არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„სამახსოვროდ გქონდეთ ეს დღე“

„სამახსოვროდ გქონდეთ ეს დღე“

„სამახსოვროდ გქონდეთ ეს დღე. იზეიმეთ ის თაობიდან თაობაში, როგორც იეჰოვას დღესასწაული“ (გამ. 12:14).

1, 2. რომელი დღე უნდა იყოს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და რატომ?

დღე, რომელიც უნდა გახსოვდეთ და რომელსაც მუდამ უნდა აღნიშნავდეთ! რომელ დღეზეა საუბარი? დაქორწინებულებს ალბათ ეს სიტყვები თავიანთ ქორწინების დღეს გაახსენებს. სხვებს კი შეიძლება გონებაში რომელიმე განსაკუთრებული ისტორიული თარიღი ამოუტივტივდეთ, მაგალითად, თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. მაგრამ, თუ იცით, რომელი ეროვნული დღესასწაული აღინიშნება უკვე 3500 წელზე მეტი ხნის განმავლობაში?

2 ეს არის ძველი ისრაელის ეგვიპტიდან გათავისუფლების დღე, რომელსაც პასექი ეწოდება. ეს მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. გაინტერესებთ, რატომ? იმიტომ, რომ ის ჩვენი ცხოვრების საგულისხმო მხარეებს ეხება. და მაინც, შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვები: პასექი ხომ ებრაელების დღესასწაულია? მე ხომ ებრაელი არა ვარ, რატომ უნდა მაინტერესებდეს ეს დღე? პასუხს გვცემს ბიბლიაში ჩაწერილი შემდეგი აზრიანი და საფუძვლიანი განაცხადი: „შეწირულ იქნა ქრისტე, ჩვენი პასექი“ (1 კორ. 5:7). იმისათვის, რომ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ჩავწვდეთ, უნდა ვიცოდეთ პასექის დღესასწაულის მნიშვნელობა და ამ ფონზე განვიხილოთ ქრისტიანთათვის მიცემული მოწოდება.

რატომ აღნიშნავდნენ პასექს

3, 4. საიდან იღებს სათავეს პასექის დღესასწაული?

3 დღეს ასობით მილიონ ადამიანს აქვს ზოგადი წარმოდგენა იმაზე, თუ საიდან იღებს სათავეს იუდეველთა პასექი. შესაძლოა, მათ ამ მოვლენის შესახებ ბიბლიის წიგნ „გამოსვლის“ ფურცლებიდან შეიტყვეს ან ვიღაცის მონათხრობს მოუსმინეს, ანდა კიდევ ამ სიუჟეტზე აგებულ ფილმს უყურეს.

4 ისრაელებს მრავალი წლის განმავლობაში ეგვიპტელთა მონობის უღელი ედგათ კისერზე. ამიტომ იეჰოვამ მოსე და აარონი ფარაონთან წარგზავნა და თავისი ხალხის გათავისუფლება მოსთხოვა. ეგვიპტის ამპარტავანმა მმართველმა მონებს თავისუფლება არ არგუნა, რის გამოც იეჰოვამ ეგვიპტელთა მიწას არაერთი გამანადგურებელი სასჯელი დაატეხა თავს. ბოლოს, როცა ღმერთმა მეათე სასჯელი მოუვლინა ქვეყანას, ყველა ეგვიპტელის პირმშო დაიღუპა. ამან საბოლოოდ აიძულა ფარაონი, ისრაელთათვის  თავისუფლება ებოძებინა (გამ. 1:11; 3:9, 10; 5:1, 2; 11:1, 5).

5. როგორ უნდა მომზადებულიყვნენ ისრაელები გათავისუფლებამდე? (იხილეთ სურათი მე-17 გვერდზე)

