არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ შევინარჩუნოთ თავგანწირვის სულისკვეთება?

როგორ შევინარჩუნოთ თავგანწირვის სულისკვეთება?

„თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი“ (მათ. 16:24).

1. თავგანწირვის სულისკვეთების რა უბადლო მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

დედამიწაზე ყოფნისას იესომ თავგანწირვის უბადლო მაგალითი დაგვიტოვა. ის უარს ამბობდა საკუთარ სურვილებზე იმისათვის, რომ ღვთის ნება შეესრულებინა (იოან. 5:30). იესო სიცოცხლის ბოლომდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე, ერთგული დარჩა, რითაც დაამტკიცა, რომ მის თავგანწირვას არ ჰქონდა საზღვარი (ფილ. 2:8).

2. ა) როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ თავგანწირვის სული? ბ) რატომ უნდა ვავლენდეთ ასეთ სულს?

2 ჩვენც, როგორც ქრისტეს მიმდევრებს, მოგვეთხოვება თავგანწირვის სულის გამოვლენა. მაგრამ იბადება კითხვა: რას ნიშნავს თავგანწირვის სულის გამოვლენა? მოკლედ რომ ვთქვათ, ამაში სხვების დასახმარებლად საკუთარ სურვილებზე უარის თქმა იგულისხმება. ასეთ თავგანწირულ სულისკვეთებას საერთო არაფერი აქვს ეგოიზმთან (წაიკითხეთ მათეს 16:24). თავგანწირვის სული გვეხმარება, სხვების გრძნობები და სურვილები საკუთარზე წინ დავაყენოთ (ფილ. 2:3, 4). ფაქტობრივად, იესო ასწავლიდა, რომ თავგანწირვის სული ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ამოსავალი წერტილია. რატომ შეგვიძლია ამის თქმა? ქრისტიანული სიყვარული, რომელიც თავგანწირვის სულისკვეთების აღმძვრელი ძალაა, იესოს მოწაფეების ამოსაცნობი ნიშანია (იოან. 13:34, 35). ახლა დაფიქრდით, რამხელა ბედნიერებაა, რომ ვეკუთვნით მსოფლიო საძმოს, რომელიც ავლენს ასეთ სულს!

3. რამ შეიძლება გაგვინელოს თავგანწირვის სული?

 3 ჩვენ გვყავს მტერი, რომელსაც შეუძლია თანდათანობით ჩაგვიხშოს თავგანწირვის სული. ეს მტერი ეგოიზმია. გავიხსენოთ ადამისა და ევას ეგოისტური საქციელი. ევამ ეგოიზმი მაშინ გამოავლინა, როცა მოინდომა, რომ ღვთის მსგავსი გამხდარიყო. ადამი კი ასე მაშინ მოიქცა, როცა თავისი მეუღლის ინტერესები ღვთისაზე წინ დააყენა (დაბ. 3:5, 6). ეშმაკმა ადამი და ევა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ჩამოაშორა; მას ამის შემდეგ არ შეუწყვეტია ადამიანთა ცდუნება მათივე ეგოისტური სურვილებით. ეშმაკმა ეს მეთოდი იესოს საცდუნებლადაც კი გამოიყენა (მათ. 4:1—9). დღეს სატანა ოსტატურად ატყუებს მრავალ ადამიანს და შთააგონებს, რომ გამოავლინონ ეგოიზმი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს ფაქტი მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს, რადგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები ამისგან (ეფეს. 2:2).

4. ა) შეგვიძლია აღმოვფხვრათ ჩვენში არსებული ეგოისტური მიდრეკილებები? ახსენით. ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

4 ეგოიზმი შეიძლება შევადაროთ რკინაზე მოდებულ ჟანგს. როგორც წესი, წყლისა და ჰაერის ზემოქმედებით რკინა იჟანგება. თუ უყურადღებოდ დავტოვებთ რკინის ზედაპირზე წარმოქმნილ ჟანგს, ის საბოლოოდ მოედება რკინას; დააზიანებს და შეჭამს. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც, მართალია, არ შეგვიძლია ჩვენში არსებული არასრულყოფილებისა და ეგოისტური მიდრეკილებების აღმოფხვრა, მაგრამ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა მათ წინააღმდეგ (1 კორ. 9:26, 27). ამიტომ, განვიხილოთ შემდეგი კითხვები: როგორ უნდა ამოვიცნოთ ეგოიზმის ნიშნები? და როგორ შეგვიძლია, უფრო მეტად გამოვავლინოთ თავგანწირვის სული?

