არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ხედავთ „მას, ვინც უხილავია“?

ხედავთ „მას, ვინც უხილავია“?

„ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრ. 11:27).

1, 2. ა) ახსენით, რატომ შეიძლება მოსე სახიფათო მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რატომ არ შეუშინდა მოსე ფარაონის რისხვას?

ფარაონი მრისხანე და შიშის მომგვრელი მმართველი იყო; ეგვიპტელები მას ცოცხალ ღმერთად მიიჩნევდნენ. ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია, რომ ეგვიპტელთა თვალში „ფარაონი სიბრძნითა და ძლიერებით ყველა ქმნილებას აღემატებოდა ცისქვეშეთში“ (When Egypt Ruled the East). ფარაონს ქვეშევრდომთა დაშინების მიზნით ედგა გვირგვინი, რომელზეც თავდასასხმელად გამზადებული კობრა იყო გამოსახული; ეს ფარაონის მტრებისთვის ერთგვარი შეხსენება იყო, რომ ფარაონი მათ არ დაინდობდა და დაუყოვნებლივ გაანადგურებდა. აქედან გამომდინარე, წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა მოსე, როდესაც მას იეჰოვამ უთხრა: „ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ხალხი, ისრაელის ძეები“ (გამ. 3:10).

2 მოსე წავიდა ეგვიპტეში და ღვთის ცნობა აუწყა ფარაონს, რის გამოც მისი რისხვა დაიტეხა თავს. მას შემდეგ, რაც ეგვიპტის მიწას ღმერთმა ცხრა სასჯელი მოუვლინა, ფარაონმა მოსე გააფრთხილა: „მეტად აღარ იხილო ჩემი სახე, რადგან რა დღესაც იხილავ ჩემს სახეს, მოკვდები“ (გამ. 10:28). ვიდრე მოსე ფარაონისგან წამოვიდოდა, უწინასწარმეტყველა, რომ მისი პირმშო მოკვდებოდა (გამ. 11:4—8). ბოლოს მოსემ ისრაელებს მითითება მისცა, რომ თითოეულ ოჯახს დაეკლა ცხვარი ან თხა და ეპკურებინათ მათი სისხლი კარისთავებისთვის;  ეგვიპტელთა ღმერთ რასთვის ეს წმინდა ცხოველები იყო (გამ. 12:5—7). საინტერესოა, რა რეაქცია ექნებოდა ამაზე ფარაონს? მოსე ამას არ შეუშინებია. რა იყო ამის მიზეზი? ის, რომ მოსეს რწმენა ჰქონდა და დაემორჩილა იეჰოვას; ბიბლიაში ვკითხულობთ: „[მოსე] მეფის რისხვას [არ] შეუშინდა; ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (წაიკითხეთ ებრაელების 11:27, 28).

3. რა კითხვებს განვიხილავთ მოსეს რწმენასთან დაკავშირებით?

3 გაქვთ ისეთი ძლიერი რწმენა, რომ „ღვთის დანახვა“ შეძლოთ? (მათ. 5:8). თუ გვსურს, რომ სულიერი მხედველობა გავიუმჯობესოთ, რათა დავინახოთ ის, „ვინც უხილავია“, მოდი, მოსეს მაგალითი განვიხილოთ და ვიმსჯელოთ შემდეგ კითხვებზე: როგორ დაიცვა რწმენამ მოსე, რომ ადამიანის შიში არ დაუფლებოდა? რა მხრივ გამოავლინა მან ღვთის დაპირებებისადმი რწმენა? როგორ დაეხმარა მოსეს მისი დანახვა, „ვინც უხილავია“, იმ დროს, როცა ის და მისი ხალხი გასაჭირში იყვნენ?

მოსე ფარაონის რისხვას არ შეუშინდა

4. ადამიანური თვალსაზრისით, რამდენად ჩამოუვარდებოდა მოსეს მდგომარეობა ფარაონისას?

4 ადამიანური თვალსაზრისით მოსე ფარაონს ვერაფრით უტოლდებოდა. ერთი შეხედვით, მოსეს სიცოცხლე, მისი კეთილდღეობა და მომავალი ფარაონის ხელთ იყო. ამიტომ გასაკვირი არაა, რატომ ჰკითხა ღმერთს მოსემ: „მე ვინა ვარ, რომ ფარაონთან წავიდე და ეგვიპტიდან ისრაელის ძეები გამოვიყვანო?!“ (გამ. 3:11). დაახლოებით 40 წლით ადრე მოსე ეგვიპტიდან გაიქცა. აქედან გამომდინარე, მას შესაძლოა ასეთი რამ ეფიქრა: „რამდენად გონივრულია ახლა ეგვიპტეში დაბრუნება და ფარაონის განრისხება?“.