5 რა უნდა გაეკეთებინათ ისრაელებს გათავისუფლებამდე? იდგა ძვ. წ. 1513 წელი, გაზაფხულის ბუნიობა, ებრაული კალენდრით აბიბის თვე, რომელსაც მოგვიანებით ნისანი ეწოდა. * ღმერთმა თავის ხალხს უთხრა, რომ 10 ნისანიდან სამზადისი დაეწყოთ, რათა 14 ნისანის მოვლენებისთვის მზად ყოფილიყვნენ. ეს დღე მზის ჩასვლის შემდეგ დაიწყებოდა, რადგან ებრაული კალენდრით დღე მზის ჩასვლის მერე იწყებოდა. 14 ნისანს თითოეულ ოჯახს მამალი ცხვარი (ან თხა) უნდა დაეკლა და მისი სისხლი სახლის წირთხლებისა და კარისთავისთვის ეპკურებინა (გამ. 12:3—7, 22, 23). შემდეგ ოჯახს შემწვარი ცხვარი უფუარ პურთან და მწვანილთან ერთად უნდა ეჭამა. ბოლოს ღვთის ანგელოზი მოივლიდა ეგვიპტის მიწას და ეგვიპტელთა ყველა პირმშოს წაართმევდა სიცოცხლეს. ამ დროს მორჩილ ისრაელთა პირმშოები დაცულნი იქნებოდნენ. ამ ყოველივეს შემდეგ ისრაელი ერი ეგვიპტელთა მონობის უღელს საბოლოოდ ჩამოიხსნიდა (გამ. 12:8—13, 29—32).

6. რატომ უნდა აღენიშნა ღვთის ხალხს პასექის დღესასწაული ყოველწლიურად?

6 ისრაელებს ყოველთვის უნდა ხსომებოდათ, თუ როგორ გაათავისუფლა ღმერთმა ისინი. იეჰოვამ უთხრა მათ: „სამახსოვროდ გქონდეთ ეს დღე. იზეიმეთ ის თაობიდან თაობაში, როგორც იეჰოვას დღესასწაული. ეს გქონდეთ სამარადისო წესად და ზეიმობდეთ მას“. 14 ნისანის დღესასწაულს შვიდდღიანი დღესასწაული მოჰყვებოდა. პასექი უშუალოდ 14 ნისანს აღინიშნებოდა, მაგრამ პასექი შეიძლება ეწოდოს მთლიანად რვადღიან დღესასწაულსაც (გამ. 12:14—17; ლუკ. 22:1; იოან. 18:28; 19:14). პასექი იყო იმ დღესასწაულებს შორის ერთ-ერთი, რომელიც ისრაელებს ყოველწლიურად უნდა ეზეიმათ (2 მატ. 8:13).

7. რა დააწესა იესომ უკანასკნელ პასექის დღესასწაულზე, რომელიც მოწაფეებთან ერთად აღნიშნა?

7 იესო და მისი მოწაფეები, როგორც იუდეველები, რომლებიც მოსეს კანონს მისდევდნენ, ყოველ წელს აღნიშნავდნენ პასექის დღესასწაულს (მათ. 26:17—19). იესომ ბოლო პასექის დღესასწაულზე, რომელიც მოწაფეებთან ერთად აღნიშნა, დააწესა ახალი დღესასწაული. ეს დღე, უფლის გახსენების საღამო, მის მიმდევრებს ყოველწლიურად უნდა აღენიშნათ. მაგრამ იბადება კითხვა, რომელ დღეს უნდა აღენიშნათ მათ ეს დღე?

როდის უნდა აღინიშნოს უფლის გახსენების საღამო

8. რა კითხვა წამოიჭრება პასექის დღესასწაულსა და უფლის გახსენების საღამოსთან დაკავშირებით?

8 როგორც აღვნიშნეთ, იესომ თავისი გახსენების საღამო ბოლო პასექის დღესასწაულზე დააწესა; ამდენად, მომავალში უფლის გახსენების საღამო დაემთხვეოდა პასექის დღეს, რომელსაც ისრაელები აღნიშნავდნენ. თუმცა, ალბათ შეგინიშნავთ, რომ თანამედროვე ებრაული კალენდრის მიხედვით, პასექის დღესასწაული და ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ერთი ან მეტი დღით სცდება ერთმანეთს. რატომ ხდება ეს? პასუხი ნაწილობრივ ჩანს იმ მითითებიდან, რომელიც ღმერთმა მოსეს მეშვეობით ისრაელებს მისცა. მითითება ეხებოდა იმას, თუ 14 ნისანს, დღის რომელ მონაკვეთში უნდა დაეკლათ ცხვარი (წაიკითხეთ გამოსვლის 12:5, 6 ).

