არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა გარწმუნებთ იმაში, რომ ჭეშმარიტება იპოვეთ?

რა გარწმუნებთ იმაში, რომ ჭეშმარიტება იპოვეთ?

„დარწმუნდით, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომ. 12:2).

1. რას აკეთებდა ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება ომიანობის დროს?

ნუთუ ღვთის ნებაა, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები იარაღს იღებდნენ ხელში და სხვა ერის შვილთ ხოცავდნენ?! გასული საუკუნის განმავლობაში ბევრი ეგრეთ წოდებული ქრისტიანი სწორედ ასე იქცეოდა. კაპელანები (არმიის მღვდლები) აკურთხებდნენ კათოლიკე ჯარისკაცებსა და მათ იარაღს, რომელიც, მართალია, სხვა ეროვნების, მაგრამ ერთმორწმუნე მებრძოლთა წინააღმდეგ იყო მიმართული. ასევე იქცეოდნენ პროტესტანტი კაპელანებიც. ამ ყოველივეს შედეგად, ზღვა სისხლი დაიღვარა. სწორედ ამას მოწმობს II მსოფლიო ომი.

2, 3. რა პოზიცია ეკავათ იეჰოვას მოწმეებს როგორც II მსოფლიო ომის დროს, ისე მას შემდეგ და რატომ?

2 რას აკეთებდნენ იეჰოვას მოწმეები ომიანობის დროს? როგორც ისტორიიდან ვიგებთ, ისინი ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. რით იყო განპირობებული მათი ნეიტრალური პოზიცია? მოწმეები ცხოვრებაში იყენებდნენ იესოს სწავლებებს და ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ მის მაგალითს. მოდი, ვნახოთ, რა თქვა იესომ: „ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ“ (იოან. 13:35). იეჰოვას მოწმეები იმ პრინციპითაც ხელმძღვანელობდნენ, რომლის შესახებაც პავლე მოციქულმა კორინთელებს მისწერა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 10:3, 4).

 3 მაშასადამე, ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომელთაც საკუთარი სინდისი ბიბლიით განსწავლეს, ხელში იარაღს არ იღებენ. თუ უახლეს ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ სწორედ ნეიტრალიტეტის გამო იდევნებოდა ათასობით მოწმე — ახალგაზრდა თუ ხანდაზმული, ქალი თუ მამაკაცი. მათ საშინლად ტანჯავდნენ შრომა-გასწორების კოლონიებსა თუ სატუსაღოებში. ნაცისტური რეჟიმის დროს, გერმანიაში, ბევრს სიცოცხლეც კი მოუსწრაფეს. სასტიკი დევნების მიუხედავად, ევროპაში მცხოვრებ მოწმეებს არ ავიწყდებოდათ თავიანთი უმთავრესი მოვალეობა — იეჰოვას სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება. ისინი ქადაგებდნენ ციხეებში, საკონცენტრაციო ბანაკებსა თუ გადასახლებაში ყოფნის დროს. * თანამედროვე ისტორიიდან ისიც გვახსოვს, რომ როდესაც 1994 წელს, რუანდაში ეთნიკური წმენდის ნიადაგზე საომარი ვითარება შეიქმნა, მოწმეები არავის მიმხრობიან. მათ არც მაშინ უღალატიათ თავიანთი პოზიციისთვის, როცა ბალკანეთის ქვეყნებში სისხლისმღვრელი ომი გაჩაღდა, რაც, საბოლოოდ, იუგოსლავიის სახელმწიფოს დაშლით დასრულდა.

4. როგორ მოქმედებს იეჰოვას მოწმეთა ნეიტრალური პოზიცია გარშემომყოფებზე?

4 იეჰოვას მოწმეთა მტკიცე ნეიტრალურმა პოზიციამ დედამიწის ზურგზე მცხოვრები ათასობით ადამიანი დაარწმუნა, რომ მათ გულწრფელად უყვართ ღმერთი და მოყვასი და რომ ისინი მართლაც ჭეშმარიტი ქრისტიანები არიან. თუმცა ამას გარდა, არსებობს სხვა მიზეზებიც, რაც ბევრისთვის იმის უდავო მტკიცებულებაა, რომ იეჰოვას მოწმეები იქცევიან ისე, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანებს შეჰფერით.

ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო საქმე

5. რა ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ იესოს იუდეველი მოწაფეები?

5 იესო ქრისტე მსახურების დაწყებისთანავე ყველას ყურადღებას ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებისკენ მიმართავდა. მან 12 მოწაფე აირჩია, რათა მათთან ერთად საფუძველი ჩაეყარა სამქადაგებლო საქმისთვის, რომელიც დღესაც გრძელდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით; მოგვიანებით მან 70 მოწაფეც მოამზადა ამავე საქმისთვის (ლუკ. 6:13; 10:1). მათ თავდაპირველად იუდეველებისთვის უნდა გადაეცათ სასიხარულო ცნობა და შემდეგ — სხვებისთვის, წინადაუცვეთელი უცხოტომელებისთვის. ეს ცვლილება მართლაც დიდ გარდატეხას მოახდენდა ერთგული იუდეველი მოწაფეების ცნობიერებაში! (საქ. 1:8).

6. რამ დაარწმუნა პეტრე იმაში, რომ იეჰოვა მიუკერძოებელია?

6 ღმერთმა პეტრე მოციქული წინადაუცვეთელი უცხოტომელის, კორნელიუსის, სახლში მიავლინა; ამის შემდეგ პეტრე დარწმუნდა, რომ ღმერთი მიუკერძოებელია. კორნელიუსი თავის სახლეულობასთან ერთად მოინათლა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ქრისტიანობა გასცდებოდა ვიწრო გეოგრაფიულ არეალს და ყველა ეროვნების ხალხი შეძლებდა ჭეშმარიტების მოსმენასა და მიღებას (საქ. 10:9—48). მაშინ სამქადაგებლო ველმა მთელი მსოფლიო მოიცვა.

7, 8. რა ინიციატივას იჩენს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია? (იხილეთ სურათი მე-7 გვერდზე)

7 იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორიაც ადასტურებს, რომ ხელმძღვანელი ძმები აქტიურად უჭერენ მხარს სასიხარულო ცნობის ქადაგებისა და სწავლების საქმეს მთელ მსოფლიოში. დღეს 8 მილიონამდე იეჰოვას მოწმე მთელი შემართებით ქადაგებს სამეფოს შესახებ ცნობას 600-ზე მეტ ენაზე და მალე ენათა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება! იეჰოვას მოწმეები ცნობილნი არიან თავიანთი სამქადაგებლო საქმიანობით — ისინი ქადაგებენ როგორც კარდაკარ, ისე ქუჩაში; ზოგჯერ სპეციალურ მაგიდებსა თუ სტენდებსაც იყენებენ, რომლებზეც ბიბლიურ ლიტერატურას ათავსებენ.

8 მთელ მსოფლიოში 2 900-ზე მეტმა მთარგმნელმა სპეციალური მომზადება გაიარა, რათა უკეთ შესძლებოდათ ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის თარგმნა. მთარგმნელები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ენებზე კი არ თარგმნიან, არამედ ასობით  ისეთ ენაზეც, რომლებიც მართალია, ნაკლებად ცნობილია, მაგრამ მათზე მილიონობით ადამიანი საუბრობს. მაგალითად, ესპანეთში მილიონობით კატალონიელისთვის ყოველდღიური კომუნიკაციის ენა კატალანურია. არც ისე დიდი ხნის წინ კატალანურ ენას თავისი კილოკავებითა და ვარიაციებით კვლავ ოფიციალური სტატუსი მიენიჭა. ამ ენასა და მის დიალექტებზე საუბრობენ ანდორაში, ალიკანტეში, ბალეარის კუნძულებსა და ვალენსიაში. დღესდღეობით იეჰოვას მოწმეები კატალანურ ენაზე გამოსცემენ ბიბლიურ ლიტერატურას და ატარებენ კრების შეხვედრებს, რაც გულს უთბობს ბევრ კატალონიელს.

9, 10. რა მოწმობს იმაზე, რომ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია ზრუნავს თითოეული ადამიანის სულიერ მოთხოვნილებაზე?