5, 6. რა დაეხმარა მოსეს, იეჰოვას შიში ჰქონოდა და არა ფარაონის?

5 ეგვიპტეში დაბრუნებამდე ღმერთმა მოსეს ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი ასწავლა; მოგვიანებით მან „იობის“ წიგნში ჩაწერა ეს პრინციპი: „იეჰოვას შიში — აი, ეს არის სიბრძნე“ (იობ. 28:28). იმისათვის, რომ მოსეს ამგვარი შიში ჰქონოდა და ბრძნულად ემოქმედა, იეჰოვამ მას დაანახვა, თუ რა სხვაობა იყო ადამიანსა და ყოვლისშემძლე ღმერთს შორის; ღმერთმა მას ასეთი რამ უთხრა: „ვინ მისცა კაცს ბაგე და ვინ ხდის ადამიანს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას? განა მე არა, იეჰოვა?!“ (გამ. 4:11).

6 რა უნდა ესწავლა მოსეს ამ სიტყვებიდან? ის, რომ არ ჰქონოდა შიში. მას გზავნიდა იეჰოვა, რომელიც ყველაფერს მისცემდა საიმისოდ, რომ ფარაონისთვის გადაეცა ღვთის ცნობა. ამას გარდა, ფარაონი ვერაფრით უტოლდებოდა იეჰოვას. უფრო მეტიც, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა ღვთის ხალხი ეგვიპტელთა მმართველობისას საფრთხეში აღმოჩნდა. მოსეს ალბათ ისიც ეხსომებოდა, როგორ დაიცვა იეჰოვამ აბრაამი, იოსები და თავად იგიც არაერთი ფარაონის ხელიდან (დაბ. 12:17—19; 41:14, 39—41; გამ. 1:22—2:10). იეჰოვასადმი ანუ მისადმი რწმენით, „ვინც უხილავია“, მოსე გაბედულად წარდგა ფარაონის წინაშე და მას იეჰოვას თითოეული სიტყვა აუწყა.

7. როგორ დაიცვა ერთი ჩვენი და იეჰოვასადმი რწმენამ?

7 იეჰოვასადმი ამგვარმა რწმენამ ჩვენი და, ელაც, დაიცვა კაცთმოშიშებისგან. 1949 წელს იგი ესტონეთში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა დააპატიმრა. ელა გააშიშვლეს და ახალგაზრდა პოლიციის თანამშრომლების დასაცინი გახადეს. ელა იხსენებს: „ძალიან დამცირებულად და შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს. მაგრამ, როცა იეჰოვას მივმართე ლოცვით, გულში სიმშვიდემ დაისადგურა“. ამის შემდეგ ელა სამი დღით კარცერში გადაიყვანეს. ის ამბობს: «პოლიციელები მიყვიროდნენ და იმუქრებოდნენ: „ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იეჰოვას სახელის ხსენებაც კი აღარ იყოს ესტონეთში. შენ ბანაკში გაგიშვებთ, სხვებს კი ციმბირში გადავასახლებთ“. მათ გესლიანად გამოსცრეს კბილებში: „სად არის შენი იეჰოვა?“». როგორ მოიქცეოდა ელა, ადამიანების შეეშინდებოდა, თუ ღმერთს მიენდობოდა? როდესაც იგი დაკითხვაზე გაიყვანეს, მან უშიშრად უთხრა დამცინავებს: „მე კარგად ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე; მირჩევნია, ციხეში ვიჯდე და  იეჰოვასთან კარგი ურთიერთობა მქონდეს, ვიდრე თავისუფალი ვიყო და მისი კეთილგანწყობა დავკარგო“. დიახ, ელასთვის იეჰოვა რეალური პიროვნება იყო; ისეთივე რეალური, როგორც მის წინ მდგომი ადამიანი. დიდმა რწმენამ მას ერთგულება შეანარჩუნებინა.

8, 9. ა) რა შემთხვევაში გადალახავთ ადამიანურ შიშს? ბ) თუ გრძნობთ, რომ ადამიანური შიში გიპყრობთ, ვისზე უნდა გადაიტანოთ მთელი ყურადღება?

8 იეჰოვასადმი რწმენა თქვენც დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში. თუ მთავრობის წარმომადგენლები შეეცდებიან, შეგიზღუდონ ღვთის თაყვანისცემის უფლება, შეიძლება ისეთი შეგრძნება დაგეუფლოთ, რომ თქვენი სიცოცხლე, კეთილდღეობა და მომავალი მათ ხელთაა. შესაძლოა ისიც კი იფიქროთ, არის თუ არა გონივრული იეჰოვას მსახურების გაგრძელება და ხელისუფლების წარმომადგენელთა განრისხება. დაიხსომეთ: ღვთის რწმენა გადაგალახვინებთ ადამიანურ შიშს (წაიკითხეთ იგავების 29:25). იეჰოვა ღმერთმა თავის სიტყვაში ასეთი გამამხნევებელი კითხვა ჩაგვიწერა: „ვინა ხარ, რომ გეშინოდეს მოკვდავი ადამიანისა, რომელიც მოკვდება, და ადამიანის ძისა, რომელიც მწვანე ბალახივით იქნება?!“ (ეს. 51:12, 13).

9 მთელი ყურადღება ყოვლისშემძლე ზეციერ მამაზე გადაიტანეთ. ის ხედავს უსამართლო მმართველების მხრიდან შეჭირვებულთ, თანაუგრძნობს მათ და ეხმარება (გამ. 3:7—10). მაშინაც კი, როცა თქვენი რწმენის შესახებ მთავრობის წარმომადგენლებთან მოგიწევთ საუბარი, „ნუ შეგაწუხებთ იმაზე ფიქრი, რა თქვათ ან როგორ თქვათ, რადგან მაშინ მოგეცემათ ის, რაც უნდა თქვათ“ (მათ. 10:18—20). მმართველები და მთავრობის წარმომადგენლები ვერასოდეს გაუტოლდებიან იეჰოვას. თუ დღესვე განიმტკიცებთ რწმენას, თქვენ დაინახავთ იეჰოვას, როგორც რეალურ პიროვნებას, რომელსაც ძალიან სურს, რომ დაგეხმაროთ.

მან ირწმუნა ღვთის დაპირებები

10. ა) რა მითითება მისცა იეჰოვამ ისრაელებს ძვ. წ. 1513 წელს ნისანის თვეში? ბ) რატომ დაემორჩილა მოსე ღვთის მითითებებს?

10 ძვ. წ. 1513 წელს ნისანის თვეში იეჰოვამ მოსესა და აარონს ისრაელებისთვის შემდეგი მითითების გადაცემა დაავალა: მათ უნდა აერჩიათ ჯანსაღი ცხვარი ან თხა, დაეკლათ ის და სისხლი კარისთავებისთვის ეპკურებინათ (გამ. 12:3—7). როგორ შეასრულა მოსემ ეს დავალება? მოგვიანებით მის შესახებ პავლე მოციქულმა დაწერა: „რწმენით მან პასექი და სისხლის პკურება მოაწყო, რათა შემმუსვრელი მათ პირმშოებს არ შეხებოდა“ (ებრ. 11:28). მოსე ენდობოდა იეჰოვას; მას სწამდა, რომ იეჰოვა თავის დაპირებას აღასრულებდა და ეგვიპტელთა პირმშოებს მოკლავდა.

11. რატომ გააფრთხილა მოსემ ისრაელები?

11 როგორც ჩანს, ამ დროს მოსეს ვაჟები მიდიანში, „შემმუსვრელისგან“ * შორს იყვნენ (გამ. 18:1—6). ამის მიუხედავად, მან ღვთის მითითება გადასცა ისრაელთა ოჯახებს, რომელთა ვაჟების სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა, რადგან მას უყვარდა თავისი თანამოძმეები. ბიბლიაში ვკითხულობთ: «მაშინვე მოუხმო მოსემ ისრაელის უხუცესებს და უთხრა: „ . . . დაკალით საპასექო მსხვერპლი“» (გამ. 12:21).

12. რა მნიშვნელოვან ცნობას ვამცნობთ ღვთის დავალებით?

12 დღეს იეჰოვას ხალხი ანგელოზების ხელმძღვანელობით აუწყებს ამ მნიშვნელოვან ცნობას: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა მისი სასამართლოს საათი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“ (გამოცხ. 14:7). დიახ, სწორედ რომ ახლაა ამ ცნობის ქადაგების დრო! ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ მოყვასი, რომ გამოვიდნენ დიდი ბაბილონიდან და არ მიიღონ „მისი წყლულები“ (გამოცხ. 18:4). „სხვა ცხვარი“ ცხებულ ქრისტიანებთან ერთად ეხვეწება ღვთისგან გაუცხოებულ ხალხს, რომ შეურიგდნენ ღმერთს (იოან. 10:16; 2 კორ. 5:20).

