასწორებლად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „კარგის კეთებას, გამოსწორებას, აღდგენას“. ხანდახან, როცა სხვებს არ ესმით ჩვენი ან ჩვენი საქციელის, კონკრეტული ნაბიჯი უნდა გადავდგათ მათთან ურთიერთობის გამოსასწორებლად. მაგალითად, იუდეველი რელიგიური წინამძღოლები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ, რომ იესო თბილად ექცეოდა „გადასახადების ამკრეფებს და ცოდვილებს“. იესომ მათ უთხრა: «ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“ » (მათ. 9:11—13). ის მოთმინებით და რბილად უხსნიდა ყველას ღვთის სიტყვებს. ასეთი სახით, თავმდაბალმა ადამიანებმა გაიცნეს იეჰოვა როგორც „გულმოწყალე და მწყალობელი ღმერთი, რისხვაში ნელი, უხვი სიკეთესა და ჭეშმარიტებაში“ (გამ. 34:6). იესოს ასეთ ძალისხმევას კარგი შედეგები მოჰყვა და მრავალმა ირწმუნა სასიხარულო ცნობა.
13 იესოს მაგალითი გვასწავლის, როგორ დავეხმაროთ სხვებს. 2 ტიმოთეს 3:16-ში მოცემულ რჩევაში არ იგულისხმება, რომ ურთიერთობის გამოსასწორებლად ვინმეს უხეშად დაველაპარაკოთ. „მთელი წმინდა წერილი“ არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ ვინმეს გაბრაზებული ველაპარაკოთ. მკაცრ კრიტიკას, რომელიც „მახვილივით ჭრის“ დიდი ტკივილი მოაქვს და იშვიათად — სარგებლობა (იგავ. 12:18).
14—16. ა) როგორ შეუძლიათ უხუცესებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარონ სხვებს? ბ) რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობლებმა ბავშვების აღზრდისას ბიბლია გამოიყენონ?
14 როგორ შეგვიძლია მოთმინებისა და სიკეთის გამოვლენა მდგომარეობის გამოსასწორებლად? წარმოიდგინეთ ცოლ-ქმარი უხუცესს დახმარებას სთხოვს, ვინაიდან ისინი ხშირად კამათობენ. რის გაკეთება შეუძლია უხუცესს? მან არც-ერთის მხარე არ უნდა დაიჭიროს. უხუცესს შეუძლია იმსჯელოს ამ წყვილთან გარკვეულ ბიბლიურ პრინციპებზე, რომელთაგან ზოგიერთი მოხსენიებულია წიგნ „ოჯახური ბედნიერების საიდუმლოს“ მე-3 თავში. ამ მსჯელობის განმავლობაში ცოლ-ქმარმა შეიძლება გადაწყვიტოს, თუ რომელი რჩევა უნდა გამოიყენოს თითოეულმა უფრო მეტად. მოგვიანებით უხუცესი დაინტერესდება, როგორ მიდის მათ ოჯახში საქმეები და თუ საჭიროა, კიდევ შესთავაზებს დახმარებას.
15 როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს, რომ სულიერად გაძლიერდნენ? ვთქვათ, გინდათ დაეხმაროთ თქვენს არასრულწლოვან გოგონას, რომ არ ჰყავდეს ისეთი მეგობრები, რომლებიც ცუდ გავლენას მოახდენდნენ მასზე. უპირველესად, რაც შეიძლება მეტი გაიგეთ მისი მეგობრების შესახებ. თუ აღმოაჩენთ რაღაცას, რის უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება, შეგიძლიათ დაელაპარაკოთ თქვენს ქალიშვილს და გამოიყენოთ აზრები წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2. მომდევნო დღეების განმავლობაში ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ერთად. გაიგეთ, თუ რას ფიქრობს ის, როცა ერთად მსახურობთ ან ოჯახთან ერთად ისვენებთ. თუ გამოავლენთ მოთმინებასა და სიკეთეს, თქვენი გოგონა დაინახავს, რომ გიყვართ ის და ზრუნავთ მასზე. მას გაუადვილდება თქვენი რჩევის მიღება და არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზიანს მოუტანდა.
16 მსგავსადვე, მოთმინებითა და სიკეთით შეგვიძლია გავამხნეოთ ისინი, ვინც ავად არის, გულგატეხილია სამუშაოს დაკარგვის გამო ან უჭირს ზოგიერთი ბიბლიური სწავლების მიღება. „გამოსასწორებლად“ ღვთის სიტყვის გამოყენებას იეჰოვას ხალხისთვის უამრავი კურთხევა მოაქვს.
„სასარგებლოა . . . სიმართლეში აღსაზრდელად“
17. რატომ უნდა მივიღოთ აღმზრდელობითი ზომები მადლიერებით?
17 „ახლა ნებისმიერი აღმზრდელობითი ზომა სიხარულად კი არ გვეჩვენება, არამედ მწუხარებად, მაგრამ ვინც ამით გაიწაფება, შემდგომში მშვიდობიან ნაყოფს იმკის — სიმართლეს“ (ებრ. 12:11). ბევრი ახალგაზრდა ქრისტიანი ამბობს, რომ მორწმუნე მშობლების მხრიდან აღმზრდელობითი ზომები დაეხმარა მათ. აღმზრდელობითი ზომები კი, რომლებსაც იეჰოვა ქრისტიანი უხუცესების მეშვეობით გვაძლევს, გვეხმარება, დავრჩეთ სიცოცხლის გზაზე (იგავ. 4:13).
