არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაიღებთ მსხვერპლს სამეფოსთვის?

გაიღებთ მსხვერპლს სამეფოსთვის?

„ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2 კორ. 9:7).

1. რა და რა სახის მსხვერპლს იღებს ბევრი და რატომ?

ადამიანი დიდ მსხვერპლს იღებს, თანაც უდიდესი სიამოვნებით, როცა საქმე მისთვის მნიშვნელოვან რამეს ეხება. მშობლები თავიანთი შვილებისთვის არ იშურებენ ფულს, ენერგიას და დროს. ახალგაზრდა ათლეტები დღე და ღამე ვარჯიშობენ, რომ ოლიმპიადაზე თავიანთი ქვეყანა ასახელონ მაშინ, როცა მათი თანატოლები თამაშსა და გართობაში ლევენ დროს. იესომაც გაიღო მსხვერპლი იმისათვის, რაც უმთავრესი იყო მისთვის. მას არ უცხოვრია ფუფუნებაში; არ ჰყოლია შვილები. ცხოვრებაში სხვა მიზანი ამოძრავებდა — მთელი ყურადღება სამეფოს საქმეზე ჰქონდა გადატანილი (მათ. 4:17; ლუკ. 9:58). მას ჰბაძავდნენ მისი მიმდევრებიც და ყველაფერს აკეთებდნენ ღვთის სამეფოს მხარდასაჭერად. ამ საქმის წინსვლა მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ დიდ მსხვერპლს იღებდნენ, რათა სრულად ყოფილიყვნენ ღვთის მსახურებაში ჩაბმულნი (მათ. 4:18—22; 19:27). ამიტომ ჩვენც გვმართებს, დავფიქრდეთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში.

2. ა) რა მსხვერპლს იღებს ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი? ბ) კიდევ რა მსხვერპლს იღებს ზოგი ქრისტიანი?

2 არის მსხვერპლი, რომლის გაღებაც ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს მოეთხოვება, რადგან სხვანაირად შეუძლებელია იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის განვითარება და ამ ურთიერთობის შენარჩუნება. ამ მსხვერპლში შედის ის, რომ დრო დავუთმოთ ლოცვას, ბიბლიის კითხვას, ოჯახურ თაყვანისცემას, კრების შეხვედრებსა და მსახურებას (იეს. 1:8; მათ. 28:19, 20; ებრ. 10:24, 25). * ჩვენი ძალისხმევისა და იეჰოვას კურთხევების წყალობით სამქადაგებლო საქმე წინ მიდის და მრავალი მოემართება „იეჰოვას სახლის მთისკენ“ (ეს. 2:2). სამეფოს საქმის მხარდასაჭერად ბევრი იღებს მსხვერპლს, რათა იმსახურონ ბეთელში, მონაწილეობა მიიღონ საკონგრესო და სამეფო დარბაზების მშენებლობაში, ორგანიზება გაუწიონ კონგრესებს ან დახმარება აღმოუჩინონ სტიქიური უბედურებებით დაზარალებულებს. ამ მსხვერპლის გაღება მარადიული სიცოცხლის მისაღებად  არ არის აუცილებელი, მაგრამ აუცილებელია ღვთის სამეფოს წინსვლისთვის.

3. ა) რა სასიკეთო შედეგები მოაქვს სამეფოსთვის გაღებულ მსხვერპლს ჩვენთვის? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

