მიეცით იეჰოვას საშუალება, გამოგძერწოთ!
„შენი რჩევით წამიძღვები და დიდებამდეც კი მიმიყვან“ (ფსალმ. 73:24).
1, 2. ა) რა არის აუცილებელი იმისთვის, რომ იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა გვქონდეს? ბ) როგორ გვეხმარება იმ ბიბლიური მონაკვეთების წაკითხვა, საიდანაც ჩანს, თუ როგორ ეხმაურებოდა ხალხი ღვთის სასჯელს?
„ჩემთვის . . . კარგია ღმერთთან დაახლოება. უზენაესი უფალი იეჰოვაა ჩემი თავშესაფარი“ (ფსალმ. 73:28). ამ მუხლში ფსალმუნმომღერალი ღვთის მიმართ ნდობას გამოხატავს. საინტერესოა, რამ ათქმევინა მას ეს სიტყვები? თავდაპირველად ის ძალიან გამწარდა, როცა დაინახა, რომ ბოროტები მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. მან დაიჩივლა: „ფუჭად განვიწმინდე გული და ფუჭად დავიბანე ხელები უდანაშაულობით“ (ფსალმ. 73:2, 3, 13, 21). მაგრამ „ღვთის დიდებულ საწმინდარში“ მისვლა ფსალმუნმომღერალს აზროვნების გამოსწორებასა და იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის შენარჩუნებაში დაეხმარა (ფსალმ. 73:16—18). ამ ღვთისმოშიშმა კაცმა მნიშვნელოვანი რამ ისწავლა: იეჰოვასთან ახლო ურთიერთობისთვის აუცილებელია მის ხალხს შორის ყოფნა, მისგან რჩევების მიღება და ამ რჩევების გათვალისწინება (ფსალმ. 73:24).
2 ჩვენც გვსურს, ახლო ურთიერთობა გვქონდეს ცოცხალ, ჭეშმარიტ ღმერთთან. ამ მიზანს იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ დავყვებით მის რჩევებს და სათანადო რეაქცია გვექნება ღვთისგან მიღებულ დასჯაზე. ასეთი სახით იეჰოვა თავის მოსაწონ ადამიანებად გამოგვძერწავს. წარსულში იეჰოვა გულმოწყალებას ავლენდა და მოუწოდებდა როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე ერებს, სათანადოდ გამოხმაურებოდნენ მის სასჯელს. ღვთის სასჯელზე მათი რეაქცია ბიბლიაში ჩაიწერა „ჩვენ სასწავლებლად“ და „ჩვენ გასაფრთხილებლად . . . რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია“ (რომ. 15:4; 1 კორ. 10:11). ამ შემთხვევების განხილვა უკეთ გაგვაცნობს იეჰოვას პიროვნებას და დაგვანახვებს, რამდენად სასარგებლოა ჩვენთვის ის, რომ ღმერთი გვძერწავს.
როგორ იყენებს მეთუნე თავის ძალაუფლებას
3. როგორ არის აღწერილი ესაიას 64:8-სა და იერემიას 18:1—6-ში იეჰოვას ძალაუფლება ადამიანებზე? (იხილეთ სურათი 24-ე გვერდზე)
3 ესაიას 64:8-ში თვალსაჩინოდაა აღწერილი იეჰოვას ძალაუფლება ცალკეულ ადამიანებსა და ერებზე: „იეჰოვა, შენ ჩვენი მამა ხარ! ჩვენ თიხა ვართ, შენ კი — მეთუნე. ყველანი შენი ნახელავი ვართ“. მეთუნეს სრული უფლება აქვს, თიხისგან ისეთი ჭურჭელი გამოძერწოს, როგორიც თავად სურს. თიხას არაფრის შეცვლა არ შეუძლია. ასეა ჩვენ შემთხვევაშიც. როგორც თიხა ვერ შეედავება მეთუნეს, რომლის ხელშიცაა და რომელიც ფორმას აძლევს, ისე ძეხორციელი ვერ შეეკამათება ღმერთს (წაიკითხეთ იერემიას 18:1—6 ).
4. იძულებით ძერწავს ღმერთი ხალხებს და ერებს? ახსენით.
