არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველგან და ყოველთვის უსმინეთ იეჰოვას ხმას!

ყველგან და ყოველთვის უსმინეთ იეჰოვას ხმას!

«შენს ყურს უკნიდან მოესმება სიტყვა: „ეს არის გზა“» (ეს. 30:21).

1, 2. რა სახით ურთიერთობს იეჰოვა თავის მსახურებთან?

მთელი ბიბლიური ისტორიის მანძილზე იეჰოვა ადამიანებს სხვადასხვა სახით ხელმძღვანელობდა. ზოგს ანგელოზების მეშვეობით ესაუბრებოდა, ზოგს კი სიზმრებსა თუ ხილვებს აჩვენებდა და ამგვარად უმჟღავნებდა, რა მოხდებოდა მომავალში. იეჰოვა მათ კონკრეტულ დავალებებსაც აძლევდა (რიცხ. 7:89; ეზეკ. 1:1; დან. 2:19). ზოგიც მითითებებს იეჰოვას წარმომადგენლებისგან იღებდა, რომლებიც მისი ორგანიზაციის მიწიერ ნაწილში მსახურობდნენ. იმისდა მიუხედავად, თუ რა სახით აწვდენდა იეჰოვა თავის ხალხს ხმას, ერთი რამ ცხადია, ვინც მის რჩევებს ყურად იღებდა, კურთხევებიც არ აკლდა.

2 დღეს იეჰოვა თავის ხალხს ბიბლიის, წმინდა სულისა და ქრისტიანული კრებების მეშვეობით ხელმძღვანელობს (საქ. 9:31; 15:28; 2 ტიმ. 3:16, 17). ღმერთი იმდენად აშკარად გვხელმძღვანელობს, რომ თითქოს ჩვენს ყურს უკნიდან ესმის სიტყვები: „ეს არის გზა, იარეთ მასზე“ (ეს. 30:21). იეჰოვას ხმას იესო ქრისტეც გვაწვდენს კრებების დახმარებით, რომლებსაც ის „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით ხელმძღვანელობს (მათ. 24:45). აქედან გამომდინარე, მთელი სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ ღვთის ხელმძღვანელობასა და მითითებებს, რადგან სწორედ ჩვენს მორჩილებაზეა დამოკიდებული, ვიცხოვრებთ თუ არა მარადიულად (ებრ. 5:9).

3. რამ შეიძლება გაგვიძნელოს იეჰოვასადმი მორჩილება? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

3 სატანა ეშმაკის მიზანია, რომ გააუბრალოოს და გააუფასუროს იეჰოვასგან მომდინარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მითითებები.  უფრო მეტიც, იეჰოვასადმი მორჩილება შეიძლება ჩვენმა ვერაგმა გულმაც გაგვიძნელოს (იერ. 17:9). ამიტომ ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ შეგვიძლია იმ სირთულეების დაძლევა, რომელიც იეჰოვას ხმის მოსმენაში გვიშლის ხელს. ამასთანავე გავიგებთ, როგორ გვეხმარება იეჰოვას ხმის მოსმენა და ლოცვა ნებისმიერ ვითარებაში მასთან ახლო ურთიერთობის განვითარებაში.

წინააღმდეგობა გაუწიეთ სატანის ხრიკებს

4. როგორ უწამლავს სატანა ხალხს აზროვნებას?

4 სატანა ხალხის აზროვნებას დეზინფორმაციისა და ცრუ პროპაგანდის მეშვეობით წამლავს (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:19). დღეს ინფორმაცია მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ ბეჭდვითი სახით, არამედ რადიოს, ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობითაც ვრცელდება. მასმედიით გაშუქებული ინფორმაცია შეიძლება საინტერესო იყოს, მაგრამ ხშირად მედიასაშუალებები პოპულარიზაციას უწევენ იეჰოვას ნორმების საწინააღმდეგო ქცევებსა თუ ფასეულობებს (იერ. 2:13). მაგალითად, საინფორმაციო საშუალებები თუ გართობის ინდუსტრია ხშირად ერთსქესიანთა ქორწინებას წარმოგვიდგენენ, როგორც სავსებით ბუნებრივ კავშირს; აქედან გამომდინარე, ბევრი ფიქრობს, რომ ბიბლიის თვალსაზრისი ჰომოსექსუალიზმზე რადიკალურია (1 კორ. 6:9, 10).

5. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სატანის პროპაგანდის წამლეკავმა მორევმა არ ჩაგვითრიოს?

5 რა უნდა გავაკეთოთ ღვთის სამართლიანი პრინციპების მოყვარულებმა, რომ სატანის პროპაგანდის წამლეკავმა მორევმა არ ჩაგვითრიოს? როგორ უნდა განვასხვავოთ კარგი ცუდისგან? ბიბლია გვპასუხობს, რომ უნდა „ვიფხიზლოთ . . . [ღვთის] სიტყვის თანახმად“ (ფსალმ. 119:9). ღვთის სიტყვაში მოცემულია ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც სიმართლის სიცრუისგან გარჩევაში დაგვეხმარება (იგავ. 23:23). იესო ქრისტემ თქვა: „კაცმა . . . უნდა იცოცხლოს . . . იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათ. 4:4). ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ გამოვიყენოთ ბიბლიური პრინციპები ცხოვრებაში. მაგალითად, ვიდრე იეჰოვა თავის ხალხს მოსეს მეშვეობით მრუშობასთან დაკავშირებულ კანონს მისცემდა, იოსებს, რომელიც მასზე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა, ესმოდა, რომ მრუშობა ღვთის თვალში ცოდვა იყო. მას ფიქრადაც კი არ მოსვლია იეჰოვას წინააღმდეგ წასვლა მაშინ, როცა ფოტიფარის ცოლი შეუჩნდა და მის შეცდენას ლამობდა (წაიკითხეთ დაბადების 39:7—9). მიუხედავად იმისა, რომ ბატონის ცოლი მოსვენებას არ აძლევდა, ქალის ხმამ იეჰოვას ხმა ვერ ჩაახშო. მაშასადამე, იმისათვის, რომ სწორი არასწორისაგან გავარჩიოთ, აუცილებელია, იეჰოვას ხმას ვუსმინოთ, რათა ყური არ დაგვიხშოს სატანის პროპაგანდის ყურისწამღებმა გუგუნმა!

6, 7. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ყური არ დავუგდოთ სატანის მზაკვრულ რჩევებს?

6 მსოფლიო იმდენად მოიცვა ურთიერთსაწინააღმდეგო რელიგიურმა სწავლებებმა და მოძღვრებებმა, რომ ბევრის აზრით შეუძლებელია ჭეშმარიტი რელიგიის პოვნა. თუმცა იეჰოვა თავის მითითებებს ხელმისაწვდომს ხდის მათთვის, ვინც მათ სასარგებლოდ მიიჩნევს. ასე რომ, არჩევანი ჩვენზეა: ჩვენზეა დამოკიდებული, ვის მოვუსმენთ. ერთი რამ ფაქტია, შეუძლებელია, ადამიანი ერთდროულად ორ ხმას უსმენდეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვცნობდეთ იესოს ხმას და  უნდა ვუსმენდეთ მას. სწორედ იესო ქრისტეა ის, ვინც იეჰოვამ თავისი „ცხვრის“ მწყემსად დანიშნა (წაიკითხეთ იოანეს 10:3—5).

