არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

ვინ იყვნენ დაბადების 6:2, 4-ში მოხსენიებული „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“, რომლებიც წარღვნამდე ცხოვრობდნენ?

რატომ ვფიქრობთ, რომ ამ მუხლებში ღვთის სულიერი ძეები იგულისხმებიან? რა საფუძვლიანი მიზეზი არსებობს ამისთვის?

„ჭეშმარიტი ღვთის ძეებმა დაინახეს, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები, და მოჰყავდათ ცოლებად, ვინც მოეწონებოდათ“, — ვკითხულობთ დაბადების 6:2-ში.

ებრაულ წერილებში მოხსენიებულ ფრაზებს „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“, „ღვთის შვილები“ და „ღვთის ძეები“ ვხვდებით დაბადების 6:2, 4-ში, იობის 1:6-ში, 2:1-ში, 38:7-სა და ფსალმუნის 89:6-ში. რას ვიგებთ ამ მუხლებიდან „ღვთის ძეების“ შესახებ?

იობის 1:6-ში მოხსენიებული „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“ აშკარად სულიერი ქმნილებები იყვნენ, რომლებიც ღვთის წინაშე შეიკრიბნენ. მათ შორის იყო სატანა, რომელიც „დედამიწაზე ხეტიალობდა“ (იობ. 1:7; 2:1, 2). „ღვთის ძეები“ იობის 38:4—7-შიც არიან მოხსენიებულნი, რომლებიც ყიჟინებდნენ, როცა ღმერთმა დედამიწას „დაუდო ქვაკუთხედი“. ფაქტია, ისინი ანგელოზები იყვნენ, რადგან იმ დროს ადამიანები ჯერ არ იყვნენ შექმნილნი. „ღვთის ძეებში“, რომლებიც ფსალმუნის 89:6-ში არიან მოხსენიებული, აშკარად ჩანს, რომ ღვთის გვერდით მყოფი ზეციერი ქმნილებები იგულისხმებიან და არა ადამიანები.

მაშ, ვინ არიან დაბადების 6:2, 4-ში მოხსენიებული „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“? თუ გავითვალისწინებთ ზემოთ მოყვანილ ბიბლიურ მუხლებს, მართებული იქნება, დავასკვნათ, რომ ამ მუხლებში საუბარია ღვთის სულიერ ძეებზე, რომლებიც დედამიწაზე ჩამოვიდნენ.

ზოგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ანგელოზებს შეიძლება სქესობრივი ურთიერთობის სურვილი გასჩენოდათ. მათეს 22:30-ში ჩაწერილი იესოს სიტყვებიდან ვხედავთ, რომ ზეცაში არ ქორწინდებიან. თუმცა ბიბლიაში ჩაწერილია შემთხვევები, როცა ანგელოზებმა ხორცი შეისხეს და ადამიანებთან ერთად ჭამეს და სვეს (დაბ. 18:1—8; 19:1—3). ამგვარად, ლოგიკურია, დავასკვნათ, რომ ხორცშესხმულ ანგელოზებს ქალებთან სქესობრივი კავშირის დამყარება შეეძლოთ.

არსებობს ბიბლიური მუხლები, რომელთა საფუძველზეც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ზოგიერთი ანგელოზი სწორედ ასე მოიქცა. იუდას 6, 7 სოდომელების ცოდვას, რომლებიც „აჰყვნენ ხორციელ გულისთქმებს“, ადარებს „ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო“. ანგელოზებიცა და სოდომელებიც „მიეცნენ სიძვას“, „აჰყვნენ ხორციელ გულისთქმებს და აღვირახსნილობას“. 1 პეტრეს 3:19, 20-ში ურჩი ანგელოზები იმ ანგელოზებთან არიან დაკავშირებულნი, რომლებიც ნოეს დროს დედამიწაზე ჩამოვიდნენ (2 პეტ. 2:4, 5). აქედან გამომდინარე, ის, რაც ურჩმა ანგელოზებმა ნოეს დროს ჩაიდინეს, შეიძლება შევადაროთ სოდომისა და გომორას ცოდვას.

