არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა მიზეზები გვაქვს, რომ გავიხაროთ იეჰოვას შეხსენებებით?

რა მიზეზები გვაქვს, რომ გავიხაროთ იეჰოვას შეხსენებებით?

„შენი შეხსენებები სამარადისოდ ჩემს საკუთრებად ვაქციე“ (ფსალმ. 119:111).

1. ა) როგორ რეაგირებენ ადამიანები შეხსენებებზე და რატომ? ბ) როგორ შეიძლება სიამაყემ ხელი შეუშალოს ადამიანს რჩევის მიღებაში?

რჩევასა და მითითებაზე ყველა ერთნაირად არ რეაგირებს. უფლებამოსილი ან ავტორიტეტული პირებისგან მიღებულ შეხსენებებს ზოგი შესაძლოა გულისყურით ეკიდება, ხოლო თანატოლების ან ხელქვეითების რჩევებს კი ადვილად ივიწყებს. რეაქციებიც სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: რჩევის მიცემის დროს ზოგი შეიძლება დანაღვლიანდეს, ზოგს შეიძლება შერცხვეს ან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდეს, სხვებს კი რჩევამ შესაძლოა სტიმული მისცეს, საკუთარ ძალებში დაარწმუნოს და გამოსწორებისკენ უბიძგოს. რატომ არის ადამიანთა რეაქციები ასეთი მრავალგვარი, როცა საქმე რჩევების მიღებას ეხება? ერთ-ერთი მიზეზი სიამაყეა. მართლაც, ამპარტავნობის სული ადამიანში აკნინებს განსჯის უნარს, რის გამოც ის უგულებელყოფს მითითებას და ღირებული რჩევის გარეშე რჩება (იგავ. 16:18).

2. რატომ აფასებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთის სიტყვაში ჩაწერილ რჩევებს?

2 ჭეშმარიტი ქრისტიანები აფასებენ რჩევებს, განსაკუთრებით, თუ ეს რჩევები ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული. იეჰოვას შეხსენებები გვძენს წვდომის უნარს, გვასწავლის და გვეხმარება, მოვერიდოთ ისეთ მახეებს, როგორიცაა: მატერიალიზმი, უზნეობა, ნარკოტიკები და ალკოჰოლი (იგავ. 20:1; 2 კორ. 7:1; 1 თეს. 4:3—5; 1 ტიმ. 6:6—11). უფრო მეტიც, ჩვენ ვხარობთ „მხიარული გულის“ გამო, რაც ღვთის შეხსენებების გათვალისწინებას მოჰყვება (ეს. 65:14).

3. ფსალმუნმომღერლის მსგავსად, როგორი განწყობა უნდა გვქონდეს?

3 ჩვენს ზეციერ მამასთან ძვირფასი ურთიერთობა რომ შევინარჩუნოთ, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა ვითვალისწინებდეთ მის ბრძნულ მითითებებს. კარგი იქნება, თუ ჩვენც გვექნება ფსალმუნმომღერლის განწყობა; აი, რას წერდა ის: „შენი შეხსენებები სამარადისოდ ჩემს საკუთრებად ვაქციე, რადგან ისინი მიხარებენ  გულს“ (ფსალმ. 119:111). კარგი იქნება, თუ თითოეული ჩვენგანი ვკითხავთ საკუთარ თავს: მეც მახარებს მის მსგავსად იეჰოვას შეხსენებების მიღება, თუ ზოგჯერ მათ მძიმე ტვირთად მივიჩნევ? მაშინაც კი, თუ დროდადრო ზოგიერთი რჩევა გვაღიზიანებს, გული არ უნდა გავიტეხოთ. ჩვენ შეგვიძლია უყოყმანოდ ვენდოთ ღვთის აღმატებულ სიბრძნეს. ამაში დაგვეხმარება სამი მხარე, რომლებსაც ქვემოთ შევეხებით.

განიმტკიცეთ ნდობა ლოცვის მეშვეობით

4. რა არ დაუკარგავს დავითს მთელი ცხოვრების განმავლობაში?

4 მეფე დავითის ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა ია-ვარდებით მოფენილი. ხშირად მის სიხარულსა და ბედნიერებას მწუხარება და დარდი ენაცვლებოდა, მაგრამ მას არასოდეს დაუკარგავს შემოქმედის მიმართ ნდობა. შემდეგი სიტყვები დავითს ეკუთვნის: „შენკენ აღვაპყრობ ჩემს სულს, იეჰოვა შენ მოგენდობი“ (ფსალმ. 25:1, 2). რა დაეხმარა მას ზეციერი მამისადმი ასეთი ნდობის განვითარებაში?

