არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიოგრაფია

სრული დროით მსახურებამ წარმართა ჩემი ცხოვრება

სრული დროით მსახურებამ წარმართა ჩემი ცხოვრება

როდესაც სრული დროით მსახურებაში გატარებულ 65 წელზე ვფიქრობ, თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ ჩემი ცხოვრება სავსე იყო ბედნიერი დღეებით. თუმცა მქონია დამამწუხრებელი დღეებიც და ზოგჯერ იმედგაცრუებაც კი მიგრძვნია (ფსალმ. 34:12; 94:19). მაგრამ მთლიანობაში კურთხევებით დახუნძლული და აზრით სავსე ცხოვრება განვვლე!

1950 წლის 7 სექტემბერს, ბრუკლინის ბეთელის ოჯახის წევრი გავხდი. იმ დროს ბეთელის ოჯახში სხვადასხვა ეროვნების 19-დან 80 წლამდე ასაკის 355 და-ძმა მსახურობდა. მათ შორის ბევრი სულითცხებული ქრისტიანი იყო.

როგორ დავიწყე იეჰოვას მსახურება

ნათლობის დღე, 10 წლის ვარ

„ბედნიერი ღვთის“ მსახურების სურვილი დედამ შთამინერგა (1 ტიმ. 1:11). როცა მან იეჰოვას მსახურება დაიწყო, მაშინ ყმაწვილი გახლდით. 1939 წლის 1 ივლისს, 10 წლის ასაკში მოვინათლე კოლუმბუსში (ნებრასკა, აშშ.) გამართულ სამხარეო კონგრესზე (ახლანდელი სარაიონო კონგრესი). იმ დღეს დაახლოებით 100 ადამიანი შევიკრიბეთ დაქირავებულ შენობაში ჯოზეფ რუტერფორდის მოხსენების, „ფაშიზმი თუ თავისუფლება“, აუდიოჩანაწერის მოსასმენად. თემის მსვლელობისას ჩვენს პატარა დარბაზს, სადაც ვისხედით, გაშმაგებული ბრბო მოაწყდა. ისინი შიგნით შემოიჭრნენ, დაგვარბიეს და ქალაქიდან გაგვაძევეს. თუმცა ქალაქის მახლობლად მაინც შევიკრიბეთ ჩვენი ძმის ფერმაში და პროგრამის დარჩენილი ნაწილი იქ მოვისმინეთ. ჩემი ნათლობის დღე არასოდეს დამავიწყდება!

დედა მთელი გულმოდგინებით ცდილობდა, რომ ჭეშმარიტებაში აღვეზარდე. მამაჩემი კარგი მამა და მეოჯახე იყო, მაგრამ ნაკლებად აინტერესებდა რელიგიური საკითხები და ჩემი სულიერი კეთილდღეობა. დედამ ომაჰას კრების წევრებთან ერთად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სულიერად ჩემს გაძლიერებაში.

ჩემი არჩევანი

სკოლას ვამთავრებდი და ვფიქრობდი, რა გზა ამერჩია ცხოვრებაში. სკოლაში სწავლის დროს საზაფხულო არდადეგებზე თანატოლებთან ერთად ყოველთვის ვმსახურობდი დროებით პიონერად (ამჟამად დამხმარე პიონერი).

ერთ დღესაც ჩვენს ტერიტორიაზე მიმოსვლითი საქმის შემსრულებლებად დაინიშნენ სკოლა „გალაადის“ მე-7 კლასის კურსდამთავრებულები, დაუქორწინებელი ძმები ჯონ ჩიმიკლისი და თეოდორ იარაჩი. როცა გავიგე, რომ მხოლოდ 20 წელს გადაცილებულნი იყვნენ, ძალიან გამიკვირდა. მაშინ მე 18 წლისა ვიყავი და სკოლას ვამთავრებდი. დღემდე მახსოვს, როცა ძმა ჩიმიკლისმა მკითხა, რას აპირებ, რა გზას უნდა დაადგეო. როდესაც ჩემი გეგმების შესახებ ვუთხარი, მირჩია: „ძალიან კარგი. ახლავე დაიწყე სრული დროით მსახურება. არ იცი, როგორ წარმართავს ეს შენს ცხოვრებას“. ამ რჩევამ და მათმა სანიმუშო საქციელმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა.  ასე რომ, სკოლის დამთავრების შემდეგ, 1948 წელს პიონერობა დავიწყე.

