არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხართ „კარგი საქმეების მოშურნე?“

ხართ „კარგი საქმეების მოშურნე?“

„[ქრისტემ] თავი დადო ჩვენთვის, რათა . . . თავის საკუთრებად განეწმინდა ერი, კარგი საქმეების მოშურნე“ (ტიტ. 2:13, 14).

1, 2. რა უნიკალური პატივი გვხვდა წილად იეჰოვას მოწმეებს და რას უნდა ვფიქრობდეთ ამაზე?

უდიდესი სიხარულია, როცა ადამიანი გაწეული ღვაწლის სანაცვლოდ ჯილდოს იღებს. მაგალითად, ზოგმა გულმოდგინე სახელმწიფო მოღვაწემ მტრულად განწყობილ და დაპირისპირებულ ერებს შორის მშვიდობის დამყარების საქმეში ნობელის პრემია მიიღო. თუმცა არაფერი შეედრება იმ პატივს, რაც ჩვენ გვხვდა წილად — ღმერთმა ხალხთან ელჩებად და დესპანებად წარგვგზავნა, რათა მშვიდობიანი ურთიერთობა აღადგინონ თავიანთ შემოქმედთან.

2 იეჰოვას მოწმეებს უნიკალური პატივი გვხვდა წილად! ჩვენ ღვთისა და ქრისტეს მოწოდების თანახმად, ვეხვეწებით ხალხს, შეურიგდნენ ღმერთს (2 კორ. 5:20). იეჰოვა ჩვენი მეშვეობით სთხოვს ადამიანებს, დაუახლოვდნენ მას. სწორედ ამის შედეგია ის, რომ დღეს 235-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზე მილიონებს ეხმარებიან, კარგი ურთიერთობა დაამყარონ ღმერთთან და უსასრულო ცხოვრების ნათელი იმედი ჩაესახოთ გულში (ტიტ. 2:11). ჩვენ მთელი გულით ვიწვევთ ხალხს და ვთავაზობთ, რომ „მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“ (გამოცხ. 22:17). რადგან ვაფასებთ ძვირფას დავალებას და გულიანად ვასრულებთ საქმეს, თამამად შეიძლება გვეწოდოს „ერი, კარგი საქმეების მოშურნე“ (ტიტ. 2:14). ვნახოთ, როგორ დაგვეხმარება მოშურნეობა, რომ სხვები იეჰოვასთან დავაახლოოთ. ამის ერთ-ერთი საშუალება ქადაგებაა.

მოშურნეობაში იეჰოვას და იესოს მიჰბაძეთ

3. რაში გვარწმუნებს „იეჰოვას მოშურნეობა“?

3 ესაიას 9:7-ში მოხსენიებულია, თუ რას მოუტანს ღვთის ძის მმართველობა კაცობრიობას და იქვე ნათქვამია: „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას მოშურნეობა გააკეთებს ამას“. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენი ზეციერი მამა ძალზედ დაინტერესებულია კაცობრიობის ხსნით. ის, რომ იეჰოვა მოშურნეა, ცალსახად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენც უნდა ვავლენდეთ თავდადებას, ენთუზიაზმსა და მოშურნეობას ღვთისგან ბოძებულ ამ უძვირფასეს საქმეში. ჩვენ დაუცხრომელი სურვილი გვამოძრავებს, ხალხს ღვთის გაცნობაში დავეხმაროთ და კარგად გვესმის, რომ ამით იეჰოვას მოშურნეობას ავირეკლავთ. ვიხარჯებით ბოლომდე სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეში როგორც ღვთის თანამშრომლები? (1 კორ. 3:9).

4. მოშურნეობის რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

 4 ახლა იესოს მაგალითი განვიხილოთ. მან მსახურებაში მოშურნეობისა და შეუპოვრობის ბრწყინვალე მაგალითი დაგვიტოვა. უდიდესი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქადაგებისადმი მისი მოშურნეობა სიცოცხლის უკანასკნელ მტანჯველ წუთამდეც კი არ განელებულა (იოან. 18:36, 37). რაც უფრო ახლოვდებოდა იესოს მოწამებრივი სიკვდილის ჟამი, ის უფრო მეტი მოშურნეობით ეხმარებოდა ხალხს იეჰოვას გაცნობაში.

