არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიიღეთ ბრძნული გადაწყვეტილებები

მიიღეთ ბრძნული გადაწყვეტილებები

„მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“ (იგავ. 3:5).

1, 2. ა) გსიამოვნებთ გადაწყვეტილებების მიღება? ბ) რას ფიქრობთ თქვენ მიერ მიღებულ ზოგიერთ გადაწყვეტილებაზე?

ადამიანი ცხოვრების გზაზე უამრავ გადაწყვეტილებას იღებს. ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. პირადად თქვენ რა გრძნობა გეუფლებათ, როცა რაიმე გადაწყვეტილების წინაშე დგახართ? ზოგს ძალიან სიამოვნებს, ამ საკითხში დამოუკიდებლობა. მათი აზრით, ის, რაც მათ ეხებათ, მათვე უნდა გადაწყვიტონ და კატეგორიულად არ სურთ, რომ სხვა ჩაერიოს მათ საქმეში. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომელთაც ერთგვარი შიში ეუფლებათ, როცა საქმე სერიოზული გადაწყვეტილების მიღებაზე მიდგება. არიან ისეთებიც, რომლებიც სახელმძღვანელოებს, ექსპერტებსა და მრჩევლებს მიმართავენ და იმაზეც თანახმანი არიან, რომ ათასები დახარჯონ ამაში.

2 ბევრი ჩვენგანი შეიძლება გამოკვეთილად არც ერთ ზემოთ მოხსენიებულ კატეგორიას არ მივეკუთვნებით; ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი უფლებები და შესაძლებლობები შეზღუდულია. თუმცა იმასაც ვხვდებით და გვსიამოვნებს, რომ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები (გალ. 6:5). მაგრამ, ალბათ ვაღიარებთ, რომ ცხოვრებაში ჩვენ მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ნამდვილად არ ყოფილა ბრძნული და სასარგებლო.

3. რა მითითებებით ვხელმძღვანელობთ გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ რა სირთულემ შეიძლება იჩინოს თავი?

3 იეჰოვას მსახურები ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენი ღმერთი ცხოვრებაში ბევრ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით გვაძლევს კონკრეტულ მითითებას. ეჭვგარეშეა, თუ ჩვენ სერიოზულად მოვეკიდებით მათ, იეჰოვასაც სიამოვნებას მოვგვრით და ჩვენც დიდად გავიხარებთ. თუმცა არის საკითხები, რომლის შესახებაც ბიბლიაში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი. ამიტომ საინტერესოა, როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? მაგალითისთვის ავიღოთ ბიბლიური გაფრთხილება ქურდობასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ ღვთის მსახურმა არ უნდა იქურდოს (ეფეს. 4:28). მაგრამ რა იგულისხმება ქურდობაში? გამართლებულია ეს საქციელი, თუ მოპარული ნივთი იაფფასიანია ან ეს ნივთი ვინმეს ძალიან სჭირდება? საინტერესოა, როგორ უნდა მოვიქცეთ და რით უნდა ვიხელმძღვანელოთ ამდაგვარ სიტუაციებში?

 საღი აზროვნება

4. რა შეიძლება გვირჩიოს თანაქრისტიანმა, როცა გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ?

4 სერიოზული გადაწყვეტილების მიღებამდე თანაქრისტიანმა შესაძლოა გვირჩიოს, რომ საღი აზროვნებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება. ორი აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კარგი რჩევაა. ბიბლიაში ასეთი გაფრთხილებაა მოცემული: „მოჩქარე . . . სიდუხჭირეში იქნება“ (იგავ. 21:5). თუმცა იბადება კითხვა, რას ნიშნავს საღად აზროვნება? ნიშნავს ეს იმას, რომ ადამიანმა უბრალოდ გადაწყვეტილების მიღებამდე ამ კონკრეტულ საკითხზე ფიქრს დრო გამოუყოს და გონიერებასა და განსჯის უნარს მოუხმოს? ცხადია, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ეს აუცილებელია. მაგრამ საღი აზროვნება გაცილებით მეტია (რომ. 12:3; 1 პეტ. 4:7).

5. რატომ არ ვიბადებით სრულყოფილი საღი აზროვნების უნარით?