18, 19. ა) რატომ არის იგავების 18:13-ში მოცემული რჩევა მნიშვნელოვანი „სიმართლეში აღსაზრდელად“? ბ) რა შედეგები მოჰყვება ხშირად, როდესაც უხუცესები შემცოდველის მიმართ რბილ ხასიათსა და სიყვარულს ავლენენ?
18 ეფექტური აღმზრდელობითი ზომების გატარება ხელოვნებაა. იეჰოვამ უთხრა ქრისტიანებს, რომ ეს გაეკეთებინათ „სიმართლეში“ (2 ტიმ. 3:16). ამიტომ გვმართებს, ვიხელმძღვანელოთ ბიბლიური პრინციპებით. ერთ-ერთი ასეთი პრინციპი მოცემულია იგავების 18:13-ში: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და დამცირება“. ამიტომ, როდესაც უხუცესები იგებენ, რომ ქრისტიანს სერიოზული ცოდვის ჩადენაში ედება ბრალი, მათ მართებთ, გულდასმით გამოიკვლიონ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ფაქტი (კან. 13:14). მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ მიმართონ აღმზრდელობით ზომებს „სიმართლეში“.
19 გარდა ამისა, ღვთის სიტყვა ასწავლის ქრისტიან უხუცესებს, რომ „რბილად მიუდგნენ“ მათ, ვისი გამოსწორებაც არის საჭირო (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 2:24—26). ფაქტია, შემცოდველმა შეიძლება არა მარტო იეჰოვას სახელი შეურაცხყოს, არამედ უდანაშაულო ადამიანებსაც ატკინოს გული. მაგრამ თუ უხუცესი გაბრაზებული მისცემს რჩევას, ამით შემცოდველს ვერ დაეხმარება. ნაცვლად ამისა, თუ უხუცესები მიჰბაძავენ „ღვთის სიკეთეს“, ამან შეიძლება შემცოდველი მონანიებისკენ აღძრას (რომ. 2:4).
20. რა პრინციპები უნდა გამოიყენონ მშობლებმა ბავშვების აღზრდისას?
20 მშობლებმა შვილები იეჰოვას მოსაწონად რომ აღზარდონ და დაარიგონ, ბიბლიური პრინციპები უნდა გამოიყენონ (ეფეს. 6:4). მამამ არ უნდა დასაჯოს შვილი მხოლოდ ვინმეს ნათქვამის საფუძველზე. ქრისტიანულ ოჯახში არავინ არ უნდა ავლენდეს სისასტიკესა და რისხვას. იაკობი წერდა: „რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“. მშობლები კი შვილების აღზრდისას უნდა ჰბაძავდნენ იეჰოვას და ავლენდნენ ამ ძვირფას თვისებებს (იაკ. 5:11).
ფასდაუდებელი ძღვენი იეჰოვასგან
21, 22. ფსალმუნის 119:97—104-ში მოცემული რომელი სიტყვები აღწერს საუკეთესოდ თქვენს გრძნობებს ღვთის სიტყვისადმი?
21 ღვთის ერთმა მსახურმა აღნიშნა, თუ რატომ უყვარდა იეჰოვას კანონი (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:97—104). ის იკვლევდა წმინდა წერილებს და შეიძინა სიბრძნე, წვდომისა და გაგების უნარი. ღვთის სიტყვაში მოცემული რჩევები დაეხმარა მას, აერიდებინა ფეხი „ყოველი ცუდი გზისთვის“, რომლებიც სხვების გულისტკივილს იწვევდა. ღვთის სიტყვის შესწავლა მას სიამოვნებასა და კმაყოფილებას ანიჭებდა. მან გადაწყვიტა, დამორჩილებოდა ღვთიურ მითითებებს, რომლებმაც ცხოვრებაში მრავალი კურთხევა მოუტანა.
22 აფასებთ „მთელ წმინდა წერილს“? მისი დახმარებით თქვენ გაიღრმავებთ რწმენას, რომ ღმერთი შეასრულებს თავის განზრახვას. ბიბლიაში ჩაწერილი ღვთივსულიერი რჩევა დაგვიცავს, არ ჩავიდინოთ ცოდვა, რაც სიკვდილამდე მიგვიყვანდა. და თუ დახელოვნებულად გამოიყენებთ ბიბლიას, დაეხმარებით სხვებს, დაადგნენ სიცოცხლის გზას და დარჩნენ მასზე. მოდი, სრულად გამოვიყენოთ ღვთის სიტყვა და ვემსახუროთ ჩვენს ყოვლადბრძენ და მოსიყვარულე ღმერთ იეჰოვას.
^ აბზ. 1 იხილეთ წიგნი „ორგანიზებულნი ვართ იეჰოვას ნების შესასრულებლად“, გვ. 80.
^ აბზ. 7 სწავლებისას იესო ხშირად ეკითხებოდა სხვებს: „როგორ ფიქრობთ?“. შემდეგ ელოდებოდა პასუხს (მათ. 18:12; 21:28; 22:42).
^ აბზ. 10 პავლეს წერილები ძალიან გამამხნევებელია და გვეხმარება ცოდვილი მიდრეკილებების დაძლევაში (რომ. 6:12; გალ. 5:16—18). გონივრულია, ვიფიქროთ, რომ ის თავად იყენებდა იმ რჩევებს, რომლებსაც სხვებს აძლევდა (რომ. 2:21).