9 ამგვარ მეთოდს მიმართავენ იეჰოვას მოწმეები მსოფლიოს მრავალ კუთხეში. მაგალითად, მექსიკაში ოფიციალური ენა ესპანურია, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა სხვა ენებზეც საუბრობს. ერთ-ერთი ასეთი მაიას ხალხის ენაა. მექსიკის ფილიალმა მაიას მთარგმნელობითი ჯგუფი ქვეყნის ისეთ ნაწილში გაამწესა, სადაც მოსახლეობის სასაუბრო ენა მაიაა. ახლა ერთი-ორი სიტყვით ნეპალსაც შევეხოთ. ქვეყანაში დაახლოებით 120 ენაზე საუბრობენ და 29 მილიონზე მეტი მაცხოვრებელია. მათგან 10 მილიონზე მეტი ადამიანისთვის მშობლიური ენა ნეპალურია, ბევრისთვის კი ის მეორე ენაა. პუბლიკაციები ნეპალურ ენაზეც ითარგმნება.

10 იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია მთელი სერიოზულობით ეკიდება სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმეს. ამაზე ისიც მოწმობს, რომ ორგანიზაციაში ყველაფერი კეთდება მთარგმნელობითი ჯგუფების დასახმარებლად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიოში მიმდინარე კამპანიების დროს ვრცელდება მილიონობით ბუკლეტი, ბროშურა თუ ჟურნალი, თანაც სრულიად უსასყიდლოდ. ხარჯები იფარება იეჰოვას მოწმეების ნებაყოფლობითი შესაწირავებით. ისინი მიჰყვებიან იესოს მითითებას: „უსასყიდლოდ გაქვთ მიღებული და უსასყიდლოდვე გაეცით“ (მათ. 10:8).

მთარგმნელობითი ჯგუფი პუბლიკაციებს თარგმნის და ამზადებს ქვემოგერმანულ ენაზე (იხილეთ მე-10 აბზაცი)

ქვემოგერმანულ ენაზე გამოცემული პუბლიკაციები დიდ სამსახურს უწევს მაუწყებლებს პარაგვაიში (აგრეთვე იხილეთ სურათი მე-7 გვერდზე)

11, 12. რაში არწმუნებს სხვებს იეჰოვას მოწმეთა ესოდენ მასშტაბური საგანმანათლებლო საქმე?

11 იეჰოვას მოწმეები, ერთგული მქადაგებლები და მასწავლებლები, სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ ჭეშმარიტება იპოვეს. ისინი თავს არ ზოგავენ იმისათვის, რომ ეს ძვირფასი ცნობა ყველა ეროვნებისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს უქადაგონ. ამისათვის ბევრს ცხოვრების გამარტივება, უცხო ენის შესწავლა და განსხვავებულ კულტურასთან შეგუება მოუწია. ასეთი მასშტაბური საგანმანათლებლო საქმე კიდევ ერთი მიზეზია, რაც მრავალს არწმუნებს, რომ იეჰოვას მოწმეები ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრები არიან.

 12 ნამდვილად, იეჰოვას მოწმეები ძალ-ღონეს არ იშურებენ ამ საქმისთვის, რადგან მტკიცედ სწამთ, რომ მათ იპოვეს ჭეშმარიტება! მაგრამ მაინც წამოიჭრება შეკითხვა: კიდევ რა არწმუნებთ მათ ამაში? (წაიკითხეთ რომაელების 14:17, 18).

საიდან ასეთი რწმენა?

13. როგორ უწყობენ ხელს ორგანიზაციის სიწმინდეს იეჰოვას მოწმეები?

13 ქვემოთ წავიკითხავთ ღვთის თანამედროვე მსახურთა შესახებ, რომლებიც გვიზიარებენ, პირადად მათ რა არწმუნებთ, რომ ჭეშმარიტება იპოვეს. ერთი გამოცდილი მოწმე ასეთ რამეს ამბობს: „იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ორგანიზაცია წმინდა და შეურყვნელი დარჩეს. ასე რომ, საჭიროების შემთხვევაში, ყველას ეძლევა რჩევა-დარიგება და შეგონება“. საინტერესოა, როგორ მიიღწევა ეს? იეჰოვას მოწმეები ზედმიწევნით იცავენ ღვთის სიტყვაში ჩაწერილ ნორმებს და მიჰყვებიან იესოსა და მისი მოწაფეების მიერ დატოვებულ მაგალითს. ამის წყალობით მათი რიცხვი, რომლებიც იეჰოვას ნორმებს ზურგს აქცევენ და ორგანიზაციიდან ირიცხებიან, ზღვაში წვეთია; სწორედ ამას მოწმობს იეჰოვას მოწმეთა თანამედროვე ისტორია. თუმცა ღვთის მსახურთა უმრავლესობა დღეს ზნეობრივად სუფთა და პატიოსან ცხოვრებას ეწევა; მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც ერთ დროს სრულიად უგულებელყოფდნენ ღვთის ნორმებს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 6:9—11).

14. რა გააკეთა ბევრმა გარიცხულმა და რა მოჰყვა ამას შედეგად?

14 რის თქმა შეიძლება მათზე, რომლებიც აღარ აკმაყოფილებდნენ ბიბლიურ მოთხოვნებს და ამის საფუძველზე ქრისტიანული კრებიდან გაირიცხნენ? ათასობით მათგანმა მოინანია ჩადენილი საქციელი და მათ კვლავ სიხარულით შეხვდნენ კრებაში (წაიკითხეთ 2 კორინთელების 2:6—8). ვინაიდან ორგანიზაცია ზნეობასთან დაკავშირებულ ბიბლიურ ნორმებს ზედმიწევნით მიჰყვება, ქრისტიანული კრება სიწმინდეს ინარჩუნებს; ამიტომ თითოეული მოწმე დარწმუნებულია, რომ ორგანიზაცია მოწოდების სიმაღლეზეა და კვლავაც ღვთის მოწონებას იმსახურებს. ქრისტიანული ეკლესიებისგან განსხვავებით, რომლებიც თავიანთ მრევლს თითქმის არაფერში ზღუდავენ, იეჰოვას მოწმეები განუხრელად მიჰყვებიან ღვთის მითითებებს; ასეთი კონტრასტის წყალობით მრავალს ეჭვი არ ეპარება, რომ იეჰოვას მოწმეები სწორ გზაზე დგანან.

15. რამ დაარწმუნა ერთი ძმა იმაში, რომ ჭეშმარიტება იპოვა?

15 მოდი, კიდევ ერთ იეჰოვას მოწმეს მოვუსმინოთ, რომელიც უკვე 54 წლისაა, დიდი ხანია, იეჰოვას ემსახურება და წუთითაც არ ეპარება ეჭვი, რომ ჭეშმარიტება იპოვა: «სიყმაწვილიდან დღემდე ჩემი რწმენა სამ ძირითად „ბურჯს“ ემყარება: მათგან პირველი ისაა, რომ ღმერთი არსებობს, მეორე, რომ ბიბლია მისი შთაგონებით დაიწერა და მესამე, რომ დღეს ღმერთი თავისი ნების შესასრულებლად ქრისტიანულ კრებას იყენებს და აკურთხებს კიდეც მას. მთელი ამ ხნის მანძილზე ვამოწმებდი, რამდენად მყარ საყრდენზე იდგა ჩემი რწმენა. წლიდან წლამდე იმის უფრო მეტ სარწმუნო მტკიცებულებას ვხედავდი, რომ მე მართლაც სწორ გზას ვადექი».

16. რამ დაარწმუნა ერთი ჩვენი და იმაში, რომ ჭეშმარიტება იპოვა?

 16 ერთი დაქორწინებული და, რომელიც ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში მსახურობს, ღვთის ორგანიზაციის შესახებ გვეუბნება: «ეს ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც ერთგულად აცხადებს იეჰოვას სახელს. ვინაიდან ბიბლიაში ღვთის სახელი დაახლოებით 7 000-ჯერ არის მოხსენიებული, ნამდვილად ბრძნულია, რომ მას სახელით მოვუხმოთ. ძალიან მიყვარს 2 მატიანის 16:9-ში ჩაწერილი სიტყვები: „იეჰოვას თვალები აკვირდება მთელ დედამიწას, რომ თავისი ძალით დაეხმაროს მათ, ვინც მთელი გულით არის მასთან“». იგი დასძენს: „ჭეშმარიტების გაგების შემდეგ მივხვდი, რომ მთელი გულით უნდა ვემსახურო იეჰოვას, თუ მინდა, რომ იგი თავისი ძალით მხარში ამომიდგეს. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იეჰოვასთან პირადი ურთიერთობაა. ამასთანავე, ძალიან ვაფასებ იესოს წვლილს, რომლის მეშვეობითაც უფრო ახლოს გავიცანი ჩემი მზრუნველი მამა“.