5. როგორ შეესაბამებოდა იესოს ცხოვრება მის მიერ მოყვანილ ლეღვის ხის მაგალითს?

5 ახ. წ. 32 წლის შემოდგომაზე იესომ მოიყვანა მაგალითი კაცზე, რომელსაც ვენახში ლეღვის ხე ედგა. ხე სამი წლის განმავლობაში არ ისხამდა ნაყოფს. როცა პატრონმა ლეღვის ხის მოჭრა გადაწვიტა, მევენახემ სთხოვა, რომ არ მოეჭრა ხე და დრო მიეცა მის მოსავლელად (წაიკითხეთ ლუკას 13:6—9 ). იმ დროისთვის იესოს ცოტა მოწაფე ჰყავდა ანუ ქადაგების საქმეში ჯერ არ ჰქონდა ბევრი ნაყოფი გამოღებული. მევენახის მსგავსად, იესომაც დარჩენილი მცირე დრო — ექვსი თვე — იმისთვის გამოიყენა, რომ უფრო მეტი ინტენსიურობით შეესრულებინა დაკისრებული საქმე. ის უფრო ინტენსიურად შეუდგა ქადაგებას იუდეასა და პერეაში. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესომ თავისი თანამემამულეების შესახებ დანანებით თქვა: „ესმით, მაგრამ ამაოდ“ (მათ. 13:15; ლუკ. 19:41).

6. რატომ უნდა ვიქადაგოთ უფრო მეტი მოშურნეობით?

6 რაც უფრო ვუახლოვდებით ამ ქვეყნიერების აღსასრულს, მით უფრო მეტი მოშურნეობით ქადაგება გვმართებს (წაიკითხეთ დანიელის 2:41—45 ). მართლაც, რა საოცარი პატივი გვხვდა წილად, რომ ვართ იეჰოვას მოწმეები! დედამიწის ზურგზე მხოლოდ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ადამიანებს პრობლემებიდან რეალურ გამოსავალს სთავაზობს. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი გაზეთის მიმომხილველმა კითხვა „რატომ ატყდებათ თავს უბედურება კარგ ადამიანებს?“ პასუხგაუცემელ კითხვად შეაფასა. ჩვენთვის ქრისტიანული მოვალეობაა ამ კითხვებზე ბიბლიიდან გავცეთ პასუხები მათ, ვინც მზად არის მოსასმენად. ეს ამასთანავე უდიდესი პატივია. ღვთისგან მონდობილი დავალების შესასრულებლად ყველანაირი მიზეზი გვაქვს, ავენთოთ სულით (რომ. 12:11). ღვთის კურთხევით ჩვენი მოშურნეობა დაეხმარება სხვებს, გაიცნონ და შეიყვარონ იეჰოვა.

ჩვენი თავგანწირვის სული განადიდებს იეჰოვას

7, 8. როგორ განადიდებს ჩვენი თავგანწირვის სულისკვეთება იეჰოვას?

