არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

დააფასეთ თქვენი სულიერი მემკვიდრეობა!

დააფასეთ თქვენი სულიერი მემკვიდრეობა!

„ჩვენ მივიღეთ . . . სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ, რა გვიბოძა ღმერთმა“ (1 კორ. 2:12).

1. რა აზრი გვსმენია დღეს ბევრისგან?

ალბათ, ბევრისგან გსმენიათ მსგავსი აზრი: „იმის ფასს, რაც გქონდა, მხოლოდ მისი დაკარგვის შემდეგ იგებ“. თქვენც გამოგიცდიათ საკუთარ თავზე ამ სიტყვების ჭეშმარიტება? როგორც წესი, ადამიანებს უჭირთ იმის ჯეროვნად დაფასება, რაც მათ ბავშვობიდან აქვთ. მაგალითად, მას, ვინც ფუფუნებაში იზრდება, ჰგონია, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერია და ეს ასეც უნდა იყოს. სწორედ ასე ხდება იმ ახალგაზრდების შემთხვევაში, რომელთაც ცხოვრებისეული გამოცდილება არ ჰყოფნით საიმისოდ, რომ სწორად განსაზღვრონ, რაა ცხოვრებაში ჭეშმარიტად ფასეული.

2, 3. ა) რას უნდა გაუფრთხილდნენ ქრისტიანი ახალგაზრდები? ბ) რა დაგვეხმარება იმის დაფასებაში, რაც გაგვაჩნია?

2 თუ ახალგაზრდა ხარ, შენთვის რაა ფასეული? დღეს ბევრისთვის ცხოვრებაში კარგი შემოსავალი, სახლ-კარი და უახლესი ტექნიკა ყველაფერია. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, გამოდის, რომ ცხოვრებაში გაცილებით მნიშვნელოვანი, სულიერი განძი, გვერდზე გრჩებათ. სამწუხაროდ, მილიონობით ადამიანს აზრადაც არ მოსდის სულიერი სიმდიდრის შეძენა. ახალგაზრდებო, ვინც ქრისტიანულ ოჯახებში აღიზარდეთ, ქარს ნუ გაატანთ მშობლებისგან მიღებულ სულიერ მემკვიდრეობას! (მათ. 5:3). თუ უდიერად მოეპყრობით ამ განძს, შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში იწვნიოთ სავალალო შედეგები!

3 თუმცა არასასურველი შედეგების თავიდან არიდება ნამდვილად შესაძლებელია. ისმის კითხვა: რა დაგეხმარებათ, სათანადოდ დააფასოთ სულიერი მემკვიდრეობა? მოდი, მიმოვიხილოთ ბიბლიური პერსონაჟების მაგალითები და ვნახოთ, რატომაა გონივრული, გავუფრთხილდეთ ჩვენს სულიერ მემკვიდრეობას. მათი მაგალითები დაგვეხმარება როგორც ახალგაზრდებს, ისე უფროსი ასაკის ქრისტიანებს, დავიცვათ ჩვენი სულიერი საგანძური.

მათ არად ჩააგდეს სულიერი მემკვიდრეობა

4. რას ვიგებთ 1 სამუელის 8:1—5 მუხლებიდან სამუელის ვაჟებზე?

4 ბიბლია არაერთი ადამიანის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც ჯეროვნად არ დააფასეს თავიანთი მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა. ასეთები იყვნენ წინასწარმეტყველი სამუელის ვაჟები; სწორედ იმ სამუელისა, რომელიც სიყრმიდან ერთგულად ემსახურებოდა ღმერთს (1 სამ. 12:1—5). სამუელი თავის ძეებს, იოელსა და აბიას, კარგ მაგალითს აძლევდა. თუმცა სამწუხაროდ, მათ თავიანთ მამას არ მიჰბაძეს და სწორი გზიდან გადაუხვიეს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ისინი „სამართალს ამრუდებდნენ“ (წაიკითხეთ 1 სამუელის 8:1—5).