ბიბლიის მეშვეობით შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში ეგოიზმი

5. ა) რა მხრივ ჰგავს ბიბლია სარკეს? (იხილეთ სურათი მე-7 გვერდზე) ბ) რას უნდა ვერიდოთ, როდესაც გვსურს იმის გაგება, არის თუ არა ჩვენში ეგოიზმი?

5 ჩვეულებისამებრ, ჩვენი გარეგნობის დასანახად სარკეში ვიხედებით, ხოლო შინაგანი პიროვნების შესამოწმებლად და ნაკლის გამოსასწორებლად ბიბლიას მივმართავთ (წაიკითხეთ იაკობის 1:22—25). თუმცა, თუ გვსურს, რომ ჩვენი გარეგნობა სარკეში კარგად დავინახოთ, სარკე სწორად უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ სარკეს უბრალოდ შევავლებთ თვალს, ვერ შევნიშნავთ ჩვენს გარეგნობაში პატარა, მაგრამ საგულისხმო დეტალსა თუ ნაკლს. ანდა, თუ სარკეს გვერდიდან შევხედავთ, იქ შეიძლება სხვა პიროვნების გამოსახულება დავინახოთ. მსგავსადვე, თუ გვინდა ღვთის სიტყვის მეშვეობით საკუთარ თავში ისეთი ნაკლი აღმოვაჩინოთ, როგორიც ეგოიზმია, ჩვენგან უფრო მეტი მოითხოვება, ვიდრე ბიბლიის უბრალოდ კითხვა; ამას გარდა, ამას სხვების ნაკლოვანებების დანახვის მიზნით არ ვაკეთებთ.

6. როგორ განვაგრძოთ „სრულყოფილი კანონის“ მიყოლა?

6 შეიძლება ბიბლიას ყოველდღე ვკითხულობთ, მაგრამ მაინც ვერ ვამჩნევთ ჩვენში არსებულ ეგოიზმის ნიშნებს, რომლებიც თანდათან იდგამს ფესვს. ისმის კითხვა: როგორ შეიძლება ეს მოხდეს? მოდი, ეს საკითხი განვიხილოთ ერთი ბიბლიური ეპიზოდის ფონზე: მოწაფე იაკობს თავის წერილში მოჰყავს მაგალითი, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ადამიანს, რომელიც სარკეში საგულდაგულოდ ათვალიერებს საკუთარ თავს, მაინც ექმნება პრობლემა. იაკობის წერილში ვკითხულობთ, რომ ადამიანი „უყურებს თავის თავს“; ამ ფრაზაში გამოყენებული ბერძნული სიტყვა „უყურებს“ ნიშნავს იმას, რომ რაიმეს საგულდაგულოდ და გულმოდგინედ დააკვირდე. მაშ თუ ასეა, რაში მდგომარეობს პრობლემა? იაკობი დასძენს: „მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია“. დიახ, ადამიანი შორდება თუ არა სარკეს, ავიწყდება, რა უნდა შეცვალოს ანუ არ იღებს შესაბამის ზომებს. ამის საპირისპიროდ, წარმატებული ადამიანი არა მარტო „უკვირდება . . . თავისუფლების სრულყოფილ კანონს“, არამედ „ასე განაგრძობს“. ასეთი ადამიანი ღვთის სიტყვის სრულყოფილ კანონს არ ივიწყებს, პირიქით, მთელი მონდომებითა და შემართებით ცდილობს, ყოველთვის გაითვალისწინოს მისი სწავლებები. მსგავს აზრს იესომაც გაუსვა ხაზი, როცა თქვა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ“ (იოან. 8:31).

7. როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბიბლია იმის შესამოწმებლად, არის თუ არ ჩვენში ეგოიზმის ნიშნები?

 7 აქედან გამომდინარე, თუ გვსურს, წარმატებით გავუმკლავდეთ ჩვენში არსებულ ეგოიზმის ნიშნებს, უპირველეს ყოვლისა, ღვთის სიტყვა გულდასმითა და დაკვირვებით უნდა ვიკითხოთ. ეს დაგვეხმარება, ამოვიცნოთ ის მხარეები, რომლებშიც გამოსწორება გვესაჭიროება. თუმცა ამით არ მთავრდება ყველაფერი; საჭიროა ღვთის სიტყვის უფრო სიღრმისეული გამოკვლევა. როცა ბიბლიის რომელიმე მონაკვეთს კითხულობთ, საკუთარი თავი წარმოიდგინეთ იმ გარემოში და დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: ამ სიტუაციაში მე როგორ მოვიქცეოდი? მოვიქცეოდი სწორად? ამგვარი ფიქრის შემდეგ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წაკითხულის გათვალისწინება და გამოყენებაა (მათ. 7:24, 25). ახლა, მოდი, მიმოვიხილოთ მეფე საულისა და პეტრე მოციქულის შემთხვევები, რომლებიც თავგანწირული სულის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

ისწავლეთ მეფე საულის გამაფრთხილებელი მაგალითიდან

8. როგორი პიროვნება იყო საული, როდესაც გამეფდა და საიდან გამოჩნდა ეს?

8 ისრაელის მეფე საული ჩვენთვის გამაფრთხილებელ მაგალითს წარმოადგენს. მისი შემთხვევა გვეხმარება იმის დანახვაში, თუ როგორ შეუძლია ეგოიზმს ჩვენში თავგანწირული სულისკვეთების ჩახშობა. როდესაც საული გამეფდა, ის თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანი იყო (1 სამ. 9:21). ეს კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა არ დასაჯა ის ისრაელები, რომლებიც მისი მეფობის წინააღმდეგნი იყვნენ; თუმცა მეფეს სრული უფლება ჰქონდა, ეზრუნა ღვთისგან ბოძებული სამეფო ღირსების დაცვაზე (1 სამ. 10:27). მეფე საული დაჰყვა ღვთის სულის ხელმძღვანელობას, წაუძღვა ისრაელს ამონელთა წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში და წარმატება მოიპოვა. გამარჯვება მან საკუთარ თავს კი არ მიაწერა, არამედ თავმდაბლობა გამოავლინა და ეს ღვთის წყალობად ჩათვალა (1 სამ. 11:6, 11—13).

9. როგორ განივითარა საულმა ეგოისტური აზროვნება?

9 მოგვიანებით საულმა ეგოიზმსა და სიამაყეს მისცა გასაქანი; ეს უარყოფითი თვისებები მას ისევე „მოედო“, როგორც რკინას — ჟანგი. როდესაც საულმა ამალეკელები დაამარცხა, მან საკუთარი სურვილები იეჰოვას მორჩილებაზე წინ დააყენა. ნაცვლად იმისა, რომ გაეთვალისწინებინა ღვთის მითითება, საული დახარბდა ნადავლს და არ გაანადგურა ის. მეფემ ქედმაღლობა გამოავლინა და საკუთარ თავს სვეტი აღუმართა (1 სამ. 15:3, 9, 12). როდესაც წინასწარმეტყველმა სამუელმა მეფეს უთხრა, რომ იეჰოვა ღმერთს არ მოეწონა მისი საქციელი, საულმა თავი იმართლა და თქვა, რომ ღვთის მითითებას დაემორჩილა, ხოლო ჩადენილი დანაშაული სხვებს გადააბრალა (1 სამ. 15:16—21). ამ ყველაფერს საულის სიამაყეც დაერთო; მას საკუთარი რეპუტაცია უფრო აღელვებდა, ვიდრე ღმერთთან ურთიერთობა (1 სამ. 15:30). აქედან გამომდინარე, იბადება კითხვა: ჩვენ როგორ შეგვიძლია თავგანწირვის სულის შესანარჩუნებლად გამოვიყენოთ საულის შემთხვევა, როგორც სარკე?