7 პავლე მოციქულის მსახურებას თან სდევდა „უძილო ღამეები“ და „უჭმელობა“, რაც ალბათ, არც ჩვენთვისაა უცხო (2 კორ. 6:5). პავლეს ეს სიტყვები ცოცხლად გვიხატავს თავგანწირული მსახურების სურათს. ის გვახსენებს პიონერებს, რომელთა ცხოვრებაშიც მსახურება პირველ ადგილზე დგას, მიუხედავად იმისა, რომ თავად უწევთ საკუთარი თავის რჩენა. აგრეთვე გვაფიქრებს იმ თავგანწირულ მისიონერებზე, რომლებიც „დასაღვრელი შესაწირავივით იღვრებიან“, რათა სხვა ქვეყნებში იმსახურონ (ფილ. 2:17). გვამხნევებენ ის მუხლჩაუხრელი უხუცესებიც, რომლებიც იეჰოვას სამწყსოზე ზრუნვის დროს პავლეს მსგავსად, არც უძილო ღამეებს უშინდებიან და, შეიძლება ითქვას, არც უჭმელობას. ასევე გვახარებენ ის ხნიერი და-ძმები და სუსტი ჯანმრთელობის მქონე ქრისტიანები, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ, კრებებს რომ დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ სამქადაგებლო საქმეში. გულები სიხარულითა და მადლიერებით გვევსება, როცა ღვთის ამ თავგანწირულ მსახურებზე ვფიქრობთ. ამგვარი ძალისხმევა გარშემომყოფთათვის შეუმჩნეველი არ რჩება და ისინი ხედავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსახურება.

8 ლინკოლნშირში (დიდი ბრიტანეთი) გამომავალ გაზეთში გამოქვეყნდა წერილი, რომლის ავტორიც არ იყო იეჰოვას მოწმე. წერილში ეწერა: „ხალხს რწმენა უქრება . . . რას აკეთებენ ამ დროს ეკლესიის მსახურები? ქრისტესგან განსხვავებით, ისინი არ მიდიან ხალხთან . . . გამოდის, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგიაა ის ერთადერთი რელიგია, რომელიც ხალხზე ზრუნავს. იეჰოვას მოწმეები თავად მიდიან ხალხთან; ისინი მთელი გულითა და სულით ქადაგებენ ჭეშმარიტებას“ (გაზეთი Boston Target). ამ ეგოცენტრიზმით გაჟღენთილ ქვეყნიერებაში ჩვენი თავგანწირვის სულისკვეთება  მართლაც რომ საოცრად განადიდებს იეჰოვას სახელს (რომ. 12:1).

ქადაგება გარშემომყოფებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს

9. რამ შეიძლება შეგვმატოს ძალა, დავრჩეთ მოშურნენი ქადაგების საქმეში?

9 რა ვიღონოთ, თუ ვხედავთ, რომ ქადაგების საქმეში ჩვენი მოშურნეობა თვალსა და ხელს შუა ქრება? იმაზე ფიქრი, თუ რა შედეგს იღებს იეჰოვა სამქადაგებლო საქმიანობით, დაგვეხმარება, უფრო მეტად მოშურნენი გავხდეთ (წაიკითხეთ რომაელების 10:13—15 ). ადამიანთა ხსნა იეჰოვას სახელის რწმენით მოხმობაზეა დამოკიდებული; მაგრამ, როგორ მოუხმობენ მას, თუ არ ვუქადაგებთ? ამის გაანალიზება გაგვიასკეცებს შემართებას, დავრჩეთ მოშურნენი ქადაგების საქმეში და გულმოდგინედ ვაუწყოთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა.

ჩვენი კარგი საქციელი ხალხს ღვთისკენ იზიდავს

შენი პატიოსნება და მუყაითი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება

10. როგორ შეიძლება ჩვენმა კარგმა საქციელმა ხალხი ღმერთთან დააახლოოს?

10 მსახურებისადმი მხოლოდ მოშურნეობა ანუ უბრალოდ განწყობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხალხი ღმერთთან დავაახლოოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მოშურნეობას თან ახლდეს ჩვენი კარგი ქრისტიანული საქციელი. ამის აუცილებლობას პავლე მოციქულმაც გაუსვა ხაზი, როცა დაწერა: „ჩვენ არაფერში ვიძლევით დაბრკოლების საბაბს, რათა ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს მსახურებას“ (2 კორ. 6:3). ჯანსაღი საუბრითა და კარგი საქციელით ვამკობთ ღვთის სწავლებებს და იეჰოვას თაყვანისცემას უფრო მიმზიდველს ვხდით სხვათათვის (ტიტ. 2:10). ხშირად ვისმენთ შემთხვევებს იმის შესახებ, თუ როგორ დადებითად მოქმედებს ჩვენი ქრისტიანული საქციელი გულწრფელ ადამიანებზე.