9. გამოსვლის 12:6-ის თანახმად, როდის უნდა დაეკლათ საპასექო ცხვარი? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო  „დღის რომელ მონაკვეთში?“)

9 „ხუთწიგნეულისა“ და „ჰაფტორის“ თანახმად, გამოსვლის 12:6-ში წერია, რომ ცხვარი უნდა დაკლულიყო „ორ საღამოს შორის“. ამავე გამოთქმას ვხვდებით ბიბლიის სხვა თარგმანებშიც. ზოგიერთი თარგმანი, მათ შორის, იუდაური „ტანაკი“, ამ ადგილას მოიხსენიებს სიტყვას, „შებინდებისას“, ზოგი კი — „მწუხრის ჟამს“, „საღამოს შებინდების ჟამს“ ან „მზის ჩასვლის შემდეგ“. ასე რომ, ცხვარი უნდა დაკლულიყო მზის ჩასვლის შემდეგ, სანამ ჯერ ისევ დღე იყო ანუ 14 ნისანის დასაწყისში.

10. ზოგიერთის აზრით, როდის უნდა დაკლულიყო ცხვარი და რა კითხვა წამოიჭრება ამ საკითხთან დაკავშირებით?

 10 წლების შემდეგ იუდეველებს შორის გაჩნდა მოსაზრება, რომ ვინაიდან ტაძარში მიყვანილი ცხვრების დაკვლას რამდენიმე საათი სჭირდებოდა, გამოსვლის 12:6-ში მოხსენიებული პროცესი უნდა განხორციელებულიყო 14 ნისანის ბოლოს; ანუ პროცესი (ცხვრის დაკვლა) უნდა დაწყებულიყო მას შემდეგ, რაც შუადღის მზე დაიწყებდა გადასვლას და უნდა დასრულებულიყო მზის ჩასვლამდე. მაგრამ თუ ეს ასე იყო, მაშინ ჩნდება კითხვა, როდისღა უნდა ეჭამათ პასექი? უძველესი იუდაიზმის სპეციალისტი პროფესორი ჯონათან კლავანსი აღნიშნავს: «ახალი დღე იწყებოდა მზის ჩასვლით, ასე რომ მსხვერპლი იწირებოდა 14 ნისანს, მაგრამ პასექის აღნიშვნა და საპასექო ვახშმის ჭამა ხდებოდა 15 ნისანს; თუმცა წიგნ „გამოსვლაში“ მოვლენათა თანმიმდევრობა არ არის კონკრეტულად აღწერილი».კლავანსი აგრეთვე წერს: „რაბინთა ლიტერატურა . . . საერთოდ არ მოიხსენიებს იმას, თუ ტაძრის განადგურებამდე [ახ. წ. 70 წლამდე] როგორ აღინიშნებოდა სედერი [საპასექო ვახშამი]“ (კურსივი ჩვენია).

11. ა) რა მოხდა ახ. წ. 33 წელს პასექის დღეს? ბ) რატომ ეწოდება ახ. წ. 33 წლის 15 ნისანს „დიდი“ შაბათი? (იხილეთ სქოლიო)

11 ახ. წ. 33 წლის რომელ დღეს აღნიშნეს პასექი? პასექის წინა დღეს, როცა ახლოვდებოდა საპასექო მსხვერპლის შეწირვა, იესომ პეტრესა და იოანეს უთხრა: „წადით და მოგვიმზადეთ პასექი, რომ ვჭამოთ“ (ლუკა 22:7, 8). 14 ნისანს, რომელიც დაიწყო ხუთშაბათს მზის ჩასვლის შემდეგ, „დადგა [საპასექო ვახშმის] . . . საათი“. იესომ ჭამა მოციქულებთან ერთად საპასექო ვახშამი და ამის შემდეგ დააფუძნა უფლის გახსენების საღამო (ლუკა 22:14, 15). ამავე საღამოს ის დააპატიმრეს და გაასამართლეს. გათენდა, ჯერ ისევ 14 ნისანი იყო, შუადღე ახლოვდებოდა, იესო ძელზე გააკრეს; ცოტა ხანში, უკვე შუადღეს, ის ძელზე გარდაიცვალა (იოანე 19:14). ასე რომ, „ქრისტე, ჩვენი პასექი“, შეწირულ იქნა იმავე დღეს, რა დღესაც საპასექო ცხვარი იკვლებოდა (1 კორ. 5:7; 11:23; მათ. 26:2). მომდევნო დღის დაწყებამდე, ებრაული კალენდრით 15 ნისანამდე, იესო დამარხეს (ლევ. 23:5—7; ლუკ. 23:54). *