4 იეჰოვამ ძველ ისრაელს აჩვენა, რომ შეეძლო მათ ისე მოქცეოდა, როგორც მეთუნე თიხას. მაგრამ იეჰოვასა და მეთუნეს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. მეთუნეს შეუძლია თიხისგან ნებისმიერი სახის ჭურჭელი დაამზადოს. თუმცა ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ ღმერთი კარგ და ცუდ ჭურჭლებად ხალხებსა და ერებს იძულებით არ ძერწავს. იეჰოვამ ადამიანებს ძვირფასი ძღვენი, ნების თავისუფლება უბოძა. ის თავის უზენაეს ხელისუფლებას ისე არ იყენებს, რომ უგულებელყოს ჩვენი თავისუფლება. ადამიანმა თავად უნდა აირჩიოს, მისცემს თუ არა შემოქმედს, იეჰოვას, გამოძერწვის საშუალებას (წაიკითხეთ იერემიას 18:7—10).
5. როგორ იყენებს იეჰოვა ძალაუფლებას, როცა ადამიანები უარს ეუბნებიან მას გამოძერწვაზე?
5 როგორ იყენებს დიდებული მეთუნე ძალაუფლებას, როცა ადამიანები ჯიუტობენ და უარს ეუბნებიან მას გამოძერწვაზე? როგორ იქცევა მეთუნე, როცა თიხა სასურველ ფორმას ვერ იღებს? მას შეუძლია მისგან სხვა ჭურჭელი გამოძერწოს ან უბრალოდ გადააგდოს ის. თუ თიხის ჭურჭელი გამოუსადეგარი ხდება, ეს ძირითადად მეთუნის ბრალია. თუმცა ეს ასე არ არის დიდებული მეთუნის შემთხვევაში (კან. 32:4). როცა ადამიანი სასურველ ჭურჭლად ვერ იძერწება, დამნაშავე თავად ადამიანია. იეჰოვა თავის, როგორც მეთუნის ძალაუფლებას ადამიანებზე იმის მიხედვით იყენებს, თანხმდებიან თუ არა ისინი მას გამოძერწვაზე. ისინი, ვინც სათანადოდ ეხმაურებიან ღვთისგან გამოძერწვის პროცესს, „სასურველ ფორმას“ იღებენ, რაც მათ კეთილდღეობას ემსახურება. მაგალითად, ცხებული ქრისტიანები „საპატიო ხმარებისთვის“ გამოძერწილი „წყალობის ჭურჭლები“ არიან. ხოლო მეორე მხრივ, ისინი, ვინც ჯიუტობენ და უარს ამბობენ გამოძერწვაზე, „დასაღუპავად გამზადებული რისხვის ჭურჭლები“ ხდებიან (რომ. 9:19—23).
6, 7. როგორ განსხვავდებოდა დავითისა და საულის რეაქცია იეჰოვას რჩევაზე?
6 ერთ-ერთი საშუალება, რითაც იეჰოვა ადამიანებს ძერწავს, რჩევა და დასჯაა. ისრაელის პირველი ორი მეფის, საულისა და დავითის ცხოვრებიდან კარგად გამოჩნდა, თუ როგორ იყენებს იეჰოვა ძალაუფლებას ადამიანთა გამოძერწვის დროს. ბათ-შებასთან უზნეობის ჩადენამ სავალალო შედეგები მოუტანა არა მარტო დავითს, არამედ სხვებსაც. მიუხედავად იმისა, რომ დავითი მეფე იყო, იეჰოვას თავი არ შეუკავებია მისი მკაცრი დასჯისგან. ღმერთმა მასთან წინასწარმეტყველი ნათანი გაგზავნა მკაცრი ცნობის საუწყებლად (2 სამ. 12:1—12). რა რეაქცია ჰქონდა ამაზე დავითს? ის სულით ხორცამდე შეიძრა და მოინანია დანაშაული. შედეგად, დავითმა საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის გულმოწყალება (წაიკითხეთ 2 სამუელის 12:13).
