არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა როლი აკისრიათ ქალებს იეჰოვას განზრახვის თანახმად?

რა როლი აკისრიათ ქალებს იეჰოვას განზრახვის თანახმად?

„ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“ (ფსალმ. 68:11).

1, 2. ა) რა საჩუქარი გაუკეთა ღმერთმა ადამს? ბ) რატომ შეუქმნა ღმერთმა ადამს შემავსებელი? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)

იეჰოვამ დედამიწა „დასასახლებლად შექმნა“ (ეს. 45:18). მან თავისი პირველი სრულყოფილი ქმნილება, ადამი, საუცხოო გარემოში, ედემის ბაღში, დაასახლა. უდავოდ, ადამი ტკბებოდა აშოლტილი ხეების, მოჩუხჩუხე ნაკადულებისა თუ ონავარი ცხოველების ცქერით. თუმცა მას, ყველაფრის მიუხედავად, სრული ბედნიერებისთვის მაინც რაღაც აკლდა. ეს იეჰოვას თვალს არ გამოჰპარვია და თქვა: „არ არის კარგი კაცის მარტო ყოფნა. შევუქმნი დამხმარეს, შემავსებელს“. შემდეგ ღმერთმა ღრმა ძილი მოჰგვარა ადამს, მძინარეს ნეკნი გამოუღო და „იმ ნეკნისგან . . . ქალი შექმნა“. როცა ადამმა გამოიღვიძა და ევა დაინახა, სიხარულით შესძახა: „აი ძვალი ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რადგან კაცისგან არის აღებული“ (დაბ. 2:18—23).

2 საჩუქარი, რომელიც ევას სახით ღმერთმა ადამს უბოძა, მართლაც უნიკალური იყო, ვინაიდან იგი თავისი ქმრის სრულყოფილი შემავსებელი იქნებოდა. ღვთისგან ქალს დედობის პატივიც ხვდა წილად. სწორედ ამიტომ „ადამმა თავის ცოლს ევა უწოდა, რადგან ის უნდა გამხდარიყო ყოველი ცოცხლის დედა“ (დაბ. 3:20, სქოლიო). უდავოდ, ღმერთმა პირველი მამაკაცი და ქალი შეუდარებელი ძღვნით — შვილიერების უნარით — დააჯილდოვა. შედეგად, ისინი თავიანთ სრულყოფილ შთამომავლებთან ერთად მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევდნენ და მათ დაემორჩილებოდა ყოველი სულდგმული (დაბ. 1:27, 28).

3. ა) როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ადამი და ევა, რომ ღვთისგან კურთხევები მიეღოთ, მაგრამ როგორ განვითარდა მოვლენები? ბ) რა კითხვებს განვიხილავთ?

 3 ამ კურთხევებს ადამი და ევა იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ დაემორჩილებოდნენ იეჰოვას და აღიარებდნენ მის მმართველობას (დაბ. 2:15—17). მხოლოდ ამგვარად შეუწყობდნენ ისინი ხელს იეჰოვას განზრახვის შესრულებას. თუმცა სამწუხაროდ, პირველი წყვილი „ძველმა გველმა“, სატანამ, აცდუნა და მათ შესცოდეს ღმერთს (გამოცხ. 12:9; დაბ. 3:1—6). ამ სტატიაში პასუხი გაეცემა შემდეგ კითხვებს: რა მოუტანა პირველმა ცოდვამ ქალს? რა დიდებულ საქმეებში შეიტანეს წვლილი ძველ დროში მცხოვრებმა ღვთის ერთგულმა ქალებმა? და, რატომ უწოდებს ბიბლია დღეს მცხოვრებ ქრისტიან ქალებს „დიდ ლაშქარს“? (ფსალმ. 68:11).

რა მოუტანა ცოდვამ კაცობრიობას

4. ვის დაეკისრა პასუხისმგებლობა ჩადენილ ცოდვაზე?