რა მნიშვნელობა აქვს გახსენების საღამოს ჩვენთვის

12, 13. რა მხრივ იღებდნენ ებრაელი ბავშვები განსაკუთრებულ მონაწილეობას პასექის დღესასწაულში?

12 მოდი ახლა ცოტა ხნით გადავინაცვლოთ ეგვიპტეში. მოსემ ღვთის ხალხს იეჰოვას გაფრთხილება გადასცა და უთხრა, რომ პასექის დღესასწაული მათთვის „სამარადისო წესი“ უნდა ყოფილიყო. ამ დღესასწაულის  მნიშვნელობასთან დაკავშირებით მომავალში შვილები თავიანთ მშობლებს კითხვებს დაუსვამდნენ და ამგვარი ოჯახური საუბრები ამ ყოველწლიური დღესასწაულის ნაწილი იქნებოდა (წაიკითხეთ გამოსვლის 12:24—27; კან. 6:20—23). აქედან გამომდინარე, ბავშვებსაც კი ეცოდინებოდათ და მუდამ ეხსომებოდათ ეს დღე და მისი მნიშვნელობა (გამ. 12:14).

13 ასე გადაეცემოდა თაობიდან თაობას ის მნიშვნელოვანი შეხსენებები, რომელიც პასექს უკავშირდებოდა. მაგალითად, ერთი შეხსენება ის იყო, რომ იეჰოვას ჰქონდა ძალა, დაეცვა თავისი თაყვანისმცემლები. ბავშვები იგებდნენ და სწავლობდნენ, რომ იეჰოვა არ იყო იდუმალებით მოცული და განყენებული ღვთაება. ისინი სწავლობდნენ, რომ იეჰოვა იყო ცოცხალი ღმერთი, რომელსაც უყვარდა თავისი ხალხი და იცავდა მათ. იეჰოვამ ეს მაშინ დაუმტკიცა თავის ერს, „როცა ეგვიპტელებს უბედურება დაატეხა“, ხოლო ისრაელების პირმშოები კი დაიცვა.

14. რა შეუძლიათ ასწავლონ ქრისტიანმა მშობლებმა დღეს შვილებს?

14 მართალია, დღეს ქრისტიანი მშობლები არ უხსნიან თავიანთ შვილებს პასექის მნიშვნელობას ყოველწლიურად, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იბადება შემდეგი საინტერესო შეკითხვები: ესაუბრებით თქვენს შვილებს იმაზე, თუ როგორი დამცველია იეჰოვა თავისი ხალხისა? უნერგავთ მათ იმის რწმენას, რომ ღმერთი დღესაც იცავს თავის ხალხს? (ფსალმ. 27:11; ეს. 12:2). და რაც მთავარია, ესაუბრებით მათ ამ დროს თბილად და გულისხმიერად, თუ, ასე ვთქვათ, ლექციას უკითხავთ? ამგვარი საუბრები თქვენი ოჯახის სულიერ ზრდას შეუწყობს ხელს.

რა შეგიძლიათ ასწავლოთ შვილებს, როცა პასექზე ესაუბრებით? (იხილეთ მე-14 აბზაცი)

15, 16. რას გვიმჟღავნებს იეჰოვას შესახებ პასექის დღესასწაული და წიგნ „გამოსვლაში“ ჩაწერილი ცნობები?