5, 6. როგორ წარიმართა იოშიას მემკვიდრეთა ცხოვრება?

5 სულიერი მემკვიდრეობა არც იოშიას ვაჟებმა დააფასეს. არადა, თავად იოშია იეჰოვას გულანთებული თაყვანისმცემელი გახლდათ. მას შემდეგ, რაც იეჰოვას სახლში კანონის წიგნს მიაკვლიეს და მეფე იოშიას წაუკითხეს, იგი ზედმიწევნით მიჰყვა იეჰოვას მითითებებს — აღმოფხვრა კერპთაყვანისმცემლობა და სპირიტიზმი; იმავდროულად, მეფე ხალხს იეჰოვას მორჩილებისკენ მოუწოდებდა (2 მეფ. 22:8; 23:2, 3, 12—15, 24, 25). იოშიამ თავის ვაჟებს მართლაც მდიდარი სულიერი განძი უმემკვიდრა! მას შემდეგ ტახტზე ერთმანეთის მონაცვლეობით მისი სამი ვაჟი და შვილიშვილი ავიდნენ. თუმცა სამწუხაროდ, მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა არც ერთმა მათგანმა არ დააფასა!

6 იოშიას შემდეგ მისი ვაჟი, იეჰოახაზი, გამეფდა, რომელიც „ბოროტებას სჩადიოდა . . . იეჰოვას თვალში“. მას მხოლოდ სამ თვეს დასცალდა მეფობა. შემდეგ იგი ეგვიპტის ფარაონმა შეიპყრო; ბოლოს ტყვეობაში დალია სული (2 მეფ. 23:31—34). სამეფო ტახტზე მისი ძმა, იეჰოიაკიმი ავიდა, რომელმაც 11 წელი იმეფა. მამის „დანატოვარ მემკვიდრეობას“ არც იგი აფასებდა. ღვთის ორგულ მეფე იეჰოიაკიმზე იერემიამ იწინასწარმეტყველა: „მამალი ვირივით დაიმარხება“ (იერ. 22:17—19). არც იოშიას სხვა მემკვიდრეები, შვილი — ციდკია და შვილიშვილი — იეჰოიაქინი, გაჰყოლიან ღვთისმოსავი წინაპრის კვალს (2 მეფ. 24:8, 9, 18, 19).

7, 8. ა) როგორ გაანიავა სოლომონმა სულიერი მემკვიდრეობა? ბ) რას ვსწავლობთ იმ ბიბლიური პერსონაჟების მაგალითზე, რომლებმაც არად ჩააგდეს თავიანთი სულიერი მემკვიდრეობა?

7 მეფე სოლომონსაც დიდებული სულიერი მემკვიდრეობა გადასცა მამამისმა, მეფე დავითმა. მართალია, იგი ზეობის დასაწყისში ღვთისმოსაწონი მეფე იყო, მაგრამ მოგვიანებით, მან ღმერთს უღალატა. მის შესახებ ბიბლია გვაუწყებს: „სოლომონის სიბერეში მისი გული სხვა ღმერთებისკენ მიდრიკეს მისმა ცოლებმა. მამამისი დავითისგან განსხვავებით იგი მთელი გულით არ იყო იეჰოვასთან, თავის ღმერთთან“ (1 მეფ. 11:4). ამ ყოველივეს შედეგი კი ის გახლდათ, რომ სოლომონმა ღვთის კეთილგანწყობა დაკარგა.

8 რა დასანანია, რომ ასეთი გასაოცარი სულიერი მემკვიდრეობის მქონე ადამიანებმა, დაუდევრობა გამოიჩინეს და თავიანთი „საგანძური“ გაანიავეს! თუმცა საბედნიეროდ, ბიბლიურ დროში იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც უფრთხილდებოდნენ სულიერ განძს და ასეთები დღეს ჩვენ შორისაც მრავლად არიან. მოდი, ვისაუბროთ ზოგიერთ მათგანზე, რომელთაგანაც ქრისტიან ახალგაზრდებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ.

