იეჰოვა, საუკეთესო მეგობარი
„[აბრაამს] იეჰოვას მეგობარი ეწოდა“ (იაკ. 2:23).
1. რა უნარი გააჩნია ღვთის ანარეკლად შექმნილ ადამიანს?
ამბობენ, „კვიცი გვარზე ხტისო“. მართლაც ასეა, ზოგადად ბავშვები ძალიან ჰგვანან მშობლებს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან დედაც და მამაც შვილებს გენეტიკურად გადასცემენ მემკვიდრეობას. ზეციერმა მამამ, იეჰოვამ, ადამიანებს სიცოცხლე გვიბოძა (ფსალმ. 36:9). ამიტომ ჩვენ მისი შვილები ვართ და გარკვეულწილად ვგავართ კიდეც მას. მის ანარეკლად შექმნილ ადამიანებს გაგვაჩნია აზროვნების უნარი, შეგვიძლია დასკვნების გამოტანა და მეგობრული ურთიერთობების დამყარება (დაბ. 1:26).
2. რის საფუძველზე შეიძლება გახდეს იეჰოვა ჩვენი მეგობარი?
2 ჩვენ ბრწყინვალე შესაძლებლობა გვაქვს იმისა, რომ იეჰოვას საუკეთესო მეგობრები გავხდეთ. ამ მეგობრობის საფუძველი ერთი მხრივ, ჩვენდამი ღვთის სიყვარულია და მეორე მხრივ, ჩვენი მხრიდან რწმენის გამოვლენა ღვთისა და მისი ძის მიმართ. იესო ქრისტემ ასეთი რამ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოან. 3:16). ბიბლია მოგვითხრობს მრავალ ადამიანზე, რომლებსაც ღმერთთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. ამ სტატიაში მოვიხსენიებთ მხოლოდ ორს.
ჩემი მეგობარი აბრაამი
3, 4. როგორი განსხვავებული მეგობრობა ჰქონდათ აბრაამსა და მის შთამომავლებს იეჰოვასთან?
3 იეჰოვამ ისრაელი ერის პატრიარქსა და წინაპარს, აბრაამს თავისი მეგობარი უწოდა (ეს. 41:8). რა იყო ამ ერთგული მამაკაცისა და შემოქმედის მტკიცე მეგობრობის ქვაკუთხედი? ამ კაცის რწმენა (დაბ. 15:6; წაიკითხეთ იაკობის 2:21—23).
4 ისრაელი ერი, რომელიც აბრაამის შთამომავლებისგან ჩამოყალიბდა, თავდაპირველად იეჰოვას თავიანთ მამად და მეგობრად მიიჩნევდა. თუმცა სამწუხაროდ, ისინი არ გაუფრთხილდნენ ღმერთთან მეგობრობას. ამის მიზეზი ის იყო, რომ მათ რწმენა გაუნელდათ ღვთის დაპირებების მიმართ.
5, 6. ა) როგორ გახდა იეჰოვა თქვენი მეგობარი? ბ) რა კითხვები უნდა დავუსვათ საკუთარ თავს?
5 რაც უფრო მეტს ვიგებთ იეჰოვას შესახებ, მით უფრო გვიძლიერდება რწმენა და სიყვარული მისდამი. გაიხსენეთ ის დრო, როცა პირველად გაიგეთ, რომ თურმე ღმერთი რეალური პიროვნება ყოფილა, რომელთანაც ახლო ურთიერთობის დამყარება შეგძლებიათ; აგრეთვე გაიხსენეთ ის, როცა გაიგეთ, რომ ადამის ურჩობის გამო თურმე ყველა ცოდვილები ვიბადებით. თქვენ ისიც გაიგეთ, რომ მთელი კაცობრიობა ღვთისგან გაუცხოებულია (კოლ. 1:21). შემდგომ ამისა, გააცნობიერეთ, რომ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამა ადამიანებისგან შორს მყოფი პიროვნება არ არის, რომელსაც საერთოდ არ აღელვებს ადამიანები. როდესაც შეიტყვეთ, რომ ღმერთმა ჩვენთვის საკუთარი ძე გაიღო და რწმენა გამოავლინეთ ამ დიდი სიკეთის მიმართ, ამან საფუძველი ჩაუყარა ღმერთთან თქვენს მეგობრობას.