15 პასექის დღესასწაულიდან ჩვენ სხვა რამესაც ვსწავლობთ. ვსწავლობთ იმას, რომ იეჰოვა არა მარტო დამცველია თავისი ხალხისა, არამედ მათი მხსნელიც. ეგვიპტიდან მათი გამოსვლა რეალურად უდიდესი ხსნა იყო! წამით დაფიქრდით შემდეგ მოვლენებზე: ხალხს წინ მიუძღვის ღრუბლისა და ცეცხლის სვეტები. მთელი ერი წითელი ზღვის ფსკერზე მიაბიჯებს და ხედავს, როგორ აშოლტილა აქეთ-იქიდან უშველებელი ზღვის კედლები. საკუთარი თვალით უყურებენ, როგორ დგაფუნით ექცევა თავზე ეგვიპტელთა ჯარს ზღვის წყლები და როგორ ინთქმებიან სამუდამოდ წითელ ზღვაში. ყველაფერ ამის შემდეგ, გადარჩენილი ისრაელები სიმღერას შემოსძახებენ: „ვუმღერებ იეჰოვას . . . ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი. ჩემი ძლიერება და ჩემი ძლევამოსილებაა იაჰი, რადგან ის არის ჩემი მხსნელი“ (გამ. 13:14, 21, 22; 15:1, 2; ფსალმ. 136:11—15).

16 მშობლებო, უნერგავთ ნდობას თქვენს შვილებს იეჰოვას მიმართ, როგორც მხსნელი ღმერთის მიმართ? ხედავენ ისინი თქვენს საუბრებსა და გადაწყვეტილებებში დიდ რწმენასა და ღვთისადმი ნდობას? ძალიან კარგი იქნება, თუ ოჯახთან ერთად თაყვანისცემის დროს ისაუბრებთ გამოსვლის 12—15 თავებში მოცემულ ისტორიაზე და ყურადღებას გაამახვილებთ იმაზე, თუ როგორ დაიხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი. აგრეთვე შეგიძლიათ ოჯახური თაყვანისცემის დროს იმსჯელოთ საქმეების 7:30—36-სა და დანიელის 3:16—18, 26—28-ში მოცემულ აზრებზე. დიახაც, ყველას, განურჩევლად ჩვენი ასაკისა, ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს იმაში, რომ იეჰოვა ყოველთვის  იყო თავისი ხალხის მხსნელი, დღესაც არის და მუდამ იქნება (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 1:9, 10).

ნუ დაგვავიწყდება!

17, 18. რაზე მიგვანიშნებს პირველი პასექის დროს სისხლის პკურება?

17 ჭეშმარიტი ქრისტიანები არ აღნიშნავენ იუდეველთა პასექის დღესასწაულს. ეს მოსეს კანონის ნაწილი იყო, მოსეს კანონის დაცვა კი ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ (რომ. 10:4; კოლ. 2:13—16). ჩვენთვის სხვა მოვლენაა მნიშვნელოვანი — ღვთის ძის სიკვდილი. თუმცა პასექის დღისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს — პასექისა, რომელიც პირველად ეგვიპტის მიწაზე აღინიშნა — ერთგვარი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის.

18 ისრაელებს სიცოცხლე ცხვრის სისხლმა შეუნარჩუნა, რომელიც წირთხლებსა და კარისთავებს მიაპკურეს. დღეს ღმერთს არც პასექის დღესასწაულზე და არც სხვა დროს აღარ ვწირავთ ცხოველურ შესაწირავებს. მაგრამ არსებობს უფრო უკეთესი მსხვერპლი, რომელსაც ჩვენთვის მარადიული სიცოცხლის მოტანა შეუძლია. ერთხელ პავლემ მიმართა „ერთად შეკრებილებსა და ზეცაში ჩაწერილ პირმშოთა კრებას“, რომელთა ხსნაც შესაძლებელია იესოს „შესასხურებელი სისხლით“ (ებრ. 12:23, 24). დედამიწაზე მარადიული ცხოვრების მომლოდინეთა ხსნაც იესოს სისხლზეა დამოკიდებული. ყველა ქრისტიანმა საკუთარ თავს გამუდმებით უნდა შეახსენოს შემდეგი სიტყვები: „მისი მეშვეობით, მისივე სისხლით გადახდილი გამოსასყიდით ვართ გათავისუფლებულნი, დიახ, გვეპატია შეცოდებები მისი წყალობის სიუხვით“ (ეფეს. 1:7).

19. რა გვიმტკიცებს წინასწარმეტყველებისადმი რწმენას?