7 იესომ მოგვიწოდა: „დაუკვირდით, რასაც ისმენთ“ (მარ. 4:24). მართალია, იეჰოვას რჩევები ნათელი და უნაკლოა, მაგრამ მათი ცხოვრებაში გამოყენება რომ შევძლოთ, ამისათვის გულის წინასწარ მომზადებაა საჭირო. თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ, შეიძლება ყური სატანის მზაკვრულ რჩევებს დავუგდოთ და აღარ მოვუსმინოთ მოსიყვარულე ღვთის დარიგებას. ერთი რამ დაიხსომეთ: ნურასდროს მისცემთ ქვეყნიურ მუსიკას, ფილმებს, ტელე-გადაცემებს, წიგნებს, თანატოლებს, მასწავლებლებსა თუ ე.წ. ექსპერტებს თქვენი ცხოვრების მართვის საშუალებას (კოლ. 2:8).

8. ა) როგორ შეიძლება ცოდვისკენ მიდრეკილი ბუნება აქილევსის ქუსლად გვექცეს? ბ) რა შეიძლება მოხდეს, თუ „დაავადების სიმპტომებს“ წავუყრუებთ?

8 სატანამ უწყის, რომ ცოდვისკენ ვართ მიდრეკილნი და უნდა, რომ მის მონად გვაქციოს. როდესაც იგი ჩვენს გულისთქმებს ჩვენსავე საწინააღმდეგოდ იყენებს, უმწიკვლობის შენარჩუნება უფრო და უფრო რთული ხდება (იოან. 8:44—47). ჩნდება კითხვა: როგორ მოვიგერიოთ სატანის თავდასხმები? წუთიერ სიამოვნებას აყოლილმა ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ ჩაიდინოს, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა (რომ. 7:15). რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ დროთა განმავლობაში ადამიანს სულიერი გაგებით ყურთ დააკლდეს და ადეკვატურად ვეღარ რეაგირებდეს იეჰოვასგან მომდინარე გაფრთხილებებზე. შესაძლოა მან ვერ შენიშნოს გულში მიმდინარე საეჭვო ცვლილებები ან მათზე განგებ დახუჭოს თვალი. მისი „დაავადების სიმპტომები“ შესაძლოა ის იყო, რომ აღარ ლოცულობდა, მსახურებაში მოიკოჭლებდა ან ხშირად უცდებოდა კრების შეხვედრები. საბოლოოდ კი დანებდა გულისთქმას და არასწორი საქციელი ჩაიდინა. ჩვენ რას ვსწავლობთ აქედან? სერიოზული შეცდომის ჩადენისგან იმ შემთხვევაში ვიქნებით დაცულნი, თუ არ წავუყრუებთ „დაავადების სიმპტომებს“ და დაუყოვნებლივ მივიღებთ ზომებს. და თუ ყოველთვის მოვუსმენთ იეჰოვას ხმას, არასოდეს დავუშვებთ, რომ ყური დავუგდოთ განდგომილთა პროპაგანდას (იგავ. 11:9).

9. რატომ არის მნიშვნელოვანი „დაავადების“ საწყის ეტაპზევე აღმოჩენა?

9 დაავადების საწყის ეტაპზე აღმოჩენას ადამიანის სიცოცხლის ხსნა შეუძლია. მსგავსად ამისა, ბრძნულად მოვიქცევით, თუ „სიმპტომების“ აღმოჩენისთანავე ვიმოქმედებთ, რითაც საცდურს ავირიდებთ თავიდან და სატანა „ცოცხლად ვეღარ დაგვიჭერს“ (2 ტიმ. 2:26). მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, თუ შევნიშნეთ, რომ ჩვენმა აზროვნებამ და სურვილებმა სწორი გზიდან გადაგვახვევინა და იეჰოვას მოთხოვნებს ვეღარ შევესაბამებით? ახლა ნამდვილად არ არის ყოყმანის დრო; თავი უნდა დავიმდაბლოთ ღვთის წინაშე, უნდა დავუბრუნდეთ მას, გულისყურით მოვუსმინოთ  და ყურად ვიღოთ მისი რჩევები (ეს. 44:22). უნდა გავაცნობიეროთ, რომ არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება ჩვენს ცხოვრებას დაღი დაასვას და არასწორი საქციელის შედეგებს ღვთის ახალი ქვეყნიერების დადგომამდეც კი ვიმკიდეთ. ამიტომ უკეთესი იქნება, თუ დავრჩებით სწორ გზაზე და ყველაფერს ვიღონებთ იმისათვის, რომ სერიოზული ცოდვა არ ჩავიდინოთ.