6 ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან გარკვეული პერიოდი გავიდა; ამიტომ კარგია, თუ თითოეული ჩვენგანი შემდეგ კითხვებზე ვიფიქრებთ: კვლავ ვიღრმავებ ღმერთთან მეგობრობას? იზრდება ყოველდღიურად ჩემი ნდობა და სიყვარული მოსიყვარულე მეგობრის, იეჰოვას მიმართ? ძველ დროში მცხოვრები კიდევ ერთი პიროვნება, რომელსაც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, გედეონი იყო. ახლა ცოტა დრო გედეონსაც დავუთმოთ.
„იეჰოვა მშვიდობაა“
7—9. ა) რა განსაკუთრებული რამ შეემთხვა გედეონს და რა შედეგი მოჰყვა ამას? (იხილეთ სურათი 21-ე გვერდზე) ბ) როგორ შეგვიძლია ღმერთთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობის გამყარება?
7 გედეონი ისრაელის ისტორიის ყველაზე მშფოთვარე პერიოდში მსაჯულობდა ქვეყანას. ეს იყო პერიოდი, როცა ისრაელი აღთქმულ მიწაზე დასახლდა. წიგნ „მსაჯულების“ მე-6 თავი მოგვითხრობს, რომ იეჰოვას ანგელოზი გედეონს ოფრაში ესტუმრა. ამ დროს ისრაელს მის მეზობლად მცხოვრები ერი, მიდიანი, დიდ საფრთხეს უქმნიდა. ამიტომ, როგორც ბიბლიაში წერია, გედეონი ხორბალს საწნახელში ცეხვავდა და არა მინდორში, რათა საჭიროების შემთხვევაში სასწრაფოდ გადაემალა მარცვლეული. გედეონს გაუკვირდა, როცა ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც მას „მამაცი ვაჟკაცი“ უწოდა; მართალია, იეჰოვამ ერთ დროს ისრაელი ერი ეგვიპტის ხელიდან დაიხსნა, მაგრამ გედეონს მაინც შეეპარა ეჭვი იმაში, დაეხმარებოდა თუ არა ღმერთი მათ ამ ვითარებაში. ანგელოზმა, რომელიც ღვთის წარმომადგენელი იყო, დაარწმუნა გედეონი, რომ იეჰოვა მის გვერდით იქნებოდა.
8 გედეონს ძალიან აინტერესებდა, თუ როგორ შეძლებდა ის „მიდიანის ხელიდან“ ისრაელის დახსნას. იეჰოვამ მას ნათლად და გასაგებად უპასუხა: „შენთან ვიქნები და ისე დაამარცხებ მიდიანს, როგორც ერთ კაცს“ (მსაჯ. 6:11—16). მაგრამ მაინც, გედეონმა ღვთისგან ნიშანი ითხოვა, რადგან, როგორც ჩანს, მას მაინც უჭირდა ამის დაჯერება. ყურადღება მიაქციეთ ერთ მნიშვნელოვან მხარეს, გედეონს ოდნავი ეჭვიც არ შეჰპარვია იმაში, რომ იეჰოვა რეალური პიროვნება იყო.
9 რა მოხდა შემდეგ? შემდეგ მოხდა ის, რამაც გედეონს რწმენა განუმტკიცა და ღმერთთან უფრო მეტად დააახლოვა. გედეონმა მოამზადა საჭმელი და ანგელოზს გაუმასპინძლდა. მაგრამ, როგორც კი ანგელოზმა საჭმელს ჯოხი შეახო, სასწაულებრივად ავარდა ცეცხლი და საჭმელი შთაინთქა; გედეონი მიხვდა, რომ ის იეჰოვას ანგელოზი იყო და მაშინვე წამოიძახა: „ვაიმე, უზენაესო უფალო, იეჰოვა, პირისპირ ვიხილე იეჰოვას ანგელოზი!“ (მსაჯ. 6:17—22). საინტერესოა, ხომ არ აღმართულა ბარიერი გედეონსა და ღმერთს შორის მომხდარის გამო? სრულებითაც არა! პირიქით, მან ამ შემთხვევით უფრო უკეთ გაიცნო იეჰოვა და უფრო მეტად იგრძნო ღვთის მშვიდობა. ამის თქმა იმიტომ შეგვიძლია ასე თამამად, რომ გედეონმა სამსხვერპლოს, რომელიც იეჰოვას აუგო იმ ადგილას, სახელად „იეჰოვა-შალომი“ დაარქვა, რაც ნიშნავს, „იეჰოვა მშვიდობაა“ (წაიკითხეთ მსაჯულების 6:23, 24, სქოლიო). როცა ვფიქრობთ იმაზე, თუ რას აკეთებს იეჰოვა ყოველდღიურად ჩვენთვის, ვხვდებით, რომ ის ჩვენი ჭეშმარიტი მეგობარია. რაც უფრო მეტს ვესაუბრებით ღმერთს, ჩვენი შინაგანი სიმშვიდე და მეგობრული ურთიერთობა უფრო ძლიერდება.