მიწვევა ბეთელში

1950 წლის ივლისში მშობლებთან ერთად დავესწარი ნიუ-იორკში იანკის სტადიონზე გამართულ საერთაშორისო კონგრესს. აგრეთვე დავესწარი ბეთელში მსახურების მსურველთათვის განკუთვნილ შეხვედრას. დავწერე წერილი, რომელშიც აღვნიშნე, რომ სიამოვნებით ვიმსახურებდი ბეთელში.

მართალია, მამა წინააღმდეგი არ იყო, რომ პიონერად მემსახურა და სახლში მეცხოვრა, მაგრამ თვლიდა, რომ ჩემი ოთახისა და საზრდოსთვის მცირედი თანხა უნდა მიმეცა მისთვის. ერთ მშვენიერ დღეს, აგვისტოს დამდეგს, როცა სამუშაოს საძებნელად გავემართე, ჩემს ცხოვრებაში პირველად შევყოვნდი ჩვენს საფოსტო ყუთთან. იქ ჩემთვის ბრუკლინიდან გამოგზავნილი წერილი იდო. წერილს ხელს ნეითან ნორი აწერდა, მასში ნათქვამი იყო: „ჩვენ მივიღეთ თქვენი ბეთელში მსახურების განცხადება. როგორც მივხვდი, შენ მზად ხარ იმ დრომდე იმსახურო ბეთელში, ვიდრე უფალი ინებებს. შესაბამისად, 1950 წლის 7 სექტემბრიდან თქვენ მოწვეული ხართ ბეთელში და გამოცხადდით კოლუმბია-ჰაიტსის 124-ში (ბრუკლინი, ნიუ-იორკი)“.

იმ დღეს, როცა მამა სამსახურიდან დაბრუნდა, ვუთხარი, რომ სამსახური ვიშოვე. მან მითხრა: „კეთილი, სად იმუშავებ?“. მე ვუპასუხე: „ბრუკლინის ბეთელში, თვეში 10 დოლარი მექნება“. ამის გაგონებაზე მამა ცოტა არ იყოს შეცბა, მაგრამ მითხრა, რომ ვინაიდან ეს ჩემი არჩევანი იყო, მის განსახორციელებლად უნდა მეღვაწა კიდეც. 1953 წელს, ამ შემთხვევიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ, მამა იანკის სტადიონზე გამართულ კონგრესზე მოინათლა.

ჩემს პარტნიორთან, ალფრედ ნუსრალასთან, ერთად

საბედნიეროდ, ჩემი პარტნიორი ალფრედ ნუსრალა, რომელიც აგრეთვე პიონერად მსახურობდა, ამავე პერიოდში მიიწვიეს ბეთელში და ჩვენ ერთად გავემგზავრეთ. ალფრედი მოგვიანებით დაქორწინდა. მან თავის მეუღლესთან, ჯოანთან ერთად სკოლა „გალაადი“ დაამთავრა. სკოლის შემდეგ ისინი ჯერ ლიბანში მისიონერებად მსახურობდნენ, ხოლო შემდეგ შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ და მიმოსვლით მსახურებას შეუდგნენ.

დავალებები ბეთელში

ბეთელში პირველად საამკინძაოში დავიწყე მუშაობა. პირველი წიგნი, რაზეც მუშაობა მომიწია, იყო: „რა მოუტანა რელიგიამ კაცობრიობას?“. საამკინძაოში რვათვიანი მუშაობის შემდეგ სამსახურებრივ განყოფილებაში გადამიყვანეს, სადაც ტომას სალივანის ხელმძღვანელობით უნდა მემუშავა. ერთი სიამოვნება იყო მასთან თანამშრომლობა და იმ სულიერი სიბრძნითა თუ წვდომის უნარით სარგებლობა, რაც მას წლების განმავლობაში ორგანიზაციაში მსახურებამ შესძინა.

სამსახურებრივ განყოფილებაში სამწლიანი მსახურების შემდეგ მაქს ლარსონმა, სტამბის ზედამხედველმა, მითხრა, რომ ნორს ჩემი ნახვა სურდა. უცებ გავიფიქრე, რამე ხომ არ დავაშავე-მეთქი. გულზე მომეშვა, როცა ძმა ნორმა მკითხა, ხომ არ ვაპირებდი უახლოეს მომავალში ბეთელიდან წასვლას. მას სჭირდებოდა ძმა, რომელიც მასთან ოფისში დროებით იმუშავებდა და აინტერესებდა, რამდენად გავართმევდი საქმეს თავს. ვუთხარი, რომ არ ვაპირებდი ბეთელიდან წასვლას. ჩემდა სასიხარულოდ, წილად მხვდა პატივი, რომ 20 წელი მის გვერდით მემსახურა.

ხშირად ვამბობ, რომ ვერასოდეს დავფარავდი იმ განათლების საფასურს, რაც ტომას სალივანთან და ნეითან ნორთან თანამშრომლობამ შემძინა; იმავეს თქმა შემიძლია ბეთელში მომსახურე ისეთ ძმებზე, როგორებიც იყვნენ: მილტონ ჰენშელი, კლაუს ჯენსენი, მაქს ლარსონი, ჰიუგო რიმერი და გრანტ სუიტერი. *

 ის ძმები, რომელთა გვერდითაც ვმუშაობდი, ძალიან ორგანიზებულად ასრულებდნენ თავიანთ დავალებებს. ძმა ნორი დაუღალავი და მშრომელი ადამიანი იყო; მას ძალიან სურდა, რომ სამეფოს საქმე წარმატებული ყოფილიყო და დიდი მასშტაბებისთვის მიეღწია. მის ოფისში მომუშავენი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ იგი უშუალო ადამიანი იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება გვქონდა, ჩვენ თამამად გამოვთქვამდით საკუთარ აზრს და არ გვეშინოდა, რომ მის თვალში ნდობას დავკარგავდით.

ერთხელ ძმა ნორი დამელაპარაკა და მითხრა, რომ უყურადღებოდ არ დამეტოვებინა წვრილმანი საკითხები. თვალსაჩინოებისთვის მან ერთი შემთხვევა გაიხსენა. თურმე, როცა სტამბის ზედამხედველი ყოფილა, მისთვის ძმა რუტერფოდს დაურეკავს და უთქვამს: „ძმაო ნორ, როცა სადილად მოხვალ, საშლელები გამოაყოლე, მჭირდება“. ძმა ნორმა მითხრა, რომ ის მაშინვე წასულა საწყობში, აუღია საშლელები, ჯიბეში ჩაუწყვია და შუადღით რუტერფორდისთვის ოფისში მიუტანია. მართალია, საშლელი უმნიშვნელო ნივთი იყო, მაგრამ რუტერფორდს ის სჭირდებოდა. შემდეგ ნორმა მითხრა: „გთხოვ ყოველ დილით ჩემს მაგიდაზე კარგად გათლილი ფანქრები დამახვედრე“. წლების განმავლობაში ასეც ვიქცეოდი.

ძმა ნორი ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ რაიმე დავალების შესრულებამდე ჯერ ყურადღებით მოსმენა იყო საჭირო. ერთხელ მან დაწვრილებით ამიხსნა, თუ როგორ უნდა შემესრულებინა კონკრეტული საქმე, მაგრამ გულდასმით ვერ მოვუსმინე. შედეგი კი ის იყო, რომ ის უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდე. თავი ისე ცუდად ვიგრძენი, რომ პატარა წერილი მივწერე ძმა ნორს, სადაც აღვნიშნე, რომ ვნანობდი ჩემს შეცდომას და უკეთესი იქნებოდა, თუ ოფისიდან დამითხოვდა. იმავე დღეს ის ჩემს მაგიდასთან მოვიდა და მითხრა: „რობერტ, წავიკითხე შენი წერილი. კი, შენ დაუშვი შეცდომა. ამის შესახებ გითხარი კიდეც; დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ უფრო ყურადღებით იქნები. მოდი, ახლა სამუშაოს მივხედოთ“. ძალიან დავაფასე მისი ამგვარი მიდგომა.

