არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გახსოვდეთ სრული დროით მსახურები!

გახსოვდეთ სრული დროით მსახურები!

„ყოველთვის გვახსოვს თქვენი რწმენის საქმეები, სიყვარულით შრომა“ (1 თეს. 1:3).

1. რა დამოკიდებულება ჰქონდა პავლეს იეჰოვას ერთგული მსახურების მიმართ?

პავლე მოციქული არ ივიწყებდა სასიხარულო ცნობის გამრჯე და გულმოდგინე მქადაგებლებს. მან ამ და-ძმებს ასეთი სიტყვები მისწერა: „ყოველთვის გვახსოვს თქვენი რწმენის საქმეები, სიყვარულით შრომა და მოთმინება, რაც ჩვენი უფლის იესო ქრისტეს იმედის წყალობით გაქვთ ჩვენი ღვთისა და მამის წინაშე“ (1 თეს. 1:3). არც იეჰოვა ღმერთი ივიწყებს ერთგული მსახურების სიყვარულით გაწეულ შრომას, იმისდა მიუხედავად, თავიანთი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბევრს აკეთებენ, თუ — ცოტას (ებრ. 6:10).

2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 ბევრი ჩვენი თანაქრისტიანი წარსულში ძალიან დიდ მსხვერპლს იღებდა იმისათვის, რომ იეჰოვასთვის სრული დროით ემსახურათ. საბედნიეროდ, ეს დღესაც ასეა. მოდი, ამ სტატიაში თვალი გადავავლოთ პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგი ჩვენი თანამორწმუნის ცხოვრებას. აგრეთვე ვისაუბროთ თანამედროვე სრული დროით მსახურების სფეროებზე და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია გვახსოვდეს ის ძვირფასი და-ძმები, რომლებიც მზადყოფნით ემსახურებიან ღმერთს.

პირველი ქრისტიანები

3, 4. ა) როგორ მსახურობდა ზოგი ქრისტიანი პირველ საუკუნეში? ბ) როგორ გაჰქონდათ თავი მათ?

3 მონათვლიდან მალევე იესომ ქადაგება დაიწყო; დროთა განმავლობაში ამ საქმეს მსოფლიო მასშტაბი უნდა შეეძინა (ლუკ. 3:21—23; 4:14, 15, 43). მართლაც, იესოს მიერ წამოწყებული საქმე მოციქულებმა  განაგრძეს და სასიხარულო ცნობა სხვა ტერიტორიებზეც გაავრცელეს (საქ. 5:42; 6:7). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგი ქრისტიანი, მაგალითად, ფილიპე მახარობლად და მისიონერად მსახურობდა პალესტინაში (საქ. 8:5, 40; 21:8). პავლემ და ღვთის სხვა მსახურებმა კიდევ უფრო შორს მცხოვრებთ აუწყეს სასიხარულო ცნობა (საქ. 13:2—4; 14:26; 2 კორ. 1:19). ზოგი ქრისტიანი, მაგალითად, სილვანუსი (სილა), მარკოზი და ლუკა, მწერლები და გადამწერები იყვნენ (1 პეტ. 5:12). ამ ერთგული ძმების მხარდამხარ იღვწოდნენ ქრისტიანი დებიც (საქ. 18:26; რომ. 16:1, 2). შეუძლებელია გულგრილი დაგვტოვოს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ჩაწერილმა შთამბეჭდავმა შემთხვევებმა, რომლებიც ღვთის ამ ერთგულ მსახურებს გადახდათ თავს; თავად ის ფაქტი კი, რომ ეს შემთხვევები ბიბლიის ნაწილია, იმაზე მოწმობს, რომ იეჰოვა ყოველთვის სითბოთი იხსენებს თავის მსახურებს.