5 თვალს ნამდვილად ვერავინ დახუჭავს იმ ფაქტზე, რომ ჩვენ ყველანი სრულყოფილი საღი აზროვნების გარეშე ვიბადებით. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ადამის ცოდვამ ძალიან დაგვაშორა სრულყოფილ სხეულსა და გონებას (ფსალმ. 51:5; რომ. 3:23). ამას გარდა, ბევრი ჩვენგანი ქვეყნიერებიდან მოვდივართ და ერთ დროს იმ ხალხს შორის ვიყავით, რომლებსაც სატანა „უბრმავებდა“ გონებას; იყო დრო, როცა ჩვენ არ ვიცნობდით იეჰოვას და არ ვემორჩილებოდით მის ნორმებს (2 კორ. 4:4; ტიტ. 3:3). აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ შეხედულებებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენიც არ უნდა იფიქროს გადაწყვეტილების მიღებამდე, მაინც თავს იტყუებს (იგავ. 14:12).

6. რა დაგვეხმარება საღი აზროვნების განვითარებაში?

6 ჩვენ, ადამიანები გონებითა და სხეულით საგრძნობლად შორს ვართ სრულყოფილებისგან; ჩვენი ზეციერი მამა იეჰოვა კი ყოველმხრივ სრულყოფილია (კან. 32:4). ბედნიერები ვართ, რადგან ის ყველა პირობას გვიქმნის საიმისოდ, რომ განვიახლოთ გონება და განვივითაროთ საღი აზროვნების უნარი (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 1:7 ). თითოეულმა ქრისტიანმა ისე უნდა იცხოვროს, როგორც ნამდვილ ქრისტიანს შეეფერება. ჩვენ უნდა ვიყოთ საკუთარი აზროვნებისა და გრძნობების „მბრძანებლები“ და უნდა ვეცადოთ, დავემსგავსოთ იეჰოვას აზროვნებაში, გრძნობებსა და საქმეებში.

7, 8. მაგალითის მეშვეობით ახსენით, როგორ არის შესაძლებელი სწორი გადაწყვეტილების მიღება რთულ სიტუაციებშიც კი.

7 ზოგ ქვეყანაში გავრცელებულია ასეთი წესი, რომ თუ ვინმე საზღვარგარეთ წავა სამუშაოდ და იქ შეეძინება შვილი, მან ახალშობილი სამშობლოში უნდა გააგზავნოს ოჯახის წევრებთან, რათა თავად ხელი არ შეეშალოს მუშაობაში. * რეალური შემთხვევა: ერთ ქალს საზღვარგარეთ შეეძინა პატარა საყვარელი ბიჭუნა. იმ პერიოდში მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან. მეგობრები და ნათესავები მას და მის მეუღლეს დაჟინებით სთხოვდნენ, რომ ბავშვი შინ, ბებია-ბაბუასთან გაეგზავნათ. მაგრამ ეს ქალბატონი უკვე სხვანაირად ფიქრობდა, რადგან ბიბლიის შესწავლის დროს გაიგო, რომ მას ჰქონდა შვილის აღზრდის პასუხისმგებლობა ღვთისგან მინდობილი, როგორც მშობელს (ფსალმ. 127:3; ეფეს. 6:4). როგორ უნდა მოქცეულიყო ის? უნდა მიჰყოლოდა ბევრის თვალში გონივრულ წესს და გაეგზავნა ბავშვი შინ, თუ გაეთვალისწინებინა ბიბლიური რჩევა და დაეტოვებინა შვილი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა იმდენი შემოსავალი აღარ ჰქონოდათ და თანაც ყველასგან ათვალწუნებულები გამხდარიყვნენ? თქვენ რას იზამდით მის ადგილას?

8 იმდენად შეაწუხეს ეს ქალი მეგობრებმა და ნათესავებმა, რომ აღარ იცოდა, რა ექნა; მან იეჰოვას გადმოუღვარა გული და სთხოვა, ეხელმძღვანელა მისთვის. ამ მდგომარეობის შესახებ დაელაპარაკა თავის მასწავლებელს და კრებაში სხვა და-ძმებს. ეს დაეხმარა მას, იეჰოვას თვალით შეეხედა ამ საკითხისთვის. ის ასევე დაფიქრდა იმ უდიდეს ემოციურ ტკივილზე, რასაც პატარები  გრძნობენ, როცა მშობლების გარეშე იზრდებიან. საბოლოოდ, ეს საკითხი ბიბლიური რჩევების ფონზე აწონ-დაწონა და მიხვდა, რომ არ იქნებოდა სწორი ბავშვის სამშობლოში გაგზავნა. როცა ქმარმა დაინახა, თუ როგორ დაუდგნენ მის ცოლს გვერდით კრების წევრები და როგორ უზრუნველად იზრდებოდა მათი პატარა მშობლების თვალწინ, მანაც დაიწყო ბიბლიის შესწავლა და ცოლთან ერთად კრებებზე სიარული.