კარგი სულიერი განრიგი სატანის მახეებისგან დაგიცავთ (იხილეთ მე-4—9 აბზაცები)

სძლიეთ სიამაყესა და სიხარბეს!

10, 11. ა)  როგორი აზროვნება აქვს ქედმაღალ ადამიანს? ბ) რას ვსწავლობთ კორახის, დათანისა და აბირამის შემთხვევიდან?

10 ერთი რამ უნდა ვაღიაროთ: გულმა შეიძლება სწორი გზიდან გადაგვიყვანოს. მართლაც, ცოდვილი მიდრეკილებები ჩვენზე დამღუპველად მოქმედებს! მაგალითად, ვნახოთ, როგორ შეიძლება სიამაყემ და სიხარბემ ხელი შეგვიშალოს იეჰოვას ხმის მოსმენაში და დაღუპვის გზაზე დაგვაყენოს. როგორც წესი, ქედმაღალ ადამიანს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. იგი ფიქრობს, რომ შეუძლია აკეთოს ყველაფერი, რაც მოესურვება და არავის აქვს იმის უფლება, უკარნახოს, როგორ მოიქცეს. ამაყი ადამიანი თვლის, რომ არ სჭირდება თანაქრისტიანების, უხუცესებისა და თვით ღვთის ორგანიზაციის რჩევებიც კი. აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანის ყურამდე იეჰოვას ხმა ძლივსღა აღწევს.

11 მაშინ, როცა ისრაელი ერი უდაბნოში დაეხეტებოდა, კორახმა, დათანმა და აბირამმა მოსესა და აარონის ძალაუფლების წინააღმდეგ გაილაშქრეს. სიამაყით დაბრმავებულებმა მოინდომეს, რომ იეჰოვასთვის თვითნებურად ეცათ თაყვანი. როგორ მოიქცა იეჰოვა? იგი ყველა ამბოხებულს ღირსეულად გაუსწორდა (რიცხ. 26:8—10). ეს ჩვენთვის მართლაც ყურადსაღები გაკვეთილია! ვინც იეჰოვას წინააღმდეგ წავა, უბედურება არ ასცდება. მართლაც, „სიამაყე წინ უძღვის დაცემას“! (იგავ. 16:18; ეს. 13:11).

12, 13. ა) მოიყვანეთ იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სიხარბემ ადამიანი უბედურებამდე მიიყვანოს. ბ) რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს სიხარბემ, თუ დროულად არ ავლაგმავთ მას? ახსენით.

12 მოდი, სიხარბეზეც ვისაუბროთ. ხარბი ადამიანი ხშირად მეტისმეტის უფლებას აძლევს საკუთარ თავს და არასწორად იქცევა. მაგალითად, როდესაც ელისემ სირიის ლაშქრის მხედართმთავარი ნაამანი კეთრისგან განკურნა, მან წინასწარმეტყველს ძღვენი შესთავაზა. ელისემ საჩუქრები არ გამოართვა. თუმცა მის მსახურს, გეხაზს, თვალი დარჩა მათზე. მან გულში თქვა: „ცოცხალია იეჰოვა, გავეკიდები [ნაამანს] და რაღაცას მაინც გამოვართმევ“. ელისეს უჩუმრად იგი ნაამანს დაედევნა და უტიფრად გამოსტყუა „ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანსაცმელი“. რა მოჰყვა შედეგად გეხაზის სიხარბეს? ნაამანის კეთრი მას შეეყარა (2 მეფ. 5:20—27).