5, 6. რას გვაუწყებს საღვთო წერილი დავითისა და იეჰოვას ურთიერთობაზე?

5 ბევრს მაშინ ახსენდება ღმერთი, როცა გასაჭირშია. რას იგრძნობდით, თუ თქვენი მეგობარი ან ნათესავი მხოლოდ დახმარების სათხოვნელად მოგმართავდათ? არ არის გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში ეჭვი შეგეპაროთ მის სიყვარულში. რაც შეეხება დავითს, ის უანგარო ადამიანი იყო. იეჰოვასთან მისი ურთიერთობიდან ჩანს, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჭირსა თუ ლხინში, არ დაუკარგავს ღვთისადმი სიყვარული და ნდობა (ფსალმ. 40:8).

6 ყურადღება მიაქციეთ, როგორ ადიდებდა დავითი იეჰოვას და როგორ ემადლიერებოდა: „ო, იეჰოვა, ჩვენო უფალო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე! შენს ღირსებას აუწყებენ ცის ზემოთ!“ (ფსალმ. 8:1). ხედავთ, როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონდა მას თავის ზეციერ მამასთან? ღვთის პიროვნების დიდმშვენიერებამ და ღრმა მადლიერების გრძნობამ შთააგონა დავითი, რომ ედიდებინა იეჰოვა „მთელი დღე“ (ფსალმ. 35:28).

7. რა მხრივ არის ჩვენთვის სასარგებლო ღმერთთან ლოცვით დაახლოება?

7 დავითის მსგავსად, ჩვენც ხშირი ურთიერთობა უნდა გვქონდეს იეჰოვასთან, რათა განვიმტკიცოთ მის მიმართ ნდობა. წმინდა წერილებში წერია: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკ. 4:8). ლოცვის მეშვეობით ღმერთთან დაახლოება აგრეთვე ის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, რომლითაც შეგვიძლია იეჰოვას წმინდა სული მივიღოთ (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:22).

8. რატომ უნდა მოვერიდოთ ერთი და იმავე სიტყვების გამეორებას ლოცვაში?

8 ლოცვის დროს ხშირად ხომ არ იმეორებთ ერთსა და იმავე სიტყვებსა და აზრებს? თუ ასეა, სანამ ლოცვას დაიწყებთ, მოიფიქრეთ, რას ეტყვით ღმერთს. როგორ ფიქრობთ, ესიამოვნებოდა თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს, თუ მასთან საუბრის დროს სულ ერთსა და იმავე სიტყვებს გამოიყენებდით? ალბათ, ერთხელაც აღარ მოუნდებოდა თქვენი მოსმენა. რა თქმა უნდა, იეჰოვა არასდროს იტყვის უარს თავის ერთგულ მსახურთა გულწრფელი ლოცვების მოსმენაზე, მაგრამ უმჯობესი იქნება, თუ ზეციერ მშობელთან საუბრის დროს მოვერიდებით ერთი და იმავე სიტყვების გამოყენებას. ეს ნამდვილად არასასურველი ჩვევაა.

9, 10. ა) რაზე შეგვიძლია ვილოცოთ? ბ) რა დაგვეხმარება გულწრფელი ლოცვების წარმოთქმაში?

9 ერთი რამ ცხადია: ზერელე და ზედაპირული ლოცვებით ვერ დავუახლოვდებით ღმერთს. რაც უფრო მეტს ვუმხელთ იეჰოვას ჩვენს გულის ნადებს, მით უფრო ვუახლოვდებით მას და უფრო გვიძლიერდება მის მიმართ ნდობა. რაზე შეგვიძლია ვილოცოთ? ამაზე ღვთის სიტყვა გვპასუხობს: „ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილ. 4:6). შეგვიძლია ვილოცოთ ნებისმიერ საკითხზე, რაც გავლენას ახდენს ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე და ჩვენს ცხოვრებაზე.

10 ბევრი რამის სწავლა შეიძლება იმ ერთგული მამაკაცებისა და ქალების ლოცვებიდან, რომლებიც ბიბლიაშია ჩაწერილი (1 სამ. 1:10, 11; საქ. 4:24—31). ფსალმუნები, შეიძლება ითქვას, ერთგვარი კრებულია იეჰოვას  წინაშე აღვლენილი ლოცვებისა და სიმღერებისა. მათში ჩაქსოვილია ყოველგვარი ადამიანური ემოცია, სულის სიმწრიდან დაწყებული გალაღებული გრძნობებით დამთავრებული. ამ ლოცვებსა და სიმღერებზე ცოტა ღრმად დაფიქრება ნამდვილად შემატებს ჩვენს ლოცვებს აზრს.