4 როდესაც ადამს ღმერთმა ჩადენილი ცოდვის გამო პასუხი მოსთხოვა, მან უსუსური არგუმენტით იმართლა თავი: „შენ რომ ქალი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც ვჭამე“ (დაბ. 3:12). საკუთარი შეცდომის აღიარების ნაცვლად, ადამმა ცოდვა ღვთის მიერ შექმნილ ქალს და თავად ღმერთს გადააბრალა, რომელმაც სიყვარულით იზრუნა მასზე. მართალია, ადამმაც შესცოდა და ევამაც, მაგრამ პასუხისმგებლობა ჩადენილ ცოდვაზე კაცს დაეკისრა. ამიტომ მოციქულმა პავლემ დაწერა: „ერთი ადამიანის [ადამის] მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი“ (რომ. 5:12).

5. რა გამოააშკარავა ადამიანთა მმართველობამ?

5 ადამი და ევა სატანამ შეცდომაში შეიყვანა და აფიქრებინა, რომ ღვთის ხელმძღვანელობის გარეშეც შეძლებდნენ ცხოვრებას. აქედან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ღვთის უზენაესობის საკითხი: ვის აქვს მმართველობის უფლება? ამ საკამათო საკითხს ჯეროვანი პასუხი რომ გასცემოდა, ღმერთმა დაუშვა, რომ ადამიანებს დროებით, მისგან დამოუკიდებლად, ემმართველათ. იეჰოვამ იცოდა, რომ ასეთი ექსპერიმენტი კრახისთვის იყო განწირული. კაცობრიობის ისტორიამ ერთი რამ გამოააშკარავა: ადამიანთა მმართველობის სავალალო შედეგებს ხალხი საკუთარ თავზე იწვნევდა, ერთ უბედურებას მეორე მოსდევდა. მხოლოდ გასულ საუკუნეში 100 მილიონი ადამიანი — უდანაშაულო კაცი, ქალი თუ ბავშვი — ომებმა იმსხვერპლა. მართლაც დამტკიცდა ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერ. 10:23). ამრიგად, ჩვენ ვაღიარებთ, რომ იეჰოვაა უზენაესი მმართველი (წაიკითხეთ იგავების 3:5, 6).

6. როგორ ეპყრობიან ქალებს მსოფლიოს ბევრ კუთხეში?

6 სატანის ქვეყნიერებაში, კაცი თუ ქალი, ყველა ხდება ჩაგვრისა და უსამართლობის მსხვერპლი (ეკლ. 8:9; 1 იოან. 5:19). კაცობრიობის ისტორიას უამრავი შემზარავი შემთხვევა ახსოვს, როცა ქალი დაუმცირებიათ და მისი ღირსება ფეხქვეშ გაუთელავთ. მთელ მსოფლიოში გამოკითხულ ქალთაგან დაახლოებით 30-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მამაკაცი პარტნიორის მხრიდან ფიზიკური თუ სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი გამხდარა. ზოგ კულტურაში მამრობითი სქესის წარმომადგენლებს სუსტ სქესთან შედარებით უპირატესი მდგომარეობა უკავიათ, ვინაიდან მათ გვარის გამგრძელებლებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ხანში შესულ მშობლებსა თუ პაპა-ბებიებს სწორედ ისინი მოუვლიან. არსებობს ქვეყნები, სადაც გოგოს დაბადება არასასურველ მოვლენად ითვლება და აბორტით მოკლულ ბავშვთა შორის გოგონები ჭარბობენ.

7. როგორი საწყისი მისცა ღმერთმა პირველ ოჯახს?

7 ქალების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება ღვთისთვის სრულიად მიუღებელია. ღმერთი ქალებს პატივს სცემს და სამართლიანად ეპყრობა. ეს იქიდანაც გამოჩნდა, რომ მან პირველი ქალი, ევა, სრულყოფილი შექმნა და ისეთი თვისებებით დააჯილდოვა, რომ მეუღლის ღირსეული შემავსებელი ყოფილიყო და არა — ყურმოჭრილი მონა. ამიტომ ვკითხულობთ ბიბლიაში, რომ მეექვსე  შემოქმედებითი დღის ბოლოს „დაინახა ღმერთმა ყველაფერი, რაც შექმნა, და, აი, ყოველივე ძალიან კარგი იყო“ (დაბ. 1:31). დიახ, „ყველაფერი“, რაც იეჰოვამ შექმნა „ძალიან კარგი“ იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მან პირველ ოჯახს სრულყოფილი საწყისი მისცა!