9, 10. რას ნიშნავს საღად აზროვნება და როგორ შეუძლია ადამიანს იაზროვნოს საღად?

9 ჩვენ უბრალოდ ერთი შემთხვევა მოვიხსენიეთ, თუმცა ამ შემთხვევიდან თვალნათლივ გამოჩნდა, თუ რას ნიშნავს საღად აზროვნება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ ვაკეთოთ ის, რაც ჩვენ მიგვაჩნია სწორად, ან რასაც სხვები თვლიან გონივრულად. ჩვენი არასრულყოფილი გული და გონება ჰგავს საათს, რომელიც ხან წინ უსწრებს დროს და ხან უკან ჩამორჩება. ბუნებრივია, ასეთი საათით ხელმძღვანელობა სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის (იერ. 17:9). ჩვენ ჩვენი გული და გონება ღვთის სანდო ნორმებით უნდა ვწვრთნათ (წაიკითხეთ ესაიას 55:8, 9 ).

10 ბიბლია გვირჩევს: „მიენდე იეჰოვას მთელი გულით და საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი. გახსოვდეს იგი ყველა შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს“ (იგავ. 3:5, 6). ყურადღება მიაქციეთ მე-5 მუხლში მოცემულ აზრს, „საკუთარ გონებას ნუ დაეყრდნობი“. ამ სიტყვებს მოსდევს ფრაზა, „გახსოვდეს [იეჰოვა]“. ეს რჩევა ნამდვილად აზრიანია, რადგან იეჰოვა აბსოლუტური გაგებით საღად მოაზროვნე პიროვნებაა. ამიტომაც ნებისმიერი გადაწყვეტილების წინაშე ყოფნისას უნდა გადავშალოთ ბიბლია, ვნახოთ ღვთის თვალსაზრისი მოცემულ საკითხზე და გადაწყვეტილებაც სწორედ ამ თვალსაზრისზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ. სწორედ ამას ჰქვია საღად აზროვნება — აზროვნება, რომელიც ირეკლავს ღვთის თვალსაზრისს.

გაიწაფეთ აღქმის უნარი

11. რა დაგვეხმარება ყველაზე მეტად ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში?

11 ბრძნული გადაწყვეტილების მიღებას სწავლა სჭირდება; ეს ადვილი საქმე არ არის. ეს განსაკუთრებით შეიძლება გაუჭირდეთ ახალმონათლულებს ან მათ, ვინც ახლა იწყებს სულიერი მოწიფულობის გზაზე ნაბიჯების გადადგმას. თუმცა ამ „ჩვილებს“, როგორც მათ ბიბლია უწოდებს, შეუძლიათ გაიზარდონ სულიერად. როგორ ისწავლის პატარა ბავშვი სიარულს ისე, თუ ერთხელ მაინც არ წაიქცა. მთავარი ამ დროს ის არის,  რომ მან პატარ-პატარა ნაბიჯებით დაიწყოს და თანაც, ასე ვთქვათ, არ დანებდეს. იმავეს თქმა შეიძლება სულიერ ჩვილებზეც, როცა საქმე ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებას ეხება. გაიხსენეთ, როგორ აღწერა პავლე მოციქულმა მოწიფული ქრისტიანები. მან თქვა, რომ ასეთი ადამიანები იყენებენ აღქმის უნარს და მათ გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად. სიტყვები „იყენებენ“ და „გაწაფული აქვთ“ უკავშირდება მუდმივ ძალისხმევას; სწორედ ეს სულისკვეთება უნდა გამოავლინონ სულიერად ახალფეხადგმულებმა (წაიკითხეთ ებრაელების 5:13, 14 ).

როცა ყოველდღიურ საკითხებში სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვიწაფავთ აღქმის უნარს (იხილეთ მე-11 აბზაცი)

12. როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ ბრძნული გადაწყვეტილებების მიღება?