იფიქრეთ ღვთის შეხსენებებზე

11. რატომ გვჭირდება ღვთის შეხსენებებზე ფიქრი?

11 დავითი წერდა: „იეჰოვას შეხსენება სანდოა, დააბრძენებს გამოუცდელებს“ (ფსალმ. 19:7). მაშინაც კი, თუ ადამიანს გამოცდილება აკლია, ღვთის შეხსენებების მორჩილება დააბრძენებს და გამჭრიახობას შესძენს მას. თუმცა წარმატებისთვის ზოგ ბიბლიურ შეხსენებაზე ცოტა ღრმად დაფიქრებაა საჭირო. ეს რჩევა დროულია მაშინ, როდესაც სკოლასა თუ სამსახურში წინააღმდეგობას ვხვდებით, სისხლთან თუ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით გვიწევს ღვთის თვალსაზრისის გათვალისწინება ანდა კიდევ, როცა საქმე ეხება ჩაცმულობასა და გარეგნობას. ამდაგვარ საკითხებში ღვთიური თვალსაზრისის გათვალისწინება ნამდვილად ბევრ პრობლემას აგვარიდებს თავიდან, თანაც წინასწარ გვეცოდინება, თუ როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. წინასწარ ფიქრისა და მომზადების წყალობით თავიდან ავირიდებთ ზედმეტ გულისტკივილს (იგავ. 15:28).

12. რაზე უნდა ვიფიქროთ, თუ გვინდა, რომ მივყვეთ ღვთის შეხსენებებს?

12 ვაჩვენებთ ჩვენი ცხოვრებით, რომ აღთქმული ახალი ქვეყნიერების მოლოდინში ვფხიზლობთ სულიერად? მაგალითად, ნამდვილად გვჯერა, რომ დიდი ბაბილონი მალე განადგურდება? დღესაც ისევე რეალურია ჩვენთვის მომავალი კურთხევები, იქნება ეს მარადიული ცხოვრება თუ სხვა, როგორც მაშინ, როცა პირველად გავიგეთ? ვინარჩუნებთ გულმოდგინებას მსახურებაში, თუ საკუთარ საქმეებს უფრო წინა პლანზე ვაყენებთ? ან როგორ ვუყურებთ აღდგომის იმედს, იეჰოვას სახელის განწმენდასა და მისი უზენაესობის საკითხს? არის თუ არა ეს საკითხები ჩვენთვის კვლავაც ძალიან მნიშვნელოვანი? თუ ამგვარ კითხვებზე ვიფიქრებთ, საკუთარ თავზე გამოვცდით ფსალმუნების დამწერის სიტყვებს: „შენი შეხსენებები სამარადისოდ ჩემს საკუთრებად ვაქციე“ (ფსალმ. 119:111).

13. რატომ გაუჭირდათ ადრინდელ ქრისტიანებს ზოგიერთი საკითხის გაგება?

13 ბიბლიაში მოცემული ზოგიერთი საკითხი შესაძლოა, ბოლომდე არ გვესმის. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ვიცით, რომ იეჰოვა ერთბაშად არ ჰფენს ნათელს ბიბლიურ ჭეშმარიტებას. იესომ არაერთხელ გაუმეორა თავის მოწაფეებს, რომ მას აუცილებლად მოუწევდა ტანჯვა და რომ მოსაკლავად გაიმეტებდნენ (წაიკითხეთ მათეს 12:40; 16:21 ). თუმცა მოწაფეებს ბოლომდე არ ესმოდათ, რას ეუბნებოდა უფალი მათ. ისინი მაშინღა მიხვდნენ ამ სიტყვების მნიშვნელობას, როცა იესო მოკლეს, აღდგა, ფიზიკურ სხეულში ეჩვენა რამდენიმე მოწაფეს და „სრულად გაუხსნა გონება, რომ გაეგოთ წმინდა წერილების მნიშვნელობა“ (ლუკ. 24:44—46; საქ. 1:3). ასევე, მისი მიმდევრები ვერ ხვდებოდნენ იმას, რომ ღვთის სამეფო ზეცაში უნდა დამყარებულიყო, სანამ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მათზე წმინდა სული არ გადმოვიდა (საქ. 1:6—8).

14. რა მხრივ დაგვიტოვა ზოგიერთმა ძმამ კარგი მაგალითი?