მათ დააფასეს სულიერი მემკვიდრეობა

9. როგორ დაამტკიცეს ნოეს ვაჟებმა, რომ აფასებდნენ სულიერ მემკვიდრეობას? (იხილეთ სურათი 27-ე გვერდზე).

9 ნოეს ვაჟებმა შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვეს. იეჰოვამ მათ მამას დაავალა, რომ კიდობანი აეგო და თავის სახლეულობასთან ერთად მასში შესულიყო. როგორც ჩანს, ნოეს შვილებისთვის იეჰოვას ნების შესრულება მეტად მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამიტომ, მათ მოუსმინეს მამას და კიდობანი ერთად ააშენეს (დაბ. 7:1, 7). რა მიზნით ააშენეს მათ კიდობანი? ამ მიზანზე დაბადების 7:3 საუბრობს: „იცოცხლონ . . . ქმნილებებმა მთელი დედამიწის პირზე“. კიდობანმა ადამიანთა სიცოცხლეც იხსნა. ვინაიდან ნოეს ვაჟები აფასებდნენ მამისგან მიღებულ სულიერ მემკვიდრეობას, მათ წილად ხვდათ პატივი, გადაერჩინათ კაცთა მოდგმა და განწმენდილ დედამიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა აღედგინათ (დაბ. 8:20; 9:18, 19).

10. როგორ გამოავლინა ბაბილონში გადასახლებულმა ოთხმა ახალგაზრდამ, რომ უყვარდათ ჭეშმარიტება?

10 წარღვნიდან საუკუნეებმა განვლო. ძვ. წ. 617 წელს ბაბილონელებმა ებრაელები ტყვედ წაასხეს. ტყვეთა შორის იყო ოთხი ახალგაზრდა — ხანანია, მიშაელი, აზარია და დანიელი. მათ დაამტკიცეს, თუ რა იყო მათთვის ყველაზე ფასეული. ამ გამჭრიახ და ბრგე ყმაწვილკაცებს ნამდვილად არ გაუჭირდებოდათ ბაბილონური ცხოვრების წესისთვის ფეხის აწყობა, მაგრამ ისინი ასე არ მოქცეულან; მათი საქციელიდან გამოჩნდა, რომ ისინი უფრთხილდებოდნენ თავიანთ სულიერ მემკვიდრეობას. ეს ოთხი ებრაელი იეჰოვამ უხვად აკურთხა, რადგან მათ არ დაივიწყეს ბავშვობაში ნასწავლი (წაიკითხეთ დანიელის 1:8, 11—15, 20).

11. როგორ უზიარებდა იესო სხვებს საკუთარ სულიერ მემკვიდრეობას?

11 მათ მაგალითებზე საუბრისას, ვისთვისაც სულიერი მემკვიდრეობა ძვირფასი იყო, შეუძლებელია იესოს, ღვთის ძის, ჩინებულ მაგალითს გვერდი ავუაროთ. მან მამისგან მართლაც უნიკალური სულიერი მემკვიდრეობა მიიღო, რომელიც მისთვის შეუფასებელი იყო. იესო აფასებდა მამისგან ნასწავლს, რაზეც საუკეთესოდ მოწმობს მისივე სიტყვები: „როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობ“ (იოან. 8:28). იესო სიხარულით უზიარებდა სხვებს მამისგან მიღებულ სულიერ ძღვენს. ერთხელ მან შეკრებილ ხალხს მიმართა: „სხვა ქალაქებსაც უნდა ვაუწყო სასიხარულო ცნობა ღვთის სამეფოს შესახებ, რადგან ამისთვის ვარ გამოგზავნილი“ (ლუკ. 4:18, 43). იესო ცდილობდა, ხალხისთვის ეჩვენებინა მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ყოფილიყვნენ „ქვეყნიერების ნაწილი“; ქვეყნიერებისთვის ხომ სულიერ სიმდიდრეს ჩალის ფასი აქვს?! (იოან. 15:19).

