არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უცქირეთ „იეჰოვას მშვენიერებას“

უცქირეთ „იეჰოვას მშვენიერებას“

ცხოვრებისეულმა სირთულეებმა შესაძლოა ძალიან ცუდად იმოქმედოს ჩვენზე. ეს შეიძლება აისახოს ჩვენს აზროვნებაზე, შესაძლოა ძალ-ღონე გამოგვაცალოს და ცხოვრებაზე შეხედულება შეგვიცვალოს. ძველი ისრაელის მეფე დავითი არაერთ სირთულეს შეხვედრია. როგორ უმკლავდებოდა ის მათ? ერთ-ერთ გულში ჩამწვდომ ფსალმუნში დავითი წერს: „ხმამაღლა ვთხოვდი იეჰოვას შველას, ხმამაღლა შევღაღადებდი იეჰოვას, რომ წყალობა ეყო ჩემთვის. მის წინაშე ვღვრიდი ჩემს საწუხარს, მას ვუყვებოდი ჩემს გასაჭირს, როცა სული დამიუძლურდა. შენ იცოდი ჩემი სავალი“. დიახ, როგორც დავინახეთ, დავითი თავმდაბლად მიმართავდა ღმერთს დახმარებისთვის (ფსალმ. 142:1—3).

მძიმე წუთებში დავითი დახმარებისთვის თავმდაბლურად მიმართავდა იეჰოვას ლოცვით

სხვა ფსალმუნში ის ასე უმღეროდა იეჰოვას: „ერთი რამ ვთხოვე იეჰოვას, ერთ რამეს ვესწრაფვი, რომ მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი იეჰოვას სახლში ვმკვიდრობდე, ვიხილო იეჰოვას მშვენიერება და მადლიერებით შევცქეროდე მის ტაძარს“ (ფსალმ. 27:4). როგორც ვიცით, დავითი არ ყოფილა ლევის ტომიდან. მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ის დგას წმინდა ეზოს გარეთ, კარვის მახლობლად, იმ კარვისა, რომელიც ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი იყო იმ დროს. დავითი იმდენად მადლიერია, რომ ძალიან სურს, მთელი ცხოვრება იქ გაატაროს და ამგვარად უყუროს „იეჰოვას მშვენიერებას“.

სიტყვა „მშვენიერება“ უკავშირდება ისეთ განწყობას ან თვისებას, რომელიც სასიამოვნოდ მოქმედებს ადამიანის გონებაზე და კმაყოფილების გრძნობასა და ემოციას იწვევს მასში. დავითი ყოველთვის მადლიერი იყო და აფასებდა ღვთის თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. კარგი იქნება, დავფიქრდეთ: მეც მეუფლება იგივე გრძნობები?

მადლიერი იყავით იმისთვის, რასაც ღმერთი აკეთებს

განსხვავებით ადრინდელისგან, დღეს არანაირი ნაგებობა აღარ არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანი ღმერთს დაუახლოვდეს. სამაგიეროდ, არსებობს ღვთის დიდებული სულიერი ტაძარი — წმინდა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. * თუ ამ ყოველივეს მადლიერებით „ვუცქერთ“, ჩვენც შევძლებთ „იეჰოვას მშვენიერების“ ხილვას.

რას წარმოადგენდა კარვის შესასვლელთან მდგარი სპილენძის სამსხვერპლო, რომელიც დასაწვავი შესაწირავისთვის იყო განკუთვნილი? (გამ. 38:1, 2; 40:6). ეს სამსხვერპლო წარმოადგენდა ღვთის ნებას, რომ მიეღო იესოს მსხვერპლად გაღებული სიცოცხლე (ებრ. 10:5—10). მოდი დავფიქრდეთ, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. მოციქულმა პავლემ დაწერა: „ღმერთს მისი ძის სიკვდილით შევურიგდით, როცა მტრები ვიყავით“ (რომ. 5:10). თუ გვწამს და ვაფასებთ იესო ქრისტეს დაღვრილ სისხლს, ღვთის მეგობრები ვხდებით და მის კეთილგანწყობასა და ნდობას ვიხვეჭთ. შედეგი ის არის, რომ „იეჰოვასთან ახლო ურთიერთობით“ ვტკბებით (ფსალმ. 25:14).