7 დავითისგან განსხვავებით, მის წინამორბედს, საულს სრულიად განსხვავებული რეაქცია ჰქონდა იეჰოვას რჩევაზე. ღმერთმა მას წინასწარმეტყველ სამუელის მეშვეობით არაორაზროვანი მითითება მისცა: მას უნდა გაენადგურებინა ამალეკელები თავიანთ პირუტყვთან ერთად. საული არ დაემორჩილა ღვთის მითითებას. მან დაინდო ამალეკელების მეფე აგაგი და ნარჩევი პირუტყვი. რატომ მოიქცა საული ამგვარად? როგორც ჩანს, მას საკუთარი თავის განდიდება უნდოდა (1 სამ. 15:1—3, 7—9, 12). ამის შემდეგ სამუელმა საულს რჩევა მისცა. ნაცვლად იმისა, რომ მას გულთან ახლოს მიეტანა ეს რჩევა და დიდებული მეთუნის ხელში გამოძერწილიყო, უარი თქვა ამ ყველაფერზე და თავის მართლება დაიწყო. საულმა თავისი საქციელი იმით ახსნა, რომ თითქოს შეიძლებოდა პირუტყვის იმ მიზნით დანდობა, რომ შემდგომში ის იეჰოვასთვის შეეწირათ; მან ამით, ფაქტობრივად, გააუბრალოვა სამუელის რჩევა. იეჰოვამ უარყო საული, როგორც მეფე და საულს აღარასოდეს ჰქონია ჭეშმარიტ ღმერთთან კარგი ურთიერთობა (წაიკითხეთ 1 სამუელის 15:13—15, 20—23).
ღმერთი მიუკერძოებელია
8. რას ვსწავლობთ იქიდან, თუ რა რეაქცია ჰქონდა ისრაელს, როცა იეჰოვა ძერწავდა მათ?
8 იეჰოვა არა მხოლოდ ცალკეულ ადამიანებს, არამედ ერებსაც მოუწოდებდა, დაჰყოლოდნენ მის, როგორც დიდებული მეთუნის ხელს. იეჰოვამ 1513 წელს ისრაელი ერი ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლა და მათთან შეთანხმება დადო. ისრაელი ღვთის რჩეული ერი გახდა და წილად ხვდა პატივი, დიდებულ მეთუნეს თავად გამოეძერწა. თუმცა, ეს ხალხი გამუდმებით სცოდავდა ღვთის თვალში და მეზობელი ერების ღმერთებსაც კი ეთაყვანებოდა. იეჰოვა კვლავ და კვლავ უგზავნიდა მათ წინასწარმეტყველთ, რომ გონს მოეყვანა ეს ურჩი ერი, მაგრამ ამაოდ (იერ. 35:12—15). ისრაელმა ღვთისგან მკაცრი სასჯელი დაიმსახურა. მათ ბაბილონელები და ასურელები ისე მოექცნენ, როგორც გასანადგურებელ ჭურჭელს — ჩრდილოეთის ათ-ტომიანი სამეფო ასურელებმა დაიპყრეს, სამხრეთის ორ-ტომიანი სამეფო კი — ბაბილონელებმა. ეს ჩვენთვის ნამდვილად კარგი გაკვეთილია! იეჰოვას გამოძერწვა იმ შემთხვევაში მოგვიტანს სიკეთეს, თუ სათანადოდ ვრეაგირებთ მასზე.
9, 10. როგორ გამოეხმაურნენ ნინეველები ღვთის გაფრთხილებას?
9 იეჰოვა ასურეთის დედაქალაქის ნინევეს მცხოვრებლებსაც მოუწოდებდა, ყურად ეღოთ მისი გაფრთხილება. ღმერთმა უთხრა იონას: „ადექი, წადი დიდ ქალაქ ნინევეში და გამოუცხადე მას, რომ ჩემამდე მოაღწია მისმა ბოროტებამ“. ნინევე გასანადგურებლად იყო განწირული! (იონ. 1:1, 2; 3:1—4).
10 თუმცა, როცა იონამ ნინეველებს განადგურების შესახებ აუწყა, „ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი, მარხვა გამოაცხადეს და დიდიან-პატარიანად ჯვალო ჩაიცვა ყველამ“, ხოლო მათი მეფე „ტახტიდან ჩამოვიდა, გაიხადა თავისი სამეფო სამოსელი, ჯვალო მოიხვია და ნაცარში ჩაჯდა“. ნინეველებმა იეჰოვას გამოძერწვის საშუალება მისცეს და მოინანიეს. შედეგად, ღმერთმა აღარ დაატეხა მათ უბედურება (იონ. 3:5—10).
11. იეჰოვას რომელი თვისება გამოჩნდა თვალსაჩინოდ ებრაელებთან და ნინეველებთან ურთიერთობისას?
11 მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი ღვთის რჩეული ერი იყო, მაინც ვერ ასცდა ღვთის სასჯელს. მეორე მხრივ, ნინეველები ღვთის რჩეული ხალხი არ ყოფილან. თუმცა ღმერთმა მათ განაჩენის შესახებ განუცხადა და როცა ისინი ღვთის ხელში „რბილი თიხა“ აღმოჩნდნენ, ღმერთმა შეიწყალა ნინეველები. მართლაც, რა თვალსაჩინოდ გამოჩნდა ებრაელებთან და ნინეველებთან ურთიერთობისას, რომ იეჰოვა „არ იქცევა მიკერძოებით“ (კან. 10:17).