4 როგორ ირჩენდნენ თავს სრული დროით მსახურები პირველ საუკუნეში? დროდადრო მათდამი თანაქრისტიანები იჩენდნენ სტუმართმოყვარეობას და სხვადასხვა სახით ეხმარებოდნენ. თუმცა ისინი და-ძმებს არაფერს ავალდებულებდნენ (1 კორ. 9:11—15). ამგვარად მათ ნებაყოფლობით ეხმარებოდნენ როგორც ცალკეული ქრისტიანები, ისე კრებები (წაიკითხეთ საქმეების 16:14, 15; ფილიპელების 4:15—18). პავლე და მისი თანამსახურები დროის გარკვეულ ნაწილს სამუშაოსაც უთმობდნენ, რათა თავი გაეტანათ.

თანამედროვე სრული დროით მსახურები

5. რა გრძნობები ეუფლება ერთ წყვილს, რომელიც იეჰოვას სრული დროით ემსახურება?

5 დღესაც ბევრი ღმერთს სრული დროით ემსახურება; ისინი მსახურების სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ (იხილეთ ჩარჩო „ სრული დროით მსახურების სხვადასხვა სფერო“). არიან ისინი ბედნიერები ცხოვრებაში არჩეული კურსის გამო? შეგიძლიათ ეს კითხვა თავად მათ დაუსვათ და უდავოდ გაგამხნევებთ მათი პასუხები. მიმოვიხილოთ ერთი მაგალითი. ძმა, რომელსაც უმსახურია პიონერად, სპეციალურ პიონერად, მისიონერად და დღეს უცხო ქვეყანაში ბეთელის ოჯახის წევრია, გვიზიარებს: „ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა სრული დროით მსახურება დავიწყე. 18 წლის რომ გავხდი, დილემის წინაშე აღმოვჩნდი. უნდა ამერჩია, რა გზას დავდგომოდი — უნივერსიტეტში მესწავლა, სრულ განაკვეთზე მემუშავა, თუ პიონერად მემსახურა. საკუთარი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ იეჰოვა არ ივიწყებს მსხვერპლს, რომელზეც სრული დროით მსახურების გამო მივდივართ. სწორედ ამის წყალობით შევძელი ღვთის მიერ ბოძებული ყველა იმ ნიჭისა თუ უნარის გამოყენება, რომელთაც ვერასდროს გამოვიყენებდი, ცხოვრებაში სხვა გზა რომ ამერჩია“. მისი მეუღლე დასძენს: „ყოველი ახალი დავალება ჩემს სულიერ ზრდას უწყობდა ხელს. ყოველთვის ვგრძნობდით, თუ როგორ გვიცავდა და გვხელმძღვანელობდა იეჰოვა; ამას ვერასდროს გამოვცდიდით, თუ ცოტას არ გავიჭირვებდით და არ შეველეოდით საკუთარ კომფორტს. სრული დროით მსახურებაში გატარებული თითოეული დღის გამო იეჰოვას მადლიერი ვარ“. გსურთ, თქვენც გამოსცადოთ ასეთი სიხარული ცხოვრებაში?

6. რაში შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი?

6 ზოგს მდგომარეობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ იეჰოვას სრული დროით ემსახუროს. თუმცა ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ იეჰოვა მათ მიერ მთელი გულით გაღებულ მსხვერპლსაც აფასებს. დაფიქრდით იმაზე, რომ პავლემ ფილიმონის 1—3 მუხლებში კოლოსეს კრების წევრები სახელებით მოიხსენია (წაიკითხეთ). პავლე, ისევე როგორც იეჰოვა, აფასებდა მათ. ჩვენი ზეციერი მამა ჩვენს მსახურებასაც აფასებს. ჩნდება კითხვა: რით შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, ვინც დღეს ღმერთს სრული დროით ემსახურება?

მხარში ამოვუდგეთ პიონერებს

7, 8. რა საქმეს აკეთებენ პიონერები და როგორ შეუძლიათ კრების წევრებს, მხარში ამოუდგნენ მათ?