12 როგორც სტატიის დასაწყისში მოვიხსენიეთ, ყოველდღიურად უამრავ გადაწყვეტილებას ვიღებთ, ზოგჯერ დიდს და ზოგჯერ პატარას. ერთი გამოკვლევის თანახმად, ჩვენი საქციელის 40 პროცენტზე მეტი წინასწარგანზრახული ქმედება კი არ არის, არამედ ძვალსა და რბილში გამჯდარი ჩვევების შედეგია. მაგალითად, ყოველ დილით შესაძლოა, არჩევნის წინაშე დგახართ, რა ჩაიცვათ. შეიძლება ფიქრობთ, რომ ეს უმნიშვნელო საკითხია და შესაბამისად დიდი ფიქრის გარეშეც აკეთებთ არჩევანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩქარობთ. მაგრამ ჩვენთვის, ის თუ რას ჩავიცვამთ, უბრალო არჩევანზე ცოტათი მეტია; ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვეკიდებით, რადგან იეჰოვას მსახურებად ვიწოდებით (2 კორ. 6:3, 4). როცა ტანსაცმელს ყიდულობთ, ყურადღებას უფრო მეტად მოდაზე და სამოსის სტილზე ხომ არ ამახვილებთ და მხედველობიდან ხომ არ გრჩებათ მისი ღირებულება და ის, თუ რამდენად მოკრძალებულია? თუ ასეთ წვრილმან საკითხებში სწორ არჩევანს ვაკეთებთ, აღქმის უნარს ვიწაფავთ, რაც დაგვეხმარება, რომ უფრო მნიშვნელოვან საკითხებში სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ (ლუკ. 16:10; 1 კორ. 10:31).

მოინდომეთ

13. რა არის საჭირო იმისათვის, რომ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ვიმოქმედოთ?

13 მოგეხსენებათ, რომ ერთია გონებაში გადაწყვიტო რაღაც და სულ სხვაა, რომ ის ცხოვრებაში განახორციელო. მაგალითად, ზოგი სიგარეტის მოწევას თავს ვერ ანებებს, რადგან მონდომება აკლია. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძლიერი წადილი, მივყვეთ არჩეულ კურსს. ზოგი ნებისყოფას ადარებს კუნთს. რაც უფრო მეტად ვავარჯიშებთ კუნთს, მით უფრო ძლიერდება. და პირიქით, თუ იშვიათად ვავარჯიშებთ, სუსტდება და დუნდება. რა დაგვეხმარება, გვქონდეს იმის ძლიერი სურვილი, რომ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მოვიქცეთ? საშველი ისევ და ისევ იეჰოვასთანაა, ამიტომ მას უნდა მივმართოთ (წაიკითხეთ ფილიპელების 2:13).

14. რამ შეაძლებინა პავლეს იმის კეთება, რაც იცოდა, რომ კარგი იყო?

14 პავლემ საკუთარი გამოცდილებიდან იცოდა, რომ ადვილი არ იყო კარგის კეთება. ერთხელ დანაღვლიანებულმა ასეთი სიტყვები თქვა: „კარგის კეთების სურვილი კი მაქვს, მაგრამ ვერ ვაკეთებ“. მან იცოდა, რის გაკეთება სურდა და ისიც იცოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო, მაგრამ ზოგჯერ ამის კეთებაში რაღაც უშლიდა ხელს. მან გულწრფელად აღიარა: „შინაგანად მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი, მაგრამ ჩემი სხეულის ნაწილებში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და ჩემი სხეულის ნაწილებში მყოფი ცოდვის კანონის ტყვედ მაქცევს“. იყო პავლე გამოუვალ მდგომარეობაში? რა თქმა უნდა, არა. ნახეთ, რას ამბობს: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“ (რომ. 7:18, 22—25). ერთ-ერთ სხვა წერილში მან დაწერა: „ყველაფრის ძალა შემწევს ჩემი გამაძლიერებლის დახმარებით“ (ფილ. 4:13).

15. როგორ დაგვეხმარება სიმტკიცე სწორი გადაწყვეტილების მიღებაში?

15 ღვთის მოსაწონად რომ ვიცხოვროთ, სიმტკიცეა საჭირო. გაიხსენეთ, როგორ მიმართა ელიამ ქარმელის მთაზე ბაალის თაყვანისმცემლებს და განდგომილ ისრაელებს: „როდემდე უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, მას გაჰყევით, და თუ ბაალია, მას გაჰყევით“ (1 მეფ. 18:21). ისრაელის ძეებმა იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ბიბლიური ენით რომ ვთქვათ, „კოჭლობდნენ“. როგორ  განსხვავდებოდა ამ ორგული ხალხისგან საუკუნეების წინ მცხოვრები იესო ნავეს ძე, რომელმაც ისრაელებს ასეთი სიტყვებით მიმართა: „თუ არ გინდათ, იეჰოვას ემსახუროთ, მაშინ დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახურებით . . . მე და ჩემი სახლეულობა კი იეჰოვას ვემსახურებით“ (იეს. 24:15). რა მოჰყვა შედეგად მის სიმტკიცეს? იესო ნავეს ძე და ისინი, ვინც მის გვერდით დარჩნენ, იეჰოვამ აკურთხა და დაასახლა აღთქმულ მიწაზე, „სადაც რძე და თაფლი მოედინებოდა“ (იეს. 5:6).