10, 11. ა) რას ვსწავლობთ საულის მაგალითიდან? ბ) რა დაგვეხმარება იმაში, რომ არ დავადგეთ საულის გზას?

10 უპირველესად, საულის მაგალითიდან ვსწავლობთ, რომ არ ვიყოთ თვითკმაყოფილები და თავდაჯერებულები იმაში, რომ თუ ადრე ვავლენდით თავგანწირულ სულისკვეთებას, მომავალშიც გამოვავლენთ (1 ტიმ. 4:10). არ დაგავიწყდეთ, რომ საული თავიდან ღვთის მოსაწონად იქცეოდა, მაგრამ შემდგომ მან გასაქანი მისცა ეგოისტურ მიდრეკილებებს. შედეგი ის იყო, რომ იეჰოვამ საული ურჩობის გამო საბოლოოდ უარყო.

11 მეორე, სიფრთხილე გვმართებს, რომ ზედმეტად არ ვიფიქროთ იმაზე, რაც კარგად გამოგვდის და მხედველობიდან არ გამოგვრჩეს ის მხარეები, რაშიც გაუმჯობესება გვჭირდება. თუ ამ რჩევას უგულებელვყოფთ, დავემსგავსებით ადამიანს, რომელიც სარკეში თავისი ახალი ტანსაცმლის თვალიერებითაა გართული და ვერ ამჩნევს ჭუჭყს, რომელიც სახეზე აქვს. შესაძლოა ჩვენ საულივით თვითკმაყოფილები არ ვიყოთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩავახშოთ ნებისმიერი მიდრეკილება, რაც საბოლოოდ მის გზაზე დაგვაყენებდა. თუ რჩევას მოგვცემენ, არ დავიწყოთ ჩვენი საქციელის გამართლება ანუ ჩადენილი ცოდვის გაუბრალოება  და დანაშაულის სხვებისთვის გადაბრალება. მაშ ასე, ნუ დაემსგავსებით საულს; მთელი გულით მიიღეთ რჩევა! (წაიკითხეთ ფსალმუნის 141:5).

12. როგორ დაგვეხმარება თავგანწირვის სული, თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ?

12 როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სერიოზულ ცოდვას ჩავიდენთ? საულს ძალიან სურდა კარგი რეპუტაციის შენარჩუნება. ფაქტობრივად, ამას შეეწირა ღმერთთან მისი ურთიერთობა. ამის საპირისპიროდ, თავგანწირვის სული დაგვეხმარება, რომ დავძლიოთ უხერხულობის გრძნობა და მივიღოთ საჭირო დახმარება (იგავ. 28:13; იაკ. 5:14—16). მაგალითად, ერთმა ძმამ პორნოგრაფიის ყურება 12 წლის ასაკიდან დაიწყო და ის ამას 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკეთებდა. ეს ძმა იხსენებს: „ძალიან მიჭირდა ამის თქმა ჩემი ცოლისთვის და უხუცესებისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც ცოდვა ვაღიარე, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ უზარმაზარი ტვირთი ჩამომეხსნა მხრებიდან. როცა მომსახურედ მსახურების უფლება ჩამომართვეს, ჩემი მეგობრებიდან ზოგს გული გაუტყდა; ფიქრობდნენ, რომ ვუღალატე. თუმცა ერთი რამ ვიცი: იეჰოვა ახლა უფრო კმაყოფილია ჩემი მსახურებით, ვიდრე მაშინ; იეჰოვას თვალსაზრისი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“.

პეტრემ სძლია ეგოიზმს

13, 14. როგორ გამოავლინა პეტრემ ეგოიზმი?