დაქორწინების სურვილი

ბეთელში 8-წლიანი მსახურების შემდეგ ჩემი მიზანი ის იყო, რომ არ შემეწყვიტა ბეთელში მსახურება. თუმცა მოგვიანებით სხვა მიზანიც გამიჩნდა. 1958 წელს საერთაშორისო კონგრესზე, რომელიც იანკის სტადიონსა და პოლო-გრაუნდსზე გაიმართა, კვლავ შევხვდი ერთ დას, ლორენ ბრუკს, რომელიც 1955 წელს გავიცანი მონრეალში (კანადა), სადაც ის პიონერად მსახურობდა. გამაოცა მისმა განწყობამ, მას ძალიან უყვარდა სრული დროით მსახურება და მზად იყო, იქ წასულიყო, სადაც იეჰოვას ორგანიზაცია გაგზავნიდა. ლორენის მიზანი სკოლა „გალაადში“ სწავლა იყო და 1956 წელს, 22 წლის ასაკში, მოხვდა კიდეც 27-ე კლასში. სკოლის დამთავრების შემდეგ ის მისიონერად ბრაზილიაში გაგზავნეს. 1958 წელს ჩვენ განვაახლეთ ურთიერთობა; მე მას ცოლობა შევთავაზე, რაზეც ის დამთანხმდა. დაქორწინებას მომდევნო წელს ვფიქრობდით და ვიმედოვნებდით, რომ ერთად გავაგრძელებდით მისიონერულ მსახურებას.

როდესაც ჩემი გეგმების შესახებ ძმა ნორს ველაპარაკე, მან მირჩია, რომ 3 წელი მოგვეცადა, შემდეგ დავქორწინებულიყავით და გვემსახურა ბრუკლინის ბეთელში. იმ დროს დაქორწინების შემდეგ წყვილი  ბეთელში იმ შემთხვევაში დარჩებოდა, თუ ერთ-ერთს ბეთელში 10 ან უფრო მეტი წელი ჰქონდა ნამსახურები, ხოლო მეორეს სულ მცირე 3 წელი მაინც. ამიტომ ლორენი დათანხმდა, რომ 2 წელი ბრაზილიის ბეთელში ემსახურა და შემდეგ ერთი წელი ბრუკლინის ბეთელში.

ნიშნობიდან პირველი 2 წლის განმავლობაში ერთმანეთთან მხოლოდ წერილებით ვურთიერთობდით. ტელეფონით საუბარი ძალიან ძვირი იყო. იმ დროს არც ელექტრონული ფოსტა არსებობდა. ჩვენ დავქორწინდით 1961 წლის 16 სექტემბერს; წილად გვხვდა პატივი, საქორწინო მოხსენება ძმა ნორს წარმოეთქვა. მართალი რომ გითხრათ, ეს სამი წელი ჩემთვის საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. მაგრამ ამ გადასახედიდან, ახლა, როცა 50 წელზე მეტია, რაც დაქორწინებულები ვართ, დიდ სიხარულსა და კმაყოფილებას ვგრძნობთ და ვფიქრობთ, რომ ამისთვის ნამდვილად ღირდა ლოდინი.

ჩვენი ქორწილის დღე. მარცხნიდან: ნეითან ნორი, პატრიცია ბრუკსი (ლორენის და), ლორენი, მე, კერტის ჯონსონი, ფეი და როი უოლენები (ჩემი მშობლები)

მრავალფეროვანი მსახურება

1964 წელს წილად მერგო პატივი, მემსახურა სამხარეო ზედამხედველად და მომენახულებინა სხვადასხვა ქვეყნის ფილიალები. იმ დროს ქმრებს ცოლები არ დაჰყვებოდნენ მონახულებებზე. 1977 წელს ამ საკითხისადმი მიდგომა შეიცვალა. ამავე წელს მე და ლორენი გრანტ და ედით სუიტერებს გავყევით და მათთან ერთად მოვინახულეთ გერმანიის, ავსტრიის, საბერძნეთის, კვიპროსის, თურქეთისა და ისრაელის ფილიალები. მთლიანობაში 70-მდე ქვეყანაში ვიყავი.