11. რატომ უნდა ვილოცოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ მოვიქცეთ?

11 ერთი რამ ცხადია, მაშინ, როცა ჩვენი კარგი საქციელი დადებითად მოქმედებს სხვებზე, ცუდი საქციელი პირიქით, უარყოფით გავლენას ახდენს გარეშეებზე. ასე რომ, ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს სახლში, სამსახურში, სკოლაში თუ სხვაგან, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მოვიქცეთ ისე, რომ ნაკლი ვერ უპოვონ ჩვენს საქციელსა და მსახურებას. თუ დაგვჩემდა ცოდვების შეგნებულად ჩადენა, ეს სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს (ებრ. 10:26, 27).  ამაზე დაფიქრებამ უნდა აღგვძრას, ვილოცოთ და ავწონ-დავწონოთ ჩვენი თითოეული ნაბიჯი და კარგად დავუფიქრდეთ, რას ეუბნება ჩვენი საქციელი სხვებს. რაც უფრო კნინდება ამ ქვეყნიერებაში ზნეობრივი ნორმები, მით უფრო უკეთ ამჩნევენ გულწრფელი ადამიანები „განსხვავებას . . . ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალ. 3:18). მართლაც, ჩვენი ქრისტიანული საქციელი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხალხის ღმერთთან შერიგების საქმეში.

12—14. რა თვალსაზრისი ექმნებათ სხვებს ჩვენს მსახურებაზე, როცა ჩვენს მოთმინებას ხედავენ? მოიყვანეთ მაგალითი.

12 პავლემ, როცა კორინთელებს წერილი მისწერა, მოიხსენია ის განსაცდელები, რაც თავს გადახდა, მათ შორის, გასაჭირი, სიძნელეები, ცემა და საპყრობილე (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:4, 5 ). როცა რწმენის ამგვარ გამოცდებს ვხვდებით, ჩვენი მოთმინება ეხმარება მათ, ვინც გვაკვირდება, ირწმუნონ ბიბლიური ჭეშმარიტება. მაგალითისთვის მოვიყვანოთ ერთი შემთხვევა: რამდენიმე წლის წინ ანგოლაში ზოგიერთებმა გადაწყვიტეს იეჰოვას მოწმეების სახსენებელი საერთოდ ამოეძირკვათ ქვეყნიდან. ერთხელ, როცა ორი იეჰოვას მოწმე და 30 დაინტერესებული კრების შეხვედრას ესწრებოდნენ, მოწინააღმდეგეებმა ისინი ალყაში მოაქციეს. იძულებით შეკრებილმა მოსახლეობამ საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორი ენით აუწერელი სისასტიკით გაამათრახეს თავდამსხმელებმა უდანაშაულო ადამიანები. არ დაინდეს არც ქალი და არც ბავშვი. თავდამსხმელთა მიზანი იყო მოსახლეობის დაშინება, რომ არავის მოესმინა იეჰოვას მოწმეებისთვის. მაგრამ ჩადენილი სისასტიკის მიუხედავად, მრავალმა გამოთქვა მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დაწყების სურვილი. ამის შემდეგ ქადაგების საქმე საკმაოდ წარმატებულად წარიმართა და ანგოლაში იეჰოვას მოწმეებმა უხვი კურთხევები მიიღეს.

13 ეს მაგალითი იმის ნათელი დადასტურებაა, თუ რა ძლიერ მოქმედებს სხვებზე ჩვენი მხრიდან ბიბლიური პრინციპების შეუპოვრად დაცვა. პირველ საუკუნეში პეტრესა და სხვა მოციქულების სიმტკიცემ მართლაც გასაოცარი შედეგი გამოიღო — უამრავი ადამიანი შეურიგდა ღმერთს (საქ. 5:17—29). როცა ყოველთვის სწორად ვიქცევით, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენმა თანაკლასელმა, თანამშრომელმა თუ ოჯახის წევრმა ირწმუნოს ჭეშმარიტება.