7 პირველ საუკუნეში მცხოვრებ სასიხარულო ცნობის მახარობელთა მსგავსად, გულანთებული პიონერებიც დღეს კრებაში მყოფი და-ძმებისთვის გამხნევების წყაროს წარმოადგენენ. ისინი ყოველთვე 70 საათს ქადაგებენ. როგორ შეგიძლიათ, გვერდში დაუდგეთ მათ?

8 ერთმა პიონერმა დამ, შერიმ, აღნიშნა: „ერთი შეხედვით, პიონერები სულიერად ძლიერნი ჩანან, რადგან ყოველდღე ველზე შრომობენ. თუმცა მათაც სჭირდებათ გამხნევება“ (რომ. 1:11, 12). სხვა დამ კი, რომელიც რამდენიმე წლის მანძილზე  მსახურობდა პიონერად, თანაკრებელ პიონერებზე თქვა: „ისინი ბევრს ირჯებიან და მუდამ ჯაფაში არიან. როცა ვინმე მათ დახმარების ხელს უწვდის — მსახურებაში ავტომობილით მიჰყავთ, სადილად ეპატიჟებიან, საწვავის ფულს აძლევენ ან სხვა სახით უდგანან მხარში ფინანსურად — ისინი მეტად მადლიერნი არიან. და-ძმები ამით აჩვენებენ, რომ ზრუნავენ მათზე“.

9, 10. როგორ ეხმარება ზოგი პიონერებს თავის კრებაში?

9 გსურთ, მხარში ამოუდგეთ პიონერებს მსახურებაში? ერთი პიონერი, სახელად ბობი, შეიძლება ითქვას, ემუდარება თავისი კრების წევრებს: „გთხოვთ, მთელი კვირის მანძილზე ითანამშრომლეთ ჩვენთან“. ბობის კრებელი ერთ-ერთი პიონერი კი ასეთ რამეს ამბობს: „ნაშუადღევს მსახურებაში პარტნიორის პოვნა, ფაქტობრივად, შეუძლებელია“. ერთი და, რომელიც დღეს ბრუკლინის ბეთელის ოჯახის წევრია, დიდი სითბოთი და სიყვარულით იხსენებს იმ პერიოდს, როცა პიონერად მსახურობდა: «არასდროს დამავიწყდება ერთი დის პრაქტიკული მხარდაჭერა, რომელსაც მანქანა ჰყავდა. მას ნათქვამი ჰქონდა: „თუ მსახურებაში პარტნიორს ვერ იპოვი, ნებისმიერ დროს დამირეკე და მე გამოგყვები“. ეს და რომ არა, ნამდვილად გამიჭირდებოდა პიონერად მსახურება». ზემოხსენებულმა შერიმ მეტად ყურადსაღები რამ აღნიშნა: „მსახურების შემდეგ დაუქორწინებელი პიონერები ხშირად მარტონი რჩებიან. კარგი იქნება, თუ მათ ხანდახან ოჯახური თაყვანისცემის საღამოზე მიიპატიჟებთ. თუ მათაც ჩართავთ თქვენს გეგმებში, ეს მათთვის გამამხნევებელი იქნება“.

10 ერთი და, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც სრული დროით მსახურობს, იხსენებს დაუქორწინებლობის ხანას, როცა სხვა გასათხოვარ პიონერ დებთან ერთად მსახურობდა. იგი ამბობს: „კრების უხუცესები რამდენიმე თვეში ერთხელ გვინახულებდნენ. ისინი ინტერესდებოდნენ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვმუშაობდით თუ არა, გვიჭირდა თუ გვილხინდა. ძმები მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით არ შემოიფარგლებოდნენ. ისინი სახლში გვსტუმრობდნენ, რათა საკუთარი თვალით ენახათ, რა მხრივ გვჭირდებოდა მათი დახმარება“. ამ დის ნათქვამმა, ალბათ, პავლეს სიტყვები გაგახსენათ, რომლითაც მან მადლიერება გამოხატა ეფესოში მცხოვრები ონისიფორესადმი (2 ტიმ. 1:18).