იეჰოვა გონიერია და ითვალისწინებს ადამიანების მდგომარეობას
12, 13. ა) რატომ იცვლის იეჰოვა დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვინც გამოძერწვის საშუალებას აძლევს? ბ)რა გაგებით „ინანა“ იეჰოვამ საულთან მიმართებაში? ნინევესთან მიმართებაში?
12 ის, თუ როგორ გვძერწავს იეჰოვა, იმაზე მეტყველებს, რომ ის გონიერია და ითვალისწინებს ჩვენს მდგომარეობას. მან არაერთხელ შეცვალა ხალხისთვის გამოტანილი სამართლიანი განაჩენი, როცა დაინახა, რომ ისინი სათანადოდ ეხმაურებოდნენ მის გაფრთხილებას. საღვთო წერილში ვკითხულობთ, რომ იეჰოვამ „ინანა“, როცა ისრაელის პირველ მეფედ საული აირჩია (1 სამ. 15:11). ბიბლიაში ასევე წერია, რომ როცა ნინეველებმა მოინანიეს და მიატოვეს ბოროტი გზა, „შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო“ (იონ. 3:10, „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა“).
13 ებრაული ენიდან ნათარგმნი სიტყვა „სინანული“ დამოკიდებულებისა და მიზნის შეცვლას ნიშნავს. იეჰოვამ საულის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და ეს იქიდან გამოჩნდა, რომ ის ჯერ მეფედ აირჩია, შემდეგ კი უარყო. ღმერთს საულის მიმართ დამოკიდებულება იმის გამო არ შეუცვლია, რომ შეცდომით აირჩია ის მეფედ თავის დროზე, უბრალოდ, საულმა რწმენა არ გამოავლინა ღვთის მიმართ და დაუმორჩილებელი გახდა. ჭეშმარიტმა ღმერთმა ნინეველებთან მიმართებაშიც „ინანა“ ანუ მათთან დაკავშირებით თავისი განზრახვა შეცვალა. ნამდვილად მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა, ჩვენი გონიერი მეთუნე, თანამგრძნობი, გულმოწყალე და მწყალობელია; ის მზად არის, შეიცვალოს „აღებული კურსი“ შემცოდველთან მიმართებაში, როცა ეს უკანასკნელი უკეთესობისკენ იცვლება.
ნუ უგულებელვყოფთ ღვთის სასჯელს
14. ა) როგორ გვძერწავს იეჰოვა დღეს? ბ) როგორი განწყობა უნდა გვქონდეს, როცა იეჰოვა გვძერწავს?
14 იეჰოვა დღეს თავისი სიტყვისა და თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვძერწავს (2 ტიმ. 3:16, 17). ამიტომ გვმართებს, მივიღოთ მათი მეშვეობით ღვთისგან მომდინარე რჩევები და დასჯა. რამდენი წლის მონათლულებიც არ უნდა ვიყოთ და რა პასუხისმგებლობასაც არ უნდა ვასრულებდეთ კრებაში, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ იეჰოვას რჩევები და მივცეთ მას საშუალება, საპატიო ჭურჭლებად გამოგვძერწოს.
15, 16. ა) რა უარყოფითი გრძნობები შეძლება დაეუფლოს ქრისტიანს, როცა ისჯება იმით, რომ პასუხისმგებლობებს კარგავს? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) როგორ უნდა გავუმკლავდეთ დასჯით გამოწვეულ უარყოფით გრძნობებს?
15 დასჯის ზოგიერთი ფორმა ითვალისწინებს დარიგებას. თუმცა ზოგჯერ შეიძლება ცოტა მეტი იყოს საჭირო. მაგალითად, ქრისტიანი შეიძლება იმით დაისაჯოს, რომ კრებაში პასუხისმგებლობები ჩამოერთვას. მოდი, ვნახოთ დენისის * მაგალითი, რომელიც ერთ დროს უხუცესად მსახურობდა. მან გარკვეულ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ბიბლიური პრინციპები დაარღვია, რის გამოც შეგონება მიიღო. ის გვიყვება, თუ რა იგრძნო იმ საღამოს, როცა გამოცხადდა, რომ კრებაში უხუცესად აღარ იმსახურებდა: „თავი არარაობა მეგონა. 30 წლის განმავლობაში უამრავი პასუხისმგებლობა მეკისრა კრებაში: ვიყავი პიონერი, ვმსახურობდი ბეთელში, დავინიშნე მომსახურედ და შემდეგ უხუცესად. პირველად ჩემს ცხოვრებაში საოლქო კონგრესზე მოხსენებაც უნდა წამეკითხა, მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი წყალში ჩამეყარა. ძალიან მრცხვენოდა და ვფიქრობდი, რომ ორგანიზაციაში ჩემი ადგილი აღარ იყო“.
16 დენისმა შეიცვალა აზროვნება და მიატოვა არასწორი საქმეები. მაგრამ უარყოფითი გრძნობები როგორ დასძლია მან? «გადავწყვიტე, აქტიურად ჩავბმულიყავი სულიერ საქმეებში. დიდი როლი ითამაშა ქრისტიანულმა საძმომ და ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილმა გამამხნევებელმა სტატიებმა. განსაკუთრებული იყო 2009 წლის 15 აგვისტოს „საგუშაკო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „შეგიძლია კვლავაც აიღო პასუხისმგებლობები?“. ამ თემის წაკითხვის შემდეგ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ღმერთმა პირადად მომწერა წერილი ლოცვებზე პასუხად. ყველაზე მეტად სტატიაში მოცემულმა ერთმა რჩევამ იმოქმედა: „თუ ახლა კრებაში აღარ გაქვს რაიმე პასუხისმგებლობა, თავისუფალი დრო იმისთვის გამოიყენე, რომ სულიერად განმტკიცდე“». რა სიკეთე მოუტანა დენისს დასჯამ? მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. „იეჰოვამ კიდევ ერთხელ მაკურთხა და დღეს მომსახურედ ვმსახურობ“, — ამთავრებს ის.
17. როგორ შეიძლება გარიცხვა დაეხმაროს შემცოდველს? მოიყვანეთ მაგალითი.
17 დასჯის კიდევ ერთი ფორმა გარიცხვაა. გარიცხვის მიზანი კრების ცუდი ზეგავლენისგან დაცვაა. ეს ასევე საშუალებას აძლევს გარიცხულს, მიხვდეს დანაშაულს და მობრუნდეს (1 კორ. 5:6, 7, 11). რობერტი თითქმის 16 წელი იყო გარიცხული. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი მშობლები და დედმამიშვილები ერთგულად იცავდნენ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ მითითებას, რომლის თანახმადაც შემცოდველთან არანაირი ურთიერთობა არ უნდა გვქონდეს და არც კი უნდა მივესალმოთ. წლების შემდეგ რობერტი დაუბრუნდა ქრისტიანულ კრებას და დღეს ის სულიერად წინ მიდის. როცა ჰკითხეს, თუ რამ აღძრა, ამდენი წლის შემდეგ დაბრუნებოდა იეჰოვას და მის ხალხს, მან უპასუხა, რომ ძირითადი მიზეზი მისი ოჯახის სიმტკიცე იყო. „ელემენტარული ურთიერთობაც რომ ჰქონოდათ ჩემი ოჯახის წევრებს ჩემთან, თუნდაც რომ მოვეკითხე, დავკმაყოფილდებოდი ამით და ისე აღარ მომენატრებოდნენ ისინი. შედეგად, არც ღმერთთან დაბრუნების სურვილი გამიჩნდებოდა“, — ამბობს რობერტი.
18. როგორი თიხა უნდა ვიყოთ დიდებული მეთუნის ხელში?
18 შესაძლოა, ჩვენ არ ვიმსახურებთ დასჯის ისეთ ფორმებს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, მაგრამ ყველანი უნდა დავფიქრდეთ, როგორი თიხა ვართ დიდებული მეთუნის ხელში? როგორ ვრეაგირებთ, როცა საჭიროების შემთხვევაში ვისჯებით — დავითივით თუ საულივით? დიდებული მეთუნე ჩვენი მამაა და არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ის „იმას შეაგონებს, ვინც უყვარს, როგორც შვილის მოყვარული მამა“. ამიტომ „იეჰოვას დარიგებას ნუ უგულებელყოფთ და მის შეგონებას ნუ შეიზიზღებთ“! (იგავ. 3:11, 12).
^ აბზ. 15 სახელი შეცვლილია.