17. რაში დარწმუნდა ერთი ყოფილი ათეისტი და როგორ?

17 ერთმა ყოფილმა ათეისტმა თქვა: „ღვთის შემოქმედება მარწმუნებს, რომ ღვთის სურვილია, ადამიანებმა სიცოცხლით გაიხარონ და იგი არ დაუშვებს, რომ ტანჯვა მარადიულად გაგრძელდეს. როცა ვხედავ, როგორ ეფლობა მსოფლიო უღვთოობის ჭაობში მაშინ, როცა იეჰოვას მოწმეებს უფრო უღრმავდებათ რწმენა, სიყვარული და მეტად მოშურნენი ხდებიან ღვთის საქმეში, ესეც მარწმუნებს, რომ ჭეშმარიტება ვიპოვე. ასეთი სასწაულის მოხდენა მხოლოდ იეჰოვას სულს ძალუძს“ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:1—4).

18. რა გრძნობა გეუფლებათ, როცა აბზაცში მოხსენიებული ძმების კომენტარებს ეცნობით?

18 იეჰოვას კიდევ ერთ გამოცდილ მოწმეს იოტისოდენა ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ ჭეშმარიტება იპოვა. ის ქვემოთ გვისახელებს ამის მიზეზებს: „უკვე არაერთი წელია, რაც ბიბლიას ვიკვლევ და უფრო და უფრო ვრწმუნდები ერთ რამეში: იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ მიჰყვნენ პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების მაგალითს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და პირადად მიგრძვნია, რომ იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საძმოს ვეკუთვნი. ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ კმაყოფილება და ბედნიერება მომიტანა“. როდესაც ერთ 60 წელს გადაცილებულ ძმას ჰკითხეს, თუ რამ დაარწმუნა ის, რომ ჭეშმარიტება იპოვა, მან ასე უპასუხა: „ჩვენ გულდაგულ ვიკვლევთ იესოს ცხოვრებასა და მსახურებას და მისი მაგალითი ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ჩვენ შევიცვალეთ ცხოვრების ნირი, რათა ქრისტეს მეშვეობით უფრო დავახლოებოდით ღმერთს. ვაღიარებთ, რომ ხსნისთვის აუცილებელი იყო მსხვერპლი, რომელიც იესომ გაიღო. დაბეჯითებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ქრისტე ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით. ამის უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, ვინაიდან ამ მოვლენას თვითმხილველები ჰყავდა“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:3—8).

რა პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჭეშმარიტების ცოდნა?

19, 20. ა) რისკენ მოუწოდა პავლემ რომაელ ქრისტიანებს? ბ) რა პატივი გვხვდა წილად ჩვენ, ვინც იეჰოვას მივუძღვენით თავი?

19 ჩვენ, ქრისტიანებს, მოყვასის სიყვარული გვკარნახობს, რომ ძვირფასი განძი, ჭეშმარიტება, სხვებსაც ვუწილადოთ. სწორედ ამისკენ მოუწოდა პავლემ რომაელ ქრისტიანებს: «თუ სახალხოდ აღიარებ „სიტყვას, რომელიც შენს ბაგეზეა“, რომ იესო უფალია, და გულით გწამს, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა იგი, გადარჩები, ვინაიდან გულით სწამთ სიმართლის მისაღწევად, პირით კი სახალხოდ აღიარებენ გადასარჩენად» (რომ. 10:9, 10).

20 ჩვენ, ვინც იეჰოვას მივუძღვენით თავი, აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ ჭეშმარიტება ვიპოვეთ და გვესმის, რომ დიდი პატივი გვხვდა წილად, ვუქადაგოთ და ვასწავლოთ სხვებს სასიხარულო ცნობა. როცა ვქადაგებთ, დაე, სხვებზე არა მხოლოდ ბიბლიურმა სიბრძნემ დატოვოს წარუშლელი შთაბეჭდილება, არამედ იმის დანახვამაც აღაფრთოვანოს ისინი, რომ ჩვენ რწმენა გვალაპარაკებს.

^ აბზ. 3 იხილეთ წიგნი: „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“, გვერდები 191—198; 448—454.