„იეჰოვა, ვინ გესტუმრება კარავში?“
10. ფსალმუნის 15:3, 5-ის თანახმად, რას ითხოვს იეჰოვა ჩვენგან საიმისოდ, რომ მისი მეგობრები გავხდეთ?
10 გნებავთ, იეჰოვა თქვენი მეგობარი გახდეს? საამისოდ გარკვეული მოთხოვნების შესრულებაა საჭირო. მე-15 ფსალმუნში ჩაწერილია დავითის სიმღერა, რომელშიც მოხსენიებულია მოთხოვნები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ის, ვისაც იეჰოვას კარავში სტუმრობა ანუ მასთან მეგობრობა სურს (ფსალმ. 15:1). მოდი, ორ მოთხოვნაზე ვისაუბროთ. პირველი მოთხოვნა ის არის, რომ არ უნდა ვიყოთ ცილისმწამებლები, ხოლო მეორე მოთხოვნა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველთვის პატიოსნად მოვიქცეთ. იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ესტუმრებოდა იეჰოვას კარავში, დავითის ფსალმუნში ასეთმა სიტყვებმა გაიჟღერა: „[ის, ვინც] ცილს არავის სწამებს თავისი ენით . . . არ იღებს ქრთამს უდანაშაულოს წინააღმდეგ“ (ფსალმ. 15:3, 5).
11. რატომ არ უნდა დავწამოთ ცილი ვინმეს?
11 დავითმა სხვა ფსალმუნში ასეთი გაფრთხილება ჩაწერა: „ენა ცუდის თქმისგან დაიცავი“ (ფსალმ. 34:13). თუ არ გავითვალისწინებთ ამ რჩევას, ჩვენსა და მართალ ზეციერ მამას შორის ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება. ფაქტობრივად, ცილისწამება ის თვისებაა, რომელიც იეჰოვას მტერს, სატანას ახასიათებს. სიტყვა „ეშმაკი“ ბერძნული სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს „ცილისმწამებელს“. თუ „აღვირს“ ამოვდებთ ჩვენს ენას სხვებზე საუბრის დროს, შევინარჩუნებთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას. ამგვარი დამოკიდებულება განსაკუთრებით კრებაში დანიშნული ძმების მიმართ გვმართებს (წაიკითხეთ ებრაელების 13:17; იუდას 8).
12, 13. ა) რატომ უნდა ვიქცეოდეთ ყველაფერში პატიოსნად? ბ) რა გავლენას ახდენს ჩვენი პატიოსანი საქციელი სხვებზე?
12 იეჰოვას მოწმეები თავიანთი პატიოსანი საქციელითაც გამოირჩევიან და სხვებს საკუთარი ინტერესებისთვის არ იყენებენ. პავლე მოციქულმა დაწერა: „ილოცეთ ჩვენთვის, რადგან დარწმუნებულნი ვართ, რომ სუფთა სინდისი გვაქვს და გვსურს, ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“ (ებრ. 13:18). ვინაიდან ჩვენ გვსურს, რომ „ყველაფერში პატიოსნად მოვიქცეთ“, არ ვცდილობთ პირადი კეთილდღეობისთვის ქრისტიანი და-ძმების გამოყენებას. მაგალითად, თუ თანაქრისტიანებს დავასაქმებთ, მათ სამართლიანად უნდა მოვექცეთ და შეთანხმებისამებრ ავუნაზღაუროთ თავიანთი შრომის საზღაური. ჩვენ ქრისტიანები ვართ, ამიტომ პატიოსნად უნდა მოვექცეთ არა მარტო მათ, ვისაც ვასაქმებთ, არამედ ყველას. ხოლო, თუ თანაქრისტიანი დაგვასაქმებს, მისგან განსაკუთრებული შეღავათები არ უნდა მოვითხოვოთ.
13 ძალიან ხშირად მოგვისმენია იეჰოვას მოწმეების მისამართით გამოთქმული მადლიერებისა და ქების სიტყვები. მაგალითად, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის დირექტორმა ჩვენს და-ძმებს უთხრა: „ვიცი, რომ თქვენ ყოველთვის ასრულებთ თქვენს სიტყვას“ (ფსალმ. 15:4). ასეთი პატიოსანი საქციელი იეჰოვასთან მეგობრობის შენარჩუნებაში გვეხმარება. ამასთანავე, ეს განადიდებს ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამასაც.
