არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ჩვენი არქივიდან

მეფე აღფრთოვანდა!

მეფე აღფრთოვანდა!

ეს შემთხვევა 1936 წლის აგვისტოში სვაზილენდის სამეფო დასახლებაში მოხდა. რობერტ და ჯორჯ ნიზბეტებმა ხმის გამაძლიერებლებით აღჭურვილი ავტომანქანის მეშვეობით ხალხს მუსიკალური ჩანაწერების შემდეგ ძმა რუტერფორდის მოხსენებები მოასმენინეს. ამან მეფე სობჰუზა II ძალზე აღაფრთოვანა. ჯორჯი იხსენებს: „უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდით, როცა მეფე სობჰუზამ ჩვენი ფირსაკრავის, ჩანაწერების და ხმის გამაძლიერებლის შეძენა მოისურვა“.

რობერტმა მოუბოდიშა მეფეს და უთხრა, რომ ეს ნივთები არ იყიდებოდა. „რატომ?“, — იკითხა მეფემ. რობერტმა უპასუხა, რომ ისინი სხვისი საკუთრება იყო. მეფე დაინტერესდა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ნივთები.

რობერტმა უთხრა, რომ ისინი სხვა მეფის საკუთრება იყო. სობჰუზამ ამ მეფის ვინაობის გაგება მოისურვა. რობერტმა უთხრა: „ეს მეფე ღვთის სამეფოს მეფე, იესო ქრისტეა“.

„ქრისტე ნამდვილად დიდებული მეფეა! — დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით წარმოთქვა მან. — ნამდვილად არ მინდა, მისი ქონებიდან რაიმე ავიღო“.

რობერტი მოგვითხრობს: „ძალიან გავოცდი უმაღლესი ხელისუფლის, მეფე სობჰუზას ბუნებით; უბრალო და გულახდილი ადამიანი იყო. იმანაც გამაკვირვა, რომ საკმაოდ გამართულად საუბრობდა ინგლისურად. მე და მეფე სობჰუზამ 45 წუთი ვისაუბრეთ. ამ დროს კი ჯორჯს გარეთ მუსიკალური ჩანაწერები ჰქონდა ჩართული.

ამის შემდეგ სვაზის ეროვნულ სკოლას ვეწვიეთ, სადაც ყველაზე საინტერესო რამ მოხდა. ვუქადაგეთ სკოლის დირექტორს და მან სიამოვნებით მოგვისმინა. სიხარულით დაგვთანხმდა იმაზეც, რომ ფირსაკრავის მეშვეობით მთელ სკოლას მოასმენინებდა ჩანაწერებს. დირექტორმა ასამდე მოსწავლეს მოუყარა თავი, გარეთ გამოიყვანა და მინდორზე დასხა. ბიჭებს ამ სკოლაში ასწავლიდნენ მიწათმოქმედებას, მებაღეობას, დურგლობას, მშენებლობას, ინგლისურსა და არითმეტიკას; გოგონებს კი — საექთნო, საოჯახო და სხვა საჭირო საქმეებს. ეს სკოლა უმაღლესი ხელისუფლის, მეფე სობჰუზას ბებიის დაარსებული იყო“.

სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 1936 წელს სვაზილენდში საჯარო მოხსენება მოისმინეს.

სამი წლის წინ, 1933 წელს მეფე სობჰუზამ დიდი სიამოვნებით მოუსმინა პიონერებს, რომლებიც მას სამეფო დასახლებაში ესტუმრნენ. ერთხელ თურმე მას სამეფოს ცნობის მოსასმენად პირადი დაცვის 100 წევრიც კი შეუკრებია; მას გამოწერილი ჰქონდა ჩვენი ჟურნალები და იღებდა ლიტერატურას. ცოტა ხანში მეფეს უკვე საკმაოდ მდიდარი თეოკრატიული ბიბლიოთეკა ჰქონდა. უფრო მეტიც, ის ამ ბიბლიოთეკას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა  მაშინაც კი, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის კოლონიურმა მთავრობამ ჩვენი ლიტერატურა აკრძალა.

ომის შემდეგ მეფე კვლავაც სიამოვნებით მასპინძლობდა მოწმეებს ლობამბაში, თავის სამეფო დასახლებაში. ის მღვდლებსაც კი ეპატიჟებოდა თავის სამეფო დასახლებაში, რათა მათაც მოესმინათ ბიბლიური მოხსენებები. ერთხელ, როცა ადგილობრივი იეჰოვას მოწმე, ჰელვი მაშაზი მათეს 23-ე თავზე მსჯელობდა, განრისხებული მღვდლები წამოხტნენ და მის გაჩუმებას შეეცადნენ. მაგრამ ამასობაში მეფე ჩაერია და ძმას უთხრა, რომ გაეგრძელებინა საუბარი. მეფემ დამსწრეებს ისიც კი უთხრა, რომ ძმის მიერ მოხსენებაში მოყვანილი ბიბლიური მუხლები ჩაეწერათ.

სხვა დროს, როცა პიონერი ძმა მოხსენებას კითხულობდა, მსმენელთა შორის ოთხმა მღვდელმა საყელოები შემოიბრუნა ანუ საყელოს ის ნაწილი დამალა, რომლითაც ისინი, როგორც მღვდლები ამოიცნობოდნენ და ხმამაღლა განაცხადეს: „დღეიდან ჩვენ მღვდლები აღარა ვართ; ჩვენ იეჰოვას მოწმეები ვართ“. ამის შემდეგ სთხოვეს ძმას, მიეცა მათთვის იმ წიგნებიდან ნებისმიერი, რომელიც უმაღლეს ხელისუფალს ჰქონდა.

1930 წლიდან მოყოლებული უმაღლესი ხელისუფალი თავის სიკვდილამდე, 1982 წლამდე, დიდი პატივისცემით ეპყრობოდა იეჰოვას მოწმეებს და არავის აძლევდა მათი შევიწროების უფლებას იმის გამო, რომ ისინი სვაზურ რიტუალებში არ მონაწილეობდნენ. იეჰოვას მოწმეები მართლაც ძალიან ემადლიერებოდნენ მას. მეფის სიკვდილმა ისინი მართლაც გულწრფელად დაანაღვლიანა.

2013 წლის დასაწყისისთვის სვაზილენდში 3 000-ზე მეტი სამეფოს მაუწყებელი იყო. სვაზილენდში 1 000 000-ზე ცოტა მეტი მაცხოვრებელია და ერთ მაუწყებელზე 384 ადამიანი მოდის. 90 კრებაში 260-ზე მეტი პიონერი მსახურობს. 2012 წელს გახსენების საღამოს 7 496 ადამიანი დაესწრო. მონაცემებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს ციფრები მომავალში უფრო მეტად გაიზრდება. ამ საქმეს საფუძველი 1930-იან წლებში ჩაეყარა, მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებმა სვაზილენდში იქადაგეს (ჩვენი არქივიდან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა).