არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

სჯიდნენ ისრაელში სიკვდილმისჯილებს ძელზე გაკვრით?

ძველ დროში არაერთ ქვეყანაში იყო წესად მიღებული სიკვდილმისჯილთა ძელზე ან ბოძზე გაკვრა. რომაელები დამნაშავეს ძელზე თოკით აბამდნენ ან ლურსმნებით აჭედებდნენ. ასეთ მდგომარეობაში მას შესაძლოა რამდენიმე დღე ეცოცხლა, სანამ ტკივილის, წყურვილის, შიმშილისა და კლიმატური პირობების გამო სული არ ამოხდებოდა. რომაელები ძელზე დაკიდებას სამარცხვინო დასჯის ფორმად მიიჩნევდნენ და ამ მეთოდით სჯიდნენ მათ, ვინც რაიმე საძრახის დანაშაულს ჩაიდენდა.

ისრაელშიც ძელზე დაკიდებით სჯიდნენ სიკვდილმისჯილებს? მოსეს კანონში ვკითხულობთ: „თუ კაცმა ისეთი ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სიკვდილს იმსახურებს, და მოკლავენ და ძელზე ჩამოჰკიდებენ, გვამი არ უნდა დარჩეს ძელზე მთელი ღამე, იმ დღესვე დამარხე“ (კან. 21:22, 23). აქედან გამომდინარე, ვისაც სიკვდილის განაჩენს გამოუტანდნენ, ჯერ კლავდნენ და შემდეგ ძელზე ან ხეზე ჰკიდებდნენ.

ამასთან დაკავშირებით ლევიანების 20:2-ში წერია: „ნებისმიერი, ისრაელის ძე იქნება იგი თუ ისრაელში მცხოვრები ხიზანი, რომელიც თავის შთამომავალს მოლექს შესწირავს, უნდა მოკვდეს. ჩაქოლოს და მოკლას ის იმ მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა“. ასევე სიკვდილით ისჯებოდა ის, ვისშიც „სულების გამომძახებლის ან მარჩიელის სული“ იყო. ასეთ დამნაშავეებს ქვებით ქოლავდნენ (ლევ. 20:27).

კანონის 22:23, 24-ში ვკითხულობთ: „თუ კაცი დანიშნულ ქალწულს ნახავს ქალაქში და დაწვება მასთან, გაიყვანეთ ორივე ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლეთ; ორივე უნდა მოკვდეს, ქალი იმიტომ, რომ არ იყვირა ქალაქში, კაცი კი იმიტომ, რომ თავისი მოძმის ცოლი შეურაცხყო. ამოძირკვე შენგან ბოროტება“. იმ დროს ისრაელში სასტიკი დამნაშავის დასჯის ძირითადი მეთოდი ქვებით ჩაქოლვა იყო. *

სიკვდილმისჯილს ჯერ კლავდნენ და შემდეგ ძელზე ან ხეზე ჰკიდებდნენ

კანონის 21:23-ში ასეთი რამ წერია: „ძელზე დაკიდებული ღვთისგან არის დაწყევლილი“. ღვთისგან დაწყევლილი საშინელი დამნაშავის გვამის ყველას დასანახად ძელზე ან ხეზე სააშკარაოდ ჩამოკიდება ერთგვარი გაფრთხილება იყო სხვა ებრაელებისთვის.

^ აბზ. 6 ბევრი ბიბლიის მკვლევარი ეთანხმება იმ აზრს, რომ კანონის თანახმად, სიკვდილმისჯილს ჯერ კლავდნენ და შემდეგ ჰკიდებდნენ ძელზე. თუმცა პირველ საუკუნეში იყო შემთხვევები, როცა იუდეველებმა დამნაშავეები ცოცხლად ჩამოჰკიდეს ძელზე.