3 დღეს, როგორც არასდროს, ისეა საჭირო ღვთის სამეფოს მხარდაჭერა. უდიდესი სიამოვნებაა იმის დანახვა, რომ უამრავი ადამიანი სიხარულით იღებს მსხვერპლს იეჰოვასთვის! (წაიკითხეთ ფსალმუნის 54:6). ასეთ გულუხვობის სულს ღვთის სამეფოს მომლოდინეთათვის დიდ ბედნიერებასთან ერთად დიდი სიკეთეც მოაქვს (კან. 16:15; საქ. 20:35). თუმცა ურიგო არ იქნება, თუ თითოეული ჩვენგანი დავუკვირდებით და უფრო ღრმად გამოვიკვლევთ საკუთარ თავს. მოდი ყველანი დავფიქრდეთ შემდეგ საკითხებზე: რა სფეროებში შეგვიძლია უფრო მეტი გავიღოთ სამეფოსთვის? რას ვახმართ ჩვენს ფულს, უნარს, დროსა და ენერგიას? რომელ გაფრთხილებებს უნდა ჩავუფიქრდეთ? ახლა ვნახოთ ნიმუში იმისა, თუ როგორ სწირავდნენ ებრაელები ნებაყოფლობით შესაწირავებს და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ, რათა სულ უფრო და უფრო მეტი სიხარული გვქონდეს ცხოვრებაში.

მსხვერპლის გაღება ძველ ისრაელში

4. რა სარგებლობას იღებდნენ ისრაელები მსხვერპლის შეწირვით?

4 ძველად ისრაელში მსხვერპლის გაღება იყო საფუძველი ცოდვების მიტევებისა. მსხვერპლის გარეშე ხალხი იეჰოვას წყალობას ვერ მიიღებდა. ზოგი მსხვერპლი სავალდებულო იყო, ზოგი კი — ნებაყოფლობითი (ლევ. 23:37, 38). იმ დროს ბევრი შესაწირავი იყო ნებაყოფლობითი, ისევე როგორც დღეს. თუმცა მსხვერპლშეწირვის გამორჩეული მაგალითი უკავშირდება სოლომონის დღეებში ტაძრის მიძღვნის პერიოდს (2 მატ. 7:4—6).

5. როგორ იზრუნა იეჰოვამ ხელმოკლე ისრაელებზე?

5 იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია; მას კარგად ესმოდა, რომ ყველა ერთსა და იმავე რაოდენობის მსხვერპლს ვერ შესწირავდა. ამიტომ ის ყველას თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე სთხოვდა. ღვთის კანონი ცხოველის სისხლის დაღვრას მოითხოვდა, რაც „მომავალ კურთხევათა ჩრდილი“ იყო, ჩრდილი იმისა, რასაც მისი ძე, იესო გააკეთებდა (ებრ. 10:1—4). თუმცა იეჰოვა ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნი ღმერთი არ ყოფილა. მაგალითად, ის სიხარულით იღებდა ხელმოკლე ებრაელების მიერ მსხვერპლად გაღებულ პაწაწინა გვრიტს, ებრაელებისა, რომელთაც არ ჰყავდათ ნახირი ან ფარა და არ შეეძლოთ ცხვრის ან საქონლის შეწირვა. ასე რომ, ღარიბ და უქონელ ებრაელსაც კი შეეძლო სიხარულით შეეწირა იეჰოვასთვის მსხვერპლი (ლევ. 1:3, 10, 14; 5:7). ამრიგად, მართალია, სხვადასხვა სახის ცხოველური მსხვერპლი არსებობდა,  მაგრამ ყველას, ვინც ნებაყოფლობით შესაწირავს სწირავდა, ორი რამ აუცილებლად მოეთხოვებოდა.

6. ა) რა მოეთხოვებოდა თითოეულ ებრაელს, რომელიც შესაწირავს სწირავდა? ბ) რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ მოთხოვნების დაცვა?

6 პირველი, რაც შემწირველს მოეთხოვებოდა, ის იყო, რომ საუკეთესო მსხვერპლი გაეღო ღვთისთვის. იეჰოვამ გააფრთხილა თავისი ერი, რომ თუ მისი მოწონების დამსახურება სურდათ, საღი მსხვერპლი უნდა შეეწირათ მისთვის (ლევ. 22:18—20). ნაკლიანი ცხოველი მიუღებელი მსხვერპლი იყო. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ის იყო, რომ თავად შემწირველი უნდა ყოფილიყო სუფთა და წაუბილწველი. თუ ადამიანი არ იყო სუფთა და წაუბილწველი, მას ჯერ ცოდვის ან დანაშაულის შესაწირავი უნდა შეეწირა — აღედგინა იეჰოვასთან ურთიერთობა — და შემდეგ შეეწირა ნებაყოფლობითი შესაწირავი (ლევ. 5:5, 6, 15). ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ღვთის კანონის თანახმად, თუ ვინმე გაუწმინდურებული შესწირავდა მშვიდობის მსხვერპლს, რომელიც ნებაყოფლობითი იყო, უნდა მოკვეთილიყო „თავისი ხალხიდან“ (ლევ. 7:20, 21). ხოლო, როცა ვინმე ღვთისთვის მისაღები სახით სწირავდა ღმერთს უნაკლო მსხვერპლს, შეეძლო სიხარული და უდიდესი კმაყოფილება ეგრძნო (წაიკითხეთ 1 მატიანეს 29:9).

მსხვერპლის გაღება დღეს

7, 8. ა) რა სიხარულს ჰგვრის დღეს ბევრს სამეფოსთვის გაღებული მსხვერპლი? ბ) რის გაღება შეგვიძლია ჩვენ?

7 ბევრი დღესაც სიხარულით იღებს მსხვერპლს იეჰოვას საქმის შესასრულებლად და იეჰოვას დიდად სიამოვნებს ეს. უამრავი სიკეთე და კურთხევა ახლავს თან იმ შრომას, რასაც და-ძმების საკეთილდღეოდ ვეწევით. ერთი ძმა, რომელიც სამეფო დარბაზების მშენებლობაში მონაწილეობს და სტიქიური უბედურებით დაზარალებულ და-ძმებსაც ეხმარება, ამ მსახურებას ენით აუწერელ სიამოვნებას არქმევს. ის ამბობს: „ერთი სიამოვნებაა ახალაშენებული სამეფო დარბაზის წინ მდგარი თანაქრისტიანების გაცისკროვნებული თვალების დანახვა და იმ და-ძმების მადლიერებით სავსე სახეების ხილვა, რომელთაც სტიქიური უბედურების დროს ვეხმარებით. ვგრძნობ, რომ ტყუილად არ ვშრომობ. ეს ყველაფერი ნამდვილად ღირს ამად“.

ბევრი შესაწირავი იყო ნებაყოფლობითი, ისევე როგორც დღეს.

(იხილეთ მე-7—13 აბზაცები)

8 იეჰოვას ორგანიზაცია სულ მუდამ ეძებდა და კვლავაც ეძებს შესაძლებლობებს, რომ მხარი დაუჭიროს იეჰოვას საქმეს. 1904 წელს ძმა ჩარლზ რასელმა დაწერა: „თითოეულმა უნდა იფიქროს, რომ უფლის მიერ, როგორც საკუთარი დროის, ასევე, ძალისხმევის, ფულისა და ასე შემდეგ გამგებლად არის დანიშნული, და თითოეული უნდა შეეცადოს, რომ საკუთარი უნარით საუკეთესოდ გამოიყენოს ეს ყველაფერი უფლის დიდებისთვის“.  კურთხევები უამრავი გვაქვს, მაგრამ ეს კურთხევები ჰაერზე არ მოდის, მის მოსაპოვებლად მსხვერპლის გაღებაა საჭირო (2 სამ. 24:21—24). მოდი კიდევ ერთხელ დავსვათ კითხვა: შეგიძლიათ უფრო მეტი გაიღოთ იეჰოვასთვის?

ბეთელელები ავსტრალიის ფილიალში

9. ლუკას 10:2—4-ში მოცემული რომელი პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ, როცა საქმე ჩვენი დროის განკარგვას ეხება?

9 დრო. უზარმაზარი დრო და ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ითარგმნოს და გამოიცეს ბიბლიური ლიტერატურა, აშენდეს თაყვანისცემისთვის განკუთვნილი შენობები, ორგანიზება გაეწიოს კონგრესებს, სტიქიური უბედურებებით დაზარალებულთა დახმარებას და შესრულდეს სხვა ბევრი აუცილებელი და გადაუდებელი საქმე. არადა ამ დროს ყველას 24 საათი გვაქვს დღეში. იესომ დაგვიტოვა ერთი პრინციპი, რომელიც წამალივითაა ჩვენთვის. ერთხელ, როცა მოწაფეები საქადაგოდ გაგზავნა, უთხრა: „მისალმებისას ნურავის გადაეხვევით გზაში“ (ლუკ. 10:2—4). რას ნიშნავდა ეს? ბიბლიის ერთი სწავლული ამბობს: „აღმოსავლეთის ქვეყნებში ხალხს ჩვენგან განსხვავებული მისალმების ფორმა ჰქონდა. ისინი არ შემოიფარგლებოდნენ თავის ოდნავ დაკვრით ან ხელის ჩამორთმევით; მისალმებისას ბევრჯერ ეხვეოდნენ ერთმანეთს და ძირს იხრებოდნენ, ზოგჯერ მიწამდეც კი. ასეთ მისალმებას საკმაო დრო მიჰქონდა“. რა თქმა უნდა, იესო არ მოუწოდებდა თავის მიმდევრებს, რომ უხეშები და თავხედები ყოფილიყვნენ. ის მათ ეხმარებოდა იმის დანახვაში, რომ დრო, რომელიც ყველა ადამიანს შეზღუდული აქვს, მაქსიმალურად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამოეყენებინათ (ეფეს. 5:16). მაშ ასე, რას ფიქრობთ, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ ამ პრინციპით და უფრო მეტი დრო დავუთმოთ სამეფოს საქმეს?

მაუწყებლები აფრიკაში, კენიის სამეფო დარბაზში

10, 11. ა) რას ხმარდება მსოფლიო საქმისთვის გაღებული ჩვენი შესაწირავები? ბ) როგორ გვეხმარება 1 კორინთელების 16:1, 2-ში ჩაწერილი პრინციპი?

10 ფული. სამეფოს საქმის მხარდასაჭერად შეიძლება ითქვას, სოლიდური თანხები იხარჯება. ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი ხმარდება მიმომსვლელი ზედამხედველების, სპეციალური პიონერებისა და მისიონერების ხარჯების დაფარვას. 1999 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში 24 500-ზე მეტი სამეფო დარბაზი აშენდა. თუმცა დაახლოებით 6 400 დარბაზი კვლავაც ასაშენებელია. ყოველთვიურად ჟურნალების „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ დაახლოებით 100 მილიონი ეგზემპლარი იბეჭდება. ეს ყოველივე თქვენი შესაწირავებით ხორციელდება.

11 შესაწირავებთან დაკავშირებით მოციქულმა პავლემ ბიბლიაში კარგი სახელმძღვანელო პრინციპი ჩაგვიწერა (წაიკითხეთ 1 კორინთელების 16:1, 2). ღვთის სულით მან მოუწოდა კორინთელ ძმებს, რომ არ დალოდებოდნენ კვირის დასრულებას და კვირის დასაწყისშივე გადაედოთ შესაწირავისთვის განკუთვნილი თანხა, ვისაც რამდენი შეეძლო. მათ მსგავსად, დღესაც ჩვენი და-ძმები წინასწარ გეგმავენ, რამდენს შესწირავენ გულუხვად, თავიანთი შესაძლებლობებიდან გამომდინარე (ლუკ. 21:1—4; საქ. 4:32—35). გახსოვდეთ, იეჰოვა ძალზე აფასებს გაცემის სულს ადამიანში!