იეჰოვას დაპირებებისადმი ნდობა უფრო გაგიძლიერებთ სასიხარულო ცნობის ქადაგების სურვილს (იხილეთ მე-13 აბზაცი)

13. რა გაგიძლიერებთ სასიხარულო ცნობის ქადაგების სურვილს?

13 დარწმუნებულნი ვართ, რომ ნამდვილად მოვიდა „სასამართლოს საათი“. ჩვენ აგრეთვე დარწმუნებულნი ვართ იმაში, რომ იეჰოვა სწორად აფასებს სიტუაციას და ნამდვილად  დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების საქმე. მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა „დედამიწის ოთხ კუთხეში მდგომი ოთხი ანგელოზი, რომლებსაც მაგრად ეჭირათ დედამიწის ოთხი ქარი“ (გამოცხ. 7:1). ხედავთ რწმენის თვალით ანგელოზებს, რომლებიც მზად არიან, ხელი გაუშვან დიდი გასაჭირის გამანადგურებელ ქარებს, რომლებიც ქვეყნიერებას დაატყდება? თუ დიახ, მაშინ ეს დაგეხმარებათ, რომ სასიხარულო ცნობა უფრო დამაჯერებლად იქადაგოთ.

14. რა აღგვძრავს, რომ „გავაფრთხილოთ ბოროტი, მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან“?

14 ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის დღესვე დიდი სიხარული მოაქვს იეჰოვასთან მეგობრობასა და მარადიული სიცოცხლის იმედს. თუმცა ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას და კარგად გვესმის, რომ უნდა „გავაფრთხილოთ ბოროტი, მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან, რათა ცოცხალი დარჩეს“ (წაიკითხეთ ეზეკიელის 3:17—19). რა თქმა უნდა, ამ საქმეს იმიტომ არ ვასრულებთ, რომ სისხლის ღვრაში დამნაშავენი არ აღმოვჩნდეთ. ჩვენ ამას იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული გვაკეთებინებს. იესომ კეთილი სამარიელის იგავში ძალიან კარგად გაუსვა ხაზი იმას, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული და გულმოწყალება. აქედან გამომდინარე, ჩვენც გვმართებს შემდეგ კითხვაზე დაფიქრება: „ამ სამარიელის მსგავსად მეც მეწვება გული ხალხზე და მინდა, რომ მათ ვუქადაგო?“. ჩვენ ნამდვილად არ გვსურს, რომ იესოს იგავში მოხსენიებულ მღვდელს ან ლევიანს დავემსგავსოთ, თავი საპატიო მიზეზებით ვიმართლოთ და „გზის მეორე მხარეს გადავიდეთ“ (ლუკ. 10:25—37). ღვთის დაპირებებისადმი რწმენა და მოყვასის სიყვარული იმის სტიმულს მოგვცემს, რომ ბოლომდე დავიხარჯოთ ქადაგების საქმეში, ვიდრე დრო ჯერ კიდევ გვაქვს.

 მათ წითელი ზღვა ხმელეთივით გადაკვეთეს“

15. რატომ ფიქრობდნენ ისრაელები, რომ თითქოს მახეში იყვნენ გაბმულნი?

15 მოსეს უხილავი ღვთისადმი რწმენა მაშინაც დაეხმარა, როცა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ისრაელები საფრთხეში იყვნენ. ბიბლია გვატყობინებს: „გაიხედეს ისრაელის ძეებმა და დაინახეს, რომ მისდევდნენ ეგვიპტელები. შეეშინდათ ისრაელის ძეებს და შეღაღადეს იეჰოვას“ (გამ. 14:10—12). მაგრამ ჩნდება კითხვა: იცოდნენ ისრაელებმა, რომ ამგვარ ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ? დიახ, მათ იცოდნენ, რადგან იეჰოვას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა: „დავუშვებ, რომ გაუჯიუტდეს ფარაონს გული და დაედევნება მათ, მე კი დავამარცხებ ფარაონსა და მთელ მის ჯარს და დიდებას მოვიხვეჭ; და გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა“ (გამ. 14:4). ამის მიუხედავად, ისრაელები მაინც ადამიანური გადასახედიდან უყურებდნენ შექმნილ ვითარებას; ისინი ხედავდნენ, რომ წინამძღოლად 80 წლის მწყემსი ჰყავდათ, წინ წითელი ზღვა ედოთ, უკან კი ფარაონის სწრაფმავალი საომარი ეტლები მოსდევდათ. ამიტომ მათ ისეთი განცდა დაეუფლათ, რომ თითქოს მახეში იყვნენ გაბმულნი.