14 დაახლოებით მსგავსი სურათი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისშიც. ჭეშმარიტ ქრისტიანებს ბოლო დღეებთან დაკავშირებით არასწორი მოლოდინი ჰქონდათ (2 ტიმ. 3:1). მაგალითად, ზოგი ფიქრობდა, რომ 1914 წელს ზეცად ამაღლდებოდა. მას შემდეგ, რაც მათი იმედი არ გამართლდა, ხელახლა გულწრფელად გამოიკვლიეს წმინდა წერილები და მიხვდნენ, რომ წინ გრანდიოზული სამქადაგებლო საქმე ელოდათ (მარ. 13:10). 1922 წელს ჯოზეფ რუტერფორდმა, რომელიც იმ დროს სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობდა, ოჰაიოში, სიდარ-პოინტში საერთაშორისო კონგრესზე შეკრებილ საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მეფე მეფობს! თქვენა ხართ მისი ცნობის საჯაროდ განმცხადებლები. ამიტომ აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“.  იმ დროიდან მოყოლებული სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იეჰოვას მსახურთა ამოსაცნობი ნიშანი გახდა (მათ. 4:23; 24:14).

15. რას შეგვძენს იმაზე ფიქრი, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი თავის ხალხს?

15 როცა ვფიქრობთ იმაზე, თუ რა საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა იეჰოვას თავის ხალხთან, როგორც წარსულში, ისე დღეს, ნდობა გვიძლიერდება და ვრწმუნდებით, რომ ის მომავალში აუცილებლად შეასრულებს თავის განზრახვას. ამავე დროს, ღვთის შეხსენებები გვეხმარება, ყოველთვის თვალწინ გვედგას ის წინასწარმეტყველებები, რომლებიც უნდა შესრულდეს. ღვთის განზრახვაზე ხშირი ფიქრი განგვიმტკიცებს ნდობას მისი დაპირებებისადმი.

აქტიურად ჩაებით ღვთის მსახურებაში და განიმტკიცეთ ნდობა

16. რა კურთხევებს მივიღებთ, თუ არ შევწყვეტთ აქტიურად მსახურებას?

16 ღმერთი მუდამ მოქმედებს ანუ ადამიანთათვის გასაგები ენით თუ ვიტყვით, ის არასოდეს დგას ერთ ადგილზე. ფსალმუნების დამწერმა თქვა: „ვინ არის შენსავით ძლიერი, იაჰ?“. შემდეგ მანვე დასძინა: „ძლიერია შენი ხელი; ამაღლებულია შენი მარჯვენა“ (ფსალმ. 89:8, 13). ვინაიდან იეჰოვა მუდამ შრომობს, ბუნებრივია, ის აფასებს და აკურთხებს სამეფო საქმის წინსვლისთვის გაწეულ ჩვენს ძალისხმევას. ის ხედავს, რომ მისი მსახურები, ქალები თუ კაცები, დიდები თუ პატარები, უქმად არ სხედან და „სიზარმაცის პურს არ ჭამენ“ (იგავ. 31:27). ჩვენ ვბაძავთ ღმერთს და მუდამდღე თეოკრატიულ საქმეებში ვართ ჩაბმულნი. ღვთისადმი გულმოდგინე მსახურებას სიკეთე მოაქვს ჩვენთვის, სიხარულს ჰგვრის ჩვენს შემოქმედს და ის კი, თავის მხრივ, კურთხევებს არ გვაკლებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 62:12).

17, 18. რატომ გვიძლიერდება იეჰოვას შეხსენებებისადმი ნდობა, როცა მას ერთგულებას საქმეებით ვუმტკიცებთ? მოიყვანეთ მაგალითი.

17 როგორ გვიძლიერდება იეჰოვასადმი ნდობა, როცა მას ერთგულებას საქმეებით  ვუმტკიცებთ? მოდი, გადავინაცვლოთ იმ დროში, როცა ისრაელები აღთქმულ მიწაზე შესასვლელად ემზადებოდნენ. იეჰოვას გაფრთხილებული ჰყავდა მღვდლები, რომ აეღოთ შეთანხმების კიდობანი და ასე გადაეკვეთათ იორდანე. თუმცა, როგორც კი ხალხი იორდანეს მიუახლოვდა, დაინახა, რომ გაზაფხულის წვიმების გამო მდინარე ადიდებულიყო და ნაპირებიდან გადმოდიოდა. როგორ უნდა მოქცეულიყვნენ? უნდა გაეშალათ კარვები და დალოდებოდნენ კვირების ან უფრო მეტი ხნის განმავლობაში წყლის დაკლებას? არა. ისინი ბოლომდე მიენდნენ იეჰოვას და მიჰყვნენ მის მითითებას. შედეგი რა იყო? ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჩადგეს ფეხი წყალში, გაჩერდა ზემოდან მომდინარე წყალი . . . გაიყო წყალი და ხალხმა იერიხონისკენ დაიწყო გადასვლა. შუა იორდანეში მშრალ მიწაზე უძრავად იდგნენ მღვდლები . . . სანამ მთელმა ერმა არ გადაკვეთა იორდანე“ (იეს. 3:12—17). წარმოიდგინეთ, რა საოცარი სანახაობა იქნებოდა: ბობოქარი წყალი ერთ ადგილზე ჩერდება და არ იძვრის! დიახ, ისრაელები მიენდნენ იეჰოვას მითითებებს, რამაც მათ იეჰოვას მიმართ ნდობა განუმტკიცა.