მოხალისე მშენებელი ტუქსედოში, (ნიუ-იორკი, აშშ)

12, 13. რა უშლის ხელს ბევრს იმაში, რომ გაიღოს თავისი ენერგია და უნარი ღვთის საქმისთვის და როგორ ეხმარება იეჰოვა ასეთ ადამიანებს?

12 ენერგია და უნარი. იეჰოვა გვეხმარება, რომ ჩვენი ენერგია და უნარი სამეფოს საქმისთვის გამოვიყენოთ. ის გვპირდება, რომ დაღლილობის ჟამს მხარში ამოგვიდგება (ეს. 40:29—31). ოდესმე თუ გიგრძვნიათ, რომ არ გაგაჩნიათ რაიმე საქმის შესასრულებლად საკმარისი ცოდნა, უნარი და გამოცდილება და თუ გიფიქრიათ, რომ სხვა უფრო კარგად შეძლებდა ამ საქმის გაკეთებას? გჯეროდეთ, იეჰოვას შეუძლია დახვეწოს და განავითაროს ნებისმიერი ადამიანის ბუნებრივი უნარი და შესაძლებლობები ისევე, როგორც ბეცალელისა და ოჰოლიაბის შემთხვევაში გააკეთა (გამ. 31:1—6) (იხილეთ სურათი მე-11 გვერდზე).

13 იეჰოვა ყველას მოგვიწოდებს და აღგვძრავს, საუკეთესო გავიღოთ და უკან არაფერზე დავიხიოთ (იგავ. 3:27). ტაძრის აღდგენის პერიოდში იეჰოვამ იუდეველებს უთხრა, დაფიქრებულიყვნენ იმაზე, თუ რას აკეთებდნენ ამ სამშენებლო საქმის მხარდასაჭერად (ანგ. 1:2—5). მანამდე ისინი ყოფითი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი და ყურადღება  სხვა რამეზე ჰქონდათ გადატანილი. ამიტომ კარგს ვიზამთ, თუ შევამოწმებთ, ემთხვევა თუ არა ჩვენი და იეჰოვას პრიორიტეტები ერთმანეთს. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ: შეგვიძლია ისე „დავუკვირდეთ გულით ჩვენს გზებს“, რომ უფრო მეტი ვაკეთოთ სამეფოს საქმისთვის ამ ბოლო დღეებში?

შესაძლებლობიდან გამომდინარე გაღებული მსხვერპლი

14, 15. ა) როგორ გვამხნევებს ხელმოკლე ძმების გაღებული მსხვერპლი? ბ) რა უნდა გვსურდეს?

14 დღეს ბევრი ქვეყანა სიღარიბესა და გაჭირვებაში ცხოვრობს. ჩვენი ორგანიზაცია ცდილობს, შეავსოს ასეთ ქვეყნებში მცხოვრები და-ძმების ნაკლულობა (2 კორ. 8:14). თუმცა ეს და-ძმები, თავიანთი ხელმოკლეობის მიუხედავად, უდიდესი სიამოვნებით გასცემენ. იეჰოვას ძალზე სიამოვნებს, როცა ღარიბი და უქონელი ადამიანი სიხარულით გასცემს (2 კორ. 9:7).

15 აფრიკის ერთ ღარიბ ქვეყანაში ზოგიერთ ძმას თავის მიწის ნაკვეთში გამოყოფილი აქვს ადგილი და მოწეული მოსავლიდან აღებულ თანხას სამეფოს საქმის მხარდაჭერას ახმარს. ერთ მშვენიერ დღეს ამ ქვეყანაში დაიგეგმა დიდი ხნის ნანატრი სამეფო დარბაზის მშენებლობა. ყველას ძალიან უნდოდა, მონაწილეობა მიეღო დარბაზის მშენებლობაში. თუმცა საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ მშენებლობის პერიოდი თესვის პერიოდს დაემთხვა. მაგრამ და-ძმები ამას არ შეეპუვნენ; დღისით სამეფო დარბაზს აშენებდნენ, საღამოს კი მინდვრებში მუშაობდნენ. როგორ ფიქრობთ, ნუთუ ეს უდიდესი თავგანწირვა არ არის?! ეს სულისკვეთება პირველი საუკუნის მაკედონელ და-ძმებს ხომ არ გახსენებთ? მაკედონელი ქრისტიანები სიღატაკეში ცხოვრობდნენ, თუმცა, როგორც ბიბლია ამბობს, ევედრებოდნენ ძმებს, რომ გაცემის საქმეში წვლილის შეტანის პატივი ებოძებინათ (2 კორ. 8:1—4). დაე, თითოეულმა ჩვენგანმა გავიღოთ იმის მიხედვით, როგორც ღმერთი გვაკურთხებს! (წაიკითხეთ კანონის 16:17).