19 როცა ებრაელებმა საპასექო ვახშმისთვის ცხვრები დაკლეს, მათ მითითების თანახმად, ცხვრებისთვის ძვლები არ გადაუმტვრევიათ (გამ. 12:46; რიცხ. 9:11, 12). იბადება კითხვა: როგორ მოექცნენ „ღვთის კრავს“, მას, ვისაც მსხვერპლი უნდა გაეღო ჩვენთვის? (იოან. 1:29). ის ორ ბოროტმოქმედს შორის გააკრეს ძელზე. იუდეველებმა პილატესგან ნებართვა აიღეს, რათა ძელზე გაკრული მამაკაცებისთვის ძვლები გადაემტვრიათ. ისინი ამით, რეალურად, დააჩქარებდნენ მათ სიკვდილს, რადგან მომდევნო დღეს, 15 ნისანს, „დიდ“ შაბათს, ისინი ძელზე უკვე აღარ უნდა ყოფილიყვნენ. ჯარისკაცებმა ორივე ბოროტმოქმედს გადაუმტვრიეს წვივები, ხოლო „როცა იესოსთან მივიდნენ და დაინახეს, რომ უკვე მკვდარი იყო, წვივები აღარ გადაუმტვრევიათ მისთვის“ (იოან. 19:31—34). ეს სრულად შეესაბამებოდა იმას, თუ როგორ ექცეოდნენ საპასექო ცხვარს; ასე რომ, საპასექო ცხვარი იყო „ჩრდილი“ იმისა, ვინც ახ. წ. 33 წელს 14 ნისანს უნდა შეწირულიყო (ებრ. 10:1). უფრო მეტიც, ამ ყოველივეთი შესრულდა ფსალმუნის 34:20-ში ჩაწერილი სიტყვები. ეს კი, თავის მხრივ, ნდობას გვიძლიერებს ამ წინასწარმეტყველებისადმი.

20. რა განსხვავებაა პასექსა და უფლის გახსენების საღამოს შორის?

20 პასექსა და უფლის გახსენების საღამოს შორის დიდი განსხვავებაა. ეს ჩანს იქიდან, თუ როგორ აღინიშნებოდა პასექის დღესასწაული და როგორ უნდა აღენიშნათ იესოს მიმდევრებს მისი სიკვდილი. პირველი პასექის დროს ებრაელებმა ცხვრის ხორცი ჭამეს, ხოლო სისხლი არ დაულევიათ. სწორედ ამაშია უდიდესი განსხვავება პასექსა და ქრისტეს გახსენების საღამოს შორის. იესომ იმ საღამოს თავის მოწაფეებს უთხრა, რომ თუ ვინმეს სურდა ღვთის სამეფოში მეფობა, უნდა ეჭამა პური და ღვინოც უნდა დაელია, როგორც ხორცისა და სისხლის სიმბოლოები. ამ საკითხზე უფრო ვრცლად შემდეგ სტატიაში იქნება საუბარი (მარ. 14:22—25).

21. რატომ უნდა ვიცოდეთ პასექთან დაკავშირებული მოვლენები?

21 პასექი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ღვთის ხალხის ისტორიაში და დღეს ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია აქედან. მართალია, პასექი იუდეველების დღესასწაულია და არა ქრისტიანების, მაგრამ ჩვენ, ქრისტიანებმა უნდა ვიცოდეთ, რა მნიშვნელობას ატარებდა ეს დღესასწაული და გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ მასთან დაკავშირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რადგან ის ღვთისგან შთაგონებული მთელი წერილის ნაწილია (2 ტიმ. 3:16).

^ აბზ. 5 მართალია, ამ თვეს ნისანი ისრაელების მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ეწოდა, მაგრამ ამ სტატიაში ებრაული კალენდრის პირველი თვე მოხსენიებული იქნება როგორც ნისანი.

^ აბზ. 11 მომდევნო დღე, 15 ნისანი, ყოველკვირეული შაბათი დღე, ამ წელს დაემთხვა უფუარობის დღესასწაულის პირველ დღეს. უფუარობის დღესასწაულის პირველი დღე ყოველთვის შაბათ დღედ ითვლებოდა. ამიტომ, როგორც წესი, როცა ორი შაბათი ერთმანეთს ემთხვეოდა, მას „დიდი“ შაბათი ეწოდებოდა (წაიკითხეთ იოანეს 19:31, 42).