14 დღე ისე არ ჩაივლის, რომ მსოფლიოს რომელიმე კუთხეში იეჰოვას მოწმეები არ შეხვდნენ დევნასა და წინააღმდეგობას. მაგალითად, სომხეთში დაახლოებით 40 ძმა იხდის სასჯელს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო და უახლოეს მომავალში გამორიცხული არ არის, სხვა ძმებმაც გაიზიარონ მათი ხვედრი ამ ქვეყანაში. ერიტრეაში 55 და-ძმა ზის ციხეში, მათ შორის ზოგიერთი 60 წელს არის გადაცილებული. სამხრეთ კორეაში რელიგიური აღმსარებლობის გამო დაახლოებით 700 იეჰოვას მოწმეა დაპატიმრებული. ამგვარი ვითარება 60 წელია, გრძელდება. მოდი, ვილოცოთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენმა და-ძმებმა დევნის დროს გამოავლინონ ერთგულება და განადიდონ ღმერთი. ვთხოვოთ ღმერთს, რომ მათი მაგალითი დაეხმაროს სიმართლის მოყვარე ადამიანებს, დაიკავონ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარე! (ფსალმ. 76:8—10).

15. მოიყვანეთ მაგალითი, თუ როგორ ეხმარება ჩვენი პატიოსანი საქციელი სხვებს, შეიყვარონ ჭეშმარიტება.

15 ჩვენი პატიოსანი ცხოვრების წესის შემხედვარე, სხვებმა შესაძლოა შეიყვარონ ჭეშმარიტება (წაიკითხეთ 2 კორინთელების 6:4, 7 ). მაგალითად, ერთხელ, როცა ჩვენი და ავტობუსში ბილეთის შესაძენად აპარატთან მივიდა, იქვე ახლოს მდგომმა ნაცნობმა უთხრა, რომ მცირე მანძილზე მგზავრობისთვის არ იყო საჭირო ბილეთის აღება. დამ უპასუხა, რომ მგზავრმა ბილეთი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აიღოს, თუნდაც ერთი გაჩერების მერე ჩამოდიოდეს. ამის შემდეგ ეს ნაცნობი ქალბატონი მალევე ჩავიდა ავტობუსიდან. მოულოდნელად ავტობუსის მძღოლი მოუბრუნდა ჩვენს დას და  ჰკითხა: „უკაცრავად, თქვენ იეჰოვას მოწმე ხომ არ ბრძანდებით?“. „დიახ, — მიუგო ჩვენმა დამ. — რატომ მეკითხებით?“ „უბრალოდ თქვენს საუბარს მოვკარი ყური; ვიცი, რომ დღეს ბევრი არ იქცევა ისე, როგორც თქვენ და იშვიათად თუ შეხვდები თქვენნაირ პატიოსან ხალხს“. ამ ამბის შემდეგ რამდენიმე თვეში, როცა ეს და კრების შეხვედრას ესწრებოდა, ერთი მამაკაცი მივიდა მასთან და ჰკითხა: „მიცანით? მე ის მძღოლი ვარ, ავტობუსში რომ გამოგელაპარაკეთ. თქვენმა საქციელმა ბიბლიის შესწავლა გადამაწყვეტინა“. დიახ ასეა, ჩვენი პატიოსანი საქციელი სანდო ღვთის მსახურთა რეპუტაციას გვიქმნის.

მუდამ ავლენდეთ ღვთის განმადიდებელ თვისებებს

16. როგორ ეხება სულგრძელობა, სიყვარული და სიკეთე ადამიანთა გულებს? მოიყვანეთ მაგალითი.