დაეხმარეთ სხვებს იეჰოვასთან დამეგობრებაში
14, 15. როგორ შეგვიძლია იეჰოვასთან დამეგობრებაში დავეხმაროთ მათ, რომლებსაც მსახურებაში ვხვდებით?
14 მართალია, იმ ადამიანებს, რომლებსაც ქადაგების დროს ვხვდებით, შესაძლოა სწამთ ღმერთი, მაგრამ ისინი არ თვლიან, რომ ის მათი საუკეთესო მეგობარია. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება? მოდი, მიმოვიხილოთ ის მითითებები, რომლებიც იესომ საქადაგებლად ორ-ორად დაგზავნილ თავის 70 მოწაფეს მისცა: «სახლში შესვლისას თქვით: „მშვიდობა ამ სახლს“. თუ იქნება იქ მშვიდობის მეგობარი, თქვენი მშვიდობა მასთან დარჩება, თუ არადა, თქვენვე დაგიბრუნდებათ» (ლუკ. 10:5, 6). ჩვენი მეგობრული მიდგომით ადამიანები შეგვიძლია ჭეშმარიტებისადმი დადებითად განვაწყოთ. იმ შემთხვევაში, თუ წინააღმდეგობას წავაწყდებით, ამგვარი დამოკიდებულება განმუხტავს დაძაბულობას და შესაძლოა ნიადაგიც მოამზადოს სხვა დროს ამ ადამიანთან სასაუბროდ.
15 როდესაც მსახურებისას ვხვდებით რელიგიურ ადამიანებს ან მათ, ვინც უბრალოდ მიჰყვება ამა თუ იმ რელიგიურ ტრადიციას, მათაც მეგობრულად ვესაუბრებით და ვინარჩუნებთ მშვიდობას. ჩვენ გულთბილად ვიღებთ ქრისტიანულ შეხვედრებზე მოსულ ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ დღევანდელი საზოგადოება და სურთ, უკეთ გაიცნონ ღმერთი. ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში, „ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის“, არაერთი ასეთი ადამიანის შემთხვევაა დაბეჭდილი.
ვთანამშრომლობთ ჩვენს საუკეთესო მეგობართან
16. რა მხრივ შეიძლება გვეწოდოს იეჰოვას მეგობრები და „თანამშრომლები“?
16 ადამიანები, რომლებიც ერთად მუშაობენ, ხშირად მეგობრები ხდებიან. ყველას, ვინც იეჰოვას მიუძღვნა თავი, წილად ხვდა პატივი, ეწოდოს ღვთის მეგობარი და „თანამშრომელი“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:9). მართლაც ასეა, როცა ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმეში ვართ ჩართულნი, უფრო კარგად ვხედავთ ჩვენი ზეციერი მამის უძვირფასეს თვისებებს. აგრეთვე ვხედავთ, როგორ გვეხმარება წმინდა სული, რომ ვიქადაგოთ სასიხარულო ცნობა, რომელიც ღმერთმა მოგვანდო.
17. როგორ ადასტურებს კონგრესების მეშვეობით მიღებული სულიერი საზრდო იმას, რომ იეჰოვა ჩვენი მეგობარია?
17 რაც უფრო მეტად ვართ ჩაბმულნი მოწაფეების მომზადების საქმეში, მით უფრო ახლოს ვგრძნობთ თავს იეჰოვასთან. ვხედავთ, როგორ უჭერს ღმერთი მხარს ამ საქმეს და როგორ არ აძლევს უფლებას მოწინააღმდეგეებს, შეაჩერონ ეს საქმე. მოდი ოდნავ თვალი გადავავლოთ თანამედროვე ისტორიას. ნუთუ ძნელია იმის დანახვა, რომ ღმერთი აშკარად გვხელმძღვანელობს?! ნუთუ სასწაული არ არის ის, რომ ასე უწყვეტად მოედინება „ნოყიერი“ სულიერი საზრდო ჩვენკენ?! კონგრესებზე წარმოდგენილი თემები აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ იეჰოვას ვუყვარვართ, ფიქრობს ჩვენს გასაჭირსა და პრობლემებზე და ზრუნავს ჩვენს საჭიროებებზე. ერთმა ოჯახმა კონგრესის დამთავრების შემდეგ ერთ ფილიალს ასეთი წერილი მისწერა: „კონგრესის თემებმა ძალიან იმოქმედა ჩვენზე. დავინახეთ, რომ იეჰოვას ძალიან, ძალიან ვუყვარვართ ყველანი და უნდა, რომ ყოველთვის წარმატებულებს გვხედავდეს“. ერთხელ ერთი გერმანელი ცოლ-ქმარი ირლანდიაში დაესწრო სპეციალურ კონგრესს. მათ იქ იმდენად თბილად და დიდი სიყვარულით დახვდნენ, რომ მოგვიანებით ამ წყვილმა ასეთი სიტყვები მისწერა ფილიალს: „ყველაფრისთვის მადლობლები ვართ, მაგრამ ყველაზე მეტად იეჰოვას და მის მეფეს, იესო ქრისტეს ვემადლიერებით. მათ მიგვიწვიეს და გაგვაერთიანეს ამ ჭეშმარიტად ერთიან ხალხში. ჩვენ უბრალოდ კი არ ვსაუბრობთ ერთიანობაზე, ყოველდღე ვტკბებით ამით. ძმებო, დუბლინის სპეციალური კონგრესი ყოველთვის გაგვახსენებს იმას, რომ გვაქვს უზარმაზარი პატივი, თქვენთან ერთად ვემსახუროთ ღმერთს!“.