13 ადამიანი თავიდან სიხარბეს შესაძლოა წვრილმან საკითხებში ავლენდეს, მაგრამ თუ დროულად არ ალაგმავს ამ თვისებას, ის ფესვს გაიდგამს მასში და საბოლოოდ დაღუპავს მას. ბიბლიური პერსონაჟის, აქანის, შემთხვევა ამის შესანიშნავი დასტურია. ყურადღება მიაქციეთ, როგორ დახარბდა აქანი იმას, რაც დაინახა. მან თქვა: „დავინახე ნაძარცვში ერთი მშვენიერი შინარული მოსასხამი, ორასი შეკელი ვერცხლი და ერთი ოქროს ზოდი, რომელიც ორმოცდაათ შეკელს იწონიდა, დავხარბდი და წამოვიღე“. აქანი კი არ შეეწინააღმდეგა თავის არასწორ სურვილს, არამედ აჰყვა სიხარბეს, სანუკვარი ნივთები მოიპარა და თავის კარავში გადამალა. როდესაც მისი არასწორი საქციელი გამომჟღავნდა, იესო ნავეს ძემ უთხრა, რომ იეჰოვა უბედურებას დაატეხდა თავს. აქანი და მისი ოჯახი იმავე დღეს ჩაქოლეს (იეს. 7:11, 21, 24, 25). სიხარბის მახეში შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი გაებას. ამიტომ მოდი, ყოველთვის გავითვალისწინოთ ბიბლიური რჩევა: „თავი დაიცავით ყველანაირი სიხარბისგან“ (ლუკ. 12:15). ხანდახან გონებაში შესაძლოა არაჯანსაღი და უზნეო ფიქრები მოგვივიდეს, მაგრამ აუცილებელია, დროულად მოვიშოროთ ისინი და არ მივცეთ გასაქანი, რომ ცოდვა ჩაგვადენინონ (წაიკითხეთ იაკობის 1:14, 15).

14. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ საკუთარ თავში სიამაყესა და სიხარბეს აღმოვაჩენთ?

14 როგორც ზემოთ დავინახეთ, სიამაყეცა და სიხარბეც დამღუპველი თვისებებია. თუ  ვიფიქრებთ შედეგებზე, რაც არასწორი გზით სიარულს მოჰყვება, ცოდვილ მიდრეკილებებს იეჰოვას ხმის ჩახშობის საშუალებას არ მივცემთ (კან. 32:29). ჭეშმარიტი ღმერთი ბიბლიის მეშვეობით არა მარტო იმას გვეუბნება, თუ რომელი გზაა სწორი, არამედ იმასაც გვიხსნის, თუ რამდენად სასიკეთოა სწორი გზით სიარული და რა სავალალო შედეგები სდევს თან არასწორი გზით სვლას. თუ გული სიამაყისა და სიხარბის გამო არასწორი საქციელის ჩადენისკენ გვიბიძგებს, ბრძნული იქნება, დავფიქრდეთ, რა შედეგი მოჰყვება ასეთ საქციელს. კარგი იქნება, თუ გავაანალიზებთ, როგორ იმოქმედებს არასწორი საქციელი ჩვენზე, ჩვენს საყვარელ ადამიანებზე და რაც მთავარია, იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე.

შეინარჩუნეთ იეჰოვასთან სიახლოვე

15. რას ვსწავლობთ იესოსგან?

15 იეჰოვას ჩვენთვის საუკეთესო სურს (ფსალმ. 1:1—3). ის საჭირო დროს საუკეთესოდ გვხელმძღვანელობს (წაიკითხეთ ებრაელების 4:16). თუმცა იესო ქრისტე სრულყოფილი იყო, ის არ წყვეტდა მამასთან ურთიერთობას და გამუდმებით ლოცულობდა. იეჰოვა ყოველთვის მხარს უჭერდა მას და სასწაულებრივად ხელმძღვანელობდა. მაგალითად, იგი აღძრავდა ანგელოზებს მომსახურებოდნენ მას, წმინდა სულით ეხმარებოდა და 12 მოწაფის არჩევისასაც უხელმძღვანელა. იეჰოვა რომ იწონებდა თავის ძეს, მაშინაც გამოჩნდა, როცა ზეციდან მისი ხმა გაისმა (მათ. 3:17; 17:5; მარ. 1:12, 13; ლუკ. 6:12, 13; იოან. 12:28). იესოს მსგავსად, ჩვენც უნდა გავანდოთ იეჰოვას ლოცვაში გულისნადები (ფსალმ. 62:7, 8; ებრ. 5:7). ლოცვა დაგვეხმარება, ახლოს ვიყოთ იეჰოვასთან და მთელი ჩვენი ცხოვრებით განვადიდოთ ის.