დააფასეთ თქვენი სულიერი მემკვიდრეობა!

12. ა) რა მხრივ ეხება დღეს მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდას 2 ტიმოთეს 3:14—17-ში ჩაწერილი სიტყვები? ბ) რა კითხვებზე უნდა დაფიქრდნენ ქრისტიანი ახალგაზრდები?

12 ახალგაზრდებო, შესაძლოა თქვენც იეჰოვას ერთგულმა მშობლებმა აღგზარდეს. თუ ასეა, პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიწერილი სიტყვები თქვენც გეხებათ (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:14—17). თქვენც ხომ მშობლებისგან გაიგეთ, ვინაა ჭეშმარიტი ღმერთი და როგორ უნდა ასიამოვნოთ მას?! შესაძლოა თქვენი მშობლებიც ჩვილობიდან გასწავლიან ჭეშმარიტებას. სწორედ ამის წყალობით თქვენ „ქრისტე იესოში რწმენით . . . დაბრძენდით გადასარჩენად“ და „ყოველმხრივ მომზადებული“ ხართ ღვთის მსახურებისთვის. ახალგაზრდებო, დააფასებთ მიღებულ სულიერ მემკვიდრეობას? ამისათვის საჭიროა, გამოიკვლიოთ საკუთარი თავი და დაფიქრდეთ შემდეგ კითხვებზე: მეამაყება, რომ წარსულში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მსგავსად, მეც იეჰოვას თაყვანისმცემელი ვარ? მიხარია, რომ იმ ერთეულთა შორის, ვისაც იეჰოვა იცნობს, მეც ვარ? ვაფასებ დიდებულ პატივს, რომ ვიცი ჭეშმარიტება?

გეამაყებათ, რომ წარსულში მცხოვრები ღვთის ერთგული მსახურების მსგავსად, თქვენც იეჰოვას თაყვანისმცემელი ხართ? (იხილეთ მე-9, მე-10 და მე-12 აბზაცები)

13, 14. რა ცდუნების წინაშე დგას ზოგი ახალგაზრდა და რატომ არის დიდი უგუნურება, თუ ისინი ამ ცდუნებას აჰყვებიან? მოიყვანეთ მაგალითი.

13 ქრისტიანულ ოჯახში აღზრდილ ზოგ ახალგაზრდას უჭირს იმის დანახვა, თუ რამხელა კონტრასტია ჩვენს სულიერ სამოთხესა და სატანის წყვდიადით მოცულ ქვეყნიერებას შორის. ზოგისთვის ერთგვარი საცდურიც კია, გემო გაუსინჯოს ქვეყნიურ ცხოვრებას. ახალგაზრდებო, ჩაუვარდებოდით მანქანას საბურავებში მხოლოდ იმის გასაგებად, თუ რამდენად მტკივნეული იქნებოდა ეს? ან გააკეთებდით ამას იმის დასადგენად, გადარჩებოდით თუ არა? არამც და არამც! ნამდვილად არ ღირს ამ ქვეყნიერების აღვირახსნილობის ჭაობში ჩაეფლოთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გაიგოთ, რამდენად საძულველი და აუტანელია ეს ქვეყნიერება (1 პეტ. 4:4).

14 აზიაში მცხოვრები ერთი ჩვენი ძმა ჯენერი, ქრისტიანულ ოჯახში აღიზარდა. იგი 12 წლისა მოინათლა. გარდატეხის ასაკში ჯენერი ქვეყნიერებამ მიიზიდა. იგი ამბობს: «მინდოდა, მეგრძნო „თავისუფლება“, რასაც ქვეყნიერება ყველას სთავაზობს». ჯენერმა გაორებული ცხოვრება დაიწყო. როცა 15 წლის იყო, იგი უკვე ქვეყნიური მეგობრების მსგავსად თავაშვებულ ცხოვრებას ეწეოდა — მათსავით სვამდა და იგინებოდა. ის სახლში ხშირად გვიან ღამით ბრუნდებოდა, ვინაიდან მეგობრებთან ერთად ბილიარდითა და ძალადობრივი კომპიუტერული თამაშებით ერთობოდა. თუმცა დროთა განმავლობაში ჯენერი მიხვდა, რომ ამქვეყნიურ სიამეთ მისთვის ნამდვილი კმაყოფილება არ მოჰქონდა და იგი სიცარიელეს გრძნობდა. ის იხსენებს, თუ რა გზა განვლო კვლავ კრებაში დასაბრუნებლად და ასეთ რამეს ამბობს: „ბევრ სირთულეს დღესაც ვებრძვი, მაგრამ იეჰოვას კურთხევებთან ეს რა მოსატანია?!“.

15. რაზე უნდა დაფიქრდნენ ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ქრისტიან მშობლებს არ აღუზრდიათ?

15 დღეს კრებაში ისეთი ახალგაზრდებიც არიან, რომლებიც ქრისტიან მშობლებს არ აღუზრდიათ. თუ თქვენს შემთხვევაშიც ასეა, დაფიქრდით, რამხელა ბედნიერებაა, რომ იცნობთ შემოქმედს და ემსახურებით მას. დედამიწაზე მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ თქვენ გხვდათ წილად პატივი, რომ იყოთ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც იეჰოვამ დაიახლოვა და ბიბლიური ჭეშმარიტება გაუმჟღავნა (იოან. 6:44, 45). დღესდღეობით დედამიწაზე მცხოვრები 1 000 ადამიანიდან მხოლოდ ერთმა იცის ჭეშმარიტება და თქვენ სწორედ ამ 1 000-დან ერთი ხართ. ნუთუ არ გვახარებს ეს ფაქტი, იმისდა მიუხედავად, თუ როგორ მოაღწია ჭეშმარიტებამ ჩვენს ყურამდე?! (წაიკითხეთ 1 კორინთელების 2:12). ზემოთ მოხსენიებული ჯენერი ამბობს: „ტანში ჟრუანტელი მივლის, როცა ამაზე ვფიქრობ. ვინ ვარ მე, რომ სამყაროს უზენაესი ღმერთი იეჰოვა მიცნობს?“ (ფსალმ. 8:4). აზიაში მცხოვრები ერთი ქრისტიანი დაც ამბობს: „როგორც წესი, მოწაფეებს ძალიან ეამაყებათ, როცა მათ თავიანთი მასწავლებლები ცნობენ. და მით უმეტეს, რამხელა პატივია, როდესაც დიდებული მოძღვარი, იეჰოვა, გიცნობს!“.

რა გზას აირჩევთ?

16. რა ბრძნული არჩევანი უნდა გააკეთონ ახალგაზრდებმა?

16 ნუთუ იმ დიდ პატივზე ფიქრი, რომელიც წილად გხვდათ, არ აღგძრავთ, იყოთ იმ ერთეულთა შორის, რომლებმაც სწორი არჩევანი გააკეთეს ცხოვრებაში?! თუ სწორ გზას აირჩევთ, თქვენც ძველად მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურთა რიგებს შეუერთდებით. ბრძნულად მოიქცევით, თუ არ აჰყვებით ახალგაზრდების უმრავლესობას, რომლებიც, თითქოსდა დაბრმავებულები, ამ ქვეყნიერებასთან ერთად განადგურების გზას ადგანან (2 კორ. 4:3, 4).

17—19. რა დაგეხმარებათ, რომ განსხვავდებოდეთ ქვეყნიერებისგან?