მეგობრობა ურთიერთობის გარეშე წარმოუდგენელია
18. რა უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, როცა საქმე იეჰოვასთან ურთიერთობას ეხება?
18 მეგობრობა ღრმა და ჯანსაღ ურთიერთობებზე დგას. ინტერნეტისა და ტელეკომუნიკაციების ეპოქაში პოპულარობის ზენიტს მიაღწია სოციალურმა ქსელებმა და ელექტრონულმა შეტყობინებებმა. თუმცა იბადება კითხვა: როგორი ურთიერთობა გვაქვს საუკეთესო მეგობართან, იეჰოვასთან? ის „ლოცვების მომსმენი“ ღმერთია (ფსალმ. 65:2). და მაინც, რამდენად ხშირად გამოვყოფთ დროს მასთან სასაუბროდ?
19. რა დაგვეხმარება იმაში, რომ გული გადავუშალოთ ჩვენს ზეციერ მამას მაშინ, როცა გვიჭირს ამის გაკეთება?
19 ღვთის ზოგ მსახურს უჭირს საკუთარ გრძნობებსა და ემოციებზე საუბარი. არადა, ღმერთს უნდა, რომ ლოცვის დროს გულწრფელები და გულღიები ვიყოთ მის წინაშე (ფსალმ. 119:145; გოდ. 3:41). მაშინაც კი, როდესაც ძალიან რთულია გულის ტკივილის სიტყვებით გადმოცემა, უნდა გვახსოვდეს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ. პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მისწერა: „როცა უნდა ვილოცოთ და არ ვიცით, რაზე ვილოცოთ, სული გვშუამავლობს გამოუთქმელი ოხვრით; ხოლო მან, ვინც გულებს იკვლევს, იცის, რა არის სულის ზრახვა, რადგან ის ღვთის ნებისამებრ შუამავლობს წმინდათათვის“ (რომ. 8:26, 27). თუ ვიფიქრებთ „იობის“, „ფსალმუნებისა“ და „იგავების“ წიგნებში ჩაწერილ აზრებზე, შევძლებთ გულის სიღრმეში არსებული გრძნობების გაზიარებას იეჰოვასთვის.
20, 21. როგორ გვანუგეშებს ფილიპელების 4:6, 7-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები?
20 როდესაც რთულ სიტუაციებს ვხვდებით, მოდი ყოველთვის გავითვალისწინოთ ფილიპელი ქრისტიანებისთვის მიწერილი პავლეს რჩევა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“. ასეთი გულღია საუბრები ჩვენს საუკეთესო მეგობართან, იეჰოვასთან, უდიდესი ნუგეშისა და სიმშვიდის წყარო იქნება ჩვენთვის. ეს აზრი პავლემაც აღნიშნა: „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 4:6, 7). დაე, ყოველთვის გავუფრთხილდეთ იმ შეუდარებელ ძღვენს, რასაც „ღვთის მშვიდობა“ ჰქვია!
21 ლოცვა იეჰოვასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებაში გვეხმარება. ამიტომ „განუწყვეტლივ ვილოცოთ“! (1 თეს. 5:17). ამ სტატიის მიზანი ისაა, რომ გაგიღრმაოთ ღმერთთან ძვირფასი ურთიერთობა და გაგიძლიეროთ იმის სურვილი, რომ მუდამ ასრულებდეთ ღვთის სამართლიან მოთხოვნებს. დაბოლოს, ხშირად იფიქრეთ იმ აურაცხელ კურთხევებზე, რომლებიც იეჰოვასთან, ჩვენს მამასთან, ღმერთთან და ჩვენს მეგობართან ურთიერთობას სდევს თან!