13 მოციქული პეტრე თავგანწირვის სულს ავლენდა, როცა იესო მის გვერდით იყო და ასწავლიდა მას (ლუკ. 5:3—11). თუმცა პეტრე მაინც ებრძოდა ეგოიზმს. მაგალითად, ერთხელ ის ძალიან აღშფოთდა, როცა გაიგო, რომ იაკობსა და იოანეს ღვთის სამეფოში ქრისტეს გვერდით საპატიო ადგილების დაკავება სურდათ. ალბათ, პეტრე ფიქრობდა, რომ ეს ადგილები მისთვის იყო განკუთვნილი, რადგან იესოს ადრე ნათქვამი ჰქონდა, რომ მას განსაკუთრებულ როლს დააკისრებდა (მათ. 16:18, 19). იესომ იაკობი, იოანე, პეტრეცა და სხვა მოციქულებიც გააფრთხილა, არ გამოევლინათ ეგოიზმი და არ ებატონათ თავიანთ ძმებზე (მარ. 10:35—45).

14 მიუხედავად იმისა, რომ იესომ პეტრეს აზროვნება შეუსწორა, მოციქული კვლავ ებრძოდა ეგოისტურ მიდრეკილებებს. როდესაც იესომ მოციქულებს უთხრა, რომ ისინი დროებით მიატოვებდნენ, პეტრემ საკუთარი თავი სხვებზე უკეთესად წარმოაჩინა და თქვა, რომ მხოლოდ ის დარჩებოდა ქრისტეს ერთგული (მათ. 26:31—33). თუმცა მოციქულის თავდაჯერებულობა უსაფუძვლო აღმოჩნდა, რადგან იმავე ღამეს ვერ გამოავლინა თავგანწირული სული. პეტრემ საკუთარი  თავის დაცვისას ქრისტე სამჯერ უარყო (მათ. 26:69—75).

15. რატომ გვამხნევებს პეტრეს მაგალითი?

15 მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს საკუთარ თავთან ბრძოლა უწევდა და შეცდომებსაც უშვებდა, მისი ცხოვრება ჩვენთვის მაინც არის გამხნევების წყარო. ძალისხმევისა და ღვთის სულის დახმარებით მოციქულმა დასძლია არასწორი მიდრეკილებები, გამოავლინა თავშეკავება და თავგანწირული სიყვარული (გალ. 5:22, 23). მან მოგვიანებით ბევრად უფრო მძიმე განსაცდელები აიტანა, ვიდრე მსახურების ადრეულ ეტაპზე, რომელსაც იმ დროს თავი ვერ გაართვა. პეტრემ თავმდაბლობა გამოიჩინა მაშინ, როცა პავლე მოციქულმა ის სხვების თანდასწრებით გაკიცხა (გალ. 2:11—14). ამის შემდეგ მას გულში ბოღმა არ ჩაუდია და არ უფიქრია, რომ პავლემ რეპუტაცია შეულახა. პეტრეს კვლავაც ძალიან უყვარდა პავლე (2 პეტ. 3:15). ასე რომ, პეტრეს მაგალითი ნამდვილად დაგვეხმარება თავგანწირული სულისკვეთების განვითარებაში.

რა რეაქცია ჰქონდა პეტრეს გაკიცხვაზე? ვრეაგირებთ ჩვენც მის მსგავსად? (იხილეთ მე-15 აბზაცი)

16. როგორ შეგვიძლია თავგანწირული სულის გამოვლენა რთულ სიტუაციებში?

16 დაფიქრდით, თავად როგორ იქცევით რთულ სიტუაციებში. როდესაც პეტრე და სხვა მოციქულები ქადაგების გამო დააპატიმრეს და სცემეს, მათ უხაროდათ „რომ [იესოს] სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ (საქ. 5:41). თქვენც შეგიძლიათ განსაცდელები იმისათვის გამოიყენოთ, რომ მიჰბაძოთ პეტრეს, მიჰყვეთ ქრისტეს ნაკვალევს და გამოავლინოთ თავგანწირული სული (წაიკითხეთ 1 პეტრეს 2:20, 21). ამგვარი ხედვა მაშინაც დაგეხმარებათ, თუ უხუცესებისგან შეგონებას მიიღებთ. მიჰბაძეთ პეტრეს ამ მხრივ და ნურასდროს განაწყენდებით (ეკლ. 7:9).