მიიღეთ ბრძნული გადაწყვეტილებები და იყავით კურთხეულნი

16, 17. მაგალითის დახმარებით ახსენით, რა შედეგი მოჰყვა ღვთის ნების შესაბამისად მიღებულ გადაწყვეტილებას?

16 თანამედროვე მაგალითი: ერთ ახალმონათლულ ძმას, რომელსაც ჰყავდა ცოლი და სამი ბავშვი, თანამშრომელმა შესთავაზა სხვა კომპანიაში გადასვლა, ვინაიდან იქ შედარებით მაღალი ანაზღაურება იყო. ჩვენმა ძმამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი იფიქრა და ბევრიც ილოცა. არადა, თავის სამუშაოზე თავიდან ის იმიტომ დათანხმდა, რომ შაბათ-კვირა ექნებოდა თავისუფალი და შეძლებდა კრებებზე დასწრებას და ოჯახის წევრებთან ერთად ქადაგებას, თუმცა ისიც იცოდა, რომ მაღალი ხელფასი არ ექნებოდა. ის დაფიქრდა და მიხვდა, რომ ახალ სამსახურში ასეთი გრაფიკი ნამდვილად არ ექნებოდა, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი მაინც. პირადად თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას?

17 ძმამ სიტუაცია კარგად აწონ-დაწონა და უარი თქვა შემოთავაზებაზე. გავიდა დრო და როგორ ფიქრობთ, ინანა მან ეს გადაწყვეტილება? არამც და არამც. მას მიაჩნდა, რომ სულიერი კურთხევები ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის და მისი ოჯახისთვის, ვიდრე მაღალი ხელფასი. მან და მისმა მეუღლემ ძალიან გაიხარეს, როცა მათმა 10 წლის გოგონამ, ერთ მშვენიერ დღეს ნათლობის სურვილი გამოთქვა. გოგონამ უთხრა მშობლებს, რომ ძალიან უყვარდა დედიკო და მამიკო, კრების წევრები და განსაკუთრებით იეჰოვა. ერთი რამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ: ამ გოგონას დიდად დაეხმარა ის, რომ ერთ დროს მისმა მშობელმა იეჰოვას საქმე პირველ ადგილზე დააყენა.

მიიღეთ ბრძნული გადაწყვეტილებები და გაიხარეთ ღვთის ხალხთან ერთად (იხილეთ მე-18 აბზაცი)

18. რატომ არის მნიშვნელოვანი, ყოველდღიურად მივიღოთ ბრძნული გადაწყვეტილებები?

18 ათწლეულებია, რაც დიდი მოსე, ქრისტე იესო მიგვიძღვის სატანის ქვეყნიერებაში, ამ ხრიოკ „უდაბნოში“. იგი, როგორც დიდი იესო ნავეს ძე, მზად არის, წერტილი დაუსვას ამ გარყვნილი ქვეყნიერების არსებობას და საშუალება მისცეს თავის ერთგულთ, იცხოვრონ აღთქმულ სამართლიან ქვეყნიერებაში (2 პეტ. 3:13). ამიტომ ახლა ნამდვილად არ არის იმის დრო, რომ უკან დავიხიოთ და მივუბრუნდეთ იმ აზროვნებას, ჩვევებსა და ფასეულობებს, რომლებსაც ერთ დროს ვემონებოდით. ახლა, როგორც არასდროს, ისე ცხადად და ნათლად უნდა ვხედავდეთ, რა არის ღვთის ნება ჩვენს ცხოვრებაში (რომ. 12:2; 2 კორ. 13:5). დაე, თქვენმა ყოველდღიურმა გადაწყვეტილებებმა აჩვენოს, რომ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ღირსნი არიან ღვთის მარადიული კურთხევებისა! (წაიკითხეთ ებრაელების 10:38, 39 ).

^ აბზ. 7 ამ წესის არსებობის კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ბებია-ბაბუას სურს, ბავშვი მეგობრებსა და ნათესავებს აჩვენოს.