17 რა თქმა უნდა, ყოველთვის ადვილი არ არის, რომ განსხვავდებოდეთ ქვეყნიერებისგან. მაგრამ თუ იფიქრებთ ამ საკითხზე, მიხვდებით, რომ ნამდვილად ღირს, არ ჰგავდეთ სხვებს. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი: ათლეტი ოლიმპიადაზე რომ გავიდეს, სხვებისგან ბევრი რამით უნდა განსხვავდებოდეს. მას უდავოდ უამრავ რამეზე მოუწევს უარის თქმა; მან მთელი თავისი დრო და ენერგია ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას უნდა შეალიოს. იმავდროულად, ათლეტს უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ განსხვავებული იყოს სხვებისგან; სწორედ ეს სურვილი შეაძლებინებს მას, რომ მოემზადოს და მიაღწიოს დასახულ მიზანს.

18 ქვეყნიერებაში მცხოვრები ადამიანების თვალსაწიერი შეზღუდულია. თუ მათგან განსხვავებით შორსმჭვრეტელი ხართ — განსხვავდებით ქვეყნიერებისგან და დაულაქავებლები რჩებით იმ ყოველივესგან, რაც თქვენს სულიერობას საფრთხეს უქმნის და ზნეობრივად გაუწმინდურებთ — ეს დაგეხმარებათ, რომ მტკიცედ ჩაეჭიდოთ ჭეშმარიტ სიცოცხლეს (1 ტიმ. 6:19). ზემოხსენებული და ამბობს: „თუ შენი მრწამსის დასაცავად ყველაფერს გააკეთებ, დღის ბოლოს ენით აუწერელ კმაყოფილებას იგრძნობ. ეს შეგძენს ძალას, რომ სატანის ქვეყნიერებაში დინების საწინააღმდეგოდ იცურო. ყველაზე სასიამოვნო კი იმის განცდაა, რომ იეჰოვა შენით ამაყობს და ღიმილით დაგცქერის. ამ დროს მთელი გულით ხარობ, რომ განსხვავდები სხვებისგან“.

19 ცხოვრება მართლაც აზრს მოკლებულია მათთვის, ვინც მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს (ეკლ. 9:2, 10). თუ ახალგაზრდა ხართ და ფიქრობთ ცხოვრების აზრზე, აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად ხანმოკლეა ცხოვრება, განა ბრძნული არაა, რომ იცხოვროთ აზრიანად და არ იაროთ ისე, „როგორც უცხოტომელები დადიან“?! (ეფეს. 4:17; მალ. 3:18).

20, 21. ა) როგორი მომავალი გველის, თუ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ? ბ) რას ელის ღმერთი ჩვენგან?

20 თუ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, დღესვე გვექნება კმაყოფილების მომგვრელი ცხოვრება, სამომავლოდ კი, „დავიმკვიდრებთ დედამიწას“ — ვიცხოვრებთ მარადიულად. შეუძლებელია, წარმოვიდგინოთ ყველა ის კურთხევა, რასაც იეჰოვა გვიმზადებს! (მათ. 5:5; 19:29; 25:34). მაგრამ ღმერთმა რომ ეს კურთხევები გვარგუნოს, ჩვენც უნდა ვაკმაყოფილებდეთ მის მოთხოვნებს (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:3, 4). თუმცა ღვთისადმი მსახურება ნამდვილად ღირს!

21 მართლაც დიდი პატივი გვხვდა წილად — ღმერთმა დიდებული მემკიდრეობა გვიბოძა! ჩვენ გვაქვს ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა და ვიცით ჭეშმარიტება იეჰოვა ღმერთისა და მისი განზრახვების შესახებ. გარდა ამისა, უდიდეს სიამოვნებას გვგვრის ის, რომ მისი სახელით ვიწოდებით და მისი მოწმეები გვქვია. ამასთანავე, ღმერთი გვპირდება, რომ ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება (ფსალმ. 118:7). დაე, ყველამ, ახალგაზრდამ თუ ხანდაზმულმა, მადლიერება გამოვავლინოთ იეჰოვასადმი და ჩვენი ცხოვრების წესით ვაჩვენოთ, რომ გვსურს, დიდება მივაგოთ მას მარადიულად! (რომ. 11:33—36; ფსალმ. 33:12).