16. როგორ გვეხმარება იეჰოვა, რომ მოვუსმინოთ მის ხმას?

16 მართალია, იეჰოვა თავის რჩევებს ყველას სთავაზობს, მაგრამ მათ დაცვას არავის აიძულებს. ჩვენ უნდა ვთხოვოთ ღმერთს წმინდა სული და ის უშურველად მოგვცემს (წაიკითხეთ ლუკას 11:10—13). თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, დავუკვირდეთ, როგორ ვისმენთ (ლუკ. 8:18). მაგალითად, ჩვენი მხრიდან თვალთმაქცობა იქნებოდა, თუ იეჰოვას ვთხოვდით, რომ უზნეო ჩვევების დაძლევაში დაგვხმარებოდა და იმავდროულად, არ შევწყვეტდით პორნოგრაფიისა თუ უზნეობის ამსახველი ფილმების ყურებას. თუ გვსურს, რომ იეჰოვა დაგვეხმაროს, ჯანსაღ გარემოში უნდა ვიყოთ ანუ იქ, სადაც მისი სულია დავანებული; მაგალითად, კრების შეხვედრებზე. ღვთის ბევრი მსახური უბედურებას იმის წყალობით გადაურჩა, რომ კრების შეხვედრებზე გულისყურით უსმენდნენ იეჰოვას. შედეგად, მათ დროულად აღმოაჩინეს არასწორი სურვილები, რომლებიც მათ გულში იდგამდა ფესვს და შესაბამისი ზომებიც მიიღეს (ფსალმ. 73:12—17; 143:10).

ყოველთვის გულისყურით უსმინეთ იეჰოვას ხმას

17. რატომ არის საშიში საკუთარ თავზე დანდობა?

17 გავიხსენოთ ძველი ისრაელის მეფე დავითი. ის ახალგაზრდა იყო, როცა ფილისტიმელ გოლიათზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. დავითი იყო მეომარი და მეფე. ის თავის ხალხს იცავდა და მათ საკეთილდღეოდ გადაწყვეტილებებსაც იღებდა. მაგრამ ერთხელ, როცა იგი საკუთარ გულისთქმას აჰყვა, სერიოზული ცოდვები ჩაიდინა — ბათ-შებასთან იმრუშა, ხოლო მისი მეუღლე, ურია, მოაკვლევინა. თუმცა, როგორც კი ღმერთმა შეაგონა, დავითმა თავმდაბლურად აღიარა შეცდომა და იეჰოვასთან ურთიერთობა აღადგინა (ფსალმ. 51:4, 6, 10, 11).

18. რა დაგვეხმარება, რომ გამუდმებით ვუსმინოთ იეჰოვას ხმას?

18 მოდი, ყოველთვის გავითვალისწინოთ 1 კორინთელების 10:12-ში ჩაწერილი რჩევა და ნუ გავხდებით თავდაჯერებულნი. რაკიღა საკუთარი ნაბიჯების წარმართვა არ შეგვიძლია, გამოდის, რომ ან იეჰოვას ხმას ვუსმენთ, ან — მისი მტრისას (იერ. 10:23). დაე, გამუდმებით ვილოცოთ, მივყვეთ წმინდა სულის ხელმძღვანელობას და გულდასმით დავუგდოთ ყური იეჰოვას ხმას!