11. რას მოიცავს სპეციალური პიონერების დავალება?

11 კრებაში მყოფი და-ძმებისთვის კურთხევაა, როცა მათ გვერდით სპეციალური პიონერები მსახურობენ. ისინი ყოველთვიურად 130 საათს  ქადაგებენ. ვინაიდან სპეციალური პიონერები ამხელა დროს უთმობენ მსახურებასა და კრების საქმეებს, ბუნებრივია, რომ ქვეყნიური სამუშაოსთვის მცირე დრო რჩებათ ან საერთოდ არ რჩებათ. ფილიალი სპეციალურ პიონერებს მოკრძალებული ფინანსური შემწეობით უზრუნველყოფს, რათა ისინი ბოლომდე მიეძღვნან მსახურებას.

12. როგორ შეუძლიათ უხუცესებსა თუ სხვებს, მხარში ამოუდგნენ სპეციალურ პიონერებს?

12 როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ სპეციალურ პიონერებს? ფილიალში მომსახურე ერთი უხუცესი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სპეციალურ პიონერებთან, ამბობს: „უხუცესები უნდა გაესაუბრონ სპეციალურ პიონერებს, რათა გაიგონ, რა ხდება მათ თავს და რა მხრივ სჭირდებათ დახმარება. ზოგმა თანაქრისტიანმა შეიძლება იფიქროს, რომ ვინაიდან სპეციალურ პიონერებს ორგანიზაციიდან ეძლევათ შემწეობა, მათ და-ძმების დახმარება აღარ სჭირდებათ. მაგრამ ეს ასე არ არის. კრებაში მყოფ და-ძმებს შეუძლიათ სხვადასხვაგვარად დაეხმარონ მათ“. პიონერების მსგავსად, სპეციალური პიონერებიც დიდად აფასებენ, როცა თანაქრისტიანები მათთან თანამშრომლობენ მსახურებაში. შეგიძლიათ თქვენც ასეთი სახით დაუდგეთ მხარში მათ?

დავეხმაროთ სარაიონო ზედამხედველებს

13, 14. ა) რა არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, როცა სარაიონო ზედამხედველებზე ვფიქრობთ? ბ) თქვენი აზრით, როგორ შეგიძლიათ, რომ მხარში ამოუდგეთ სარაიონო ზედამხედველებს?

13 და-ძმების თვალში სარაიონო ზედამხედველები და მათი მეუღლეები სულიერად ძლიერი, ამტანი ადამიანები არიან. ეს მართლაც ასეა, თუმცა მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ, რომ მათაც სჭირდებათ გამხნევება, მსახურებაში პარტნიორობის გაწევა, ზომიერი გართობა და დასვენება. ჩნდება კითხვა, რა მხრივ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, თუ ისინი მოულოდნელად მკურნალობის ან ოპერაციის გაკეთების მიზნით საავადმყოფოში აღმოჩნდებიან? ისინი დიდად მადლიერნი დაგრჩებიან, თუ ამ დროს ყურადღებას გამოიჩენთ, მოინახულებთ და გვერდში დაუდგებით. ალბათ, გახსენდებათ, როგორ ზრუნავდა წიგნ „საქმეების“ დამწერი და „საყვარელი ექიმი ლუკა“ პავლესა და სხვა თანამსახურებზე, რომლებიც კრებებს ინახულებდნენ (კოლ. 4:14; საქ. 20:5—21:18).