1980 წელს, ბრაზილიაში ყოფნის დროს, გზად ეკვატორზე მდებარე ქალაქ ბელენში შევჩერდით, სადაც ლორენი ერთ დროს მისიონერად მსახურობდა. ჩვენ აგრეთვე გავჩერდით ქალაქ მანაუსში და მოვინახულეთ ძმები. სამხარეო ზედამხედველის მოხსენების მოსასმენად და-ძმები სტადიონზე შეიკრიბნენ. პროგრამის მსვლელობისას თვალი მოვკარით პატარა ჯგუფს, რომლებიც ბრაზილიელებისგან ძალიან განსხვავებულად იქცეოდნენ — ქალები ერთმანეთს ლოყაზე არ კოცნიდნენ და მამაკაცები კი ერთმანეთს ხელს არ ართმევდნენ. ძალიან დავინტერესდით, რა იყო ამის მიზეზი.

ისინი ამაზონის ტროპიკული ტენიანი ტყეების შუაგულში მდებარე კეთროვანთა კოლონიიდან ჩამოსული ჩვენი საყვარელი თანამორწმუნეები იყვნენ. ისინი ცდილობდნენ, სხვებს არ მიახლოვებოდნენ და მათთვისაც არ გადაედოთ ეს დაავადება. თუმცა მათი გაბრწყინებული სახეები გულში სამუდამოდ ჩაგვრჩა და არასდროს დაგვავიწყდება. მართლაც, უდავოდ ჭეშმარიტია ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები: „ჩემი მსახურები სიხარულით შესძახებენ მხიარული გულის გამო“ (ეს. 65:14).

კურთხეული და აზრიანი ცხოვრება

მე და ლორენი ხშირად ვფიქრობთ იეჰოვას მსახურებაში განვლილ ცხოვრებაზე, რომელიც 60 წელზე მეტს ითვლის. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ იეჰოვას მივეცით საშუალება, ეხელმძღვანელა ჩვენთვის თავისი ორგანიზაციის მეშვეობით, რამაც უამრავი კურთხევა მოგვიტანა. მართალია, დღეს იმის ძალა აღარ შემწევს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ფილიალები მოვინახულო, მაგრამ სამაგიეროდ შემიძლია ვიმუშაო ხელმძღვანელი საბჭოს დამხმარედ და ვითანამშრომლო კოორდინატორთა და სამსახურებრივ კომიტეტებთან. დიდად მადლიერი ვარ, რომ ჩემი პატარა წვლილი შემაქვს მსოფლიო საძმოს მხარდასაჭერად. კვლავაც მაოცებს იმ უამრავი ახალგაზრდა და-ძმის ხილვა, რომლებიც სრული დროით მსახურობენ და ესაიას მსგავსი სულისკვეთება აქვთ: „მე წავალ! მე გამგზავნე!“ (ეს. 6:8). ამ ადამიანების განწყობა ნამდვილად ეხმიანება დიდი ხნის წინ ნათქვამი სარაიონო ზედამხედველის სიტყვებს: „ახლავე დაიწყე სრული დროით მსახურება. არ იცი, როგორ წარმართავს ეს შენს ცხოვრებას“.

^ აბზ. 20 ამ ძმებიდან ზოგის ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ ინგლისურ ენაზე გამოცემულ „საგუშაგო კოშკის“ შემდეგ ნომრებში: ტომას სალივანი (1965 წლის 15 აგვისტო), კლაუს ჯენსენი (1969 წლის 15 ოქტომბერი), მაქს ლარსონი (1989 წლის 1 სექტემბერი), ჰიუგო რიმერი (1964 წლის 15 სექტემბერი) და გრანტ სუიტერი (1983 წლის 1 სექტემბერი).