არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დროულად იღებთ სულიერ საზრდოს?

დროულად იღებთ სულიერ საზრდოს?

ჩვენ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე რთულ პერიოდში ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1—5). ყოველდღე გვიწევს იმის მტკიცება, რომ ნამდვილად გვიყვარს იეჰოვა და ვერთგულობთ მის სამართლიან პრინციპებს. იესომ იწინასწარმეტყველა ამ ძნელად ასატან დროზე და თავისი მიმდევრები დააიმედა, რომ ბოლომდე ერთგულების შესანარჩუნებლად მხარს დაუჭერდა (მათ. 24:3, 13; 28:20). სწორედ ამ მიზნით დანიშნავდა „ერთგულ მონას“, რომელიც დროულად მისცემდა მათ სულიერ საზრდოს (მათ. 24:45, 46).

1919 წელს იესომ „ერთგული მონა“ დანიშნა. ამ დროიდან მოყოლებული სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე მილიონობით „შინაური“ ერთიანდება ღვთის ორგანიზაციაში და სულიერად ნაყრდება (მათ. 24:14; გამოცხ. 22:17). თუმცა ყველა ენაზე თანაბარი რაოდენობის სულიერი საზრდო არ მზადდება და ბევრს არც ელექტრონულ პუბლიკაციებზე მიუწვდება ხელი. მაგალითად, მრავალ მაუწყებელს ხელი არ მიუწვდება იმ ვიდეორგოლებსა და სტატიებზე, რაც მხოლოდ ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი ვერ იღებენ სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად საჭირო საზრდოს? სწორ დასკვნამდე რომ მივიდეთ, მოდი, პასუხი გავცეთ ქვემოთ მოყვანილ ოთხ შეკითხვას.

 1. რომელი ძირითადი „ინგრედიენტით“ მზადდება სულიერი საზრდო?

როდესაც სატანამ გამოცდის მიზნით იესოს უთხრა, რომ ქვები პურებად ექცია, მან მიუგო: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათ. 4:3, 4). იეჰოვას სიტყვებს კი ბიბლიაში ვკითხულობთ (2 პეტ. 1:20, 21). მაშასადამე, ჩვენი სულიერი საზრდოს უცვლელი „ინგრედიენტი“ ბიბლიაა (2 ტიმ. 3:16, 17).

იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციამ გამოსცა „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ეს თარგმანი, მთლიანად ან ნაწილობრივ, 120-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი და ყოველწლიურად უფრო მეტ ენაზე ითარგმნება. ამ თარგმანის გარდა, ბიბლიის უამრავი სხვა თარგმანიც არსებობს, რომლის მილიარდობით ეგზემპლარია გამოცემული ათასობით ენაზე, მთლიანად ან ნაწილობრივ. ბიბლიის ასეთი გასაოცარი ტირაჟი იმაზე მოწმობს, რომ ღვთის ნებაა, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4). ვინაიდან „არც ერთი ქმნილება არ არის დაფარული მისგან [იეჰოვასგან]“, დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ის „სულიერს მოწყურებულთ“ თავის ორგანიზაციაში მოიყვანს და სულიერადაც დააპურებს (ებრ. 4:13; მათ. 5:3, 6; იოან. 6:44; 10:14).

2. რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს პუბლიკაციები ჩვენს სულიერ გამოკვებაში?

ადამიანს რომ ძლიერი რწმენა განუვითარდეს, მხოლოდ ბიბლიის კითხვით არ უნდა შემოიფარგლოს. ის უნდა ჩასწვდეს წაკითხულს და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოს (იაკ. 1:22—25). ამ სიტყვების ჭეშმარიტება საკუთარ თავზე გამოსცადა პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ეთიოპმა საჭურისმა. ის ღვთის სიტყვას კითხულობდა, როცა მახარობელმა ფილიპემ ჰკითხა: „გესმის, რასაც კითხულობ?“. საჭურისმა მიუგო: „როგორ გავიგებ, თუ არავინ მასწავლა?“ (საქ. 8:26—31). ფილიპე საჭურისს ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნის მიღებაში დაეხმარა. ნასწავლი საჭურისს გულის სიღრმემდე ჩასწვდა და მოინათლა (საქ. 8:32—38). მსგავსადვე, ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციები გვეხმარება ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის შეძენაში. ისინი არ გვტოვებს გულგრილს და აღგვძრავს, რომ ნასწავლის თანახმად მოვიქცეთ (კოლ. 1:9, 10).