რადგან იეჰოვა ჩვენს ცოდვებს „შლის“, დგება „იეჰოვასგან გამოცოცხლების დრო“ (საქ. 3:19). ჩვენი მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ სიკვდილმისჯილი პატიმრის მდგომარეობას, რომელიც განაჩენის აღსრულებამდე ინანიებს წარსულში ჩადენილ საქციელს და რადიკალურად იცვლება. ეს აღძრავს კეთილ მოსამართლეს, გაუუქმოს პატიმარს განაჩენი. წარმოგიდგენიათ, რამხელა შვებას და სიხარულს იგრძნობს ეს პატიმარი! ამ მოსამართლის მსგავსად, იეჰოვა სიკეთეს ავლენს მომნანიე ადამიანების მიმართ და უუქმებს სასიკვდილო განაჩენს.

გაიხარე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობით

ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში, რომელსაც დავითი იეჰოვას სახლში ყოფნის დროს აკვირდებოდა, იგულისხმებოდა ისრაელების ერთად შეკრება, ღვთის კანონის საჯაროდ კითხვა და ახსნა, საკმევლის კმევა  და მღვდლებისა და ლევიანების წმინდა მსახურება (გამ. 30:34—38; რიცხ. 3:5—8; კან. 31:9—12). ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში დღესაც მოიაზრება გარკვეულწილად მსგავსი მხარეები.

დღესაც არ დაუკარგავს ჩვენთვის ღირებულება შემდეგ მუხლს: „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმ. 133:1). ჩვენი საძმო საოცრად იზრდება მთელ მსოფლიოში (1 პეტ. 2:17). ჩვენს შეხვედრებზე საჯაროდ იკითხება და იხსნება ღვთის სიტყვა. იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვხელმძღვანელობს და უამრავ მითითებას გვაძლევს. გარდა ამისა, უხვად გვაქვს სულიერი საზრდო, პუბლიკაციები, რომლებითაც პირადი თუ ოჯახური შესწავლის დროს ვსარგებლობთ. ხელმძღვანელი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა შემდეგი სიტყვები თქვა: „როდესაც იეჰოვას სიტყვაზე ვფიქრობ და მის მნიშვნელობას ვუკვირდები და როცა ღვთის სიტყვას ვიკვლევ, რათა შევიძინო წვდომისა და გაგების უნარი, ვაცნობიერებ, რომ სულიერად ვმდიდრდები და უდიდეს კმაყოფილებას ვგრძნობ“. ნამდვილად, ღვთიური ცოდნა აამებს ჩვენს სულს (იგავ. 2:10).

იეჰოვა უსმენს თავის მსახურებს, რომლებიც ყოველდღიურად ლოცულობენ მისი ნების თანახმად. ასეთი ლოცვები იეჰოვასთვის ტკბილსურნელოვანი საკმევლის მსგავსია (ფსალმ. 141:2). ის ძალიან ხარობს, როდესაც მას თავმდაბლურად ვესაუბრებით. მართლაც, რა სასიამოვნოა ამის ცოდნა.

მოსე ასე ლოცულობდა: „ჩვენთვის იყოს იეჰოვას, ჩვენი ღვთის, მშვენება; ჩვენი ნახელავი ჩვენთვის განამტკიცე“ (ფსალმ. 90:17). როდესაც გულმოდგინედ ვასრულებთ ჩვენს მსახურებას, იეჰოვაც კურთხევებს არ იშურებს ჩვენთვის (იგავ. 10:22). შესაძლოა ცხოვრებაში არაერთ ადამიანს დავხმარებივართ ჭეშმარიტების სწავლაში. შეიძლება მრავალი წლის მანძილზე ერთგულად ვემსახურებით ღმერთს, ავადმყოფობის, ემოციური ტკივილის, დევნისა და ხალხის გულგრილობის მიუხედავად (1 თეს. 2:2). თუმცა ჩვენ კვლავაც ვხედავთ „იეჰოვას მშვენიერებას“ და ვიცით, რომ ის ხარობს, როცა ხედავს ჩვენს მცდელობებს.

ფსალმუნების დამწერი დავითი მღეროდა: „იეჰოვას მსახურება ჩემთვის განკუთვნილი წილია და სასმისი. შენ ინახავ ჩემს წილს. მშვენიერი ადგილები მომიზომე სამკვიდროდ“ (ფსალმ. 16:5, 6). დავითი მადლიერი იყო თავისი „წილისთვის“; მისთვის „წილი“იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა და მისი მსახურების პატივი იყო. დავითის მსგავსად შეიძლება ჩვენც ვხვდებით მრავალ სირთულეს, მაგრამ ამავდროულად, არაერთ სულიერ კურთხევას ვიღებთ. ამიტომ მოდი, კვლავაც ვიხაროთ ჭეშმარიტებით და „მადლიერებით შევცქეროდეთ“ იეჰოვას სულიერ ტაძარს.

^ აბზ. 6 იხილეთ 1996 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 22—27.