ამრიგად, დაბადების 6:2, 4-ში მოხსენიებული „ჭეშმარიტი ღვთის ძეები“ იყვნენ ანგელოზები, რომლებმაც ხორცი შეისხეს და სქესობრივი კავშირი დაამყარეს ქალებთან.

 ბიბლიაში წერია, რომ იესომ „უქადაგა საპყრობილეში სულებს“ (1 პეტ. 3:19). როგორ უნდა გავიგოთ ეს?

პეტრე მოციქულმა ეს სულები გააიგივა იმ ანგელოზებთან, „რომლებიც ურჩები იყვნენ მაშინ, როცა მოთმინებით იცდიდა ღმერთი ნოეს დროს“ (1 პეტ. 3:20). პეტრემ თქვა, რომ ეს სულიერი ქმნილებები იყვნენ ისინი, რომლებიც სატანას ამბოხებაში შეუერთდნენ. იუდას წიგნი მოიხსენიებს „ანგელოზებს, რომლებმაც არ შეინარჩუნეს თავიანთი თავდაპირველი მდგომარეობა და მიატოვეს მათთვის განკუთვნილი სამკვიდრო, უკუნ სიბნელეში მარადიულ ბორკილებში ინახავს . . . [მათ ღმერთი] გასამართლების დიდი დღისათვის“ (იუდ. 6).

რა გაგებით იყვნენ სულიერი ქმნილებები ურჩები ნოეს დღეებში? წარღვნამდე ამ ბოროტმა სულებმა ხორცი შეისხეს; ეს არ ყოფილა ღვთის განზრახვა (დაბ. 6:2, 4). უფრო მეტიც, მათ სქესობრივი კავშირი დაამყარეს ქალებთან, რაც მათ შემთხვევაში ურთიერთობის არაბუნებრივი ფორმა იყო. ღმერთს სულიერი ქმნილებები ამგვარი ურთიერთობისთვის არ შეუქმნია (დაბ. 5:2). ეს ურჩი და ბოროტი ანგელოზები ღვთის დანიშნულ დროს განადგურდებიან. ამჟამად, როგორც იუდას წიგნიდან ვიგებთ, ისინი „უკუნ სიბნელეში“, ასე ვთქვათ, სულიერ საპყრობილეში არიან.

როდის და როგორ უქადაგა ქრისტემ „სულებს საპყრობილეში“? პეტრეს სიტყვების თანახმად, ეს იესომ მას შემდეგ გააკეთა, რაც „გაცოცხლდა სულში“ (1 პეტ. 3:18, 19). აგრეთვე ყურადღება მიაქციეთ, ამ შემთხვევაში რომელი დრო გამოიყენა პეტრემ? მან თქვა, რომ ქრისტემ უქადაგა სულებს. პეტრემ აქ წარსული დრო გამოიყენა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს შემთხვევა პეტრეს პირველი წერილის დაწერამდე მოხდა. როგორც ჩანს, იესომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ბოროტ სულებს გამოუცხადა, რომ სამართლიან სასჯელს მიიღებდნენ. იესოს „ქადაგება“ მათთვის იმედისმომცემ ცნობას არ შეიცავდა. ეს მათთვის განაჩენის გამოცხადება იყო (იონ. 1:1, 2). სიკვდილამდე იესომ ერთგულება შეინარჩუნა და შემდეგ აღსდგა, რითაც დაამტკიცა, რომ ეშმაკს არანაირი ძალაუფლება არ ჰქონდა მასზე. ამიტომ მას ჰქონდა საფუძველი, რომ ასეთი განაჩენი გამოეცხადებინა მათთვის (იოან. 14:30; 16:8—11).

მომავალში იესო სატანასაც და ამ ანგელოზებსაც შებოჭავს და უფსკრულში ჩაყრის (ლუკ. 8:30, 31; გამოცხ. 20:1—3). იმ დრომდე ეს ურჩი სულები უკუნ სულიერ სიბნელეში არიან; მათი საბოლოო განადგურება გარდაუვალია (გამოცხ. 20:7—10).