14 სარაიონო ზედამხედველებსა და მათ მეუღლეებს ძალიან სჭირდებათ ახლო მეგობრები; მეგობრები მათთვის ძალიან ძვირფასნი არიან. ერთმა სარაიონო ზედამხედველმა ასეთი რამ თქვა: „ჩემმა მეგობრებმა კარგად იციან, როდის მჭირდება გამხნევება. ისინი ამ დროს კითხვებს მისვამენ და ეს მეხმარება, რომ მათ ჩემს გულისტკივილზე ვესაუბრო. მეგობრები სულგანაბულები მისმენენ და მართლაც ძალიან მეხმარებიან“. სარაიონო ზედამხედველები და მათი მეუღლეები დიდად აფასებენ და-ძმების მხრიდან გამოვლენილ სითბოსა და ყურადღებას.

მხარი დავუჭიროთ ბეთელის ოჯახის წევრებს

15, 16. რა საქმეს უჭერენ მხარს ბეთელელები და საკონგრესო დარბაზების მშენებლები და ჩვენ როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ მათ?

15 მთელ მსოფლიოში ბეთელელები და საკონგრესო დარბაზების მშენებლები მხარს უჭერენ სამეფოს საქმეს იმ ქვეყნებში, რომლებსაც მათი ქვეყნის ფილიალები ზედამხედველობენ. თუ თქვენს კრებაში ან მეზობელ კრებებში ბეთელელები მსახურობენ, როგორ შეგიძლიათ აჩვენოთ, რომ გახსოვთ ისინი?

16 და-ძმები, რომლებმაც ბეთელში მსახურება დაიწყეს, შესაძლოა თავიდან ნოსტალგიას განიცდიდნენ, ენატრებოდათ ოჯახის წევრები და მეგობრები. მათ ძალიან უხარიათ, როცა ბეთელელები და კრების წევრები უმეგობრდებიან (მარ. 10:29, 30). ბეთელის სამუშაო გრაფიკი ისეა შედგენილი, რომ ბეთელელებმა თავისუფლად შეძლონ კრების შეხვედრებზე დასწრება და ქადაგება ყოველკვირეულად. თუმცა დროდადრო ბეთელელებს დამატებითი სამუშაოს შესრულებაც უხდებათ. როდესაც კრების წევრებს კარგად ესმით ეს და ჯეროვნად აფასებენ მათ შრომას, ამას ყველასთვის დიდი სიკეთე მოაქვს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:9).

დავეხმაროთ სრული დროით მსახურებს, რომლებიც საზღვარგარეთ იღვწიან

17, 18. მსახურების რომელ სფეროებში იღვწიან საზღვარგარეთ გადასული და-ძმები?

17 და-ძმებს, რომლებიც მსახურების მიზნით სხვა ქვეყანაში გადადიან, შესაძლოა ახალ საკვებთან, უცხო ენასთან, ადგილობრივ ჩვეულებებთან  თუ აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებთან შეგუება მოუწიოთ. საინტერესოა, რატომ მიდიან ისინი ასეთ მსხვერპლზე?

18 ამ ქრისტიანებს შორის ზოგი მისიონერია; ისინი ძირითადად ისეთ ადგილებში ქადაგებენ, სადაც ადგილობრივი ქრისტიანები მათგან ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ. ფილიალი მისიონერებს უზრუნველყოფს საცხოვრებლითა და მოკრძალებული ფინანსური შემწეობით, რათა მათ აუცილებელი ხარჯები დაფარონ. ზოგი ბეთელში მსახურობს. ზოგი კი მონაწილეობას იღებს ფილიალების, მთარგმნელობითი ოფისების, საკონგრესო თუ სამეფო დარბაზების მშენებლობაში. ზოგჯერ მათ დაბინავებაზე, კვებასა თუ სხვა აუცილებელ საჭიროებებზე ფილიალი ზრუნავს, ზოგჯერ კი ამ ყველაფერზე ადგილობრივი და-ძმები ზრუნავენ. ბეთელის ოჯახის წევრების მსგავსად, ისინიც რეგულარულად ესწრებიან კრების შეხვედრებს და ადგილობრივ ქრისტიანებთან ერთად ქადაგებენ. ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ეს და-ძმები თავიანთი კრების წევრებისთვის კურთხევას წარმოადგენენ.