17, 18. ა) რა შეგვიძლია ვკითხოთ საკუთარ თავს, როცა სულიერ მიზნებს ვისახავთ? ბ) რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ გულში ეგოიზმის ნიშნებს აღმოვაჩენთ?

17 პეტრეს მაგალითი მაშინაც გაგიწევთ დახმარებას, როცა საქმე სულიერი მიზნების დასახვაზე მიდგება. სულიერი მიზნების დასახვისკენ თავგანწირულმა სულისკვეთებამ უნდა გიბიძგოთ და არა განდიდების სურვილმა. კარგი იქნება, თუ ჰკითხავთ საკუთარ თავს: აღიარებისა და სახელის გამო ხომ არ მსურს მსახურების გაუმჯობესება და გაფართოება, როგორც ეს იესოსადმი იაკობისა და იოანეს სათხოვრიდან გამოჩნდა?

18 იმ შემთხვევაში, თუ ამ დროს გულში ეგოიზმის ნიშნებს აღმოაჩენთ, დახმარებისთვის იეჰოვას მიმართეთ და სთხოვეთ, რომ შეგისწოროთ აზროვნება და დაგაძლევინოთ ეგოისტური გრძნობები; ყოველი ღონე იხმარეთ იმისათვის, რომ დიდება იეჰოვას მიაგოთ და არა საკუთარ თავს (ფსალმ. 86:11). ამასთანავე, ისე დაისახეთ სულიერი მიზნები და ისე იღვაწეთ მათ მისაღწევად, რომ ყურადღების ცენტრში არ მოექცეთ. მაგალითად, უფრო მეტი იმუშავეთ იმ სულის ნაყოფის შესაძენად, რომლის გამოვლენაც ყველაზე მეტად გიჭირთ. თქვენ შესაძლოა კრების შეხვედრებისთვის მთელი გულმოდგინებით ემზადებით, მაგრამ სამეფო დარბაზის დალაგება დიდად არ გსიამოვნებთ; ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ მიზნად დაისახავთ, რომ გაითვალისწინოთ რომაელების 12:16-ში ჩაწერილი რჩევა (წაიკითხეთ).

19. რის გაკეთება შეგვიძლია, რომ გული არ გაგვიტეხოს სარკეში ანუ ღვთის სიტყვაში საკუთარი ნაკლოვანებების დანახვამ?

19 როდესაც სარკეში ანუ ღვთის სიტყვაში გულდასმით ვაკვირდებით საკუთარ თავს და ვხედავთ ჩვენს ნაკლოვანებებს ან თუნდაც ეგოიზმის ნიშნებს, შეიძლება გული გაგვიტყდეს. თუ ოდესმე აღმოჩნდებით ასეთ სიტუაციაში, იფიქრეთ ზემოთ მოყვანილ იაკობის მაგალითში მოხსენიებულ წარმატებულ ადამიანზე. იაკობს არ უთქვამს, რომ ამ კაცმა საკუთარ თავში აღმოჩენილი ნაკლოვანებები დაუყოვნებლივ აღმოფხვრა ან შეძლო ყველაფრის გამოსწორება, მან დაწერა, რომ ამ კაცმა განაგრძო „სრულყოფილი კანონის“ მიყოლა (იაკ. 1:25). მას ახსოვდა ის, რაც სარკეში დაინახა და არ შეუწყვეტია საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად შრომა. მაშ ასე, იფიქრეთ საკუთარ თავზე დადებითად და არც ის გამოგრჩეთ მხედველობიდან, რომ არასრულყოფილები ხართ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 7:20). ყოველთვის დაუკვირდით „სრულყოფილ კანონს“ და ძალ-ღონე არ დაიშუროთ თავგანწირული სულის გამოსავლენად. იეჰოვა ღმერთს ძალიან სურს, რომ დაგეხმაროთ; ის ხომ მხარში უდგას თქვენს უამრავ და-ძმას, რომლებიც მართალია, არასრულყოფილები არიან, მაგრამ ღვთის კეთილგანწყობა და კურთხევები არ აკლიათ?!