მიენდობით იეჰოვას იესო ნავეს ძის დროს მცხოვრები ხალხის მსგავსად? (იხილეთ მე-17 და მე-18 აბზაცები)

18 მართალია, დღეს იეჰოვა თავისი ხალხის სასარგებლოდ სასწაულებს არ ახდენს, მაგრამ ისრაელების მსგავსად, ის აკურთხებს თავის მსახურებს, როცა ისინი მას ერთგულებას საქმეებით უმტკიცებენ. ღვთის მოქმედი ძალის დახმარებით ისინი ასრულებენ მათზე დაკისრებულ საქმეს — ქადაგებენ სამეფოს ცნობას მთელ მსოფლიოში. იეჰოვას ყველაზე საუკეთესო მოწმემ, მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ, დაარწმუნა თავისი მოწაფეები, რომ ამ მნიშვნელოვანი საქმის შესრულებაში აუცილებლად დაუჭერდა მხარს. მან უთხრა მათ: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:19, 20). ბევრ მორცხვ და გაუბედავ იეჰოვას მოწმეს საკუთარ თავზე გამოუცდია, თუ როგორ დაეხმარა მათ ღვთის წმინდა სული, მსახურებაში გაბედულად ელაპარაკათ უცხო ადამიანებთან (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:46; 2 კორინთელების 4:7 ).

19. ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების მიუხედავად, რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი?

19 ზოგიერთ და-ძმას ცუდი ჯანმრთელობისა თუ ხანდაზმულობის გამო შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. მაგრამ მათ შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ „თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამას“ ესმის თითოეული ჭეშმარიტი ქრისტიანის მდგომარეობა (2 კორ. 1:3). ის აფასებს ყველაფერს, რასაც სამეფოს ინტერესების წინსვლისთვის ვაკეთებთ. არასოდეს არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ერთი მნიშვნელოვანი რამ: როცა ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაფერს ვაკეთებთ, ქრისტეს გამოსასყიდს შეუძლია გვიხსნას, ანუ ბიბლიური ენით თუ ვიტყვით, ცოცხლად შეგვინარჩუნოს სული (ებრ. 10:39).

20, 21. როგორ შეგვიძლია ცხადვყოთ, რომ ვენდობით იეჰოვას?

20 ჩვენ იეჰოვას საქმეში სრულად ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ დროს, ენერგიას და მატერიალურ სახსრებს. მთელი სულით და გულით გვსურს, ვაკეთოთ „მახარობლის საქმე“ (2 ტიმ. 4:5). ეს ბედნიერებას გვგვრის, რადგან ამით ვეხმარებით სხვებს, რომ „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ“ (1 ტიმ. 2:4). ერთი რამ უდავოა: თუ ადამიანი პატივს სცემს თავის დიდებულ შემოქმედს და სულ მუდამ მის განდიდებაზე ფიქრობს, ამით ის სულიერად მდიდრდება (იგავ. 10:22). გარდა ამისა, ეს კიდევ უფრო გვიღრმავებს ნდობას ჩვენი შემოქმედის მიმართ (რომ. 8:35—39).

21 როგორც ზემოთ განვიხილეთ, იეჰოვას ბრძნული მითითებებისადმი ნდობა თავისით არ ჩნდება; მას განვითარება სჭირდება, რაც შრომის გარეშე წარმოუდგენელია. ასე რომ, მიენდეთ იეჰოვას ლოცვის მეშვეობით, იფიქრეთ, როგორ ასრულებდა ის თავის ნებას წარსულში და როგორ შეასრულებს მომავალში. აქტიურად ჩაებით ღვთის მსახურებაში და ამით განიმტკიცეთ იეჰოვასადმი ნდობა. დიახ, იეჰოვას შეხსენებები მარადიულია. ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული — თქვენი მომავალი თქვენს ხელთაა!