მრავალფეროვანი პუბლიკაციების სახით იეჰოვას მსახურებს მართლაც უხვად აქვთ სულიერი საჭმელ-სასმელი (ეს. 65:13). მაგალითად, ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ 210-ზე მეტ ენაზე გამოიცემა; ის გვიხსნის ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, გვეხმარება ღვთის სიტყვის სიღრმეების გაგებაში და გვისახავს სურვილს, რომ ვიცხოვროთ ბიბლიური პრინციპებით. რაც შეეხება ჟურნალს „გამოიღვიძეთ!“, რომელიც დაახლოებით 100 ენაზე გამოიცემა, იგი გვაცნობს იეჰოვას დიდებულ შემოქმედებით საქმეებს და გვიჩვენებს, როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური რჩევები, რომლებიც დღემდე არ კარგავენ პრაქტიკულობას (იგავ. 3:21—23; რომ. 1:20). „ერთგული მონა“ ბიბლიაზე დაფუძნებულ სულიერ საზრდოს 680-ზე მეტ ენაზე გამოსცემს! მოდი, ახლა რამდენიმე კითხვას ვუპასუხოთ: გამოვყოფთ ყოველდღიურად დროს ბიბლიის წასაკითხად? ვკითხულობთ ყოველ ახალ ნომერს და ვეცნობით ყველა ახალ პუბლიკაციას, რომელიც ჩვენს მშობლიურ ენაზე გამოიცემა ყოველწლიურად?

იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია, გარდა პუბლიკაციებისა, კრებისა თუ კონგრესის მოხსენებებისთვისაც ადგენს ბიბლიაზე დაფუძნებულ გეგმებს. გსიამოვნებთ, როცა ასეთ შეხვედრებზე მოხსენებებსა და ინტერვიუებს ისმენთ, და თვალს ადევნებთ დრამებსა და ინსცენირებებს? იეჰოვა ნამდვილად მეფურ სუფრას გვიშლის! (ეს. 25:6).

 3. თუ თქვენს ენაზე არაა ხელმისაწვდომი ყველა პუბლიკაცია, ნიშნავს ეს იმას, რომ არ გაქვთ საკმარისი სულიერი საზრდო?

რასაკვირველია, არა. არაფერია უჩვეულო იმაში, თუ დროის კონკრეტულ მონაკვეთში, იეჰოვას მსახურთაგან ვინმეს უფრო მეტ სულიერ საზრდოზე მიუწვდება ხელი, ვიდრე — სხვას. მაგალითად, ვნახოთ, როგორი ვითარება იყო ამ მხრივ პირველ საუკუნეში. მოციქულები, რომელთაც ბევრი რამ უშუალოდ იესოსგან ჰქონდათ ნასწავლი, გაცილებით მეტ ცოდნას ფლობდნენ, ვიდრე მათი თანამედროვე მოწაფეები (მარ. 4:10; 9:35—37). თუმცა ერთი რამ ფაქტია: მოწაფეებს ნამდვილად საკმარისად ჰქონდათ სულიერი საზრდო, რადგან მათ იცოდნენ ის ყველაფერი, რაც რეალურად სჭირდებოდათ (ეფეს. 4:20—24; 1 პეტ. 1:8).

ისიც აღსანიშნავია, რომ სახარებებში არაა ჩაწერილი ყველაფერი, რაც იესოს დედამიწაზე ყოფნისას უთქვამს ან გაუკეთებია. მოციქულმა იოანემ დაწერა: „სხვაც ბევრი რამ გააკეთა იესომ. ყველაფერი დაწვრილებით რომ დაწერილიყო, ვფიქრობ, ქვეყნიერებაც ვერ დაიტევდა დაწერილ გრაგნილებს“ (იოან. 21:25). მართალია, პირველ საუკუნეში მცხოვრებმა იესოს მიმდევრებმა გაცილებით მეტი იცოდნენ ამ სრულყოფილი მამაკაცის შესახებ, ვიდრე — ჩვენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკმარისი სულიერი საზრდო არ გვაქვს. იეჰოვამ იზრუნა, რომ იმდენი გვცოდნოდა ქრისტეზე, რამდენიც მისი ნაკვალევის ფეხდაფეხ მიყოლაში დაგვეხმარებოდა (1 პეტ. 2:21).

ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ პირველ საუკუნეში მოციქულთა წერილებიდან ყველა არ შესულა საღვთო წერილში. ასეთი, სულ მცირე, ერთია, მაგალითად, პავლეს მიერ ლაოდიკეელებისთვის მიწერილი წერილი (კოლ. 4:16). რაკიღა ამ წერილზე ხელი არ მიგვიწვდება, ნიშნავს ეს იმას, რომ სულიერი საზრდო გვაკლია? სრულებითაც არა! იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება და გვაძლევს იმდენს, რამდენიც ჩვენი სულიერი სიმხნევისთვისაა საჭირო (მათ. 6:8).

იეჰოვამ იცის, რა გვჭირდება და გვაძლევს იმდენს, რამდენიც ჩვენი სულიერი სიმხნევისთვისაა საჭირო

დღეისათვის ზოგ იეჰოვას მოწმეს უხვად აქვს სულიერი საზრდო, რასაც ვერ ვიტყვით ყველა მოწმეზე. თქვენი ენაც ხომ არ არის იმ ენათაგან ერთ-ერთი, რომელზეც მხოლოდ ზოგიერთი პუბლიკაციაა გამოცემული? თუ ასეა, იცოდეთ, რომ იეჰოვა ზრუნავს თქვენზე. შეისწავლეთ თქვენს ენაზე ხელმისაწვდომი პუბლიკაციები და თუ შესაძლებელია, დაესწარით კრების შეხვედრას იმ ენაზე, რომელიც გესმით. ეჭვი ნუ შეგეპარებათ, რომ იეჰოვა სულიერად გაგაძლიერებთ (ფსალმ. 1:2; ებრ. 10:24, 25).

4. თუ ხელი არ მიგიწვდებათ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ პუბლიკაციებზე, ნიშნავს ეს იმას, რომ სულიერად დასუსტდებით?

ჩვენს ვებ-გვერდზე ქვეყნდება ჟურნალებისა და ბიბლიაზე დაფუძნებული სხვა პუბლიკაციების ელექტრონული ეგზემპლარები. ვებ-გვერდზე აგრეთვე თავსდება მასალა, რომელიც საუკეთესო დახმარებას უწევს დაქორწინებულ წყვილებს, მოზარდებსა თუ იმ ოჯახებს, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ. ეს ინფორმაცია მეტად პრაქტიკულია იმ ოჯახებისთვის, რომლებიც მას თაყვანისცემის საღამოზე განიხილავენ. ჩვენს ვებ-გვერდზე აგრეთვე დროდადრო თავსდება განსაკუთრებული შეხვედრების, მაგალითად, სკოლა „გალაადის“ გამოსაშვები პროგრამისა და ყოველწლიური შეხვედრის მიმოხილვა. ამასთანავე, მსოფლიო საძმოს ინფორმირების მიზნით ქვეყნდება ახალი ამბები იმ სტიქიური უბედურებებისა თუ იურიდიული სიახლეების შესახებ, რომლებიც იეჰოვას ხალხს უკავშირდება (1 პეტ. 5:8, 9). ვებ-გვერდი ქადაგების კარგი საშუალებაცაა, რადგან მისი მეშვეობით სასიხარულო ცნობა იმ ქვეყნებამდეც კი აღწევს, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია.

თქვენ მაინც შეძლებთ სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებას, იმისდა მიუხედავად, მიგიწვდებათ თუ არა ხელი საზოგადოების ვებ-გვერდზე. „ერთგული და გონიერი მონა“ მძიმედ შრომობს იმისათვის, რომ საკმარისი რაოდენობით გამოსცეს ბეჭდვითი მასალა, რათა თითოეული „შინაური“ სულიერად დანაყრებული იყოს. ასე რომ, თავს ნუ დაივალდებულებთ და მხოლოდ იმის გამო ნუ იყიდით რომელიმე ელექტრონულ მოწყობილობას, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალას გაეცნოთ. ზოგმა შეიძლება პირადი ინიციატივით ჩვენი ვებ-გვერდიდან სტატიები ამოუბეჭდოს მათ, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს კრების პასუხისმგებლობაში არ შედის.

უზომოდ მადლიერნი ვართ ქრისტესი, რომ ასრულებს თავის დაპირებას და ზრუნავს ჩვენს სულიერ საჭიროებებზე. ჩვენ ერთ რამეში ეჭვი არ გვეპარება: ამ ქვეყნიერების მიწურულს იეჰოვა არ მოგვაკლებს დროულ სულიერ საზრდოს!