ღვთისმოსაწონი ქალები

8. ა) დღეს რა ვითარებაა შექმნილი მსოფლიოში? ბ) ბიბლიური ისტორიის თანახმად, ვის მიმართ იყო ღმერთი კეთილგანწყობილი?

8 მას შემდეგ, რაც პირველი წყვილი ედემის ბაღში ღმერთს ეურჩა, კაცებიცა და ქალებიც სულ უფრო და უფრო გაუუცხოვდნენ თავიანთ შემოქმედს. ამ მხრივ განსაკუთრებით სავალალო სურათი გასულ საუკუნეში შეიქმნა. ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ „ბოლო დღეებში“ ბოროტება მოიკიდებდა ფეხს. მართლაც, დღეს ადამიანთა უკეთურობა ყოველგვარ ზღვარს გასცდა და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ „ძნელად ასატან დროში“ ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1—5). ბიბლიური ისტორია ნათელყოფს, რომ „უზენაესი უფალი იეჰოვა“ კეთილგანწყობილი იყო იმ მამაკაცებისა და ქალების მიმართ, რომლებიც მის კანონებს იცავდნენ, ენდობოდნენ მას და უზენაეს მმართველად აღიარებდნენ (წაიკითხეთ ფსალმუნის 71:5).

9. რამდენი ადამიანი გადაურჩა წარღვნას და რატომ?

9 როდესაც ღმერთმა ნოეს დროს მცხოვრები მოძალადე ადამიანები წარღვნის წყლით წალეკა, ღვთის სასჯელს სულ რამდენიმე ადამიანი გადაურჩა. თუ იმ დროს ნოეს და-ძმები ცოცხლები იყვნენ, ფაქტია, რომ წარღვნისას ისინიც დაიღუპებოდნენ (დაბ. 5:30). აღსანიშნავია, რომ წარღვნას ზუსტად იმდენი ქალი გადაურჩა, რამდენიც — მამაკაცი. ღვთის სასჯელს ნოე, მისი მეუღლე, მათი სამი ვაჟი და რძლები იმიტომ გადაურჩნენ, რომ მისი მოშიშები იყვნენ და მის ნებას ასრულებდნენ. დღესდღეობით დედამიწის ზურგზე მცხოვრები მილიარდები სწორედ იმ რვა ადამიანის შთამომავალია, რომელთაც ღმერთი მფარველობდა (დაბ. 7:7; 1 პეტ. 3:20).

10. რატომ იწონებდა იეჰოვა ერთგული პატრიარქების ღვთისმოშიშ მეუღლეებს?

10 წლების გასვლის შემდეგ ღვთის ერთგული პატრიარქების ღვთისმოშიში მეუღლეებიც იეჰოვას კეთილგანწყობით სარგებლობდნენ. ბიბლიაში ვერსად შეხვდებით ისეთ მონაკვეთს, სადაც ისინი თავიანთი ხვედრის გამო ჩივიან (იუდ. 16). ალბათ, დარწმუნებულნი ხართ იმაში, რომ სარა, ღირსეული ცოლი, აბრაამთან არ იწუწუნებდა იმაზე, რომ კეთილმოწყობილი ქალაქი, ური დატოვა და დროებით უცხო მიწაზე კარვებში უხდებოდა ცხოვრება. როგორც ბიბლია გვატყობინებს, „სარა ემორჩილებოდა აბრაამს და ბატონს უწოდებდა“ (1 პეტ. 3:6). გაიხსენეთ ისაკის შესანიშნავი ცოლი, რებეკაც, რომელიც მისთვის ღვთის კურთხევა და საჩუქარი იყო. ასე რომ, რა გასაკვირია, როცა ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ისაკს] შეუყვარდა . . . [რებეკა] და ნუგეში პოვა დედის დაკარგვის შემდეგ“ (დაბ. 24:67). ძალიან გვიხარია, რომ დღეს ჩვენ შორისაც არიან სარასა და რებეკას მსგავსი ღვთისმოსავი ქალები!

11. როგორ იჩენდნენ გაბედულებას ებრაელი ბებიაქალები?

11 ებრაელები ეგვიპტის მონობაში ყოფნის დროს დიდად გამრავლდნენ რიცხობრივად, ამიტომ ფარაონმა ბრძანება გასცა, რომ ყველა ახალშობილი ებრაელი ბიჭუნა მოეკლათ. თუმცა ებრაელი ბებიაქალები, შიფრა და ფუა, გაბედულებას იჩენდნენ და არ ასრულებდნენ ფარაონის ბრძანებას, რადგან იეჰოვასი ეშინოდათ. ამის გამო იეჰოვამ ისინი აკურთხა და ოჯახები უბოძა (გამ. 1:15—21).

12. რა საქმეში შეიტანეს წვლილი დებორამ და იაელმა?

12 ისრაელში მსაჯულების პერიოდში ღმერთი მხარში ედგა წინასწარმეტყველ ქალს, დებორასაც. მან გაამხნევა მსაჯული ბარაკი და ლომის წილი შეიტანა ისრაელის მჩაგვრელთაგან გათავისუფლების საქმეში. დებორამ იწინასწარმეტყველა, რომ ქანაანელებზე გამარჯვებისთვის დიდებას ბარაკი ვერ მიიღებდა და დასძინა, რომ დიდება წილად ხვდებოდა ქალს, რომელსაც ღმერთი ქანაანელთა ლაშქრის მეთაურს, სისერას, ჩაუგდებდა ხელში. ეს ასეც მოხდა; სისერა არაებრაელმა ქალმა, იაელმა, მოკლა (მსაჯ. 4:4—9, 17—22).

13. რას გვაუწყებს ბიბლია აბიგაილზე?

13 აბიგაილიც ღვთისმოსავი ქალი იყო, რომელიც  ძვ. წ. მე-11 საუკუნეში ცხოვრობდა. იგი გონიერებით გამოირჩეოდა, რასაც ვერ ვიტყვით მის ქმარზე, ნაბალზე, რომელიც უხეში, უვარგისი და უგუნური კაცი იყო (1 სამ. 25:2, 3, 25). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, როცა ნაბალის მწყემსები თავიანთი ბატონის ფარას მწყემსავდნენ, დავითი და მისი ხალხი იცავდნენ მათ. თუმცა, როცა ნაბალს დახმარება სთხოვეს, მან ისინი „ყვირილით გაისტუმრა“ და ხელი არ მოუმართა. ამ ამბავმა დავითი ისე განარისხა, რომ გადაწყვიტა, ნაბალი და მისი კაცები ერთიანად გაეჟუჟა. როცა ეს ამბავი აბიგაილმა შეიტყო, სისხლის ღვრის თავიდან ასაცილებლად, საჭმელ-სასმლით დატვირთული დავითსა და მის მეომრებს ეახლა (1 სამ. 25:8—18). დავითმა მას უთხრა: „კურთხეული იყოს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომელმაც ჩემთან შესახვედრად გამოგგზავნა დღეს!“ (1 სამ. 25:32). ნაბალის სიკვდილის შემდეგ დავითმა აბიგაილი ცოლად შეირთო (1 სამ. 25:37—42).

14. რა საქმეს ასრულებდნენ შალუმის ასულები და რომელ მსგავს საქმეში მონაწილეობენ ქრისტიანი ქალები დღეს?

14 ძვ. წ. 607 წელს, როცა ბაბილონელებმა იერუსალიმი და მისი ტაძარი მიწასთან გაასწორეს, უამრავი კაცი, ქალი და ბავშვი დაიღუპა. იერუსალიმის კედლები ძვ. წ. 455 წელს ისრაელებმა აღადგინეს. ამ საქმეს ნეემია ხელმძღვანელობდა. აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას შალუმის, იერუსალიმის ნახევარი ოლქის მთავრის, ასულებიც იღებდნენ (ნეემ. 3:12). ეს ქალები დიდი სიხარულით ასრულებდნენ შავ საქმეს. დღესაც ქრისტიანი ქალები ხალისით არიან ჩაბმულნი იმ სამშენებლო პროექტებში, რომელსაც იეჰოვას ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მშრომელ და გამრჯე დებს!