16 ხალხს იეჰოვასთან დაახლოებაში ჩვენი მხრიდან სულგრძელობის, სიყვარულისა და სიკეთის გამოვლენაც ეხმარება. ზოგს, ვინც ჩვენს საქციელს აკვირდება, შეიძლება იეჰოვას, მისი განზრახვებისა და მისი ხალხის გაცნობის სურვილი გაუჩნდეს. ჭეშმარიტი ქრისტიანების შეხედულებები და საქციელი ცა და დედამიწასავით განსხვავდება მათი შეხედულებებისა და საქციელისგან, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ გარეგნულად ტოვებენ ღვთისმოსავი ადამიანების შთაბეჭდილებას, სინამდვილეში კი, სავსენი არიან პირმოთნეობითა და ფარისევლობით. ზოგი რელიგიური წინამძღოლი მრევლის ხარჯზე მდიდრდება და შეწირული თანხის დიდ ნაწილს პირად კეთილდღეობას ახმარს — იძენს ძვირადღირებულ სახლებსა და ავტომობილებს. ერთმა მათგანმა თავის ძაღლს კონდიციონერიანი სახლიც კი აუშენა. აშკარაა, რომ ბევრს, ვინც ქრისტეს მიმდევრად აცხადებს თავს, არანაირი სურვილი არ გააჩნია, უსასყიდლოდ ემსახუროს ხალხს (მათ. 10:8). პირიქით, ისინი ძველად ისრაელში მომსახურე იმ მღვდლებს ჰგვანან, რომლებიც „საფასურისთვის ასწავლიდნენ“ და რეალურად მათი სწავლების დიდი ნაწილი არ ეთანხმება ბიბლიურ ჭეშმარიტებას (მიქ. 3:11). ასეთი ცბიერებით ნამდვილად შეუძლებელია ხალხის ღმერთთან შერიგება.

17, 18. ა) როგორ განვადიდებთ ღმერთს, თუ მის თვისებებს ავირეკლავთ? ბ) რა აღგძრავთ, იყოთ „კარგი საქმეების“ მოშურნენი?

17 ზემოხსენებულ თვისებებთან ერთად ადამიანთა გულებს ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლებები და მათ მიმართ გამოვლენილი ჩვენი კეთილი საქმეებიც ეხება. ერთხელ ერთი პიონერი ძმა კარდაკარ მსახურებისას გამოელაპარაკა ერთ ასაკოვან ქვრივ ქალბატონს, რომელმაც საუბარი სწრაფადვე შეაწყვეტინა. აღმოჩნდა, რომ ძმის მისვლამდე ეს ქალბატონი სამზარეულოში კიბეზე იყო ასული და ნათურას ცვლიდა. ძმამ ჰკითხა: „ქალბატონო, ხომ არ დაგეხმაროთ?“. ძმამ შეუცვალა ნათურა და თავისი გზით წავიდა. როდესაც ეს ამბავი ამ ქალის შვილმა გაიგო, იმდენად ესიამოვნა გამოვლენილი ყურადღება, რომ სურვილი გაუჩნდა, მოეძებნა ეს ადამიანი და მადლობა გადაეხადა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ქვრივის შვილმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო.

18 რა აღგვძრავს, ვიყოთ „კარგი საქმეების“ მოშურნენი? ალბათ, ის, რომ კარგად გვესმის ერთი რამ: თუ ქადაგების საქმეში მოშურნეობას გამოვავლენთ და ყველაფერში ღვთის ნების თანახმად მოვიქცევით, ამით იეჰოვას განვადიდებთ და სხვებს გადარჩენაში დავეხმარებით (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:31—33 ). ამასთანავე, ქადაგების საქმისადმი ჩვენი მოშურნეობა და კარგი საქციელი იმ დიდი სურვილის გამოძახილია, რომ ვავლენდეთ ღვთისა და მოყვასისადმი უდიდეს სიყვარულს (მათ. 22:37—39). თუ ვიქნებით მოშურნენი, ღმერთი დაგვაჯილდოებს სიხარულითა და კმაყოფილების გრძნობით. უფრო მეტიც, მთელი გულით მოველით იმ დღეს, როცა მთელი კაცობრიობა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მოშურნე იქნება და ამით ჩვენი შემოქმედი, იეჰოვა განდიდდება.