19. როგორ შეგიძლიათ უკეთ გაუგოთ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სრული დროით მსახურებს?

19 როგორ შეგიძლიათ უკეთ გაუგოთ სხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სრული დროით მსახურებს? გახსოვდეთ, რომ მათ შეიძლება თავიდან ვერ მიირთვან ადგილობრივი კერძები. როცა მათ სტუმრად დაპატიჟებთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფაქტორი. მაგალითად, შეგიძლიათ ჰკითხოთ, რომელი კერძი უყვართ და რომელი — არა. მათ მაშინაც უნდა გაუგოთ, თუ სწრაფად ვერ ითვისებენ თქვენს ენას და უჭირთ ადგილობრივ კულტურასთან შეგუება. დროა საჭირო იმისათვის, რომ ისინი ბოლომდე ჩასწვდნენ თქვენს ნათქვამს; კარგი იქნება, თუ მათ სიტყვების სწორად წარმოთქმაში დაეხმარებით. გახსოვდეთ: მათ მთელი სულითა და გულით სურთ თქვენი ენის შესწავლა!

20. რა მხრივ შეგიძლიათ დაეხმაროთ სრული დროით მსახურებსა და მათ მშობლებს?

20 დრო გადის და სრული დროით მსახურები და მათი მშობლები ასაკში შედიან. თუ მშობლები ღვთის მსახურები არიან, ბუნებრივია, მათ სურთ, რომ შვილებმა კვლავაც განაგრძონ სრული დროით მსახურება (3 იოან. 4). რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში სრული დროით მსახურები თავიანთი მშობლების დასახმარებლად ყველაფერს იღონებენ და შეძლებისდაგვარად ხშირად მოინახულებენ კიდეც. თუმცა საზღვარგარეთ მომსახურე სრული დროით მსახურებს თავიანთი მშობლების მოვლაში შეიძლება სამშობლოში მცხოვრები თანაქრისტიანები შეეხიდონ. არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ სრული დროით მსახურები მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ (მათ. 28:19, 20). შეგიძლიათ დახმარების ხელი გაუწოდოთ სრული დროით მსახურებს და გვერდში დაუდგეთ მათ მშობლებს?

21. რას გრძნობენ სრული დროით მსახურები მაშინ, როცა სხვები მათ ეხმარებიან და ამხნევებენ?

21 და-ძმები სრული დროით ანგარების მიზნით არ მსახურობენ. მათ სურთ, რომ საუკეთესო გაიღონ იეჰოვასთვის და დაეხმარონ სხვებს. ისინი ძალიან, ძალიან აფასებენ იმას, რასაც თქვენ მათთვის აკეთებთ. ერთი და, რომელიც სხვა ქვეყანაში მსახურობს, შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტყვებით სხვა სრული დროით მსახურთა სათქმელს ამბობს: „როდესაც მადლიერების ბარათს ვიღებ, ვგრძნობ, რომ ირგვლივ მყოფნი ჩემზე ფიქრობენ და აფასებენ იმას, რასაც ვაკეთებ“.

22. პირადად თქვენ რა აზრის ხართ სრული დროით მსახურებაზე?

22 სრული დროით მსახურება ცხოვრებაში საუკეთესო არჩევანია. მართალია, მას თან ახლავს სირთულეები, მაგრამ ის უდიდეს ბედნიერებასა და კმაყოფილებას გვანიჭებს. სრული დროით მსახურება საუკეთესოდ გვამზადებს იმ ბრწყინვალე და ხანგრძლივი მსახურებისთვის, რომელიც ღვთის ყველა ერთგულ მსახურს ელის ახალ ქვეყნიერებაში ღვთის მმართველობის დროს. მოდი, ყოველთვის გვახსოვდეს სრული დროით მსახურთა „რწმენის საქმეები“ და სიყვარულით გაწეული შრომა (1 თეს. 1:3).