პირველ საუკუნეში მცხოვრები ღვთისმოშიში ქალები

15. რა პატივი ხვდა წილად მარიამს?

15 წელთაღრიცხვათა მიჯნაზე ზოგ ქალს იეჰოვასგან განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად. მათ შორის იყო ქალწული მარიამი, რომელიც იოსებზე იყო დანიშნული. მაგრამ სანამ მარიამი იოსებს გაჰყვებოდა ცოლად, სასწაულებრივად, წმინდა სულით დაორსულდა. რატომ შეაჩერა იეჰოვამ არჩევანი მაინცდამაინც მარიამზე და რატომ გადაწყვიტა, რომ ის გამხდარიყო იესო ქრისტეს დედა? იმიტომ, რომ იგი სულიერად მოაზროვნე ადამიანი იყო და გააჩნდა თვისებები, რაც დაეხმარებოდა, ღირსეულად აღეზარდა ღვთის სრულყოფილი ძე — სიყრმიდან მოწიფულობამდე. მართლაც, მარიამს ღვთისგან უდიდესი პატივი ერგო. ის დედამიწაზე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანის დედა გახდა! (მათ. 1:18—25).

16. მოიყვანეთ მაგალითი, საიდანაც ჩანს, რომ იესო პატივისცემით ეპყრობოდა ქალებს.

16 იესო პატივისცემით ეპყრობოდა ქალებს. მაგალითად, გაიხსენეთ ბიბლიიდან ის ეპიზოდი, როცა მას უკნიდან მიუახლოვდა და ტანსაცმელზე შეეხო 12 წლის მანძილზე სისხლდენით დატანჯული ქალი. იესოს ის არ გაუკიცხავს. პირიქით, იგი მიუბრუნდა და თბილად უთხრა: „შვილო, შენმა რწმენამ გამოგაჯანმრთელა. წადი მშვიდობით. განიკურნე მძიმე დაავადებისგან“ (მარ. 5:25—34).

17. რა სასწაული მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

17 იესოს მოწაფეთა შორის ქალებიც იყვნენ, რომლებიც ემსახურებოდნენ მას და მის მოციქულებს (ლუკ. 8:1—3). ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაახლოებით 120 მოწაფეზე წმინდა სული გადმოვიდა, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ (წაიკითხეთ საქმეების 2:1—4). იეჰოვას წმინდა სულის გადმოსვლის შესახებ ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა: „გადმოვღვრი ჩემს სულს ყველანაირ ხორციელზე და თქვენი ვაჟები და ასულები იწინასწარმეტყველებენ . . . მსახურებზეც და მოახლეებზეც გადმოვღვრი იმ დროს ჩემს სულს“ (იოელ. 2:28, 29). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარი სასწაულით იეჰოვამ ცხადი გახადა, რომ ის განდგომილ ისრაელს აღარ უჭერდა მხარს; მისი კეთილგანწყობით უკვე „ღვთის ისრაელი“ სარგებლობდა, რომელშიც შედიოდნენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები (გალ. 3:28; 6:15, 16). პირველი საუკუნის მქადაგებელ ქრისტიან ქალთა შორის მახარობელ ფილიპეს 4 ასულიც იყო (საქ. 21:8, 9).

 „ქალთა დიდი ლაშქარი“

18, 19. ა) რა პატივი არგუნა წილად ღმერთმა როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს? ბ) როგორ მოიხსენია ფსალმუნმომღერალმა სასიხარულო ცნობის მქადაგებელი ქალები?

18 მე-19 საუკუნის მიწურულს რამდენიმე მამაკაცისა და ქალისგან შემდგარი ჯგუფი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობით გულწრფელად დაინტერესდა. ისინი წინამორბედნი არიან დღევანდელი მსახურებისა, რომლებიც ბიბლიაში ჩაწერილ იესოს წინასწარმეტყველებას ასრულებენ: „და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათ. 24:14).