16. როგორ გააძლიერა რწმენამ მოსე წითელ ზღვასთან?

16 სამაგიეროდ, მოსე არ შემდრკალა. მიზეზი ის იყო, რომ ის რწმენის თვალებით ხედავდა წითელ ზღვასა და ფარაონის ჯარზე ბევრად უფრო აღმატებულსა და ძლიერს. მოსე ხედავდა, „იეჰოვასგან ხსნას“ და კარგად იცოდა, რომ იეჰოვა ისრაელებისთვის იბრძოლებდა (წაიკითხეთ გამოსვლის 14:13, 14). მისმა რწმენამ ღვთის ხალხი განამტკიცა. ბიბლია გვაუწყებს: „რწმენით მათ წითელი ზღვა ხმელეთივით გადაკვეთეს; ეგვიპტელებმაც დააპირეს, მაგრამ შთაინთქნენ“ (ებრ. 11:29). ამ ყოველივეს შემდეგ „შეეშინდა ხალხს იეჰოვასი და ირწმუნეს იეჰოვა და მოსე, მისი მსახური“ (გამ. 14:31).

17. რა მოვლენა გამოცდის ჩვენს რწმენას?

17 მალე, ერთი შეხედვით, შეიძლება ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს. დიდი გასაჭირის კულმინაციურ ეტაპამდე მთავრობების მიერ განადგურებული იქნება ჩვენზე ბევრად დიდი და გავლენიანი რელიგიები (გამოცხ. 17:16). იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენ ისეთივე დაუცველნი ვიქნებით, როგორც „უგალავნო გაშლილი დაბა . . . რომელსაც არც ურდულები აქვს და არც კარები“ (ეზეკ. 38:10—12, 14—16). ადამიანური თვალსაზრისით ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა წარმოუდგენელი იქნება. თქვენ როგორი რეაქცია გექნებათ მაშინ?

18. ახსენით, რატომ შეგვიძლია მტკიცედ დგომა დიდი გასაჭირის დროს?

18 ჩვენ შიშმა არ უნდა მოგვიცვას. იმიტომ, რომ იეჰოვამ თავის ხალხზე თავდასხმის შესახებ იწინასწარმეტყველა. მან ისიც იწინასწარმეტყველა, თუ როგორ დასრულდებოდა ეს თავდასხმა: „იმ დღეს, როცა გოგი მივა ისრაელის მიწაზე, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა, — რისხვა აღიგზნება ჩემს ნესტოებში. რისხვითა და მრისხანების ცეცხლით ვილაპარაკებ“ (ეზეკ. 38:18—23). ამის შემდეგ ღმერთი გაანადგურებს ყველას, ვისაც იეჰოვას ხალხისთვის ზიანის მიყენება სურდა. იმის რწმენა, თუ როგორ დასრულდება „იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე“, დაგეხმარებათ, იხილოთ „იეჰოვასგან ხსნა“ და ბოლომდე უერთგულოთ მას (იოელ. 2:31, 32).

19. ა) რამდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ იეჰოვასა და მოსეს? ბ) თუ „ყველა . . . [ჩვენს] გზაზე“ გავითვალისწინებთ იეჰოვას აზრს, შედეგად რა კურთხევას მოვიმკით?

19 ასე რომ, დღესვე მოემზადეთ ამ ამაღელვებელი მოვლენებისთვის და იყავით მტკიცენი, „თითქოს ხედავთ მას, ვინც უხილავია“! გაიღრმავეთ იეჰოვასთან მეგობრობა რეგულარული შესწავლისა და ლოცვის მეშვეობით. მოსეს ღმერთთან იმდენად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და იმდენად საუკეთესოდ გამოიყენა ის ღმერთმა, რომ ბიბლიაში ვკითხულობთ: „პირისპირ იცნობდა [მოსეს] იეჰოვა“ (კან. 34:10). მოსე განსაკუთრებული წინასწარმეტყველი იყო. თუმცა, თუ რწმენას გამოავლენთ, თქვენც დაუახლოვდებით იეჰოვას და შეძლებთ მის „დანახვას“. თუ „ყველა . . . [ჩვენს] გზაზე“ იეჰოვას აზრს გავითვალისწინებთ, რისკენაც ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, „ის გაგვისწორებს სავალს“ (იგავ. 3:6).

^ აბზ. 11 როგორც ჩანს, იეჰოვამ ეგვიპტეში განაჩენის აღსასრულებლად ანგელოზები გაგზავნა (ფსალმ. 78:49—51).