16. როგორ დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მსხვერპლი მისაღებია იეჰოვასთვის?

16 ერთი რამ არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან: მსხვერპლის გაღებისას გონიერება გვმართებს. ისრაელების მსგავსად, ჩვენც დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი ნებაყოფლობითი შესაწირავები მისაღებია ღვთისთვის. იმ შემთხვევაში, თუ გადავვარდებით უკიდურესობაში და ვერ გავაწონასწორებთ ჩვენს მთავარ პასუხისმგებლობებს — ოჯახზე ზრუნვას და ღვთის საქმის შესრულებას, ჩვენი მსხვერპლი მიუღებელი იქნება ღვთისთვის. ჩვენი დრო და ფინანსები ისე უნდა მოვახმაროთ სხვებს, რომ ამას ჩვენი ოჯახის წევრების ფიზიკური და სულიერი კეთილდღეობა არ შეეწიროს. რეალურად, ამ შემთხვევაში ისე გამოვა, რომ მსხვერპლად ვიღებთ იმას, რაც არა გვაქვს (წაიკითხეთ 2 კორინთელების 8:12). ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სულიერობაზეც (1 კორ. 9:26, 27). ერთი რამ გჯეროდეთ: თუ ბიბლიური ნორმებით ვიცხოვრებთ, ჩვენი გაღებული მსხვერპლი სიხარულისა და კმაყოფილების წყაროდ გვექცევა და ის „განსაკუთრებით მოსაწონი“ იქნება ღვთისთვის.

ჩვენს მსხვერპლს უდიდესი ფასი აქვს

17, 18. რა თვალსაზრისი უნდა გვქონდეს იმ და-ძმებზე, ვინც მსხვერპლს იღებს სამეფოსთვის და რაზე უნდა დავფიქრდეთ?

17 ბევრი ჩვენი და-ძმა „დასაღვრელი შესაწირავივით იღვრება“, რათა მხარი დაუჭიროს იმ აუცილებელ ღონისძიებებს, რომლებიც სამეფოს საქმის წინსვლას უწყობს ხელს (ფილ. 2:17). ნამდვილად გულწრფელად ვაფასებთ იმ თანაქრისტიანებს, რომელთაც ამგვარი გაცემის სული აქვთ. მადლობის ღირსნი არიან პასუხისმგებელი ძმების ცოლები და შვილებიც იმ დიდი დიდსულოვნებისა და თავგანწირვისთვის, რასაც ისინი ავლენენ.

18 უდიდესი შრომა და გარჯაა საჭირო სამეფოს საქმის შესასრულებლად. მოდი, ყველამ ხშირად ვილოცოთ და ვიფიქროთ, თუ როგორ შეგვიძლია უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. გჯეროდეთ და გწამდეთ, რომ ამას დღესვე უამრავი კურთხევა სდევს თან, მომავალში ეს კურთხევები კი გაასმაგდება (მარ. 10:28—30).

^ აბზ. 2 იხილეთ 2012 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ დაბეჭდილი სტატია „სულითა და გულით გაიღეთ იეჰოვასთვის შესაწირავი“, გვერდები 21—25.