19 ბიბლიის მკვლევართა მცირერიცხოვანი ჯგუფი გაიზარდა და დღეს დაახლოებით 8 მილიონ იეჰოვას მოწმეს ითვლის. ამას გარდა, 2013 წელს იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს დაესწრო 11 მილიონზე მეტი ადამიანი, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, მაგრამ ინტერესდებიან ბიბლიური ცნობითა და ჩვენი საქმიანობით. მსოფლიოს ბევრ კუთხეში ამ დამსწრეთაგან უმეტესობა ქალი იყო. ამასთანავე, სამეფოს სრული დროით მქადაგებელთა შორის, რომელთა რიცხვიც მილიონზე მეტს შეადგენს, უმრავლესობა ქალია. ღმერთმა ერთგულ ქალებს ნამდვილად უდიდესი პატივი არგუნა წილად; ისინი ასრულებენ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „იეჰოვა გასცემს ბრძანებას; ქალთა დიდი ლაშქარი აუწყებს სასიხარულო ცნობას“ (ფსალმ. 68:11).

სასიხარულო ცნობის მქადაგებელი ქალები მართლაც „დიდ ლაშქარს“ შეადგენენ! (იხილეთ მე-18 და მე-19 აბზაცები)

ღვთისმოსავ ქალებს აურაცხელი კურთხევა ელით

20. რა უნდა განვიხილოთ ოჯახთან ერთად თაყვანისცემისა თუ პირადი შესწავლის დროს?

20 ბუნებრივია, ამ სტატიისთვის გათვალისწინებული გვერდები არ გვეყოფა ღვთის ერთგულ ქალებზე სასაუბროდ, თუმცა მათზე მეტის გაგება ბიბლიის ფურცლებიდან და ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი სტატიებიდან შეგვიძლია. მაგალითად, ვიფიქროთ რუთის ერთგულებაზე (რუთ. 1:16, 17). აგრეთვე, ბიბლიის წიგნ „ესთერიდან“ გავეცნოთ დედოფალ ესთერის ისტორიას და წავიკითხოთ ჩვენს პუბლიკაციებში დაბეჭდილი სტატიები მის შესახებ; ეს უდავოდ, რწმენას განგვიმტკიცებს. თუ ჩვენი ოჯახური თაყვანისცემის პროგრამაში ასეთ საკითხებს ჩავრთავთ, უსათუოდ ჩვენსავე კეთილდღეობას მოემსახურება. თუ მარტო ცხოვრობთ, შეგიძლიათ ასეთი საკითხები პირადი შესწავლის დროს განიხილოთ.

21. როგორ შეინარჩუნეს უმწიკვლობა ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა ქალებმა ძნელბედობის ჟამს?

21 ერთი რამ ცხადია: იეჰოვა აკურთხებს ქრისტიანი ქალების მსახურებას და განსაცდელების დროს მხარში უდგას მათ. მაგალითად, ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა ქალებმა მისი დახმარებით უმწიკვლობა შეინარჩუნეს ნაცისტური თუ კომუნისტური რეჟიმის დროს. მაშინ ბევრ მათგანს საშინლად ეპყრობოდნენ და ზოგმა ღვთისადმი მორჩილების გამო სიცოცხლეც კი დათმო (საქ. 5:29). დღესაც, ისევე როგორც წარსულში, ჩვენი დები თავიანთ თანამსახურებთან ერთად განუხრელად უჭერენ მხარს იეჰოვას უზენაესობას. ამიტომ ღმერთი გვიმეორებს იმ სიტყვებს, რაც თავის დროზე ისრაელებს უთხრა: „მიჭირავს შენი მარჯვენა . . . ნუ გეშინია, მე დაგეხმარები“ (ეს. 41:10—13).

22. რა კურთხევებს ველით სამომავლოდ?

22 ახლო მომავალში ღვთისმოშიში მამაკაცები და ქალები დედამიწას სამოთხედ გადააქცევენ და მილიონობით მკვდრეთით აღმდგარს იეჰოვას განზრახვის შესახებ მოუყვებიან. ამ დროის დადგომამდე კი მოდი ყველამ, კაცმა თუ ქალმა, დავაფასოთ პატივი, რომ ჩვენს და-ძმებთან ერთად მხარდამხარ ვემსახურებით ღმერთს (სოფ. 3:9).